კორონავირუსი – თაღლითების მოკავშირე

სანამ საქართველოში  კორონავირუსისეპიდემიას ებრძვიან, ყველას ერთბაშად დაავიწყდა, რომ კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა, ადრე თუ გვიან, გაუქმდება და ქვეყანა დაუბრუნდება ჩვეულ, მათ შორის, პოლიტიკურ ცხოვრებას.

თუმცა ყველას არ დავიწყებია – პირდაპირი გაგებით – ეს ძალიან კარგად ახსოვს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, რომელიც უკვე დღეს, როდესაც კორონავირუსის მთავარი შემოტევა ჯერ წინაა, მაინც ემზადება მორიგი პოლიტიკური თაღლითობისთვის.

პანდემია არ ცვლის ადამიანებს და არ ცვლის პოლიტიკას, მით უმეტეს – ქართულს. ის კვლავ რჩება გველებით სავსე გალიად, სადაც ყველა ერთმანეთს ებრძვის და არ არსებობს არავითარი წესები.

არ შეცვლილა არც ბიძინა ივანიშვილი – და მას  ამისთვის აქვს უამრავი, დაახლოებით, 5,3 მლრდ. მიზეზი – შეგვიძლია აღვშფოთდეთ მისი უკუღმართი მმართველობის სტილით, ცხოვრების აღქმის არაადეკვატურობით, იმით, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა ადამიანებში და აწინაურებს უსარგებლო მლიქვნელებს.

მაგრამ სწორედ ასე და  ამ გზით შევიდა ის მილიარდერთა სიაში, გამოვიდა გამარჯვებული ყველა რთული სიტუაციიდან და ამიტომ ღრმადაა დარწმუნებული თავისი მიდგომის წარმატებულობაში.

ბიძინა ივანიშვილი არ შეცვალა პანდემიამ – პირიქით, მან  დრო იხელთა: როდესაც მსოფლიოში არავის არაფრისთვის  სცალია, კიდევ ერთხელ ცდილობს გადააგდოს როგორც ქართული, ისე – საერთაშორისო საზოგადოებრიობა.

ცალსახაა, და განსაკუთრებით არც არავის დაუმალავს, რომ „ქართული ოცნება“ არ იყო დაინტერესებული არავითარი საარჩევნო რეფორმით, რადგანაც დღეს არსებული სისტემა მისთვის თითქმის იდეალურია. ორივე ცვლილება  – როგორც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ასევე 120-30-ზე, იყო ზეწოლის შედეგი – პირველი ქუჩის აქციების, მეორე კი – საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

პირველთან დაკავშირებით მან სიტყვა უკან წაიღო, როგორც კი დაინახა, რომ ოპოზიცია ვერ აგროვებს მიტინგებზე მომხრეთა ხელისუფლებისთვის საშიშ რაოდენობას. ივანიშვილმა კარგად გაიაზრა, რომ დიდი მღელვარება არ იყო მოსალოდნელი და ამიტომაც თამამად გადააგდო მთელი ქვეყანა.

შემდეგ იყო ხანგრძლივი და მძიმე კონსულტაციები, რომლის დროსაც საერთაშორისო პარტნიორებმა  ხელისუფლება აიძულეს, უკან დაეხია. არავის ეგონოს, რომ 120-30 არის ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის გამარჯვება – რომ არა ევროპისა და ამერიკის მკვეთრი პოზიცია, ივანიშვილი ამაზე არასდროს წავიდოდა.

თუმცა, როგორც ჩანს, ის, კიდევ ერთხელ, ემზადება ფართომასშტაბიანი გადაგდებისთვის – ამჯერად მის მხარეზეა თავად ბუნება, თავისი ვირუსებითა და პანდემიებით.

უკეთეს დროს თაღლითობისთვის ვერც ინატრებ – პოლიტიკისთვის არავის სცალია – საქართველო ჩაკეტილია და გარეთ ვერავინ გადის პირბადის გარეშე, შესაბამისად, უახლოეს თვეებში რაიმე ტიპის პროტესტები ან აქციები გამორიცხულია.

ოპოზიცია, როგორც უკვე ითქვა, ვერ აგროვებდა კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდამჭერებს ჩვეულებრივ სიტუაციაში, დღეს კი, კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, ამაზე ფიქრიც კი ზედმეტია.

მეტიც, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, პირველი თვეები ადამიანები მაინც მოერიდებიან მასობრივ შეკრებებზე დასწრებას – ფსიქოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე.

შესაბამისად, უახლოეს თვეებში რაიმე საპროტესტო გამოსვლები გამორიცხულია, თანაც დრო მიდის – არჩევნები იქნება ან ოქტომბერში, ან, შესაძლოა,  1-2 თვით გადაიწიოს, თუმცა დრო მაინც თითქმის არ არის.

ივანიშვილის თაღლითურ გეგმაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა მთლიანად პარალიზებულია. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ქუჩაში ტანკები რომ გამოიყვანოს, დააპატიმროს ოპოზიციის მთელი შემადგენლობა, დახუროს დამოუკიდებელი ტელევიზიები და გამოაცხადოს საკუთარი თავი იმპერატორად – საერთაშორისო რეაქცია  ნულოვანი იქნება. ამისთვის, უბრალოდ, არავის ეცლება.

ერთი სიტყვით, გარეთ გვაქვს იდეალური სიტუაცია მორიგი მასობრივი გადაგდებისთვის.

საყურადღებოა, რომ ივანიშვილი  ამის გაკეთებას ცდილობს ოპოზიციის ხელით – კერძოდ, ის დემონსტრაციულად არათუ არ ათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, არამედ კიდევ უფრო ამკაცრებს მიდგომას ამ საკითხში  – ოქრუაშვილის საჩვენებელი დასჯა ამაზე ნათლად მეტყველებს.

თაღლითური სქემის გათვლა იმაზეა, რომ ოპოზიცია შეწყვეტს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში, საბოლოოდ, 120-30-ზე ჩავარდება და ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ოპოზიციას.

ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, თუმცა, როგორც ჩანს, ის უკვე მუშაობს – ოპოზიციამ განაცხადა, რომ წყვეტს თანამშრომლობას ხელისუფლებასთან 120-30-ის მიღების საკითხზე.

თაღლითობა მუშაობს – სწორედ ესაა, რისი მიღწევაც სურს ივანიშვილს. და ამის უფლება მას ოპოზიციამ არ უნდა მისცეს.

გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას ბედი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა  ამჟამად სასწორზე  გაცილებით უფრო აქტუალური საკითხი დევს – იქნება თუ არა საქართველოში, მეტ-ნაკლებად, ცივილიზებული არჩევნები?

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თაღლითთან თამაში მის მოედანზე და საარჩევნო რეფორმის დაბლოკვა დღეს, როდესაც, საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ნება და კარგი საბაბი.

ოპოზიციამ არ უნდა შეწყვიტოს მოლაპარაკებები საკონსტიტუციო რეფორმაზე – სწორედ ესაა, რის მიღწევასაც ცდილობს ქვეყნის სათავეში მყოფი მატყუარა და გადამგდები.

ცალსახაა, რომ საპროტესტო ტალღის აგორება შეუძლებელია, ევროპასა და ამერიკას ჩვენთვის არ ცხელა და საბოლოოდ, საარჩევნო სისტემაც ძველი დარჩება და პოლიტპატიმრებიც ციხეში ისხდებიან.

ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!

თენგიზ აბლოთია