СOVID-19 – პლანეტის ნომერ პირველი გამოწვევა – რეპორტაჟი ბელგიიდან

ახალ კორონავირუსად წოდებულ დაავადებას, რომელმაც ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვერც ბენლუქსის ქვეყნები გადაურჩა. ამ რეპორტაჟის ფარგლებში ბელგიის სამეფოში არსებულ სურათს წარმოგიდგენთ: როგორ დახვდნენ СOVID-19-ს, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში? როგორ იცავენ თავს სამეფოში არსებული გამოწვევების წინაშე? როგორ გამოიყურება საგანგებო მდგომარეობაზე გადასული და დაცარიელებული ქალაქები?

ბელგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა ა. წ. 4 თებერვალს დაადასტურა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში აქტიური პრევენციული ზომების მიღება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში არ შეინიშნებოდა. მარტის დასაწყისის ჩათვლით ანტვერპენის, გენტისა და ბრიუგეს ქუჩებში (ტურისტული ქალაქებია) ვიზიტორთა ნაკადები არ წყდებოდა მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ, 28 იანვარს საქართველომ თანმიმდევრულად აკრძალა ფრენები იმ ქვეყნების მიმართულებით, სადაც ეპიდემიამ იფეთქა. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ გენტის მთავარ სტადიონზე, ადგილობრივ გუნდსა და “რომას” შორის, მატჩიც გაიმართა. შეხვედრა ა. წ. 27 თებერვალს შედგა. იტალიის წამყვან საფეხბურთო ნაკრებს, ბუნებრივია, ქომაგებიც ჩამოყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე იმ დროისთვისაც, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით, იტალია მოწინავე პოზიციებს ჩინეთის მხარდამხარ იკავებდა, გულშემატკივრების აბსოლუტურ უმრავლესობას პირბადეები არ ეკეთა. რამდენიმე სპორტულ ჟურნალისტს (მათ შორის, EUROPA SPORT-ის რეპორტიორს) პირადადაც გამოველაპარაკე და პრევენციისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ვერც ერთ მათგანს ვერ შევნიშნე. პრინციპში, სამხრეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე რომ არაფერი ვთქვათ, თავად მასპინძლებიც არ გამოირჩეოდნენ დიდი სიფრთხილით. წვიმიან და ცივ დღეებშიც, მდინარე შელდაზე, ტურისტებით გადავსებული ჭრელა-ჭრულა ნავები უდარდელად დასეირნობდნენ. გენტის არცთუ განიერ ქუჩებსა და ტროტუარებზე ადამიანები ერთმანეთს მხარს ვერ უქცევდნენ და სივიწროვის გამო ზოგჯერ ტრამვაის რელსებზეც გადადიოდნენ. ადგილობრივებს ნიღბები აქა-იქ ეკეთათ, ღამის ცხოვრება კი დიდ ქალაქებში, მთელი თებერვლის განმავლობაში, და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩქეფდა. ჩვეული ცხოვრების რიტმით ქვეყნის მთავარ ტურისტულ ქალაქს არც დედაქალაქი ჩამოუვარდებოდა; ბრიუსელის ქუჩებში გამოკრული აფიშები სხვადასხვა კულტურული თუ გასართობი ღონისძიებების ანონსებით იყო აჭრელებული. მაურიკე ლემონიერის ბულვარზე განთავსებული კვების ობიექტები, ლუდხანები და სამოსის მაღაზიები კლიენტების ნაკლებობას ზამთრის ბოლო თვის განმავლობაშიც არ უჩიოდნენ. მართალია, გაზაფხულიდან სასტუმროებში, კაფე-ბარებსა და ტროტუარებზე მოძრავი ადამიანების რიცხვმა ნელ-ნელა იკლო, მაგრამ ეს ყოველივე თავად მოქალაქეების ( მათ შორის, უცხო ქვეყნის) კეთილ ნებას უნდა მივაწეროთ და არა – ხელისუფლების ძალისხმევას. ბელგიის სამეფოს საზღვრები მარტის შუა რიცხვებამდე ღიაა – ადგილობრივი მედია კი ზედმეტად მშვიდია. გამოფხიზლება გასული თვის ათი რიცხვიდან დაიწყო: გამოწვევებზე პასუხი ადეკვატური, თუმცა დაგვიანებული იყო. ამ პერიოდისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხებული იტალია მიცვალებულების თვლას აგრძელებს და მკაცრი კარანტინის რეჟიმზეა გადასული. ეპიდემიის აფეთქების ფონზე დაზაფრული ფრანგები მეზობელ სახელმწიფოში განვითარებული სცენარისთვის ემზადებიან, ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს გერმანიაშიც. კოვიდ-19-ის აჩრდილი ბელგიას კარგა ხანია, რაც მოადგა, თუმცა საზოგადოებაში, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაც სიმშვიდეა, აქტიური სიფრთხილე შეიძლება პანიკად მიიღონ, პანიკიორობა კი ცუდ ტონად აღიქმება. დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ფაქტის წინაშე მდგარი ხელისუფლება ვალდებულია, გამოწვევას გაუმკლავდეს. 13 მარტიდან ბელგიის მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები, რესტორნები და კლუბები სამ აპრილამდე დაიხურა. საგანგებო მდგომარეობა 17 მარტს გამოცხადდა და არსებული სურათიდან გამომდინარე, სამი აპრილის შემდეგ კიდევ რვა კვირით გაგრძელდა. იმავე 17 მარტიდან ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები. მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლის დატოვება და ქუჩაში გასვლა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაშია ნებადართული. ქუჩების მონიტორინგს პოლიცია ახორციელებს, თუმცა ასეთი რეგულაციების მიუხედავად, ტროტუარებსა და სანაპიროებზე გასარუჯად და სავარჯიშოდ გამოსულ ახალგაზრდებს მაინც შენიშნავთ. პრევენციისთვის საჭირო ძვირფასი დრო ხელიდან გაუშვეს. საფრთხის წინაშე მდგარი ბელგიელების დიდმა ნაწილმა ერთჯერადი სამედიცინო ნიღბების შეძენაც ვერ მოასწრო. როდესაც დევნილთა ბანაკში ადმინისტრაციის წარმომადგენელს ვკითხე, თუ რატომ არ გვირიგებთ პირბადეებს-მეთქი? ერთობ უცნაური პასუხი მივიღე, – ნიღბები ჰოსპიტალშია და ჩვენთვისაც არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენც ვრისკავთ, როდესაც სამსახურში თავდაცვითი საშუალებების გარეშე გამოვდივართო… თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმღები ფედერალური სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული ბანაკები ნებისმიერი ეპიდემიის გავრცელების მხრივ მაღალი რისკზონაა. აქ მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ომს, სიდუხჭირესა და რეპრესიებს გამოქცეული ადამიანები ერთ სივრცეში აფარებენ თავს. ყოველდღიურ რეჟიმში დაწესებულებას ასობით ადამიანი ტოვებს და იმავე შენობაში საღამოს საათებში ბრუნდება – შენობაში, სადაც არაერთი ბავშვი და მოხუცია. ინსტრუქციის სახით, ნახევარსაათიან შეხვედრაზე გვითხრეს, რომ კარი იდაყვით უნდა გავაღოთ, ერთმანეთთან დისტანცია უნდა დავიკავოთ, ხელები ხშირ-ხშირად უნდა ვიბანოთ და ქუჩაში მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გავიდეთ. გენტის ბანაკში სხვა ტიპის პრევენციაზე საუბარი არ ყოფილა, ანტვერპენის თავშესაფარში კი პირახვეული დევნილები არაერთხელ დავაფიქსირე. როგორც გავარკვიე, ნიღბები ბანაკში არ დაურიგებიათ და ყველა მათგანმა თავად შეიძინა. საერთოდაც, პირბადეების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემებს ცალკე აბზაცი უნდა მივუძღვნათ: სტანდარტული (თეთრი ან ცისფერი) ნიღბის ფასი ევრო-ნახევრიდან იწყება და ოც ევრომდეც იზრდება. განსაკუთრებით მოთხოვნადია შავი ფერის პირბადეები, რომელთა ფასი, სხვადასხვა ცნობით, ზოგან ათი ევროა (დაახლოებით 31 ლარი ), ზოგან კი მეტიც ღირს. ბრიუსელის, გენტისა და ანტვერპენის აფთიაქებში (მინიმუმ, ოცამდე აფთიაქში) სამედიცინო ნიღბები ვერ ვიპოვეთ. ერთ-ერთი აფთიაქარი დაგვპირდა, რომ პროდუქციას მეორე დღეს მიიღებდა და თუ დილით ადრე მივიდოდით, დაგვახვედრებდა. კაშნეთი პირაკრული მგზავრები ბრიუსელის მეტროშიც თვალში საცემია. უცნაური ამაში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი: ფოტოსურათის გადაღების დროს (07.04. 2020 ) ბელგიის დედაქალაქში მზიანი დღე იყო (მთელი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა პლუს ოც გრადუსს აღემატებოდა), ანუ არანაირი აუცილებლობა არ ყოფილა, რომ ადგილობრივებს ან ბრიუსელში ჩარჩენილ სტუმრებს თბილად ჩაეცვათ. ადვილი მისახვედრია, რომ ეს ფოტო სააფთიაქო ბაზარზე არსებულ დეფიციტს ასახავს. მაშინ, როდესაც ვერ ყიდულობ პირბადეს, მის ფუნქციას ყელზე შემოსახვევი ქსოვილი ან მაღალყელიანი ზედა სამოსი (ე. წ. როლინგსტონი) იკავებს,  იმის მიუხედავად თუ როგორი ამინდია. დედაქალაქის მთავარ მოედანზე დღის პირველი საათისთვის მეტროთი ამოვედით. უკვე ესკალატორზე დგომისას გავაცნობიერეთ, რომ ხალხისგან დაცარიელებული ბრიუსელის ხედები გველოდა. მოლოდინი გამართლდა. ერთ დროს პოპულარულ კაფე-ბარ “მეტროპოლის” წინ ინვენტარზე (სკამებზე) შავი მატერია გადაუკრავთ, ცენტრალურ მოედანზე კი ხუთამდე სამართალდამცველი იდგა. ქვეყნის მთავარ გამზირზე, ერთ-ერთ ობიექტთან, რიგი შევნიშნეთ. მოქალაქეებს შორის მეტრა-ნახევრიანი დისტანციის დაცვას სამართალდამცველი გაფაციცებით ადევნებდა თვალს. ევროპარლამენტის წინ მხოლოდ დაცვის თანამშრომლები დავაფიქსირეთ. პრაქტიკულად ცარიელი იყო ცენტრალური რკინიგზის სადგური. ოთხის ნახევრისთვის ქალაქის საკვანძო სადგურზე სულ ათამდე მგზავრი მოვთვალეთ. ანალოგიური სურათია ანტვერპენში. ბელგიის ყველაზე დიდ ქალაქში, ცენტრალური რკინიგზის სადგურზე (ნახევარი საათის განმავლობაში), სამი მგზავრი შევნიშნეთ. ქალაქის ყველაზე გამტარუნარიან ქუჩებზეც სიცარიელეა. დაკეტილია ანტვერპენის ღვთისმშობლის კათოლიკური ეკლესია. ტაძრის უკანა კარს სამარშრუტო მანქანის ტიპის საპოლიციო ავტომობილი ფარავს. აკეცილი სკამების ქუჩები – პირობითად ასე შეგვიძლია ვუწოდოთ ანტვერპენის ტურისტულ ზონას. – როგორც ვიცი, აფთიაქებში პირბადეები არ იყიდება, მე სამსახურში მაქვს – დანტისტი ვარ, – გვითხრა ახალგაზრდა ქალბატონმა გზად. ანტვერპენის ცენტრში, ერთ-ერთი მაღაზიის წინ, რიგში დგომისას, კიდევ ერთი ქალბატონი გამოვკითხეთ (საუბარი, ამჯერად, რუსულ ენაზე წარიმართა): უკვე 15 წელია, რაც ბელგიის მოქალაქე ვარ, არასდროს მიგრძნია თავი დაუცველად ამ ქვეყანაში, პრინციპში, არც ახლა ვგრძნობ, უბრალოდ, შიშის შეგრძნება აქამდე არასდროს მქონია – ახლა მაქვს. თავიდან ვიცოდით, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპი იყო, ოდნავი გართულებებით, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ასე არ არის…

კიდევ ერთი მოქალაქის კომენტარი, ამჯერად, ანტვერპენის რკინიგზის სადგურზე მოვიპოვეთ. კითხვაზე, თუ სად შეიძინა ნიღაბი, 35 წლამდე თურქმა მამაკაცმა გვიპასუხა, რომ პირბადისა და ხელთათმანების შეძენაზე დამსაქმებელმა იზრუნა: აიტი სპეციალისტი ვარ, მაგრამ სამსახურის გარდაც მიწევს უშუალო კონტაქტი და ჩემი ბოსი ამაზე ზრუნავს.

ერთ-ერთ სუპერმარკეტში დახლზე ერთჯერადი ხელთათმანები შევნიშნეთ. მომხმარებლებს უსასყიდლოდ შეეძლოთ აეღოთ ეს ერთობ საჭირო აქსესუარი. გენტში კი გამოკითხულთა უმრავლესობამ გვითხრა, რომ პირბადეები ბრიუსელში შეიძინეს. იყვნენ ისეთები, რომლებმაც თქვეს, რომ ნიღაბი თავად დაამზადეს. ერთ-ერთმა ქართველმა, რომელიც ბელგიაში ოც წელიწადზე მეტია ცხოვრობს, პირად საუბარში ასეთი რამ თქვა, – ნეტავ, საქართველოს მსგავსი პანიკა აქაც ყოფილიყო, ესენი გვიან მოვიდნენ აზრზე და შედეგიც სახეზეაო. მართლაც, შედეგი არცთუ დამაიმედებელია. 2020 წლის 12 აპრილის მონაცემებით ბელგიაში გამოვლენილია 29,647 ინფიცირების შემთხვევა, გარდაცვლილია 3600 ადამიანი. ამ მასალის გამოქვეყნების დღეს ეს მონაცემები, ბუნებრივია, შეცვლილი იქნება, კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესების ან სიცოცხლის დასრულების ფასად.

ზაზა სვანაძე

ბრიუსელის ცენტრალური გამზირი ა.წ. შვიდ აპრილს, დღის პირველი საათი

ევროპარლამენტის შესასვლელი სამშაბათი 7 აპრილი, დღის ორი საათი

ბრიუსელის ცენტრში, ერთ-ერთი ობიექტის წინ, მოქალაქეები რიგში მეტრანახევრიანი დისტანციის დაცვით დგანან.

ანტვერპენის ღვთისმშობლის კათოლიკური ეკლესიის წინა შესასვლელთან მისასვლელი გზა, რკინის ჯებირითაა გადაკეტილი.

ქალაქის მთავარი ტაძრის უკანა კარს, საპოლიციო მანქანა კეტავს.

ასე გამოიყურება საქალაქო ტრანსპორტის სალონი დღის საათებში.

ცენტრალური არხის ხედი ქალაქ გენტში, დღის პირველი საათისთვის.

ანტვერპენის ერთ-ერთ სუპერმარკეტში, შესასვლელ კართან სახელდახელოდ მოწყობილი დახლია, სადაც ხელთათმანების აღება, უსასყიდლოდ შეგიძლიათ.