კრიზისიდან გამოსვლის გეგმები – „მკაფიოდ ჩამოყალიბებული“ და უსარგებლო

ადრე თუ გვიან, კორონავირუსისპანდემია დასრულდება და მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, დღის წესრიგში დადგება ეკონომიკის აღდგენის საკითხი.

თუ ვისაუბრებთ საქართველოზე, აქ ხშირად გვესმის ერთი, უკვე თითქმის ტრაფარეტად ქცეული ფრაზა: „ეკონომიკური კრიზისის შესარბილებლად ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა“.

ეს  ისე ჟღერს, თითქოს მართლაც შესაძლებელია რაღაც მაგიური მრავალპუნქტიანი გეგმის დაწერა და ამით ქვეყანას ეშველება.

საუბარია ათას სხვადასხვა მაღალფარდოვან კონცეფციაზე, რომელიც, როგორც წესი,  იმით სრულდება, რომ ავტორები აღიარებენ – მათ რეალიზებას სჭირდება რამდენიმე მილიარდი დოლარი.

ამასაც ისე, სხვათა შორის ამბობენ, თითქოს ფული უკვე ჩალაგებულია დიდ ჩანთაში და აწი დარჩა ერთადერთი საზრუნავი  – „მკვეთრად ჩამოყალიბებული გეგმის“  დამუშავება.

თუმცა დღევანდელი კრიზისი, წინამორბედებისგან განსხვავებით, საყოველთაოა და ამიტომაც თავისუფალი ფული, რომლითაც შესაძლებელია ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა – თითქმის არ ჩანს. მდიდრები ხარჯავენ ტრილიონებს საკუთარი მოქალაქეების გადასარჩენად და ამ დროს ხელგაშვერილი ღარიბებისთვის არავის სცალია.

მაქსიმუმი, რასაც დღევანდელ პირობებში  საქართველო მიიღებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – არის 200-300 მლნ. დოლარი, ისიც, უკეთეს შემთხვევაში, უარესში კი მოლაპარაკებები ფინანსურ დახმარებაზე უსაშველოდ გაიწელება… და ქვეყანა დარჩება საკუთარი პრობლემების წინაშე სრულ მარტოობაში.

ამიტომაც, როდესაც პოლიტიკოსები ან ექსპერტები  დროდადრო წარადგენენ მილიარდობით დოლარის ღირებულების „მკაფიოდ ჩამოყალიბებულ გეგმებს“  – გაითვალისწინონ – ფული არ არის და შეიძლება, არც იყოს.

დღევანდელ სიტუაციაში მასშტაბური საერთაშორისო დახმარების გარეშე ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლა შეუძლებელია.

ასევე ამაოა იმედები,  რომ საქართველო გამოვა კრიზისიდან გაძლიერებული, რადგან გააკეთებს შესაბამის დასკვნებს, რომელიც აუცილებელია წინსვლისთვის.

მაგალითად, ხელისუფლებაც და ექსპერტებიც ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კრიზისის, ლარის დევალვაციისა და იმპორტის გაძვირების პირობებში შესაძლებელია ადგილობრივი წარმოების გაძლიერება.  ამ დროს, რატომღაც, ყველა გულისხმობს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და სასურსათო იმპორტის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებას.

ჯერ ერთი, საქართველოში სასურსათო დამოუკიდებლობის მიღწევა შეუძლებელია იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი – ის, რასაც ჩვენთან უწოდებენ „სოფლის მეურნეობას“, სინამდვილეში არის ნატურალური მეურნეობა, რომელიც გამოირჩევა წარმოუდგენელი, საოცარი არაეფექტიანობით.

პრობლემის ძირი არის თავად ქართული სოფლის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტისა და ცხოვრების წესის ჩამორჩენა არათუ 21-ე,  არამედ მე-19 საუკუნესთან შედარებითაც კი.

სასურსათო დამოუკიდებლობისთვის საჭიროა ქართული სოფლის მთლიანად შეცვლა, გლეხობის, როგორც კლასის, გაქრობა და სოფლად მცირერიცხოვანი მსხვილი ფერმერების კასტის ჩამოყალიბება.

ამ ამოცანას სჭირდება არა წლები,  არამედ ათწლეულები. ასეთი ღრმა ტრანსფორმაციისთვის ნამდვილად არაა საკმარისი რამდენიმე თვე.

თუმცა ასეც რომ მოხდეს, და რაღაც საოცრების წყალობით, საქართველომ შეძლოს სასურსათო დამოუკიდებლობის მიღწევა – ეს ჯერ არ ნიშნავს თვითკმარ ეკონომიკას, რომელსაც შეუძლია საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ვერანაირი, ყველაზე „მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა“ ვერ მოახერხებს საქართველოში ნავთობპროდუქტების, მანქანების, ტანსაცმლისა და ათასი სხვა სამომხმარებლო პროდუქციის ჩანაცვლებას ადგილობრივი ნაწარმით.

შესაბამისად, ვერანაირ მოგებას ქვეყანა ამ კრიზისში ვერ ნახავს. აი, ზარალი კი იქნება ძალიან დიდი.

რა არის მთავარი პრობლება? ის, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია სულ 4 ფაქტორის ერთობლიობაზე: ტურიზმზე, უცხოურ ინვესტიციებზე, ფულად გზავნილებსა და მშენებლობაზე.

არის აქ გარკვეული ბედის ირონია – ქსენოფობიური და უცხოელებისადმი ზიზღით განთქმული საქართველო კრიტიკულადაა დამოკიდებული ეკონომიკის დარგებზე, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ უცხოელები.

ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას, რომლის გადაწყვეტას ვერ შეძლებს საქართველოს ვერც ერთი, ყველაზე კარგი მთავრობაც კი, რომ არაფერი ვთქვათ არაკომპეტენტურსა და არაფრის მაქნისზე – ისეთზე, როგორიც დღეს გვყავს.

კორონაკრიზისი არის კოლექტიური, გლობალური მოვლენა. ეპიდემია დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეჩერდება ინფიცირება ყველა ქვეყანაში, გამონაკლისების გარეშე, რადგანაც გამონაკლისმა შესაძლოა,  ბიძგი მისცეს ეპიდემიის მეორე ტალღას.

როდესაც კორონავირუსისგან განიკურნება ბოლო პაციენტი და ამის შემდეგ გავა, მინიმუმ, 1 თვე – შესაძლებელი იქნება საუბარი ეკონომიკის აღდგენაზე.

ჯერ უნდა ამუშავდეს ოფისები, საჯარო სტრუქტურები, შემდეგ  ქარხნები, შემდეგ ადამიანებმა უნდა დაიწყონ ფინანსური დანაკარგების შევსება. ამის შემდეგ დაიწყება სამომხმარებლო ბუმი – ადამიანები სასწრაფოდ იყიდიან იმას, რის ყიდვასაც აპირებდნენ, მაგრამ ვერ იყიდეს ეპიდემიის გამო.

დაბოლოს, როცა ეკონომიკა ამუშავდება, ადამიანებს ისევ გაუჩნდებათ ფული, როდესაც ძირითადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება, და რაც მთავარია, ხალხი გამოვა საყოველთაო სტრესიდან, აი, სწორედ მაშინ დაიწყებენ ისინი ფიქრს მოგზაურობებზე, უცხოეთში უძრავი ქონების ყიდვასა და ინვესტიციების ჩადებაზე.

იმისთვის, რომ საქართველოს ეშველოს, ჯერ უნდა აღდგეს დანარჩენი მსოფლიო. საქართველოს დაბრუნება კრიზისამდელ მდგომარეობაში იქნება სულ ბოლოს, მსოფლიო კრიზისის შედეგების სრულიად ამოწურვის შემდეგ.

ეს კი ნიშნავს, რომ თავისთავად არც ეპიდემიის დასრულება და არც გლობალური ეკონომიკის გამოცოცხლება არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი საქართველოსთვის.

2020 წელი დაკარგულია! და ეს უკვე ცალსახაა  – საქართველოს ძალიან გაუმართლებს, თუ   2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა ნორმაში ჩადგება და, ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ვიღაცას გავახსენდებით.

თენგიზ აბლოთია