გიორგი გიუაშვილი: „ოპოზიცია ივანიშვილს მანდატებზე ევაჭრება“

ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას მიწიერ ჯოჯოხეთს ჰპირდებოდა, ახლა საეჭვოდ არის გატრუნული და „ქართულ ოცნებას“ ზრდილობის გულისთვისაც კი აღარ აკრიტიკებს. მიზეზად ავადსახსენებელი კორონა სახელდება. არადა, ეს კორონობა „ქართულ ოცნებას“ ხელს არ უშლის, რომ თავი გაიპიაროს.  პარლამენტის ნასპიკერალმა კობახიძემ გვამცნო, ცოტა არ იყოს გვეშინია, არჩევნებზე 100-ზე მეტი კაცი არ გავიყვანოთ პარლამენტშიო.

ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გიუაშვილი დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ 100 კაცს გაიყვანს, მაგრამ ფიქრობს, რომ ივანიშვილი ისევ შეძლებს პარლამენტში უმრავლესობის მოგროვებას, რაც, მისი თქმით, ოპოზიციის ბრალი იქნება. რაში შეცდა ოპოზიცია და არის თუ არა მისი ნაწილი ხელისუფლებასთან გარიგებული? _ ამის შესახებ გიორგი გიუაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.

_ ბატონო გიორგი, გასაგებია, რომ  ქვეყანა ეპიდემიის საფრთხის წინაშეა, მაგრამ ოპოზიციის ასეთი მდუმარებაც, ცოტა არ იყოს, საეჭვოა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

_ ოპოზიციის გადაწყვეტილებები დიდი ხანია, არ მომწონს. მათ გაჩუმებას ვერც კორონავირუსით გავამართლებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ტუზივით დაეცა თავზე. ხალხსაც, როგორც ვატყობ, ძალიან მოსწონს არსებული ვითარება.

_ რას გულისხმობთ, რა მოსწონს ხალხს?

_ თუნდაც, იგივე კომენდანტის საათი. ბევრი საბჭოთა კავშირშია ჩარჩენილი და მოსწონს სიმკაცრე და კომენდანტის საათი. ეს ყველაფერი აუცილებლად იქონიებს გავლენას არჩევნებზე.

_ ირაკლი კობახიძე ამბობს, ისეთი რეიტინგი გვაქვს, მეშინია, 100-ზე მეტი კაცი არ გავიყვანოთ პარლამენტშიო.

_ ირაკლი კობახიძე რომ ამის თქმას ბედავს, ეს ოპოზიციის ბრალია. ოპოზიცია ისეთ მდგომარეობაში იყენებს თავს, როცა კიდევ ერთხელ გადააგდებს ხელისუფლება, ამას ვერც კი გააპროტესტებს. კორონასთან დაკავშირებით სიტუაცია რომ არ გამწვავებულიყო, საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა უნდა მომხდარიყო სახალხოდ. მერე ის შევიდოდა პარლამენტში დასამტკიცებლად. ამ პერიოდში უნდა განთავისუფლებულიყვნენ პოლიტპატიმრები. როგორც ოპოზიცია ამბობს, ხელისუფლებამ ამის პირობა დადო, თუმცა პირობა რომ დადო „ოცნებამ“, ეს არსად ჩანს. უბრალოდ, სიტყვიერად ითქვა.

თუ არ გაათავისუფლებდნენ პოლიპატიმრებს, ოპოზიცია ცვლილებებს ხმას აღარ მისცემდა, მათი მხარდაჭერის გარეშე ეს კანონპროექტი ჩავარდებოდა. მობრუნდებოდნენ „ქოცები“ და იტყოდნენ _ ა, ბატონო, თქვენ თავად არ მიეცით ცვლილებებს ხმაო. ოპოზიციას დააბრალებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას. ოპოზიცია იტყოდა, პოლიტპატიმრების გამო ვთქვით უარიო. „ქოცები“ იტყოდნენ და უკვე ამბობენ, რომ ჩვენ პოლიტპატიმრების განთავისუფლების პირობა არ მოგვიციაო. ეს პირობა მართლაც არსაც ჩანს.

ოპოზიცია ასე გააგრძელებდა ხელისუფლებასთან უაზრო ძიძგილაობას და ხელისუფლებას შანსს მისცემდა, რომ კიდევ ერთხელ გადაეგდო ისინი. მთელი იანვარი ოპოზიციამ უაზრო ლაპარაკში გაატრა. თებერვალში გიგი უგულავა დააკავეს და მაშინ უნდა დაეწყოთ აქციები. იმ დროს საქართველოში კორონა არც კი ჩანდა. ოპოზიციას  შანსი ჰქონდა, მძლავრი დაუმორჩილებლობის მოძრაობა წამოეწყო. ამით ხელისუფლებას უკან დახევას აიძულებდა.

_ ხომ გაიმართა რაღაც აქციები თებერვალში, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

_ ეს არ ყოფილა დაუმორჩილებლობა. იანვარ-თებერვალში რამდენიმე აქცია-პიკეტი ჩატარდა. კაციშვილმა არ იცოდა, რომ ოპოზიცია რაღაცას აწყობდა. მეც შემთხვევით გავიგე ეს ამბავი და ისე მივედი პარლამენტთან. არც ვიცი, რატომ არ მოხდა ხალხის მობილიზება. შეიძლება, ვიღაცას ჯიბეზე ხელის გაკვრა არ მოუნდა, ვიღაცას კიდევ დაეზარა ანდა შესაძლოა, სულ სხვა მიზეზი იყო. ფაქტია, რომ დაუმორჩილებლობა და მძლავრი პროტესტი არ ყოფილა. რამდენიმე ათეულ პარტიას 40.000-იანი მიტინგის მოწყობაც თუ არ შეუძლია, რისი ოპოზიციაა. მარტო ლაპარაკი და განცხადებების კეთება საქმეს არ შველის.

მძლავრი პროტესტი რომ არ იყო, ამან ოპოზიციის მომხრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ წრეზე მოტივტივე პოლიტიკურ ნეხვს, რომელსაც ბევრი პრეტენზია აქვს, რატომღაც, არ მოუნდა სიტუაციის გამწვავება. როცა ასეთი შეფასება გავაკეთე, ლიდერებმა მისაყვედურეს, ასეთ ტერმინებს რატომ იყენებო. სხვა რა ტერმინი გამოვიყენო, სულ ზედაპირზე არიან, ვაჭრობენ მანდატებზე და საკუთარი კეთილდღეობის იქით არაფერი აინტერესებთ. ის მოდელი, რომელიც ახლა შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას, მის დიდ ნაწილს აწყობს.

_ რაში აწყობს?

_ ყველას აქვს შანსი, რომ რამდენიმე მანდატი მიიღოს და პარლამენტში დაჯდეს. ამის წყალობით ბიუჯეტიდანაც მიიღებენ დაფინანსებას. აი, ეს იყო მაგათი მიზანი და არა ბიძინა ივანიშვილის შეცვლა. არადა, მის გასტუმრებაზე ბევრს ლაპარაკობდნენ.

_ პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზეც ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ ახლა აღარც პოლიტპატიმრებს ახსენებს ვინმე.

_ რამდენიმე უკვე გამოუშვეს, მაგრამ მთავარი პოლიტპატიმრები _  გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი _ ისევ ციხეში რჩებიან. იმედია, გამოუშვებენ. უნდა მივწოლოდით ხელისუფლებას და შედეგი დადგებოდა. მაშინ არავინ იცოდა, კორონა იქნებოდა თუ არა. იანვარში ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია, არც ახლა იკლავს თავს. შედეგიც არ დააყოვნებს.

_ აშკარად უიმედოდ ხართ.

_ უიმედოდ არ ვარ. ოპოზიციიდან ბევრი შევა პარლამენტში. ამ შემთხვევაში შესვლა-არშესვლაზე არ არის საუბარი. უმრავლესობა უნდა მოიპოვოს ოპოზიციამ, რაც ძალიან გაუჭირდება. 30 მაჟორიტარიდან რა გგონიათ, რამდენს მოაგებინებენ? 77 მაჟორიტარიდან 77-ს იგებდა ივანიშვილი და ახლა 30-დან 20-ს ვერ მოიგებს.

_ 77 ოლქიდან 77 ოლქსვე რომ იგებდა, მაშინ „გავრილოვის ღამე“ არ იყო მომხდარი.

_ ეს რეგიონებში არაფერს ცვლის. იქ სულ სხვა ვითარებაა.  აბა, ერთი კარგად გადახედონ თავიანთ პარტაქტივს ოპოზიციის ლიდერებმა რეგიონებში. გაქოცებული „სასტავები“ არიან. იმათ იმედზე როგორ შეიძლება არჩევნების ჩატარება?! ყველა გათვლით ივანიშვილი პარლამენტში უმრავლესობას გაიყვანს. ყველა რესურსს გამოიყენებს. ამათგანაც გადაიკერებიან ვიღაცები. მერე დაიწყება , – მე ამასთან არ ვითანამშრომლებ და მე – იმასთანო. სანამ პოლიტიკაში ვაჭრობა არ მოისპობა, არაფერი გამოვა. ეკა ბესელია რომ გეყოლება გვერდით და დავით უსუფაშვილი, რისი იმედი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას?! ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, ცოტა ხნის წინ რა თავდადებული „ქოცები“ იყვნენ ეგენი.

შედეგი მაშინ დადგებოდა, ოპოზიცია ვაჭრობაზე რომ არ წასულიყო. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი ოპოზიცია გაიცხრილებოდა, გაყრიდნენ იქიდან პოლიტნეხვსა და ვაჭრებს. დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ოპოზიცია ბოლომდე პროპორციულს არ მიაწვა. ახლა წავიდნენ დათმობაზე და რას ელოდებიან? ჰგონიათ, რომ კიდევ გადააგდებს ხელისუფლება და დასავლეთს ამაზე რეაგირება ექნება? ჰგონიათ, რომ არჩევნების გაყალბებაზე ატყდება ამბავი?! არჩევნები უკვე არჩევნებამდე გააყალბა „ქართულმა ოცნებამ“ და ამაზე არ იყო სათანადო რეაგირება. პროპორციულ წესზე გადასვლის ჩაგდება იყო არჩევნების გაყალბება და ამის გამო უნდა გვებრძოლა ბოლომდე.  ბრძოლა არ მოისურვეს და ივანიშვილს მანდატებზე გაურიგდნენ. სანამ პოლიტიკა ვაჭრებისგან არ გაიწმინდება, სულ ასე იქნება.

შორენა მარსაგიშვილი