ზაზა ვარსიმაშვილი: „კორონავირუსი განაჩენი არ არის“

უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკაც კი უძლური აღმოჩნდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  კატასტროფულად მატულობს. საავადმყოფოები პაციენტების მიღებას ვეღარ ახერხებენ. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზაზა ვარსიმაშვილი, მიიჩნევს, რომ საქართველო შედარებით მომზადებული დახვდა ვირუსს. ზაზა ვარსიმაშვილი პენსილვანიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემთა სისტემებისა და ხარისხის კონტროლის დირექტორია. ის 5 ადგილობრივ კლინიკას უწევს მეთვალყურეობას. აქედან ერთი კლინიკა ინფექციურია.

ზაზა ვარსიმაშვილი მიიჩნევს, რომ სოციალური დისტანციისა და ექიმების სხვა რეკომენდაციების შესრულების გარეშე კორონავირუსის დამარცხება შეუძლებელია.

_ ბატონო ზაზა, კორონავირუსთან დაკავშირებით ამერიკაში რაღაც საშინელება ტრიალებს. ზესახელმწიფოში როგორ მოხდა ასეთი რამე?

_  რა გითრათ, აბა? – ძალიან მატულობს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ის, რაც უკვე გამოვლინდა, 350-მილიონიანი ამერიკისთვისაც კი ძალიან მაღალი მაჩვენებელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იანვრის ბოლოსკენ დაფიქსირდა პირველი შემთხვევები. თუმცა ამერიკა დიდი ტერიტორიის ქვეყანაა და შემთხვევებიც კლასტერულად არის თავმოყრილი. აქეთ, აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მე ვიმყოფები, ძირითადი გავრცელების ადგილებია ნიუ-იორკი და ნიუჯერსი. ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევების 40% აქ ფიქსირდება. ფაქტობრივად, ვირუსის ეპიცენტრია.

ასე რატომ მოხდა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ერთ-ერთი მიზეზია, რომ ნიუ-იორკში დიდი მეტროპოლიტენია, მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, თან ადრეულად და მყისიერად არ დაიწყეს სათანადო ზომების მიღება, როცა პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. შედეგად, ამ მომენტში  სიტუაცია მძიმეა. მიუხედავად ამისა, ახლა ყველაფერი კეთდება, რომ გადაცემა შემცირდეს. საავადმყოფოებში ინვენტარი, მედპერსონალი და ადგილები არ ჰყოფნით, რომ ამხელა დატვირთვას გაუძლონ.

_ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე რას ფიქრობთ? როგორ უმკლავდება ქართული ჯანდაცვა ამ პრობლემას?

_ საქართველოში ყველაფერი ძალიან დროულად გაკეთდა. და ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც შეიძლება. დამიჯერეთ, კომენდანტის საათიც აუცილებლობას წარმოადგენს ამ სიტუაციაში. ამ გზით შესაძლებელია ვირუსის გადაცემის შემცირება და მისი კონტროლი.

მე სადაც ვარ, პენსილვანიაში (ნიუ-ორკიდან ორი საათის სავალზეა),  გაცილებით ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ მომენტში 250 შემთხვევამდე გვაქვს. ახლა დაავადება ჩრდილო-აღმოსავლეთ პენსილვანიისკენ მიხოხავს. 2-3 კვირის თავზე ჩვენთან საგრძნობ მატებას ელოდებიან.

_ თავად დაავადებასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

_  დაავადებას რაც შეეხება, თანდათან გროვდება მონაცემები და მტკიცებულებები. დაავადებას ახლა სხვანაირად უყურებენ. ეს ვირუსი სასიკვდილო განაჩენი არ არის, მოსახლეობის 80% მას ზედმეტი გართულებების გარეშე გადაიტანს. ახლა ჯერ არ იციან, ამ დაავადებას როგორ უმკურნალონ, ეფექტიან გზას ეძებენ.

სანამ ვაქცინას გამოიგონებენ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მისი გავრცელების ჯაჭვი გაწყდეს. დღეს საუკეთესო გამოსავალია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ვეცადოთ, თანმიმდევრულად გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია. რასაც ექსპერტები, ინფექციონისტები თუ ჯანდაცვის სხვა მუშაკები გვეუბნებიან, ამის გაკეთება მოქალაქეობრივი თვითშეგნება და გარკვეული მოვალეობაცაა. მარტო საერთო ძალისხმევით თუ დავძლევთ პრობლემას, სხვანაირად ვირუსთან ბრძოლას წავაგებთ.

მედიით ხშირად მოუწოდებენ ხალხს: მკაცრად უნდა დავიცვათ ჰიგიენა და აუცილებელი საჭიროების გარდა გარეთ არ გავიდეთ. გარეთ გასვლის შემთხვევაში მკაცრად უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია. მოახლოებული დიდი დღესასწაულების ფონზე ამის გაკეთება შეუძლებელი ჩანს, მაგრამ აუცილებელია. სხვანაირად პანდემიას ვერ მოვერევით.

შორენა მარსაგიშვილი