როგორ დავეხმაროთ ბავშვებსა და საკუთარ თავს მკაცრი კარანტინის დროს?

„ქრონიკა+“-ის კითხვებს ფსიქოლოგ მარიამ აბულაძე პასუხობს:

– მარიამ, მთელ მსოფლიოში პანიკა, ადამიანები თვითიზოლაციის  რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. ახლახან  გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჯახში ძალადობამ იმატა. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანზე შექმნილმა ვითარებამ?

– ნებისმიერი პოზიტიური თუ ნეგატიური სიახლე, რომელსაც  შეუძლია ყოველდიურობის შეცვლა, სტრესია და ადამიანმა ამ სტრესთან ერთად რომ განაგრძოს  ცხოვრება, პირველ რიგში, ადაპტაციის პერიოდი უნდა გაიაროს, რომელიც არცთუ ისე მარტივია. დღევანდელი მდგომარეობა თანამედროვე სამყაროსთვის საოცრად  დიდი სტრესია, რომლის შედეგები თანდათანობით, ეტაპობრივად იჩენს თავს. თანამედროვე ადამიანს  დიდი ხანია დავიწყებული აქვს საკუთარ თავთან მუშაობა, ოჯახის წევრებთან, შვილებთან, ზოგადად, ადამიანებთან აქტიური პირდაპირი კომუნიკაცია, აზრებისა და ემოციების ურთიერთგაცვლა. დავიწყებულია „მინდა“, აქტუალურია „უნდა“. კონტაქტი გაწყვეტილია საკუთარ ემოციებთან და თითქოს მექანიკურ მანქანებს დავემსგავსეთ. პანდემიამ „უნდა გავაკეთოში“ არსებული საქმეთა ჩამონათვალი შეაჩერა და სამყაროში შფოთვა, შიში, პანიკა და მასთან დაკავშირებული ყველანაირი უარყოფითი ემოცია წინა პლანზე წამოსწია, რაც, ბუნებრივია,  ბრაზის დონის მატებას გამოიწვევს, რომელიც მოგვცემს (და გაეროს კვლევების თანახმად, უკვე მოგვცა კიდეც) ოჯახში ძალადობას. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია – მთავარია, ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს, უბრალოდ,  ნებისყოფა გვეყოს, ის კი აუცილებლად გვეყოფა, თუ მას წინა პლანზე წამოვწევთ, პრიორიტეტულად მივიჩნევთ.

– რა შეიძლება  ვურჩიოთ ადამიანებს, რომ მათთვის უფრო მარტივი იყოს ასეთი შეზღუდვებით ცხოვრება?

– საკუთარ თავს შეკითხვა დავუსვათ, – რა შეიძლება მომცეს ამ მდგომარეობამ  დადებითი? როგორ შემიძლია ეს პერიოდი გამოვიყენო? გავიხსენოთ იმ აქტივობებისა  თუ ხელსაქმეთა ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც სიამოვნებას გვანიჭებს. დარწმუნებული ვარ, მათი რიცხვი დიდია. ბევრია ისეთი  საქმე, რომლის შესრულების დრო აქამდე ფიზიკურად  არ  იყო ან ფიქრობდით, რომ ამისთვის უკვე საკმაოდ დიდები ვართ. გვახსოვდეს, რომ ჰობის, რაც არ უნდა ბავშვური იყოს იგი, შეუძლია ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიანიჭოს სიხარული. მესმის, რთულია ახალ მდგომარეობასთან ღიმილით შეხვედრა, თუმცა პირადად მჯერა და მწამს, რომ  სამყაროში უბრალოდ არაფერი ხდება, ახალი რეალობისგან რამე უნდა ვისწავლოთ.

– საინტერესოა ბავშვები და მათი ფსიქიკა…

– შექმნილი მგდომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ბევრი ბავშვი აგრესიის მსხვერპლად იქცევა. მშობლები არ არიან შვილებთან ერთ სივრცეში ხანგრძლივ ყოფნას მიჩვეული, ამის ფუფუნება თანამედროვე ადამიანს არ აქვს, ამიტომ მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოებაა. ბავშვებს ერთადერთი რამ სურთ: მშობლებთან ყოფნა, მათთან თამაში, სიყვარულისა და სითბოს მიღება… მშობლებო, გახსოვდეთ, ეს პერიოდიც გაივლის და ისევ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება ჩვენი ყოველდღიურობა. აგრძნობინეთ ბავშვებს, რომ ისინი გიყვართ, მეტად გამოხატეთ ეს მოფერებით, თამაშით, მათი მოსმენით, მათი აზრების გაზიარებით, ასევე შეგიძლიათ საკუთარ თავსა და ემოციებზე ესაუბროთ, ბავშვები ძალიან კარგი მსმენელები და ემოციათა გამზიარებლები არიან.

– კონკრეტულად არავინ იცის, როდის გადაივლის პანდემია და როდის დაუბრუნდება მსოფლიო ჩვეულ რიტმს. როდესაც ასეთი დრო დადგება,  ამ შემთვევაშიც არ იქნება მარტივი ადამიანებისთვის, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ.

– ამ მდგომარეობამ, როგორც აღვნიშნე, შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, ყველა ადამიანს კი ახალი რეალობისადმი ერთნაირი მიმღებლობა არ აქვს. ჩვენ უნდა დავიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა, თუ დამოუკიდებლად ამას ვერ შევძლებთ, მაშინ სპეციალისტს უნდა მივმართოთ. საჭიროა ვაღიაროთ, რომ საკუთარ ემოციურ მდგომარეობებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ჩვენ ვართ. ვიპოვოთ და ჩავეჭიდოთ საკუთარ თავში იმედსა და რწმენას, რომ ეს რთული მდგომარეობაც ჩაივლის და ახალ რესურსებს გვაპოვნინებს საკუთარ თავში, რომლის არსებობის შესახებ შეიძლება, აქამდე არც კი ვიცოდით.

ლევან ქემოკლიძე