როგორ დავიცვათ თავი პანიკისგან კორონაპანდემიის დროს? – ფსიქოლოგის პრაქტიკული რჩევები

გარდა იმისა, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ემუქრება, კორონაპანდემიამ ადამიანების ქცევის წესები შეცვალა, ანუ სპეციალისტების რეკომენდაციით, მთელი მსოფლიო თვითიზოლაციაშია. თვითიზოლაცია „უხილავ მტერთან“ ბრძოლაში, ჯერჯერობით, ყველაზე ეფექტიანი ხერხია, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოსახლეობის ნაწილს შინ დარჩენით არანაკლები პრობლემები შეექმნა, კერძოდ, ზოგიერთმა სამსახური დაკარგა, ზოგიერთს კი აქტიური ცხოვრება ენატრება და გამუდმებით იმას კითხულობს, თუ როდის დასრულდება პანდემია, რომ იძულებით შინაპატიმრობას თავი დააღწიოს. ისე, ერთი შეხედვით, სახლში ყოფნა სიამოვნებაა, თუმცა როცა ეს გრძელდება დღეები, კვირები და თვეები, სახლში დარჩენა ერთგვარ რუტინას ემსგავსება. ჰოდა, ახლა ადამიანებს ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა: ერთია კორონასგან თავის დაცვა და მეორე – შინ დარჩენით გამოწვეული დეპრესიისა თუ ფორიაქის დაძლევა.

ამას გარდა, ისიც საგულისხმოა, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან – ფიზიკური შრომის გარდა ემოციებთან გამკლავება მათაც უწევთ. ზოგიერთი ექსპერტი ინიციატივით გამოდის, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, სპეციალურად მედპერსონალისთვის, ფსიქორეაბილიტაციის კურსები შეიქმნას, რითაც სამედიცინო სფეროს მუშაკები კორონობის დროს მიღებულ ფსიქოლოგიურ სტრესს თავს დააღწევენ. ჩვენთვის რომ ვთქვათ, ცუდი იდეა ნამდვილად არ არის, თუმცა მთავარი ბრძოლა, ამ ეტაპზე, მაინც კორონავირუსის დამარცხებაა.

ამ ბრძოლაში თითოეულ ჩვენგანს საკუთარი მისია გვაკისრია, ანუ ყველანი ჯარისკაცები ვართ. ბრძოლის წინა ხაზზე კი, ექიმებთან ერთად, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დგანან. ამიტომ დიდი მნიშვნელობა მხოლოდ მათ თითოეულ სიტყვას კი არა, მოქმედებასაც აქვს. მოქმედებაში კი, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სხეულის ენა იგულისხმება.

ერთი სიტყვით, კორონამ არაერთი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. სწორედ ამ თემებზე ესაუბრა „ქრონიკა+“ ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას, რომელიც ამბობს, რომ ამ რთულ ვითარებაში ექმების, პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების თითოეული გამოსვლა ოპტიმიზმით უნდა იყოს სავსე.

ამას გარდა, ჩვენი რესპონდენტი იმის შესახებაც გვესაუბრება, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციასა და პანიკას.   

თვითიზოლაცია თანამედროვე ადამიანებისთვის უჩვეულო მდგომარეობაა. ჩვენ ნებაყოფლობით შიაპატიმრობაში ვართ. ყველაფერ ამის გამო, კორონაპანდემიის დასრულების შემდეგ, მასობრივი ფსიქიური აშლილობა ხომ არ იფეთქებს?

– თვითიზოლაციაში ყოფნა,  რა თქმა უნდა, იოლი არაა. ერთფეროვანი გარემო და სიტუაცია, ყოველღიური და რუტინული საქმიანობა სხვადახვა ტიპის ფსიქიკური აშლილობის საფრთხეს ბუნებრივად ქმნის. ჩვენ, ყველანი, ე. წ. სოციალური და ფიზიკური დეპრივაციის (ურთიერთობათა უკმარისობა, – რედ.)  პირობებში ვცხოვრობთ, რაც ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას (ფიზიკურზე რომ აღარაფერი ვთქვათ) სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამიტომ სულიერი სტაბილურობის შენარჩუნება ერთ-ერთ ძირითად ამოცანად იქცევა.

ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში მედიცინის მუშაკები არიან, მით უმეტეს, რომ მათ უმრავლესობას პანდემიის დროს მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია და ზოგს, ალბათ, ფსიქოლოგიური პრობლემებიც ექნება. რა რჩევებს მისცემთ მედპერსონალს?

– ამ სრულიად ექსტრემალურ პირობებში განსაკუთრებულად რთულია მედპერსონალის მიერ ფსიქიკური და ფიზიკური ბალანსის შენარჩუნება.

სწორედ მედპერსონალის მძიმე შრომამ მიიყვანა ფსიქოლოგია ე. წ. პროფესიული გადაწვის ფენომენის აქცენტირებამდე, თანაც დღევანდელ პირობებში ჩვეულებრივ პროფესიულ გადაწვას  მძიმე ემოციური ფონიც თან ერთვის, რაც დაავადების ხიფათთანაა დაკავშირებული. ეს ნამდვილი ჰეროიკაა!

როგორ უნდა მოიქცნენ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები პანდემიის პირობებში?

– პანდემიის დროს პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა უნდა შეცვალონ, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმატი. უნდა შეწყდეს დაპირისპირება და კონფრონტაცია, ხელი შეეწყოს საზოგადოების არა აღელვებას, არამედ, პირიქით, დამშვიდებას და სასარგებლო, პოზიტიური ინფორმაციის ტირაჟირებას.

ერთია კორონასთან ბრძოლა და მეორემასობრივი პანიკა, რომელიც არანაკლებ სახიფათოა. რა კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე პანიკა და როგორ დავიცვათ თავი მასობრივი ისტერიისგან?

– პანიკა თავადაა სერიოზული პრობლემა, რადგანაც ადამიანს აკარგვინებს აზროვნების უნარს (შეიძლება ითქვას, ადამიანს „თავს აკარგვინებს“), უკიდურესად ავიწროებს ჩვენი ცნობიერების ველს და დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ მდგომარეობაზე.

პანიკა იპყრობს ადამიანს და როგორც დამპყრობელი, სრულიად დაუნდობელია.

ზოგადად, დიდი მნიშვნელობა აქვს . . სხეულის ენას და ეს ახლაც ყურადსაღებია, ანუ ექიმებისა თუ ხეისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები (რომლებიც კოვიდზე განცხადებებს აკეთებენ) ქცევა, . ., სხეულის ენა, როგორი უნდა იყოს?

– სხულის ენის შგნებულად მართვა არცთუ იოლია, რადგანაც ჩვენი სხეულებრივი ექსპრესია სპონტანურად და, უმეტესწილად, დაუფარავად ააშკარავებს ჩვენს განცდებს, მაგრამ საჯარო გამომსვლელები, სხვა ყველაფერთან ერთად და, მით უფრო, ექსტრემალურ სიტუაციაებში, სხეულის ენის ფლობასაც საჭიროებენ.

საუკეთესო ვარიანტში, საჯარო გამოსვლისას, სხეულის ენა სიმშვიდეს, საკუთარ თავში დარწმუნებასა და ოპტიმისტურ განწყობას უნდა ასახავდეს.

ეს, რა თქმა უნდა, იოლი არაა!

ძნელია, მოსთხოვო გადაქანცულ, გმირ ექიმს ან ქყვეყნის რომელიმე მმართველს, რომ გვიან საღამოს, პირდაპირ ეთერში გამოსვლისას, ოპტიმისტურ რწმენას ასხივებდეს, თუმცა გმირი ექიმის ნახვაც კი, მიუხედავად იმისა, თუ რას ასახავს მისი სხეულის ენა, მაინც ახდენს უკიდურესად დადებით ზემოქმედებას მის იმედად მყოფ ადამიანებზე!

პირადად თქვენ როგორ იცავთ თავს, რომ კორონას გადაურჩეთ და მაობრივმა პანიკამ არ დაგზაფროთ?

– პირადად მე იმდენად ვარ დაკავებული ყოველდღიურად, რომ პანიკისთვის, უბრალოდ, დრო არ მრჩება.

კერძოდ, ვზრუნავ ოჯახსა და ოჯახის წევრებზე, ვმუშაობ სტუდენტებთან ონლაინრეჟიმში, კონტაქტი მიწევს მრავალ ადამიანთან, თეორიული ლექციების გარდა სტუდენტებს ვუტარებ ონლაინ-პრაქტიკულ, ფსიქოთერაპიულ სავარჯიშოებს.

გამოცდილება აჩვენებს, რომ საქმე უარყოფით ემოციებსა და მათ შორის, პანიკასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  

 გიორგი აბაშიძე