კორონაპანდემიის დასრულების შემდეგ ქაღალდის ფული აიკრძალება?

ვინ დარჩება ეპიდემიით მოგებული?

იმაზე კამათი, რომ ახალმა კორონავირუსმა მსოფლიო შეცვალა და კიდევ უფრო მეტად შეცვლის, რასაკვირველია, არ ღირს. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ პოსტპანდემიური ეპოქა დედამიწისთვის არანაკლებ მტკივნეული იქნება, ვიდრე ახლანდელი რეალობაა. შესაბამისად, დასავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში თანდათან მწიფდება აზრი, რომ კორონა შესაძლოა, ის ბიოლოგიური იარაღი იყოს, რომლითაც იგივე ჩინეთმა ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება განიზრახა. მართალია, ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ ჰიპოთეზაა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება. შესაბამისად, კორონობა რომ დასრულდება, შესაძლოა, მსოფლიო ახალ სკანდალში გაეხვიოს. ყოველ შემთხვევაში, თეთრი სახლიდან უკვე კეთდება მინიშნებები, რომ ყველაფერ იმისთვის, რაც ჩაიდინა, ჩინეთი დაისჯება და საკადრის პასუხსაც აგებს. რა და როგორ იქნება, ამას პანდემიის დასრულების შემდეგ ვნახავთ, მანამდე კი შეგვიძლია, მხოლოდ იმ განცხადებებით ვიმსჯელოთ, რომელსაც სხვადახვა გავლენიანი ადამიანი აკეთებს.

მოკლედ, დავიწყოთ იმით, რომ რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 26 მარტს, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გორდონ ბრაუნი, ახალი ინიციატივით გამოვიდა, ანუ ბრაუნმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, დროებითი გლობალური მთავრობა შეიქმნას.

როგორც „გარდიანი“ წერდა, გორდონ ბრაუნის აზრით, დროებითი მთავრობა მსოფლიო ლიდერების, ჯანდაცვის ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისგან უნდა დაკომპლექტდეს.

ეს არის რაღაც, რასთან გამკლავებასაც მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. ამ კრიზისს გლობალური კოორდინებული პასუხი სჭირდება, – განაცხადა ბრაუნმა.

მართალია, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ამ ინიციატივას ფართო გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ პოლიტიკაში ცნობილია ე. წ. მოსინჯვის მეთოდი, ანუ გარკვეული იდეა, სანამ ის რეალობად იქცევა, ჯერ იტესტება ხოლმე. ეს ვინმემ შესაძლოა, შეთქმულების თეორიად მიიჩნიოს, მაგრამ ბრაუნი ხელწამოსაკრავი ფიგურა არ არის და აქედან გამომდინარე, მისი ინიციატივაც, როგროც ჩანს, გარკვეულ მიზანს ემსახურება.

მსოფლიო მთავრობის შექმნის პარალელურად, ის ვერსიაც მუსირებს, რომ პოსტპანდემიურ ეპოქაში შესაძლოა, ფული აღარ არსებობდეს, ანუ ქაღალდის ფული ელექტრონულმა ფულმა, მაგალითად, კრიპტოვალუტამ შეცვალოს.

ეს მოსაზრებაც ბევრს შესაძლოა, ფანტასტიკად მოეჩვენოს, მაგრამ ამ კუთხით ერთი გარემოებაა საყურადღებო – იმთავითვე ითქვა, რომ კორონას ერთ-ერთი გადამტან-გამავრცელებელი შესაძლოა, ფული იყოს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ფული, როგორც ინფექციის, ასე ვთქვათ, წყარო, ჯანმო-ს ან რომელიმე სხვა გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალურად არ „უღიარებია“, მაგრამ, ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერი ეროვნულ ბანკს უკავშირდება. კერძოდ, ის გვაქვს მხედველობაში, რომ თავდაპირველად დაინფიცირდა ქალბატონი, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში მუშაობდა, თუმცა არ იცოდა, რომ დაინფიცირებული იყო და ამიტომ ვირუსი სხვებსაც გადასდო.

ერთი სიტყვით, თუ ფატქებით დადასტურდა, რომ  საქართველოში კორონას გავრცელების მთავარი წყარო ფულია, მაშინ შესაძლოა, ამ კუთხით სხვა ქვეყნებმაც დაიწყონ ერთგვარი კვლევა და საბოლოოდ, იქამდე მივიდეთ, რომ ფული „ხმარებიდან ამოიღონ“ და ის კრიპტოვალუტამ ჩაანაცვლოს.

სხვათა შორის, ამ მოსაზრებას არცთუ უტოპიად მიიჩნევს პარტია „კანონი და სამართლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი:

თუ ფულიც ერთ-ერთი წყაროა კორონავირუსის, მაშინ არსებულ ქაღალდის ფულს შეცვლის კრიპტოვალუტაბიტკოინი, რომლის ქარხანაც საქართველოშია და ვისია, ნეტავ?“ – დაწერა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მიხეილ რამიშვილმა.

„ქრონიკა+“-სთან იგივე აზრს ავითარებს პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ თავმჯდომარე დავით მიროტაძეც:

„კორონავირუსზე, მსოფლიო შეთქმულების კონტექსტში, ბევრი სერიოზული მეცნიერი, მედიკოსი და ეკონომისტი საუბრობს. ბევრს ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ეს უცნობი ვირუსი ჩინეთმა მსოფლიოს კარგად გაწერილი გენომის სახით მიაწოდა.

ასევე  საუბარია კორონავირუსზე, როგორც ბიოლოგიურ იარაღსა და მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაზე მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოებს შორის.

ამ ეჭვებსა და მსჯელობებს ფაქტები ამყარებს. ისე, თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ბევრად მეტი ლეტალური შედეგი აქვს სხვა უკვე კარგად ნაცნობ ვირუსებს და დაავადებებს, მათ შორის, გადამდებს, ვიდრე – „კოვიდ-19“-ს და სწორედ ეს ბადებს ეჭვს  მისი გავრცელების ეკონომიკურ-პოლიტიკურ მიზეზებზე.

თუ მართლაც დავუშვებთ, რომ ყველაფერი ეს ხელოვნური, გაზვიადებულია და კონკრეტული ხალხის კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება, მაშინ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც „კოვიდ-19“-ის მომიზეზებით დადგა – ხალხი სახლშია გამოკეტილი, კარანტინის პირობები სულ უფრო და უფრო მძიმდება, ზოგიერთ ქვეყანაში კი ადამიანების გადაადგილების კონტროლი დრონების ან სმარტფონების მეშვეობით ხდება, შესაძლოა, ყველაფერ ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ელექტრონული (ვირტუალური) ფულის მასობრივად დანერგვა იყოს, რაც აქამდე ვერ მოხერხდა და ეს მაშინ, როცა საკმაოდ ბევრმა უამრავ ვირტუალურ ფულს მოუყარა თავი…

აქვე უნდა გავიხსენოთ ვირტუალური ფულის გამომუშავების შეზღუდული შესაძლებლობა, ანუ, მაგალითად, ბიტკოინებს გარკვეული ლიმიტი აქვს, რის მერეც მისი გამომუშავება შეწყდება, რაც მის საკმაოდ გაძვირებას გამოიწვევს.

კორონავირუსის გავრცელებამდე ბიტკოინის ფასი, დაახლოებით, 7000 დოლარი იყო, ახლა კი მისი ფასი, დაახლოებით, 2000 ერთეულით  დაეცა. ყველაფერი ეს კი მისთვის, ვის ხელშიც დიდძალი ფინანსური შესაძლებლობაა აკუმულირებული, შესანიშნავი შანსია,  დიდი რაოდენობის ვირტუალური ფული იაფად შეიძინოს, რაც ხვალ, პრაქტიკულად, დადასტურებულად ბევრად ძვირი ეღირება. ამას დაამატეთ ადამიანების ყოფიერებისა და ყოველდღიურობის სტილის უფრო მეტად ვირტუალიზაცია, რაც მსოფლიოს ფინანსურ მონსტრად გადაქცევის იდეალური საფუძველია.

ეს, რა თქმა უნდა, ვერსიაა, შესაძლოა, მცდარი და რეალობას აცდენილი, მაგრამ სხვა მსჯელობებთან ერთად, ვფიქრობ, მასაც აქვს არსებობის უფლება“, – ეუბნება მიროტაძე „ქრონიკა+“-ს.

იმ  ფონზე, როცა მსოფლიო სრულ გაუგებრობაშია, არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ვერსიას აქვს. ამასთან, ეს გაუგებრობა შეთქმულების თეორიებისთვის ნოყიერ ნიადაგსაც ქმნის, მაგრამ როგორც წერილის დააწყისში აღვნიშნეთ, კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება. ასე რომ, კორონავირუსისა და ბიტკოინების შესაძლო კავშირსაც ვერ გამოვრიცხავთ. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 10-12 წლის წინათ ადამიანებმა ე. წ. ელექტრონული ფულის შესახებ არაფერი ვიცოდით, ანუ  ელექტრონული ფული 2008 წელს, ე. ი., მაშინ დაიბადა, როცა მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა.

ისე, როგორც ცნობილია, ბიტკოინამდეც უამრავჯერ იყო მცდელობა, რომ გლობალური ელექტრონული ფული შექმნილიყო, მაგრამ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

და მაინც, როგორია თანამედროვე ელექტრონული ფული, ანუ კრიპტოვალუტა? – როგორც სპეციალისტები ამბობენ, მას არ აქვს ფიზიკურობა და ის ციფრების უბრალო კომბინაციით გამოიხატება, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. ბიტკოინის უკან დგას ჩანაწერების წიგნი, რომელიც ბლოკჩეინის სახელითაა ცნობილი. ბლოკჩეინი შეგიძლიათ წამოიდგინოთ, როგორც დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, სადაც არ არსებობს მართვის ერთი ცენტრი, ანუ ინფორმაცია გადანაწილებულია უამრავ კომპიუტერზე, რომელსაც კვანძებს უწოდებენ. ამ კომპიუტერებს ერთი და იგივე კოპია აქვთ (ბიტკოინის შემთხვევაში, მსოფლიოში, დაახლოებით, 110 000 კვანძია), კვანძები ფუნქციონირებენ ზუსტად ისე, როგორც ბიტკოინის ალგორითმშია გაწერილი, ანუ ქსელში არსებობს სიმართლის მხოლოდ ერთი ვერსია. აქ ინფორმაციის გაყალბების მცდელობა შეუძლებელი და უაზრობაა.

მოკლედ, კორონაპანდემია, ალბათ, დიდხანს აღარ გაგრძელდება და შესაბამისად, ნელ-ნელა ისიც ნათელი გახდება, ყველაფერი ეს „დადგმული სცენარი“ იყო თუ უცნობმა ვირუსმა პლანეტის „მოკვლა“ მართლაც გადაწყვიტა. ასე რომ, დაველოდოთ, რა და როგორ იქნება, მანამდე კი, როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და თუ ფული გაქვთ, სპეციალისტების რჩევა გაითვალისწინეთ და ფული ორთქლით ან სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავეთ!

გიორგი აბაშიძე