რა პირობებში ცხოვრობს ლონდონიდან საქართველოში დაბრუნებული სტუდენტი?

4 აპრილს, გვიან ღამით, დიდი ბრიტანეთიდან  ბათუმში  საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოფრინდა. ლონდონი-ბათუმის სპეცრეისი ავიაკომპანია “georgian airwazs”-მა შეასრულა. მგზავრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციის თაამშრომლები  და მედიკოსები სპეციალური აღჭურვილობით დახვდნენ. ყველა მგზავრს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა. 

საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეს  უფლება აქვს,  შეავსოს ანკეტა, მიუთითოს მისამართი და ინდვიდუალურად სახლში გაიაროს კარანტინი. სპეციალური ჯგუფი შეამოწმებს საცხოვრებელს, თუ რამდენად არის შესაძლებელი მითითებულ მისამართზე უსაფრთხოების ზომების დაცვა.

საქართველოს 180 მოქალაქე  ბათუმში, სასტუმროებში “სპუტნიკსა” და “ოაზისში” მოათავსეს, სადაც სპეციალური საკარანტინო ზონაა. საკარანტინო ზონაში უსაფრთხოების გასაკურებული ზომებია მიღებული. სასტუმროს ტერიტორიაზე, დღის და ღამის განმავლობაში,  დაცვის პოლიცია პატრულირებს.

“ქრონიკა+” კარანტიში მყოფ მარიამ როდონაიას ესაუბრა, რომელიც დიდ ბრიტანეთში “ERASMUS”-ის   გაცვლითი სასწავლო  პროგრამით იმყოფებოდა:

– სასტუმროში ორ-ორი ადამიანი შეგვიყვანეს და  ოთახის ნომრები გადმოგვცეს, რომელიც ერთ ადამიანზეა გათვლილი. ასევე თუ ოჯახის წევრები ერთად ცხოვრობდნენ ბრიტანეთში ან მეგობრები, ამ შემთხვევაში,  შესაძლებელია ერთ ნომერში  მათი განთავსება.  გაგვაცნეს წესები, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნომერში არსებული ტელეფონები, ასევე არის რესტორანი – თუ დამატებით ვინმეს განსხვავებული კერძი ენდომება, სურვილისამებრ, შეუძლია იკვებოს. ნომერში დამხვდა ერთჯერადი გამოყენების ნივთები, ასევე ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური აივანი, დამხვდა თერმომეტრი და პირობები, რომ სიცხე უნდა გავიზომო დღეში რამდენჯერმე.  გაწერილი დამხვდა ზოგადი მიმოხილვა, თუ რა მეზღუდება კარანტინის ზონაში. არის სამჯერადი კვება, მაგრამ ასევე გვითხრეს, თუ თქვენი ოჯახის წევრები შეძლებენ საკვებისა და თქვენთვის საჭირო ნივთების შემოგზავნას, ეს შესაძლებელიაო. ჩემმა მეგობრებმა ხინკალი მომიკითხეს. დილით ასევე დამირიკეს და მკითხეს, ვეგეტარიანელი ხომ არ ვიყავი ან რამე ქრონიკული დაავადების მქონე, რაც ითვალისწინებდა განსაკუთრებული კვების რაციონს. ასევე დამირეკა ექიმმა და მკითხა, ტემპერატურა თუ მქონდა. ცოტა ხნის წინ ოთახებშიც ჩამოიარა და ყველა მგზავრი შეამოწმა.

როგორ განწყობა გაქვთ და რამდენი ხანი ელოდებოდით დიდი ბრიტანეთიდან სამშობლოში დაბრუნებას?

– მე 14 მარტიდან სახლში ვიჯექი. ძალიან შემეშინდა,  პროდუქტები მოვიმარაგე და თვითიზოლაციაში ვიყავი.  უცხო არავისთვის  არის, რომ ბრიტანეთმა ძალიან დააგვიანა მკაცრი ზომების მიღება. უკვე  შეჩვეული ვარ ჩაკეტილ გარემოს, თუმცა  მართლა  ვნერვიულობ, რადგან მაინც მგზავრობა  მომიწია მატარებლით, სანამ აეროპორტამდე მივიდოდი. ფრენა კი მართლა  სარისკოა  და ამ 14 დღის მშვიდობით გავლას ველოდები.

ლევან ქემოკლიძე