რუსეთში მოღვაწე ქართველი ბავშვთა ონკოლოგი: „კორონა სიკვდილს არ ნიშნავს! ის იკურნება!“

ახალი კორონავირუსი ის თანამედროვე „შავი ჭირია“, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანას მისწვდა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, კორონას არც ატომური თუ ბირთვული იარაღის ეშინია და არც – დიქტატორული რეჟიმების. დიახ, COVID-19-ის წინაშე ყველა და ყველაფერი უძლურია და ამ უძლურებას ვერც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი მალავს. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პუტინმა მთავრობის სხდომის დისტანციურად ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. პუტინის ამ გადაწყვეტილების საბაბი კი ის გახდა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ყველაფერი კი გასულ კვირას ასე დაიწყო: კრემლის მბრძანებელი ერთ-ერთ საავადმყოფოში მივიდა, სადაც ექიმმა დენის პროცენკომ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა გააცნო. ამ ვიზიტიდან 24 საათის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ექიმი, რომელსაც პუტინმა ხელი ჩამოართვა, „კოვიდ-19“-ით იყო ინფიცირებული. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ კორონა შესაძლოა, ვლადიმირ ვლადიმირის ძესაც შეჰყროდა, თუმცა კრემლში აცხადებენ, პუტინი თავს კარგად გრძნობს, უბრალოდ, ხალხისგან დისტანცირებას ცდილობს და მთავრობის სხდომის ონლაინ ჩატარებაც ამიტომ გადაწყვიტაო.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ანუ საინკუბაციო პერიოდი ჯერ არ გასულა და არავინ იცის, პუტინს კორონათი დაინფიცირებულ ექიმთან შეხვედრა ძვირი დაუჯდება თუ – არა, თუმცა რაც უნდა მოხდეს, მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას  გონივრული ეჭვი აქვს, რომ კრემლი კოვიდინფიცირებულთა და მისით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას მალავს. ამ ეჭვს „ქრონიკა+“-ს მოსკოვში მცხოვრები ქართველი ექიმიც უდასტურებს. მარინა პავლიაშვილი ბავშვთა ონკოლოგია, იგი რამდენიმე ათეული წელია, რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს და მოროხოვის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს.

– მარინა, რა მდგომარეობაა მოსკოვში – არის თუ არა ხალხში პანიკა და, საერთოდ, რას ამბობენ კორონაზე?

– ორი მარტიდან დღევანდლამდე, კორონავირუსი რუსეთში, ოფიციალურად, 4 731 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 882 ინფიცირებული მოსკოვშია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 43 შეადგინა.

სიმართლე რომ გითხრათ, ხალხში პანიკაა, თუმცა მედიკოსები მშვიდად არიან. რასაც აქედან ვუყურებ, მოსახლეობა საქართველოში უფრო დაცულია, ვიდრე – რუსეთში.

სპეციალისტები გამოდიან და ხალხს არიგებენ, მშვიდად უხსნიან, რომ პანიკას არ აჰყვენენ და თუ კორონავირუსის ნიშნები აღმოაჩნდებათ, ექიმს მიმართონ, ასევე წესებიც დაიცვან, თუმცა ჟურნალისტები და შოუბიზნესის ვარსკვლავები ხალხს მაინც აპანიკებენ.

– როგორც ვიცი, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქუჩაში გადიხართ? ან რა ტიპის შეზღუდვები არსებობს?

–  სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ბანკები მუშაობს. ხელისუფლება უმუშევრებსა და მათაც, ვინც რისკჯგუფშია, კომპენსაციას ჰპირდება, ანუ ეუბნება, რომ 1000 დოლარს მისცემს, თუმცა, ჯერჯერობით, რეალობა ასეთია, რომ პენსიონერებს, მასწავლებებსა და სტუდენტებს უფასო სამგზავროები დაუბლოკეს, ქუჩაში რომ არ იბოდიალონ, მაგრამ მაინც დადიან.

– თქვენი კლინიკა მუშაობს?

– დიახ, ჯერჯერობით, ვმუშაობთ, თუმცა ხალხი ცოტაა… ისე, დისტანციას ტრანსპორტშიც იცავენ.

ქუჩაში გასვლა ნებისმიერ დროს შეგვიძლია, მაგრამ მოსკოველების უმეტესობა აგარაკებზე წავიდა. ამას ისიც დაემატა, რომ პუტინმა, აუცილებელი თანამშრომლების გარდა, სამსახურებიდან ერთი კვირით ყველა გაათავისუფლა. ოფიციალურად კარანტინი მხოლოდ იქაა, სადაც ადამიანებს კორონა აღმოაჩნდათ.

ერთი სიტყვით, როგორც ყველგან, მოსკოვშიც ხალხი თვითიზოლაციაშია. ინვალიდებსა და პენსიონერებს სპეციალური ორგანიზაციები უზრუნველყოფენ პროდუქტითა და წამლებით.

– ხალხს თუ აქვს განცდა, რომ ინფიცირებული და გარდაცვლილი გაცილებით ბევრია, მაგრამ ამას ხელისუფლება მალავს?

– დიახ, ასეთი განცდა არსებობს.

სხვათა შორის, ოპოზიციის წარმომადგენელი, მედიკოსების დამცველი,  ექიმების ალიანსის დამფუძნებელი ანასტასია ვასილევა, რომელიც  ხალხისგან შეგროვილი თანხით ნაყიდ ნიღბებსა და დაცვის სხვა საშუალებებს არიგებდა, დააკავეს.

სავაადმყოფოებში ნიღბების უკმარისობაა – დღეში ერთს გვაძლევენ, აფთიაქში კი ერთი ნიღაბი 47 რუბლამდე ღირს, თუმცა ვერ იშოვით.

– მარინა, მაქედან როგორ ჩანს – საქართველოს ხელისუფლებისა და სამედიცინო სექტორის ბრძოლა კორონასთან ეფექტიანია?

– ჩემი შეფასებით, ხალხი რეჟიმს მანდ უფრო შიშის გამო იცავს.

– როგორც ცნობილია, კორონა განსაკუთრებით სიმსივნით დაავადებულებს ერჩის. შენ, როგორც ბავშვთა ონკოლოგს, თუ გქონია შეხება კორონათი დაავადებულ ბავშვებთან?

– სიმსივნე, დიაბეტი და 60 წელს გადაცილებულები რისკჯგუფში შედიან. ისე, რუსეთში ონკოლოგიური პაციენტი კორონავირუსით ჯერ არ დაინფიცირებულა.

– ამას რით ხსნით?

– ისინი სულ სახლში ან საავადმყოფოში არიან და მკურნალობენ.

– რა მეთოდებს იყენებენ რუსი ექიმები ვირუსთან საბრძოლველად?

– საავადმყოფოებში გამოყოფილია ცალკე კორპუსები ვირუსით დაინფიცირებულთა მისაღებად. ასევე შეზღუდულია პაციენტებთან ვიზიტი და საკვების გადაცემა.

სხვათა შორის,  სამინისტროს საიტზე ლექციების მოსმენა გვაიძულეს, რათა მომზადებულები ვიყოთ.

ამუშავებენ შენობებს და სამედიცინო ორგანიზაციებში შესვლისას ყველას უზომავენ ტემპერატურას ელექტრონული საზომით.

– შენი, როგორც ექიმის რეკომენდაციები, როგორია?

– ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ არავინ აჰყვეს პანიკას. ამასთან, უნდა მოვუსმინოთ მხოლოდ სპეციალისტებს, დავიცვათ ჰიგიენა და თუ ადამიანი ავად გახდა, არ იაროს ქუჩაში და დაუკავშირდეს ექიმს.

მოკლედ, მინდა, ყველამ გაიგოს, რომ თუ კორონა შეგხვდა, ეს სიკვდილს არ ნიშნავს! სიკვდილიანობა იმაზე მეტი არაა, ვიდრე სხვა ვირუსების დროს. დიახ, კორონა იკურნება!

გიორგი აბაშიძე