ასტროლოგი: „კორონა არავის ერჩის! ის დედამიწაზე მოვლენილი სამართლიანობაა – კაცობრიობა იმას იმკის, რაც დათესა!“

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა მსოფლიო, დღევანდელის მსგავსად, დიდი კატაკლიზმების წინაშე იდგა (ე. წ. ცივი ომი ახალი დამთავრებული იყო, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ზესახელმწიფო საბჭოთა კავშირი დაიშალა და არავინ იცოდა, დედამიწაზე როგორი წესრიგი დამყარდებოდა), ცნობილმა ბულგარელმა ნათელმხილველმა მსოფლიოს არცთუ სახარბიელო მომავალი უწინასწარმეტყველა. კერძოდ, ვანგამ თქვა, რომ გავიდოდა წლები და დაავადება, რომელსაც „ყვითელი ადამიანი“ (ე. ი., ჩინეთი) „მოიტანდა“, კაცობრიობას უამრავ პრობლემას შეუქმნიდა. ეს შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია – ახალი კორონავირუსის ექსპორტი მთელ დედამიწაზე სწორედ ჩინეთიდან მოხდა. ყოველივე ამის ფონზე, საინტერესოა, რას ფიქრობენ ეზოთერიკაში გარკვეული ადამიანები კორონაპანდემიაზე? – „ქრონიკა+“ ასტროლოგ გიორგი ლობჯანიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ კორონა ადამიანებს კი არ ერჩის, არამედ იმისთვის „მოვიდა“, დედამიწაზე სამართლიანობა აღადგინოსო.

ამას გარდა, წინამდებარე ინტერვიუდან იმასაც შეიტყობთ, კორონა ყველაზე მეტად ზოდიაქოს რომელ ნიშნებს „ერჩის“.

გიორგი, პლანეტები და ვარსკვლავები, აბა, რას ამბობენ, კორონობა მალე გადაივლის?

–  პირველ რიგში, მსურს, რომ მთელ ერს, საქართველოსა და მთელ დედამიწას ჯანმრთელობა ვუსურვო.

რაც შეეხება კორონავირუსსა და მის პროგნოზირებას, აპრილი ამ პანდემიის კიდევ ერთი პიკი იქნება და მთელ სამთავრობო სტრუქტურებს, განსაკუთრებით, სამინისტროებს, უპირველესად, ჯანდაცვას მოუწევს მთელი რიგი ცვლილებების გატარება.

ერთმანეთს უერთდებიან სოციალური პლანეტიდან იუპიტერი, რომელიც გამოირჩევა ექსპანსიით, დასაჩუქრებით, კეთილშობილებით, მსოფლმხედველობით, „ამბის გადიდებით“ და ისეთი უმაღლესი პლანეტა, როგორიცაა პლუტონი თავისი ტრანსფორმაციით თხის რქაში.

თხის რქა გახლავთ სახელმწიფოებრივი – სუფთა პოლიტიკური თავგადასავლები. ამიტომ ამ შეერთებით თითქმის მთელი თვე-ნახევარი არ მოვიწყენთ.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახლა უკვე დინამიკის, აგრესიისა და საქმის მამოძრავებელი პლანეტა მარსი მძიმე კვადრატურაზეა გასული ურანთან, რომელიცაა ხალხის ამბოხი, რევოლუცია და გარღვევა კუროში, კურო კი სუფთა მატერიალური საკითხებია. შესაბამისად, ძირითადი მოთხოვნები ნელ-ნელა კორონას თემაზე კი არა, პირდაპირ თანხებზე იქნება…

კორონავირუსი კი დედამიწაზე  კიდევ ორი თვით მაინც იჩენს თავს – მაისის ბოლომდე კერები იქნება და თუ ხალხი ურჩობას განაგრძობს, – შემდგომაც. ამიტომ ბევრი რამ, ისევ და ისევ, ჩვენზეა დამოკიდებული.

11 აპრილიდან კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური ძალიან ხისტ, შემტევ და მამაც ნიშან ვერძში მიდის და თითქმის მთელი თვე მანდ რჩება. ამიტომ გვექნება უკვე ძირითადი პრობლემები და შეტაკებები სწორედ აპრილის მეორე ნახევრიდან. დაიწყება ცეცხლის დანთება.   სამთავრობო სტრუქტურებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გააჩნია, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი! რადგან 11-მდე მერკური ინფანტილურ, უმოტივაციო და სუსტ პოზიციაშია, შესაბამისად, ხალხიც მთავრობის ნაბიჯებს ემორჩლება, აი, ცოტა ხანში კი ეს სურათი შეიცვლება, ოღონდ გააჩნია შექმნილ ვითარებას…  

შენი, როგორც ეზოთერიკოსის და ასტროლოგის შეფასებით, ეს პანდემია რა არისზებუნებრივი ძალები გვსჯიან თუ ადამიანების შექმნილ ვირუსს ვებრძვით?

–  დიდი მნიშვნელობა უკვე არ აქვს, ეს ვირუსი შექმნილია თუ არა, რადგან შექმნილიც რომ იყოს, ამით საქმეს რა ეშველება? – არც არაფერი.

ამიტომ მსჯელობა და აკურატული ნაბიჯების გადადგმა შექმნილი სიტუაციიდან მოგვიწევს. ეს უკანასკნელი კი, დიდი ალბათობით, წამოსულია იმის გამოც, რომ ადამიანებმა დაკარგეს კონტროლი საკუთარ თავზე. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა: რა კუთხით? ახლავე მოგახსენებთ:

სამყაროში არსებობს ბალანსი, ანუ წონასწორობის შკალა. აბა, შეხედეთ, დღე-ღამე, დიდი-პატარა, მაღალი-დაბალი. ასეა სამყაროშიც – მატერია-სულიერება. როცა ინდივიდი სასწორის ერთ ან მეორე მხარეს ზომაზე მეტად გადაიხრება, აქედან გამოსვლა ჭირს და ანაზღაურების სახით მისი გადახდაც მართებს. საფასური კი ზოგჯერ მძიმეა.

საქართველო, მადლობა უფალს, უფრო კარგ მდგომარეობაშია და ქვეყნის რუკითაც შეიძლება მსჯელობა, რომ აქ ბევრად უკეთესი შედეგები იქნება, ვიდრე – სხვა დიდ თუ პატარა სახელმწიფოებშია. მოკლედ, ყველაფერს გადავლახავთ და შიშის საბაბი არ არსებობს!

სხვათა შორის, ვანგამ გასული საუკუნის 90-იან წლებში იწინასწარმეტყველა, რომ დედამიწასყვითელი ადამიანისგან“, ანუ ჩინეთისგან საფრთხე დაემუქრებოდა. ის, რაც დღეს ხდება, პროგნოზირებად იყო?

–  საინტერესო კითხვაა. დიახ, რაც ხდება, პროგნოზირებადი იყო. არსებობს ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომელიც დაჯილდოებულია სხვადასხვა ექსტრასენსული ნიჭით, ზოგიც ამ ნიჭს სულიერი ცხოვრებით ეუფლება, ზოგსაც კი, უბრალოდ, ღვთისგან, მაღალი ძალებისა და სამყაროსგან აქვს ბოძებული, მაგრამ მთავარია, რამდენად დადებითად იყენებს პიროვნება ამ შესაძლებლობას?

თუ ეს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის ან შავი საქმეებისთვის გვინდა, მაშინ სამყაროსგან პასუხიც არ დააყოვნებს და პასუხგაუცემელი დარჩება.

სხვათა შორის, ბევრი რამ ნოსტრადამუსმაც იწინასწარმეტყველა, სმიტმაც და ამ სფეროში სხვა ბევრმა დიდმა გამოჩენილმა პიროვნებამაც. შესაბამისად, დიახ, შესაძლებელია, რომ ათვლის ამ წერტილიდან, თუნდაც მომდევნო 200 წლის შემდგომი მოვლენები დაინახო.

იმ რეკომენდაციების გარდა, რასაც ეპიდემიოლოგები გასცემენ, რა რჩევას მისცემ მოსახლეობას?

–  პირველ რიგში, მთელ ჯგუფს – ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, მკვლევრებსა და, საერთოდ, ყველას, ვინც ამ დარგში მოღვაწეობს, მინდა, მადლობა ვუთხრა, რადგან მართლაც, გმირები არიან. შედეგის მიუხედავად, ანუ როგორიც უნდა იყოს საბოლოო ციფრები, ამ ადამიანებმა ის შეძლეს, რაც ვერ შეძლო, მაგალითად, აშშ-მ, გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და სხვა დიდმა სახელმწიფოებმა.

მოსახლეობას კი ვურჩევ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. სხვათა შორის, მყავს პაციენტები -კლიენტები, რომლებიც თერმომეტრით დადიან შიშისა და პანიკის გამო, ეს უკანასკნელი კი გადამდებია –  შიშის დროს ორგანიზმი ზოგჯერ ისე ხურდება, რომ 37 გრადუსი ტემპერატურა ბუნებრივია, შესაბამისად, ხალხო, ნუ იქნებით სტრესში, დაიცავით ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და ჩადგებით კალაპოტში!

სიმართლე რომ ვთქვა, პირადად მე არ მაშინებს კორონა, მე მაშინებს მისი შემდგომი პროცესები, რადგან სიტუაცია ისეთია, ვერაფერს გათვლი, თვით ექსპერტებსაც კი უჭირთ მომავლის განჭვრეტა და საბოლოო სურათის დანახვა, თუ როგორი იქნება სამყარო ამ ეპიდემიის დასრულების შემდეგ.  არადა, წეღან 90-იანი წლები ვახსენეთ და ისეთი სოციალური პლანეტა, როგორიცაა სატურნი, სწორედ მერწყულში 1991-1994 წლებში მოძრაობდა. სწორედ მაშინ დაინგრა საბჭოთა კავშირი. ახლა კი, მგონია, რომ ევროკავშირს, მათ შორის, ნატოსა და სხვა დიდ გაერთიანებულ ორგანიზაციებს სერიოზული პრობლემები ელით და ბევრი ქვეყანა დატოვებს გუნდს!

ასევე იქნება მთელი რიგი ძირეული ცვლილებები და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც წლის მეორე ნახევრიდან მეტად შეეტყობა სამყაროს. მანამდე კი, თუ უშუალოდ საქართველოს მთავრობა არ გამოყოფოს საჭირო სახსრებს, ახლაცაა შანსი არეულობის. მინდა, რასაც ვამბობ, სწორად გამიგოთ, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება!

ისე, შეიძება, დილეტანტურად გამოვიდეს, მაგრამ კორონა ყველაზე მეტად ზოდიაქოს რომელ ნიშანს ერჩის?

– კორონა არავის ერჩის! კორონა  დედამიწაზე მოვლენილი სამართლიანობაა – რაც დათესა კაცობრიობამ, იმას იმკის!

ისე, ამ ეპიდემიამ ბევრი პლუსი მოიტანა – უფრო მეტად ვუდგავართ ადამიანები ერთმანეთს გვერდით, ბევრი რამ ვისწავლეთ და დავხვეწეთ.

მომდევნო ორწელიწად-ნახევარი საკმაოდ დიდი ყურადღებით უნდა იყვნენ მერწყულები, რადგან მათ ახლა, როგორც დანაკარგების, ასევე წარმატების შანსები მაღალი აქვთ!

სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, ვირთხამ ისე შეგვყარა სახლებში, როგორც თვითონ არის სოროშიო. კორონაპანდემია ვირთხის კისერზეა?

– ამაზე მეც გავიცინე, მაგრამ რომ დავუკვირდეთ, საქართველოსა და, საერთოდ, დედამიწას ახლა ძალიან უჭირს. უამრავჯერ მისაუბრია, რომ 2020 არ იქნებოდა მარტივი.

კი ბატონო, ნაწილობრივ მართალია – ვირთხას აქვს ბევრი ინფექცია და ასევე მეტად მოჩხუბარი, შემტევი ნიშანია. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ ჩვენს ადამიანურ ღირებულებებს.

მოკლედ, ყველას წარმატებას, ჯანმრთელობასა და ულევ სიკეთეს გისურვებთ!

გიორგი აბაშიძე