„ამერიკა, ფაქტობრივად, გაჩერებულია!“

როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ამერიკაში?

გვირგვინოსანმა ჭირმა განსაკუთრებით მძიმე დღეში ამერიკის შეერთებული შტატები ჩააგდო. უხილავი მტრის წინააღმდეგ ზესახელმწიფოც უძლური აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში უამრავი ქართველია. ისინიც მძიმე დღეში არიან. ჟამიანმა ჟამმა ბევრი მათგანი უსამსახუროდ დატოვა.

როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ამერიკაში? როგორ გააქვთ თავი ამ მძიმე დღეებში მათ? აპირებენ თუ არა ისინი სამშობლოში გამოქცევას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ლელა ჭელიძე ესაუბრება, რომელიც უკვე 10 წელია, რაც ნიუ-იორკში ცხოვრობს:

_ ლელა, გვითხარით, რა ხდება ამერიკაში? კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ეს ქვეყანა პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

_ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აპრილის ბოლომდე კარანტინში ვართ. ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთსაც კი გაასწრო ნიუ-იორკმა… მთელი ამერიკის მაჩვენებელზე აღარაფერს ვამბობ. სიმართლე გითხრათ, აქ ადამიანებს უფრო სტრესის გამო უწევთ ტემპერატურა. ვისაც მართლა დაუდგინდება ვირუსი, იმათ სახლში უშვებენ და  „ტაილენოლის“ რეცეპტს უწერენ… ვირუსთან საბრძოლველად არანაირი საშუალება არ აღმოაჩნდა ამხელა ქვეყანას. ზესახელმწიფო აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსს.

პანდემიის გამოცხადებისთანავე გაქრა პირბადეები და დღემდე ვერსად იყიდით. ასევე გამქრალია სამედიცინო სპირტი და სხვა ანტისეპტიკური და ჰიგიენური საშუალებები. სასურსათო მაღაზიებში დილის საათებში კიდევ შეგიძლიათ იყიდო პროდუქტი, საღამოს კი დახლები ცარიელია.

ამერიკელები გაჭირვებას მიუჩვეველი ხალხია და როგორ გაუძლებენ ახლა დაწესებულ რეგულაციებსა და უმუშევრობას, ვერ გეტყვით. თავად მთავრობაც და ტრამპიც ამბობს, დიდი რისკია, რომ სუიციდის შემთხვევებიც გაჩნდეს. თვითონ ხალხში პანიკა, მაინცდამაინც, არ იგრძნობა.

_ ამერიკელები გაჭირვებას მიუჩვეველი ხალხიაო, ამბობთ, გაჭირვება გამოვლილი ქართველები როგორ ცხოვრობთ მანდ?

_ ვიხსენებდით კიდევაც, რომ 90-იანი წლების გამოვლილები ვართ და ამაზე მეტი გვინახავს – ვეხმარებით ერთმანეთს. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლი. იქ მანქანიანი ბიჭები არიან. 3 აპრილსაც, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ,  დამირეკეს აბელ ორმოცაძემ და ლევან აბუთიძემ, – სია მოგვწერე, რა გინდათ, გიყიდით და მოგიტანთო. ასე ვურეკავთ ერთმანეთს და ვის რა შეგვიძლია, იმით ვეხმარებით, მათ შორის, ფულითაც. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ამერიკელების გულისხმიერებაც. წლების წინათ ვისთანაც ვმუშაობდი, იმის ოჯახმა ანგარიშის ნომერი გამომართვა და  თანხა დამირიცხა.

დღეს აქ ყველა იზოლაციაშია საღამოს 8 საათიდან – დილის  5-მდე. მასობრივი უმუშევრობაა. ტრანსპორტი აბსოლუტურად ცარიელია.  მეტრო, ავტობუსი, ფრენები გაჩერებულია, მაშინ როცა ყოველ წუთ-ნახევარში ღებულობდა და უშვებდა ნიუ-იორკის აეროპორტი თვითმფრინავებს.

აქ მყოფ ქართველებს სამსახურები არ დაუკარგავთ, უბრალოდ, შეუჩერეს. ვერ გადავაადგილდებით და როგორ ვივლით სამსახურებში? თუმცა როცა  ეს საგანგებო ვითარება მოიხსნება, აღგვადგენენ თუ არა სამსახურებში ქართველებს, არავინ იცის.

ტრამპს  აპრილის დასაწყისში უნდოდა საგანგებო მდგომარეობის მოხსნა, მაგრამ დემოკრატებმა არ მისცეს ამის საშუალება, – უფრო ცუდ შედეგებამდე მივალთო. ტრამპა კი, თავის მხრივ, თქვა, – ცუდი შედეგები თვალში საცემია, უკვე იგრძნობაო.

_ კონკრეტულად?

_ უმუშევრობაა.  ქვეყანა პარალიზებულია და ეს ხომ ყველას შემოსავალზე ახდენს გავლენას? თვითონ სახელმწიფოც ზარალდება. მარტო მეტროს მუშაობიდან ჰქონდათ მილიონები ყოველდღიურად და ახლა?  ნიუ-იორკი მეგაპოლისია, აქ 18 მილიონზე მეტი ცხოვრობს და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი იმგზავრებდა მეტროთი.

დახურულია რესტორნები, კაფე-ბარები  და სხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტები. მოკლედ, კრიზისი დაწყებულია…

_ მანდ მყოფი ქართველები საქართველოში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?

_ დაბრუნებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვერ მოვასწარი. სანამ ჩვენ აზრზე მოვედით,  ფრენებიც შეწყდა. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე მალე შეიცვლებოდა ყველაფერი. ისე, ჩემ ირგვლივ მყოფი თითქმის ყველა ფიქრობს დაბრუნებაზე. მე ერთი წელი მრჩება ამერიკის მოქალქეობის მიღებამდე. დიდია იმის ალბათობა, რომ უარი ვთქვა და უკან დავბრუნდე.  ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები… ვითარება ძალიან მძიმეა. ამერიკა, ფაქტობრივად, გაჩერებულია.

შორენა მარსაგიშვილი