სად და რატომ ათავისუფლებენ ექიმებს, რომლებმაც ჟურნალისტებთან დაიჩივლეს?!

რამდენი ექიმი და ექთანია დაღუპული  მსოფლიოში? კონკრეტულად რომელ ქვეყნებში? როგორია მათი დაინფიცირების სტატისტიკა? რომელი ქვეყნის მთავრობები უხდიან დასნებოვნებულ ექიმებს 20 ათას დოლარს?  და რომელი საავადმყოფოდან ათავისუფლებენ ექიმებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჟურნალისტებთან დაიჩივლეს?

 „ქრონიკა+“-ს ამ და სხვა დანარჩენზე „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე,  სალომე ლოლუა ესაუბრება:

  • ბევრი  ქვეყანა უკვე დადგა იმ ფაქტის წინაშე, რომ ვერ შეძლო საკუთარი მედიცინის მუშაკების დაცვა. ეს ჩინეთიდან დაიწყო და მე მაინც ვფიქრობ, ვუჰანის მედმუშაკები ფსიქოლოგიურად გატეხა სწორედ ლი ვენ ლანის დაღუპვამ (ვუჰანის ცენტრალური ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, – რედ.)  – კერძოდ, COVID-19-ით მისი გარდაცვალების ფაქტმა. იცით, როდესაც უცხოეთში დაღუპულ ექიმებზე საუბრობენ, ამ ნამდვილ გმირებზე, მე მაინც ლი ვენ ლანით დავიწყებდი, რომელიც ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ამ სამსხვერპლოზე და რომელსაც, დღიდან ეპიდემიისა, თავისი კლინიკა არ დაუტოვებია. თებერვალში 2 ათასზე მეტი ჩინელი ექიმი აღმოჩნდა  COVID-19-ით დასნებოვნებული, რომელთაგან ნაწილი გარდაიცვალა. მსოფლიომ კორონავირუსთან ბრძოლაში დაღუპულ ჩინელ ექიმებს „თეთრხალათიანი ანგელოზები“ უწოდა.  სწორედ მათ მხრებზე გადაიარა პირველმა დარტყმამ.
  • თუმცა დღეს ბევრი ქვეყანაა, სადაც ექიმები და ექთნები COVID-19-ისგან დასნებოვნდნენ და გარდაიცვალნენ…
  • რა თქმა უნდა, და პირველ რიგში, იტალია. მე მგონი, ყველაზე კარგად იტალიაში მიმდინარე მოვლენებს იცნობს ქართველი საზოგადოება, ვინაიდან ბევრი ქართველი ემიგრანტი გვყავს იქ და  ბუნებრივია, მათი ბედი ჩვენთვის არ არის  სულერთი. მარტის შუა რიცხვებში  ცნობილი გახდა, რომ 3 ათასზე მეტი ექიმია დაავადებული კორონავირუსით ეპანეთში, რაც ქვეყანაში COVID-19-ით დაინფიცირებული მოსახლეობის 12%-ს შეადგენს. ჩვენს ასოციაციას ელექტრონულ მეილზე უდევს ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრ  ფერნანდო სიმონის განცხადება იმის შესახებ, რომ  ეს უდიდესი კრიზისია ესპანეთის ჯანდაცვის სისტემისთვის. ე. ი. იქ ექიმები ყველაზე დიდი რისკის ჯგუფში არიან.
  • სხვათა შორის, ამ დღეებში ბელარუსის  პრეზიდენტმა ლუკაშენკომაც გააკეთა განცხადება, რომ ვიტებსკში  უკვე 10 ექიმია ინფიცირებული. 
  • არა მარტო ბელარუსში. ჩვენი ასოციაცია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სტატისტიკაზე და გეტყვით, რომ   უზბეკეთში COVID-19-ით დაინფიცირებული 65 ადამიანიდან 11 ექიმია, თანაც – ვირუსოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის  მეცნიერ-თანამშრომლები. შეიძლება, სუბიექტურ დამოკიდებულებად ჩამითვალოთ, მაგრამ მე პირადად მივესალმები უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიევის გამოსვლას, რომელმაც თითოეულ დაინფიცირებულ ექიმს ერთი მილიონი  სუმის გადახდა აღუთქვა. ეს კი, დაახლოებით, 11 000 დოლარია. იმ შემთხვევაში კი, თუ დაავადება მძიმე ფორმებით წარიმართება, ოჯახს 250 მილიონ სუმს, სადღაც 20 000 დოლარს გადაუხდის სახელმწიფო.
  • წინადადებით ხომ არ შემოდიხართ, რომ დაინფიცირებულ ქართველ ექიმებსაც კომპენსაცია (თუ გნებავთ, ბონუსი დავარქვათ) გადაუხადოს    მთავრობამ?
  • უბრალოდ, ფაქტის კონსტატირებას ვახდენ და მივესალმები მსგავს ქმედებას. მეორე მხრივ, ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში –  ამერიკის შეერთებულ შტატებში – COVID-19-ით დასნებოვნებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა. ამერიკელი მედიკოსები ჟურნალისტებს შესჩივიან ცუდი პირობების შესახებ და უსაფრთხოების საშუალებების დეფიციტზე  ექიმებისა და  ექთნებისთვის.
  • ჩვენი ექიმები, გნებავთ, კლინიკის დირექტორები, ასე ვერ მოიქცევიან – მაშინვე ჯანდაცვის სამინისტროს რისხვა  დაატყდებათ თავს და შეიძლება, ადგილიც დაკარგონ.
  •  და რატომ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ საქართველოში ხდება? მაგალითად, ნიუ-იორკში გადაუდებელი დახმარების  სამსახურის უფროსმა მინ ლინმა, როგორც კი პრესასთან განაცხადა, რომ დაცვის საშუალებები საავადმყოფოს არასაკმარისი ჰქონდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისევე როგორც ჩიკაგოელი მედდა, რომელმაც კოლეგებს, უბრალოდ, ამცნო მათთვის დარიგებული დამცავი ნიღბების  უვარგისობის შესახებ. სხვათა შორის, ორივეს უფლებას დღეს ჩემი კოლეგები იცავენ აშშ-ის მედმუშაკთა  დაცვისა და ექიმთა ლიგის ფედერაციიდან.
  • 31 მარტს ცნობილი გახდა რუსეთში, კომუნარკის  საავადმყოფოს მთავარი ექიმის – დენის პროცენკოს დაინფიცირების შესახებაც.
  • დიახ, რომელიც დღემდე საავადმყოფოს კაბინეტიდან არ გამოდის, იქ ჩაიკეტა თვითიზოლაციაში და განაგრძობს მუშაობას. როდესაც ყველაფერი დასრულდება, კიდევ ბევრი ასეთი გმირისა და შემთხვევის შესახებ გახდება ცნობილი. არც ერთ ჩვენგანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ პირველადი რისკის ქვეშ არიან სასწრაფო დახმარებისა და პოლიკლინიკებში მომუშავე ექიმები. ამიტომ ჩვენი საკუთარი თავის დაცვა მათი დაცვაა, მათთვის  სიცოცხლის შენარჩუნება და ელემენტარული დაფასება. ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში, მათ  კი იარონ სამსახურში, ისინი  ხომ იქ ჩვენთვის დადიან.

თამარ როსტიაშვილი