„კითხვა არ უნდა დაისვას, რამდენად ვხედავ საფრთხეს ეკლესიისგან“ – ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება იქნება კომენდანტის საათის დარღვევა, ხოლო საქართველოს საპატრიარქო საპირისპიროს აცხადებს და ამბობს, რომ საპატრიარქო მრევლის გარეშე, მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით, არ აპირებს ლიტურგიების ჩატარებას.

როგორ აფასებს საქართველოს საპატრიარქოს პოზიციასქრონიკა+“-სთან ისტორიის დოქტორი, თეოლოგიის მაგისტრი ლაშა დეისაძეშარვაშიძე?

ლაშა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო მრევლის გარეშე, მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით, ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას არ გეგმავს, ასევე ქართულ ეკლესიას ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია. მსოფლიოში არის უმწვავესი მდგომარეობა და საქართველოც დიდი რისკის ქვეშ დგას, ქვეყანაში გამოცხადებულია კომენდანტის საათი, როგორ აფასებთ საპატრიარქოს პოზიციას პანდემიის პირობებში?

– უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ზიარების უწმიდესი საიდუმლოსადმი ამგვარი მიდგომა, რწმენის მხრივ, პრინციპულად მიუღებელია. ეკლესიაში აღსრულებული ნებისმიერი საიდუმლო თუ სხვა სახის მღვდელმოქმედება არის საღვთო მადლისმიერი, ხოლო ადამიანთან მისი კავშირი ხდება პიროვნული რწმენის მეშვეობით, ანუ ვის სწამს და ვის – არა… ზიარება არის თავად ქრისტე ღმერთი, არა სიმბოლო ან სიმბოლური გახსენება, არამედ უშუალოდ ღმერთია, მისი უწმიდესი სისხლი და ხორცი. ვისაც მასში რაიმე მხრივ ეჭვი ეპარება, იგივე ფორმითა და დოზით მას ეჭვი ეპარება ქრისტეში… ყოველივეს გაამსოფლიურება ქრისტესთან თანხვედრაში ვერ თავსდება, რადგან ეკლესიაში არსებობს გარკვეული მისტიკა, რომელიც ფიზიკის, ქიმიისა თუ სხვა მსგავსი მეცნიერებების კანონებს არ ექვემდებარება და, ზოგადად, ვერ თავსდება წუთისოფლისეულ აღქმასა და ახსნაში. ერთ-ერთი უპირველესთაგანი არის სწორედ ევქარისტია _ ქრისტეს სისხლი და ხორცი. იგი არის არა სიმბოლო ან მსგავსი, არამედ სწორედ უფლის ის სისხლი და ხორცი, რომელიც ჯვარზე ევნო ადამიანთა მოდგმის გამოსახსნელად. ღმერთის სისხლი და ხორცი არის ბუნებითი მადლის მქონე, თვითარსებული და თვითკმარი… ევქარისტია გახლავთ ერთდროულად სათავე და მწვერვალი, რომლის შორის და ქვემდებარედ არსებობს ყველა დანარჩენი საიდუმლო თუ სხვა მღვდელმოქმედება ეკლესიაში. სწორედ ზიარებასთან მიმართებით გვეუბნება მაცხოვარი „მოსახსენებლად ჩემდა“. თუ ვინმეს რამე ფორმით შინაგანი დაბრკოლება ექმნება ზიარების უწმიდესი საიდუმლოსადმი, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, გამოძახილია მცირედმორწმუნეობისა (ვსაუბრობ ქრისტიანებზე და არა ათეისტებზე), რომლის მიზეზიც მრავალი შესაძლოა იყოს. მცირედმორწმუნეობას კი ეკლესია ხვდება და მკურნალობს მხოლოდ ჭეშმარიტების ქადაგებით.

რაც შეეხება საფრთხესა და რისკს, რომ ტაძარში მრავალი პირის ყოფნისას შესაძლოა, ადამიანები დაინფიცირდნენ ვირუსით (ერთმანეთისგან გადაცემით), რასაკვირველია, ეს საფრთხე ვერ გამოირიცხება და მიზეზი არის არა ტაძარი, არამედ, ზოგადად, საერთო სივრცე, სადაც არ უნდა იყოს ის. რეგულაციები და რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, ჩვენი მედიკოსებისა თუ ზოგადად ხელისუფლებისგან, რასაკვირველია, უპირობოდ და განუხრელად უნდა აღსრულდეს, დროისა და ლოკაციის მიუხედავად, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე.

ასევე აუცილებელია, საქართველოში დაწესებულ კომენდანტის საათს საქართველოს თითოეული მოქალაქე დაემორჩილოს. რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიის მრევლი შედგება საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებსაც სახელმწიფოსა და მისი კანონმდებლობის წინაშე იდენტური და თანაბარი პასუხისმგებლობა აქვთ. ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, განურჩევლად სარწმუნოებრივი აღმსარებლობისა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვად ვალდებულია, კეთილსინდისიერად აღასრულოს დაწესებული კომენდანტის საათის მოთხოვნები.

თუმცა ახლოვდება აღდგომის დღესასწაული და გვაქვს საპატრიარქოს პრინციპული განცხადება

– რაც შეეხება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩემი სუბიექტური სურვილი და თხოვნა არის, რომ არსებული რეგულაციებისა და რეკომენდაციის სრული დაცვით, თუკი პანდემიის პირობებში შესაძლებლობა იქნება, აღდგომის ღამეს მორწმუნეებს მიეცეთ საშუალება ტაძრებში დაუბრკოლებლად მისვლისა. მე, როგორც ერთ-ერთ ქრისტიანს, ნამდვილად არ მსურს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მორწმუნე ერისგან ცარიელი ტაძრები და მონასტრები ვიხილო, თუმცა ვიმეორებ: თუკი ეს შესაძლებელი იქნება არსებულ ვითარებაში.

თქვენ ვერ ხედავთ საფრთხეს?

– ვფიქრობ, კითხვა არ უნდა დაისვას ამგვარად, რამდენად ვხედავ საფრთხეს ეკლესიისგან. სჯობს ვიკითხოთ, რამდენად ვხედავ საფრთხეს მრავალი ადამიანის საერთო სივრცეში ყოფნისას? გპასუხობთ, რომ ნებისმიერ საერთო სივრცეში პირთა ქაოსური, რეგულაციებისა და რეკომენდაციების დარღვევის ფორმით ყოფნა, პანდემიის პირობებში, მარტივად შესაძლოა აღმოჩნდეს ადამიანის დაინფიცირების წყარო. ვსაუბრობ ერთ სივრცეზე და არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ეკლესია თუ სხვა ნებისმიერი დაწესებულება ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. რასაკვირველია, რეგულაციების შესრულება (რომელთაგან ერთ-ერთი უპირველესია სოციალური დისტანცია) არა სასურველი, არამედ სავალდებულო და აუცილებელია ნებისმიერ სივრცეში. დავძენ, რომ ამ შემთხვევაში ეკლესია არ უნდა იქცეს მიზანმიმართული აგრესიის ობიექტად და დაუშვებელია შექმნილი სიტუაციის ეკლესიის წინააღმდეგ ტენდენციური გამოყენება, რომლის გამოვლინების არაერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ჩვენს საზოგადოებაში. საქართველოს ეკლესია არის ამ ქვეყანასა და ამ სახელმწიფოში და აპელირება მხოლოდ ეკლესიაზე არ უნდა იყოს მიზანი, არამედ, ზოგადად, საერთო სივრცეზე, სადაც, რასაკვირველია, ეკლესია ამთავითვე მოიაზრება.

ქართველი სასულიერო პირების კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. რამდენად სარწმუნოა იგი?

– მე დავეყრდნობი ოფიციალურ ინფორმაციას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) თავად გაავრცელა ოფიციალურად ცნობა, რომ მისი ომოფორის ქვეშ მყოფ ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ექსარქიაში კორონავირუსით დაინფიცირებულია ორი სასულიერო პირი, რომელსაც მშვიდობასა და მსწრაფლ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ლევან ქემოკლიძე