„მოპარული მილიონები დაყაჭონ!“ – კორონაკრიზისის გამო უნდა შეწყდეს თუ არა პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება?

ორი დღის წინ სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა, რომლის მთავარი მიზანიც ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, მინიმუმ, სამი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი თქვან. პეტიციაში, რომელიც მოქალაქეთა სახელით ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ გაავრცელა, ვკითხულობთ:

„გთხოვთ, ჩემო მეგობრებო, შემოგვიერთდით!!!

ერთად მივმართოთ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებს და ვთხოვოთ, 3 თვით უარი თქვან დაფინანსებაზე და ხალხს მოახმარონ მათივე ფული!

ეს იქნება ყველაზე ჰუმანური, ყველაზე კეთილშობილური საქმე, რასაც საკუთარ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს გაუკეთებენ!“

მართალია, ხოფერიას ამ ინიციატივას 89 მოწონება და 11 გაზიარება აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ყოფილი დეპუტატის პეტიცია საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. პრაქტიკულად, ერთადერთი, ვინც ხათუნა ხოფერიას მხარი აუბა, „მემარცხენე ალიანსი“ გახლდათ, რომლის  საორგანიზაციო მდივანმა, პაატა ჯიბლაძემ, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა:

„ჩვენი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, არჩილ ბენიძემ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოუწოდა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებს, რომ, მინიმუმ, 3 თვის თანხები გადაერიცხათ კორონის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ანგარიშზე, რაც დღემდე არ შესრულებულა.

მინდა, შევახსენო ამ პარტიების ე. წ. ლიდერ-ბელადებს, რომ ისინი ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით ცხოვრობენ უზრუნველად, დაბრძანდებიან საზღვარგარეთ მივლინებებში მეუღლეებთან ერთად, სადაც, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ეწევიან ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ, ცილისმწამებლურ კამპანიას. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენი ჯიბეებიდან დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჭკუის დარიგების ნაცვლად, გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, მოქალაქეობრივი სოლიდარობა და გადარიცხონ თანხები კორონის წინააღმდეგ უშეღავათო ბრძოლაში ჩაბმული ჩვენი სასიქადულო ექიმების, ექთნებისა და ყველა იმ ადამიანის დასახმარებლად, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და იბრძვიან პანდემიის დასამარცხებლად.

მინდა, მივმართო პრემიერ-მინისტრ გახარიას, ბატონო გიორგი, მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ დაფინანსებულ პარტიათა უმეტესობა ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში გადადგამს მოსახლეობისთვის ესოდენ საჭირო ნაბიჯს. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და  ესოდენ საჭირო ფინანსები ხალხის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად მიმართოთ“.

ხოფერია-ჯიბლაძის ინიციატივა, დღევანდელი მოცემულობით თუ ვიმსჯელებთ, დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოს შინა“, ანუ იდეა, რომ პარტიები ბიუჯეტიდან სამი თვით აღარ დაფინანსდნენ, მხოლოდ რიგითი მოქალაქეების ნაწილმა აიტაცა.

ასე, მაგალითად, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა:

„ნამდვილად კარგი ჟესტი იქნება პარტიებიდან მათი დაფინანსების ფული ხალხს დაუთმონ ამ რთულ პერიოდში, რომელსაც არც კი ვიცით, როგორ გადაიტანს ჩვენი ქვეყანა“.

რატომ არ აიტაცეს პარტიებმა ზემოხსენებული ინიციატივა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ნათელია, რომ კორონობის დასრულების შემდეგ ქვეყანა სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგება? გასაგებია, რომ ქვეყანაში შექმნილ ნებისმიერი სახის კრიზისზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მაგრამ ასეთი ფორსმაჟორის დროს, იგივე ოპოზიციასაც, ალბათ, ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა, თუმცა როგორც ირკვევა, „ანტიოცნებელთა“ ბანაკში ამ საკითხის მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.

ნიტა სიხარულიძე, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი და „გაბედეს“ ერთ-ერთი აქტივისტია, მიიჩნევს, რომ თუ პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს იტყვიან, პარტიულ ოფისებში დასაქმებული ადამიანები შემოსავლის წყაროს საერთოდ დაკარგავენ.  

„იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ პარტიებში არის,  არსებობა არ სჭირდება, ანუ ამ ადამიანებს ადამიანებად არ ვთვლით, თუ როგორაა ჩვენი საქმე?! პარტიის წევრები თუ დარჩებიან შემოსავლის გარეშე და მშიერი, ეს არა უშავს? ერთი გამარკვიეთ, ამ პეტიციის ავტორი რომელი კლასტერიდანაა?!“ – რიტორიკულად კითხულობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი.

თითქმის ანალოგიური პოზიცია აქვს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გუგავასაც, რომელმაც „ქრონიკა+“-სთან აღნიშნა:

„ჩვენ რა მწირი დაფინანსებაც გვაქვს, დიდი ხანია, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით გაჭირვებულ ოჯახებს, მოხუცებს, მრავალშვილიანებს და სოციალურად დაუცველებს“.

სხვათა შორის, ბატონი გუგავა დარწმუნებულია, რომ ზემოხსენებული ინიციატორის რეალური ავტორი ხელისუფლებაა და, უბრალოდ, იგი გარკვეულმა ადამიანებმა გაახმოვანეს.

„ეგ ინიციატივა ხელისუფლებისგან ფარულადაა  წამოსული, რათა  პარტიები გააჩერონ. კეთილი ინებონ, მოპარული მილიონები დაყაჭონ და  სახლში გამოკეტილ ხალხს მოახმარონ“, – უთხრა გუგავამ „ქრონიკა+“-ს და დასძინა, რომ ყველა პარტიის სრული დაფინანსება, მაგალითად, თბილისის საკრებულოს საწვავის ხარჯებზე გაცილებით ცოტაა.

– ბატონო გიორგი, თბილისის საკრებულოს საწვავის ხარჯი რამდენია?

– ყველა პარტიის დაფინანსება, ერთად აღებული, წლიურად, 8 მილიონზე ცოტა მეტია. აქედან ლომის წილი „ოცნებას“, „ნაციონალებს“, „პატრიოტებსა“ და „ევროპელებს“ მიაქვთ

– ეს გასაგებია, მაგრამ მე თბილისის საკრებულოს საწვავის ხარჯზე გკითხეთ…

– უფ, ვინ მოთვლის ზღვაში ქვიშას, ანუ მარტო საკრებულოს თავმჯდომარე ერთ თვეში 800 ლიტრ საწვავს მოიხმარს და ასე ყველა თანამდებობის პირი.

ეს ციფრები უნდა გადაამრავლოთ 12 თვეზე, მერე – ბენზინის ფასზე და ეგაა!

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი აქტუალური ხდება – სხვადასხვა დროს ცალკეულ ადამიანებს დაუსვამთ საკითხი, რომ ეს ერთგვარად მავნე ტრადიცია დასრულებულიყო, მაგრამ სახელმწიფო ე. წ. კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს დღემდე აფინანსებს და ამაში სოლიდური თანხაც, ასე ვთქვათ, იხარჯება. ასე, მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის შარშანდელი მონაცემების თანახმად, ორი წლის წინ, ანუ 2018 წელს, პოლიტიკურმა პარტიებმა ბიუჯეტიდან 11 600 865 ლარის დაფინანსება მიიღეს და ეს თანხა 19 პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა.

რაკი ამ თემაზე ვსაუბრობთ, ისიც გავარკვიოთ, რა პრინციპით ხდება პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება რამდენიმე საკანონმდებლო აქტით რეგულირდება, მათ შორისაა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“.

საგულისხმოა, რომ 2018 წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ის კვალიფიციური სუბიექტები ფინანსდებოდნენ, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში ხმების, მინიმუმ, 3%-ს მიიღებდნენ და კვალიფიციური სუბიექტები დაფინანსებას ინარჩუნებდნენ შემდეგ არჩევნებამდე. 2018 წლიდან კი ეს პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა და, ჯერჯერობით მოქმედი კანონდებლობით, ახლა პარტიას კვალიფიციურის სტატუსი მიენიჭება და, შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს, თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრ(ებ)ი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, მიუხედავად იმისა, გადალახავს თუ არა ეს პარტია არჩევნებში 3%-იან ზღვარს.

ასევე, ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, თუ პარტიის წარდგენილ საარჩევნო სიაში დაცულია გენდერული ბალანსი (სულ მცირე, 30%-ით), მაშინ ის იღებს დამატებით დაფინანსებას, ანუ საბაზო დაფინანსების 30%-ს, ე. ი., 90 000 ლარს.

შეიძლება, ცოტა უცნაურია, მაგრამ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ისეთი პარტიებიცაა, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცის. ასე, მაგალითად, გასული წლის მონაცემებით,  ბიუჯეტიდან 87 ლარს იღებდა „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“. ამ პარტიას სხვა შემოსავალი არ გააჩნია და, შესაბამისად, ბიუჯეტიდან მიღებული თანხა, აუდიტის სამსახურის მონაცემებით,  მარტო ხელფასებსა და მივლინებებზე იხარჯება.

შარშანდელი მონაცემებითვე, ყველაზე მაღალი საბიუჯეტო დაფინანსება „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და მმართველი პარტია 2 080 940 ლარს იღებდა. მეორე ადგილზე იყო „ნაციონალური მოძრაობა“ 2 039 349 ლარით, მესამეზე _ „ევროპული საქართველო“ (2 036 128 ლარი).

სხვათა შორის, კორონამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მიაჩუმათა და არავინ იცის, მომავალი არჩევნები არსებული წესით ჩატარდება თუ 130/20-ზე სისტემით? მაგრამ სანამ „კორონიანობა“ დაიწყებოდა, მაშინაც არავის უთქვამს, შეიცვლებოდა თუ არა ახალ კოდექსში პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების წესი.

მართალია, საქართველო ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა, როცა კორონავირუსის გამო წინ დიდი გამოწვევები გველის, ალბათ, ცუდი არ იქნება, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების წესი მეტ-ნაკლებად გადაიხედება, მით უმეტეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მომავალი გაურკვეველია, ანუ ყველა გათვლით, პოსტკორონისეულ ეპოქაში, საქართველოში უმუშევართა რაოდენობა მოიმატებს და ხალხზე ზრუნვის პასუხისმგებლობაც მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა აიღოს!

გიორგი აბაშიძე