ეპიდემიების ომი 100 წლის წინათ საქართველოში

არც ასი წლის წინათ შეშინებულან ჩვენი წინაპრები, როცა მსოფლიოში ეპიდემიათა ბუმი მძვინვარებდა. მაშინ ბევრი ადამიანი დავკარგეთ, მაგრამ მნიშვნელოვანიგავაკეთეთ: მომავალი თაობები ისეთი გავზარდეთ, რომ დღეს ღირსეულად უმკლავდებიან კორონას.

ქრონიკა+“ მოგიყვებათ საქართველოს რეგიონების ეპიდემიათა ისტორიებს. დღეს კახეთზე ვისაუბროთ. გთავაზობთ ისტორიკოს თეიმურავახტანგიშვილის მოკვლეულ მასალებს, ამბებს ეპიდემიებზე კახეთში.

საქართველოს ქალაქებს შორის თელავს ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია თავისი კოლორიტით და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.

თელავის თვითმმართველობა სათანადო ყურადღებას უთმობდა ქალაქის სანიტარიულ კეთილმოწყობასა და გადამდებ სნეულებათა გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებათა გატარებას.

1900 წლის 20 მარტს, რიგით სხდომაზე, ქალაქის რწმუნებულთა კრებამ, განიხილა რა სანიტარიული კომისიის წევრთა არჩევის საკითხი, დაადგინა მზრუნველის სტატუსით ამ კომისიის წევრებად შემდეგი პირები: 1) სერგო (სარქის) ივანეს ძე მიღდისოვი; 2) გიორგი ივანეს ძე ხიზანიშვილი; 3) იოსებ ბაღდასარის ძე კირაკოზოვი; 4) ივანე ყულიჯანის ძე ყულიჯანოვი; 5) მიხეილ დავითის ძე ცისკარიშვილი; 6) მელქო ბაღდასარის ძე თათუზოვი; 7) ეფრემ ოსიპის ძე მარქაროვი; 8) არტემ ალექანდრეს ძე ტერ-სარქისოვი; 9) ვალერიან ოსიპის ძე კიკნაძე; 10) დიმიტრი ივანეს ძე ზურაბოვი და 11) გრიგოლ იაგორის ძე გეურქოვი. თითოეულ მათგანს უფლება მიეცა, დასახმარებლად ერთიდან ოთხ პირამდე აერჩია.

ამავე სხდომაზე ქ. თელავი დაყო 11 სანიტარიულ უბნად (ჩვენი აზრით, აღნიშნული უბნების ჩამოთვლა ინტერესმოკლებული არ იქნება. მოგვაქვს სრულად ამ უბნების მდებარეობის საზღვრები, – თ. ვ.).

1) თავად გიგო ვახვახოვის (ვახვახიშვილის) მიერ დაკავებული ქალაქის გორიდან (ნადიკვრისა და გიგოს გორა), რომელიც მიემართება ქალაქისაკენ ნინო ვახვახიშვილის ეზომდე, სადაც მდებარეობს ქრისტეფორე ზარაფოვის (ზარაფიშვილის) სახლი, იქიდან ამ ქუჩით მიხეილ პაატოვის (პაატაშვილის) სახლის კედლის კუთხამდე, აქედან „ბატონის წყარომდე“, წყაროდან აღმართით ბულვარამდის, ხოლო ბულვარიდან ილიკო იმერლიშვილის სახლამდე, იქიდან კონსტანტინე დავიდოვის დუქნებამდე და შემდეგ ზემო ქუჩით გორაზე, სადაც მდებარეობს არტემ ტერ-არუთინოვის სახლი ქალაქის სამხრეთის საზღვრამდე.

2) ყოფილი აფთიაქის კუთხიდან ზევით ქუჩით ქალაქის საზღვრამდე, ხოლო შემდეგ აქედან, ყოფილი აფთიაქის კუთხიდან მთელი ქუჩა ბულვარის წინ ჩიხამდე, რომლის კუთხეში მდებარეობს ფურნე, მთელი ეს ჩიხი და შემდეგ მთელი ქუჩა ივანე ყულიჯანოვის სახლიდან რიყემდე და შემდეგ ზემოთ ქალაქის სამხრეთ საზღვრამდე.

3) ფურნეს კუთხიდან, კლუბის ახლოს, მთელი ზემო ბაზრის ქუჩა (ორივე მხარე) ნიკოლოზ არუთინოვის სახლამდე, ხოლო აქედან მთელი მარცხენა მხარე დიდი ბაზრის ქუჩიდან რიყემდე, ხოლო იქიდან ზევით იორდანოვის (იორდანიშვილის) სახლამდე. აქედან კი მთელი მარცხენა სანაპირო ქუჩისა, რომელიც მიემართება ქალაქის ბულვარისაკენ ყულიჯანოვის სახლამდე და შემდეგ ჩიხის მარცხენა მხარე ყულიჯანოვის სახლის წინ ფურნის კუთხემდე.

4) იოსებ ბაღდოევის სახლიდან ჩრდილოეთით ბარძიმოვის დუქნის კუთხემდე, ხოლო ამ ადგილიდან ქვემო ბაზრის ორივე მხარე და დიდი ბაზრის ქუჩის მარჯვენა მხარე ხიდამდე, ხიდიდან კი რიყეზე ქალაქის ხის დუქნამდე, ხოლო აქედან ჩიხამდე, რომელიც მაღალოვისა (მაღალაშვილის) და თათუზოვის მამულებს შორის მდებარეობს, ხოლო იქიდან მიხეილ რუსიევის (რუსიშვილი) სახლამდე, ხოლო შემდეგ რუსიევის სახლიდან „ჯინუას ხევით“ მთელი მარჯვენა სანაპირო ამ „ხევისა“ ქვემო ბაზრამდე, ე. ი. ვასილ ხახუტოვის (ხახუტაშვილის) სახლამდე.

5) ვასილ ხახუტოვის სახლიდან „ჯინუას ხევით“ მიხეილ რუსიევის სახლამდე, ხოლო იქიდან გზატკეცილით აღმოსავლეთისაკენ ხის ხიდამდე, ამ უკანასკნელი პუნქტიდან ჩრდილოეთით სასაზღვრო ხაზით ზაქარია ჩხიკვაძის სახლამდე, ხოლო ამ ადგილიდან სომხურ ტაძრამდე, ხოლო აქედან ანა სარქისოვის დუქნებამდე.

6) ხიდიდან ქუჩის გასწვრივ არტემ ბეგიჯანოვის სახლის კუთხემდე, ხოლო იქიდან ხეჩანა ლუარსაბოვის სახლამდე, ხოლო ამ უკანასკნელი პუნქტიდან ნასყიდა ჯაჭვიაშვილის სახლამდე და აქედან სასაფლაოს ქუჩით ქალაქის სამხრეთ საზღვრამდე და რიყემდე.

7) იონ (ჩონ) მოსესოვის სახლიდან ქუჩის გასწვრივ ულუხანოვის სახლამდე, ხოლო აქედან ჯაშიაშვილის სახლამდე, ამ უკანასკნელი პუნქტიდან სანდრო სოგომონოვის სახლამდე, აქედან კიკნაძის სახლამდე, ხოლო იქიდან თათუზოვების ქუჩამდე და შემდეგ ამ ქუჩით ხითაროვის სახლამდე, აქედან კი ჩონ მოსესოვის სახლის კუთხემდე.

8) ტერ-აკოფას სახლიდან „განჯის წყარომდე“, შემდეგ ხევის ბილიკებით „ფოლაქაანთ მინდვრამდე“, აქედან კი ბაინდუროვების უბნის ჩათვლით სომხების სასაფლაომდე, აქედან კი კოტე გაბელოვის სახლამდე.

9) გასპარ ეგოროვის დუქნებიდან გზატკეცილის გასწვრივ ტყავის ქარხნამდე, ხიდიდან მთელი ქვემო ნაწილი ქალაქის ჩრდილოეთ საზღვრამდე.

10) ტყავის ქარხნიდან ვარდისუბნის ხევამდე ქალაქის ჩრდილოეთისა და სამხრეთის საზღვრებამდე.

11) ხიდიდან ტყავის ქარხნების სიახლოვიდან გორისაკენ მიმავალი დარია ულუხანოვის სახლამდე, აქედან კი ფირუზ ყაზახაშვილის სახლამდე, ხოლო აქედან ხიდამდე ხევის გასწვრივ გზატკეცილამდე, აქედან კი გზატკეცილით ტყავის ქარხნებამდე.

1900 წლის 20 მარტის რწმუნებულთა კრების სხდომაზე ასევე განუხილავთ ქ. თელავში ყვავილის ეპიდემიასთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებათა შესახებ. მამასახლისის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ქ. თელავში ყვავილის გადამდები სნეულების გაჩენასთან დაკავშირებით ა. წ.-ის თებერვლის 10-იან რიცხვებში თელავში თბილისიდან ჩამოსულა თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე ბ-ნი მაჭავარიანი, რომელსაც თბილისის გუბერნატორისგან დავალებული ჰქონდა, დაუყოვნებლივი ზომები მიეღო თელავსა და მის მაზრაში ყვავილის დავადებათა უვნებელსაყოფად. მაჭავარიანს თხოვნით მიუმართავს ქალაქის მამასახლისისათვის, რომ დახმარება აღმოეჩინა მისთვის, სახელდობრ, ქალაქის ხარჯზე თუნდაც დროებით დაექირავებინათ ორი ოთახი, მოეწყოთ იქ 6-კაციანი იზოლატორი, რათა აქ განეთავსებინათ ავადმყოფები. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს თავისი გასავლის ბიუჯეტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ჰქონია გასახარჯი, თელავის სამაზრო ხელისუფლებასთან შეთანხმებით განზრახული ჰქონია შესაფერისი შენობის დაქირავება იზოლატორის მოსაწყობად. ამასობაში ყვავილის ეპიდემია საკმაოდ იყო შესუსტებული და ამ ავადმყოფობით მხოლოდ 3 ადამიანი იყო დაავადებული. რწმუნებულთა კრებამ თავის სხდომაზე მოისმინა რა მამასახლისის მოხსენება, ერთხმად დაადგინა, რომ „მართალია შენობა ჯერ არ დაგვიქირავებია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საჭიროა მხედველობაში გვქონდეს შესაფერისი შენობის გამონახვა“.

1907 წლის დასაწყისში თელავში გავრცელდა ხმები მენინგიტის ეპიდემიის გავრცელების შესახებ. საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით ზომების მიღება. 1907 წლის 11 აპრილს შედგა ქალაქის თვითმმართველობის რწმუნებულთა კრების სხდომა, რომელმაც მიიღო დადგენილება, სახელდობრ, მამასახლისის მოვალეობის შემსრულებლის სახელით, თხოვნით მიემართათ სამხედრო და სამაზრო ექიმებისთვის, რათა შეესწავლათ აღნიშნული ეპიდემიის არსებობის საკითხი და დაესახათ ღონისძიებანი ამ დაავადების წინააღმდეგ. ექიმებმა პირველ რიგში საჭიროდ მიიჩნიეს ქალაქის სანიტარული პირობების გაუმჯობესება. სანიტარიულმა ზედამხედველებმა შემოიარეს თავიანთი უბნები, ჩაატარეს ქალაქის სიბინძურისაგან გაწმენდის პროფილაქტიკური ღონისძიებანი. თვითმმართველობამ სანიტარიული კომიისიისთვის 300 მანეთად დაიქირავა ბინა. ამას გარდა, მიღებულ იქნა სპეციალური დადგენილება „ბატონის წყლის“ შეკეთებისა და მისი სისუფთავის დაცვის თაობაზე, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ წყაროთი სარგებლობდა.

გადამდებ სნეულებათა წინააღმდეგ ბრძოლაში ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობდნენ თელავის სამაზრო ხელმძღვანელობა, ქ. თელავის გარნიზონის უფროსობა, თელავის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი და სხვ. ამას მოწმობს 1909 წლის რწმუნებულთა კრების 17 იანვრის სხდომის ოქმის (საჟურნალო) დადგენილება. სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება გაუკეთებია ქალაქის მამასახლისის მოვალეობის შემსრულებელ ივანე ყულიჯანოვს. მას აღუნიშნავს, რომ რომ თბილისის გუბერნიის სამმართველოს საექიმო განყოფილების მიერ გამოგზავნილი 1908 წლის 24 ნოემბრის #7052 წერილის საფუძველზე ყვავილის წინააღმდეგ სავალდებულო აცრის საორგანიზაციო საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა კომისია თელავის მაზრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ი. კარალოვის (ყარალაშვილის), ქ. თელავის გარნიზონის უფროს პ. ვოლკობიოს, თელავისა და თიანეთის მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლის თავად მ. ჭავჭავაძისა და სხვა შემადგენლობით. 1908 წლის 10 ნოემბერს კომისიას განუხილავს მოქმედების გეგმა და დაუყოვნებლივ შესდგომია აცრების ჩატარებას. ქ. თელავში ავადმყოფობის გაჩენის შემთხვევაში კომისიას დაუდგენია, რომ დაევალოს თელავის მაზრის ექიმ ცისკარიშვილს ყვავილის საწინააღმდეგოდ აცრის წარმატებით დასრულებისათვის ქალაქი დაყოს 11 სანიტარიულ უბნად და ყოველ უბანში ექიმის დათვალიერებისთვის შეარჩიოს განსაკუთრებული დღეები.

თელავის ქალაქის თვითმმართველობას არც პირველი მსოფლიო ომის მსვლელობის პერიოდში მოუდუნებია ყურადღება ქალაქში სანიტარიული ზედამხედველობის ორგანიზაციისთვის. ეს კარგად ჩანს ქალაქის მამასახლისის 1915 წლის 13 მაისის #556 წერილში თბილისის გუბერნატორისადმი, რომელსაც თან ერთვის მოხსენების ასლი „თელავის ქალაქის საუბნო სანიტარიული მზრუნველობის ორგანიზაციის შესახებ“, რომელიც ექვემდებარებოდა 1915 წლის 18 აპრილისა და 4 მაისის რწმუნებულთა კრების სხდომებზე განხილვას. მაგრამ ეს სხდომები არ შედგა, ისევ და ისევ, რწმუნებულთა არასაკმარისი შემადგენლობის გამოუცხადებლობის გამო (მოხსენების ტექსტი მოგვაქვს უცვლელად, – თ. ვ.).

„ბატონი თბილისის გუბერნატორი 1914 წლის პირველი მაისის #2718 ცირკულარით წინადადებას გვაძლევდა ყურადღება მიგვექცია თელავში საუბნო-სანიტარიული მზრუნველობის ორგანიზაციისთვის. ცირკულარს ერთ ეგზემპლარად თან ერთვოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩასატარებელი ორგანიზაციის ძირითადი დებულება. ამ საკითხის შესახებ ჩემ მიერ 1914 წლის 18 ივნისს ქალაქის რწმუნებულთა კრების სხდომაზე განსახილველად გადაცემულ იქნა მონახაზი სანიტარიული მრზუნველობისა. მხედველობაში მქონდა ის, რომ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც რწმუნებულთა კრებაზე სხდომა აირჩევდა ისეთ პირებს, მათი წინასწარ გაუფრთხილებლად, ყოველგვარი თანხმობის გარეშე, რის გამოც ისინი უარს ამბობდნენ, თავიანთ თავზე აეღოთ სანიტარიული მზრუნველობის საქმე. ამიტომაც აღნიშნულმა სხდომამ დაადგინა, რომ დარჩეს აქამდე არსებული სანიტარიული მზრუნველობის ორგანიზაცია, რომელიც შემდგარი იყო 3 რწმუნებულისა და თავისუფალი პრაქტიკის მქონე ექიმ გიორგი ხირსელისგან იქამდე, სანამ ქალაქის მამასახლისს სხდომისგან არ ექნება ზუსტი ცნობები, თუ რომელმა პირმა განაცხადა უარი ამ (მზრუნველის) წოდებაზე. მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო დიდი ევროპული ომი (მხედველობაშია I მსოფლიო ომი, – თ. ვ.) და მასთან დაკავშირებით ქალაქის მმართველობამ სხვა საქმეების გამო ყურადღების გარეშე დატოვა ამ საქმის მოგვარება. ამ პერიოდში გარდაიცვალა ერთ-ერთი მზრუნველი ქალაქის რწმუნებულთაგან ლ. თათუზოვი. დარჩა ორი მზრუნველი. ისინი თავიანთი საქმეებით ხშირად მოცილებულნი იყვნენ და ნაკლებად აინტერესებდათ სანიტარიული ნაწილი, რომელიც, ფაქტობრივად, თავმინებებული იყო. ახლა ბატონმა თბილისის გუბერნატორმა ა. წ. 24 მაისის #1934 ცირკულარით კვლავ დაგვავალა დაუყოვნებლივ შევდგომოდით სანიტარიული მზრუნველობის ორგანიზაციას, რომელიც მითითებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 1911 წლის 6 აპრილის #11 დებულების ასლებში და მისი უმაღლესობისადმი უნდა წარგვედგინა დაწვრილებითი ცნობები ამის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოხსენებული ძირითადი დებულებით რამდენიმე სანიტარიული ზრუნვის ობიექტის ორგანიზება იყო საჭირო, რომელიც ქალაქს დაჰყოფდა ადმინისტრაციულ, საექიმო, სანიტარიულ და ა. შ. უბნებად. თუკი ადგილობრივი პირობები უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, მაშინ დასაშვები იყო როგორც ერთ უბნად რამდენიმე სანიტარიული უბნის გაერთიანება, ისე ერთი უბნის დაყოფა რამდენიმე სამზრუნველო უბნად. ამის საფუძველზე, თითოეული სანიტარიული სამზრუნველო ქალაქში უნდა შედგებოდეს სამი წევრისაგან: სანიტარიული ან სხვა ექიმი, რომელიც ქალაქს ემსახურება და ორი ქალაქის ხმოსანი (რწმუნებული), ან ქალაქის რჩეულნი, რომლებიც სამზრუნველო უბნის წევრებზე მაღლა დგანან: ა) ქალაქში მცხოვრები პრაქტიკის მქონე ყველა ექიმი, რომელიც ქალაქის ან კერძო სამსახურში იმყოფება; ბ) უწყებათა წარმომადგენლები; გ) საქველმოქმედო დაწესებულებათა წარმომადგენლები და დ) სხვა ორივე სქესის პირები, რომლებიც მოსახლეობის ნდობასა და პატივისცემას იმსახურებენ. სამზრუნველოში ყველა წევრს ქალაქის სათათბირო ირჩევს.

ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ქ. თელავში ეს ვალდებულება (მზრუნველთა დანიშვნა, სამზრუნველო უბნებად დაყოფა და ა. შ.) თელავის რწმუნებულთა კრებამ და ქალაქის მამასახლისმა უნდა განახორციელოს. შემდეგ გადავდივარ რა საკითხზე, თუ რამდენი სამზრუნველო უბანია საჭირო ქ. თელავში, მხედველობაში მაქვს, რომ თელავში არ არის სანიტარიული კომისია, არც სანიტარიული ექიმი და არც სხვა ექიმი, რომელიც ქალაქის სამსახურში იქნებოდა. თელავში სანიტარიული სამზრუნველო უბანში საჭირო იყო რამდენიმე ექიმი, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი ექიმი მაინც, ამიტომ ქალაქს აღნიშნული სამსახურისთვის რამდენიმე ექიმი უნდა მოეწვია, რაც ამ დროისთვის საჭირო სახსრების უქონლობის გამო შეუძლებელია.

წინადადებას ვიძლევი, შეიქმნას ერთი სანიტარიული სამზრუნველო ქალაქის სამსახურში მყოფი ერთი ექიმის მოწვევით და დაინიშნოს იგი სამზრუნველო საქმის მწარმოებლად. ამ საკითხზე თელავის ექიმებთან საუბრისას მივედი იმ დასკვნამდე, რომ თელავის მაზრის ექიმი თუმაჯანოვი, ასევე თელავის ვაჟთა პროგიმნაზიის ექიმი თავადი ავალიშვილი, რომელიც ერთდროულად კახეთის საუფლისწულო სამმართველოს ექიმიც არის, საკმაოდ დატვირთულები არიან თავიანთი სამსახურებრივი ვალდებულებებით, ვერ შეძლებენ თავის თავზე აიღონ ქალაქის ექიმის ვალდებულებაც, თუმცა ისინი ყოველმხრივ მზად არიან შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიიღონ და დახმარება გაუწიონ სანიტარიულ სამზრუნველოს. რაც შეეხება თავისუფალი პრაქტიკის ექიმს, გიორგი ხირსელს, ის მზადაა უსასყიდლოდ ემსახუროს ქალაქს. იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობით ცხოვრობს, ქალაქის სანიტარიულ მზრუნველობაში მონაწილეობა, ქალაქის სამსახურში ყოფნა, მას წაართმევს კერძო პრაქტიკის ნაწილს. ამიტომ, ჩემი აზრით, საჭიროა მას დაენიშნოს უმნიშვნელო ხელფასი მაინც.

თელავში სხვა ექიმის არყოლის გამო, წინადადება შემომაქვს, ქალაქის სამსახურში მოვიწვიო ექიმი ხირსელი და დავაკისროთ მას ექიმ-სანიტარიული საქმის მწარმოებლის ვალდებულება თელავის საქალაქო სამზრუნველოში და დავუნიშნოთ ხელფასი თვეში 70 მანეთის ოდენობით. მით უმეტეს, რომ იგი თავისი კეთილი სურვილით აქამომდე ასრულებდა სანიტარიულ საქმეში ქალაქის მმართველობის დავალებებს.

რაც შეეხება თუ ვინ შეიძლება სასურველ მზრუნველად აირჩეს, ამ მიზნით ჩემ მიერ წერილობით გამოიკითხა 36 პირი, მათგან 19 ადამიანმა გამოაცხადა მზადყოფნა სამზრუნველოში მონაწილოებაზე, დანარჩენმა კი სხვადასხვა საპატიო მიზეზით უარი თქვა მზრუნველის წოდებაზე.

რამდენადაც იმ პირებმა, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს სამზრუნველოში მონაწილეობაზე და რომელიც ფრიად სასურველი და სასიკეთო საქმეა, ვფიქრობ ავირჩიოთ ისინი მზრუნველებად. ესენი არიან: 1) თელავის ვაჟთა პროგიმნაზიის დირექტორი ზინოვი არკადი ნიკიტინსკი; 2) თელავის მაზრის II განყოფილების მომრიგებელ-შუამავალი ზისერმანი ლევ კარლის ძე; 3) სასამართლოს გამომძიებელი ქოჩორიანცი გრიგორი მიხეილის ძე; 4) სასამართლოს გამომძიებელი მატვეი მიხეილ თევდორეს ძე; 5) მაზრის ექიმი თუმაჯანოვი ილია ივანეს ძე; 6) ექიმი ხირსელი გიორგი კონსტანტინეს ძე; 7) ექიმი ავალიშვილი გიორგი გრიგორის ძე; 8) თელავის ნოტარიუსი პოზოევი ვასილი ავეტოს ძე; 9) ნაფიცი მსაჯული ელაგოვი ბაგრატ ისაკის ძე; 10) თელავის ხაზინის მოსამსახურე საყვარელიძე ზაქარია დიმიტრის ძე; 11) თელავის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსის თანაშემწე სოლოვიოვი მიხეილ ალექსანდრეს ძე; 12) თელავის ვაჟთა პროგიმნაზიის მასწავლებელი ტერ-ავაქოვი ალექსანდრე ივანეს ძე; 13) ქალაქის ამომრჩეველი ევსტაფიევი ივანე იოსების ძე; 14) ქალაქის ამომრჩეველი თავადი ვახვახიშვილი ლევან რევაზის ძე; 15) ქალაქის ამომრჩეველი ნარიმანოვი ტიგრან გასპარის ძე; 16) ქალაქის ამომრჩეველი დემუროვი გრიგორი იაგორას ძე და 17) ქალაქის ამომრჩეველი კაკაბაძე ივანე იოსების ძე.

ამასთან დაკავშირებით მივედი იმ დასკვნამდე, რომ ზემოდასახელებულ პირთაგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ქალაქის რწმუნებულები, გამოსადეგნი იქნებოდნენ სამზრუნველოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ვფიქრობ, თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევნები თვით სამზრუნველოს ჩაეტარებინა.

შემდგომ გადავდივარ რა მოსალოდნელი ხარჯებისა და მისი მოძიების საშუალებების საკითხის შესახებ, საჭიროა მხედველობაში გვქონდეს, უპირველეს ყოვლისა, ექიმის ხელფასი – 70 მანეთი თვეში. მეორე მხრივ, ქალაქში ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში ავადმყოფთა იზოლაციისთვის საჭიროა თავშესაფრის აგება და მისი მოწყობა; მესამე, საჭირო საგნებისა და საშუალებების შეძენა, შენობისა და სხვა ნივთების დეზინფექცია და მეოთხე, ქალაქის რამდენადმე სანიტარიულ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭირო სახსრების მოძიება.

მხედველობაშია რა მისაღები ყოველივე ეს, ვფიქრობ, ამ საქმესთან დაკავშირებით შედგეს ხარჯთაღრიცხვა და ყველა ხარჯის გამოყოფა მოხდეს ქალაქის სათადარიგო კაპიტალიდან. ამის შესახებ საჭიროა აღიძრას შუამდგომლობა მისი უმაღლესობის, ბატონ თბილისის გუბერნატორის წინაშე“.

1915 წლის ზაფხულში, თელავში ქოლერის ეპიდემია გაჩნდა. ქალაქის თვითმმართველობამ სასწრაფოდ მოიწვია რწმუნებულთა კრება, რომელმაც მიიღო დადგენილება, ქოლერის საწინააღმდეგო ღონისძიებების მისაღებად სახსრების მოსაძიებლად მიემართა თბილისის გუბერნატორისთვის, რათა ამ უკანასკნელს მიეცა ნებართვა, ქალაქის სათადარიგო კაპიტალიდან დაეხარჯა 2326 მანეთი. გატარებულმა ზომებმა შესაძლებელი გახადა ეპიდემიის შედარებით უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა.

როგორც აღინიშნა, ქოლერისა და სხვა მწვავე გადამდები სნეულების გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო, ქალაქს მუდმივად ჰქონოდა სპეციალური თავშესაფარი იზოლატორის სახით, სადაც მოათავსებდნენ ეპიდემიით დაავადებულებს და იქ ჩაუტარებდნენ მკურნალობას. იმის გამო, რომ ქალაქს საკუთარი შენობა არ გააჩნდა, ქალაქის მმართველობას ყოველწლიურად უხდებოდა შენობის ძებნა დროებითი ბარაკის (თავშესაფრის) მოსაწყობად. იყო შემთხვევები, როდესაც ბინის მეპატრონენი, შეიტყობდნენ რა, ქალაქის მმართველობას სურვილი აქვს, დაიქირავოს ესა თუ ის შენობა, უზომოდ მაღალ ფასს ითხოვდნენ ან საერთოდ უარს ამბობდნენ იზოლატორის მოსაწყობად სახლის გაქირავებაზე. ასეთ პირობებში ქალაქის მმართველობა იძულებული იყო, ერთი უბადრუკი ოთახისთვის 120-150 მანეთი გადაეხადა. ქალაქის მმართველობამ თელავის ერთ-ერთ უბანში, მაწანწარაზე მოიძია ვინმე ნიკოლოზ არუთინოვის სახლი, რომელიც ოთხი ფართე ოთახისა და სხვა დამხმარე ნაგებობისგან შედგებოდა. იგი დასახელებული მიზნისთვის სრულიად ხელსაყრელი იყო. მართალია, ქალაქის თვითმმართველობას ამ სახლის დაქირავების სურვილი ადრევე ჰქონდა, მაგრამ სახლის მეპატრონე თავს იკავებდა მის გაქირავებაზე. 1916 წელს, ბოლოს და ბოლოს, დათანმდა დაეთმო სახლი აღნიშნული საჭიროებისათვის არანაკლებ სამი წლის ვადით, წელიწადში 150 მანეთის საფასურად. ეს პირობა აშკარად ხელსაყრელი იყო ქალაქის მმართველობისთვის. სიტყვიერი შეთანხმება 1916 წლის 15 აპრილს მოხდა. სახლის მეპატრონე ვალდებულებას კისრულობდა, როგორც კი წერილობითი ხელშეკრულება გაფორმდებოდა დამქირავებელთან, სახლს დაუთმობდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქის მმართველობა გარკვეული მიზეზების გამო თავს შეიკავებდა ხელშეკრულების გაფორმებაზე, სახლის მეპატრონე სახლს სხვა მსურველს გადასცემდა. საჭირო იყო, ქალაქის მმართველობას ამ სახლის დაქირავებაზე ნებართვა თბილისის გუბერნატორისგან მიეღო. 1916 წლის 17 სექტემბერს, თელავის ქალაქის მამასახლისი თბილისის გუბერნატორს #1371 წერილით მიმართავს თხოვნით, რომელსაც თან ერთვის რწმუნებულთა კრების 1916 წლის 6 სექტემბრის საგანგებო სხდომაზე მიღებული დადგენილების ოქმის ასლი, სადაც საუბარია სახლის დაქირავებასთან დაკავშირებით გუბერნატორის მიერ დასტურის მიცემაზე.

1898 წლის ოფიციალური მონაცემებით ქ. თელავში მოქმედებდა საავადმყოფოს ტიპის ორი დაწესებულება 10 საწოლით და ერთი აფთიაქით. ქალაქში მუშაობდა ორი ექიმი, ორი ფერშალი, ორი ფარმაცევტი, ერთი ბებიაქალი. 1898 წელს „საავადმყოფოებით ისარგებლა მხოლოდ 103-მა კაცმა და ეს მაშინ, როცა ამ წელს, სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ყვავილით დაავადების 300 შემთხვევა დაფიქსირდა.

1901 წლის 18 ივნისს თელავის რწმუნებულთა კრებამ თავის რიგით სხდომაზე მიიღო დადგენილება სასწრაფო დახმარების პუნქტისა და ამბულატორიის გახსნის თაობაზე და ამ საქმისთვის გამოყო 630 მანეთი.

ოდნავ განსხვავებული მოსაზრება აქვს გამოთქმული იმ დროის თანამედროვე ივანე პაატაშვილს აღნიშნული პერიოდის თელავის სამედიცინო ქსელის შესახებ. თავის მემუარებში იგი წერს: „თელავის მაზრაში (ეხლანდელი თელავის, ახმეტის, ყვარლის, ნაწილი გურჯაანის რაიონები) სამედიცინო პერსონალი შედგებოდა მარტოდმარტო ერთი სამაზრო ექიმისაგან, ორი ექთნისაგან და ერთი ბებიაქალისაგან, რომელნიც პოლიციის შტატში ირიცხებოდნენ და კერძო პრაქტიკას მისდევდნენ; თვეში მხოლოდ ერთხელ თავიანთი საქმიანობის ანგარიშის ბლანკებს (სამედიცინო ფურცლებს) ავსებდნენ და თბილისის საგუბერნიო სამმართველოს საექიმო განყოფილებაში აგზავნიდნენ. ექიმი სახლში იღებდა ავადმყოფ პაციენტებს და გასინჯვისათვის ართმევდნენ პირველად ერთ მანეთს, 1905 წლის შემდეგ კი – 1 მან. და 50 კაპიკს. ექთნებსაც ჰქონდათ კერძო პრაქტიკა. ისინიც სახლში იღებდნენ ავადმყოფებს და გასამრჯელოდ იღებდნენ 50 კაპიკს. ამ საექიმო დახმარებით მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს შეეძლოთ ესარგებლათ, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა საექიმო დახმარების გარეშე რჩებოდა და შინაური ექიმბაშების, მკითხავებისა და ხატების ანაბარა იყო დრჩენილი.

რაიმე მოარულ სენს: წითელას, ყვავილს, ქუნთრუშას, ყივანახველასა და სხვას, რომელიც ეპიდემიურ სახეს ღებულობდა და მუსრს ავლებდა ბავშვებს, მათ „ბატონების“ ავადმყოფობას ეძახდნენ. რაც შეეხება სოციალურ ავადმყოფობას – ჭლექს, მალარიას, სახადს და სხვა, საკმარისია მისით ოჯახის ერთი წევრი გამხდარიყო ავად, რომ არათუ მთელ ოჯახზე, არამედ ნათესაობასა და უბანზეც გადადიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქოლერა ხშირი მოვლენა იყო, ხოლო ისეთი საშინელება, როგორიც შავი ჭირია, მას ხანდახან ჩვენს სინამდვილეშიც ჰქონდა ადგილი.

თელავში საავადმყოფო ან რაიმე სამედიცინო დაწესებულება, გინდაც ამბულატორიის სახით, დიდხანს არ იყო და მხოლოდ 1916 წელს გაიხსნა საავადმყოფო, ისიც კერძო პირის ინიციატივით. ვინმე თელავის მოქალაქემ, მოსესა ხითაროვმა, ქალაქს 50 ათასი მანეთი შესწირა იმ პირობით, რომ საავადმყოფო გაეხსნათ. ეს იყო 1916 წელს და ამ დროიდან თელავში დაფუძნდა 30-საწოლიანი საავადმყოფო.

სულ წინათ თელავში აფთიაქი არ იყო და წამლებს პროვიზორებ-ფარმაცევტების ნაცვლად ექთნები ამზადებდნენ და თავიანთი ნებასურვილით ახდევინებდნენ ფულს. პირველი აფთიაქი თელავში 1877 წელს გაიხსნა ვინმე ჟელინის მიერ, სადაც ახლა მილიციაა (ნადიკვრის ქუჩაზე, ყოფილი მილიციის შენობა, – თ. ვ.), დაბლა სართულზე. აქედან იგი გადავიდა ახლანდელი ყოფილი ექიმის ნიკოლოზ ზაუტაშვილის სახლში, მეორე სართულზე (ახლანდელი იუსტიციის სახლის წინ, ელენე ახვლედიანის ქუჩის კუთხეში), სადაც იგი დიდხანს იყო. აქედან კი იგი გადავიდა ძველი ბაღის წინ (იუსტიციის სახლის გაგარძელებაზე). ჟელინისაგან აფთიაქი იყიდა ექიმმა ვოლოხოვმა, რომელმაც იგი თავის მეუღლეს, ანა ივანეს ასულს გადასცა, ხოლო ამ უკანასკნელისაგან შეიძინა პროვიზორმა დელერერმა.

ქალაქის თვითმმართველობამ, დიდი შუამდგომლობისა და დავიდარაბის შემდეგ, 1905-1907 წლებში შეძლო, თავისი აფთიაქი გაეხსნა.

ზემოთ მოყვანილი მასალა, მოგონებების სახით, ივანე პაატაშვილს 1953 წლის პირველ ოქტომბერს დაუსრულებია. ამ მოგონებებში იგი ნახევარი საუკუნის წინათ მომხდარ ამბებს აღწერს და შესაძლებელია, რომ მისი მონაყოლი ხშირად არ ემთხვევა საარქივო მასალებში არსებულ მონაცემებს, თუმცა მას მაინც აქვს ისტორიული ღირებულება და, გარკვეულწილად, ავსებს თელავის ისტორიის ფურცლებს.

ჯერ კიდევ 1900 წლის 9 დეკემბრის #2180 წერილით, ქალაქის თვითმმართველობა სთხოვდა თბილისის საგუბერნიო სამმართველოს საექიმო განყოფილებას, რათა ნება დაერთო ქ. თელავში წამლების თავისუფალი გაცემის უფლებით აფთიაქის გახსნისა, რომლის შემოსავალი, სხვა შემოსავლებთან ერთად, გამოიყენებოდა ქსენონის გასახსნელად და მის შესანახად. ამ შუამდგომლობას აღნიშნულმა განყოფილებამ უარით უპასუხა იმ მოტივით, რომ რამდენადაც ქ. თელავში მუდმივი მცხოვრები ცოტაა და რეცეპტთა ნუმერაციის რიცხვი და მათი ხელახალი გაცემაც იქ არსებულ აფთიაქში ნორმას არ აღემატება 1873 წლის 25 მაისის წესდების #1 პარაგრაფით, ორი აფთიაქის არსებობის შესაძლებლობა გამორიცხულია. სახელმწიფო სენატის პირველი დეპარტამენტის 1887 წლის 20 სექტემბრის #32 564 განმარტებით, არც ქალაქსა და არც სათემო საზოგადოებრივ მმართველობას არ აქვს განსაკუთრებული უფლება აფთიაქის გახსნისა. ამდენად, თქვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ იქნება.

ერთ-ერთი საარქივო წყაროს მოწმობით, რომელიც 1916 წლის 28 მაისით არის დათარიღებული, ქალაქის აფთიაქის მოიჯარადრე ყოფილა აწ გარდაცვლილი სტეფანე ანტონის ძე ფალიევი, რომელსაც იჯარით აღების დროიდანვე არააკურატულად შეჰქონდა საიჯარო თანხა, მიუხედავად იმისა, რომ იგი რამდენჯერმე გააფრთხილეს ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდაზე. ხსენებული ფალიევი არაფრად თვლიდა ამ პირობის შესრულების აუცილებლობას. ამის გამო ქალაქის მმართველობამ ხელშეკრულების დარღვევისთვის 600 მანეთის გადახდა მოსთხოვა, რომელიც მომრიგებელ შუამავლის მიერ 1916 წლის 8 მარტს ძალაში შევიდა. სტეფანე ფალიევის გარდაცვალების შემდეგ აფთიაქის მეურვე გახდა მისი ქვრივი, ანა იოსების ასული, რომელსაც 1916 წლის 10 იანვრიდან დაეკისრა დაკანონებული პროცენტების გადახდა 43 მანეთის ოდენობით სასამართლო წარმოების ხარჯებისათვის. ანა ფალიევი იძულებული გამხდარა, თხოვნით მიემართა ქალაქის თვითმმართველობისათვის, რათა გადაევადებინა ზემოაღნიშნული თანხა შეძლებისდაგვარად. თავის თხოვნაში იგი პირობას დებდა საიჯარო ქირის დაფარვის დასრულებამდე, ხელშეკრულებით ქალაქი მისგან მიიღებდა 2000 მანეთის მედიკამენტებს და 2000 მანეთის სააფთიაქო მოწყობილობას.

საარქივო მასალები მოწმობენ, რომ თელავის თვითმმართველობა იმდენად, რამდენადაც მის ხელში არსებული ფინანსები იძლეოდა საშუალებას, თანდათან შეძლებისდაგვარად აფართოებდა ქალაქის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამედიცინო მომსახურების მოწესრიგებისა და კეთილმოწყობის ღონისძიებებს. სანიტარიულ-სამედიცინო მომსახურებაზე თელავის საქალაქო თვითმმართველობამ 1901 წელს დახარჯა – 376 მან., 1905 წ. _ 625 მან., 1907 წ. – 669 მან., 1909 წ. – 613 მან., 1910 წ. – 2070 მან., 1911 წ. – 619 მან., 1913 წ. – 671 მანეთი.

რა თქმა უნდა, ამ მიზერული თანხით, რომელსაც თვითმმართველობა ქალაქის სანიტარიულ-სამედიცინო მომსახურებაზე თითქმის ყოელწლიურად ხარჯავდა, შეუძლებელი იყო, ქალაქის სანიტარიულ მდგომარეობასა და თელავის მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებაში მნიშვნელოვანი ძვრები მოეხდინა. ამიტომ იგი, შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე არადამაკმაყოფილებელი გახლდათ. ამას კარგად ხედავდნენ და აღიარებდნენ თელავის მოქალაქეებთან ერთად თვით მეფის მთავრობის მოხელეებიც.

მაკა მოსიაშვილი