მარიამ ბუიძე: „ვირუსგადატანილი პაციენტები შეიძლება, მხსნელებად მოგვევლინონ“

გერმანიის ბავარიის ფედერალურ მიწაზე, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული: დაიკეტა ყველა გასართობი, კულტურული და სპორტული დაწესებულება – ბარები, კლუბები, მუზეუმები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ბავარიის ფედერალურ  მიწაზე, ბოლო მონაცემებით, 19 153 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული, აქედან 277 გარდაცვლილი. 

„ქრონიკა+“ გერმანიაში,  ქალაქ  შტრაუბინგში საუნივერსიტეტო კლინიკის ქართველ ექიმ  მარიამ ბუიძეს ესაუბრა:

მარიამ, გერმანიაში, კონკრეტულად ბავარიის მიწაზე, არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის მზარდი დინამიკაა. მოგვიყევით, როგორ დაიწყო პანდემია და  რა ხდება დღეს გერმანიაში?

– პირველ ეტაპზე მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ვერ მიიღო სერიოზულად რეალობა, ამიტომაც იყო შემთხვევების  მატება. გასაბრაზებელია, როცა  დიდი პასუხისმგებლობით ეკიდები საქმეს, კლინიკაში ურთულეს სამუშაოს ასრულებ და ის ხალხი, რომელსაც ემსახურები, მზიან ამინდში გარეთ სეირნობს.  საზოგადოების ნაწილის  დაუდევრობამ მასობრივი სახე მიიღო! სწორედ ამიტომ,  21 მარტს, მთავრობამ  შეზღუდვები გაამკაცრა. ბავარიის მიწაზე, ბოლო მონაცემებით, 19 153 ადამიანია პოზიტიური „სარს-კოვ-2“ ვირუსზე, აქედან, სამწუხაროდ, 277 გარდაიცვალა. შემთხვევების მკვეთრი მატება დაიწყო თებერვლის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე, რასაც 16 მარტს სკოლებისა და ბაღების დახურვა მოჰყვა. კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში დასაქმებული პირების გარდა ყველამ დაიწყო სახლიდან მუშაობა. გერმანელ ხალხს, მოგეხსენებათ, წესებისა და კანონების დაცვა კარგად გამოსდის და უსაფრთხოების  ზომების გამკაცრებამ ამ შემთხვევაშიც გაამართლა. საკვები პუნქტების, სუპერმარკეტებისა და აფთიაქების გარდა დაკეტილია ყველა სავაჭრო ობიექტი. საჯარო დაწესებულებები  ონლაინ რეჟიმში მუშაობენ და მოსახლეობა  1,5-2 მეტრ დისტანციას იცავს ყველგან, მაღაზიასა თუ ქუჩაში. პირველი  აპრილიდან ადგილობრივმა მთავრობამ  უზრუნველყო უფასო სამჯერადი კვება მორიგე მედპერსონალისთვის და ყველა დასაქმებული პირისთვის საავადმყოფოებში. საუბრობენ მცირედი პრემიების შესახებ, თუმცა ოფიციალური განკარგულება ჯერ არ დაწერილა.

– მკურნალობის რა მეთოდს იყენებს  კლინიკა, სადაც თქვენს პროფესიულ საქმიანობას ეწევით?

– მკურნალობა, ძირითადად, სიმპტომურია.  დაინფიცირებული პაციენტების დიდი რაოდენობის გამო ყველას  მოთავსება კლინიკებში არ ხერხდება, სტაციონარში იღებენ მხოლოდ მძიმე და  რისკჯგუფების შემცველ პაციენტებს. თუ ვირუსული პნევმონიაა განვითარებული, სადაც უკვე სუნთქვითი უკმარისობა გამოიხატება და სუნთქვის ფუნქცია დაქვეითებული აქვს ორგანიზმს,  ასეთ დროს  საჭირო ხდება პაციენტის  ხელოვნურ სუთქვაზე გადაყვანა.  26 მარტის მონაცემებით, ბავარიის მასშტაბით,  დაფიქსირდა 4000 ინტენსიური  თერაპიის  საწოლი.  ეს ციფრი ყოველდღე იცვლება, რადგან რესურსები მობილიზდება. კონკრეტულად  ჩემს კლინიკაშიც  მობილიზებულია ორი სპეციალური სტაციონარი, ორი  ინტენსიური თერაპიის   განყოფილება და სპეციალური  საოპერაციო განყოფილება,  რომელიც    კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის გადაკეთდა.  რაც შეეხება თერაპიის ახალ მეთოდს, პირველი აპრილიდან გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავარიის ქალაქ  ერლაგენში, კონკრეტულად, „უნი კლინიკაში“, ჰემოსტაზიოლოგიური განყოფილების პროფესორმა  დაიწყო შეტყობინების გაგზავნა და იმ  პაციენტების  მოზიდვა, რომლებსაც  უკვე  ჰქონდათ კოვიდ-19 და ორი კვირაა, რაც გამოჯანმრთელდნენ. ამ კლინიკის  თანამშრომლებს სურთ, გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის  პლაზმიდან  გამოყონ  სპეციალური ანტისხეულები, გადამუშავებული სიხლის პლაზმა კი  სამომავლოდ გამოიყენება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარება აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსგადატანილი პაციენტები შეიძლება, მხსნელებად   მოგვევლინონ რთული პაციენტების შემთხვევაში. 

როდემდე მოგიწევთ ასეთ რთულ ვითარებაში მუშაობა, რა ელით?

– გრძელვადიანი პროგნოზებისგან კლინიკის დირექცია და  ჩემი განყოფილების  უფროსი,  ჯერჯერობით, თავს იკავებენ.  დღესდღეობით გეგმური ოპერაციები გადაიდო ივლისის ბოლომდე. მე ვარ ასისტენტ-ექიმი მეანგინეკოლოგიის  განყოფილებაში და  რაც დღეს   ჩვეულ რეჟიში დარჩა, ეს არის  სამშობიარო ბლოკი   და ოპერატიული გინეკოლოგია მხოლოდ  ონკოლოგიის მიმართულებით. რა თქმა უნდა,  ემერჯენსი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საავადმყოფოს წინ გაკეთდა სპეციალური კარავი, რომლის გავლის შემდეგ პაციენტები ხვდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებაში. ამ კარავში ვმორიგეობთ თითქმის ყველა ასისტენტ-ექიმი და სურვილის მიხედვით უფროსი ექიმებიც, სადაც პაციენტებს ვამოწმებთ და გამოვკითხავთ.  კლინიკაში გვაქვს ორი შესასვლელი: ერთი ინფიცირებული პირებისთვის და მეორე, მწვანე შესასვლელი –  ჯანმრთელი პაციენტებისთვის.

ყველა შვებულება გაუქმებულია, გადაუდებელი შემთხვევის  გარდა. ექიმსა და სამედიცინო პერსონალს არ აქვს უფლება,  გეგმური შვებულება აიღოს. ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებიც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში მუშაობენ, არსებობს სპეციალური ბაღები და სკოლები, სადაც ისინი ჩვეულ რეჟიში განაგრძობენ სწავლას.

– ადამიანური თვალსაზრისით, ემოციებით, განცდებით   როგორია თქვენი ცხოვრების ერთი დღე პანდემიის პირობებში?

– ჩემი ერთი დღე პანდემიის პირობებში, როგორც ერთი ასისტენტ-ექიმის, რომელიც, ამავდროულად, არის დედა მცირეწლოვანი ბავშვისა, არის: ჩვეულ რეჟიში  დილის  6 საათზე ადგომა, ველოსიპედით გაქცევა კლინიკაში. თუ ღამის მორიგე არ ვარ, ამ შემთხვევაშიც მე  მიწევს ბავშვის ბაღიდან გამოყვანა და თუ  მორიგე ვარ,  მაინც მიწევს ბავშვის ბაღიდან გამოყვანა,  შემდეგ  ორი საათით სახლში დატოვება და მერე ისევ  კლინიკამდე მიყვანა. ბავშვების კლინიკის ტერიტორიაზე შეყვანა აკრძალულია,  იქ უნდა მოვიდეს ჩემი მეუღლე და უნდა გადავცე ბავშვი,  ამის შემდეგ  მე ვბრუნდები  ღამის მორიგეობაზე.  ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შრომატევადია  ჩემთვის ფიზიკურად  და  ემოციურად, ამას ემატება საყოველთაო მდგომარეობა და ის, რომ უკვე მეოთხე თვე დაიწყო, რაც შვებულება-დასვენება არ მქონია. სავარაუდოდ, არც მექნება მომავალი თვების განმავლობაში. ჯერჯერობით, ვუძლებ! ვცდილობ, როგორც კი დროს გამოვნახავ, გამოვიძინო, რადგან ბიოლოგიური არსებობისთვის ძილი უმნიშვნელოვანესია.

რა ფიქრობთ საქართველოზე და როგორ აფასებთ ქართველი ექიმების მუშაობას?

– ძალიან ვამაყობ ჩემი პატარა ქვეყნით, რადგან ამ დრომდე მყარად ვდგავართ ორივე ფეხით. მართალია, საქართველოს ვერ შევადარებთ გერმანიას მოსახლეობის მოცულობით, თუმცა ის, რომ გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, ძალიან დასაფასებელია.  ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა თავიდანვე სერიოზულად მიიღო ეს პრობლემა. შეიძლება, იმანაც დიდი როლი ითამაშა, რომ ხასიათში გვიზის ყველაფრის დრამატიზება   და ჭირში მყოფებმა  ერთად ვიცით დგომა. ვაფასებ ქართველ ექიმებს  და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული.

ლევან ქემოკლიძე