გიორგი ფხაკაძე: „რაც საქართველოში ხდება, ეს მხოლოდ დასაწყისია“

საიდან განჩნდა კორონავირუსი, რატომ ჩააგდო შოკში  COVID-19 -მა   მსოფლიო და რა საშიშიროების წინაშე დგას  საქართველო?

„ქრონიკა+“-ის  კითხვებს პასუხობს გაეროს გენერალური მდივნის  მრჩეველ ჯანდაცვის საკითხებში _ გიორგი ფხაკაძე.

იგი გახლავთ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი. ის ასევე არის გაეროს ცენტრალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (EWEC); შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) ტექნიკური განხილვის პანელის ექსპერტი; ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების წევრი: 

– ბ-ნო გიორგი, საიდან გაჩნდა  კორონავირუსი და   ჩვენი მკითხველისთვის საინტერესოა, კონკრეტულად ჩინეთიდან რატომ გავრცელიგი?

– მეცნიერული კუთხით რომ მივუდგეთ, ეს ვირუსი ბოლომდე არ არის გადამოწმებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, COVID-19 ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა.  ჩვენ  ასევე ვიცით, რომ COVID-19 არის კორონავირუსების ოჯახიდან და ის  არაერთხელ  გამოჩენილა ჩვენს დედამიწაზე.  მაგალითად, 2002 წელს სარსი (SARS-CoV), რომელიც  ჩინეთში გავრცელდა, სავარაუდოდ, ღამურებისგან და 2012 წელს  აქლემებისგან გავრცელებული მერსი (MERS-CoV) ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში  (საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბეთის ემირატები). 

– თქვენი შეფასებით, მსოფლიო რატომ ვერ აღმოჩდა მზად ამ გამოწვევისთვის და რა შეგიძლია გვითხრათ ვირუსის გავრცელების დინამიკაზე? 

_  როდესაც საქმე ეხება პანდემიას, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს  მსოფლიო ისტორია. მაგალითად, 1347-1352 წლები, ეს იყო  პირველი ცნობილი და აღწერილი პანდემია, რომელმაც გამოიწვია  მსოფლიოს მოსახლეობის,  დაახლოებით, 25%-ის სიკვდილი; ასევე   კარგი მაგალითია  ბოლო ყველაზე დიდი პანდემია (1918-1920 წწ.),  რომელმაც, დაახლოებით, 50 მილიონ ადამიანს წაართვა დედამიწაზე სიცოცხლე. ჩვენ დავინახეთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვისა  და პოლიტიკური სისტემები არ იყო შესაბამისად მომზადებული.  აქედან გამომდინარე, ქვეყნებმა, რომლებმაც განსაკუთრებით მწვავედ გაიარეს 2002-2004 წლებში SARS-კორონის  ეპიდემია (სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, კანადა)  და ახსოვდათ, თუ რა სირთულეების წინაშე იდგნენ ისინი, ამ გამოცდილების გათვალისწინებით,  მათი ჯანდაცვის სისტემა უკვე კარგად  მომზადებული იყო  და იცოდნენ, რომ ახალ კორონავირუსთან ხუმრობა არ შეიძლებოდა. პირველივე  დღიდან, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა,  ე. წ. დრაკონული ზომები მიიღეს, რომელიც აგრესიულ ტესტირებასა და  მკაცრ კარანტინს გულისხმობს. აგრესიული ტესტირება მოიცავს ყველა იმ კლასტერის გამოკვლევასა და ზუსტ ცოდნას,  ადამინების   რომელ ჯგუფში არის გავრცელებული ვირუსი. რაც შეეხება  იტალიას, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს  ან ესპანეთს,  ეს ქვეყნები ძალიან ზედაპირულად უყურებდნენ  ახალი კორონავირუსისგან მომავალ საფრთხეებს. პრაქტიკულად, ამის კარგი მაგალითია ტრამპის განცხადებები, რომელმაც ერთი კვირის წინ აღიარა, რომ ეს ნამდვილად იყო უდიდესი პრობლემა და  კარანტინი გამოაცხადა. მანამდე ის ამბობდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი. სამწუხაროდ, იგივე გრძელდება ახლა  ბრაზილიაში, ბელარუსსა და, ნაწილობრივ, ირანში.

ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში?! საქართველოში ჯერ  არ ვიცით, ჩვენი ჯანდაცვის  სისტემის მზაობის ზედა ზღვარი რა არის.  თქვენ, ალბათ, ხშირად მოგისმენიათ მედიით, სადაც  აცხადებენ, ზღვარს იქით არ უნდა გადავიდეთო. სამწუხაროდ, საქართველოში არ ვიცით, ეს ზღვარი სად გადის. ძალიან ბევრი ექსპერტი საუბრობს, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს  – სიმართლეს თვალებში არ ვუყურებთ.   როცა ვამბობთ, რომ გვაქვს ბოქსირებული პალატები, ვინმემ ზუსტად იცის, ეს ბოქსირებული პალატები ნამდვილად ბოქსირებულია თუ არა? ნამდვილად  ყველა საჭირო სტანდარტებით არის აღჭურვილი?  ძალიან  მარტივი შეკითხვა ისმის საწოლფონდზე, _  ნამდვილად  საწოლფონდია? ეს ძალიან ზედაპირულად არის  გაკეთებული; და  მეორე: ჩვენი ექიმების   გადამზადების საკითხი.  ამბობენ: „ჩვენ მზად ვართ!“-  არ ვართ მზად!  საქართველოში ბოლო 15 წელიწადია, ექიმები  ახალ გამოწვევებთან მიმართებით არ გადამზადებულან. არ არსებობს  არანაირი სისტემა, რათა ექიმმა    გადამზადებით მიიღოს თანამედროვე და მოწინავე ცოდნა, რომელიც უნდა დანერგოს თავის სამუშაო გარემოში. როცა ამბობენ, ჩვენ მომზადებული ვართო, ვინ მოამზადა ეს ექიმები? რამდენი? სად?

პრაქტიკულად, საქართველოს  ჰყავს  ექიმები,  რომლებმაც არც იციან, რა არის SARS-ი რადგან  არ გაუვლიათ   ტრენინგები  და არც შესაბამისი სწავლება. ყველაზე მთავარი – ჩვენ არ გვაქვს  პირველადი ჯანდაცვის რგოლი, პოლიკლინიკები. რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ, ჯერჯერობით, საქართველოში სრულყოფილი პირველადი ჯანდაცვა ჩანასახის სტადიაშია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,  ვემხრობი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ მან ჩაკეტა საზღვრები.  ასევე 10 დღის წინათ კატეგორიულად ვთქვი, რომ  საქართველო უნდა გადასულიყო მკაცრი  კარანტინის რეჟიმში  და არ უნდა დალოდებოდა  რამე სხვას, რადგან ჩვენი ჯანდაცვის სისტემა  ფიზიკურად ვერ გაუძლებს ეპიდაფეთქებას. საბედნიეროდ, ეს აფეთქება   ჯერ არ მომხდარა. ჩათვალეთ, რომ ჩვენამდე ახალ  ვირუსს ჯერ არ მოუღწევია,  საქართველოს  დღევანდელი რეალობა ეპიდემიის მხოლოდ დასაწყისია.

_ თუმცა გვერდს ვერ აუვლით იმ პოზიტიურ სტატისტიკას, რაც საქართველოს აქვს.  მაინტერესებს, როგორც ექსპერტი, რა ფიქრობთ:  იმ მიდგომებით და პრობლემებით,  რაზედაც თქვენ უკვე  ისაუბრეთ, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ჩვენი სახელმწიფო?

_ ვიმეორებ: საქართველოს მთავრობამ  სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს  ცოტა უფრო ადრე  უნდა გაეკეთებინა, მაშინ მეტად დაცული ვიქნებოდით. და კიდევ: რამდენიმე ათასი ადამიანი რომ არის დატესტილი, ეს არ ნიშნავს, რომ   რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი ვიცით  საქართველოში.  ჩვენს ჯანდაცვის სისტემას   ძირეული პრობლემები  აქვს და ასეთ მდგომარეობაში  მთავრობის  გადაწყვეტილება – კომენდანტის საათის შემოღება  –   მართებული იყო. 

ახლა მინდა,  გავიმეორო  და ვურჩიო საქართველოს ხელისუფლებას:  კიდევ უფრო მკაცრი  ზომები მიიღოს და  ყურადღება მიაქციოს ღია ბაზრებსა და სხვა თავშეყრის ადგილებს. 

რაც შეეხება სიკვდილიანობასა და ეპიდემიის გავრცელების სტატისტიკას – აქ არის ორი მთავარი  საკითხი, რაზედაც არავის უყვარს საქართველოში საუბარი. რეალურად, ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს  სიკვდილიანობის ადეკვატური რეესტრი, – როცა პაციენტი ან ნებისმიერი ადამიანი გარდაიცვლება, არ ვაკონკრეტებთ და არ ვიცით, რამ გამოიწვია სიკვდილი.  მარტო იმ შემთხვევაში გვხვდება ჩანაწერი, თუ ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვლება. აქედან გამომდინარე,  საუბარი იმაზე, რომ  საქართველოში ყველაფერი კარგად არის, არასწორია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს და ეს კრიტიკა არ არის, ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. საქართველოში ეპიდემია ჯერ არ დაწყებულა, ანუ ჩვენ არ ვართ პირველი ტალღის ქვეშ და,  სავარაუდოდ, პირველი ტალღა დაიწყება აპრილის ბოლოსთვის,  მეორე – შემოდგომაზე, მესამე –  ზამთრის ბოლომდე იქნება.

_ ჩინეთმა, როგორც ამბობენ,  შეძლო  კორონავირუსის შეჩერება. რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია და რა შეგიძლიათ გვითხრათ ვაქცინაზე, როდის იქნება იგი ხელმისაწვდომი?

– ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ ჩინეთის რესპუბლიკის სტატისტიკაზე და, საერთოდ, მათ მიერ  ინფორმაციის გავრცელებისა და მიწოდების ხარისხზე.  ჩინეთის ინფორმაცია დაავადებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ჩემთვის  კითხვის ნიშნებს ბადებს.

რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, როგორც ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრმა, შემიძლია გიპასუხოთ, რომ ამჟამად მსოფლიოში 90-მდე სხვადასხვა ლაბორატორია მუშაობს ახალ ვაქცინაზე,  მათ შორის, დაახლოებით 44 კანდიდატი  ამ წუთებშიც – COVID-19-ის  ვაქცინაზე. აქედან მხოლოდ 2 ვაქცინა  გადის კლინიკური კვლევების პირველ ფაზას ადამიანებზე. დღეიდან ათვლა რომ დავიწყოთ,  წელიწად-ნახევარი არის საჭირო ვაქცინის გამოსაცდელად და წარმოებაში მის ჩასაშვებად.  როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მეკითხებიან, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სიტუაცია, ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი, – გადახედეთ ორ ქვეყანას, ერთი არის ისრაელი და მეორე  – ავსტრალია.

– და  რას აკეთებს განსაკუთრებულს ეს ორი ქვეყანა?

– სხვა ქვეყნები პოლიტიზებულები არიან სხვადასხვა მიზეზის  გამო. ავსტრალიას რაც შეეხება, იგი ყველაზე პრაგმატული ქვეყანაა  და მან 6 თვით ჩაკეტა საზღვრები. თქვენ თუ გინდათ გაიგოთ, როდის წავა გლობალური პანდემია კლებისკენ, გირჩევთ, გზამკვლევად გამოიყენოთ ავსტრალიის მონაცემები. რასაც ავსტრალია მოცემულ მომენტში აკეთებს, ეს იქნება ინდიკატორი თქვენთვის, თუ საით მივდივართ, როდის გვექნება ვაქცინა, ეფექტიანი მკურნალობა და, საერთოდ, როდის შევძლებთ მოგზაურობას.

– შევაჯამოთ ჩვენი საუბარი: დამატებით რა ზომების გატარება უნდა მოახერხოს საქართველოს ხელისუფლებამ, მოსახლეობამ  და ჯანდაცვის სამინისტრომ ?

– რაც ყველაზე მთავარია, ვისხდეთ შინ და არ გავიდეთ სახლიდან!  რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებისადმი იქნება კიდევ უფრო მკაცრი საკარანტინო ზომების მიღება. ჩვენ უნდა შევძლოთ და შევწყვიტოთ გავრცელების ჯაჭვი. ასევე საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, საყოველთაო ტესტირება როგორც ხორციელდება სამხრეთ კორეასა და ისლანდიაში, ჩვენთვის არ იქნება ეფექტიანი, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. ძალზე მნიშვნელოვანია აგრესიული მიზნობრივი ტესტირება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ინფექციის კლასტერები  და მთლიანად დავტესტოთ  ყველა  კლასტერში,  რათა გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ/იზოლაციაში მოვაქციოთ ყველა პოტენციული პაციენტი.

ასევე აუცილებელია, რეალურად შევაფასოთ და გავაძლიეროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ანუ  რაც ფაქტობრივად გვაქვს და მუშაობს: ეს არის კერძო, სახელწიფო კლინიკები, პოლიკლინიკები, აფთიაქები, ლაბორატორიები, დიაგნოსტიკური ცენტრები, სოფლის ექიმები; მობილიზაცია უნდა გაუკეთდეს სამედიცინო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს; პაციენტები  უნდა გადანაწილდნენ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საფუძველზე. თუ კრიზისი მძიმე ფაზაში შევიდა,  უფრო რადიკალური და არაპოპულარული ზომებიც იქნება მისაღები,  როგორც  ესპანეთმა გააკეთა და დროებით კერძო კლინიკების ნაციონალიზაცია გამოაცხადა,  რათა  ერთიანი ჯანდაცვის სისტემა შექმნილიყო და ყველა რესურსი   ცენტრალიზებულად გადანაწილებულიყო. დარწმუნებული ვარ, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობით  და  ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით ამ ახალ და რთულ  გამოწვევას.

ლევან ქემოკლიძე