„ჯანმოს“ სკანდალური განცხადება – ინ ვიტრო განაყოფიერების რეაგენტები COVID-19-თან ბრძოლაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს  და შეშფოთებას გამოთქვამს COVID-19-ის საწინააღმდეგო ფალსიფიცირებული საშუალებების ბაზრის  გაჩენასთან დაკავშირებით. წესით და რიგით, ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე „ქრონიკა+“-ს კი არა, ქვეყნის მთავრობას უნდა მიჰქონდეს, კერძოდ – ჯანდაცვის სამინისტროს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ იმედია, ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ მაინც ჩადგებიან საქმის კურსში.     

საუბარია ინვიტრო დიაგნოსტირებისას გამოყენებულ საშუალებებსა და ლაბორატორიულ რეაგენტებზე (ქიმიურ რეაქციაში მონაწილე ნივთიერება, – რედ.). ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბაზარზე „გამოისროლეს“ აღნიშნული საშუალებების  ფალსიფიცირებული  ვარიანტების დიდი ოდენობა. ლაბორატორიული რეაგენტები დიდ დახმარებას უწევს სპეციალისტებს  SARS-CoV-2-ის  აღმოჩენაში. ეს საშუალებები (რომლებიც  მანამდე ინ ვიტრო სფეროში გამოიყენებოდა) პანდემიის პირობებში „ჯანმოს“ მიერ რატიფიცირებულია, როგორც დიაგნოსტირებისთვის, ისე კლინიკური გამოყენებისთვის. საქმე ის გახლავთ, რომ COVID-19-ის პანდემიამ (გამოწვეული ვირუსი SARS-CoV-2-ით) მსოფლიო ბაზარზე შექმნა მოთხოვნილება პრეპარატებზე, ვაქცინებზე, დიაგნოსტირების საშუალებებსა და რეაგენტებზე. შედეგად – ბაზარზე დაიწყო დიაგნოსტირების საშუალებებისა და რეაგენტების  ფალსიფიცირებული ვარიანტების „გამოყრა“.

ფალსიფიცირებული სამედიცინო  პროდუქცია (ინ ვიტრო განაყოფიერების დიაგნოსტიკისთვის საჭირო აღჭურვილობის ჩათვლით)  მოწოდებულია  „გამყიდველების“ მიერ,  როგორც COVID-19-ის პროფილაქტიკის, სიმპტომების ალაგებისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  31 მარტს გამოაქვეყნა გაფრთხილების წერილი, სადაც  მოუწოდებს ქვეყნის მთავრობებს, სპეციალისტებსა  და ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, ვინაიდან ბაზარზე შეედინება ამ პროდუქციის უკონტროლო და სულ უფრო მზარდი მოცულობა.

ყველა ქვეყნის მთავრობამ, ასევე ფარმაცევტულმა ქსელებმა და კერძო სუბიექტებმა, დიაგნოსტირების საშუალებებისა და რეაგენტების აღნიშნული  პარტიების შეძენისას, მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ იმ პრეპარატების მიმართ, რომელთა რაოდენობა შეზღუდულია და რომელიც საჭიროა COVID‑19-თან ბრძოლაში. 

ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს რეესტრის ბმულს და საკონტაქტო ინფორმაციას, რომ ყველა მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას სასწრაფოდ მიმართონ უშუალოდ მათ, და რაც მთავარია, ეს მიმართვა პირველ რიგში ეხება ქვეყნის მთავრობებს.

დღესდღეობით არ არსებობს „ჯანმოს“ მიერ რეკომენდებული ფარმაცევტული საშუალება, რომელიც COVID-19-ის სიმპტომებს აქრობს და მკურნალობს დაავადებას. ამ ეტაპზე, COVID-19-ის შესაძლო მკურნალობის მეთოდები მუშავდება „ჯანმოს“ უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ. პროექტს ახორციელებს SOLIDARITY.

რა საშუალებებზე საუბრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია? ამ კითხვით  „ქრონიკა+“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტს, მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარეს, პროფ. თენგიზ ასათიანს:

  • COVID‑19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ არსებობს, ამიტომ ბევრი ქვეყანა ცდილობს ის წამლები გამოიყენოს, რომლებიც  ძველ ვირუსებზე იყო შედეგიანი და  სხვადასხვა კომბინაციას უთავსებს კორონავირუსის მკურნალობას. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ გაიდლაინსა და პროტოკოლში გვიწერია, ანუ ოფიციალურად დღეს მოწოდებულია პლაკვენილი, იგივე ძველი დასახელებით ქინინი, რომელსაც ვიყენებთ  მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში. რაც შეეხება  საპროფილაქტიკოდ,  ჩვენ გაიდლაინში არ გვიწერია მისი გამოყენება.
  • საიდან გაჩნდა მითი იმის შესახებ, რომ მსგავსი საშუალებები ეფექტიანია კორონავირუსის წინააღმდეგ?
  • ბოლო დროს ბევრი მითი გაჩნდა, რომ ამ საშუალებებს ყელში თუ გამოივლებ, სიმპტომებს გაგიქრობს და ა. შ. მაინც მგონია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ლეტალობა მაღალია, უკვე ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ასე ჩნდება შავი ბაზარი და ეს ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენთან არა მგონია, ეს თემა აქტუალური იყოს.
  • „ბცჟ-ს“ ვაქცინით გამოწვეულ აჟიოტაჟზე რას იტყვით?
  • აჟიოტაჟი გამოწვეული იყო იმით, რომ ვისაც აქვს ეს „ბეცეჟირება“ გაკეთებული  (საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ბავშვი ამით იცრებოდა), თითქოს უფრო მსუბუქ ფორმებში უვლინდება ვირუსი, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება.  ჩვენ უნდა დაველოდოთ ოფიციალურად დადასტურებულ ეფექტიან ანტივირუსულ საშუალებას, რადგან თუ წამალი არ არსებობს, რა უნდა შესთავაზო მოსახლეობას?! 

თამარ როსტიაშვილი