მთავარი ბლოგი სასარგებლო იდიოტიზმი

სასარგებლო იდიოტიზმი

229
0
გაზიარება

პრორუსული ძალების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე იდეური დასაყრდენი არის გაუცნობიერებელ ხალხში ჯერ კიდევ არსებული წარმოდგენა, თითქოს რუსეთთან შესაძლებელია პოლიტიკური ვაჭრობა. თითქოს შეიძლება, რაღაცა დათმო, კარგად მოიქცე, მოიგო რუსის გული და ამით უზრუნველყო საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება. მეტიც: ხშირად გვესმის: „კარგად თუ მოვიქცევით, რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს“.

წლები მიდის, მაგრამ ეს მიამიტური მიდგომა ვერა და ვერ გაქრა _ ეს იმის მიუხედავად, რომ რუსული პროპაგანდაც კი, ამ მხრივ, არ ქმნის არანაირ ილუზიებს _ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემა დახურულია და განხილვას არ ექვემდებარება.
მეტიც: რუსეთის ხელისუფლების ყველაზე მაღალი ეშელონების წარმომადგენლებიც კი _ ისეთები, როგორიც თავად პუტინი, ლავროვი და მედვედევი არიან, ხშირად და დაუფარავად იმეორებენ ერთსა და იმავეს: „საქართველო უნდა შეეგუოს ახალ რეალობას“.
ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს: „არც კი იფიქროთ ტერიტორიების დაბრუნებაზე, ეს საკითხი დახურულია“.
თუმცა ტრადიციული, მამაპაპური ქართველი რისი ტრადიციული მამაპაპური ქართველი იქნება, თუ არ შეიქმნის თავად ალტერნატიულ რეალობას და არ დაიჯერებს მას? მათ ჯიუტად სწამთ, რომ „კარგად თუ მოვიქცევით, რუსეთი დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და, საერთოდაც, თავს დაგვანებებს“.
ამას თან ერთვის ტრადიციული, უკვე ჩვეული გამონათქვამები: „ფაშისტურმა გერმანიამ ვერ მოუგო და ჩვენ რას ვეჯიბრებით?“ „მეზობელია, ბოლოს და ბოლოს, ამერიკა კი შორსაა“ და, რა თქმა უნდა, უკვდავი ამბავი დათვსა და ბაბაიაზე.
თუმცა ეს არაა არც ახალი მოვლენა და არც მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. „სასარგებლო იდიოტების“ რაოდენობა ევროპასა და ამერიკაშიც, სადღეისოდ, არანაკლებია, ვიდრე _ ჩვენში და სწორედ ეს არის პუტინის დაუსჯელობისა და თავხედობის მიზეზი.
საკმარისია გავიხსენოთ ჩვენი ძველი მეგობარი ჰაიდი ტალიავინი _ ევროპული სასარგებლო იდიოტიზმის სიმბოლო, რომელმაც სამარცხვინო დასკვნა დაწერა, რომლის თანახმადაც, საკუთარ ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლზე პასუხის გაცემა არის უცხო ქვეყნის ომზე პროვოცირება.
ტალიავინის კომისიის მიზანი არ იყო ჭეშმარიტების დადგენა _ მისი მიზანი იყო ისეთი დასკვნის დადება, რომელიც ერთნაირად გაამტყუნებდა ორივე მხარეს. საქართველოს ცალსახა დადანაშაულება არ შეიძლებოდა _ მაინც პატარა ქვეყანაა, აგრესიის მსხვერპლი და მისთვის ომის დაწყების დაბრალება ცუდი სიგნალი იქნებოდა მოსკოვისთვის.
თუმცა არც რუსეთის ზედმეტად განაწყენებაა საჭირო, _ ვაი და გაბრაზდნენ და ატომური ბომბები ჩამოაგდონ ევროპაში, სადაც უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს ფლობენ, სადაც მათი შვილები სწავლობენ საუკეთესო უნივერსიტეტებში და ცხოვრობენ წარმოუდგენელ ფუფუნებაში.
რუსეთთან შემრიგებლურმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რომ წლების მანძილზე პასუხისმგებლობა ომის დაწყებისთვის თითქმის ერთ დონეზე ეკისრებოდა ორივე მხარეს _ რა შეიძლება იყოს ამაზე უსამართლო?
შემდეგ მოვიდა ყირიმის დრო _ ეს იყო დასავლური სასარგებლო იდიოტიზმის ნამდვილი ტრიუმფი _ რუსული ჯარი იპყრობდა უკრაინულ ტერიტორიებს, კილომეტრს კილომეტრზე, მაგრამ ცივილიზებული სამყაროს დედაქალაქებიდან კიევის მიმართ ისმოდა მხოლოდ ერთი _ ხვეწნა-მუდარა: „ძმებო, არ აჰყვეთ პროვოკაციას“…
დასავლეთმა იმდენი აქო და ადიდა ოფიციალური კიევი წინააღმდეგობის გაწევაზე უარის თქმის გამო, რომ, საბოლოოდ, ყველამ გაიღვიძა უკვე დონეცკის მიდამოებში _ მაშინ, როდესაც ნათელი გახდა „პროვოკაციისგან თავის შეკავების“ კიდევ 1-2 კვირა _ და რუსი გენერალ-გუბერნატორი დაიკავებს პრეზიდენტის კაბინეტს კიევში.
საერთაშორისო სასარგებლო იდიოტიზმის საფუძველშია წარმოდგენა, თითქოს რუსეთთან ყოველთვის შეიძლება შეთანხმება და ვაჭრობა.
„ნუ აშენებთ ძლიერ ჯარს, თორემ რუსეთი გაბრაზდება“, _ ამბობენ ევროპელი პოლიტიკოსები, რომელებიც მიიჩნევენ, რომ ძალადობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა წინასწარი ჩაბარება.
„არ შეიძლება უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიყიდვა, ეს კიდევ უფრო გააღიზიანებს რუსეთს“, _ ამბობენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მტრის ტანკს უნდა შეხვდე ყვავილებით.
„არ დაუწესოთ სანქციები რუსეთს, ეს ხომ კონტრპროდუქტულია“, _ წუწუნებენ პოლიტიკოსები, რომელთა აზრითაც მოსკოვის თავნებობის შესამცირებლად უმჯობესია აჩუქო მას გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურა _ მაშინ ხომ კრემლი ნამდვილად არ გაბრაზდება.
დღეს სასტიკ გამოცდას გადის ჩვენი მეზობელი თურქეთი. ის, რაც დღეს ხდება სირიაში, ნათელი სიგნალია ყველასთვის _ არასდროს ევაჭროთ რუსეთს. როგორც კი გადაწყვეტთ სიარულს დათმობების, მორალური კომპრომისებისა და საკუთარ პრინციპებზე უარის თქმის გზით _ თქვენ წააგებთ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომამდე.
თურქეთის პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო პუტინის გულის მოსაგებად _ ხლართა წარმოუდგენელი ინტრიგები, მოუხადა ბოდიში რუსეთს 2015 წელს ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო, იკადრა უკადრებელი და ციხეში ჩასვა სამხედრო პილოტი, რომელმაც ეს გააკეთა, შემდეგ გააბა მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, წაეჩხუბა დასავლეთს, დარტყმის ქვეშ დააყენა ნატოს ერთიანობა, ლამის შტატებისგან სანქციების გამოცხადებამდე მიიყვანა საქმე, ყიდულობდა რუსულ იარაღს.
მთელი ამ „კარგი საქციელის“ სანაცვლოდ მან მიიღო სირიელი ლტოლვილების ახალი ნაკადი, ათობით დაღუპული თურქი ჯარისკაცი და ფართომასშტაბიანი ომი სრულიად გაურკვეველი პერსპექტივით.
საოცრებაა, მაგრამ დღესაც კი, თითქმის გამოცხადებული რუსულ-თურქული ომის დროს, ოფიციალური ანკარა ისევ აგრძელებს შემრიგებლურ პოლიტიკას და თმობს იმას, რისი დათმობაც არ შეიძლება _ მაგალითად, ატარებს ბოსფორის სრუტეში რუსულ სამხედრო ხომალდებს, რომლებიც მიემართებიან სირიაში, ისინი კი კლავენ თურქ ჯარისკაცებს.
ის, რაც დღეს ხდება თურქეთის ირგვლივ, შესანიშნავი მაგალითია იმათთვის, ვინც ვერაფერი გაიგო 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში _ რუსეთთან პოლიტიკური ვაჭრობა დაუშვებელია. მოსკოვთან, მეტ-ნაკლებად, სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი პრინციპების ურყევი დაცვის პირობებში.
არავითარი დათმობები და კომპრომისები ტურისტების, პომიდვრების ან ფულის სანაცვლოდ. თურქეთის მაგალითი ნათლად გვიჩვენებს _ როდესად თქვენ თმობთ პრინციპებს და პირველ ადგილზე აყენებთ მერკანტილურ ინტერესებს, საბოლოოდ აგებთ ორივეს.
დღეს თურქი ბიჭები იღუპებიან სირიაში იმის გამო, რომ ვიღაცამ იფიქრა, თითქოს შესაძლებელია ევაჭრო პუტინს და გამოხვიდე გამარჯვებული.
ჩვენთვის კი, ვინც ვცხოვრობთ მონსტრთან გვერდით, ეს ყველაფერი კარგი გაკვეთილია _ არასდროს დათმოთ პრინციპები და არ გაცვალოთ თქვენი სიმართლე ვაშლსა და ტურისტებზე.

თენგიზ აბლოთია

დატოვეთ კომენტარი