მთავარი მსოფლიო რა უფრო დიდი საფრთხეა საქართველოსთვის _ კორონავირუსი თუ რუსეთ-თურქეთის სამხედრო კონფლიქტი?

რა უფრო დიდი საფრთხეა საქართველოსთვის _ კორონავირუსი თუ რუსეთ-თურქეთის სამხედრო კონფლიქტი?

278
0
გაზიარება

კორონავირუსის პანიკამ ყველა სხვა მოვლენა, მათ შორის, პოლიტიკურიც, მეორე პლანზე გადასწია, რაც, ალბათ, ბუნებრივია, მაგრამ ვირუსული ეპიდემიის მიუხედავად, ცხოვრება, როგორც იტყვიან, გრძელდება. შესაბამისად, გარკვეულწილად შეცვლილი დღის წესრიგის მიუხედავად, პოლიტიკური პროცესებიც ვითარდება, თან ეს განვითარება კორონაზე არანაკლებ საშიშია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დროს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა გვაძლევს. ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ სირიის კონფლიქტის საბაბით გართულებული ოფიციალური ანკარისა და ოფიციალური მოსკოვის აწ უკვე წარსულს ჩაბარებული კეთილგანწყობა ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზრდება და მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დავდგებით, მაგრამ ის, რაც სამეზობლოში ხდება, გვინდა თუ არა, ჩვენც შეგვეხება და ამიტომაც ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ.

ზოგადად, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთი და თურქეთი ურთიერთობას იარაღით არკვევენ და ამის შესახებ ვრცლად ქვემოთ ვისაუბროთ. მანამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლო დღეების ქრონიკას.
მოკლედ, თებერვლის მიწურულს, კერძოდ, 28-ში, ცნობილი გახდა, რომ სირიაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, ანუ სირიის თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ნაწილებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი სარაქიბი დაიკავეს. ეს ის ქალაქია, რომელიც ალეპო-დამასკოსა და ალეპო-ლატაკიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზებს აერთებს. ნიშანდობლივია, რომ ამ ქალაქის დაკავებას ასადის ჯარებიც ცდილობდნენ. ამ ოპერაციამდე რუსული მედია იუწყებოდა, რომ იდლიბში თურქი სამხედროები და ასევე „ბოევიკები“ რუსეთისა და სირიის თვითმფრინავების ჩამოგდებას ცდილობდნენ. ყველაფერ ამის გამო ასადმა, ალბათ, კრემლის წაფითილებით, რადიკალური ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა. შედეგად, როგორც ჰატაის პროვინციის გუბერნატორმა მედიას აუწყა, 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. კრემლმა ამ ოპერაციაში მონაწილეობა მაშინვე უარყო.
ასე იყო თუ ისე, თურქეთის პრეზიდენტმა საგარეო და თავდაცვის მინისტრების, გენშტაბისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მონაწილეობით საგანგებო სხდომა გამართა, რომელმაც 6 საათს გასტანა. ამის შემდეგ კი ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ სპიკერმა განაცხადა, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლების ყველა სამხედრო მტრულ სამიზნედ გამოცხადდა. ამასთან, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ თავმჯდომარემ იდლიბში თურქეთის მიერ სახმელეთო და საჰაერო ოპერაციის დაწყებას მხარი დაუჭირა.
ასეთია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დაძაბვის ანოტაცია. ყველაფერ ამის ფონზე, ბუნებრივია, იბადება ლოგიკური კითხვა, _ რას მოუტანს ეს კონფლიქტი საქართველოს?
ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ საფრთხე რეალურია, ანუ ლაგაზიძის თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ სად და როგორ გაგრძელდება რუსეთ-თურქეთის ომი _ მხოლოდ სირიაში თუ მის ფარგლებს გარეთაც?
„ჩვენთვის კი მთავარი საფრთხე მაინც ისაა, თუ რა მასშტაბს მიიღებს და როგორ მოუბრუნდება რუსეთ-თურქეთის ომი საქართველოს; რა შეიძლება მოსთხოვოს ასეთ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს და რა პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები დაგვეკისრება, როგორც ნატო-ს პარტნიორ ქვეყანას?! რა დაემართება თურქულ ლირას და ქართულ ლარს?!
საქართველო, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, არნახული გამოწვევების წინაშე დგება“, _ აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

რუსეთ-თურქეთის დაძაბულობას მესამე მსოფლიო ომის დაწყების საბაბად არც კავკასიის საკითხების ექსპერტი, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ ყველაფერ ამის გამო ჩვენი ქვეყანა სერიოზული ეკონომიკური და ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშე დადგება:
„არ მიმაჩნია, რომ ეს ფართომასშტაბიანი ომის პრელუდიაა. ეს უფრო მეტად პოლიტიკური ვაჭრობა და თურქული მხარის მიერ ისტერიის ხელოვნურად შექმნაა.
სხვათა შორის, აგრესიული განცხადება ერდოღანმა კი არა, მისი პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა, ანუ ამით ნიადაგი მოსინჯეს.
რუსული წყაროების ცნობით, რუსებს ჰქონდათ თურქეთის მიერ გადაცემული კოორდინატები იმის თაობაზე, თუ სად იმყოფებოდნენ თურქი ჯარისკაცები და იმ ადგილას, რომელიც დაიბომბა, თურქი ჯარისკაცები არ უნდა ყოფილიყვნენ.
წესით, ამ სქემის მიხედვით იქ უნდა ყოფილიყვნენ თურქული ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ თურქი ჯარისკაცებიც აღმოჩნდნენ.
მგონია, რომ ეს ისტერიის შექმნა ერთგვარი გამოწვევა და არასერიოზული ნაბიჯისთვის სამზადისია. მსოფლიოს იმის თავი არ აქვს, რომ სირიის გამო მესამე მსოფლიო ომი წამოიწყოს.
სირია პოლიგონია, სადაც მიმდინარეობს სამხედრო პოლიტიკური გამოცდილების მიღება, გარკვეული ტრენინგი. ეს ცინიკურად ჟღერს, მაგრამ არ ვიცი, სხვა რა სიტყვები გამოვიყენო.
მოკლედ, სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა იქ შექმნილი და ეს ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.
რაც შეეხება საქართველოს, იგი ეკონომიკური და ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც ძლიერ დარტყმებს მიიღებს იმიტომ, რომ აზიის მასშტაბით დევნილების გადაადგილება უკონტროლო გახდება.
ახლა ამ პროცესს თურქეთი აკონტროლებს და იქნება კორიდორები კორიდორებზე. თუ სირიელი დევნილები საქართველოში შემოვიდნენ, სერიოზული ჰუმანიტარული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით.
სხვა საკითხია, საქართველო ამ ლტოლვილებისთვის რამდენად მომხიბვლელი იქნება, ანუ შეიძლება, 1%-იც კი არ შემოვიდეს, მაგრამ მილიონის 1% საკმაოდ დიდი ციფრია.
ამიტომ ჰუმანიტარული გამოწვევა სერიოზულია, რადგან ეს ხალხი ხომ მარტო დევნილი არაა? _ ამ ხალხში ბევრია ისეთი, რომელსაც აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა აქვს თუნდაც რელიგიისა და ცხოვრების წესის მიმართ.
საქართველო სუსტი სახელმწიფოა და ასეთი გამოწვევების განეიტრალების საშუალება არ გააჩნია!
ხელისუფლებამ ხვალინდელ დღეზე უნდა იფიქროს, რომ, მაგალითად, მე არ მქონდეს უფლება, სხვა დროს ვთქვა, საქართველო სუსტი სახელმწიფოა-მეთქი“, _ განუცხადა ქართულ საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსს“ არეშიძემ.
სხვათა შორის, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გასული წლის შემოდგომაზეც გამწვავდა. კერძოდ, მაშინ თურქეთის „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავმა რუსული „სუ-24“ ჩამოაგდო. მომხდარს ვლადიმირ პუტინმა თურქეთის მიერ ზურგში მახვილის ჩაცემა უწოდა. ამასთან, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ თვითმფრინავი სირიის საჰაერო სივრცეში იყო. თურქეთი კი ამტკიცებდა, რუსულმა „სუ-24“-მა თურქეთის საჰაერო სუვერენიტეტი დაარღვიაო. მეტიც: ოფიციალური ანკარა აცხადებდა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავის პილოტი ხუთი წუთის განმავლობაში 10-ჯერ გააფრთხილა, რომ ქვეყნის ტერიტორიიდან გასულიყო, მაგრამ ვინაიდან ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილა, ჩამოგდების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.
გაბედავს თუ არა კრემლი ნატოს წევრ თურქეთზე თავდასხმას და რა არის საქართველოს როლი მეზობლების შესაძლო სამხედრო კონფლიქტში? _ ეს იყო კითხვა, რომელიც იმხანად ყველაზე ხშირად ისმოდა.
„ესკალაციის შესაძლებლობა მაშინ გაჩნდა, როცა რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაციის განხორციელება დაიწყო. ამ ტერიტორიაზე არსებობს კონფლიქტი, რომელშიც, გარკვეულწილად, ჩართულია როგორც დასავლეთი, ასევე თურქეთი, ანუ ამგვარი კონფლიქტის შესაძლებლობა რუსეთის გამო მაშინ შეიქმნა, როცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფრენა იქ დაიწყეს, სადაც მანამდე ნატოს თვითმფრინავები დაფრინავდნენ. რუსეთმა ეს რამდენიმე მოტივით გააკეთა. პირველი: მოსკოვს ასადის რეჟიმის შენარჩუნება სურდა; მეორე მოტივი კი უკრაინის მოვლენების გამო რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკურ და დიპლომატიურ იზოლაციასთან იყო დაკავშირებული, ანუ რუსეთმა სირიაში თავისი ჩართულობით სცადა, დასავლეთის ქვეყნებისთვის ეიძულებინა, რომ მასთან დიალოგი დაეწყოთ. ამასთან, კრემლს პრობლემებიდან საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გადაეტანა სურდა. თურქეთის მიერ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდება კი იმ სურათში არ ჯდება, რომლის დახატვაც პუტინს სურდა, ანუ პუტინის მიზნების საწინააღმდეგო რამ მოხდა. იმის ნაცვლად, რომ ახალი გამარჯვების შესახებ მოსკოვში პატაკები წასულიყო, ასეთი რამ ვიხილეთ, რითაც პუტინის პრესტიჟს დარტყმა მიადგა, მით უმეტეს, სრულიად აშკარაა, რომ თურქეთის ქმედებაზე რუსეთს სამხედრო პასუხი არ გააჩნია, _ აცხადებდა რამდენიმე წლის წინათ თურქეთში საქართველოს ყოფილი დესპანი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილ ელჩი, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროსი“ მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ბადრიძე და დასძენდა, _ ჩვენ ბევრის გაკეთება არ მოგვიწევს, რადგან თურქეთს რამის გაკეთება არ უთხოვია. ამასთან, ჩვენ ვალდებულება არ გვაქვს. სხვათა შორის, თურქეთი ის ქვეყანა არაა, რომელსაც რუსეთი გადაჯეგავს და ჩვენც ზედ მიგვაყოლებს, თუმცა, სამწუხაროდ, გართულების პოტენციალი არსებობს და ის, რომ ჩვენ ამ ორ ქვეყანას შორის ვართ, რასაკვირველია, რისკებს შეიცავს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვის უნდა ვგულშემატკივრობდეთ, ამაზე კითხვა, მგონი, არც უნდა დაისვას“.
ცნობისთვის: თურქეთი, აშშ-ის შემდეგ, ნატოს ყველაზე ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანაა, რომელსაც 410500 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს და ათასზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, აქედან 223 უმეტესად „F16“-ის ტიპის ამერიკული გამანადგურებელი აქვს, რომელსაც თავად აწარმოებს. მას ასევე აქვს ყველაზე ძლიერი სამხედრო ფლოტი როგორც შავ ზღვაზე, ისე ხმელთაშუა ზღვაში – სულ 115 ხომალდი. თურქეთს აქვს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის თანამედროვე სისტემაც.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, შესაძლოა ითქვას, რომ თურქეთი კარგადაა დაცული როგორც ჰაერიდან, ისე _ ზღვიდან და შესაბამისად, მასთან სამხედრო კონფლიქტი, წესით, არავის, მათ შორის, არც რუსეთს უნდა აწყობდეს, თუმცა ისტორიას თუ გადავხედავთ, რუსეთ-თურქეთის ომმა არაერთხელ იფეთქა. ამ ომების სტატისტიკა კი ასეთია:
1853 წელს რუსეთ-თურქეთის, ანუ ე. წ. ყირიმის ომი დაიწყო. ამ ომში თურქეთის მხარეს დადგა ინგლისი, საფრანგეთი და ნეაპოლის სამეფო. რუსეთი იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თურქეთმა და მისმა მოკავშირეებმა საბრძოლო ოპერაციები, ყირიმის გარდა, რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, კავკასიაშიც გააჩაღეს.
კავკასიას ერთ-ერთი ძირითადი ადგილი ეკავა თურქ-ოსმალთა დამპყრობლურ გეგმებში. თურქეთი არ შერიგებია საქართველოს ტერიტორიიდან განდევნას და ცდილობდა, დაებრუნებინა ადრე მიტაცებული მიწა-წყალი. ამ მხრივ მას მოკავშირეებიც აქეზებდნენ, რომელთა მიზანსაც ის წარმოადგენდა, რომ რუსეთს ფეხი ამოეკვეთა სომხეთიდან და საქართველოდან…
რუსეთ-თურქეთის ომების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, თვალში საცემი 1877-1878 წლების ომია, რომელსაც აჭარის საქართველოსთან დაბრუნება მოჰყვა.
„1877 წელს მეფის რუსეთსა და სულთანურ თურქეთს შორის ომი დაიწყო. ამ ომს ორივე მხრივ დამპყრობლური მიზნები ჰქონდა. რუსეთი ესწრაფოდა ბალკანეთის ქვეყნებსა და კავკასიაში თავისი ბატონობის განმტკიცებას და ახალი ტერიტორიების დაპყრობას. თურქეთი ცდილობდა, ჩაეხშო მის მიერ დაპყრობილი ბალკანური ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობა, ამასთან აღედგინა თავისი ადრინდელი ძლიერება და ბატონობა ბალკანეთსა და ამიერკავკასიაში.
ქართული საზოგადოებრიობა, იმის მიუხედავად, რომ ცარიზმისადმი მტრულად იყო განწყობილი, ამ ომში მის მხარეზე იდგა. ომში ქართველი ხალხი თურქ დამპყრობელთაგან ადრე მიტაცებული თავისი სამხრეთ მიწა-წყლის განთავისუფლებას მოელოდა. აჭარის იძულებით გამაჰმადიანებული მოსახლეობაც სულითა და გულით დედა-სამშობლოსკენ მიისწრაფოდა. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ პროვინციებში გაჩაღებული იყო ანტითურქული აჯანყებები.
ომის დაწყებისთანავე საქართველოში დაიწყო მოხალისე მოლაშქრეთა (მილიციის) რაზმების ჩამოყალიბება. საომარი ოპერაციები განვითარდა ბალკანეთსა და ამიერკავკასიაში. რუსეთის ჯარებმა ქართველ მოლაშქრეებთან ერთად გადალახა თურქეთის საზღვარი და ბრძოლა მის ტერიტორიაზე გადაიტანა. 1877 წლის 30 აპრილს მათ დაიკავეს ქ. ბაიაზეთი, შემდეგ ქ. არტაანი. აქ ბრძოლებში თავი ისახელეს მუსხელიშვილისა და მ. ამირეჯიბის სამხედრო ნაწილებმა. არტაანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ არტანუჯისა და ართვინის გავლით გზა ბათუმისკენ იხსნებოდა, მაგრამ კავკასიის არმიის სარდლობამ პირველი რიგის ამოცანად დასახა ყარსის ციხე-სიმაგრის დაკავება და ამ მიმართულებით შეუტია. ბათუმზე შეტევა ოზურგეთის მხრიდანაც მიმდინარეობდა, აღებულ იქნა მუხაესტატე და ხუცუბანი. ივნისში დიდი ბრძოლა გაიმართა ციხისძირთან, მაგრამ აქ გამარჯვება თურქებს დარჩათ. თურქეთმა ამავე პერიოდში შავი ზღვით დესანტი გადმოსხა გუდაუთაში და სოხუმს შეუტია. ოქუმის მიდამოებში მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. აქ მტერი დაამარცხა გენერალმა ალხაზიშვილმა რუს-ქართველთა ჯარით. თურქებისგან მან მალე გაწმინდა აფხაზეთის მთელი ტერიტორია.
1877 წლის 17-18 ნოემბერს კავკასიის ფრონტის ჯარებმა თურქებს გამოსტაცეს ყარსის ციხე-სიმაგრე. ეს იყო დიდმნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც არსებითად წყვეტდა ამ ფრონტის ბედ-იღბალს, მით უმეტეს, რომ შეტევა წარმოებდა ერზერუმის მიმართულებითაც.
ბათუმისთვის სამხედრო ოპერაციები ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. დეკემბერში კავკასიის არმიის ნაწილები შეიჭრნენ შავშეთში, 16 დეკემბერს დაკავებულ იქნა არტანუჯი.
ომის საბოლოო ბედი ბალკანეთის ფრონტმა გადაწყვიტა. პლევნას ციხე-სიმაგრის აღების შემდეგ რუსეთის ჯარებმა გადალახეს ბალკანეთის მთები და საომარი ოპერაციები გააჩაღეს ბულგარეთის ტერიტორიაზე. თურქთა არმიებმა სასტიკი მარცხი განიცადეს. რუსეთის არმია კონსტანტინოპოლს მიუახლოვდა. 1877 წლის 3 მარტს მეომარ მხარეთა შორის სან-სტეფანოში გაფორმდა საზავო ხელშეკრულება.
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება რუსეთის საზიანოდ ზოგიერთი ცვლილებით დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც 1878 წლის ივნისში შეიკრიბა. 13 ივლისს ხელმოწერილი „ბერლინის ტრაქტატით“ კავკასიაში რუსეთის მფლობელობაში გადავიდა ბათუმი, ყარსი და არდაგანი. ამრიგად, ოსმალთა მფლობელობისგან საბოლოოდ განთავისუფლდა აჭარა-ქობულეთის მიწა-წყალი, თუმცა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ძველ მდგომარეობაში დარჩა.
ზავზე ხელმოწერის მომენტში ბათუმი ისევ თურქთა ჯარს ეკავა. გულმოდგინედ მუშაობდნენ თურქეთის აგენტები, რათა აჭარის მუსლიმ მოსახლეობასა და ქართველებს შორის შუღლი გაეღვივებინათ, მაგრამ ვარაუდი ჩაეშალათ. აჭარის მოსახლეობამ განმათავისუფლებელ არმიას სრული სოლიდარობა გამოუცხადა. 1878 წლის 25 აგვისტოს კავკასიელი მოლაშქრენი ბათუმში შევიდნენ. ბათუმის ნავსადგური რუსეთის საბრძოლო ხომალდებმა დაიკავეს. ეს დღე ბათუმში დიდი ზეიმით აღინიშნა.
ქართული საზოგადოებრიობა მხურვალედ მიესალმა თურქთა უღლისაგან აჭარის განთავისუფლებას.
ბერლინის ხელშეკრულებამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა, _ წერდა იაკობ გოგებაშვილი გაზეთ „დროებაში“, _ ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად „მებრძოლი შავი ბედისა“, ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლებისა და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო დღეს ჩვენ შემოგვიერთდა“.
ქართველი საზოგადოებრიობა არ ზოგავდა სახსრებს, რომ აჭარელ მოსახლეობას მიშველებოდა. გროვდებოდა შეწირულობანი.
ილია ჭავჭავაძე აქეზებდა ხალხის ამ თაოსნობას და გაზეთ „ივერიაში“ წერდა:
„აბა, ქართველობავ, ახლა შენ იცი, როგორ დაანახებ თავს შენს ახლად შემოერთებულ ძმებსა!
ახლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპით ანდერძს: ძმა ძმისთვინა და შავი დღისთვისაო!“
ამ ნიშნით ჩატარდა თბილისში განთავისუფლებული აჭარის თავკაცთა სტუმრობა. შეხვედრაზე მხურვალე პატრიოტული სიტყვა წარმოთქვა გრიგოლ ორბელიანმა“, _ ვკითხულობთ საქართველოს ისტორიის ქრონიკებში.
ვერ ვიტყვით, რომ რუსეთ-თურქეთის ახლანდელი კონფლიქტი წინამორბედებს ჰგავს, ანუ ისტორია ერთი ერთში არ მეორდება, მაგრამ სამეზობლოში დაწყებული კონფლიქტი, გვინდა თუ არა, ჩვენზეც გარკვეულ გავლენას მოახდენს. ამიტომაც კარგი იქნება, თუ ხელისუფლება უსაფრთხოების გეგმას ამ მიმართულებითაც დაამუშავებს და მთელ ძალასა და ენერგიას მხოლოდ კორონავირუსთან ბრძოლაზე არ დახარჯავს!
ერთი სიტყვით, რუსეთ-თურქეთის სამხედრო კონფლიქტისა და იგივე კორონას პანდემიის საფრთხის გამო, როგორც იტყვიან, მაგარ შარში ვართ, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ პანიკას უნდა მივეცეთ! ჯობია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნებისმიერ გამოწვევას _ სამხედრო იქნება თუ ინფექციური _ მშვიდი გონებით შევხვდეთ!

გიორგი აბაშიძე

დატოვეთ კომენტარი