რატომ ტოვებენ საბავშვო ბაღის დირექტორები თანამდებობებს?

bagi

საბავშვო ბაღების დირექტორები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უპირისპირდებიან. სააგენტოში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ განხორციელებული ცვლილებები საბავშვო ბაღების დირექტორთა ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ბაღის დირექტორები აცხადებენ, რომ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელობა აიძულებს, ხელშეკრულება გაწყვიტონ აუდიტორული მომსახურების კომპანია „დაო+“-თან. შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ კომპანიას თბილისის საკრებულოს ფრაქცია `ქართული ოცნების~ თავმჯდომარე კორუფციაში ადანაშაულებდა. მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სპეციალურად თბილისის საბავშვო ბაღების აუდიტორული მომსახურებისთვის, შეიქმნა კომპანია „დაო+“. ამ კომპანიას დაწყებული აქვს ახალი ხელშეკრულებების გაფორმება ბუღალტრული და იურიდიული მომსახურებისთვის თითოეულ საბავშვო ბაღთან ყოველთვიური 400 ლარის გადახდის პირობით, მაშინ, როცა აქამდე ეს თანხა 250-300 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ხელშეკრულებები 2019 წლამდე ფორმდება, რაც ჯამში შეადგენს 3 მილიონ 792 ათას ლარს.

ბაღის დირექტორები აცხადებენ, რომ თუ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო „დაო+“ მათ სასამართლოში უჩივლებს, სააგენტოდან მოსული ზეპირი დირექტივები დირექტორებს პასუხისმგებლობისგან ვერ დაიცავს. დირექტორების ნაწილი დარწმუნებულია, რომ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე გაცემული დირექტივები ბაღების ძველი დირექტორების თავიდან მოსაშორებლად და მათ ნაცვლად სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავასა და მისი მოადგილის, გურამ კვეზერელის კადრების დასანიშნად არის გაცემული.

თბილისის ცენტრალურ რაიონში განთავსებული ერთ-ერთი ბაღის დირექტორი, კონფიდენციალობის გარანტიით, „ქრონიკა+“-ს სკანდალურ ინფორმაციას უმხელს.

სააგენტოს ახალი უფროსი, თემურ თორდინავა, გვაიძულებს, რომ აუდიტორული მომსახურების ფირმა „დაო+“-თან 2019 წლამდე დადებული ხელშეკრულებები გავწყვიტოთ. ჩვენთვის სულ ერთია, „დაო+“ მოგვემსახურება თუ სხვა კომპანია, მაგრამ ხელშეკრულების პირობებში წერია, რომ შეთანხმება შეიძლება დაირღვეს მხოლოდ ერთ-ერთი მხარის ლიკვიდაციის შემთხვევაში. საინტერესოა, ვინ დაიცავს ჩვენს უფლებებს, თუ ხელშეკრულების ვადაზე ადრე დარღვევის გამო „დაო+“ სასამართლოში გვიჩივლებს? სასამართლოსთვის სააგენტოს მიერ გაცემული ზეპირი დირექტივები არგუმენტად არ გამოდგება და გამტყუნებული ისევ ჩვენ დავრჩებით.

სააგენტოს უფროსს არაფრის გაგონება არ უნდა. პირდაპირ გვითხრა, _ არანაირ წინადადებებს არ მივიღებ და არ დაგინახოთ ჩემს კაბინეტში რამეზე შემოსულიო! არადა, გვაინტერესებს, თუ ხელშეკრულების დარღვევა უნდათ, შესაბამის ადმინისტრაციულ აქტებს რატომ არ გამოსცემენ? ეს მაფიქრებინებს, რომ „დაოს“ თემა „ძველი დირექტორების“ „გასაფუჭებლად“ შემოაგდეს, რადგან სააგენტოში უკვე მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ სამსახურის მაძიებელი კოორდინატორები და თორდინავას ჩვენი თავიდან მოსაშორებლად მიზეზი სჭირდება. დაახლოებით ოთხი წელია, რაც ბაღებს შტატიანი ბუღალტერი არ ჰყავთ და გაუგებარია, აუდიტორულ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საბუღალტრო საქმიანობას ვინ განახორციელებს? ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ერთ თვეში თავზე დაგვადგება საფინანსო პოლიცია და დირექტორს, მნეს და საქმის მწარმოებელს თანამდებობიდან ერთად გაგვათავისუფლებს. 160 ბაღში განთავისუფლებული სამ-სამი ადგილი „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება, მაგრამ რასაც წინა ხელისუფლებას უწუნებდნენ, თავად იგივეს არ უნდა იმეორებდნენ.

თუ ძველ დირექტორებს „ნაციონალებთან“ გვაიგივებენ, სააგენტოს დღევანდელი დირექტორის მოადგილე გურამ კვეზერელზე მეტი „ნაციონალი“ ვინ იყო?! სისტემაში წესრიგის დამყარება თუ უნდათ, „ნაციონალები“ „ოცნების“ არაკვალიფიციური ხალხით კი არ უნდა ჩაანაცვლონ, კონკურსი უნდა ჩაატარონ და კვალიფიციური კადრები შეარჩიონ.

საბავშვო ბაღებსა და ბაღების მართვის სააგენტოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ანტიკორუფციული კავშირის სკოლამდელი აღზრდის ექსპერტი. მზია ფაილოძე დარწმუნებულია, რომ სააგენტოს პრობლემა დილეტანტობასა და არაპროფესიონალიზმშია, რაც მათ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსაც ეტყობა.

მზია ფაილოძე:

_ ბოლო დღეების განმავლობაში უამრავი ბაღის დირექტორი დაგვიკავშირდა. ამ ადამიანების თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, გურამ კვეზერელი, მათგან „დაო+“-სთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას მოითხოვს. ეს ყველაფერი ზეპირი ბრძანების დონეზე ხდება და აინტერესებთ, რატომ არ გამოსცემს სააგენტო ოფიციალურ ბრძანებას „დაო+“-თან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და რატომ უნდა, რომ მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობა დირექტორებს დაეკისროს? ამ აუდიტორული კომპანიის მომსახურების მიმართ ბევრი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა, მაგრამ ხელშეკრულების შეწყვეტა ასე არ ხდება. ამის შესახებ მხარეს, სულ მცირე, ერთი თვით ადრე უნდა აცნობო, მერე უნდა მოძებნო კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს სუპერპინის პროგრამაზე მუშაობას.

სუპერპინი საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ ძალიან საჭირო პროგრამაა. საბავშვო ბაღებში მენიუ-ფაქტურებზე იმდენად რთული კალკულაცია ხორციელდება, რომ ამას ბუღალტრები ვერ დათვლიან, თუ პროგრამამ არ დაითვალა. ბაღების მართვის სააგენტოს დილეტანტი ხელმძღვანელები შესაბამისად ვერ აცნობიერებენ დაკისრებულ მოვალეობას და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით სისტემაში ქაოსსა და არეულობას ქმნიან. „დაო+“-ის მიმართ შეიძლება პრეტენზიები გვქონდეს, იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირი მომსახურება აქვს, მაგრამ კომპანია თავის ვალდებულებას კარგად ასრულებდა, სააგენტოს წინა ხელმძღვანელობა ამ თანხებს უპრობლემოდ ურიცხავდა და დირექტორებს თავიანთი საქმიანობის მშვიდად განხორციელების საშუალება ჰქონდათ. ახლა იმის ნაცვლად, რომ ბავშვებზე იზრუნონ და ახალი მეთოდოლოგიები შემოიტანონ, იმაზე ფიქრობენ, ვის შეასრულებინონ საბუღალტრო საქმიანობა.

დაახლოებით 4 წელია, რაც ბაღებს ბუღალტრის შტატი აღარ აქვს და ფორსმაჟორულ სიტუაციაში კვალიფიციური ბუღალტრების ძებნა ადვილი არ იქნება. რაც შეეხება საბუღალტრო პროგრამა სუპერპინს, ბაღის დირექტორებს მისი შეძენა სურდათ, მაგრამ მაღალი ფასის გამო (დაახლოებით 2000 ლარი ღირს) ვერ მოახერხეს. ამ პროგრამის გარეშე კი, ბუღალტრების საქმიანობა გამგეობებში საანგარიშოებზე რომ ითვლიდნენ, იმას დაემსგავსება. „დაო+“-თვის ნაუცბათევად ხელშეკრულების შეწყვეტას შესაძლოა მოყვეს უმძიმესი შედეგები, რაც შეიძლება ბაღის დირექტორის პასუხისმგებლობის საფუძველიც გახდეს. საბავშვო ბაღების დირექტორების 70%-თან ურთიერთობა მაქვს და ვიცი, რომ იმდენად სტრესულ მდგომარეობაში არიან, რომ ბევრი მათგანი თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებას აპირებს. სხვათა შორის, ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. პარასკევს სააგენტოში „დაო+“-თან დადებული ხელშეკრულებების გაუქმების თემაზე გამართული თათბირის შემდეგ ერთ-ერთი ბაღის დირექტორმა თანამდებობიდან წასვლის განცხადება დაწერა. მისი თქმით, ზეწოლისა და ტერორის პირობებში მუშაობა არ შეუძლია.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღის დირექტორებს შეზღუდვები შესყიდვების კუთხითაც დაუწესა. სააგენტოსთან შეთახმებისა და ინვოისების გამოწერის გარეშე ბაღის დირექტორს ნებისმიერი აქტივობის განხორციელება ეკრძალება.

ერთადერთი დადებითი, რაც წინა მთავრობამ სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით გააკეთა, ის იყო, რომ ბაღის დირექტორს ყოველთვის ჰქონდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ბიუჯეტის განკარგვის უფლება და ახლა ესეც შეეზღუდა. ამიერიდან ბაღში წყლის მილი გასკდება, მინა ჩატყდება თუ, უკაცრავად და, კანალიზაცია გაიჭედება, ბაღის დირექტორი თითსაც ვერ გაანძრევს, თუ სამი ინვოისი არ გამოწერა და სამუშაოების ჩატარება სააგენტოსთან არ შეათანხმა. სანამ დირექტორი სამ-სამ ინვოისს მოიძიებს და სააგენტოსთან შეათანხმებს, მანამდე ბავშვები გაყინულ და წყლით სავსე ოთახში უნდა ამყოფოს? შესყიდვის უფლება კი არა, ბაღის დირექტორს, სააგენტოსთან შეუთანხმებლად, ტექპერსონალის დანიშვნის უფლებაც კი აღარ აქვს. ყველაფერი იქით მიდის, რომ ძველი დირექტორები გარეთ გამოყარონ და თავიანთი ხალხი მოიყვანონ. სამწუხაროა, რომ დავით ნარმანიას გუნდი იმ შეცდომებს იმეორებს, რასაც წინამორბედებს უწუნებდა. ასეთი შეცდომები არ განმეორდებოდა, სააგენტოს ხელმძღვანელებად სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები რომ მოსულიყვნენ. იურისტებმა და ექიმებმა თავიანთი საქმე აკეთონ და ეს სფერო პედაგოგებს დაანებონ! თემურ თორდინავას სააგენტოში ერთი კადრი არ ჰყავს, რომელსაც სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ცოდნა ან გამოცდილება აქვს. ამდენი შეცდომაც აქედან მომდინარეობს.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ვურჩევ, თანხების დაზოგვისა და საკადრო პოლიტიკის სწორად წარმოებისთვის ბაღის დირექტორის მოადგილის შტატი გააუქმოს.

ამას წინათ, ერთი ბაღის დირექტორი ღამის 2 საათზე წამოაგდეს ლოგინიდან, _ შენი ბაღის ეზოში ძაღლი რატომ დარბისო? ამის მეტი პრობლემა სკოლამდელი აღზრდის სისტემას აღარ აქვს?! ღამით ძაღლების დევნას, სჯობს, იმაზე იფიქრონ, რომ, ბაღის წესდებით, დირექტორის მოადგილე სრულიად უფუნქციო და არასაჭირო კადრია და მის მოვალეობას ბაღის მეთოდისტი ასრულებს. თავის დროზე ეს შტატი `ნაციონალურმა მოძრაობამ~ თავისი ხალხის დასასაქმებლად დაუშვა. ეს ყოველწლიურად წყალში გადაყრილი მილიონ 337 000 ლარია. ამ თანხის დაზოგვით სრულიად შესაძლებელია წელიწადში ერთი საბავშვო ბაღის აშენება, ან 4-5 დახურული ბაღის შენობის რეაბილიტაცია. ახლა სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, რომელი მეტი სიკეთის მომტანი იქნება სკოლამდელი აღზრდის სისტემისთვის _ კვალიფიციური დირექტორების დევნა და შევიწროება, თუ სრულიად უფუნქციო დირექტორის მოადგილეების გაშვება?

ამ დროისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს უმაღლესი განათლების არმქონე დირექტორის მოადგილეები, მაგრამ მე-15 საბავშვო ბაღში დანიშნეს საშუალო განათლების მქონე მასწავლებელი. წინა ხელისუფლების დროს ბაღების მართვის სააგენტოს რამდენჯერმე მივმართეთ ბაღების დირექტორების განათლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით, მაგრამ უარი მივიღეთ იმ მოტივით, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ვიცი, რომ დღეს მოქმედი დირექტორების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს ყალბი უმაღლესი განათლების დიპლომი. აი, ასეთები მოიძიონ და გაუშვან, მაგრამ მათ ნაცვლად „ქართული ოცნების“ კოორდინატორები კი არა, ისეთი ხალხი უნდა მოიყვანონ, სკოლამდელი აღზრდის სისტემაზე ზოგადი წარმოდგენა მაინც რომ აქვს და ფსიქოლოგიის კურსი მაინც გაუვლია. ყოვლად დაუშვებელია ამ სფეროს პოლიტიზება და სააგენტოს დღევანდელი ხელმძღვანელობა თუ ამ გზას აირჩევს, ეს სისტემაში ნგრევისა და ქაოსის გარდა არაფრის მომტანი არ იქნება.

საბავშვო ბაღების დირექტორებისა და მათი უფლებადამცველების ბრალდებებზე კომენტარისთვის „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა დაკავშირებოდა ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობას. სააგენტოს უფროსის, თემურ თორდინავას თანაშემწის _ შორენა ქურდაძის მობილური ტელეფონი მომსახურების ზონიდან გასული იყო, ხოლო უფროსის მოადგილე _ გურამ კვეზერელი ჩვენს ზარებს, უბრალოდ, არ პასუხობდა.

                                                                                                         ნელი თორდია