„მოცეკვავე ადვოკატის“ კარიერული კიბე

ერთი კარგი ქართული ანდაზაა, _ როგორც ყველაფერი არ ითქმება, ისე ყველაფერი არ იჭმევა…
და თუ ყველაფერს ამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერსაც ჭამ და თუ იმასაც ამბობ, რაც ტყუილია ან საკუთარი ინტერესის გამო ყველაფერზე წამსვლელი ხარ, მაშინ უკვე შენზე ხელი უნდა ჩაიქნიოს კაცმა და იქ მორალზე აღარ ისაუბროს, სადაც აზრი არ აქვს…

დიდი ხანი ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატია…
ბოლოს, გადავწყვიტე და გადაწყვეტილება ისევ „მოცეკვავე ადვოკატის“ უტიფარმა განცხადებებმა მიმაღებინა.
მე აქ მოვყვები არა რამე ახალ ამბავს, არამედ მარიტა, იგივე მარიამ კუბლაშვილის მიერ გავრცელებული და გახმაურებული ამბების ანატომიას გამოვფენ, რადგან ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, რამდენი მითი და ლეგენდა შექმნა ქალმა საკუთარ თავზე, რამდენჯერ შეურაცხყო საკუთარი ოჯახის წევრები, რამდენჯერ მოყვა მათზე ამბებს უგუნურად, რამდენჯერ დასწამა ცილი მათ და დააბრალა ძალადობა… რამდენჯერ ისპეკულიანტა და თქვა, რომ უსახლკაროდ დარჩნენ… როგორ გამოუშვა საკუთარი გამზრდელი ბებია სახლიდან, იმ სახლიდან, რომელიც ბებიამ თავად ააშენა… როგორ ედავებოდა საკუთარ ბიძას ქონების ჩამორთმევით. არის თუ არა მარიამ კუბლაშვილი მართლა ქისტი… იყენებს თუ არა შირმად დედის მხრიდან ბაბუის წამომავლობას… და რისთვის სჭირდება ამდენი სპეკულაცია და ტყუილი?..
საბოლო ჯამში, რამდენი დიპლომი აქვს?! როგორ შეძლო, რომ სამ წელიწადში ესწავლა ორი ბაკალავრიატის სხვადასხვა სპეციალობაზე, ამავე დროს, დაემთავრებინა მაგისტრატურა და სტუდენტობის პერიოდშივე გამხდარიყო ადვოკატი?..
თანმიმდევრულად მივყვეთ, რას წერენ მასზე მედიაში და რა არის აქედან სიმართლე:
პირველად მსახიობმა ია ფარულავამ ისაუბრა თავის პოსტში მარიამ კუბლაშვილის ბიზნესის სქემაზე:
„მარიამ კუბლაშვილის კანტორიდან, სახელად „ლაქშერი კოსმეტიკი“, რომელიც იგივე ყოფილა, რაც „დეშელი“, ქალბატონებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ია ფარულავა არის ჩვენი მომხმარებელი. ეს სრული სიცრუეა, არ დაიჯეროთ, მაგათ ვაჩვენებ მე სეირს… წლებია, „ნატალი ანტი ეიჯ კლინიკის“ სახე ვარ და „ჟერმენ და კაპუჩინის“ გარდა სხვა ბრენდს არ ვხმარობ… თუმცა ერთმა ქალბატონმა თავისი გაკეთებული სახის საცხი გამასიჯნა და… დანარჩენს ხვალ დავწერ.
ყველაზე მაგარი ისაა, თავად კუბლაშვილი ამბობს, რომ არ იცის, ვინ აკეთებს ამას და რომ მის სახელს იყენებენ“;
„თბილისში არ ვიყავი, თორემ შენი სიყვარულით მივიდოდი“;
„მარიამ კუბლაშვილი ძალიან სასიამოვნო გოგოა და მიკვირს, რატომ მისცა მის თანამშრომლებს მარკეტინგში ტყუილის გარევის უფლება… ტყუილი ანგრევს და ანადგურებს ბიზნესს“, _ ვკითხულობთ სტატუსის კომენტარებში.

იას სტატუსის შემდეგ მოდელი ნინო ორდენიძე წერს, რომ მასაც დაურეკეს „დეშელიდან“:
„ვაიმე, ია, შენი სახელი რომ მიხსენეს, გავუგრძელე საუბარი, მომერიდა მეთქვა, არ მინდა-მეთქი! გამომკითხეს, როგორი ტიპის კანი გაქვს და ა. შ. აი, მაიმუნი გავხდი და მერე დამირეკეს, მოხვდით აქციაშიო! თქვენ ხართ ყველაზე იღბლიანიო! მანდ მივხვდი, რაც ხდებოდა“.

მსახიობის სკანდალური სტატუსის შემდეგ, მოგვიანებით, მარიამმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კომპანია „დეშელის“ შესახებ ცნობილი სახეები საუბრობენ.
ვიდეოს თან ახლავს სტატუსი, _ მარიტა მომხდართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ის, უბრალოდ, კომპანიის დირექტორია და არა მფლობელი:
„თუ პირადი სამიზნე მე ვარ, მაშინ კომპანია შეგეშალათ, მე ნამდვილად მეკუთვნის კომპანია „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი“, _ წერს ადვოკატი.
კუბლაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა არა თავისი მოგებული პროცესებით, არამედ კოსმეტიკური ფირმით და ცეკვით.
Intermedia მასზე დაკვეთილ სტატიას აქვეყნებს და ჰყვება:
„გოგონა წარმოშობით პანკისელი ქისტია. მამის გარდაცვალების შემდეგ ბიძამ ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა. დედა ორ შვილთან ერთად ქირით, ხანაც ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა. იურისტობა კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად გადაწყვიტა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მიზანს ვერ მიაღწია. საკუთარი წარმომავლობით ამაყობს, თუმცა იქაურ წეს-ჩვეულებებს ვერ ეგუება“.
ეს ეპიზოდი ტყუილია, რადგან მამის გარდაცვალების დროს მარიამის ოჯახის უახლოესი ნათესავები ამბობენ, რომ მშობლები განქორწინებულები იყვნენ, მამის დაკრძალვას ბავშვები დაესწრნენ, ხოლო მამის დაკრძალვის შემდეგ ბიძამ მარიამის ბებია ძველ სახლში გადაიყვანა, ხოლო მარიამს, მის ძმასა და დედას ბებიის მიერ აშენებული ბინა დაუტოვა ახმეტის ცენტრში, სადაც ისინი იზრდებოდნენ. მოგვიანებით ბიძამ, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, დედა დაკრძალა და ის ძველი სახლიც გაყიდა, მიზეზი კი ერთი იყო _ იმ ძველი სახლიდანაც ითხოვდნენ წილს.
რაც შეეხება მის ქისტურ წარმოშობას, მარიამის დედა თავად ამბობს, რომ იშვიათად იყო პანკისში, რადგან მარიამის პაპა ახმეტაში ცხოვრობდა და მათ ჩეჩნური ენაც კი არ იცოდნენ. კუბლაშვილების ოჯახი ჩვეულებრივი ქრისტიანული ოჯახი იყო, სადაც ქისტური ადათ-წესები არ ვრცელდებოდა. მისი დედა ნამდვილად წარმოშობით ქისტია, მაგრამ არასდროს უცხოვრია მათი ტრადიციებით.
18 წლის ასაკში გათხოვდა, მომავალი მეუღლე მხოლოდ ორჯერ ჰყავდა ნანახი: „მან, ფაქტობრივად, მომიტაცა. ძმის შიშით სახლში ვერ დავბრუნდებოდი, თან ეს არც მინდოდა, მიყვარდა. რამდენიმე თვის იყო ჩვენი შვილი, ქმარი ამერიკაში სავარჯიშოდ რომ წავიდა ორი კვირით და აღარ დაბრუნდა“, _ გვიამბობს მარიამი.
დაუღალავი შრომისა და მონდომების წყალობით ღია ცის ქვეშ დარჩენილმა ბინის პირველადი შენატანის გადახდა შეძლო. როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა გადაწყვიტა, ოჯახმა ზურგი აქცია. მარიამის ძმას იმდენად ცუდი რეაქცია ჰქონდა, რომ გოგონა იძულებული გახდა, საკუთარი სახსრებით ნაყიდი სახლიდან ნაქირავებ ბინაში გადასულიყო. „ძმამ კი მომწერა, რომ ამას არ მაპატიებს. თუ ჩეჩნური წესით აპირებს ჩემზე შურისძიებას, ანდერძს დავტოვებ, რომ ცუდის გაკეთება არ მინდა, უბრალოდ მსურს, დავამტკიცო, რომ მონდომებას შედეგი მოაქვს და მიუღწეველი არაფერია“, _ გვიამბო მარიამმა. გოგონამ შრომისა და მონდომების წყალობით მიზანს მიაღწია. მარიამს პროექტში გამარჯვება ოჯახის დაკარგვად დაუჯდა“.
არადა, არასდროს დაუკარგავს ის ოჯახს _ არც დედას და არც ძმას…
ახმეტაში ფიქრობენ, რომ მარიამი მრავალი წელია ცდილობს ძმის დისკრედიტაციას, რასაც მისი ძმა ძალიან განიცდის.
მისი ძმის ცხოვრება რთული იყო. იგი მოჭიდავეების აქციაზე დაიჭირეს და მართლა არადამიანურად მოექცნენ. თუმცა დღემდე რჩება ერთი კითხვა, _ მისი ძმა კი არა, სხვა უნდა დაეკავებინათ და რატომ აღმოჩნდა სხვის ნაცვლად ის საშინელ ციხეში? რა ვერ აპატია ძმამ ოჯახს ან სისტემას? რატომ არ დაიცვა ძმის ინტერესები დამ იმ დროს, როცა იგი უკანონოდ დაკავეს და სხვის ნაცვლად დასაჯეს, თუ სხვისი დანაშაული აიღო საკუთარ თავზე ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ამ საშინელმა პერიოდმა ოჯახიც დაუნგრია და ცხოვრებაც დაუშალა…

რის ფასად დაუჯდა მარიამ კუბლაშვილს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვება?

მას ადვოკატთა ასოციაცა მხარში ამოუდგა. ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე კი ვკითხულობთ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიმართვას.
10 ივნისი, 2014 წელი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიმართვა ადვოკატებს: დავირაზმოთ მარიამ კუბლაშვილის გასამარჯვებლად.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მშვენება, ადვოკატი მარიამ კუბლაშილი, მონაწილეობს კონკურსში ტელეკომპანია „იმედზე“ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. განვლილმა ტურებმა აჩვენა, რომ მარიამ კუბლაშვილი ყველა მონაწილე კონკურსანტზე მეტად პროგრესირებს და აქვს უდიდესი შანსი, გახდეს გამარჯვებული. მოგიწოდებთ ადვოკატებს, დავირაზმოთ მარიამ კუბლაშვილის გასამარჯვებლად და დავუმესიჯოთ ყველამ ერთად ნომერზე 95 105.
კუბლაშვილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა: მედია გამოცემა „მირორი“ წერს ჯეკ შეფარდის ქართველი ადვოკატის შესახებ, რომელიც ყოფილი მოდელი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ყოფილი მონაწილეა. გამოცემის თქმით, „ჯეკ შეფარდმა დაიქირავა გლამურული ადვოკატი, რომელიც „ბიბისის“ ჰიტი შოუს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე იყო. გამოცემა აქვეყნებს ვიდეოს „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ და ასევე მარიამ კუბლაშვილის ფოტოს.
იმავეს წერს კიდევ ერთი ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun : „იმისთვის, რომ ექსტრადიციას თავი აარიდოს, შეფარდი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ყოფილ მონაწილე ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს 15 000 ფუნტზე მეტს გადაუხდის“.
როგორც The Sun წერს, მარიამ კუბლაშვილი თავის ქვეყანაში ვარსკვლავია:
„მის კუბლაშვილი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ცნობილი სახე მას შემდეგ გახდა, რაც 2014 წელს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა“.
რა უხერხულია, როცა მსოფლიო მედია ადვოკატის კვალიფიკაციას მხოლოდ მისი ცეკვით აფასებს…
ვექილობა კუბლაშვილისთვის ისეთივე ბიზნესია, როგორც კოსმეტიკის გაყიდვა. ის ყიდის არა სამართლის პროდუქტს, არამედ ატარებს შოუს… მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოდან გაქცევასაც კი აპირებდა ახლა ხელისუფლების მთავარი უფლებადამცველია. არადა, 2016 წელს სხვა ნოტზე უკრავდა:
„ბიზნესი დაიძირა და დაიხრჩო ქვეყანაში! კატასტროფა ხდება. ვინც ამ სფეროში არაა და დიდი ვალდებულებები არ აქვს ნაკისრი, ამას ჯერ ვერ ხვდება… უბრალოდ, ლოგიკურად იცის, რა ცუდია, რაც ხდება… პირველად ვფიქრობ ამ ქვეყნიდან გაქცევას! გამოუვალი მდგომარეობაა“.
ნეტავ, ახლა რა მდგომარეობაშია?
მარიამ კუბლაშვილი ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია. მასზე ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ:
„მარიამ კუბლაშვილი 2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. იგი იყო ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი და შემდგომში მისი თავმჯდომარე.
მარიამ კუბლაშვილმა 2007 წელს დაამთავრა ქ. ახმეტის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (საბიუჯეტო სექტორი, 100% სახელმწიფო გრანტი), სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უცხო ენების სპეციალიზაციით. 2008-2010 წელს მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის დიპლომი. 2016-2017 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ GIPA-ს დიპლომი, _ ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება;
მარიამმა თავისი პროფესიული განვითარება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სტაჟირებით დაიწყო 2007-2008 წლებში. ამავე წელს სამართლის ეროვნულ ოლიმპიადაში ჯილდო მიიღო. 2008 წლის მაისში ჩააბარა ადვოკატის გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 2009 წლის ივნისში ჩააბარა ადვოკატის გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2009-2010 წლებში აიმაღლა კვალიფიკაცია ქ. მილანის ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ ბიუროში _ Fumagalli, Grando E Assicuati . პარალელურად გახლდათ შვეიცარიაში, საფეხბურთო გუნდ ACB Berlincona -ს იურისტი. 2009-2010 წლებში იყო თბილისის იურიდიული ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2010 წლიდან დააფუძნა საკუთარი იურიდიული ბიურო „კუბლაშვილი და პარტნიორები“. 2012 წლიდან _ დღემდე საერთაშორისო კომპანია „დუტი ფრი ალიანსის“ მთავარი იურისტია; 2014 წლიდან სილიკო-მარგანეცის გადამამუშავებელი საწარმოს (შპს „მეტალოლამი“) მთავარი იურისტია. გაიარა პრაქტიკული კურსი სისხლის სამართლის სპეციალობით MR. G. Szeged -ის საადვოკატო ბიუროში. ჰოლანდია. ქ. როტერდამი, 2015 წელი. 2016 წელს მიენიჭა წლის სპეციალისტის წოდება ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მიერ.
ფლობს საქართველოს პარლამენტის პირველი ხარისხის დიპლომს საკონკურსო პროგრამაში „ვსწავლობ დემოკრატიას გამარჯვებისთვის“; ევროპული აკადემიის საერთაშორისოდ აღიარებულ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა ILEC იურისტებისთვის (B2 დონე) და სხვა სერტიფიკატებს. აქვს 10-წლიანი უწყვეტი საადვოკატო პრაქტიკა, ადმინისტრაციული, სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სპეციალობით“.
უცნაურია, 1985 წელს დაბადებულმა მარიამმა მხოლოდ 2007 წელს შეძლო საჯარო სკოლის დასრულება?
და 2007-დან 2010-მდე დაასრულა სამი ბაკალავრიატის სხვადასხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის კურსები… ამავე წელს, რატომღაც, დაასრულა მაგისტრატურაც… გახდა ადვოკატიც, იყო სასამართლოში სტაჟიორიც….
რაღაც ვერ არის აქ ყველაფერი კარგად… და გაგრძელებაც იქნება…

მაკა მოსიაშვილი