თამარ კორძაია: „ხელისუფლება დანაშაულებრივ გარიგებაშია ბიძინა ივანიშვილთან“

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, ჯერ კიდევ, არ დასრულებულა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ბურთი ოპოზიციის მხარეს იყო, თუმცა ბურთი აშკარად ხელისუფლების მხარესაა და, ჯერჯერობით, უპირატესობა მმართველ გუნდს აქვს, რომელმაც არც დასავლეთის კრიტიკული წერილები და არც საერთაშორისო საზოგადოების მითითება არ გაითვალისწინა და არ დასთანხმდა სრულად პროპორციულ სისტემას. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს, მათ შორის, შერეული საარჩევნო სისტემის დარჩენის შემთხვევაში მოლაპარაკებები დაიწყეს ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე, თუმცა რამდენად შეძლებენ კონსენსუსის მიღწევას, ეს, ჯერ კიდევ, გაურკვეველია.

უფრო კონკრეტულად, როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა? რაზეა გათვლილი 4 აპრილის აქცია და რას გეგმავენ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში?
ამ თემებზე „ქრონიკა+“ რესპუბლიკური პარტიის წევრ თამარ კორძაიას ესაუბრა:

_ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ფაქტობრივად, მოლაპრაკების მაგიდიდან დააკავეს. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და რა პოლიტიკური მოცემულობის წინაშე აღმოჩნდა ოპოზიცია ამ რეალობის შემდეგ?
_ თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, „ქართულმა ოცნებამ“ უგულავას დაჭერით ყველას დაუდასტურა, მათ შორის, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პოლიტიკური მოტივაციით, იგივე დანაშაულისთვის, უკვე სასჯელმოხდილებს, ციხეში სვამს. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტმა მხოლოდ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს კი არა, მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, დაანახა საქართველოში რეალურად არსებული ვითარება. ეს, ბუნებრივია, შეცვლიდა დამოკიდებულებას სახელისუფლებო პარტიის მიმართ. თუმცა მუდმივად იყო ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გამჭოლი ხაზი ამ პერიპეტიებში, რომელიც საარჩევნო ცვლილებებს ეხება, _ ის, რომ უმცირესობით მოსული პოლიტიკური პარტია არ უნდა იღებდეს უმრავლესობას პარლამენტში და არ უნდა ჰქონდეს მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, მთელი ამ მოლაპარაკებების პერიოდში ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობდა, რომ ნებისმიერი მოდელი შეემუშავებინა, რომელიც უზრუნველყოფდა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალთა ბალანსის პირობებში, მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რომ ერთპარტიულად მოქმედების უფლება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონოდა, თუ ის ამომრჩეველთა 40%-ზე მეტ ხმას არ მიიღებდა. ოპოზიციის მხრიდან, ხელისუფლებასთან მიმართებით, ამაზე სამართლიანი შეთავაზება წარმოუდგენელია, არსებობდეს, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა ხელისუფლება და განსაკუთრებით, უკანასკნელ პერიოდში, „ქართული ოცნება“, მზად არის აიღოს 30%-მდე ხმები, შეავსოს მაჟორიტარებით და ასე ჩამოაყლიბოს მთავრობა. პროპორციული წარმომადგენლობა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების, ამომრჩევლების ნების შესაბამისი პროპორცია იყოს დაცული პარლამენტშიც და მთავრობაშიც. შესაბამისად, 40%-ის შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე პარტია აიღებს ამ რაოდენობის ხმას, ოპოზიცია ჯამურად უფრო მეტია, ვიდრე სახელისუფლებო გუნდი, მაგრამ ოპოზიცია დათმობაზე მიდის და ამბობს, რომ თუ რომელიმე პარტია 40%-ზე მეტს მიიღებს, ჩამოაყალიბოს მთავრობა, რათა ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს. მაგრამ ამ მოლაპარაკებებმა ერთი რამ აჩვენა: „ქართულ ოცნებას“ ესეც კი არ უნდა. ამაზე სამართლიანი რა შეიძლება შესთავაზოს ოპოზიციამ ხელისუფლებას, როცა ოპოზიციის ხმების ჯამი იქნება 60%-მდე, ხოლო რომელიმე პოლიტიკური პარტიის _ 40 ან 41% და ამ უმცირესობას ამ ოდენობით ექნება შესაძლებლობა, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. ეს არის ძალიან სამართლიანი შეთავაზება და, ამასთანავე, იგი ითვალისწინებს იმ კომპონენტს, რაზედაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თითქოს ოპოზიციას არ ადარდებს ქვეყნის განვითარება, ქაოსი უნდა, არ სურს, რომ მთავრობა ჩამოყალიბდეს და ა. შ., მსგავს კომენტარებს ვისმენთ მათგან. უკაცრავად, მაგრამ თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს უნარი აიღოს 40%-ზე მეტი, ის ამ პირობას უნდა დასთანხმდეს. ამერიკის ელჩთან შეხვედრა, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, ასევე წარუმატებლად დასრულდა იმიტომ, რომ ხელისუფლება იმ შემოთავაზებას, რასაც ახლა მე ვამბობ, არ დასთანხმდა. კიდევ ერთი პირობა ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებისთვის არის ის, რომ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლოს. ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ 20 ივნისს და დაკავებულები არიან სრულიად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად, ისინი უნდა განთავისუფლდნენ. ხელისუფლება ამასაც არ თმობს, აქედან გამომდინარე, ცალსახაა: „ქართული ოცნება“ გადავიდა ძალადობაზე, ხელისუფლებით ტკბობაზე, თვითნებობაზე და ამ პირობებში აპირებს არჩევნების ჩატარებას, თუმცა ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო შეფასებები და იმის აღნიშვნა, რომ ისინი ძალიან იმედგაცრუებულები არიან „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მოქალაქეების მოტყუებით, ხელისუფლებაზე რაიმე ტიპის გავლენას მოახდენს.
_ მიუხედავად დასავლეთის მწვავე კრიტიკისა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ გაითვალისწინა და სწორედ ამ ფონზე დაიჭირა უგულავა. რატომ აძლევს მმართველი ძალა ამის უფლებას თავს, იმიტომ ხომ არა, რომ ოპოზიცია მაინც ვერ შეძლებს საპროტესტო მუხტის აგორებას? „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დაითვალა თავები აქციებზე.
_ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით შემთხვევით არ მიხსენებია სიტვები: ძალადობა, თავხედობა, თვითნებობა და ა. შ. როდესაც ხელისუფლება თავების დათვლას იწყებს, მას ეტყობა, რომ ის უკვე კრიზისშია. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის, რომ უმცირესობასთან კონსენსუსი ხელისუფლების ვალდებულებაა. ეს რომ ვერ გაიგო, იმიტომაც მიიღო ასეთი ტიპის მწვავე შეფასებები და მითითებები დასავლეთისგან. ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ ვითარებაში უმცირესობასთან კონსენსუსი ეს არის ხელისუფლების ვალდებულება. თუ „ქართული ოცნება“ ამას არ გააცნობიერებს, რა თქმა უნდა, ცუდად დაასრულებს. ხელისუფლება თვითონ არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, ის ბიძინა ივანიშვილის ნებას ემორჩილება. ხელისუფლება არათუ მონაა ივანიშვილის, არამედ დანაშაულებრივ გარიგებაშია მასთან. ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ინფორმაციას, რომ მაგალითად: ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო თავისი ქონების გადაფორმება სხვა ადამიანებზე. ასევე სრულიად არაკომპეტენტური, სამარცხვინო შედარებებით ფინანსთა მინისტრი გვეუბნება, რატომაც უნდა გაიყიდოს რკინიგზა, თურმე კერძოა წყალი, ელექტროენერგია. თბილად გვიხსნის, რომ სრულიად არ არის მნიშვნელოვანი მატარებლის ჩავლა სადღაც. ასე რომ გველაპარაკება, შეურაცხყოფას გვაყენებს, რადგან ფიქრობს, რომ მოქალაქეები მხოლოდ ამ დონეზე განვიხილავთ რკინიგზას, როგორც სტრატეგიულ ობიექტს. ასეთ პირობებში ხელისუფლება დანაშაულებრივად მოქმედებს სახელმწიფო სტრატეგიულ ინტერესებთან, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასთან დაკავშრებით. ერთადერთი, ვის მიმართაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას ავლენს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომაც ვაკეთებ ასეთ შეფასებას, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილთან დანაშაულებრივ შეთქმულებაშია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
_ თქვენ რაზედაც ისაუბრეთ, ამას საზოგადოება ხედავს. მმართველი გუნდი თავიდანვე აცხადებდა, რომ არჩევნებს არა რომელიმე საარჩევნო სისტემა, არამედ ხალხის ნდობა იგებს. აქედან გამომდინარე, რატომ არის გადამწყვეტი ოპოზიციისთვის პროპორციული არჩევნები?
_ პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე ადეკვატურად და დაახლოებული სიზუსტით ასახავს მოქალაქეთა არჩევანს, ანუ მათ გემოვნებას. თუ არსებობს 10 000 მოქალაქე, რომელსაც მოსწონს, მაგალითად, რესპუბლიკური პარტია, ამ 10 000 ამომრჩეველს ადეკვატური წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში. 0.67% საჭიროა იმისთვის, რომ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტში 1 წარმომადგენელი ჰყავდეს, ე. ი. ამ ერთი ადამიანის ამომრჩეველს უკვე ესმის, რომ მისი ხმა არ დაიკარგა. არჩევნებზე ხშირად გსმენიათ, რომ სხვადასხვა პარტიის მისამართით ამბობენ: „ძალიან მომწონს თქვენი პარტია, მაგრამ ხმა რომ მოგცეთ, ჩემი ხმა დაიკარგება“. მოქალაქეებს, იმის განცდა და აღქმა რომ ჰქონდეთ, მათი ხმა გადამწყვეტია, ამას პროპორციული არჩევნები სჭირდება, რათა მათ ნათლად დაინახონ კავშირი საკუთარ ერთ ხმასა და საკანონმდებო ორგანოს ჩამოყალიბებას შორის. ამიტომ არის ყველაზე კარგი პროპორციული არჩევანი. პარლამენტი ზუსტად იმიტომ არსებობს, რომ პრობლემის გამოჩენისთანავე შესაბამისად შეცვალოს კანონმდებლობა. პრაქტიკამ გვანახა, რომ ეს შერეული სისტემა საქართველოში არ მუშაობს, ამ სისტემამ, თავის დროზე, შევარდნაძეს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ კლანური ხელისუფლება ჩამოეყალიბებინა, სააკაშვილს შესაძლებლობა მისცა, რომ კლანური, ერთპიროვნული მმართველობა ჩამოეყალიბებინა და „ქართულ ოცნებასაც“ მისცა შესაძლებლობა, რომ ასევე ერთპარტიული მმართველობა ჩამოეყალიბებინა. ძალიან მარტივია ამ ქრონოლოგიის დანახვა და ერთპარტიული მმართველობა, საბოლოო ჯამში, სანამდე მიდის. უკვე 8 წელი იწურება და ამას ძალიან კარგად ვხედავთ. ერთპარტიული მმართველობა საბოლოოდ მიდის თვითნებობამდე, ელიტურ კორუფციამდე, მოქალაქეების გაღარიბებამდე, სასტიკ სოციალურ პრობლემებამდე და ადამიანის ინდივიდის უგულებელყოფამდე. ამიტომ, ამ ორი კომპონენტიდან გამომდინარე, პირველი და მთავარი არის ის, რომ პარლამენტის შემადგენლობა იქნება მოქალაქის მიერ მიცემული ხმის ადეკვატური; და მეორე: ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ შერეული სისტემა გამანადგურებელია ჩვენს რეალობაში, საჭიროა პროპორციული საარჩევნო სისტემა. ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდა და ვერ გავცდით ისეთ დისკუსიებს, როგორიც არის ერთმანეთის გაქილიკება, პიროვნული მითითებები და ვერ მივაღწიეთ პოლიტიკურ თემებზე მაღალი ხარისხის პოლიტიკურ მსჯელობებს, ვერ მივაღწიეთ, ერთპარტიული მმართველობის დროს სუსტ და ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკურ კონსენსუსს. მხოლოდ მკლავჭიდს ვიყინებთ მათ შორის, სადაც ძლიერი ყოველთვის ამარცხებს სუსტ პარტიას.
_ გასაგებია პროპორციულის მნიშვნელობა, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერ შედგა. ოპოზიციურმა სპექტრმა უგულავას დაჭერის შემდეგ აქცია 4 აპრილს დააანონსეთ, რასაც საზოგადოების ნაწილის უარყოფითი შეფასება მოყვა. რატომ არ ჰქონდა დროული რეაგირება ოპოზიციას?
_ ცხელ გულზე რომ არ გამოვხტით, პირიქით, ვფიქრობ, ეს დადებით შეფასებას იმსახურებდა _ რაღაც ეტაპზე ემოციებიდან რაციონალურ გადაწყვეტილებებამდე ხომ უნდა გადავიდეთ. წეღან სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ ამ ქვეყანაში ვერ მივაღწიეთ არაემოციურ, გაცნობიერებულ პოლიტიკას. ოპოზიცია გაცილებით მეტ გონს ავლენს, ვიდრე ხელისუფლება და ოპოზიცია არ ფიქრობს, რომ ცხელ გულზე გამოვარდეს, გამოიყვანოს ხალხი, რომელმაც რევოლუციური ყიჟინა უნდა დასცხოს, _ ეს როგორ შეიძლება, უარყოფითად შეფასდეს. ვფიქრობ, რომ ძალიან გონივრული გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ იმ თვალსაზრისით, რომ პროცესები, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ელაპარაკებიან და 4 აპრილს დაიგეგმა ერთ-ერთი აქცია. მანამდე, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ რომელიმე მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა მეეჭვება. თუმცა მიუხედავად ამისა, მოთხოვნა დაკმაყოფილდება თუ არა, ოპოზიცია მოქალაქეებს ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველგვარი ზედმეტი ემოციის გარეშე, რომელმაც შეიძლება, შფოთი შეიტანოს საზოგადოებაში, ვიყოთ პრინციპულები ჩვენს მოთხოვნაში და ეს პრინციპული მოთხოვნა დავუკავშიროთ კონკრეტულ თარიღს. ამიტომ 4 აპრილი ეს არის თარიღი, რომელსაც წინ უძღვის საქმიანობა ამ აქციის ორგანიზებისთვის.
_ თუ შერეული საარჩევნო სისტემა დარჩება, ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს განიხილავთ, თუმცა პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ თემაზე კონსენსუსი ვერ შედგება. რამდენად მოახერხებთ შეთანხმებას საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე?
_ ვფიქრობ, ეს კონსენსუსი შედგება. ამის წინაპირობები ამ წუთას არსებობს, მაგრამ პოლიტიკური პარტია, რომელიც ვერ მოახერხებს იმას, რომ მაჟორიტარი კანდიდატი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეათანხმოს, პოლიტიკურ უმეცრებას გამოამჟღავნებს კარგ შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში, საფუძვლიან ეჭვს გააჩენს იმასთნ დაკავშირებით, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს.
_ წინასწარ რატომ აკეთებთ ასეთ დასკვნებს?
_ მაგალითად, მერობის არჩევნების დროს ალეკო ელისაშვილმა რაღაც პროცენტით გაუსწრო „ნაციონალური მოძრაობის“, ანუ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის, კანდიდატს. მსგავსი უპირატესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არაფერს ნიშნავს, რადგან შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში, მეორე ტურის, ანუ ორი მაჟორიტარი კანდიდატის დარჩენის შემთხვევაში თუ არ აქვს მმართველი გუნდის მოწინააღმდეგე კანდიდატს საყოველთაო ოპოზიციური მხარდაჭერა, უკვე შანსს კარგავს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაამარცხოს. შესაბამისად, პოლიტიკური პარტია ან საინიციატივო ჯგუფი, რომელიც არ ითანამშრომლებს მაჟორიტარების ნაწილში და ოპოზიციური საერთო მხარდაჭერის მქონე კანდიდატს არ დააყენებს, ის ხელს უწყობს „ქართულ ოცნებას“, რადგან ასეთ ვითარებაში „ქართული ოცნება“ ყოველთვის მოგებული დარჩება. ეს არის გამოცდილება და ყველას შეუძლია, წინა არჩევნებს გადახედოს, მათ შორის, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამის საუკეთესო გამოცდილებაა, როდესაც გრიგოლ ვაშაძე, პრაქტიკულად, იგებდა, მაგრამ ყველა რესურსი გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა მეორე ტურის დროს. აქედან გამომდინარე, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კოალიციურად გავლენ არჩევნებზე, ჯამში თუ მიიღებენ მეტ პროცენტს, ვიდრე „ქართული ოცნება“ (და ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ პროცენტულად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გაცილებით მეტს იღებენ, ვიდრე „ქართული ოცნება“), ეს იმას ნიშნავს, რომ პროპორციულ ნაწილში ოპოზიცია გამარჯვებულია და მაჟორიტარულში უკვე არ უნდა დავუთმოთ გამარჯვება. დიდი შანსია, რომ პროპორციული ნაწილი ოპოზიციამ მოიგოს პროცენტული რაოდენობით, მაგრამ მაჟორიტარულით ხელისუფლებამ გვაჯობოს. ამიტომ ის პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები, რომლებიც სწორედ ამ პროცესში ვერ მოახერხებენ შეთანხმებას და გადაწყვეტენ, რომ არ უნდა დათმონ და ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატს დაუყენებენ ალტერნატიულ კანდიდატს, ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას. ივანიშვილი ამას გამოიყენებს. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, პოლიტიკურ პროცესებში ყველა პროცესი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
_ დღევანდელ მოცემულობაში პროდასავლურ პარტიებში არის თუ არა იმის ნიშნები, რომ ისინი ივანიშვილის თამაშში მიიღებენ მონაწილეობას?
_ ამ წუთის მდგომარეობით არ მაქვს არანაირი საფუძველი იმის თქმისა, რომ რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ამას გააკეთებს, მაგრამ შიშები, რომ მესამე პრეზიდენტი დაბრუნდება და ისევ ჩაიგდებს საქართველოს ხელში, _ ეს არის ეფემერულ საფრთხეებზე საუბარი. ჯერ ერთი ეს იურიდიულად შეუძლებელია, ამ ეფემერულ საფრთხეებზე საუბარს თავი უნდა დავანებოთ და უნდა დავგეგმოთ, როგორ შეიძლება „ქართული ოცნების“ დამარცხება ამ არჩევნებში. მესმის, ვიღაცას ეშინია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ ნუ გვაქვს განცდა, რომ ის ისევ სახელისუფლებო პარტიაა. „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიაა, რომელიც სხვა პარტიებთან ერთად არის ბიძინა ივანიშვილის დამმარცხებელი. ჩვენ ყველა ერთად თუ დავამარცხებთ ივანიშვილს, მაშინ როგორ ვერ შევძლებთ იმ საფრთხეების განეიტრალებას, რისიც პარტიებს ეშინიათ? მაგალითად იმას, რომ ისევ არ დაგვიბრუნდეს ძველი ერთპიროვნული მმართველობა ან ახალი არ გამოჩნდეს. ე. ი. ჩვენ ამ რისკებზე ლაპარაკით ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს კი დავამარცხებთ, მაგრამ გვეშინია, რომ ვიღაც ისევ მოგვერევა. როგორ შეიძლება, მოქალაქემ ისეთ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა, რომელიც ამბობს, რომ ეშინია ვიღაცის მოსვლის და იმის, რომ ის ვიღაც მოერევა? ვერავინ მოგვერევა, თუ ცოტა ლოგიკურად შევხედავთ პროცესებს და, ამავე დროს, რაღაც ტიპის წინასწარ გათვლებს გავაკეთებთ.
_ სააკაშვილის ფაქტორი ამ ეფემერული შიშების შემადგენელი ნაწილია, როგორც თქვენ ამბობთ და უშლის თუ არა ხელს მისი პერსონა ოპოზიციურ ერთობას?
_ მესმის, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს სააკაშვილი არ მოსწონს, კარგად მესმის ისიც, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მან პოლიტიკურად ამის გამო სერიოზულად აგო პასუხი, მეტიც, კაცი საქართველოში ვერ ჩამოდის, მაგრამ დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ თუ სააკაშვილს აქვს ამ ქვეყანაში 500 000 ან 200 00 ათასი ხმა, ე. ი. მას სიტყვა ეთქმის ამ ხმების პროპორციულად. ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მიუხედვად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. რა ხმასაც მიიღებს მისი პოლიტიკური პარტია, იმ ხმების პროპორციული პოლიტიკური გავლენა უნდა ჰქონდეს, _ სწორედ ეს არის დემოკრატია. ვინც რამდენ ხმას იღებს და ვინც როგორც ფასდება მოქალაქეების მხრიდან, ამის პროპორციული ძალაუფლება უნდა ჰქონდეს ყველას, ამიტომ თუ მიხეილ სააკაშვილი მიიღებს 200 000 ან 500 000 ხმას, იმის პროპორციული პოლიტიკური ძალა მას უნდა ჰქონდეს. ასე უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია. პოლიტიკაში ეს არის სამართლიანი.
_ რა სცენარს განიხილავს ოპოზიციური სპექტრი იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები სხვადასხვა მეთოდით გაყალბდება? მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციისგან გვესმოდა, რომ ხელისუფლებამ არჩევნები კენჭისყრის დღემდე დაშინებით, მოსყიდვით და სხვა გზებით გააყალბა. რას უპირისპირებთ ოპოზიცია ამ მეთოდებს?
_ პირველ რიგში, ოპოზიცია ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს, მათ შორის, საჩივრებს, სასამართლოში დავებს, საინფორმაციო ბრძოლას ხელისუფლებასთან მიმართებაით გაყალბებასთან დაკავშირებით. არავითარი რევოლუციური სცენარი არ დასჭირდა საქართველოში ოპოზიციას იმისთვის, მსოფლიოს გაეგო, რომ ხელისუფლება თვითნებობს და მოქალაქეებს ატყუებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას უნარი ექნება, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ივანიშვილი არჩევნებს აყალბებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაშინდება და ვერ გაბედავს ამის კეთებას.

ნენე ინჯგია