ლაშა ჩხარტიშვილი: „რასაც ივანიშვილი კადრულობს, სააკაშვილსაც კი არ უკადრებია“

დასავლეთის მრავალგზის შეშფოთების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე უარს არ ამბობს. ხელისუფლებამ ზოგი ციხეში გაუშვა, ზოგს ტროლ-ბოტები მიუსია, ზოგის აზრზე მოსაყვანად ძალის გამოყენება გადაწყვიტა. გასულ კვირას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ ზვიად კუპრავას და სასტიკად სცემეს. კუპრავა თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირებს. იგივეს ფიქრობენ ოპოზიციაშიც. მმართველი პარტია კი ამ ფაქტთან რამე კავშირს უარყოფს. „ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული წევრი გია ვოლკსი ამბობს, რომ კუპრავა არავის აინტერესებს.
ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება ძალადობაზე არც მომავალში იტყვის უარს. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, არაპროგნოზირებადი ივანიშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია, _ ოლიგარქი კადრულობს იმას, რასაც სააკაშვილიც კი არ კადრულობდა.

რაზე მიდის „ქართული ოცნება“? როდის დამთავრდება საქართველოში ძალადობა? რატომ არის დაუშვებელი ვინმესთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემა? გამართლებულია თუ არა ამ ვითარებაში „ოცნებასთან“ დიალოგი? _ ამის შესახებ ლაშა ჩხარტიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ოპოზიციის ნაწილს აპატიმრებენ, ნაწილს „ქართული ოცნების“ დაქირავებული ტროლები და ბოტები ლანძღავენ, ნაწილს კი ფიზიკურად უსწორდებიან. ამ ვითარებაში რამდენად ნორმალურია ხელისუფლებასთან დიალოგი?
_ გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურ დიალოგზე მანამდე თქვა უარი, სანამ პოლიტპატიმრები არ განთავისუფლდებიან. სანამ ისინი საპყრობილეებს არ დატოვებენ, ხელისუფლებასთან ოფიციალური მოლაპარაკება არ იქნება. რაც შეეხება არაოფიციალურ მოლაპარაკებებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოში იმართება, ამას მოლაპარაკებებს ნუ დავარქმევთ. ეს ამ საელჩოების ინიციატივა იყო და მათ შეთავაზებაზე უარის თქმა არ იქნებოდა სწორი.
_ რატომ არ იქნებოდა სწორი?
_ მერე ხელისუფლება ამას ჩვენ წინააღმდეგ არგუმენტად გამოიყენებდა და იტყოდა, რომ მოლაპარაკება არ გვინდა. შეხვედრები, ალბათ, სამომავლოდაც იქნება, მაგრამ ოფიციალური მოლაპარაკებები მხოლოდ პოლიტპატიმრების განთავისუფლების შემდეგ გაიმართება. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები გაათავისუფლოს.
ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ივანიშვილი ქვეყანაში მთვრალი დიქტატორის პოლიტიკას აწარმოებს. ერთ დღეს დათმობაზე მიდის, მაგრამ ამას მოსდევს ძალადობის აქტები. თქვენ მითხარით, რომ ზოგს სცემენ, ზოგს ტროლებს უსევენ და ზოგს აპატიმრებენო. ამ ამბავშიც სიახლე გვაქვს _ ივანიშვილმა დაამკვიდრა ასეთი ტრენდი _ ადამიანებს თან ფიზიკურად უსწორდებიან და თან იქით უყენებენ ძალადობისთვის ბრალს. ასეთი შემთხვევა უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა. ლევან ხაბეიშვილს, დავით ქაცარავასა და გიგი უგულავას თავს დაესხნენ და იქით წაუყენეს ბრალი. არ გამიკვირდება, რომ ზვიად კუპრავას წინააღმდეგაც ძალადობის მუხლით აღძრან საქმე და იქით დააბრალონ თავდამსხმელების ცემა.
_ ლაშა, ამ ყველაფერს ემატება ოპოზიციურ პარტიებთან აქციების მოწყობა. ამ აქციებს სსიპებსა და ა(ა)იპებში დასაქმებულები მართავენ. ესეც ერთგვარი სიახლეა ოპოზიციასთან ბრძოლაში.
_ ეს საერთოდ ახალი სიტყვაა პოლიტიკაში. სად გაგონილა, რომ ხელისუფლება ოპოზიციას აქციებს უწყობდეს? ისეთი ხალხი დაჰყავთ ოპოზიციონერების წინააღმდეგ მოწყობილ აქციებზე, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, სად მიდის. მეხუთე თუ მეექვსე აქციაზე ძლივს დააზეპირებინეს, რას ითხოვდნენ, ძლივს გააგებინეს, ვისი გადადგომა უნდა მოეთხოვათ. ასევე ძლივს აუხსნეს, რომ „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ აქცია ლეიბორისტული პარტიის ოფისთან არ უნდა მოეწყოთ. თავიდან ჩვენს ოფისთან ლანძღავდნენ „ევროპულ საქართველოს“.
„ქართული ოცნება“ არაფერზე იხევს უკან, მისთვის მთავარია, ოპოზიცია ყველანაირად დააზარალოს. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კოლოსალურ ჯარიმებს გვაკისრებენ. ჩემზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მცდელობაც კი ჰქონდათ. სააკაშვილის დროს თერთმეტჯერ დამაკავეს, მაგრამ მაშინაც კი არ აღუძრავთ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. არა მარტო ჩემ წინააღმდეგ, სააკაშვილის ხელისუფლება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ერიდებოდა. ასეთი სულ რამდენიმე შემთხვევა იყო. მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის ეპიზოდი მახსენდება. შეიძლება, სხვა ეპიზოდებიც იყო, მაგრამ მე არ მახსოვს.
_ სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე რას იტყვით?
_ სულხან მოლაშვილი პოლიტიკური ლიდერი არ ყოფილა, ის იყო მაღალჩინოსანი. ხელისუფლების შეცვლის მომენტში მოლაშვილი კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა. მოლაშვილის ამბავი სულ სხვაა. იქ ბევრი რამე დაშავდა, მათ შორის, წამებაზე იყო ლაპარაკი. მის წინააღმდეგ ბევრი რამე დააშავეს „ნაციონალებმა“, მაგრამ ის არ ყოფილა პოლიტიკური ლიდერი. ის იყო მაღალჩინოსანი და მას შეიძლებოდა ჰქონოდა დარღვევები. მისი წამების ფაქტმა ყველაფერი გადაფარა. მოლაშვილის ამბავს ნამდვილად ვერ შევადარებ დავით მირცხულვას, რომელიც მართლა დამნაშავე იყო.
„ქართული ოცნება“ კი პირდაპირ პოლიტიკურ ლიდერებს დაერია. ვანო მერაბიშვილი მაღალჩინოსანი იყო, მაგრამ ის პოლიტიკური ლიდერიც გახლდათ. თან ის დააკავეს საარჩევნო წელს. არ ვამბობ, რომ ის უდანაშაულო იყო, მაგრამ მას ძალიან ცუდად მოექცნენ.
_ ცუდად მოქცევაში რას გულისხმობთ? საკანში მოლაშვილივით არ უწამებიათ. საკნიდან რომ გაიყვანეს, ამას გულისხმობთ?
_ საკნიდან რომ გაიყვანეს, ესეც დანაშაულია. მერაბიშვილს სულხან მოლაშვილივით არ მოჰქცევიან, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ის არ უწამებიათ. ამ ადამიანმა თითქმის 7 წელი გაატარა სამარტოო საკანში, რაც ადამიანის წამებაა. ჩვენმა კანონმდებლობამ სამარტოო საკნები უნდა გააუქმოს და იქ ადამიანების ჩასმა უნდა აიკრძალოს. რამდენიმე დღე შეიძლება მხოლოდ ასეთ საკანში პატიმრის გაჩერება. სამარტოო საკნები თანამედროვე სამყაროსთვის ყოვლად მიუღებელია. ასეთ საკნებში ყველაზე საშიშ დამნაშავეებსაც კი არ ათავსებენ.
სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩემზე მეტად ბევრს არ უბრძოლია, მაგრამ ერთ რაღაცას აუცილებლად ვიტყვი: დანაშაულია, მერაბიშვილი ციხეში ჩაესვათ და ლევან მურუსიძე _ არა. სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებაში გირგვლიანის მკვლელების მფარველობაზეა საუბარი. იქ ნახსენებია როგორც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ასევე _ სასამართლო. მურუსიძე იყო ის მოსამართლე, რომელმაც გირგვლიანის მკვლელებს სასჯელი გაუნახევრა და, ფაქტობრივად, შეიწყალა ისინი. გასაგებია, რომ ეს ზევიდან მიღებული დავალებით გააკეთა, მაგრამ გადაწყვეტილება ხომ მან გამოაცხადა. გირგვლიანის საქმეზე მასაც უნდა ეგო პასუხი.
_ „ქოცებს“ რომ ჰკითხო, მურუსიძე რეჟიმის მსხვერპლი იყო.
_ ეს არის შერჩევითი სამართლის აშკარა გამოვლინება. მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე უნდა დაეჭირათ, მაგრამ მასთან ერთად უნდა ეგო პასუხი მურუსიძესაც. ასეთი შერჩევითი სამართალი იგრძნობა ყველგან. ივანიშვილმა დამნაშავე „ნაციონალების“ მცირე ნაწილი ციხეში გაუშვა, ხოლო დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდა და ოლიგარქმა ისინი, როგორც სისხლიანი ჯართი, ისე ჩაიბარა. დღეს ბევრი მათგანი მაღალ თანამდებობას იკავებს, რაც არასწორია. ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის დარბევაზეც წაუყენეს ბრალი, მაგრამ გასული წლის 20 ივნისს არანაკლები ჩაიდინა გახარიამაც.
_ გახარია, ციხეში წასვლის ნაცვლად, პრემიერად წავიდა.
_ ციხეში სანამ მოხვდებოდა, მერაბიშვილიც დანიშნეს მთავრობის მეთაურად. კარგია, ყოფილი შს მინისტრი აქციის დარბევის ბრალდებით რომ დააკავეს. ამით, ერთგვარი, პრეცედენტი შეიქმნა და გახარიაც აგებს აქციის დარბევაზე პასუხს. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს დაუსჯელობა. მე არ ვიზიარებ ოპოზიციის ნაწილის შეხედულებას, რომელიც ამბობს, რომ მინისტრები და მაღალჩინოსნები ციხეში აღარ უნდა ვიხილოთ. ადამიანი თუ დააშავებს რამეს, ის აუცილებლად უნდა წავიდეს ციხეში. მნიშვნელობა არ აქვს, მას რა თანამდებობა ექნება. მერაბიშვილმა თუ მოიხადა სასჯელი 7 ნოემბრის დარბევაზე, რატომ არ უნდა აგოს პასუხი გახარიამ 20 ივნისზე? მინისტრიდან დაწყებული, რიგითი პოლიციელით დამთავრებული, ყველამ უნდა გაათვითცნობიეროს, რომ უკანონო ბრძანების გაცემაც ისჯება და მისი _ შესრულებაც. ცივილიზებულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია.
20 ივნისის დარბევა არ იქნებოდა, პასუხი რომ ეგოთ 7 ნოემბრისა და 26 მაისის დამრბევებს. მხოლოდ რამდენიმეს აგებინეს პაუხი. ამ დარბევების 90%-ისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ. ისინი დღემდე მუშაობენ სისტემაში. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია მარიანა ჩოლოიანი, რომელზედაც სტარსბურგის გადაწყვეტილება იყო. იმის ნაცვლად, რომ დაესაჯათ და სამსახურიდან გაეშვათ, სისტემაში დატოვეს და ამ ქალმა მოზარდი შეიწირა. 15 წლის ლუკა სირაძეზე ვსაუბრობ, რომელიც პოლიციაში იმიტომ დაიბარეს, რომ მან სკოლის კედელზე დაწერა: „ამ ცხოვრების დედაც“. მის დაკითხვას მარიანა ჩოლოიანი აწარმოებდა. დაკითხვიდან გამოსულმა ბავშვმა თავი მოიკლა.
მთავარია, დამნაშვემ აგოს პასუხი, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სამართლებრივად და მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ვერ დავიჭერთ, რომ ისინი წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ სისტემაში. სააკაშვილს ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავდა უკანონოდ დაპატიმრებული, მაგრამ დაჭერილთაგან ნახევარზე მეტი დასაჭერი იყო.
_ აბა, რატომ ებრძოდით სააკაშვილს, თუ დასაჭერებს იჭერდა?
_ სააკაშვილს ბევრი გადაცდომა ჰქონდა… დაჭერილთაგან კი ბევრი იმსახურებდა დაჭერას. ციხეში მათ როგორ ექცეოდნენ, ეს სხვა თემაა. ამის გამო არაერთხელ გამომიხატავს პროტესტი. სააკაშვილის ხელისუფლებას დამნაშავეების დაჭერა ეჩქარებოდა და მტკიცებულებების გარეშე აპატიმრებდნენ ადამიანებს. ეს ბადებდა კითხვის ნიშნებს და პროტესტს აჩენდა. ისინი მორალურადაც თეთრდებოდნენ და _ სამართლებრივადაც.
მაგალითად ავიღოთ ზაქარია ქუცნაშვილის მამა ომარ ქუცნაშვილი. როცა ის სააკაშვილის დროს დაიჭირეს, მიმაჩნდა, რომ იგი პოლიტპატიმარი იყო. მასთან დაკავშირებით მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებას სათანადო მტკიცებულებები არ გააჩნდა. ახლა რომ ვუყურებ ამ კაცის საქმიანობას ვხვდები, რომ ის „ნაციონალების“ ხელისუფლებამ სამართლიანად დააკავა. ეს ადამიანი ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი და ხელის მომწერი. ომარ ქუცნაშვილი გახლავთ ის კაცი, რომელმაც საყდრისთან დაკავშირებით უნამუსო დასკვნა დადო. მისი დასკვნის საფუძველზე ააფეთქეს საყდრისი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი იყო.
_ არა მარტო საყდრისზე დადო უნამუსო დასკვნა, მის სახელს უკავშირდება ყაზბეგში მდინარე ბროლის წყლის განადგურება. ომარ ქუცნაშვილმა წარმოადგინა დასკვნა, რომ თუ ამ მდინარეზე ჰესს ააშენებდნენ, მდინარეს მხოლოდ 20% მოაკლდებოდა. მდინარე საერთოდ გაქრა.
_ დიახ, ვიმეორებ, ეს ადამიანი ფულის გამო ყველაფერზე მოაწერს ხელს. უბრალოდ, მასზე მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს. ამის გამო დამნაშავე, როგორც მსხვერპლი, ისე წარმოჩნდა. მტკიცებულებების გარეშე ადამიანის დაჭერა დანაშაულია. ჩემთვის ასევე მიუღებელია ის პრინციპი, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ან ყველა უნდა დაიჭირონ, ან _ არავინ. არსებობს ოქროს შუალედი, ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავეები წავიდნენ ციხეში. თუ დამნაშავეებს არ დავსჯით, ისინი სხვა ხელისუფლების პირობებშიც გააგრძელებენ უკანონო საქმიანობას. უკანონო ბრძანების შესრულებისთვის პოლიციელებმაც უნდა აგონ პასუხი. თუ არადა, ახალი ხელისუფლების პირობებშიც შეასრულებენ ყველა ბინძურ დავალებას. იმედი მაქვს, როცა ქვეყანაში მრავალპარტიული მმართველობა იქნება, ეს მიდგომებიც შეიცვლება. ყველა უბედურების სათავე ერთპარტიული, ბოლშევიკური მმართველობაა.
მინდა, ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ზეიმი იქნება, სადაც უკანონოდ არავის დააკავებენ და არც უკანონობას აპატიებენ ვინმეს.
_ თქვენ ამბობთ, რომ პოლიციელებმა უკანონო ბრძანებების შესრულებისთვის უნდა აგონ პასუხიო. ამის გამო პოლიციელებს არ სჯიან, სამაგიეროდ, ისჯებიან ისინი, რომლებიც კანონს იცავენ. ამის ნათელი მაგალითი ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტია. ყველაზე კატასტროფული მაინც გომელაურის შეფასება იყო. შს მინისტრის განცხადებით, პოლიციელისთვის იმის თქმა, რომ ფორმას გაგხდი, დანაშაული არ არისო.
_ ეს იყო სამარცხვინო განცხადება. მერე გომელაურმა შეცვალა თავისი პოზიციები, მაგრამ ხალხმა ის განცხადება დაიმახსოვრა. სააკაშვილის დროს პოლიციამ ბოლომდე გაიხსნა ხელები, მათ ყველაფრის უფლება ჰქონდათ. ამის გამო ხშირად გადადიოდნენ ზღვარს. ისინი თავს იმით იმართლებდნენ, რომ კრიმინალს ებრძოდნენ. კრიმინალთან ბრძოლის საბაბით იმ წლებში ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ქვეყანაში. არავის აქვს მეორე ადამიანის დახვრეტის უფლება. სიკვდილით დასჯა საქართველოში გაუქმებულია, ისევე როგორც ცივილიზებულ მსოფლიოში.
ასეთი რაღაცები მიშას დროს ხშირად ხდებოდა, სამწუხაროდ, _ ახლაც. ავიღოთ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე. ეს ბავშვი ლოგინში მძინარე დახვრიტეს და დღემდე არ ვიცით, რის საფუძველზე შეუვარდნენ ამ ოჯახს სახლში. როცა ადამიანზე ეჭვი აქვთ და რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, თუ ის დაკავების მომენტში არავის უქმნის საფრთხეს, მაშინ მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ შეიძლება. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სააკაშვილის დროს დახოცილებს ადარებენ ივანიშვილის რეჟიმის დახოცილებს. ასეთი შედარებები როგორ შეიძლება? ადამიანი ადამიანია და მისი მოკვლის უფლება არავის აქვს.
ასევე მიუღებელია, როცა უკვე მოკლულ ადამიანებს რაღაცას აბრალებენ. თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტობა დააბრალეს; გირგვლიანს _ კრიმინალებთან კავშირი; სერიოზული ბრალდება იყო ვაზაგაშვილის მისამართითაც. ზურაბ ვაზაგაშვილის პიროვნული დახასიათება არაფერ შუაშია იმასთან, რაც მის წინააღმდეგ მოაწყვეს. მას რომც ჰქონოდა რაღაც გადაცდომა, მისი დახვრეტის უფლება ვის ჰქონდა?! ის უნდა დაეკავებინათ.
_ იმათ ვაზაგაშვილთან დაკავშირებით დააშავეს, მაგრამ ამათაც რომ არ გამოიძიეს და ვაზაგაშვილის მკვლელები პირიქით, დააწინაურეს? ლექსო ჭიკაიძის შს მინისტრობა ამ ამბავმა შეიწირა.
_ სწორედ ამას ვამბობ. ესენი მიხვდნენ, რომ ასეთ საქციელს საზოგადოების უარყოფით რეაქცია მოჰყვებოდა და შედარებით ნაკლები ხალხი დახოცეს. თუმცა როგორ შეიძლება, მოკლული ადამიანები ვითვალოთ?! ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეც თუ არის ხელისუფალის კისერზე, ის უნდა წავიდეს. ეს ცივილიზებული სამყაროს აქსიომაა. არადა, პრეტენზია გვაქვს, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ. მიშა ტოტალური ძალადობით მოქმედებდა. ამათ ეს კომპონენტი ოდნავ შეარბილეს. „ოცნება“ ხალხის გაღიზიანებას მოერიდა, თორემ სულ არ აინტერესებს ადამიანის უფლებები. ამ მხრივ მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის, ტაქტიკური განსხვავებებია მხოლოდ.
პოლიციელებზე ვსაუბრობდით და დაუშვებელია, რომ სამართალდამცველებს ყველაფრის უფლება ჰქონდეთ, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარი უფლების შესრულება ვერავინ უნდა შეუზღუდოს. ვინმემ კანონი თუ დაარღვია, ყველა უნდა დააკავონ, მნიშვნელობა არ აქვს, ის მინისტრის ძმა იქნება, თუ თავად _ მინისტრი. ჩვენ თუ გვიწერენ 3000-ლარიან ჯარიმებს ვითომ პოლიციელებს შეურაცხყოფისთვის, ლევან იზორიას ძმა რატომ არ დააკვეს, რომლის წინააღმდეგაც ვიდეომტკიცებულებაც არსებობს? ჩვენს შემთხვევაში მსგავსი მტკიცებულებები არ არსებობს. 300 ადამიანი მაინც დაგვსაჯა ბოლო წლებში ივანიშვილის რეჟიმმა, ჩვენ პოლიციელების შეურაცხყოფა გვბრალდება.
ჩინოვნიკების ოჯახის წევრებს პოლიციის შეურაცხყოფისთვის არავინ სჯის, მეტიც: მათ „ნარუშილოვკებსაც“ კი ურიგებენ. მათ უფლება აქვთ, პოლიციელს ფორმის გახდით დაემუქრონ. ამაზე პოლიცია ხმას ვერ იღებს. ვინც გააპროტესტებს, იმათ სამსახურიდან უშვებენ. დასავლეთ საქართველოში პოლიციელს ეშინოდა იმის თქმა, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ხელისუფლება „ნაციონალებისგან“ იმითაც განსხვავდება, რომ ორი ხელით ურტყამს ოპოზიციასა და საზოგადოებას.
_ ორ ხელში რას გულისხმობთ?
_ ერთი ხელი არის დამნაშავე პოლიციელები, რომელსაც კარგად აქვს სახელი შერჩეული _ კრიმინალური პოლიცია და მეორე _ პირდაპირ კრიმინალები. ამ მახინჯ სისტემაში უკვე ძნელია იმის გარკვევა, ვინ პოლიციელია და ვინ _ კრიმინალური ავტორიტეტი. წინა ხელისუფლებამ კრიმინალს ფუნქცია წაართვა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენ ვცხოვრობთ მართვადი ქაოსის პირობებში, სადაც ივანიშვილი ყველა ხერხს, ყველა მეთოდსა და ყველა სიბინძურეს იყენებს იმისთვის, რომ ხალხი და ოპოზიცია დააშინოს. მას მათი დამონება აქვს გადაწყვეტილი.
იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება არ დაემორჩილება მონურ მდგომარეობას. არავინ მიწყინოს, მაგრამ პოლიცია, ფაქტობრივად, მონურ მდგომარეობაში ჰყავთ. მონად არიან ქცეული ასევე კრიმინალები. არჩევნებზე დადიან და პოლიციასთან ერთად აიძულებენ ხალხს, ხელისუფლებას მისცენ ხმა. თავიანთი მენტალობისგანაც კი შორს დგანან. პოლიციის ან მმართველი პარტიის მსახურებად იქცნენ. მონობის საუკეთესო გამოვლინება იყო მეცნიერებათა აკადემიის მილოცვა. მათ ივანიშვილს დაბადების დღე საოცარი ტექსტით მიულოცეს.
_ ეს იმდენად სამარცხვინო ტექსტი იყო, რომ შემდეგ თავად წაშალეს ფეისბუქიდან.
_ ჩვენს მეცნიერებაზე კარგი წარმოდგენა მაქვს და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანისთვის ამ სამარცხვინო ტექსტის შინაარსი ცნობილი არ იყო.
_ აბა, ვინ დაწერა?
_ ადმინისტრაციამ. ამ ტექსტმა უცბად მაია ცქიტიშვილი გამახსენა, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილი ყოველთვის მართალია. ფაქტობრივად, ღმერთიაო, გვითხრა ამ ქალმა.
_ მანანა კობახიძემ ილია ჭავჭავაძეს შეადარა მთავარი მეოცნებე.
_ მაგიტომ დაასაქმა მერე ივანიშვილმა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩხენკელმა საერთოდ ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. ექვთიმემ ეროვნული საგანძური გადაგვირჩინა, ივანიშვილმა კი საგანძური აგვიფეთქა. ბევრი შედარება მომისმენია და ბევრი მლიქვნელობაც ვნახე ივანიშვილის მიმართ, მაგრამ მეცნიერებათა აკადემია გამორჩეული იყო. როგორი ეპითეტები ჰქონდათ ტექსტში, _ თავად მეცნიეროო! _ ეძახდნენ ბიძინას.
ასეთი რამეები კომუნისტების დროს ხდებოდა. 1980 წელს ვარ დაბადებული და კარგად ვერ მოვესწარი მათ მლიქვნელობას, არადა მაინტერესებდა, როგორი იყო მათი „მოღვაწეობა“. „ქართული ოცნების“ დახმარებით კომუნისტების „ხიბლი“ 21-ე საუკუნეში დავინახე. მინდა მჯეროდეს, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ამიტომაც უნდა დავასრულოთ ბოლშევიკური მმართველობა.

შორენა მარსაგიშვილი