თაკო ჩარკვიანი: „ბოკერიას ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ „ძალა ერთობაშიას“ საპირწონე შეექმნა, მაგრამ ვერ მოახერხა!“

რამდენიმე დღის წინ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „ძალა ერთობაშიას“ შეკრება გაიმართა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 12-მა პარტიამ, რომელიც, ჯერ კიდევ, 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანდა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ თუ ოპოზიცია რომელიმე ოლქში მაჟორიტარად პრორუსული გავლენების კანდიდატს დაასახელებს, მას მხარს არ დაუჭერს.
„პოლიტიკაში ახალგაზრდებისა და ცოტა იდეალისტების დრო მოდის! აბა, ერთხელ ვნახოთ _ ბალტიისპირეთის გზა გავიაროთ და ამ ქვეყანაში იდეალისტმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც კვოტებზე საუბრის ბეგრაუდნი არ გვაქვს, იქნებ, რამეს მივაღწიოთ! ჩვენ სამართლებრივი სისტემის „ამოყირავებას“ ვაპირებთ და ამიტომ, მოდით, პოლიტიკაში ჭუჭყიანი ურთიერთობის სტილი შევცვალოთ“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში „ძალა ერთობაშიას“ წევრი, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი _ თაკო ჩარკვიანი:

_ ქალბატონო თაკო, პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიციაში პრობლემებია, რაც, ცხადია, „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. მოკლედ, რა ხდება ოპოზიციაში?
_ ჩვენი ბოლო ინტერვიუ გახსოვთ?
_ დიახ, მახსოვს.
_ ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, ყველაფერი პროპორციულს გასცდა, საუბარი რუსულ ვექტორთან კვოტებზე მიდის და ამ მოლაპარაკების მაგიდას დავტოვებ-მეთქი.
_ გიდასტურებთ, ზუსტად ასე განაცხადეთ.
_ ჩემმა ამ განცხადებამ რაღაცანაირად გაიჟღერა. ვიღაცები ფიქრობდნენ და ძალიან კარგად მახსოვს, ბოკერიამ განაცხადა, ჩვენ მხოლოდ პროპორციულზე ვსაუბრობთო, მაგრამ აი, ბატონო, ახლა ხომ ვეღარ დაგვამუნათებენ?!
_ პროპორციულზე საუბარი, როგორც იტყვიან, შარშანდელი თოვლივითაა, ანუ ხელისუფლება ამ დათმობაზე რომც წამოვიდეს, წლევანდელი არჩევნები სრულიად პროპორციული სისტემით ვეღარ ჩატარდება, რადგან საამისოდ საკანონმდებლო ვადები ამოწურულია!
_ დიახ, მორჩა, დამთავრდა! ხალხო, პოლიტპატიმრები გვყავს და დღეს ვინც ამ რაღაცებზე _ 100/50-ზე თუ 110/40-ზე, ანუ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ სისულელეზე წავა, პოლიტიკურად თუ ნამუსით „ოცნების“ ჩვეულებრივი სატელიტი იქნება! გარკვეულ ტიპებს თავიანთი ქულებისა და კვოტების გარდა არაფერი აინტერესებთ!
_ იმ მაგიდასთან, რომელიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბება ხოლმე, თავად ლეიბორისტების გარდა, „ევროპული საქართველოც“ ზის, ბურჯანაძის პარტიაც და ასევე „ძალა ერთობაშიაც“. ჰოდა, დამიკონკრეტეთ: კვოტები „ძალა ერთობაშიას“ ცალკეულ წარმომადგენლებსაც აინტერესებთ?
_ არა.
_ აბა?
_ ძალიან გახარებული ვარ და უკვე ამის თქმის უფლება მაქვს, რომ ასე არაა, ანუ 17 თებერვალს „ძალა ერთობაშია“ შეიკრიბა. ძალიან საინტერესო და ურთიერთშეთანხმებული საუბარი გვქონდა. ჩემ გარდა, კითხვები სხვებსაც გაუჩნდათ და თქვეს, საპრეზიდენტო არჩევნებში შედეგი დავდეთო.
_ უკაცრავად, დღეს არსებულ ვითარებასთან საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს რა საერთო აქვს?
_ „ძალა ერთობაში“ ნამატს ველოდებით. ჩემი წინადადება ყოველთვის ასეთი იყო _ გაემიჯნეთ და მოაცილეთ მაგიდას პუტინი, ანუ ივანიშვილი, მაგრამ ვერაფრით გავაგებინე.
_ ვის ვერ გააგებინეთ?
_ ვინ-ვინ და, ბოკერიამ ძალიან კარგად იცის, რომ პუტინი და ივანიშვილი აბსოლუტურად ერთი და იგივეა. თუ პუტინი და ივანიშვილი ერთი და იგივეა, მაშინ, ლოგიკით, ბურჯანაძეც იგივეა. აბა, რა ხდება? ბოკერია სულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეჯიბრება და ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ „ძალა ერთობაშიას“ რამე საპირწონე შეექმნა, რაც, თავის დროზე, ვერ მოახერხა, რადგან დაბალი პროცენტი აქვს.
_ ანუ ეჭვობთ, რომ ზემოხსენებული მაგიდა ბოკერიამ „ძალა ერთობაშიას“ ჩასაძირად შექმნა?
_ ამ პროცესით ივანიშვილი იმარჯვებს და ბურჯანაძის რუსული ვექტორის რეაბილიტაცია მოხდა.
_ თუ ასეა, მაშინ „ძალა ერთობაშიას“ სხვა წევრებმაც, თქვენ მსგავსად, ოპოზიციური მაგიდა აქამდე რატომ არ დატოვეს?
_ 27 თებერვლის შეკრებაზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს შეცდომა იყო!
_ შეცდომა თუ ბოკერიასთან გარიგება?
_ არა, არა… „ძალა ერთობაშიას“ 12 პარტიიდან უმრავლესობას, პირდაპირ გეტყვით, ჩემნაირი კითხვები აქვს.
_ თქვენგან განსხვავებული კითხვები ვის არ აქვს?
_ აგიხსნით, რაც მოხდა: 27 თებერვლის შეხვედრამდე ასეთი აზრი არსებობდა, _ კი, თაკო, ყველაფერში მართალი ხარ და გეთანხმებით, მაგრამ ოპოზიციურ გაერთანებაში, რომელიც პროპორციულისთვის კარგია, რამე ხინჯი არ შევიტანოთო. მაგრამ ახლა ყველა დარწმუნდა, რომ ჩემი პოზიცია მართალი იყო და „ძალა ერთობაშიას“ ხალხმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ძალა ერთობაშია“ იმ პირვანდელ ფორმატს დაუბრუნდება, რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნებზე შედეგი დავდეთ! დანარჩენი ყველაფერი კი ბოკერიას მიერ შემოგდებული თემა იყო, რადგან მისი ინტერესია.
_ უფრო კონკრეტულად?
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთხელ უკვე წაართვა ხმები და პარლამენტში შევიდა. სხვათა შორის, „ნაციონალების“ ერთმა მომხრემ სოციალურ ქსელში აბსოლუტურად სწორად იკითხა და მეც სულ ამას ვამბობ, _ ვინმეს აქვს გარანტია, რომ ის რუსული ვექტორი, რომელიც მაგიდასთან ზის, ისევ არ შეეკრება და ივანიშვილის უმრავლესობა არ გახდება? ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთხელ გაღლიტა და მეორედ არ გაღლიტავს? ე. ი., რა გამოდის და ვისზე მუშაობენ?
_ ქალბატონო თაკო, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ, ამიტომ პირდაპირ გკითხავთ: ეჭვობთ, რომ ბოკერია რუსეთზე მუშაობს?
_ იცით, ბოკერია რაზე მუშაობს? _ პარლამენტში მეორე ადგილზე იყოს. ფიქრობს, ბურჯანაძე რას დამაკლებს, მთავარია, იმ მსხვილ პარტიას ვაჯობო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობააო“. აი, მისი გეგმა ეს იყო, მაგრამ „ძალა ერთობაშიას“ 12 პარტია, როგორც გითხარით, შევთანხმდით, პირვანდელ მდგომარეობაში მოვდივართ, რადგან ამ ფორმატმა გაამართლა და საპრეზიდენტო არჩევნებში შედეგი დადო.
_ „პირვანდელ მდგომარეობაში“ მოსვლა რას ნიშნავს?
_ ამას 11 რიცხვში დაგანახებთ.
_ 11 მარტს თუ 11 აპრილს?
_ 11 აპრილს.
_ მანამდე, ლამის, თვე-ნახევარია და ამასობაში შესაძლოა, ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ბოლოს და ბოლოს, 11 აპრილამდე ოპოზიციური მაგიდა, ალბათ, საერთო მაჟორიტარებს დაასახელებს. „ძალა ერთობაშია“ ამ საერთო კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა?
_ მაგალითად, მწერალმა ზაალ სამადაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, _ ადამიანს, რომელმაც რუსეთის ჯაშუშებს უფლება მისცა, პოლიტპატიმრები ყოფილიყვნენ, არჩევნებში ხმას არ მივცემო. ჩემ გარშემო სწორედ ამ ტიპის ამომრჩეველია, რომელიც ბესელიასა და ბურჯანაძეს ხმას არ მისცემს, მაშინ ამომრჩევლის ხმები სად წავა?
_ ივანიშვილთან.
_ დიახ. აბა, სხვა არითმეტიკა არსებობს?
მოკლედ, 27 თებერვლის შეკრებაზე კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ ამ მაგიდაში მონაწილეობა შეცდომა იყო, რაზედაც უმრავლესობა დამეთანხმა და იმაზეც შევთანხმდით, რომ რუსული ვექტორის მაჟორიტარებზე საუბარი უნდა შეწყდეს!
_ მაინც ვერ გავიგე, 11 აპრილს „ძალა ერთობაშიამ“ რა უნდა გაახმოვანოს?
_ ის, რომ დასავლური ვექტორი ერთად დავდგებით!
_ ე. ი. 4 აპრილისთვის დაანონსებულ აქციაში „ძალა ერთობაშიას“ პარტიები მონაწილეობას არ მიიღებთ?
_ მივიღებთ, რადგან ეს აქცია ისევ პროპორციულის გამო ტარდება.
_ წეღანდელი თქმისა არ იყოს, „ოცნება“ დათმობაზეც რომ წამოვიდეს, პროპორციული ვეღარ მოესწრება და მოთხოვნას რაღა აზრი აქვს?
_ მესმის, მაგრამ როცა საბოლოოდ ითქმება, რომ პროპორციული არჩევნები არ ჩატარდება, 11 აპრილს ჩვენ ვიტყვით, რომ დასავლური ვექტორი მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს!
პირობა არასოდეს დამირღევია და თუ ასეთ ერთ მაგალითს მომიყვანთ, ბოდიშს მოვიხდი, ანუ თავის დროზე ვთქვი, რუსულ ვექტორთან მხოლოდ პროპორციულის გამო დავსხდებით-მეთქი. მერე ვთქვი, ეს მაგიდა პროპორციულს გასცილდა, სხვა რაღცებს ვხედავ-მეთქი და ამ მაგიდიდან ავდექი. ახლა აღმოჩნდა, რომ ლაპარაკი, მართლაც, კვოტებზე მიდის!
ხალხო, მაგალითად, ქუთაისს „პუტინს“ სთავაზობენ?! ამ ქალაქმა ასეთი რა დააშავა?
_ ანუ, თქვენი ვერსიით, ბოკერია და ბურჯანაძე გარიგდნენ?
_ რა თქმა უნდა!
_ ამ გარიგების საფუძველი ან მიზანი რა არის?
_ გიგა, ალბათ, ფიქრობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, ასე ვთქვათ, მოიწმენდდა და ისევ მოატყუებდა. ბურჯანაძეზე კი მიიჩნევს, ამან რა უნდა დამაკლოს, ორი პროცენტიც არ აქვს და იმითაც დაკმაყოფილდება, რომ სადმე ცხვირი შეყოსო, თუმცა გიგას ავიწყდება, ან არ ავწიყდება.
_ რა?
_ არ მინდა, დავამუნათო და ბრალი დავდო. ეჭვი მაქვს, რომ დასავლეთი უნდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია. მოკლედ, ბოკერია ფიქრობს, რომ ბურჯანაძის მცირე სეგმენტი ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ცდება!
_ რატომ?
_ ბურჯანაძეს და მისნაირ მცირე რუსულ ვექტორს მხოლოდ რეაბილიტაცია უნდა. ეს რეაბილიტაცია კი ფულია, რომელიც არჩევნებში ისევ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ შემობრუნდება!
_ თუ ყველაფერი ის, რაზედაც საუბრობთ, ივანიშვილის გეგმაა, რა გამოდის _ ოლიგარქისგან ბოკერიამ და ბურჯანაძემ ავტონომიურად აიღეს ფული?
_ ხომ არ შემიძლია, ვილაპარაკო, ფულს ხელი ვინ სად მოჰკიდა? სხვათა შორის, ამის შესახებ ჩერგოლეიშვილს, რამდენიმე თვის წინ, პირდაპირ ეთერში ვუთხარი. როცა წყალს მუდმივად ივანიშვილის წისქვილზე ასხამ, ეს გარიგებაა!
ბოკერიას ცოლი ჩემზე წერს, მიშამ მომიქსიაო. მაშინ მეც ვეუბნები: მუდმივად ივანიშვილის წისქვილზე წყალს ასხამ და გარიგებული ხარ!
_ ქალბატონო თაკო, თქვენი ეჭვით, ივანიშვილი ბოკერიას ცალკე გაურიგდა და ბურჯანაძეს _ ცალკე, თუ ორივეს ერთად?
_ არა, ბურჯანაძეს არა.
_ აბა, ბოკერია „გამტარია“?
_ აგიხსნით, რაც ხდება: იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პუტინის თემა გაცოცხლდება, ბურჯანაძეს, თავისი მცირე ვექტორით, როგორც იტყვიან, თავი ქუდში აქვს, რადგან ის პუტინი ივანიშვილის გარეშეა, ანუ ივანიშვილი არ იყო, მაგრამ ბურჯანაძე პუტინი იყო და აქ რუსული ჯარის შემოყვანა უნდოდა. ალბათ, გახსოვთ ჩანაწერი: მერე მიშა „ГРУ“-ს ელაპარაკოსო. ამ თემის „გაპრავება“ არ არსებობს! „გააპრავებს“ და უარეს დღეში ჩავაგდებთ!
სხვათა შორის, ოკუპაციის კანონის ამუშავებას მუდმივად ამიტომაც ვითხოვ _ ეს კანონი რომ მუშაობდეს, მათთვის რბილი სიტყვაა, მაგრამ ასეთი კოლაბორაციონიზმისთვის პასუხი მოეთხოვებოდათ!
ერთი სიტყვით, ბოკერიამ მიიჩნია, რომ ორ კურდღელს დაიჭერდა: ერთი ის, რომ ამ მაგიდას ისეთივე გაერთიანება დაერქმეოდა, როგორიც „ძალა ერთობაშია“. სხვათა შორის, ეს მოახერხა _ ბოლო დროს „ძალა ერთობაშიას“ ხსენებაც აღარ იყო, რის გამოც ყველამ _ ნიკა ვაშაკიძისა თუ მამუკა გამყრელიძის პრეტენზია გამოთქვა.
ბოლო გამოკითხვებშიც კი ყველაზე დიდი პროცენტი „ძალა ერთობაშიამ“ მიიღო. მოკლედ, ხალხი ძალიან გონიერია და პირდაპირ აცხადებს, ვერავინ გვაიძულებს, კორუფციაში ჩაფლული რუსეთუმეების არჩევას მოვაწერო ხელიო!
ყველაფერი ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა დასავლური ვექტორის, ანუ „ძალა ერთობაშიას“ ამომრჩეველია!
_ თუ „ძალა ერთობაშია“ ლეიბორისტების ოფისში გამართულ მაგიდას გამოეყოფა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დადებული მემორანდუმით იმოქმედებს, ე. ი., ოპოზიციის ერთიანობა დაიშლება?
_ ჩვენ დასავლურ ფლანგს უარს არ ვეუბნებით.
_ „ევროპული საქართველო“ დასავლური ვექტორია.
_ მერე, ვინმემ დაუშალა?
_ გასაგებია, რომ არ უშლით, მაგრამ თუ „ევროსაქები“ იმ მაგიდასთან დარჩებიან, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხომ დაიბნევიან და, მინიმუმ, იკითხავენ, _ აბა, დიდი ოპოზიციური ერთობა სადააო? აქვე, ერთ კითხვასაც დავსვამ: საერთაშორისო თანამეგობრობა საუბარს ვისთან დაიწყებს _ „ძალა ერთობაშიასთან“ თუ ზემოხსენებულ მაგიდასთან?
_ საუბარს იმასთან დაიწყებს, ვინც გამოაცხადებს, ჩვენთვის რუსული ვექტორი წყალგამყოფია და, დასავლელო პარტნიორებო, პროპორციულზე ყველასთან ერთად ვსაუბრობდით და ეს პირობა შევასრულეთო.
_ რატომ გამორიცხავთ, რომ ბურჯანაძემ აღარ იაქტიუროს და ბოკერიამაც განაცხადოს, ეს მაგიდაც მთლიანად პროდასავლურიაო?
_ რაც უნდა, ის ქნან!
_ ანუ ასეთი მოცემულობა ოპოზიციას არ დაქსაქსავს?
_ არა. წეღანაც გითხარით, რომ „ძალა ერთობაშიაში“ ნამატით მოდის.
_ ამ გაერთიანებას კიდევ რომელი პარტიები შემოუერთდებიან?
_ პიროვნებები და პარტიები თავად დაასახელებენ.
მოკლედ, დასავლური ვექტორი გავერთიანდებით და საქართველოს მოსახლეობას არ ვაკადრებთ, რომ მაჟორიტარებად ძველი ნათაღლითარი პოლიტიკანები წარვადგინოთ! ეს სირცხვილია!
_ ვთქვათ, ისე მოხდა, რომ ბოკერია ბურჯანაძეს გაემიჯნა და „ევროპულმა საქართველომ“ „ძალა ერთობაშიაში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, თაკო ჩარკვიანის პოზიცია როგორი იქნება?
_ გიგას პირდაპირ ეთერში ვუთხარი: დასავლური ვექტორი ერთად დავდგებით!
_ კი ბატონო, მაგრამ იმ ეჭვს რას უზამთ, რომ ბოკერიას ივანიშვილთან კოლაბორაციონიზმი აქვს?
_ ეს ზუსტად იმის გამართლება და მტკიცება იქნება, რომ ივანიშვილთან ურთერთობის მცდარ გეგმაზე უარი თქვა!
ბოკერია, ალბათ, ფიქრობს, რომ ეშმაკობს, მაგრამ ივანიშვილი ბევრად უფრო ეშმაკი და ცბიერია და გიგასაც ვუთხარი, თუ გაურიგდებით, ისე მოგექცევათ, როგორც ხაზარაძეს-მეთქი.
_ ანუ?
_ ხაზარაძეს ზურაბიშვილი აარჩევინა, მაგრამ მერე გადააგდო. გარიგებაზე ბოკერიასაც წაიყვანს და გადააგდებს. ეს ივანიშვილის სტილია!
_ რაც შეეხება 4 აპრილის აქციას, ჯერ ერთი, საკითხავია, კორონავირუსის პანიკის გამო ქუჩაში ადამიანები გამოვლენ თუ არა. მეორეც, ამ აქციაზე ხალხს ოპოზიციამ რა უნდა შესთავაზოს, ანუ ოპოზიციამ იცის, რა უნდა გააკეთოს მას შემდეგ, რაც „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა?
_ ზუსტად ვიცი, „ძალა ერთობაშია“ და მე, კონკრეტულად, თამარ ჩარკვიანი, რა განცხადებასაც გავაკეთებ, რათა ქუჩაში კეთილსინდისიერად გავიარო.
_ მაინც, რას იტყვით?
_ ისე არ გამიგოთ, რომ საყვედურს ვამბობ, მაგრამ პოლიტიკაში ქუჩიდან არ შემოვსულვარ და ვინმეს წარმოუდგენია, რომ ჩემი მიზანია, პარლამენტში შევიდე, სადაც ერთ მხარეს ბესელია მეჯდება, მეორე მხარეს _ ბურჯანაძე, წინ და უკან _ სხვა რუსეთუმეები და ნათაღლითარი პოლიტიკანები?! ამაზე არასოდეს წავალ!
მოკლედ, ჩვენ პოლიტპატიმრები გვყავს, ამიტომ იმ შემოთავაზებულ კვოტებსა და მამაძაღლობებზე არ მივდივართ! ის პარტია, რომელიც ამაზე წავა, მაშასადამე, სატელიტია!
_ ეს გასაგებია, მაგრამ სხვა რამ გკითხეთ, ანუ იგივე „ძალა ერთობაშია“ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან „ოცნება“ წავა, მოსახლეობას რას შესთავაზებს?
_ კოალიციურ მთავრობას!
_ კოალიციური მთავრობა მე, საქართველოს მოქალაქეს, რას მომცემს, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ როგორ შეიცვლება?
_ გეტყვით: აი, მაგალითად, პარტია „კანონსა და სამართალს“ აქვს უსერიოზულესი ინიციატივა, რომ მთავარი პროკურორი, მოსამართლეები თუ პოლიციის უფროსები ხალხმა აირჩიოს.
_ სხვათა შორის, „გირჩსაც“ სწორედ ეს იდეა აქვს.
_ დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ინიციატივის პრეზენტაცია გავმართეთ და მაშინ „გირჩს“ წარდგენილი არაფერი ჰქონდა.
ჩვენ იმაზეც დიდი ხანია ვლაპარაკობთ, რომ ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ უნდა იყოს. „გირჩი“ კი, როგორც ვნახეთ, ივანიშვილთან სასაუბროდ პირველი გაქანდა.
_ ხმა დადის, რომ „ოცნებას“ ჩუმ-ჩუმად „ძალა ერთობაშიას“ წევრებიც ელაპარაკებიან.
_ ვერ გეტყვით.
კოალიციური მთავრობა უკეთესი იმიტომაა, რომ არავის ექნება მონოპოლია, ვთქვათ, ძალოვანი მინისტრები ერთპიროვნულად დანიშნოს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კოალიციური მთავრობით აბსოლუტურად დასავლურ, დემოკრატიულ და სამართლიან სისტემაზე გადავალთ! ამით კი თქვენი და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება! ყველაფერ ამის სანაცვლოდ ხალხს პროკურორ ბადრი ბიწაძის მეუღლე ნინო ბურჯანაძე უნდა შევთავაზოთ, რომელსაც რუსული სამართლებრივი სივრცე მოსწონს? ხალხს ვაგიჟებთ თუ რა არის? პირადად მე ამაზე ხელს არ მოვაწერ და, მგონი, მართალი ვარ!
საქართველოს დასავლური კურსი აქვს და ხალხსაც დასავლური ვექტორის მაჟორიტარებს შევთავაზებთ! პროპორციულზე კი ვისაც უნდა, იმან იყაროს კენჭი და ხალხი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ საქართველოში რუსული ვექტორი მაჩანჩალაა!
_ ქალბატონო თაკო, გამორიცხავთ, რომ თქვენი ამ მკვეთრი პოზიციის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ვიღაცებმა დატოვონ და „ევროპულ საქართველოში“ გადაპორტირდნენ?
_ დიახ, გამოვრიცხავ! ამ პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ წელიწად-ნახევარია, პარტნიორები ვართ და ბარაქალა, „ნაციონალურ მოძრაობას“, საოცარი იდეალისტები ჰყავს! მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებული შეცდომები ძალიან კარგად აქვთ გაანალიზებული და ასევე იმის უნარსაც ფლობენ, რომ ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ!
_ ყველაფერი ის, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, მიხეილ სააკაშვილმა კარგად გათვალა და პირადი შტაბი ამიტომაც შექმნა, ანუ თქვენი და მესამე პრეზიდენტის იდეები ერთმანეთს დაემთხვა?
_ ბრძოლის დროს ყველა იდეალისტის იდეები, როგორც წესი, ერთმანეთს ემთხვევა! იმაზეც შევთანხმდეთ, რომ სააკაშვილი უნიჭიერესი კაცია და რა, იგივე „ევროპულმა საქართველომ“ არ იცის, რომ მიშა რეფორმატორია?
_ ცხადია, იცის… ისე, ქალბატონო თაკო, ბოკერია პოლიტიკურ ინტრიგებში ჭიპმოჭრილია. თქვენ კი პოლიტიკაში ახალი სახე ხართ და იმასაც ამბობთ, რომ სიტყვა „კვოტა“ ბოლო დროს ისწავლეთ.
_ დიახ, ასეა და იცით, ეს სიტყვა პირველად როდის გავიგე?
_ როდის?
_ ბურჯანაძეს მარნეული-ბოლნისის კვოტებზე ჩხუბი რომ მოუვიდა.
_ ეს, მგონი, 2008-ის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დროს იყო და ამის გამო ბურჯანაძემ „ნაცმოძრაობაც“ დატოვა. ჰოდა, ბოკერიას აშიშვლებთ და მის დამარცხებას შეძლებთ?
_ არ მინდა, რომ საქართველო დამარცხდეს, ხალხი ჩალაგამოვლებული იყოს და შეგვრცხვეს! გავრილოვი გავაპროტესტეთ და ამის შემდეგ ქუთაისს _ ამხელა ქალაქს _ ჰკადრებ, რომ მაჟორიტარად რუსული ვექტორის „პოლიტიკანკა“ შესთავაზო?! _ ეს, ელემენტარულად, სირცხვილია!
ცხადია, ჩემს თავს ახალგაზრდად არ მივიჩნევ, მაგრამ პარტიაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მყავს, სხვაგანაც ბევრი ახალგაზრდა არის, ანუ პოლიტიკაში ახალგაზრდებისა და ცოტა იდეალისტების დრო მოდის! აბა, ერთხელ ვნახოთ _ ბალტიისპირეთის გზა გავიაროთ და ამ ქვეყანაში იდეალისტმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც კვოტებზე საუბრის ბეგრაუდნი არ გვაქვს, იქნებ, რამეს მივაღწიოთ! ჩვენ სამართლებრივი სისტემის „ამოყირავებას“ ვაპირებთ და ამიტომ, მოდით, პოლიტიკაში ჭუჭყიანი ურთიერთობის სტილი შევცვალოთ. კი ბატონო, პროპორციულზე ყველანი ერთად ვიდექით. ახლა დასავლური ვექტორი ერთად დავდგეთ და იმაზე დიდ შედეგს მივიღებთ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს გვქონდა! ჩემი შეთავაზება ესაა, თორემ საქართველოს გაერთიანების გეგმაში პუტინსა და ორჯონიკიძეს როგორ გავუერთიანდე?
_ წლების წინათ, მახსოვს, ბურჯანაძეს დაემუქრეთ, რომ მას დაამთავრებდით. ამ დაპირებას უსრულებთ?
_ რა თქმა უნდა! ჩემთვის ბურჯანაძე კრებსითია. მე დანაპირებს პუტინს ვუსრულებ _ ქართველმა ხალხმა არჩევანი წლების წინათ გააკეთა და ამ ვექტორს ვერავინ შეცვლის!

გიორგი აბაშიძე