გია ხუხაშვილი: „ბიძინა ივანიშვილს ისევ საკუთარი თავი დაამარცხებს“

ბოლოს დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციური სპექტრის სისუსტე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დასთანხმდა. მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თავის მხრივ, ოპოზიცია ქმედითუნარიანობას ვერ ავლენს. ბურთი, ჯერჯერობით, მმართველი გუნდის მხარესაა.

რა იქნება ივანიშვილის დამარცხების მიზეზი? აქვს თუ არა შანსები ოპოზიციას? რა არჩევანის წინაშე დადგება ქართველი ამომრჩეველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, დღევანდელი მოცემულობით ივანიშვილი თამაშობს თუ არა წაუგებელ თამაშს?
_ მისი წაუგებელი თამაშის საფუძველი ოპოზიციის სისუსტე გახლავთ. თუ თამაშის ტერმინოლოგიით ვილაპარაკებთ, როდესაც ბანკი შენ გიჭირავს ხელში, წაუგებელი თამაში ძნელი არ არის, თუ შენ ამით ბოროტად სარგებლობ. შესაბამისად, მისი მთავარი კოზირი საკუთარი სიძლიერე კი არ არის, არამედ _ მონოპოლიზებული რესურსები, არცთუ ცივილიზებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი მართვის მეთოდებით და ოპოზიციის, ხშირ შემთხვევაში, უუნარობა პოლიტიკურ პროცესში. ასე რომ, ასეთი მოცემულობაა. გარდა ამისა, მაინც არ ვფიქრობ, რომ მას წაუგებელი თამაში აქვს გარანტირებული _ მისი მთავარი პრობლემა დღეს, თავისი სისუსტიდან გამომდინარე, იმდენად ოპოზიცია არ არის, რამდენადაც საკუთარი თავი. ბიძინა ივანიშვილს დღეს ისევ ბიძინა ივანიშვილი დაამარცხებს, რადგან ის მიმართულება, რაც მან პოლიტიკაში აირჩია, შეიძლება ტაქტიკური შედეგის მომტანია, მაგრამ სტრატეგიულად განწირულია მარცხისთვის.
_ მიუხედავად დასავლეთის კრიტიკისა, მაინც დაიჭირეს ოპოზიციონერი ლიდერი მოლაპარაკების პროცესში. რატომ დგამს ხელისუფლება ამ ნაბიჯებს?
_ ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებაში აფექტისა და ძალაუფლების დაკარგვის შიშის წილი ძალიან მაღალია, მაგრამ თუ, მაინცდამაინც, პოლიტიკური ლოგიკის დანახვა გვინდა, ეს ზუსტად ის გახლავთ, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლება იძულებულია, აწარმოოს რაღაც ტიპის მოლაპარაკებები, მაგრამ არ არის დაინტერესებული, რომ ეს მოლაპარაკებები კონსტრუქციული შედეგით დასრულდეს და შესაბამისად, დროდადრო აყირავებს მაგიდას, თუნდაც ისეთი მეთოდებით, რასაც უგულავას დაჭერა ჰქვია. ამ მოლაპარაკებების პროცესში ხელისუფლება იძულებული იყო, რაღაც კომპრომისზე წასულიყო დასავლეთის თვალში, რომ სახე შეენარჩუნებინა, მეორე მხრივ, უნდოდა მაგიდის აყირავება ისე, რომ ეს მისი ინიციატივა კი არ ყოფილიყო, თვითონ ოპოზიცია დატოვებდა მოლაპარაკების მაგიდას და მოაწყო ამ ტიპის პროვოკაცია უგულავას დაჭერით, თუმცა არ ვფიქრობ, რომ უგულავას დაჭერის მიზეზი მხოლოდ ეს იყო. პოლიტიკას თავი რომ დავანებოთ და წმინდა ქუჩური ლოგიკით განვიხილოთ, დაახლოებით, ამ ტიპის განსჯა შეგვიძლია დავინახოთ: უგულავა, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილის „კეთილი ნებით“ გამოუშვეს ციხიდან და აქ გათვლა იყო ძალიან მარტივი, რომ უგულავას გამოშვება ბიძინას გეგმებს შეუწყობდა ხელს. ის მაშინ ასე მიიჩნევდა, პირველი მისი გეგმა ასეთი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ნაწილად გახლეჩილიყო, ანუ იქიდან პოლიტიკოსების ძირითადი ჯგუფი წამოსულიყო, შეექმნათ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და მაქსიმალურად წამოეყვანათ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, შესაბამისად, მიშა სააკაშვილი იზოლაციაში დაეტოვებინათ. ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა, რომ მაშინ უგულავას ციხიდან გამოშვება ამ პროცესს ხელს შეუწყობდა და ამით შექმნიდა უფრო კონსტრუქციულ ოპოზიციას „ევროპული საქართველოს“ სახით, მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა. იმის მაგივრად, რომ ციხიდან გამოშვების შემდეგ უგულავას ივანიშვილისთვის ხელები თუ არ დაეკოცნა, თვინიერად მაინც მოქცეულიყო, უცებ ივანიშვილისა და ხელისუფლების მისამართით ძალიან მწვავე კრიტიკა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა მიიჩნია, რომ უგულავამ „კონტრაქტი“ დაურღვია. გამოგიშვი, შენ კიდევ ისევ რაღაცას ბედავ, მაშინ წადი უკან ციხეში _ დაახლოებით ეს დამოკიდებულება ჰქონდა. ეს პოლიტიკის მიღმა ლოგიკაა, მაგრამ არის ამაში კაცური გარჩევის ლოგიკა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ თუ ასეთი კაცური გარჩევები საყოფაცხოვრებო დონეზე შესაძლებელია, სახელმწიფო მართვაში ეს მეთოდები დამანგრეველია და ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე.
_ ხელისუფლებაში ვერ აცნობიერებენ, რა შეიძლება მოჰყვეს მსგავს ნაბიჯებს?
_ აცნობიერებენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ ძალიან ღრმად შეტოპა, ის ვეღარ ხედავს კარგ გამოსავალს. მას ძალაუფლების შენარჩუნება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად მიაჩნია. პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რამხელა საფრთხეს წარმოადგენს მისთვის დასავლეთიდან მისი მმართველობის დელეგიტიმაცია, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, ის ცდილობს, რომ რაღაც მანევრები ჩაატაროს. ეს მანევრები ძალიან უცნაურ ხასიათს ატარებს: თვეების განმავლობაში ის ემისრებს უცხოეთში აგზავნიდა და ეუბნებოდა, ყველას ყველაფერს შეჰპირდითო, ისინიც ჰპირდებოდნენ და თვითონ „აგდებდა“. დაიწყო ჩუგოშვილით, როდესაც ის გააგზავნა დასავლეთში და ალაპარაკა, რომ პროპორციული არჩევნები შემდგარი ფაქტი იყო და დემოკრატიულ განვითარებას არაფერი ემუქრებდა; მერე ადგა და ეს ყველაფერი ააყირავა, ამ ძალიან უხარისხო პროვინციული სპექტაკლის დადგმით, რასაც ჰქვია „ხუნდაძის ამბოხი“, _ ეს პირველი სერია იყო; მეორე სერია თალაკვაძის შესრულებით ვნახეთ, როდესაც სპიკერი იგივე მარშრუტით წავიდა და ყველას შეჰპირდა, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა არ იქნება და ოპოზიციასთანაც შევთანხმდებითო. ის ჩამოსული არ იყო, უგულავა რომ დაიჭირეს, ანუ ეს პრინციპი, რომ თქვენ შეჰპირდით და მე გადავაგდებ ყველას, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპად გახადა, რამაც დასავლეთის უმწვავესი რეაქცია გამოიწვია. ასე რომ, არათანმიმდევრულობა, ინფანტილიზმი, ძალაუფლების დაკარგვის შიშით გამოწვეული აფექტი, _ ეს ყველაფერი ისეთ აჯაფსანდალს იძლევა, რომ აქედან მწყობრი პოლიტიკის დანახვა და იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი მაგარი პოლიტიკოსია, ნამდვილად არ შეიძლება, მინიმუმ, წინააღმდეგობრივია. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ რაღაცას სწორად აკეთებს, მაგრამ შეცდომების რაოდენობა კატასტროფულად დიდია. ახლა ვხვდები, რომ 2012 წლის იმ პოლიტიკურ პროცესში ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, მას ამ ტიპის პოლიტიკის წარმოებით არანაირი შანსი არ ჰქონდა იმ არჩევნების მოგების, ანუ საკუთარ თავზე უკეთესი წარმოდგენის ვარ ახლა, ვიდრე მაშინ ვიყავი. მის ირგვლივ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ მას ნამდვილად უწევს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება და ეს არის კატასტროფული. ის ხელისუფლებაში რამდენიმე მიზეზით რჩება: მას მონოპოლიზებული აქვს მთელი რესურსები; ოპოზიცია ვერ თანხმდება და სუსტია; ასევე „მგელი, მგელის“ ძახილი არის ივანიშვილის აქტივი. სხვა რამე ტიპის პოზიტიური დღის წესრიგი მას, უბრალოდ, არ გააჩნია. ისევ მთლიან ნეგატივზე და მატერიალურ-ადმინისტრაციულ რესურსზე დგას მისი ძალაუფლება. არანაირი ელექტორალური საფუძველი ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნას უკვე აღარ აქვს. მისი აქტივი მოწინააღმდეგის პასივია და ამიტომ მუშობს ეს აქტივი.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას პროვოკაცია მოუწყო, რომ თავად ეთქვათ უარი მოლაპარაკებებზე. ტაქტიკურად გამართლებულია თუ არა ოპოზიციის ქმედება, რომ უგულავას დაჭერის შემდეგ ყველანაირ მოლაპარაკებებზე უარი თქვეს?
_ ბოლო მოვლენების ფონზე ფრთხილ იმედს დავიტოვებ, რომ შესაძლებელია, რაღაც უკეთესობისკენ წავიდეს. ერთი მხრივ, ოპოზიციის ეს ქმედება უგულავას დაჭერის შემდეგ ლეგიტიმურია, მათ არც ჰქონდათ უფლება, ეს არ გაეპროტესტებინათ და დემარში არ მოეწყოთ. ამ დემარშმა ტაქტიკურად პოზიტიური როლი ითამაშა იმიტომ, რომ ხელისუფლებას ამის შემდეგ მანევრი „თქვენ შეჰპირდით, მე გადაგაგდებთ“ უკვე აღარ აქვს და რეალური წინადადებები დადეს მაგიდაზე. მათი ბოლო წინადადება, 40%-იან შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტიამ 40%-იანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მას არ უნდა ჰქონდეს საშუალება ხელისუფლებაზე მონოპოლიის მოპოვების, ეს ჭკუასთან ახლოს არის და ვფიქრობ, ამის ირგვლივ მოლაპარაკებების წარმოება შეიძლება. თუ, რა თქმა უნდა, ამ წინადადებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ისევ ვირეშმაკული თამაშები არ დაიწყო და ისევ არ შეეცადა მანიპულაციების წარმოებას. რადგან ხელისუფლება ამბობს, რომ ის ამისთვის მზად არის, საუკეთესო ფორმულაა 120/30-ზე ანუ 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარი. შეთანხმდნენ და ამ შემთხვევაში ეს პირობა იქნება დაცული და 40%-იან ზღვართან ახლოს მივა. თუ ხელისუფლებამ იმაზე საუბარი დაიწყო, რომ 40%-იან შეზღუდვას ჩაწერენ, მაგრამ მაჟორიტარების რაოდენობა ისევ მეტი იყოს, ეს მათ მანიპულაციების საშუალებას აძლევს, რადგან, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ, თავიანთ მაჟორიტარებს დამოუკიდებელი მაჟორიტარები დაარქვან, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილზე დღემდე ჯიუტად გაიძახიან, რომ თურმე ოპოზიციის წარმომადგენელი ყოფილა. სინამდვილეში, მათ მიერ კონტროლირებადი ე. წ. დამოუკიდებელი დეპუტატები შევლენ პარლამენტში და კოალიციურად მაინც მოახერხებენ ბარიერზე გვერდის ავლას. ასეთი პროცესები რომ არ დაიწყოს, ამისთვის ყველაზე მარტივი მეთოდია, თუ 40%-იან შეზღუდვაზე არიან თანახმა, 120/30-ზე შეთანხმდნენ. ვფიქრობ, ისტორიის ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა თუ უზრუნველყო ის, რომ მის პარტიას საზოგადოებაში 40%-ზე მეტი მხარდაჭერა ექნა, ამ შემთხვევაში არ უნდა გვქონდეს პრეტენზიები. პარტიას, რომელსაც 40%-ზე მეტი მხარდაჭერა და უმრავლესობა აქვს, არ არის ისეთი კატასტროფა, სჯობდა, რომ ყოფილიყო პროპორციული და 50%, მაგრამ 40% ამ ეტაპზე მისაღებია და ნამდვილად შეიძლება ამის ირგვლივ კონსენსუსი. მთავარია, ეს კანონმდებლობაში ისე გაფორმდეს, რომ შავი ხვრელები არ დავტოვოთ, რასაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შეეცდება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების ჩაშლა უგულავას დაჭერის შემდეგ ლოგიკური იყო, თუმცა რამდენად ლოგიკურია 4 აპრილს დაანონსებული აქცია? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს დაგვიანებულია?
_ 4 აპრილი იმდენად არ დასახელებულა უგულავას დაჭერის გასაპროტესტებლად, რამდენადაც ოპოზიცია ფიქრობს, რომ 4 აპრილი ეს არის საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი. მოგეხსენებათ, ხელისუფლების დედლაინი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით არის მარტის ბოლო. გარდა ამისა, ოპოზიციას გარკვეული შიდა პოლიტიკური პრობლემები აქვს. შანსი იმისა, რომ სანამ პროცესში შევლენ, ერთმანეთს „დააყარონ“, საკმაოდ მაღალია. ამის მწარე გამოცდილება გვაქვს. ასე რომ, 4 აპრილამდე მოსამზადებელი სამუშაოებია და ამაში უფრო საარჩევნო ლოგიკა ჩაიდო, ვიდრე რაღაც კონკრეტულ თემაზე პროტესტი. რაც შეეხება უგულავას, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ უგულავა პოლიტპატიმრად გააფორმა, ამას ნამდვილად დიდი „ვაჟკაცობა“ უნდოდა და მათ ეს შეძლეს.
_ ოპოზიცია ამბობს, რომ 4 აპრილის აქციისთვის რეგიონებში გავლენ და მოსახლეობას შეხვდებიან, შეძლებენ თუ არა ისინი ხალხის მობილიზებას?
_ ჩვენ მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის სისუსტის პრობლემა გვაქვს. პოლიტიკური კრიზისი შეეხო, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, შესაბამისად, წინასწარ იმის თქმა, თუ რას შეძლებს ოპოზიცია, ნამდვილად არ შემიძლია. ჩვენ არ გვაქვს ოპოზიციური ჯანსაღი კოორდინაციისა და ერთიანობის კარგი ისტორიული გამოცდილება, ხელისუფლება შეეცდება, რომ მათ წინააღმდეგობებზე ითამაშოს. ასე რომ, ვითარება, ჯერჯერობით, ბუნდოვანია და თავს შევიკავებდი კონკრეტული პროგნოზებისგან. ოპოზიციას არ აქვს რესურსი და ხელისუფლების გათვლაც ამაზეა. დღევანდელ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლების მსგავსად, არაფერ მანკიერებაზე უარი არ უთქვამს. ბიძინა ივანიშვილი მიშა სააკაშვილს აგინებს, მაგრამ ის მანკიერი სისტემა, რასაც ჩვენ სისხლიან რეჟიმს ვეძახით, თვითონ გადმოიბარა. თავადვე გამოაცხადა სამართალმემკვიდრედ თავი და ყველა მანკიერებაზე ხელი მოაწერა, გადმოიბარა ისიც, რასაც კოლექტიურ მურუსიძეს ვეძახით. შესაბამისად, ის მთლიანად აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს. აბა, გაბედოს ვინმე ბიზნესმენმა და ოპოზიციისკენ გაიხედოს, ხომ გასაგებია, რაც მოჰყვება ამას. ეს არის იგივე ტექნოლოგია, რასაც, თავის დროზე, სააკაშვილი აკეთებდა. ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილი პირადად არ მოსწონს, მაგრამ მისი მახასიათებლები მოსწონს და ყველაფერზე ხელი მოაწერა, რაზე თქვა უარი?! რის გამოც ჩვენ წინა რეჟიმს ვებრძოდით და რა მანკიერებებიც იყო, რომელ ერთზე თქვა უარი ბიძინა ივანიშვილმა?! ყველა მანკიერება და საშინელება გაიმეორა. შეიძლება, რაღაცები ნაკლები ინტენსივობით და, ჯერჯერობით, ნაკლებად აგრესიულად, მაგრამ რა არის ისეთი, რაც წინა რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი და დღეს არ ხდება?! _ მე ასეთი არაფერი მეგულება. ოპოზიციას არც აქვს რესუსრები, მაგრამ შეზღუდული რესურსებითაც სურვილის, პოლიტიკური ნებისა და საღი აზრის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ სიტუაციაში სერიოზული ბრძოლა.
_ ოპოზიციის სისუსტეს ხომ არ განაპირობებს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველი მარტიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე პირადი შტაბის გახსნა დააანონსა? მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად თამაშობს ივანიშვილის სასარგებლოდ. ეს რამდენად რეალურია?
_ მიშა სააკაშვილი რომ ივანიშვილის შტაბის უფროსია ხოლმე საარჩევნოდ, ეს არ არის ახალი ამბავი, მაგრამ ეს არ გახლავთ შეთანხმების საგანი. ეს არის მისი ხასიათიდან და პოლიტიკური ტემპერამენტიდან გამომდინარე. სააკაშვილისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, მთავარი ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს, მთავარია, რომ მისი ხელით დამარცხდეს და ის იყოს ამ დამარცხების ეპიცენტრში. მისთვის პოლიტიკური ამოცანა ის კი არ არის, რომ სახელმწიფოში რაღაც პროცესი დაიწყოს, არამედ ის, რომ ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა და ცენტრი თავად იყოს. ყველა სხვა შემთხვევაში ქვა ქვაზე არ დარჩენილა, _ ასეთია მისი ხასიათი. პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელია ასეთი მიდგომები. სააკაშვილი, ამ შემთხვევაში, არ არის ერთადერთი და განუმეორებელი. გამოვრიცხავ მათ შორის შეთანხმებას, მაგრამ პოლიტიკაში ყველაზე დიდი მტრები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. სხვათა შორის, ეს ტრადიცია საქართველოში დამკვიდრებულია. ჯერ კიდევ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე წინასაარჩევნოდ ისე წააყრიდნენ ერთმანეთს, ჩვენ გვეგონა, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა, სინამდვილეში ორივეს თავისი ინტერესები ჰქონდა და თავიანთ დივიდენდებს იღებდნენ, შემდეგ არჩევნები მთავრდებოდა და ყველაფერი წყნარდებოდა.
_ სააკაშვილი ახალგაზრდებზე აკეთებს გათვლას, ეს რამდენად სწორი სვლაა პოლიტიკურად?
_ თეორიულად სწორია, მაგრამ პრაქტიკულად _ შეუძლებელი. ახალგაზრდებზე გასვლა „ქართული ოცნებისთვის“ საერთოდ უპერსპექტივოა, რადგან მისი ინტელექტუალური თამასა ძალიან დაბლაა და აქედან გამომდინარე, მინიმუმ, მოდური არ არის ახალგაზრდებში და ისინი უფრთხიან ასეთ სისტემებთან ასოცირებას. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ისეთი ახალგაზრდების იმედზეა, რომელთაც ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ, არც პოლიტიკური კულტურა აქვთ და არც _ კომპეტენცია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი შესაძლებლობებიც, ამ მხრივ, საკმაოდ შეზღუდულია. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ გასასვლელი ახალგაზრდობის გარკვეულ ფრთაზე, რადგან მაინც პროგრესისტებად ითვლებიან. მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს პროგრესული ამბიციები აქვთ და მხოლოდ ამიტომ შედიან პოლიტიკაში. მათ უნდათ, რომ სამყარო შეცვალონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალი თაობის პოლიტიკაში ინტეგრაციას მაინც დამატებით ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები სჭირდება და ასეთი შეთავაზებები პოლიტიკურ ბაზარზე ან არ არის, ან თუ არის, ჯერჯერობით, ძალიან სუსტია.
_ ამ ყველაფრის პარალელურად ტარდება კვლევები, მათ შორის, „მთავარი არხის“ დაკვეთით IPSOS-ის ჩატარებულ კვლევაში „ქართულ ოცნებას“ 39% აქვს, რაზედაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები სიამაყით აცხადებდნენ, რომ თუ ამ კვლევაში 39% დაიწერა, მაშინ რეალურად გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნებათ. ამ კვლევების მიხედვით, თუ 40% იქნება აუცილებელი მთავრობის დასაკომპლექტებლად, „ქართული ოცნებას“ მაინც რჩება უპირატესობა, ე. ი. მას გამარჯვების შანსი აქვს?
_ ეს 39% სწორია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ პროცენტების განაწილებაში არ მონაწილეობს ამომრჩეველი, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას ან არ მიდის არჩევნებზე. ეს სეგმენტი ძალიან დიდია _ 35-40%-ია. შესაბამისად, ეს 39% არის, დაახლოებით, ის 22-23%, რაც NDI-სა და IRI-ის კვლევაში იყო. ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ 29%, ეს არის 18% და ა. შ. ელემენტარული გადაანგარიშებაა, ანუ ამ პროცენტებმა არავინ უნდა შეიყვანოს შეცდომაში, რადგან ეს კვლევა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ელექტორალური მხარდაჭერა აქვს, დაახლოებით, 22-23% და არა 39%, _ კვლევა ამას აჩვენებს. ელექტორატის ძალიან დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ელოდება ალტერნატიულ არჩევანს, მას არ უნდა არც წარსული და არც აწმყო, სუფთა ფურცლიდან უნდა არაკომპრომეტირებული არჩევანი, რომელსაც პოლიტიკური ბაზარი, ჯერჯერობით, ვერ სთავაზობს. ერთადერთი „ლელო“ სთავაზობს რაღაცას და ესეც სუსტი შეთავაზებაა. ბუნებრივია, ამ ელექტორალურ სეგმენტს ვერანაირად ფარავს. საბოლოოდ, თუ დღეის მდგომარეობით ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები ვერ გაძლიერდნენ, ამომრჩევლის ყველაზე დიდი სეგმენტი ან დარჩება სახლში, ან ისევ მოუწევს ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება, რაც არ იქნება სასარგებლო პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის. ეს არის ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ორი დანაყოფით და არც „ქართული ოცნება“, ის ეძებს არჩევანს და თუ ასეთი არჩევანი მას პოლიტიკურმა ბაზარმა ვერ შესთავაზა და მას მაინც უნდა არჩევნებზე წასვლა, ის არჩევანს ასე გააკეთებს: არც ერთი მინდა და არც _ მეორე, არც ერთის იმედი მაქვს და არც _ მეორის, ვინც რაღაცას გადმომიგდებს, ერთჯერადად გადავუგდებ ჩემს ხმას, ამ მხრივ, ხელისუფლების რესურსი ბევრად მეტია, რადგან ასეთი გადაგდების თემა ბევრი შეიძლება იყოს, მათ შორის, გაზის, წყლის შეყვანა, სკვერის აშენება. ასე რომ, ამ ამომრჩეველს შეიძლება, დღევანდელი ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ არც „ნაციონალური მოძრაობა“ მოსწონს, შესაბამისად, მზად არის, ერთჯერადად გაიყიდოს.

ნენე ინჯგია