მირიან მირიანაშვილი: „ირანთან საზღვარი 9 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთის გამო არ ჩაიკეტა“

კორონავირუსმა საქართველოშიც შემოაღწია. ახლა, ალბათ, აღარ აქვს მნიშვნელობა იმაზე საუბარს, თუ რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან ამ ვირუსის გავრცელება. ფაქტი ერთია _ საქართველომ ირანთან მიმოსვლა არ შეზღუდა და პირველი ვირუსი სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა. ირანში, ამ მხრივ, ძალიან მძიმე ვითარებაა. იქ კორონავირუსით ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაავადდნენ, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტიც; ირანის პარლამენტის ერთი წევრი კი კორონავირუსმა იმსხვერპლა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელ მირიან მირიანაშვილს ირანთან მჭიდრო კავშირები აქვს. მისი თქმით, ვიღაცებმა საკუთარი ანგარების მიზნით თქვეს უარი, ირანთან მიმოსვლა აეკრძალათ და ამით საქართველოს სერიოზული საფრთხე შეუქმნეს. მისივე თქმით, ამერიკელებს რომ არ დაებლოკათ ვადამდელი არჩევნების თემა, ქვეყანა სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებოდა.

ვინ და რატომ თქვა უარი ირანთან მიმოსვლის შეჩერებაზე? ვინ შეამოწმებს ირანიდან კორონავირუსის შიშით გამოქცეულ ადამიანებს? ვინ აპირებს ამ თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას? გაიზიარებენ თუ არა ქართველი პოლიტიკოსები ირანელი კოლეგების ბედს? _ ამის შესახებ მირიან მირიანაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ როდესაც ცნობილი გახდა, რომ ირანში კორონავირუსის ეპიდემია იყო, საქართველოში ბევრი ითხოვდა ირანთან მიმოსვლის შეჩერებას. საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილების მიღება არ იჩქარა და პირველი ვირუსი სწორედ ირანიდან შემოსულ მოქალაქეს დაუფიქსირდა. თქვენი აზრით, რატომ დააგვიანა საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღება?
_ ირანში კორონავირუსი ერთი თვის წინ გავრცელდა. როდესაც იქ საარჩევნო კამპანია დაიწყო, მაშინვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ ქვეყანაში კორონავირუსი იყო. ირანის ხელისუფლება დილემის წინაშე დადგა, _ ან უნდა გადაედოთ არჩევნები, ანდა კორონასთან დაკავშირებული ინფორმაციები არ დაედასტურებინათ, ეთქვათ, ეს მხოლოდ ჭორებიაო. იმის გამო, რომ ცალკეულ კლანებს ფსონები ჰქონდათ ამ არჩევნებზე დადებული, გადაწყვიტეს, რომ ხმები კორონას გავრცელების შესახებ ჭორად გამოეცხადებინათ, რამაც უმძიმესი შედეგები მოიტანა, როგორც თავად ირანისთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის.
ვისაც არ უნახავს საარჩევნო კამპანია ირანში, ვერც კი წარმოიდგენს, ეს რამხელა ამბავია. ეს რაღაც უდიდესი ექშენი და ემოციაა. ძალიან დიდი თავშეყრები იმართება. ირანის პოლიტიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მსოფლიოს დაანახოს, თუ რა მასშტაბის დემოკრატიაა მათთან. საარჩევნო შეხვედრები ტარდება მეჩეთებში. მასობრივი კომუნიკაციებს ადგილები მაქსიმალურად დატვირთულია. ასეთ ადგილებში ვირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება. თან ირანელები ერთმანეთს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით არ ესალმებიან. იქ ადამიანს თუ პატივს სცემ, უნდა გადაეხვიო და კარგად გადაკოცნო.
დაახლოებით სამი კვირის მერე ირანი უკვე ვეღარ მალავდა, თუ რა ხდებოდა მათთან. საქართველოს ხელისუფლებას რამდენჯერმე ვთხოვეთ, რომ შეეწყვიტა ირანთან მიმოსვლა. ამხელა ქვეყანაში ან საელჩო არ უნდა მუშაობდეს, ან სხვა არხებით არ უნდა მიიღონ ინფორმაცია? არ აინტერესებთ მაინც, თუ რა ხდება მეზობელ ქვეყანაში? თან მასთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები გვაქვს. ირანში ოფიციალურად ამბობენ, რომ 800 კაცამდეა ინფიცირებული, მაგრამ, სულ მცირე, 10.000-მდე იქნება დაავადებულთა რაოდენობა. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.
_ 10.000 დაავადებული ეს უკვე კატასტროფაა.
_ საშინელებაა! სამწუხაროდ, დაავადებულთა რიცხვი, როგორც ვთქვი, გაიზრდება, რადგან საარჩევნო კამპანია იყო და ხალხი დაინფიცირდა. ამ ვირუსით პოლიტიკური კლასიც დაავადდა. ვირუსი შეხვდა იმათ, ვინც შეკრებებსა და თავშეყრის ადგილებზე დადიოდა. ირანის პარლამენტი, ფაქტობრივად, დაიკეტა, რადგან დეპუტატების ნაწილი ინფიცირებულია.
_ ამბობენ, რომ კორონავირუსით ირანის ვიცე-პრეზიდენტიც დაავადდა.
_ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. კორონავირუსით ირანის პარლამენტის წევრიც გარდაიცვალა. რეგიონული პარლამენტები დაიკეტა. მთელი რიგი სახელმწიფო ორგანოები არ ფუნქციონირებს. რაღაც საშინელი მასშტაბია ვირუსის გავრცელების. ხალხი ქარხნებში შიშით აღარ დადის. ისინი სამსახურში პოლიციის მეშვეობით მიჰყავთ.
მთელი სამი კვირაა, ამაზე საუბრობენ და ჩვენ გვეძინა? ჩინეთი შორს არის, მაგრამ ირანი ხომ აქვეა, ჩვენ გვერდით. როგორ შეიძლებოდა ამისთვის წაყრუება?! საგარეო უწყება, როგორც ინფორმაციის ამოკრეფის მექანიზმი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ვერ ამიხსნია, ასე ბრმად როგორ იყვნენ მშვიდად და კომფორტულად, როცა ჩვენ გვერდით სასიკვდილო და მასშტაბური პრობლემა იქოქებოდა. ეს მარტო წაყრუების ბრალი არაა, აქ სხვა მიზეზებიც უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ აიკრძალა ირანთან მიმოსვლა.
_ რა მიზეზია?
_ მოგეხსენებათ, ჩვენი სამშენებლო ბიზნესი მთლიანად მიბმულია ირანზე. იქიდან დღეში, მინიმუმ, 80 ტრაილერი მაინც შემოდიოდა. სამშენებლო მასალების გარდა ირანიდან შემოდიოდა ბიტუმი. ეს მიმოსვლა არ შეწყვეტილა მას შემდეგაც, რაც ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათთან კორონავირუსის ეპიდემიაა. როგორც გავიგე, ვიღაცებს ამ ბიტუმში ფული აქვთ გადახდილი და იგი უნდა შემოეტანათ. გასაგებია, რომ ეს ხალხი ჩვენს ხელისუფლებასთან ახლოს არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ მოახერხებდნენ, რომ საზღვარი არ ჩაეკეტათ. როგორც გავიგე, ამაში გადახდილია 9 მილიონი დოლარი.
_ რაში იყო ეს ფული გადახდილი, რომ საზღვარი არ ჩაეკეტათ?
_ ეს იმ სამშენებლო მასალის ღირებულებაა, რომელიც ირანში იყო დაკონტრაქტებული. საზღვარი რომ ჩაეკეტათ, ფორსმაჟორში ამ ფულს ვეღარ ამოიღებდნენ. სამშენებლო ბიზნესის უკან ხელისუფლება დგას. ამათ უნდოდათ, რომ აზერბაიჯანს ჩაეკეტა საზღვარი, ეს ქვეყანა უშუალოდ ესაზღვრება ირანს. მერე მათთვის დაებრალებინათ, აი, აზერბაიჯანმა ჩაკეტა საზღვარი და ჩვენ რა შუაში ვართო?
მაინტერესებს, ამ ყველაფრის მერე ჩვენ რა გამოვდივართ? ქვეყანა არ ვართ? ჯერ არ ვიცით, რა ხდება და რომც ვიცოდეთ, რა? გავიგეთ, მაგრამ არ შევაჩერეთ მიმოსვლა. თურმე, ხელისუფლებისთვის 9 მილიონის შოვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება. იმას ვერავინ ხვდება, რომ აქ თუ ვირუსი გავრცელდა, ზარალი მეტი იქნება. აშკარაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ცნობიერება დაავადებული აქვთ. მარტო ამ ამბიდანაც შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ, რომ ხელისუფლება არაფრის აზრზე არ არის. რისკების გათვლა არ შეიძლებოდა? იმედი ჰქონდათ, რომ თვე-ნახევარს რაღაცნაირად გაქაჩავდნენ, ღვთის წყალობით ვირუსი არ გავრცელდებოდა და აპრილიდან უკვე შვებას იგრძნობდნენ.
_ აპრილიდან რატომ იგრძნობდნენ შვებას?
_ აპრილში დათბება და ვირუსი ასე მარტივად ვეღარ გავრცელდება. როგორ შეიძლება, ეპიცენტრში მოვხვდეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ფულის შოვნა მოუნდა?! ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც პოლიტიკურად იგეგმებოდა.
_ რას გულისხმობთ?
_ როცა ეს პრობლემა მსოფლიოში იქოქებოდა, საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია სპექტაკლებს დგამდა, რომ აქ რიგგარეშე არჩევნები ჩატარებულიყო. ამ მიზნის მისაღწევად „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მიტინგების მოწყობაში ეხმარებოდა, ორივე მათგანი კი რუსეთიდან იმართებოდა. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ეს ამბავი ამერიკელებმა ჩაშალეს. კიდევ კარგი, რომ ვაშინგტონმა ეს საკითხი დაბლოკა, თორემ ახლა გაგანია წინასაარჩევნო კამპანია იქნებოდა და მერე გენახათ ვირუსის გავრცელების მასშტაბები. ვირუსები, ძირითადად, მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ვრცელდება. წინასაარჩევნოდ კი ხშირად იმართება ხალხმრავალი შეხვედრები. ასე პოლიტიკოსებიც დაავადდებოდნენ და _ ამომრჩევლებიც. ჩვენი პოლიტიკოსები, შეიძლება ითქვას, გადარჩენილები არიან. მათაც შეეძლოთ ირანელი კოლეგების ბედი გაეზიარებინათ. ისინიც ხომ საარჩევნო კამპანიის დროს დაავადდნენ. დაავადდებოდა ხალხიც.
საინტერესოა, მერე ვინ აიღებდა ამ აბსურდზე პასუხისმგებლობას? ან იქნებ, ირანის ხელისუფლებასავით უნდა გვეთქვა, რომ არაფერი ხდებოდა. რაღაც ეტაპზე ხომ შეიძლება, ვიღაცამ ადეკვატურობა გამოიჩინოს?! სადღაც ხომ შეიძლება, სინათლე იყოს?! მაქსიმალურად უგუნურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ. არადა, შეიძლებოდა, რომ ამ სასიკვდილო ვირუსისგან თავი დაგვეცვა, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო ირანთან საზღვრის ჩაკეტვა, რაც არ გავაკეთეთ და შედეგმაც არ დააყოვნა.
_ მარტო ირანთან საზღვრის ჩაკეტვა არ გვიშველიდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქესაც აღმოაჩნდა.
_ ამის აცილებაც შეიძლებოდა. აეროპორტში არ შეიძლებოდა იმ მოწყობილობის დაყენება, რომელიც, ჯერ კიდევ, 10-15 წლის წინათ დადგეს სხვა აეროპორტებში?! მის ქვეშ გაივლი და ის ზომავს შენს ტემპერატურას. ვინღა მიდის მგზავრებთან პირბადით და თერმომეტრით. ან არ შეიძლებოდა, საზღვრებზე საკარანტინო სივრცეები მოეწყოთ. ჩინელებმა ერთ კვირაში ააშენეს უზარმაზარი საავადმყოფო.
მილანი პრესტიჟული ქალაქია. ამ ქალაქთან კომუნიკაცია ყველას უხაროდა იტალიაში. ახლა იქ წასვლა არავის უნდა. ამ ქალაქში კორონავირუსი იმიტომ გავრცელდა, რომ ირანიდან გაქცეული ხალხი იქ ჩავიდა. მდიდარ ირანელებს მილანში აქვთ სახლები ნაყიდი. მათ ქვეყანაში საშიში ვირუსი რომ გავრცელდა, გამოიქცნენ და თავი ევროპას შეაფარეს. ზოგიერთი მათგანი, ალბათ, ვირუსის მატარებელი იყო და მილანში ჩაიტანეს. ამ პერიოდში საქართველოშიც ბევრი გამოიქცა ირანიდან. ირანელებს საქართველოშიც აქვთ სახლები.
იტალია ბევრად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას და ზომებიც მიიღო. იტალიის ქალაქებმა მილანთან საავტომობილო რეისებიც კი მოხსნეს და ჩვენ რატომ არ შევაჩერეთ ფრენები? კი ბატონო, საზღვრებს ნუ ჩავკეტავთ, მაგრამ ინფიცირებულ ლოკაციებთან მიმოსვლა მაინც ნუ იქნება. ამ ვითარებაში მილანთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ნონსენსიც კი აღარ არის. ამ უყურადღებობით თუ სხვა მიზეზებით არსებული რეალობა მივიღეთ და უახლოესი 1.5 თვე ოპტიმიზმის საფუძველი ნურავის გვექნება. მერე დათბება და ვირუსის ეპიდემიაც გადაივლის. მანამდე კი…
გითხარით, რომ როცა ირანში კორონავირუსი აფეთქდა, ძალიან ბევრი გამოიქცა იქიდან საქართველოში. არავინ იცის, არიან თუ არა ისინი ვირუსმატარებლები. ეს ადამიანები ქართველების გვერდით ცხოვრობენ და კარგად იციან, თუ როდის ჩამოვიდნენ ირანიდან. მათ უნდა აიძულონ, წავიდნენ საავადმყოფოში და სკრინინგი ჩაიტარონ.
_ ქართველებმა რატომ უნდა აიძულონ? თავისი ნებით რატომ არ უნდა წავიდნენ?
_ კარგად ვიცნობ ირანელების ბუნებას და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ისინი თავისი სურვილით შემოწმების ჩასატარებლად საავადმყოფოში არ მივლენ.
_ რატომ?
_ ასეთი ჩვევა აქვთ. ამ სიტუაციაში სულ არ წავლენ. ისინი შეშინებული არიან და არ გარისკავენ. ხომ შეიძლება, ირანში მათი დეპორტაცია მოხდეს. იქ წასვლა ძალიან სარისკოა. საქართველოშიც გამოჩნდა ვირუსი, მაგრამ ბევრად უკეთესი სიტუაციაა. ირანიდან კი ხალხი გარბის. ქუჩები სულ ცარიელია, ადამიანები გარეთაც კი არ გამოდიან. იმ ირანელების შემოწმება უნდა გახდეს სავალდებულო, ვინც საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩამოვიდა. ეს ხალხი ასე თავისუფლად რომ დადის, შეიძლება, ვირუსი გავრცელდეს და მასშტაბებით ირანს გადავასწროთ. რაღაცა ზომები ხომ უნდა მიიღონ? ის მაინც გვითხრან, რა ზომების მიღებას აპირებენ.
_ გვეუბნებიან, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
_ ეს ფრაზა სასაცილოა. ამ სიტყვების უკან მოქმედებაც ხომ უნდა იყოს. რაში გამოიხატება, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება? ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი. საზოგადოებამ თუ არ იაქტიურა, ცუდ შედეგს მივიღებთ. ამ სიტუაციაში 4 აპრილის აქციის გამართვა აბსურდია და ამაზე არც კი უნდა იფიქროს ოპოზიციამ.
_ რატომ არის აბსურდი?
_ ასეთ დროს ხალხმრავალი ღონისძიების გამართვა როგორ შეიძლება? ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც მორატორიუმი გამოაცხადონ და ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვაზე უარი თქვან. საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ, ისედაც ერთად მოქმედებენ. ახლა აქციის ან შეკრების გამართვა სარისკოა. სერიოზული წყაროსგან მივიღე ინფორმაცია, თუ რა აქციის მოწყობა იგეგმება 4 აპრილს. გადაწყვიტეს, რომ აქციაზე ხალხს ნიღბები დაურიგონ. მერე იტყვიან, ხალხს კრემლის მიერ დანიშნული ოლიგარქი ისე ამოუვიდა ყელში, ვირუსსაც კი არ ერიდებიან და ქუჩაში გამოვიდნენო. ასეთ აქციას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები აუცილებლად გააშუქებენ. ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
_ სუსი მოაწყობს ბიძინას წინააღმდეგ აქციას?
_ სუსი აქციებს აორგანიზებს. აბა, ამ პარტიებს მასშტაბური აქციის მოწყობის უნარი საერთოდ არ გააჩნიათ _ 10 კაცსაც კი ვერ გამოიყვანენ ქუჩაში. ასეთი აქცია თუ გაიმართა, ჩათვალეთ, მთელი მსოფლიოს თვალში გიჟებად გამოვჩნდებით. ამაზე ოპოზიციას ხალხმა უნდა ათქმევინოს უარი. ეს იქნება გამოსავალი და ახალ რეალობას წყნარ რეჟიმში შევხვდებით. ხელისუფლებასთან სავაჭროდ აქცია სულაც არაა საჭირო, ის ისედაც ვაჭრობს.
_ როგორც ამბობენ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სერიოზული ვაჭრობა მიდის?
_ ამ ვაჭრობის შედეგი იყო ის, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გეგმავდნენ, რომელიც ამერიაკამ დაბლოკა და კიდევ კარგი, ასე მოიქცა. დღეს თუ ვინმეს აწყობდა საქართველოში ვადამდელი არჩევნები ეს, პირველ რიგში, რუსეთი იყო. მთელი ამ თვეების მანძილზე მოსკოვიდან დირექტივები მოდიოდა, რომ აქ არჩევნები ივნისში ჩატარებულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, შემოდგომაზე რუსები მოდერაციის სისტემების გამორთვას აპირებენ ტოტალურად. ამას იმიტომ გააკეთებენ, რომ ამერიკელებმა მათ არჩევნებში ჩარევა არ დააბრალონ. წელს ამერიკაშიც ტარდება არჩევნები. პოლიტიკურ მოდერაციას რუსეთი შემოდგომაზე რეგიონული მმართველობის დონეზეც კი გათიშავს. ცხადია, როცა ეს სისტემა გაითიშება, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებშიც ვეღარ ჩაერევიან. ეს საქართველოზე პოლიტიკური კონტროლის სრულ დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ უნდოდათ, რომ საქართველოში არჩევნები ვადაზე ადრე, ივნისში ჩატარებულიყო. თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ახლა ეს კორონავირუსი გამოუვარდათ.
_ ეს ვირუსი მათ გეგმების განხორციელებაში ხელს შეუშლის?
_ შეუშლის. იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნულიყო, პოლიტიკური პროცესები ახლა უნდა დაქოქილიყო, ამის გაკეთება რთული იქნება. ხალხი მოერიდება აქციებში მონაწილეობის მიღებას. ხალხის ჩართულობის გარეშე კი ვერაფერს მიაღწევენ. პოლიტიკური ცხოვრების გარეშე ვადამდელი არჩევნების ჩატარება ნონსენსია. როგორც უკვე გითხარით, იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ 4 აპრილის საფრთხე მოვიგერიოთ. ამ სიტუაციაში ხალხმრავალი აქციის ჩატარება არ შეიძლება. მესმის, რომ ჩვენი პოლიტიკოსები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, ისინი რუსეთიდან ელიან მითითებებს. რუსეთი, თავის მხრივ, ამერიკელებსა და ჩვენს ელექტორატს უყურებს. საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სანამ საფრთხე არ გადაივლის, აქ აქციები არ გაიმართოს. თავი თუ არ დავიზღვიეთ, აქ შეიძლება ისეთი ამბები დატრიალდეს, ირანს გადავასწრებთ. გარდა იმისა, რომ ამას მსხვერპლი მოყვება, საქართველოში ტურიზმის სფეროს სერიოზული პრობლემები შეექმნება. აქ ჩამოსვლას აღარავინ მოინდომებს, რაც საქართველოს ეკონომიკას სერიოზულად დააზინებს. არანაირი ეპიდემიის გასამკლავებლად ჩვენი ქვეყანა მზად არ არის, ამიტომ საკუთარ თავს თავად უნდა ვუშველოთ. თან ისიც არ ვიცით, კიდევ რამდენ ადამიანს დაუდგინდება ეს საშინელი ვირუსი. ძალიან მინდა, რომ არავის აღარ დაუდგინდეს, მაგრამ არსებული ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს.
ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება დაუშვებელია.
_ იმედია, პოლიტიკოსებიც არ გაიგიჟებენ თავს ვადამდელი არჩევნებისთვის.
_ ამ დრომდე ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქმე აქამდე მისულიყო. მე უფრო ხალხის აქტიურობისა და კეთილგონიერების მჯერა.
პოლიტიკოსებს კი ერთ რამეს ვეტყოდი, _ ვირუსის შეყრისგან (ღმერთმა დაიფაროს ყველა) არც ისინი არიან დაზღვეულები. გადახედონ, ირანში რა მოხდა და ამის შემდეგ გამოიტანონ დასკვნები. ხალხთან შეხვედრების გარეშე საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებენ. ასეთ დროს შეიძლება, ისინიც დაავადდნენ. ირანელი პარლამენტარების ნახევარი დაავადდა და პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა. მთელი შირაზის ხელმძღვანელობა კორონავირუსით არის დაავადებული. ისინი საარჩევნო კამპანიის დროს დასნეულდნენ.
ირანი სიტუაციისა და რისკების შესაფასებლად მშვენიერი პოლიგონია. ირანის მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ რა შეიძლება დაგვემართოს ჩვენ, თუ ირანელების მსგავსად წავუყრუებთ პრობლემას. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ ძალიან ბევრი ირანელი ცხოვრობს, რისკები კიდევ უფრო იზრდება. ეს ირანელები თავისი ქვეყნიდან ამ დაავადებას გამოექცნენ და არ ვიცით, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისეთი პრობლემაა ჩვენ გვერდით ირანის სახით, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოვაცხადოთ.
_ საგანგებო მდგომარეობაში რას გულისხმობთ?
_ უნდა ვარეგულიოთ, თუ ვინ შემოდის საქართველოში. შიგნით რა პრობლემები გვაქვს, ეს ჯერ არ ვიცით და კარგა ხანს ვერც გავიგებთ. ახლა როგორმე ისე უნდა გავაკეთოთ, რომ გარედანაც არ დაგვარტყას ამ პრობლემამ. დღეს მთავარი ამ ეპიდემიასთან გამკლავებაა და არა იმის გარკვევა, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუ _ მაჟორიტარულით. გადაივლის ეს საფრთხეები და მერე დავიწყოთ საარჩევნო სისტემაზე საუბარი და ჭიდილი. როცა დაცხება, მერე ვისაუბროთ ამ თემაზე.
_ სიცხე ვირუსს კი კლავს, მაგრამ პოლიტიკოსები დროში უნდა ჩაეტიონ. ცვლილებების შეტანას თავისი ვადები აქვს.
_ არანაირი ვადები არ არის გადამწყვეტი. თუ ასე არ შეიძლება ვადების დარღვევა, მაშინ არჩევნები გადავწიოთ ცოტა იქით.
_ ამაზე დასთანხმდებიან?
_ რას ჰქვია, რა დასთანხმდებიან? დავიჯერო, ეს უფრო მნიშვნელოვანია? დავიჯერო, პოლიტიკოსები ვერ აფასებენ იმ რისკებს, რაც შეიძლება კორონავირუსის გავრცელებას მოჰყვეს საქართველოში? აქ თუ ეპიდემიამ იფეთქა, არჩევნებიც უკან დაგვრჩება და _ საარჩევნო სისტემაც.
თავის დროზე, ჩემი დაწერილია მოქალაქეთა გაერთიანებების შესახებ კანონი და კარგად ვიცი, რომ ვადების შეცვლა ძალიან კარგად შეიძლება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საგანგებო მდომარეობას. ასე რომ, ეს ზღაპრები საკუთარი ოჯახის წევრებს მოუყვნენ. ეპიდემიამდე ერთი ნაბიჯი გვიკლია და რა დროს ვადებზე ლაპარაკია.

შორენა მარსაგიშვილი