ახალი კორონავირუსი თვალის გარსით და თმით გადადის?!

კორონავირუსი _ ეს გახლავთ ვირუსების მთელი ოჯახი, რომელიც 30-ზე მეტ სახეობას მოიცავს. სახეობები გაერთიანებული არიან ორ ქვეოჯახად. მათ შეუძლიათ დაასნებოვნონ არა მარტო ადამიანი, არამედ ცხოველებიც _ ძაღლები, კატები, ფრინველები და მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები. უბრალოდ, ამ ოჯახის სახეობა _ 2019- nCoV _ ზემოთ ჩამოთვლილ ცხოველებს არ ასნებოვნებს.

თვითონ კორონავირუსი 1960 წელს აღმოაჩინეს და თავისი სახელწოდება მიიღო გარსის გარშემო განთავსებული ეკლისებური ბუსუსების გამო, რომელიც გვირგვინს მოგვაგონებს. ცნობილია, რომ კორონავირუსებს შეუძლიათ გამოიწვიონ მთელი რიგი დაავადებები _ დაწყებული ჩვეულებრივი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომით დასრულებული (მათ შორის, ატიპური პნევმონიაც).
რაც შეეხება ამჟამად მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის ახალ ტიპს (2019-nCoV), იგი დაფიქსირდა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში ქალაქ უხანში, ჰუბეის პროვინციაში. ექსპერტებმა თავდაპირველად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უცნობი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ აუწყეს. ჩინელმა მკვლევრებმა შეძლეს დაედგინათ აფეთქების წყარო. სავარაუდოდ, ეს გახლდათ ქალაქ უხანის თევზის პროდუქტების ბაზარი.
იმისთვის, რომ დაედგინათ შესაბამისი ვირუსი, რომელსაც შეეძლო მუტირება და ცხოველიდან ადამიანზე გადასვლა, ჩინელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 2019-nCoV-ის სტრუქტურა და იგი შეადარეს ყველასთვის ცნობილ კორონავირუსს. აღმოჩნდა, რომ მსგავსი ტიპის ვირუსი უფიქსირდებათ ღამურებს. კერძოდ, ორი ვირუსის გენომი განსხვავდებოდა მხოლოდ ერთი მონაკვეთით. მუტირებული ვირუსის გადაცემის კიდევ ერთი რგოლი ცხოველიდან ადამიანზე შეიძლებოდა ყოფილიყო შხამიანი გველები, რომელიც უხვად მოიპოვება ჩინურ ბაზარზე. მოგეხსენებათ, აზიის ქვეყნებში გველს საკვებად იყენებენ.
მეცნიერების განმარტებით, ახალი ტიპის ვირუსი იმით არის საშიში, რომ იგი პნევმონიის უსწრაფეს განვითარებას იწვევს. მოხვდა რა ადამიანის ორგანიზმში, ვირუსმა განიცადა ადაპტირება ადამიანიდან ადამიანზე გადადებით და სწორედ ამით გახდა იგი საშიში.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს: 2019-nCoV გენეტიკურად 70%-ზე მეტად წააგავს TOPC-CoV ვირუსს. თუმცა მისი კლინიკური გამოვლინება ბევრად რბილია, სიმპტომების სიმძიმე და სიკვდილიანობის ხარისხი ბევრად დაბალი აქვს, ვიდრე TOPC-CoV-ს.
რომ შევაჯამოთ: 2019-nCoV განეკუთვნება ბეტა-კორონავირუსების ჯგუფს, ისევე როგორც SARS-CoV (TOPC-CoV) და MERS-CoV. ეს ორი უკანასკნელი გახლდათ მიზეზი მწვავე რესპირატორული დაავადებების აფეთქებისა მსოფლიოში 2003 და 2012 წლებში. ორივე ვირუსი ადამიანის პოპულაციაზე გადავიდა ღამურებისგან. რაც შეეხება, 2019-nCoV-ს, მისი ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა, ისევ და ისევ, ფიქრობენ, გამომწვევები ღამურები და გველები არიან. თავად ვირუსი ახალი არ არის, მაგრამ აქამდე ადამიანები კორონავირუსით არ ხდებოდნენ ავად. ქალაქ უხანის ბაზარზე ვირუსმა შეძლო გადაელახა სახეობათაშორისი ბარიერი და ადამიანები დააინფიცირა. მეტიც: იგი ადაპტირდა ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის კუთხით, რამაც უმოკლეს დროში მსოფლიო პანდემია გამოიწვია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინფექცია დასნებოვნებულთა 18%-ში მძიმედ მიმდინარეობს, ლეტალობა შეადგენს 3,1%-ს.

შეიძლება თუ არა, ადამიანი დასნებოვნდეს და არ ჰქონდეს სიმპტომები?

თურმე, შეიძლება! არსებობს დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობაც. უსიმპტომო ადამიანი, რატომღაც, ნაკლებად საშიშია გადადების კუთხით.
რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს ცხოველებისგან, მაგალითად, ძაღლისგან ან კატისგან, მკვლევრები დღემდე აგრძელებენ წარმოშობის წყაროსა და რეზერვუარის ძებნას. დღესდღეობით ზუსტად არის დადგენილი ვირუსის გადადების ალბათობა ადამიანიდან ადამიანზე აირწვეთოვანი გზით მჭიდრო, იგივე ახლო კონტაქტისას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამჟამინდელი მონაცემებით შინაურ ცხოველებს არანაირი კავშირი არ აქვთ 2019-nCoV ვირუსთან.
ჩინელმა სპეციალისტებმა კორონავირუსით დაავადებული ადამიანების გაკვეთის შემდეგ დაადგინეს, რომ ვირუსი, ძირითადად, აზიანებს ფილტვებს, სხვა ქსოვილების დაზიანების ანდა დაავადების თვალსაჩინო ნიშნები არ გამოვლინდა.
ექსპერტების ანგარიშში ნათქვამია, რომ ვირუსი იწვევს ანთებას სასუნთქ გზებში და ფილტვის ალვეოლებში. ამავე დროს, ფილტვის ქსოვილების დაზიანება, რომელიც ფიბროზის ფორმას წარმოადგენს, ნაკლებ გამოხატულია, ვიდრე SARS-ის დროს (მწვავე რესპირატორული სინდრომი, იგივე ატიპური პნევმონია), თუმცა შეშუპება ბევრად მკვეთრად არის ფიქსირებული. ფილტვის ალვეოლებში ასევე აღინიშნება ბლანტი სითხის გაჟონვა, რის გამოც ავადმყოფს „დათბუნების“ შეგრძნება ეუფლება. სწორედ ასეთ სიმპტომს აღწერენ ავადმყოფები მძიმე და კრიტიკულ სიტუაციაში.
COVID-19 არ არის ბოლომდე გამოკვლეული გულის, თირკმლების, ტვინის, ელენთისა და კუჭნაწლავის ტრაქტის მოქმედებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომ შესწავლასა და დაკვირვებას მოითხოვს. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია იმასთან, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა განეკუთვნებოდა 52-80 წლამდე ასაკობრივ ცენზს და მათი ორგანოები შეიძლება, დაზიანებული იყო სხვა თანმდევი დაავადებების გამო.
ამავე დროს, მცირე რაოდენობის სეკრეციული სითხე შეიძლება ფილტვებიდან მკერდის არეში გადავიდეს, რის შედეგადაც ვირუსი შეიძლება გულში მოხვდეს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპით ინფიცირებულია 83000-ზე მეტი ადამიანი. მათგან, 28000-ზე მეტი გარდაცვლილია, ხოლო 36.5000-ზე მეტი _ განიკურნა.

ახლა ჩამოვთვალოთ ტყუილები და ნამდვილი ფაქტები კორონავირუს 2019-nCoV-ის შესახებ:

კორონავირუსის 2019-nCoV-ის ეპიდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა და მთელ პლანეტაზე საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს სახელი ვირუსმა მიიღო ეკლისებური წანაზარდების გამო. სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა დანარჩენი ორი ცნობილი ვირუსი _ SARS-nCoV (ატიპური პნევმონია, 2002-2003 წწ.) და MERS-nCoV (ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომი, 2015 წ).
მსგავსი საგანგებო ვითარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2002-2003 წლებშიც გამოაცხადა, მაგრამ მაშინ, ისევე როგორც დღეს, საგანგებო ვითარების გამოცხადებას სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა. ეს გახლავთ გარკვეული წესების შემოღება საზღვრებზე, დამატებითი კონტროლი, მაღალი ტემპერატურის მქონე პირების კარანტინში გადაყვანა, აეროპორტების მუშაკებისთვის სპეციალური პირობების შექმნა და ა. შ. ზოგადად კი, თუ ადამიანის იმუნიტეტი ნორმაშია და დროზე დაიწყებს მკურნალობას, გამოჯანმრთელება დიდი პროცენტით გარანტირებულია.
კორონავირუსი 2019-nCoV თავისი ვირუსული ნაწილაკებით უკავშირდება ACE2 რეცეპტორების სამიზნე-უჯრედს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთი რეცეპტორები ეთნიკურ ჩინელებს მეტი აქვთ, ვიდრე სხვა ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისად, ჩინელების დასნებოვნების ალბათობა ბევრად მეტია. გარდა ამისა, ჩინეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე წარმოადგენს 1კვ.მ.-ზე 139 ადამიანს, აღმოსავლეთ პროვინციებში (სადაც მდებარეობს უხანი) 400-მდე ადამიანი 1 კვ.მ-ზე, ტაივანში _ 650 ადამიანი.

როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომ კონკრეტულად კორონავირუსი 2019-nCoV-ით დასნებოვნდა?

სახლის პირობებში _ ვერანაირად. დაავადების ნიშნები ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი გაციების სიმპტომებს: ხველა, ცხვირში გაჭედვა, ყელისა და კუნთების ტკივილი, სიმძიმე მკერდის არეში, სიფერმკრთალე, დაღლილობის შეგრძნება, შეციება და მაღალი ტემპერატურა.
სპეციალისტების რჩევა ასეთია: თუ ადამიანმა ამ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან ერთი ან ორი აღმოაჩინა, სამსახურში კი არა, ექიმთან უნდა წავიდეს. კონკრეტული ვირუსი მხოლოდ სპეციალური ანალიზების შედეგად დადასტურდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადებას თვეები დასჭირდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, 2019-nCoV-ის საწინააღმდეგო წამალი არ არსებობს.

როგორ უნდა მოვიქცეთ ეპიდემიის დროს?

არ წავიდეთ უხანში! ეს ხუმრობით, სინამდვილეში კი რეგულარულად დავიბანოთ ხელები ანტისეპტიკით (3 წთ-ის განმავლობაში ვისვათ ხელებზე და დაველოდოთ შეშრობას). მოვერიდოთ მასობრივ ღონისძიებებს, ახლო კონტაქტში არ შევიდეთ პოტენციურად დაავადებულებთან, შეძლებისდაგვარად ვეცადოთ ვიმუშაოთ სახლში. ჯანმრთელი ცხოვრების წესი დავიცვათ, სწორად ვიკვებოთ, დავკავდეთ სპორტით (ამ შემთხვევაში იგულისხმება დილით სუფთა ჰაერზე სირბილი ან სიარული). მოვერიდოთ ნერვიულობას, ვინაიდან სტრესი ცუდად მოქმედებს იმუნიტეტზე.
მარტივია? _ მარტივია!
რაც მთავარია, კორონავირუსის გარშემო ბოლო პერიოდში ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. სახის ნიღბები ვირუსისგან ვერ იცავს ადამიანს, ვინაიდან ბოლომდე არ ფარავს სასუნთქ გზებს. რაც შეეხება ქირურგიულ ნიღაბ #95-ს, ისიც დიდი შედეგით არ გამოირჩევა ერთი მარტივი მიზეზის გამო _ კორონავირუსს აქვს ნანოზომები და ქსოვილის ბოჭკოებში აღწევს.
თუმცა მთლად უსარგებლოც არ არის ნიღბების ტარება _ მას შეუძლია გადადების ალბათობის გაჩერება ხველების ან დაცემინების დროს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ნიღბების მალ-მალე გამოცვლა და რაც მთავარია, ნიღბის ქვეშ სახეს ხელით არ უნდა შეეხოთ. ამ შემთხვევაში ნიღაბი თავად ხდება ინფექციის წყარო.
ვირუსისგან დაცვა შესაძლებელია მხოლოდ HEPA-ფილტრის მქონე ნიღბით და თვალების დამცავით. დიახ! აქამდე რაც არ იცოდით _ კორონავირუსი აღწევს ორგანიზმში თვალის ლორწოვანი გარსის საშუალებითაც.
თუმცა ეს უკანასკნელი უკვე რეკომენდაცია გახლავთ სამედიცინო მუშაკებისთვის. რაც შეეხება მათ, ვინც მოიმარაგა იაფი (თუმცა დღეს არც ისე იაფი, 10-თეთრიანი ნიღაბი, აფთიაქებში ლარად იყიდება) ნიღბები, უმჯობესია, ის მათ დაურიგოთ, ვინც ახველებს ანდა აცემინებს. მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი ამ ნიღბებს სამ საათში ერთხელ გამოიცვლიან.
ყველაზე კარგი რჩევაა დახურული სივრცის ხშირი განიავება _ საშიში არის არა იმდენად ვირუსი, რამდენადაც მისი კონცენტრაცია ჰაერში. რაც მეტი პროცენტია მისი კონცენტრაციის, მით მეტი შანსია დასნებოვნების.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ნუ შეგეშინდებათ ჩინეთიდან ჩამოსული ამანათების. მათთგან შეუძლებელია დასნებოვნება, მაშინაც კი, როდესაც მასზე ინფიცირებულმა დააცემინა. ფორმალურად ამანათი არ არის გამოკვლეული, მაგრამ ამჟამინდელი კორონავირუსი 2019-nCoV ძალიან ჰგავს SARS-ს, რომელიც 2002-2003 წლებში იყო გავრცელებული. მუყაოს ყუთის ან პაკეტის ზედაპირი საუკეთესო ადგილი ნამდვილად არ არის ვირუსის სიცოცხლისუნარიანობისთვის. ვირუსი სიცოცხლისუნარიანია 3 დღე-ღამე, შემდეგ კვდება. ამანათები ჩინეთიდან კი ასეთი სისწრაფით ნამდვილად არ ჩამოდის, განსაკუთრებით არსებულ ვითარებაში. ჩინეთიდან იმპორტირებული ხილი ასევე არ არის საშიში. მაგალითად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინური ბანანები კორონავირუსით არის ინფიცირებული, სრული აბსურდია.
ამ დღეებში წამოიჭრა კითხვა, _ რჩება თუ არა ვირუსი თმის ღერზე და პანდემიის დროს სახლში შემოსვლისას აუცილებელია თუ არა თავის დაბანა? არც დაბანაა საჭირო და არც _ დეზინფიცირება. ვირუსული ინფექცია სიცოცხლისუნარიანობისთვის მოითხოვს გარკვეულ პირობებს, _ ისეთს, როგორიც არის, მაგალითად, ვირუსის არსებობა ნერწყვში, ვირუსული აქტივობა და ა. შ.
ასე რომ, მშვიდად იყავით, ქართველებო და დაიცავით სიფრთხილე. „კარფურის“ გამოცარიელება და მაღაზიების იმ მდგომარეობაში დატოვება, თითქოს შიგნით ბომბი შეაგდეს, არ არის საჭირო.

თამარ როსტიაშვილი