ცოტნე აბესაძე: „ქვეყნიდან გაქცევა გამოსავალი არასდროს არის!“

პოლიტიკის კეთება მხოლოდ ქუჩაში პროტესტის გამოხატვა ან საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილებების მიღება არ არის. პოლიტიკა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია, უბრალოდ, მას სწორი მიდგომა და აღქმა სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ პროცესში სამოქალაქო თვითშეგნებაა. თუ თითოეული ჩვენგანი შექმნილ ვითარებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას გავიაზრებთ და უფრო მომთხოვნები და თანმიმდევრულები ვიქნებით ხელისუფლებასთან მიმართებით, მმართველი გუნდიც იძულებული გახდება, შეასრულოს ჩვენი, საზოგადოების დაკვეთა, მარტივად, რომ ვთქვათ, თუ გსურს რამის შეცვლა, უნდა მოითხოვო.
ქვეყნიდან გაქცევის პრობლემა კვლავ აქტუალურია და განსაკუთრებით თვალში საცემია მოსახლეობისგან დაცლილი რეგიონები.

რისი გაკეთება შეგვიძლია ამ დროს ახალგაზრდებს? რა კუთხით უნდა ჩავერთოთ პოლიტიკურ პროცესებში? არსებობს თუ არა კონკრეტული მაგალითი, როცა ახალგაზრდულმა აქტივობამ მოსახლეობისთვის სასარგებლო შედეგს მიაღწია?
აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ ახალგაზრდულ მოძრაობა „ძლიერი მუხურას“ დამფუძნებელ ცოტნე აბესაძეს ესაუბრა:

_ თქვენი გადმოსახედიდან, რა არის დღეს ქართველი ახალგაზრდების მთავარი პრობლემა?
_ არა მხოლოდ ქართველი ახალგაზრდების, არამედ ქვეყნის მთავარი პრობლემაა ის, რომ ახალგაზრდები თითქმის არ მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და არ იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში მიმდინარე თუ ახლო მომავალში დასაყენებელ შედეგებზე. ეს ძალიან ცუდია ქვეყნის განვითარებისთვის და ჩვენთვის _ ახალგაზრდებისთვის. საქართველო ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი მომავალი ჩვენივე ხელით უნდა შევქმნათ. არსებობს სტატისტიკები, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ახალგაზრდები მოცილებულები არიან პოლიტიკურ ცხოვრებას. პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე დიდი აქტი ეს არის არჩევნები. თუ შევხედავთ, ახალგაზრდების მონაწილეობა არჩევნებში კრიტიკულად დაბალია. მათ აქვთ მცდარი დოგმა ჩამოყალიბებული, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა სირცხვილია. აქედან გამომდინარე, არჩევნებში ჩვენს ქვეყანაში მესამე თაობის ადამიანები მონაწილეობენ, ძალიან პატივსაცემი და განათლებული უფროსი თაობა. თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ თაობები ერთმანეთს ენაცვლებიან, ეს ბუნების კანონია. უფროს თაობასა და ახალგაზრდებს შორის ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა მომავლის ხედვის თვალსაზრისით. უფროსი თაობა კარგად ვერ ერკვევა ახალი თაობის მოთხოვნილებებსა და ფასეულობებში. ამიტომ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება პოლიტიკურ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებში, მით უკეთესი შედეგი დადგება არჩევნებზე და პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც მორგებული იქნება თანამედროვეობასა და ახალგაზრდობას. თუ ახალგაზრდობამ არ აიძულა დღეს ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, მმართველი გუნდი არასდროს შეუწყობს ხელს ამ საქმეს, რადგან ახალი და ენერგიული ხალხის ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისეთის, რომელსაც კარტოფილით ვერ მოისყიდის და 20 ლარად ხმას ვერ მიაცემინებს, ეს არც ერთ მმართველ ჯგუფს არ აწყობს. დღეს ჩვენი მოქალაქეების 50% არ მონაწილეობს არჩევნებში, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და არ გვაქვს უფლება, ამდენი ადამიანი უარს ამბობდეს არჩევნებში მონაწილეობაზე, მათ შორის, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. თუ შენ არ აძლევ ხმას არჩევნებში და არ მონაწილეობ ქვეყნის პოლიტიკის ფორმირებაში, იმ მომავალი ხელისუფლების ფორმირებაში, რომელიც მომდევნო რამდენიმე წელი უნდა მართავდეს შენს ქვეყანას, ასეთ შემთხვევაში შენ გეკარგება იმის მორალური უფლება, რომ თუ რამე არ მოგეწონება, გააპროტესტო. მაგალითად, საბერძნეთში თუ მოქალაქე საჩივრით მიდის რომელიმე უწყებაში, ყურადღებას აქცევ მიიღო თუ არა მან მონაწილეობა არჩევნებში. საქართველოში ეს 50%, რომელიც არ მონაწილეობს, არჩევნების მეორე დღიდან მომდევნო არჩევნებამდე ყოველდღიურად წუწუნებს, რომ ცუდ ქვეყანაში ცხოვრობს და ცუდი მთავრობა ჰყავს, რომ არავინ მოვიდა ხელისუფლებაში ისეთი, ვინც გადაარჩენდა, ეს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან თვითონ არ წავიდა არჩევნებზე და სხვას მიანდო იმ ქვეყნის ბედი, სადაც თავად ცხოვრობს.
_ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ახალგაზრდები სულ უფრო აქტიურად ჩაერთნენ პოლიტიკურ პროცესებში, ახალგაზრდული მოძრაობები გაჩნდა, ხელისუფლება კი მათ დისკრედიტაციას ცდილობდა, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ იყვნენ ამოფარებული. ეს ფაქტორი ხომ არ აკომპლექსებს იმ ახალგაზრდებს, რომლებთაც პოლიტიკაში ჩართვა უნდათ?
_ „გავრილოვის ღამეს“ ქართულმა საზოგადოებამ და დიდწილად ახალგაზრდობამ აჩვენა, რომ პრინციპები, რომელზედაც ქვეყანა დგას, დღემდე ძალაშია და საკადრისი პასუხი გაეცა ოკუპანტს. თუ ახალგაზრდა ან ახალგაზრდული მოძრაობა პროტესტს გამოხატავს, მმართველი გუნდი ყოველთვის ეცდება, მათი აფილირება მოახდინოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სრულად გააშავოს. ამიტომაც ცდილობენ დღეს არსებული ახალგაზრდული ჯგუფები: „გაბედე“, „შეცვალე“ და „სირცხვილია“ რამენაირად დაუკავშირონ „ნაციონალურ მოძრაობას“. საკმაოდ მცდარი აზრი ჩამოყალიბდა, რომ თუ ვინმე ხმას ამოიღებს და რამეს გააპროტესტებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება. ამ ახალგაზრდებმა ხელისუფლების ასეთ მცდელობას უნდა დაუპირისპირონ ერთადერთი რამ, რომ ისინი არ უნდა დაკომპლექსდნენ.
_ თქვენ რა კუთხით ხართ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული?
_ მაღალმთიან რეგიონში, წარმოშობით, საიდანაც ვარ, ახალგაზრდები შემოვიკრიბე და სამი წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია დავაფუძნე. მაღალმთიანი რეგიონების მთავარი პრობლემა ის არის, რომ იგი მოსახლეობისგან იცლება. ჩვენი მიზანი დაარსების დღიდან იყო, რომ მაღალმთიანი სოფლის, კონკრეტულად, მუხურას განვითარებისთვის გვებრძოლა და ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლე იძულებული არ გამხდარიყო, საკუთარი კერა მიეტოვებინა და ქალაქში წამოსულიყო საცხოვრებლად. პოლიტიკის კეთება მხოლოდ პარლამენტის წინ აქციაზე დგომას არ ნიშნავს. პოლიტიკაა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ყოველდღიური გადაწყვეტილებები. მათ შორის, როცა ლამპიონის ნათურა გადაიწვება და მისი გამოცვლა რომ უნდა მოითხოვო და არ ელოდო, თვითონ როდის მოაფიქრდება სოფლის გამგებელს შეცვლა. ჩვენმა ორგანიზაციამ ადამიანებს ვუთხარით, ამ რეგიონში რაღაცები ცუდად რომ კეთდება და არ იცვლება, ამ ყველაფერზე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოითხოვოს პასუხი.
_ როგორც მივხვდი, სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას უწყობთ ხელს, კონკრეტულად, რა გზებით ცდილობთ ამას?
_ რეგიონის ძალიან დიდი პრობლემაა უგზოობა, ეს გზა თუ გაკეთდება, რეგიონის გადარჩენის შანსი იქნება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მათ შორის, სოციალური ქსელითა და ადამიანებთან ურთიერთობით, რომ ჯერ ხალხში გავხადოთ ეს თემა პოპულარული. მათ გავააზრებინოთ, რომ ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მას შემდეგ, რაც ადამიანების დიდ ჯგუფს დავარწმუნებთ, რომ ეს მოთხოვნა რეალურია, ამის შემდეგ ვიწყებთ ბრძოლას სახელმწიფო უწყებებთან ხელმოწერებით, მიმართვებითა და ა. შ. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, კონკრეტულ სოციუმში კარგი გაგებით თემის პროპაგანდა, რომ რაღაც საკითხი და პრობლემის აღმოფხვრა გადამწყვეტია თემის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების მცდელობა და ჩვენ დაარსების დღიდან აქტიურად ვართ ჩართული ამ მიმართულებით.
_ რა კონკრეტული შედეგები მიიღეთ თქვენი ორგანიზაციის მუშაობის პერიოდში?
_ დღეს საქართველოში მაღალმთიანი რეგიონის განვითარების კანონი გვაქვს, სადაც მოქცეულია სხვადასხვა სოფელი და ისინი გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ. ტყიბულის რაიონის სოფელი მუხურა მაღალმთიანია, თუმცა, სამწუხაროდ, ოფიციალურად მაღალმთიან ზონას არ ეკუთვნოდა. ჩვენი ორგანიზაციის დაარსების პირველი დღიდან მთავარი ბრძოლის ხაზი იმაზე გადიოდა, რომ მთავრობა დაგვერწმუნებინა და გადაწყვეტილება მიეღო, რომ კონკრეტულად სოფელ მუხურას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ჰქონოდა. 2 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ვითხოვდით ამას. ვწერდით განცხადებებს, ვაკეთებდით ხელმოწერებს, ჩაგვყავდა ტელევიზიები და მაქსიმალურად ვცდილობდით, ეს თემა გაგვეშუქებინა. საბოლოო ჯამში, 2018 წლის მიწურულს მთავრობის დადგენილებაში, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონში, ახალი 15 დასახლება შევიდა და მათ შორის იყო ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვება იყო, ახლა უკვე ახალი ბრძოლის ხაზი გვაქვს. ვითხოვთ გზის გაკეთებას, რომელიც ამ სოფელს სხვა მუნიციპალიტეტთან აკავშირებს. უკვე 1 წელია, ზუსტად იმ გზას გავდივართ, რაც მაღალმთიანი ზონის სტატუსის მოსაპოვებლად გავიარეთ. გვაქვს კონკრეტული შედეგები და მყარი პირობა იმისა, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სამინისტრო ამ საკითხს მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყვეტს და გზის მშენებლობას დააფინანსებს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მით უმეტეს, თუ კონკრეტული საკითხის ირგვლივ იბრძვით, შედეგი აუცილებლად იქნება. ქვეყნიდან გაქცევა არასდროს არის გამოსავალი. სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და შეგვიძლია რამის შეცვლა, იქ უნდა ვიყოთ აქტიურები, სწორედ იმ რეგიონის გადარჩენისა და განვითარებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თორემ ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია, მაგალითად, ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა. ამიტომ, სადაც შეგვიძლია და გვეთქმის სიტყვა, იქ უნდა ვაკეთოთ საქმე, მოქალაქეების ერთობა იმდენად მასშტაბური უნდა გავხადოთ, რომ მას სახელმწიფომ კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ვეღარ უთხრას. თითოეულ ქალაქში, თემში, სოფელსა და ქუჩაზე უნდა ვაკეთოთ ყოველდღიური პოლიტიკა. საბოლოოდ, ასეთი აქტიური ჩართულობა ყოველთვის მოიტანს შედეგს.
_ როგორ შეხვდა მოსახლეობა თქვენს ინიციატივებს და რამდენად აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში თავად?
_ როდესაც ორგანიზაცია დავაფუძნეთ, არც დიდი ფინანსური რესურსი და არც გამოცდილება გვქონია. უბრალოდ, ბრძოლა დავიწყეთ კონკრეტული საკითხის ირგვლივ და ჩვენი მთავარი დასაყრდენი სწორედ ეს მოსახლეობა და მათი უპირობა მხარდაჭერა იყო. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა ჩვენ მასთან რაიმე პრობლემა გვქონოდეს ან ვერ გაეგოთ ჩვენი სათქმელი და ჩვენ გვერდით არ დამდგარიყვნენ. მათი მხარდაჭერა მუდმივად იყო იმედი და მამოძრავებელი მუხტის მომცემი. დღესაც აქტიურად არიან ჩართული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოსახლეობა როდესაც ხედავს, რომ ახალგაზრდები ქმნიან ორგანიზაციას და რეგიონის გადასარჩენად იბრძვიან, ასეთ დროს ყოველთვის სოლიდარულები არიან მათ მიმართ. ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ მათ მხარდაჭერასა და დიდი მადლიერების გრძნობით ვართ დამუხტული იმ ადამიანების მიმართ. სტიმულს გვაძლევენ, რომ ჩვენს რეგიონში დაუღალავად ვიბრძოლოთ.
_ იგეგმება თუ არა მსგავსი ორგანიზაციების სხვა რეგიონში დაფუძნება და მათი კოორდინებულად მუშაობა?
_ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და კონკრეტულ წარმატებას მივაღწიეთ. მაგალითად, ზესტაფონსა და ხობში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან გვაქვს მოლაპარაკება. გვინდა, რომ ჩვენი ორგანიზაციები გაერთიანდეს და ახალგაზრდული პლატფორმა შეიქმნას, რომელიც რეგიონებში ადგილობრივი პრობლემების აღმოფხვრაზე იმუშავებს. მათ შორის ვგეგმავთ, ამ დასახლებებში გავაკეთოთ ახალგაზრდული პროექტი და რეგიონები ახალი თაობისთვის მიმზიდველი გავხადოთ.

ნენე ინჯგია