მთავარი ბლოგი საქართველო ეკასია! …და ვანოსი?

საქართველო ეკასია! …და ვანოსი?

564
0
გაზიარება

საქართველოს ექსპრემიერი და ექს შს მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, თავისუფალია. სასჯელაღსრულების დაწესებულება მან „გულშემატკივრების“ ემოციების ფონზე დატოვა. მართალია, ქართველმა ჟურნალისტებმა, ლამის, უკან, ციხეში შეაბრუნეს _ რევოლვერ-პისტოლეტებივით მომართული მიკროფონებით დააფრთხეს, მაგრამ 6 წელი და 9 თვე სამარტოო საკანში მყოფი მერაბიშვილი მაინც მხნედ გამოიყურებოდა.

შესაძლოა, თავისუფლების, დამხვედრთა ემოციების, დამიზნებული მიკროფონების ბრალიც იყო, ამ დრომდე მის მიერ დაშვებული ერთადერთი შეცდომა _ „დაემხობა“, მაგრამ თუ მის შემდგომ მოზომილ განცხადებებს დავაკვირდებით, ეს უფრო ემოცია იყო, ვიდრე „გეგმა“.
ციხიდან გამოსულმა მერაბიშვილმა პერსონალურად არ ახსენა ლიდერი _ მიხეილ სააკაშვილი და ის „ყველასთან“ ერთად, ერთ ქვაბში მოხარშა _ ყველას შევხვდები, იყო პასუხი ექსკლუზივზე მონადირე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე: შეხვდებით თუ არა მიხეილ სააკაშვილს?


სააკაშვილს რომ ვანო არ „ევასება“, ეს ყველასთვის ცნობილია. ჯერ კიდევ 2016 წელს მან პირდპირი მინიშნებები გააკეთა მერაბიშვილის „ცოდვებზე“ და განაცხადა, რომ ასეთი ადამიანები პოლიტიკას არ უნდა გაეკარონ. ამბობენ, ამის საპასუხოდ მაშინ გიგა ბოკერია საგანგებოდ ჩავიდა ოდესაში და სააკაშვილსა და ბოკერიას საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდათ. თუ ეს ფაქტი ვინმეს არ ახსოვს, უფრო ადვილი გასახსენებელია მერაბიშვილის განთავისუფლებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაჟღერებული „სურვილი“, _ იმოგზაუროს და დაისვენოს. ანუ იმ ეთერით მიშამ ვანოს პოლიტიკიდან წასვლის რეკომენდაცია მისცა. არადა, ცოდვა გამხელილი სჯობს _ მიშა პოლიტიკაში, „ნაცმოძრაობის“ ნიშაში, სწორედ მერაბიშვილმა მოიყვანა. ისე, „ნაცმოძრაობის“ თუნდაც ლიდერშიპიდან რამდენმა იცის, სად შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობა“? _ ხარაგაულში! ვინ იდგნენ ამ პარტიის შექმნის სათავეებთან? ბევრმა, ალბათ, არც იცის, პარტიის პოლიტსაბჭოში ვინ არის ლადო ჭიპაშვილი, ნოდარ გრიგალაშვილი, ბესო ჯუღელი, გიორგი არველაძე? მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი რომ იციან, ეგ ვიცი… და რატომ ხარაგაულში? ჰო, კარგი, არ გავაგრძელებ ჩამჭრელ კითხვებს. და თავად საქართველოს „მოქალაქეთა კავშირის“ რეფორმატორული გუნდი როგორ შეიქმნა, ეგ რამდენმა იცის? შემდეგ ამ რეფორმატორების ერთი ნაწილიდან როგორ ფორმირდა „ნაციონალური მოძრაობა“?.. რა წერილი გამოქვეყნდა ამერიკულ მედიაში და ვინ იყო ამ წერილის ავტორი, რომელსაც „მოქალაქეთა კავშირის“ ლიდერები თუ აქტივისტები უსაფრდებოდნენ და პარლამენტში შესვლის უფლებასაც კი არ აძლევდნენ? ჰო, ამასაც გეტყვით, ბარემ _ ავტორი ივანე მერაბიშვილი გახლდათ.
და… მერაბიშვილმა, „მატროსოვის“ კიბის საფეხურებზე მდგარმა, პირდაპირ _ ღიად უთხრა მიშას, _ „იოცნებე“ ჩემი დასვენებაო.
სააკაშვილმა ვანოს გზავნილი გაიგო და მის მიერ პოლიტიკურ პენსიაში გასაშვები პერსონა, ლამის, გმირად შერაცხა. ძალიან უხერხული იყო სააკაშვილის „მთავარარხული“ ნარატივიდან უცებ „საფეისბუქო“ ნარატივზე გადმორთვა: „მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებითა და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“.
თუმცა…


ვანო გამოვიდა, პირველი ემოციებიც გამოაშკარავდა და შავი პიარიც ჩაირთო. „მაგიდის“ ოპოზიციის ნაწილმა „გუშინ“ პოლიტპატიმრად შერაცხულ ვანოსთან ერთად დაჯდომაზე უარი განაცხადა. ეჰ, ვანო, ვანო!.. მათ უმეტესობას, პირდაპირ და, გარკვეულწილად, არანორმატიულად თუ ვიტყვი, ამისთვის წაქეზების გარეშე ერთი ადგილი არ ეყოფოდა, მაგრამ _ განაცხადა.
მთავარმა ოპოზიციურმა არხმა „ნაცმოძრაობის“ ექსგენმდივნისგან ვერაფერი „ხეირიანი“ მოწველა. ამიტომაც აღვნიშნე ზემოთ _ „დავამხოთ“ ემოციური წამოცდენა იყო-მეთქი.
ჰო, ეს „მაგიდა“ რომ უარს აცხადებს ვანოსთან ერთად დასხდომაზე, თავად ვანო თუ არის მათთან სასაუბროდ და მოსარიგებლად მზად ან აქვს ამის სურვილი ან საერთოდ სჭირდება ათას პარტიასა და ხელისუფლებაზე გადამხტარი პერსონები მის გვერდით კაცს, რომელმაც თუ რამე დანაშაული ჩაიდინა, ამაზე პასუხიც აგო?


ანუ მერაბიშვილი პოლიტიკაში რჩება და განთავისუფლებიდან მეორე დღეს რაბათის მონახულება საკმაოდ მრავლისმეტყველი ფაქტია. ის ახალციხეში იყრის კენჭს, ვინც არ უნდა დაუყენოს მას ვიზავად ცალკე ხელისუფლებამ და ცალკე _ ოპოზიციამ.
მერაბიშვილმა რაბათში ერთგვარი მადლიერებაც კი გამოხატა: „ბევრი ჩვენი გაკეთებული საქმე გააფუჭეს და აქ რომ არაფერი გააფუჭეს, მადლობელი ვარ“.
მერაბიშვილის „გამოსვლას“ სხვადასხვა შეფასება მოჰყვა, ზოგი მის მომავალ პოლიტიკურ აქტივობას მიესალმა, ზოგმა კი მიშასი არ იყოს, პოლიტიკიდან გასვლა „ურჩია“.
„პოლიტიკურად ჩემთვის ვანო მერაბიშვილი არის, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი _ პოლიცია _ წუმპიდან ამოიყვანა და, რეგიონის მასშტაბით მაინც, სანიმუშოდ აქცია. ეს მას ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ ფიგურად აქცევს. „ქართულ ოცნებას“ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამასთან მიახლოებულიც კი (კარგი) არაფერი გაუკეთებია. ამით ვანომ მნიშვნელოვანი მორალური კაპიტალი დააგროვა (ცხადია, საზოგადოების ნაწილში, ვიღაცისთვის ის საფრთხობელაა) და „ქართული ოცნებისთვის“ სახიფათოდ აქცია. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ის, პირველ რიგში, წარმატებული რეფორმისთვის ჩასვეს ციხეში და არა თუნდაც რეალური გადაცდენებისთვის, რაც ჰქონდა.
რაკი სიმბოლურად ვანო მერაბიშვილი „სისხლიანი ცხრა წლის“ იმიჯთანაა დაკავშირებული, ის პოლიტიკაში სერიოზული ნეგატიური ტვირთით ბრუნდება და ამ ნეგატივს მისი მოწინააღმდეგეები აქტიურად გამოიყენებენ. მაგრამ მას მნიშვნელოვანი პოზიტიური კაპიტალიც მოაქვს. მასზე და მის მომავალ თანაპარტიელებზეა (ვინც გინდა იყვნენ ისინი) დამოკიდებული, ეს პოზიტივი გადაძლევს თუ ნეგატივი“, _ აცხადებს ანალიტიკოსი გია ნოდია.
ჰო, ვიდრე პოზიტივისა და ნეგატივის საკითხი საბოლოოდ გაირკვევა, მერაბიშვილს საკმაოდ რთულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. პასუხი პოლიტიკურად, თორემ სამართლებრივად მას ყველაფერზე აქვს პასუხი გაცემული, ვიდრე პროკურატურაში ახალ საქმეებს არ ჩამოიღებენ თაროებიდან.
მის ღირსებაზე აშკარად მეტყველებს განცხადება იმის თაობაზე, რომ შს მინისტრების საქმიანობის შეფასებებს არ აპირებს და არც პოლიტიკურ სპეკულაციებს.


და მაინც, რას ერჩის სააკაშვილი მერაბიშვილს და რას ვერ პატიობს მას? როგორც მისი უახლოესი ადამიანები აცხადებენ და ამის რეალური მინიშნებები სააკაშვილმა 2016 წელს გააკეთა, „ციხის კადრების“ გართ გამოსვლას. ანუ იმას კი არა, რაც ციხეში ხდებოდა, არამედ გამოჟონვას. რა ბერკეტები ჰქონდა მერაბიშვილს პრევენციისთვის? სააკაშვილი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ციხის კადრები გარეთ, ჯერ კიდევ, მაშინ გამოვიდა, როდესაც ვანო შს მინისტრი იყო.
ამ პერიოდში და არც არასოდეს, მერაბიშვილი ციხეს არ აკონტროლებდა. ხოლო კონტრდაზვერვის სამსახური, რომელსაც რამე სახის პრევენცია უნდა მოეხდინა და კუდიც კი, მის დაქვემდებარებაში მხოლოდ ფორმალურად იყო. კონტრდაზვერვა პირდაპირ და უშუალოდ ექვემდებარებოდა ქვეყნის პრეზიდენტს. კუდი კი „თავისუფალ ცურვაში“ იყო. ჰო, ეს ის სამსახურებია, რომლებიც პარალელურ რეჟიმში პორნოსერიალებითა და შანტაჟით იყვნენ დაკავებულნი სხვა „კარგ“ საქმეებთან ერთად. აქ „კარგი“ კარგიც გახლავთ და ირონიული კონტექსტის მატარებელიც.
ამის მიუხედავად, თავის დროზე, სააკაშვილი იმაშიც ღრმად დაარწმუნეს, რომ ვანო იყო ივანიშვილის ფავორიტი _ გახსოვთ ხომ, ჯერაც ოპოზიციაში მყოფი ივანიშვილი როგორ აქებდა „კარგ მენეჯერ“ ვანოს, სხვათა შორის, ადეიშვილსაც. ეს „ქება“ მშვენიერი პოლიტიკური სატყუარა იყო გაყავი და იბატონეს კონტექსტში. თუმცა თუ ამ ქებას იმასაც დავამატებთ, რომ სააკაშვილისთვის არაერთხელ ჩაუწვეთებიათ, ციხის კადრები ივანიშვილს მერაბიშვილმა მისცაო, მისი ნეგატიური განწყობა არ უნდა გაგვიკვირდეს. თუმცა კადრები ივანიშვილს კი არა, ინაშვილს ჰქონდა და მის გაჟონვაში რომ მერაბიშვილი არაფერ შუაში იყო, ეგეც ცხადია. მაგრამ ამაზე ჩვენ არც უნდა ვიდაოთ, იდავონ თავად. მით უფრო, რომ დავის საგანი ფრიად ამაზრზენია _ ანუ იმაზე კი არ დაობს ვინმე, რატომ ხდებოდა ის, რაც ციხეში ხდებოდა, არამედ იმაზე, _ რატომ გასაჯაროვდა. და ეს საკმაოდ მრავლისმეტყველი ფაქტია ამ ამბავში, თუნდაც ჰიპოთეტური მომავლის გასააზრებლად.
თუმცა ეს ყველაფერი მათი საქმეა და არჩიონ ერთმანეთში…


და მაინც, რა გამოდის? _ ეკა ბესელია ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობაზე, „მაგიდის“ ფარგლებში, უარს აცხადებს. თუმცა, რატომაც არა _ ეკა ბესელია საქართველოს ნათელი მომავლისთვის იბრძვის. საქართველო ერთმნიშვნელოვნად ვალშია ეკას წინაშე, რადგან საქართველო ეკასია!
და ვანოსი?
უბრალოდ, მეღიმება იმაზე, რომ საქართველო ეკასია!
რეალურად ხომ საქართველო ანოსია…

გეგა სილაგავა

დატოვეთ კომენტარი