დიდი ფულაობა მცხეთის „მუნიციპალიტეტში“

სასწაული ამბები ხდება მცხეთის მუნიციპალიტეტში. მცხეთელების ენაზევე რომ ვთქვათ, აქ დიდი ფულაობაა გამართული. რეგიონში საბიუჯეტო თანხებს ანაწილებს არა ადგილობრივი თვითმმართველობა, არამედ კერძო კომპანიები.

დღეს მცხეთა და მთლიანად რეგიონი ნაკლებად განსხვავდება პალერმოსგან. აქ კლანი თავად მცხეთის მუნიციპალიტეტია, რომელსაც თავისი კომპანიები გაჰყვას ტენდერებში, შემდგომ სატენდერო ხელშეკრულებებს ცვლის და თანხებს თავად ამატებს, სოფლებს გზებისა და განათებისა გარეშე ტოვებს; ოღონდ ფული იშოვოს, წყლის მილები „ვოთერ ფაუერთან“ შეუთანხმებლად გაჰყავს და დასახლებულ პუნქტებს უწყლოდ ტოვებს; მცხეთის მუნიციპალიტეტს 100 000 ლარამდე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რესტორნებთან ჭამა-სმაზე… _ სტუმრებისთვის, მხოლოდ რომელი სტუმრებისთვის, არც ერთ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული.
წესით, ამ საქმეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური კი არ უნდა სწავლობდეს, არამედ _ პროკურატურა.

ფაქტებზე გადავიდეთ!

მცხეთის მერიამ 2018 წელს შეიძინა სოფელ ახალუბანში „აგარაკებამდე“ მისასვლელი გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტს უჯდებოდა 12 000 ლარი, ხოლო შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 600 000 ლარის. პროექტის მიხედვით, მოსაწყობი გზა მოსახლეობის გვერდის ავლით, პირდაპირ უკავშირდებოდა „აგარაკებს“. იმ გარემოებამ, რომ გზა სოფელში არ გაივლიდა, მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. იმდენად დიდი, რომ საუბარი იყო აქციების მოწყობაზე გზის მოთხოვნის სურვილით. ამის გამო მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა, ახალი საპროექტო დოკუმენტაცია შეეძინა, რომლის მიხედვითაც „აგარაკებამდე“ მისასვლელი გზა მოეწყობოდა სოფლის გავლით. აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე მიმწოდებელთან 2018 წლის 25
დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით _ 1 108 000 ლარი. არადა, მანამდე მცხეთის მერიამ ისე შეისყიდა „აგარაკებამდე“ მისასვლელი გზის პროექტი, რომ არ გაითვალისწინა სოფლის ძირითადი მოსახლეობის ინტერესები. მარტივად რომ ვთქვათ, მცხეთის მერიამ პროექტი დაგეგმა თბილისიდან ჩასული და სხვა არამუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სასარგებლოდ. მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა, პროექტი შეეცვალა, ამიტომაც შეძენილი საპროექტო დოკუმენტაცია ვერ გამოიყენა და 12 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი გასწია.
ჯერ სად ხართ! დაუფინანსებელი პროექტები იქით იყოს და დაუსრულებელ სარიტუალო სახლებზე რეგიონში ანეკდოტებს ჰყვებიან. არადა, ფაქტები სასაცილო სულაც არ არის.
2017-2018 წლებში მცხეთის მუნიციპალიტეტმა სოფლებში გარე განათების, სასმელი წყლის სისტემის, ჭაბურღილების, გზისა და სპორტული მოედნების მოწყობისთვის შეიძინა 6.2 ათასი ლარის სხვადასხვა საპროექტო დოკუმენტაცია. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად საჭირო იყო 217 000 ლარი, რითაც უნდა მომხდარიყო სოფლებში სასმელი წყლის სისტემების, ჭაბურღილების, გარე განათების მოწყობა, გზების რეაბილიტაცია და სხვ. აღნიშნული პროექტები მუნიციპალიტეტს არ განუხორციელებია. იკითხავთ, ალბათ, _ რატომ? მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ამ პროექტების შესრულება იგეგმებოდა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებით და ფინანსური სახსრების უკმარისობის გამო ვერ განხორციელდა. ამ პასუხისმგებელ პირთან „ქრონიკა+“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს, თუ რატომ დარჩა მცხეთის სოფლები განათების, წყლისა და გზების გარეშე.
წინა პერიოდს თუ გადავხედავთ, 2014-2016 წლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქსოვრისში, წილკანსა და გალავანში დაიწყო სარიტუალო სახლების მშენებლობა, რაზედაც გაიხარჯა 140 000 ლარი. 2017 წლიდან აღნიშნული პროგრამა შეწყდა და სარიტუალო სახლების მშენებლობა არ გაგრძელებულა. მოწოდებული ინფორმაციით, რიტუალების სახლის დასასრულებლად საჭირო იყო 475 ათასი ლარი, რაც მუნიციპალიტეტს 2017-2018 წლებში ბიუჯეტებში არ გაუთვალისწინებია. ე. ი. მცხეთის მუნიციპალიტეტი შესყიდვების დაგეგმვისას წინასწარ არ ითვალისწინებდა შესასყიდი სამუშაოების ხელის შემშლელ პირობებს და სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო რისკებს. ისეთი სამუშაო და საპროექტო დოკუმენტაცია შეიძინა, რომელიც ვერ გამოიყენა, შედეგად გასწია 32 000 ლარის ხარჯი. მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში არ განახორციელა სოფლებში გარე განათების, სასმელი წყლის სისტემების, გზისა და სპორტული მოედნების მოწყობის 217 000 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომლის საპროექტო დოკუმენტაცია შესყიდული ჰქონდა. ამასთანავე, არ დაასრულა წინა წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაწყებული სარიტუალო სახლების მშენებლობა, რისთვისაც საჭირო იყო 475 000 ლარი. არ დაგვავიწყდფეს, რომ როგორც „ქრონიკა+“-მა დამატებით გაარკვია, მუნიციპალიტეტის ანგარიშზე მუდმივად ირიცხება სოლიდური და არსებობს ე. წ. საკმარისი თავისუფალი ნაშთი.

გადავიდეთ ტენდერებზე!

მუნიციპალიტეტმა 2018 წლის 6 მარტს გამოაცხადა ორი ტენდერი ქალაქ მცხეთაში ქუჩების გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე. არის ასეთი ფირმა „ბრენდი“, რომელმაც ორივე ტენდერზე ერთი და იგივე რეკომენდაცია წარმოადგინა. სატენდერო კომისიამ ერთ შემთხვევაში იმსჯელა და დაასკვნა, რომ შპს „ბრენდის მიერ სისტემაში იმავე პერიოდში ატვირთული რეკომენდაცია სრულად შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნებს, ხოლო მეორე შემთხვევაში _ არ ჩათვალა მისაღებად. კერძოდ: გოგებაშვილის, გურამიშვილის, ერეკლე მეორის, ვაჟა-ფშაველას, მუხრანის, საგურამოს, გმირის, სამხედროს, ღვინჯილიას ქუჩების გარე განათების მოწყობის ტენდერის სავარაუდო ღირებულება 49 000 ლარს შეადგენდა, შპს „ბრენდს“ კი დაფიქსირებული ჰქონდა 35 ათასი ლარი, თუმცა სატენდერო კომისიამ მისი დისკვალიფიკაცია მოახდინა და გაიმარჯვა მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტმა. ასე და ამრიგად, მუნიციპალიტეტმა გარე განათების სამუშაოების მოწყობაში გადაიხადა 43 ათასი ლარი ანუ 7 ათასი ლარით მეტი. იმავე წელს მცხეთის მერიამ ტენდერის საშუალებით შეისყიდა სოფლებში: მისაქციელში, ძალისსა და წილკანში სპორტული მინიმოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები. ერთ-ერთმა პრეტენდენტმა წარმოადგინა კერძო კომპანიის ქვეკონტრაქტორად მუშაობის გამოცდილება და რეკომენდაცია. 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სატენდერო კომისიამ საკმარისად მიიჩნია წარმოდგენილი რეკომენდაცია და პრეტენდენტი გამარჯვებულად გამოაცხადა. მალევე მცხეთის მერიამ ტენდერის საშუალებით შეისყიდა სოფელ ბიწმენდში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები, ღირებულებით _ 130 000 ლარი. სატენდერო კომისიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი – შპს „მნათობი 2013“ _ დისკვალიფიცირებულ იქნა იმის გამო, რომ წარმოადგინა კერძო კომპანიის ქვეკონტრაქტორად მუშაობის გამოცდილება და რეკომენდაცია. სატენდერო კომისიამ პირველ შემთხვევაში საკმარისად მიიჩნია წარმოდგენილი რეკომენდაცია, ხოლო მეორე შემთხვევაში გამოიყენა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლად, რის შედეგადაც გაიმარჯვა მომდევნო პრეტენდენტმა, რომელმაც 16 000 ლარით მეტი ფასი დააფიქსირა.
მცხეთის მუნიციპალიტეტს 2017-2018 წლებში იჯარით ჰქონდა გაცემული 47 ერთეული ქონება. აღნიშნულ წლებში საიჯარო შემოსავლების სახით ბიუჯეტში უნდა შემოსულიყო 94 000 ლარი. რეალურად, მოიჯარეებმა გადაიხადეს მხოლოდ 64 000 ლარი (69%), შესაბამისად, გადაუხდელი საიჯარო ქირა 2019 წლის დასაწყისში 29 000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული შემოსავლების დროულად ამოღებაზე. 2019 წლის პირველი იანვრისთვის მცხეთის მერიას სარგებლობის უფლებით ქონება გადაცემული აქვს 41 მოსარგებლეზე. ქონების სარგებლობაზე ხელშეკრულებები, ძირითადად, გაფორმებულია 2011-2017 წლებში. მუნიციპალური ქონება გაცემულია პირდაპირი განკარგვის წესით გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით. ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შეეძლო გაეზარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა. ვინაიდან ქონება გაცემულია პირდაპირი განკარგვის წესით _ იჯარის ფორმით, დაისვა საკითხი: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება იყო თუ არა საბაზრო ფასად გაქირავებული? ვინაიდან ფასები საკრებულოს დადგენილებებით 2-3-ჯერ არის გაზრდილი, დამატებით შესწავლილია მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალაქის ტერიტორიაზე კერძო პირების მიერ განთავსებული განცხადებები, მათ საკუთრებაში არსებულ გასაყიდ და განსაკარგ მიწის ნაკვეთებსა და მათზე მდებარე ობიექტების შესახებ. ქალაქ მცხეთაში გასაყიდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზრო ღირებულებები, მათი მდებარეობიდან, ფართობიდან და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცვალებადია და შესწავლის პერიოდისთვის 1 კვ.მ.-ზე 80-დან 300 ლარამდე მერყეობს, ხოლო კომერციული დანიშნულებით დასაქირავებელი ქონების ფასი 1 კვ.მ.-ზე 10-30 ლარს შეადგენს. 2011 წლის 4 მაისს მცხეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „მეღვინეობა ხარებას“ შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, ქალაქ მცხეთაში არსუკიძის ქუჩაზე მდებარე 80 კვ.მ. ფართის მქონე ორსართულიანი შენობის იჯარით გაცემაზე. ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, 2021 წლის მაისამდე, ხოლო ქონების საიჯარო ფასი _ თვეში 222.8 ლარი. ამ შენობის სარგებლობისთვის 2017-2018 წლებში შპს „მეღვინეობა ხარებას“ წლიურად გადახდილი აქვს 2.7 ათასი ლარი. ფინანსური კვლევის დროს პირდაპირი განკარგვის წესით გაქირავებული აღნიშნული ფართი დათვალიერდა. გამოვლინდა, რომ აღნიშნული შენობა მდებარეობს სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ტურისტულად აქტიური ზონაა. მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემული ფართის 1 კვ.მ. ღირებულება თვეში 2.8 ლარია, როდესაც აღნიშნულ ზონაში იგი, მინიმუმ, 20 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სხვა მოიჯარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასებიც შეუსაბამობაშია, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ ნორმატიულ ფასებთან, ასევე უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ღირებულებებთან.

ტრაქტორები

შემდეგი შესყიდვა ეხება ტრაქტორების შეძენის თემას, უფრო სწორად, „როგორ დავითრიოთ 6 ტრაქტორი“. 2017 წელს აგვისტოში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ დაუკვეთა სახელმწიფოდან გადმოცემული ტრაქტორების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. აღნიშნული მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 840 ლარი. შედეგად გაირკვა, რომ 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლის ამხანაგობა „გუთნის დედას“, ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა 6 სხვადასხვა მარკის ტრაქტორი, სათიბელა, ფრეზი და სხვა დამხმარე მისაბმელები. 2015 წლის მარტსა და აგვისტოში მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ და აცნობა, რომ ამხანაგობა არ იყო შექმნილი კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჰყავდა ხელმძღვანელი, არ ხდებოდა ტექნიკის დანიშნულებისამებრ გამოყენება, მათი უმეტესობა გამოსული იყო მწყობრიდან. თავმჯდომარემ მოითხოვა ტექნიკის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით ქონების სახით გადმოცემა, რათა მუნიციპალიტეტს შეძლებოდა ტექნიკის დანიშნულებისამებრ გამოყენება. მუნიციპალიტეტის მიმართვის საფუძველზე სააგენტომ 2015 წლის 7 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება, მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი ქონების სახით, 6 სხვადასხვა მარკის ტრაქტორის, სათიბელასა და ფრეზის გადაცემის შესახებ. 2016 წლის მაისში მუნიციპალიტეტის მიერ სააგენტოსთვის მიწერილი წერილით ირკვევა, რომ გადმოსაცემი 6 ტრაქტორიდან მუშა მდგომარეობაში იყო მხოლოდ 2, ხოლო დანარჩენი კი _ არამუშა მდგომარეობაში (დაზიანებული). ქონების ფაქტობრივად ჩაბარების მიზნით, მუნიციპალიტეტმა სააგენტოსგან მოითხოვა ისეთი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, სადაც დაფიქსირდებოდა ექსპერტიზის დასკვნა ტექნიკის მდგომარეობის შესახებ. 2016 წლის 8 ივნისს სააგენტო დასთანხმდა მიღება-ჩაბარების აქტის ექსპერტიზის დასკვნის გარეშე გაფორმებას. 2017 წელს მუნიციპალიტეტის დაკვეთით ჩატარებული გადმოცემული ტექნიკის ექსპერტიზით ქონება შეფასებულია 131 000 ლარად. ექსპერტიზის დასკვნით, ტექნიკის უმეტესობა გაუმართავია და საჭიროებს შეკეთებას. სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის ტექნიკის გადმოცემის ბრძანების გამოცემიდან გასულია 4 წელი, ხოლო ექსპერტიზის ჩატარებიდან _ 2 წელი, მუნიციპალიტეტს ქონების მიღებაზე სააგენტოსთან არ გაუფორმებია მიღება-ჩაბარების აქტი და არც რამე ღონისძიება გაუტარებია. ტექნიკა არ არის მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე ჩაბარებული და არც ბალანსზეა აყვანილი, არ არის დარეგისტრირებული და განკარგული. ამასთანავე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა მტკიცებულება, რა მიზნით აპირებდა მუნიციპალიტეტი გადმოცემული ტექნიკის გამოყენებას.
აქ საკითხი სხვანაირად უნდა დაისვას, _ რატომ ვერ გაყიდა „დათრეული“ ტრაქტორები მუნიციპალიტეტმა? ვერ მოასწრო, როგორც ჩანს! ან მყიდველი არ გამოჩნდა სათანადო, ან ფასი დაადეს მაღალი… ვერსიები ბევრია!

სულ, 2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 19 985 000 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები. აქედან 10 273000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 10%-ით, ანუ 949 000 ლარით. კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებიდან ამოღებულია 704 000 ლარის შესასრულებელი სამუშაოები, შეტანილი ცვლილებების შედეგად კი დაემატა 1 653 000 ლარის სამუშაოები. მათ შორის დაემატა ერთი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც პირველადი ხარჯთაღრიცხვით არ იყო გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა 1 მილიონი ლარის სამუშაოების ფასების განსაზღვრის ამსახველი მტკიცებულებები. მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ცვლილებები არ წარმოადგენდა გამონაკლის შემთხვევებს და ის სისტემატურ ხასიათს ატარებდა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში არაკონკურენტულ გარემოში შეისყიდა ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები და არ გამოიყენა ფინანსური რესურსის რაციონალური ხარჯვის შესაძლებლობა.
2013 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტმა და 2014 წელს მცხეთის მერიამ კონკურსის საშუალებით შეისყიდა კულტურის სახლისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია. ორივე ხელშეკრულების ღირებულებამ სულ შეადგინა 190 000 ლარი. გაირკვა, რომ პროექტის ხარჯთაღრიცხვები შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზებს. მუნიციპალიტეტმა პროექტების ჩაბარების პროცესში ვერ გამოავლინა ხარვეზები და სრულად აანაზღაურა მომსახურების ღირებულება _ 190 000 ლარი; შემდეგ კი ხარვეზიანი ხარჯთაღრიცხვებით გამოაცხადა ტენდერები სპორტული კომპლექსისა და კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. აღნიშნული ხარვეზების გამო მშენებლობის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან დამატებით გასწია 34 000 ლარის ხარჯი. 2018 წელს მცხეთის მერიამ ჩაიბარა ქ. მცხეთაში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ ჯამურად შეადგინა 5 184 000 ლარი. 2015 წლის 24 ივლისს მცხეთის მერიამ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სპორტული კომპლექსის სამუშაოების შესყიდვაზე ღირებულებით 4, 723 000 ლარი. ტენდერის მიხედვით, 2015 წელს უნდა შესრულებულიყო 700 000 ლარის სამშენებლო სამუშაო, ხოლო 2016-2017 წლებში _ 4 023 ლარის. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4-მა პრეტენდენტმა. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის, შპს „არენას“ დისკვალიფიკაციის მიზეზი იყო ის, რომ წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკში მითითებული ჰქონდა მხოლოდ ვადები და თანხები, გეგმა-გრაფიკში დაფიქსირებული თანხები არ იყო გაწერილი. შემდგომი პრეტენდენტის, შპს „ელ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკიც შეიცავდა ხარვეზებს, მაგრამ ის მაინც გამოცხადდა გამარჯვებულად და 2015 წლის 15 სექტემბერს მასთან გაფორმდა 4 723 000 ლარის ხელშეკრულება. „ელ-ჯორჯიას“ 2015 წელს უნდა შეესრულებინა 700 000 ლარის სამუშაო, მაგრამ იგი არ ასრულებდა სამუშაოებს გეგმა-გრაფიკის მიხედვით და სისტემატურად არღვევდა მას. პირგასამტეხლომ, ხელშეკრულების მიხედვით, შეადგინა 297 000 ლარი, თუმცა მუნიციპალიტეტს მისთვის პირგასამტეხლო არ დაურიცხავს. ამდენად, შესყიდვის პროცესში მცხეთის მუნიციპალიტეტმა მოახდინა ორი ყველაზე დაბალფასიანი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია გეგმა-გრაფიკისათვის და ხელშეკრულება გააფორმა შპს „ელ ჯორჯიასთან“, რომელმაც პირველმა დაიწყო ამ გეგმა-გრაფიკის დარღვევა და მისთვის მერიას მაინც არ მოუთხოვია გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოების შესრულება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, არსებობს რისკი იმისა, რომ გეგმა-გრაფიკი არ იყო მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი და გამოიყენა მხოლოდ შპს „ელ ჯორჯიას“ გასამარჯვებლად, რომელმაც ტენდერში 423 000 ლარით, თითქმის ნახევარი მილიონი ლარით მეტი ფასი
დააფიქსირა. ერთი სიტყვით (ბევრი მიდებ-მოდების გარეშე), მუნიციპალიტეტმა, სავარაუდოდ, თავისი კომპანია გაიყვანა და საკუთარი ფინანსური ინტერესები ჩადო.
ამ რისკზე მიანიშნებს სხვა ფაქტორებიც, რომელიც გამოვლინდა სახელმწიფო აუდიტის მიმდინარეობისას. მუნიციპალიტეტმა სატენდერო დოკუმენტაციით შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება განსაზღვრა 4 723 000 ლარით, საიდანაც ძირითადი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 4 585 000 ლარს, გაუთვალისწინებელი ხარჯები _ 3%-ს, თანხით _ 137 000 ლარს. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, შპს „ელ ჯორჯიამ“, წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვით, 3%-იანი გაუთვალისწინებელი ხარჯების ნაცვლად ჩადებულია 1%. კერძოდ, ძირითადი სამუშაოების ღირებულებად მიუთითა 4 676 000 ლარი, გაუთვალისწინებელი ხარჯები _ 46 000 ლარი, სულ სამუშაოების შესასრულებლად დააფიქსირა 4 723 000 ლარი. ამდენად, პრეტენდენტის მიერ შესასრულებელი ძირითადი სამუშაოების თანხა აჭარბებდა ტენდერით გათვალისწინებულს. შპს „ელ ჯორჯიას“ რომ არ გადაეჭარბებინა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისთვის, გაუთვალისწინებელი ხარჯები შეამცირა და ძირითადი სამუშაოების ღირებულება გაზარდა, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია. ეს არის სერიოზული საკანონმდებლო დარღვევა! შედეგად, ბიუჯეტიდან ზედმეტად გადარიცხულმა თანხამ, მინიმუმ, 90 ათასი ლარი შეადგინა.
სპორტული კომპლექსის მშენებლობა ითვალისწინებდა სხვადასხვა სახის დანადგარის მონტაჟს. „ელ ჯორჯიას“ დანადგარების მონტაჟზე ზედნადები ხარჯები დარიცხული აქვს შესრულებული სამუშაოების მთლიან ღირებულებაზე. მუნიციპალიტეტს ამ მიზეზითაც უნდა მოეხდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რაც არ გაუკეთებია.
2017 წლის 15 თებერვალს, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხარჯთაღრიცხვის კორექტირების საფუძველზე სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 10%-ით. აღნიშნული ცვლილების საფუძველი იყო „ელ ჯორჯიას“ წერილები, სადაც განმარტებულია, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა შესასრულებელ და ხარჯთაღრიცხვაში მითითებული სამუშაოების მოცულობებს შორის სხვაობა. ხელშეკრულებიდან ამოიღეს 471 000 ლარის, ხოლო დაამატეს 943 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სამუშაო. როგორია? შედეგად, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 471 000 ლარით და შეადგინა 5 195 000 ლარი. ისეთი სამუშაოები, რომელთაც პირველადი ხარჯთაღრიცხვა არ ითვალისწინებდა და წარმოადგენდა ახალ პოზიციას, განფასდა სამშენებლო რესურსების ფასებით, რომელიც მხოლოდ საორიენტაციო ხასიათისაა და ტენდერის მიმდინარეობისას, უმეტეს შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მცირდება. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება, ჯამურად, 900 000 ლარზე მეტია. ცნობისთვის: ხარჯთაღრიცხვაში ცვლილების შეტანამდე ქალაქ მცხეთის მერიამ წერილობით მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ და მოითხოვა საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა, ობიექტის სამშენებლო და ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის კუთხით. მიმართვით კი მიმართა, მაგრამ ექსპერტიზის ბიუროს აღნიშნული საკითხი არ შეუსწავლია და პირველადი ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა ჩაატარა, რაც მუნიციპალიტეტს არ ესაჭიროებოდა. აღნიშნულ მომსახურებაში მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 23 000 ლარი, რაც ბიუჯეტიდან გაწეული ასევე „ტუფტა“ ხარჯია.
კულტურის სახლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მესამე ეტაპიც „ელ ჯორჯიამ“ შეასრულა, რომელთანაც მცხეთის მერიამ 2016 წლის 23 აგვისტოს გააფორმა 2 640 ათასი ლარის ხელშეკრულება. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 აპრილი. „ელ ჯორჯიასთან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულება ითვალისწინებდა წინასწარ ანგარიშსწორებას, ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაშიც „ელ ჯორჯია“ სისტემატურად არღვევდა გეგმა-გრაფიკს, თუმცა მუნიციპალიტეტს კომპანია არც ამჯერად დაუჯარიმებია.
საერთო ჯამში, „ელ ჯორჯიასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს მოცულობა შეიცვალა, დაემატა ახალი სამუშაოები. საბოლოო ცვლილებით, სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 10%-თ, ანუ 263 000 ლარით. შესაბამისად, მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა უკვე 2 903 000 ლარი. მუნიციპალიტეტმა მას დამატებით შეასრულებინა 105 000 ლარზე მეტი ღირებულების ახალი სამუშაოები, რომელიც ხარჯთაღრიცხვით არ იყო გათვალისწინებული.

მცხეთის მერია

სასწაულები ხდებოდა (თუ დღესაც არ გრძელდება ეს) მცხეთის მერიაში. 2016 წლის პირველ ნოემბერს „ელ ჯორჯიამ“ მიმართა მცხეთის მერიას და აცნობა, რომ სამუშაოების წარმოების პროცესში აღმოაჩინა შესასრულებელ და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებს შორის განსხვავებები. კერძოდ, მან მოითხოვა სავენტილაციო სამუშაოებისთვის საჭირო 1 675 კვ.მ. 0.55 მმ. სისქის ფოლადის მოთუთიებული ჰაერსატარის მოცულობის გაზრდა 2 650 კვ.მ.-მდე. არადა, ხარჯთაღრიცხვით თავიდანვე იყო გათვალისწინებული 2 650 კვ.მ. ჰაერსატარის მოწყობა, საიდანაც 975 კვ.მ. 1 მმ. სისქის მილის მოწყობის სამუშაოები მიმწოდებელს განფასებული ჰქონდა 0 (ნული) ლარად. მცხეთის მერიამ შეცვალა თავისი პირვანდელი პირობა და დაეთანხმა მიმწოდებელს, ხარჯთაღრიცხვაში შეეტანა ცვლილება. შედეგად, შესაბამისად, კომპანიას 170 000 ლარის ნაცვლად გადაუხადეს 268 000 ლარი. ამასთანავე, 975 კვ.მ. 1 მმ სისქის ნაცვლად მოეწყო უფრო ნაკლები, 0.55 მმ. სისქის მილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახახური პირდაპირ აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, მიმწოდებელმა მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისას, შეგნებულად განაფასა 975 კვ.მ., 1 მმ. მილის მოწყობის სამუშაოები 0 (ნული) ლარად, რომელიც კორექტირების შედეგად საერთოდ ამოიღო ხარჯთაღრიცხვიდან და დამატებითი ანაზღაურების ხარჯზე მოაწყო იმავე ოდენობის, თითქმის 2-ჯერ ნაკლები სისქის მილი. მცხეთის მერიამაც კომპანიას ბიუჯეტიდან ზედმეტად აუნაზღაურა, მინიმუმ, 98 000 ლარი.
რა დროს სოფლების განათება და გზების მოწყობაა _ ვინ გაამდიდროს მერე თავისი ახლობელი კომპანიები და ვინ ურიცხოს ფული ბიუჯეტიდან?!

ასფალტბეტონი

შპს „ელ ჯორჯიას“ ასევე უნდა მოეწყო 43 000 ლარის ღირებულების 3 800 კვ.მ. 12 სმ. სისქის ასფალტბეტონის საფარი. კორექტირების შედეგად შემცირდა შესასრულებელი სამუშაოები და მოეწყო 2 260 კვ.მ. 6 სმ. სისქის ასფალტბეტონის საფარი, რაშიც მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 83 000 ლარი. ფაქტობრივად, მცხეთის მუნიციპალიტეტმა 2-ჯერ ნაკლები სისქის ასფალტბეტონის საფარის მოწყობაში, მინიმუმ, 3-ჯერ მეტი თანხა გადაიხადა. მცხეთის მერიამ ეზოს მოასფალტების სამუშაოებში შპს „ელ ჯორჯიას“, მინიმუმ, 57 000 ლარით მეტი თანხა გადაუხადა, ვიდრე ტენდერით იყო გათვალისწინებული.
წესით და რიგით, ეს სახელმწიფო აუდიტის საქმე კი აღარ არის, არამედ _ პროკურატურის _ მარტო იმიტომ, რომ „ელ ჯორჯიას“ სასარგებლოდ, ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილია, დაახლოებით, 340 000 ლარი, ასევე კომპანიაზე პირობების დარღვევისთვის არ არის დაკისრებული 306 000 ლარის სანქცია.

სს „სამშენებლო საწარმოთა გაერთიანება იმერეთი“

კულტურის სახლის მშენებლობის პირველ ეტაპს აწარმოებდა სს „სამშენებლო საწარმოთა გაერთიანება იმერეთი“, რომელმაც სამუშაოები დაასრულა 2015 წლის მარტში, ღირებულებით _ 1 296 000 ლარი. მიმწოდებლის მიერ აშენდა ახალი შენობა, მოეწყო ყინვაგამძლე კერამოგრანიტით მოპირკეთებული ბრტყელი სახურავი. სამუშაოების საგარანტიო ვადად განისაზღვრა ორი წელი. 2019 წლის 21 თებერვალს აუდიტის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სერიოზულად იყო დაზიანებული კულტურის სახლის სახურავი. გაირკვა, რომ, ჯერ კიდევ, 2016 წლის ნოემბერში გამოვლინდა სახურავის დაზიანებები. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტმა მიმართა შემსრულებელს, რომელმაც გამოასწორა ხარვეზები. 2017 წელს ზამთრის პერიოდში, კვლავ გამოვლინდა სახურავთან დაკავშირებული პრობლემები. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სახურავზე ფილებს შორის ბზარების გაჩენა და წყლის ჩამოსვლა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სახურავი მოწყობილია ბრტყელი გადახურვით _ კერამიკული ფილებით, რომელიც არაა მდგრადი ნალექებისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მცხეთის მერიამ 2019 წელს კულტურის სახლი ხელახლა გადახურა, რაზედაც, ჯამურად, 44 000 ლარი დაიხარჯა.

„გზამშენი-7“

2017 წლის 17 ივლისს მცხეთის გამგეობამ შპს „გზამშენი-7“-თან გააფორმა ხელშეკრულება სოფელ ძეგვში მინისტადიონის სამშენებლო სამუშაოებზე, ღირებულებით 52 000 ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტმა 2018 წლის თებერვალში ჩაიბარა. 2019 წელს აღმოჩნდა, რომ სპორტული მოედანი დაზიანებულია. ობიექტების დაზიანების მიზეზი, სავარაუდოდ, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია.
მცხეთის გამგეობამ 2017 წლის პირველ ნოემბერს ხელშეკრულება გააფორმა სოფელ ბიწმენდის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე, ღირებულებით _ 195 000 ლარი. პროექტი გათვლილი იყო თბილისი-ბულაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე თავისუფალი დამცლელი მილიდან დაღვრილი წყლის შეკრებასა და შემდგომ სოფლისთვის მიწოდებაზე. ამისთვის უნდა აშენებულიყო სატუმბი სადგური და წყლის მაგისტრალი. აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულების დადებამდე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ჰქონდა ოფიციალური წერილობითი ნებართვა ობიექტის მესაკუთრე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დაგეგმეს სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. გამგეობას მონიტორინგის ჯგუფმა, შპს „მშენ-ექსპერტმა“, სამუშაოებზე მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადებამდე წერილობით შეატყობინა, რომ აუცილებელი იყო წყლის კომპანიისგან ოფიციალური ნებართვის მიღება. გაფრთხილების მიუხედავად, გამგეობამ მიმწოდებელთან მაინც გააფორმა ხელშეკრულება და სამუშაოები დაიწყო აუცილებელი ნებართვის გარეშე. შედეგად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უარი განაცხადა მაგისტრალიდან დაღვრილი წყლის გაცემაზე. მიმწოდებლის მიერ შესრულებული იყო წყლის მაგისტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები (გაიყვანეს წყლის მილი), მაგრამ წყალი არ იყო! მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა, დაეკორექტირებინა პროექტი და სამუშაოების ღირებულება შეემცირებინა 46 000 ლარით. პროექტიდან ამოიღეს მიმღები ჭისა და სატუმბი სადგურის შენობის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების მოცულობების შემცირებამდე მიმწოდებელმა მოასწრო თბილისი-ბულაჩაურის მაგისტრალურ წყალსადენზე მისაერთებელი 1600 მ. სიგრძის მილის მოწყობა, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 20 000 ლარი. აღნიშნული მილი დამონტაჟებულია დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მცხეთის მუნიციპალიტეტი მას ვერ იყენებს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ხარჯები;
„წარმომადგენლობითი ხარჯები“;
სტუმრების კვების მომსახურება

2017-2018 წლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრებზე (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით. დადგენილების შესაბამისად, 2017 წელს საკრებულოს წევრებს ხარჯების ასანაზღაურებლად დაუწესდათ თვეში 412 ლარი, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს _ 397 ლარი. 2018 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, საკრებულოს დეპუტატების ხარჯების ასანაზღაურებლად კვლავ 397 ლარი განისაზღვრა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებს 2017-2018 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ ჯამურად _ 120 000 ლარი. საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხა, რაზედაც მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.
2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის „წარმომადგენლობითმა ხარჯებმა“ შეადგინა 292 000 ლარი. მათ შორის, 2017 წელს _ 137 000 ლარი, 2018 წელს _ 155 000 ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული მუხლიდან დაფინანსებულია სხვადასხვა მომსახურების შესყიდვა, როგორიცაა: მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებებზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლება, საკვები პროდუქტებისა და სასტუმროს მომსახურება, საახალწლო ღონისძიებები და ა. შ. „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ არ არის შემუშავებული შიდა წესი, რომელიც უზრუნველყოფდა აღნიშნული მუხლიდან კვებით მომსახურებაზე თანხების რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ ხარჯვას.
2017-2018 წლებში მცხეთის მუნიციპალიტეტმა სტუმრების გამასპინძლების მიზნით კვების მომსახურებაზე 82 000 ლარის ხარჯი გასწია. მათ შორის: 2017 წელს _ 37 000 ლარი, 2018 წელს _ 45 000 ლარი, რისთვისაც ხელშეკრულებები გაფორმებულია რესტორნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებლებზე მომსახურების ღირებულება ანაზღაურებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სადაც მხოლოდ მომსახურების დასახელება და ღირებულებაა მითითებული, ხოლო მომსახურების მიმღებ პირთა რაოდენობა არ არის მითითებული გარდა ამისა, 2017 წელს 4 შემთხვევაში ვერ ხერხდება ღონისძიებების იდენტიფიცირება, რომლებზედაც გაწეულია 3.5 ათასი ლარის კვებითი მომსახურების ხარჯი.

თამარ როსტიაშვილი