რა ნაღმი დევს „თავისუფლების ქარტიის“ კანონში?!

we

2011 წელს პარლამენტმა კენჭი უყარა ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის, გია თორთლაძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს – „თავისუფლების ქარტიას“. კენჭისყრისას დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები არ იმყოფებოდნენ, ვინაიდან მათ ცოტა ხნით ადრე დატოვეს დარბაზი. „თავისუფლების ქარტია“ სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტისგან, ანუ „ლუსტრაციის კანონისგან“, რომელიც „სუკისა“ და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებისთვის თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კომისია, რომელიც პირთა ლუსტრაციას მოახდენდა, შსს-ში უნდა შექმნილიყო. ამის მიხედვით, უცხოური კანონმდებლობის გათვალისწინებით, თანამდებობრივი შეზღუდვა მოცემულ პირებს მთელი სიცოცხლის მანძილზე კი არ უნდა დაწესებოდათ, არამედ გარკვეული დროით. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ევროკავშირის რეკომენდაცია, რომელთან ასოცირებასაც საქართველომ სულ ახლახან მოაწერა ხელი.

იგივე პოზიცია გაიზიარა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მარკ მალენმა, რომელიც პარლამენტში „თავისუფლების ქარტიის“ კენჭისყრის გამო მივიდა და მიღებული კანონი გააკრიტიკა: „მე ვწუხვარ ამ თავისუფლების ქარტიის გამო. მასში რამდენიმე პრობლემაა. ეს საერთაშორისო პრაქტიკაში უჩვეულოა. მაშფოთებს ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ კანონს განიხილავს, როგორც ნიშანს საქართველოს ხელისუფლების მცდელობისა, გადაწეროს საქართველოს ისტორია. ისტორია უნდა დარჩეს მოსახლეობასა და ისტორიკოსებს და არა შინაგან საქმეთა მინისტრს, ან მთავრობას“.

ექსპერტი იურიდიულ საკითხებში, ლევან ალაფიშვილი, ამ მოვლენებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-თან სკანდალურ განცხადებას აკეთებს:

_ ეს გახლავთ, საბოლოო ჯამში, ლუსტრაციისა და ტერორიზმთან ბრძოლის კანონი. კითხვები იყო მაშინაც და ახლაც არის ძალიან ბევრი. კანონი გავიდა ორ ნაწილად და მაშინდელმა მმართველმა გუნდმა ამ სახით და ამ კონტექსტში დაუჭირა მას მხარი. კანონი ძირითადად უნდა ეხებოდეს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, თუმცა თუ „თავისუფლების ქარტიის“ კანონს ჩახედავთ, ამას მასში ყველაზე მცირე ნაწილი უკავია. დანარჩენი ადგილი ეთმობა ლუსტრაციის პრობლემას, ანუ კომუნისტურ პერიოდში მოღვაწე ადამიანების თანამდებობრივ  შეზღუდვებს. აქ მარტივი კითხვა ისმის, – თუკი კანონის აღსრულების მექანიზმი არ გაქვს, რა აზრი აქვს ამ კანონს?

_ რას ნიშნავს, „კანონის აღსრულების მექანიზმი არ გაქვს“?

_ ეს კანონი ინიცირებული იყო 2005 წლიდან და მასში მეც ვიყავი ჩართული. რამდენიმე წელი მისი მიღება შეჩერებული იყო სწორედ იმ მიზეზით, რომ მისი აღსრულების მექანიზმი არ არსებობდა. არც დღეს არსებობს. როდესაც საუბრობ კომუნისტურ პერიოდზე, უნდა მოახდინო მოქალაქეთა დეკლარირება. მაგალითად, რაიკომის მდივანი იყავი და უნდა მოახდინო ამის დეკლალირება, რის შემდეგაც თანამდებობრივი შეზღუდვები დაგიწესდება. თავისი ნებით ამას არავინ გააკეთებს, ამიტომ უნდა ამოიწიოს არქივები, მაგრამ არქივები აღარ არსებობს. შესაბამისად, თუკი ამის გადამოწმების მექანიზმი არ გაქვს, კანონი ხომ ფიქციად დაგვრჩება?

_ არქივები სად არის?

_ კომუნისტებმა ეს არქივები დაწვეს, დანარჩენი კი გაიტანეს. სახელმწიფო შეეცადა, გადამოწმების ერთი ძალიან „საინტერესო“ მექანიზმი შეემუშავებინა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შეექმნა კომისია, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყოფილიყო დამოუკიდებელი კომისია, დაკომპლექტებული საზოგადო მოღვაწეებით და არასამთავრობოების წარმომადგენლებით.

_ მაშინ რა შუაშია აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო?

_ ლოგიკა შეიძლება დავინახოთ იმაში, რომ საიდუმლო სამსახურის ფუნქციები კომუნისტების დროს დაზვერვით, კონტრდაზვერვით და ა. შ. უწყებებთან იყო შეთანხმებული. ანუ მაშინ ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იყო დაკავშირებული, ამიტომ „ნაციონალების“ დროს საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის შედგა კონსენსუსი და საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ დეკლალირების საკითხს განიხილავდა შსს-ს კომისია… მაგრამ განიხილავდა რის საფუძველზე? ისევ და ისევ – არქივების. არქივები კი არ არსებობს.

_ თუ არქივები და გადამოწმების საშუალება არ არსებობდა, თავიდანვე რატომ მიიღეს ეს კანონი?

_ თავის დროზე ეს იყო პოლიტიკური შეღავათი კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის, კერძოდ გია თორთლაძის მიმართ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე, ფაქტობრივად, 2005 წლიდან, გია თორთლაძე ამბობდა, რომ ეს გავაკეთოთო.

_ ანუ აჰა, შენ, თორთლაძე, კანფეტი და გაჩუმდი ცოტა ხნით?

_ მე არ ვიცი, მაშინდელ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თორთლაძის პარტიას შორის რა ურთიერთობა იყო, მაგრამ საჯარო სივრცეში აშკარად კონსტრუქციულად რომ წარმოჩენილიყო მათი ოპონირება, მმართველი შტო ღია დათმობაზე წავიდა. ფაქტი ერთია, ეს არის ერთადერთი კანონი მთელ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, რომელსაც სახელად ჰქვია მხოლოდ კანონი, მაგრამ ამის იქით საქმე არ მიდის.

_ ანუ ფიქციაა! კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ მაგალითად, ჩემს ან თქვენს ბაბუას ეკავა პარტიული თანამდებობა და ემსახურებოდა კომუნისტურ რეჟიმს. კომუნისტური რეჟიმი იყო ერთადერთი სახელმწიფოში, სხვა მეორე არ არსებობდა და, შესაბამისად, ბაბუას არ ჰქონდა არჩევანის საშუალება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ემსახურებოდა სახელმწიფოს. მოხდა რეჟიმის რღვევა და ჩამოყალიბდა სხვა ინსტიტუციის მქონე სახელმწიფო. მხოლოდ იმიტომ, რომ იგი წინა რეჟიმის დროს ემსახურებოდა ხელისუფლებას, ამიტომ მას არ აქვს უფლება იმუშაოს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ამ სახელმწიფოში, რამდენად სამართლიანია ასეთი მიდგომა, სხვა საკითხია. ფაქტია, რომ კანონმა და სახელმწიფომ ასე მიიჩნია საჭიროდ. პრობლემა აქ მდგომარეობს შემდეგში, – რა მიზანს ემსახურება თავად კანონი „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ?

_ და რა მიზანს ემსახურება?

_ ეს გაურკვეველია და აქედან გამომდინარე, საკმაოდ საკამათო შეიძლება იყოს. „თავისუფლების ქარტიაში“ არის ტერორიზმთან ბრძოლის ნაწილი და ეს გასაგებია, ეს მისაღებია! ამ ნაწილზე არ ვმსჯელობთ. ჩვენ ვმსჯელობთ ე. წ. თანამდებობრივ შეზღუდვებთან დაკავშირებულ მუხლებზე. როდესაც 2005-2006 წლებში ეს კანონპროექტი განიხილებოდა, ჩემი და სხვების სკეფსისი მაშინვე დაფიქსირდა.

_ სკეფსისი რასთან დაკავშირებით?

_ დავიწყოთ იქიდან, რომ პირველადი დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით წარადგინა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, რომელიც საკანონმდებლო პროცესში იყო ჩართული. განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი იყო „ნაციონალების“ დეპუტატი, იგორ პატარიძე.

_ ანუ „თავისუფლების ქარტიის“ ავტორი გია თორთლაძე არ არის?

_ არა. კანონპროექტს „თავისუფლების ქარტია“ შემდგომში დაარქვა თორთლაძემ, რომელიც ასევე ინიციატორი იყო მისი, მაგრამ შინაარსი დაწერა იგორ პატარიძემ. აღნიშნული ქარტია შეეხება 1921-დან 1992 წწ.-ებში საჯარო პირების მიერ დაკავებულ თანამდებობებს, მაგრამ იქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სახიფათო მუხლი და კარგია, რომ ამ მიმართულებით ვიღაცა დაინტერესდა. კანონის ერთ-ერთ მუხლში მითითებულია, რომ გარდა ამ ჩამონათვალისა (1921 წლიდან 1991 წლის 9 აპირლამდე), ამ პერიოდის შემდგომაცო, ანუ 1991 წლის შემდეგ, თუკი არის ნიშნები, რომ პირი მუშაობდა ან თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან, ეს ქარტია მის მიმართაც ამოქმედდება 2014 წლის ჩათვლით. წარმოიდგინეთ, ერთ მხარეს 1991 წელი თითქოსდა დასრულდა, კანონმა ჩამონათვალიც მოგვცა, მაგრამ ამის შემდგომ დროის ვადა გააფართოვა და ჩადო საკმაოდ სახიფათო მუხლები. კარგია, რომ კანონი ამ კუთხით არ მუშაობს, თორემ ეს შეიძლებოდა მართლა სახიფათო იარაღი აღმოჩენილიყო სპეცსამსხურების ხელში.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ აამოქმედონ იგი. თქვან, რომ ესა და ეს ჩვენ გვყავს შემჩნეული საეჭვო საქმიანობაში და ამიტომ მისი რამე თანამდებობაზე დანიშვნა შეზღუდვას ექვემდებარება. რაც მთავარია, ასეთი დებულების გამოტანის შემდეგ ისინი სულაც არ არიან ვალდებულნი აგიხსნან _ რაში ჰყავხარ შემჩნეული, ანდა რამე ფაქტი დაგიდონ. არა! ისინი სპეცსამსახურები არიან. მათი ინფორმაცია აბსოლუტურად დაცულია, საიდუმლოა, კონფიდენციალურია. მათი ახსნა იქნება ერთადერთი _ ჩვენ გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია და მორჩა! ამის უფლებას კანონი, კერძოდ „თავისუფლების ქარტია“ უზრუნველყოფს.

_ მაშინ ნებისმიერზე შეიძლება ეს ითქვას?

_ რა თქმა უნდა.

_ ანუ „თავისუფლების ქარტია“ გადახედვას, ან გაუქმებას საჭიროებს?

_ მიმაჩნია, რომ ამ სახით ამ კანონის არსებობას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ არც მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, რაც მოვიძიე, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ამოქმედებულა კომისია. ეს კომისია ვერც ამუშავდება. ამისთვის მას უნდა ჰქონდეს ძველი ინფორმაცია და აი, როგორ ექნება, ეს მაინტერესებს ძალიან. ერთი სკანდალური განცხადება მინდა გავაკეთო: თვითონ ეს ადამიანი, „თავისუფლების ქარტიის“ კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის წევრი, იგორ პატარიძე, თავის დროზე, პარტიული მუშაკი იყო.

_ საკუთარ თავს დაუწერა ეს კანონი, თუ რაღაც ვერ გავიგე?

_ სხვათა შორის, ამაზე მიდიოდა საუბრები კულუარებში და შემდეგ რაღაც ლაპარაკი შედგა მასსა და მმართველ პარტიას შორის. ეს პროცესი შემდგომ გაჩერდა და მერე 2011 წელს მიიღეს თორთლაძის „ხათრით“. მთელი ამ რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ჩემი დასკვნა იმდროინდელ კანონპროექტთან დაკავშირებით იყო უარყოფითი. ლუსტრაცია თავისთავად მისაღები და გასაგებია, მაგრამ, ამავე დროს, ფრთხილად გასავლელი თემაა. ჩვენ ამაზე ვაპელირებდით. სხვათა შორის, ლუსტრირების თემა არ იყო ერთი მოწვევის პარლამენტის ზრუნვისა და წუხილის საგანი. 1995 წლიდან მოყოლებული ყველა პარლამენტში იყო ამის გატანის მცდელობა, მუშაობდნენ კომისიები, მაგრამ ზემოთ დასახელებული საფრთხეების გათვალისწინებით, მათ შორის, არქივების არარსებობის გამო, ყველამ თავი შეიკავა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან. ეს იმდენად საფრთხილო გამოწვევა იყო, რომ ცუდად შეიძლებოდა შემობრუნებულიყო.

_ რა იქნება ახალი მოწვევის პარლამენტში?

_ ვერ გეტყვი, ეს პარლამენტი როგორ წავა და რას მოიმოქმედებს, მაგრამ, ყოველ შემთხვეაში, ერთხელ და საბოლოოდ შეიძლება თემა საჯარო დისკუსიით, თავისი პრობლემებით, დადებითი და უარყოფითი მხარეებით, გამოვიდეს სამსჯავროზე. მით უმეტეს, კომუნისტური რეჟიმის დროს მოღვაწე ხალხი უკვე ასაკოვანია. ესეც იყო განხილული, მაგრამ ეს ქარტია სხვა რამით არის საშიში. ეს გახლავთ ის მუხლი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.

_ რას გულისხმობთ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ვიღაცა ისეთი მოვიდეს სახელმწიფოს სათავეში, რომ დროში გაფართოების მუხლი ნაღმივით გასკდეს?

_ დიახ. ერთი რამეა უპირობო – არავინ არ უარყოფს, რომ ლუსტრირებისთვის საჭირო იდენტიფიცირების მასალა არ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდის სრული მასალა არ მოიპოვება. შესაბამისად, ამის გარეშე კანონი, მხოლოდ და მხოლოდ, ფიქციაა, მაგრამ არსებობს მუხლი, რომელიც ვადებს აფართოებს, ანუ 1991 წელს კი არ ამთავრებს ამ ყველაფერს, არამედ შემდგომ ეტაპზეც გრძელდება. ეს კი საკმაოდ სახიფათო მუხლი და სახიფათო რეგულაციაა.

 

                                                                                           თამარ როსტიაშვილი