ზვიად კუპრავა: ყველა შს მინისტრს ვანო მერაბიშვილის ჩრდილთან უწევს ბრძოლა“

მთელმა საქართველომ და, მათ შორის, ხელისუფლების მხარდამჭერებმაც იცოდნენ, რომ ვანო მერაბიშვილი 20 თებერვალს საპატიმროს დატოვებდა. ამის მიუხედავად, „მეოცნებეები“ ციხიდან მის გამოსვლას ისტერიკით შეხვდნენ. მმართველი პარტიის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ მერაბიშვილს გიგი უგულავას მსგავსად ციხეში შეაბრუნებენ. სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წამსვლელია, რათა ყოფილი პატიმარი ციხეში დააბრუნოს, მაგრამ ამის გაკეთება მარტივი არ იქნება. კუპრავას თქმითვე, ყოფილ შს მინისტრს ვერავინ აუკრძალავს პოლიტიკის კეთებას. კუპრავამ არ იცის, იქნება თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საქართველოს კიდევ დიდი ხანი არ ეყოლება მისი მსგავსი შს მინისტრი.

რატომ უყვარდა ვანო მერაბიშვილი პოლიციას? რატომ არიან შს მინისტრები მის ჩრდილში? რატომ არ უნდა ატრიალოს ხელისუფლებამ ის კადრები, სადაც ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს? რა ელოდება მთავარ პროკურორად მეორედ მოსულ ირაკლი შოთაძეს? _ ამის შესახებ ზვიად კუპრავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო ზვიად, ციხიდან გამოსულმა მერაბიშვილმა ახსენა სიტყვა დამხობა, რასაც ხელისუფლების მხარდამჭერებში დიდი ისტერიკა მოყვა. მის გამოსვლას წინ ისეთი ფონი უძღოდა, ეს სიტყვაც რომ არ ეთქვა, მაინც ატყდებოდა ამბავი. თქვენი აზრით, ასე ისტერიულად რატომ შეხვდნენ ციხიდან მერაბიშვილის გამოსვლას? ყველამ ხომ წინასწარ იცოდა, თუ როდის დატოვებდა ის საპყრობილეს?
_ ეს რეაქციები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ვანოს ემოციურ განცხადებაზე ასეთი ამბების ატეხვა არაა სწორი. ადამიანი თითქმის 7 წელი სამარტოო საკანში იჯდა. საკანი ჩემთვის უცხო არ არის და ვიცი, იქ ჯდომა რასაც ნიშნავს, მაგრამ ბევრად მძიმეა სამარტოო საკანში ყოფნა. ეს წამების ტოლფასია. წარმოიდგინე, რა საშინელებაა, როცა დამლაპარაკებელიც კი არ გყავს და საკუთარ თავთან გიწევს საუბარი. ადამიანი, დაახლოებით, 7 წელი იყო ასეთ მდგომარეობაში და მას ერთ სიტყვაზე როგორ უნდა გამოეკიდო?
აღსანიშნავია ისიც, რომ ვანოს არ უთქვამს, ვინმეს დავამხობო, მან გასაგებად თქვა, როცა დაემხობა ივანიშვილიო. ამ სიტყვის იქით ვანოსთან პრეტენზია თუ არ აქვთ, მაშინ საერთოდ შეეშვან მასზე საუბარს. მით უმეტეს, რომ მან სასჯელი მოიხადა. რამდენად სამართლიანი იყო სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილება, ეს სხვა საკითხია.
სასჯელის მოხდის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს და, მათ შორის, მერაბიშვილს აქვს უფლება, თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაში. მას ასევე აქვს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვისა და პოლიტიკის კეთების უფლება, მისთვის ამის გაკეთება არავის აუკრძალავს. ეს ჟივილ-ხივილი ძალიან უცნაურია. ვანოს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ახალციხეში და ის აუცილებლად გააკეთებს თავის პოლიტიკას. ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟის მიზეზი ესაა.
_ არა მარტო ახალციხეში, პოლიციაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს. ისტერიის მიზეზი ეს უნდა იყოს. როგორც ამბობენ, პოლიციელები დღემდე სვამენ მის სადღეგრძელოს.
_ ეს ცალკე თემაა, ვანო განსაკუთრებით უყვართ პოლიციელებს. როდესაც საპატრულო პოლიციაში დავიწყე მუშაობა, შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი იყო. მე კარგად ვიცი, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ პოლიციას და რა დამოკიდებულება ჰქონდა თავად ვანოს პოლიციელების მიმართ. ეს ადამიანი პირადად ურეკავდა რიგით პოლიციელებსაც კი და მათ დაბადების დღეებს ულოცავდა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მერე რა მოხდა, დაბადების დღე თუ მიულოცაო, მაგრამ ასე არ არის. ამით ის პოლიციელების მიმართ პატივისცემას გამოხატავდა.
დაბადების დღეების მილოცვის გარდა, ვანო პოლიციელებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ზრუნავდა. ჩემი თანამშრომლის შვილს გულის მანკი აღმოაჩნდა. დაზღვევა კი გვქონდა, მაგრამ ამ დაავადების მკურნალობისთვის ეს დაზღვევა საკმარისი არ იყო. მე ვიცი, რომ მერაბიშვილი მათ დაეხმარა და ამ ბავშვს საზღვარგარეთ უმკურნალეს. დღეს ეს პატარა კარგად გრძნობს თავს. ის სხვა პოლიციელების ოჯახის წევრებსაც დახმარებია. ამ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო მერაბიშვილი პოლიციელებისთვის განსაკუთრებული შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ის პოლიციელებს დღემდე უყვართ. მათ შორის იმ პოლიციელებსაც, რომლებმაც სისტემაში მუშაობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყეს.
ციხიდან გამოსვლის მერე მიცემულ ინტერვიუში ვანომ თქვა, შს მინისტრობის რაღაც სტანდარტი დავაწესე, ერთგვარი სტანდარტი ვარ და ყველა შს მინისტრი ამას ეპოტინებაო. „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დღემდე 5 შს მინისტრი გამოიცვალა და ყველა მის სტანდარტს ეპოტინებოდა. ვანოს შემდეგ ძალიან ძნელია, შს მინისტრობა. შსს-ს კადრების 70% მისი მხადამჭერია. ის იყო საუკეთესო მენეჯერი და პოლიციელებთან მიმართებით საუკეთესო შს მინისტრი. მასთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოგიყვებით და დასკვნები თავად გამოიტანეთ:
როცა საპატრულო პოლიციაში ვმუშაობდი, გურიაში მომიწია მივლინებით რამდენიმე თვით წასვლა. ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში შედიოდა სუფსის განყოფილება. ერთხელაც, ვანო ბათუმში მიდიოდა თურმე და დილის 5 საათზე შესულა სუფსის განყოფილებაში, ისე შეუვლია ბიჭების მოსაკითხად. ამ დროს მორიგეს ეძინა. მორიგე კიდევ იცით, როგორი ამბავია? მას არ შეიძლება, ეძინოს. მორიგე არის ადამიანი, რომელიც პოლიციის შენობაში შესულს პირველი გხვდება. ეტყობა, დაღლილი იყო ის ბიჭი და ჩაეძინა. შენობაში შესულმა ვანომ ისე ჩაუარა გვერდით, რომ ვერაფერი გაიგო. მინისტრი განყოფილების უფროსის კაბინეტისკენ წასულა. იქ კიდევ იყვნენ პოლიციელები და მერაბიშვილი რომ დაინახეს, მორიგისკენ გაქცეულან, რათა გაეღვიძებინათ. ვანომ ისინი გააჩერა და უთხრა, თავი დაანებეთ ეძინოს, ნუ გააღვიძებთო.
განყოფილებაში სულ რამდენიმე წუთი დაჰყო და წავიდა. მისი წასვლის შემდეგ ეცნენ პოლიციელები მორიგეს და გააღვიძეს. ამან უსაყვედურა, _ რას მაღვიძებთო?! იმათ უთხრეს, _ რა დროს ძილი იყო, მინისტრმა შემოიარაო. ამაზე სულ გადაირია მორიგე და იქით წაუყენა პრეტენზიები, _ ახლა რომ მაღვიძებთ, მინისტრი როცა იყო, მაშინ რატომ არ გამაღვიძეთო?! _ ვანომ გვითხრა, არ გააღვიძოთო, _ უთხრეს იმათ. _ ჰოდა, მაშინ მინისტრის ბრძანებით მეძინაო, _ თქვა მორიგემ.
ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ ამეხსნა, თუ როგორი უშუალო დამოკიდებულება ჰქონდა მას პოლიციელებთან. მორიგეს რომ ეძინა, ეს კი იყო დარღვევა, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც იყო და ვანო ამას აღარ გამოეკიდა, სხვა იმ მორიგეს სამსახურიდან გააგდებდა. მორიგეობის დროს ძილი დაუშვებელია.
მარტო ამ უშუალო და ადამიანური დამოკიდებულების გამო არ სცემდნენ მას პოლიციელები პატივს: მან პოლიციას ფორმა ჩააცვა და ისინი მანქანებში ჩასვა. მანამდე რეგიონებში სამართალდამცველების ნაწილი ცხენით დადიოდა, ნაწილი _ ვირით.
შევარდნაძის დროს მთაწმინდის პოლიციის სამმართველოს შენობას ფანჯრები ჰქონდა ამოშენებული. გარეთ გასახედად ერთი აგური იყო დატოვებული მხოლოდ. ფანჯრები იმიტომ ამოაშენეს, რომ საძმოები და „მხედრიონი“ მიუვარდებოდა ხოლმე და ცხრილავდა პოლიციას. წარმოგიდგენიათ, იარაღით უვარდებოდნენ სამართალდამცველებს. პოლიციის შენობებს რკინის კარები ჰქონდა, რომელზედაც „ფორტოჩკები“ იყო. ვინმე რომ დააკაკუნებდა, ჯერ იქიდან გამოიხედავდნენ და მერეღა აღებდნენ კარებს.
იმ წლებში პოლიციას კრიმინალის ეშინოდა. ქუჩაში პოლიციელის ფორმით გავლა სახიფათო იყო. ეს ძალიან ახლო წარსულში ხდებოდა, რაც ჩვენს მოსახლეობასაც უნდა ახსოვდეს. პოლიციას რომ ახსოვს, ვიცი. ახლა პოლიციის სამმართველოებს რკინის კარები აღარ აქვს. ყველა სამმართველო შუშისაა და შუშის მოძრავი კარი უყენია. ამის გარდა, ვანომ გააკეთა მთავარი, _ პოლიციას ღირსება დაუბრუნა. ამას არავინ დაივიწყებს.
_ ვანომ პოლიციისთვის ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ მისმა წინამორბედებმაც გააკეთეს რაღაც საქმე. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პერიოდის შს მინისტრებს ვგულისხმობ. პოლიციის რეფორმა მათ დროს დაიწყო.
_ მათ დროს დაიწყო, მაგრამ ძირითადი რეფორმები პოლიციაში ვანომ გაატარა. მისი მინისტრობის დროს პოლიციას ვერავინ ესხმოდა თავს. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. მაგალითების მოყვანით მკითხველს თავს არ შევაწყენ. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს გავიხსენებ, როცა უბნის ძველი ბიჭები თავს დაესხნენ პოლიციელს და სცემეს. ვანოს დროს კრიმინალი პოლიციას ერიდებოდა, ხალხი კი პატივს სცემდა ამ უწყებას. თავად მაქვს პოლიციაში ნამუშევარი და კარგად მახსოვს, რა დამოკიდებულებაც იყო.
_ თქვენ ვანოს დადებით მხარეებზე ისაუბრეთ, მაგრამ ხელისუფლების მომხრეები სხვა თვალით უყურებენ მერაბიშვილს. ეს დღეები გაუჩერებლად ტრიალებს კადრები, სადაც ის ამბობს, რომ ორი გვამი მინდაო. თეა წულუკიანი მას „მეტრუპედ“ მოიხსენიებს, დანარჩენი კი „ორგვამა ვანოს“ ეძახის.
_ ორი გვამის ამბის განხილვაში არ შევალ. ეს კადრი პირველად რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. განმარტებები მაშინაც გაკეთდა. ამ თემაზე ახლა გია ბარამიძემ ისაუბრა, რომელიც ერთ დროს შს მინისტრი იყო. ორი გვამის თემით აღშფოთებულ „მეოცნებეებს“ მოვუწოდებ, ყურადღება იმ ხალხზე გაამახვილოს, ვინც ვანოს გვერდით დგას. მას ერთ მხარეს უდგას ნიკა შარაძე, ხოლო მეორე მხარეს _ ხოჯევანიშვილი. ორივე მათგანი დღეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან. ერთი სუსშია დასაქმებული, მეორე _ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„ქოცების“ ინტერპრეტაციით ვანო ორ „ტრუპს“ ითხოვდა. მისი დავალება სხვას უნდა შეესრულებინა, თავად მინისტრი ამას ვერ გააკეთებდა. რაკი გვერდს შარაძე და ხოჯევანიშვილი უმშვენებენ, რომელიმე მათგანი იქნებოდა მისი დავალების შემსრულებელი. უკანონო დავალების შესრულებაც დანაშაულია. ეს კადრი, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა და მაინტერესებს, რატომ დააწინაურა ხელისუფლებამ ხოჯევანიშვილი და შარაძე? მათი ლოგიკით ხომ ისინიც მეტრუპეები გამოდიან? კარგი იქნება, თუ ხოჯევანიშვილი და შარაძე თავად გააკეთებენ ამ საქმეზე განმარტებებს. ბევრი საინტერესო რამე ეცოდინებათ. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომელ დღეს არის ეს კადრები გადაღებული. იმ დღეს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხება დაიწყო. ამბოხებულებს ტანკები ჰყავდათ დაქოქილი.
_ მუხროვანის ამბოხება ვახსენეთ და არც იმის გარკვევა იქნებოდა ცუდი, თუ რატომ არ არის დღემდე ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული?
_ ეგ ცალკე ამბავია და ესეც უნდა აგვიხსნან. ისევე როგორც ის, თუ რატომ დააწინაურეს ხოჯევანიშვილი და შარაძე. მათ ვანოს დროსაც მაღალი პოსტები ეკავათ, მაგრამ ამათ კიდევ უფრო დააწინაურეს. ვანოს წინააღმდეგ ათას რამეს იგონებენ და მოიგონებენ. მას დღემდე მისტირის პოლიცია. ყველა შს მინისტრს მის ჩრდილთან უწევდა ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც ასე იქნება, რადგან ვანომ შს მინისტრის განსაკუთრებული სტანდარტი დაამკვიდრა. იმედი მაქვს, ამ სტანდარტს ვიღაც გააუმჯობესებს. მჯერა, რომ აუცილებლად ვიქნებით ისეთი სახელმწიფოო, სადაც ყველა უწყება გამართულად იმუშავებს.
_ ივანიშვილის ხელისუფლებამ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეში უკან შეაბრუნა. მაგალითად, უგულავა და ოქრუაშვილი. მერაბიშვილსაც ხომ არ ემუქრება იგივე?
_ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. მათ ძალიანაც არ აწყობთ თავისუფალი ვანო მერაბიშვილი, მაგრამ ციხეში მისი შებრუნება ძალიან გაუჭირდებათ. თეორიულად, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ტექნიკურად ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება.
_ რატომ იქნება ტექნიკურად ამის გაკეთება ძნელი?
_ ციხიდან გამოსვლის შემდეგ თუ რამე ახალ საქმეს შეუკერავენ, ეგ სხვა ამბავია, ამ შემთხვევაში შეძლებენ მის ციხეში შებრუნებას მაგრამ ძველ საქმეებზე თუ მოსთხოვენ პასუხს, მაშინ განაჩენი 7 წელზე ზევით უნდა იყოს. ამ ადამიანს 7 წელი აქვს მოხდილი და კანონის თანახმად ეს 7 წელი შთანთქმულია. მე ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოუგონონ ისეთი, რომ 7 წელზე ზევით მიუსაჯონ კიდევ რამე. ასეთი მძიმე რამე თუ ჰქონდა ჩადენილი, მაშინ გაჩნდება კითხვა, აქამდე რატომ არ ედავებოდნენ?
_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ყველა შს მინისტრს ვანოს ჩრდილთან მოუწევს ბრძოლაო და შოთაძეც ასეთი პროკურორი იყო, რომ მის ჩრდილთან ბრძოლას ვერავინ ბედავს და მეორედ დააბრუნეს მთავარ პროკურორად?
_ შოთაძის ჩრდილთან ვინ უნდა იბრძოლოს? _ შოთაძეს საკუთარი ჩრდილის ეშინია. როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანს მთავარ პროკურორად აბრუნებდნენ, პროკურატურასთან წავედი და აქცია მოვაწყვე. პროკურატურის შენობას ბოტასი ვესროლე და ამის გამო დამაპატიმრეს კიდევაც.
_ ბოტასს რაღას ერჩოდით?
_ ბოტასს არაფერს. უბრალოდ, ფარცხალაძის წყალობით ბოტასი ასოცირებულია პროკურატურასთან. მე მაშინვე დავპირდი შოთაძეს, რომ ის მთავარ პროკურორად აქციის ფონზე დაინიშნებოდა. მარტო ჩვენ მას რვა აქცია მოვუწყვეთ. პროტესტს სხვებიც გამოხატავდნენ. ვპირდები შოთაძეს, რომ მას მთავარი პროკურორობა კომფორტული და გემრიელი არ ექნება. საზოგადოების მხრიდან ის მუდმივი ზეწოლის ქვეშ მოექცევა. პირადად მე არ გავჩერდები. ის არ არის ის ფიგურა, რომელიც მეორე ვადით უნდა დანიშნულიყო მთავარ პროკურორად. ამ ადამიანის სახელთან კარგი არაფერი ასოცირდება, _ მხოლოდ ცოდვები და გაფუჭებული საქმეები. მათ შორის არის თემირლან მაჩალიკაშვილის, აფგან მუხთარლისა და დათუნა სარალიძის საქმეები.
_ დათუნა სარალიძის საქმეს, ბოლო დროს, შოთაძეს, რატომღაც, არავინ ახსენებს.
_ პოლიტიკოსებს დათუნას საქმეზე, რატომღაც, კომპლექსი გაუჩნდათ და ამიტომ არ იღებენ ამ თემაზე ხმას.
_ რატომ გაუჩნდათ კომპლექსი?
_ ამბობენ, როცა მოკლულის მამა და ოჯახი ხმას არ იღებენ, ჩვენ რატომ უნდა ვილაპარაკოთო? მათგან განსხვავებით, მე ამ თემაზე საუბრის კომპლექსი არ მაქვს და შოთაძეს ყოველთვის შევახსენებ დათუნას საქმეს. ამ ბავშვის მკვლელობა არ იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის ტრაგედია. როცა ამ საქმის გამოძიებაში ჩავერთე, მე მოკლულის მამას კი არ ვედექი გვერდით, მასაც ვედექი, მაგრამ, პირველ რიგში, მოკლული ბავშვის სულს დავუდექი გვერდით.
_ ამ საქმეში ბევრი რამე თქვენ ამოქექეთ.
_ ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ასე იყო. ამას დღემდე არ ვნანობ და მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი. სწორად მოიქცა საზოგადოებაც, როცა დათუნას საქმის გამოძიების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. ჩვენი ვალია, ნებისმიერი უსამართლობა გავაპროტესტოთ. მე არ ვიცი, საბოლოოდ ვინ რისთვის იბრძოდა, მაგრამ საზოგადოება სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით იდგა ქუჩაში. ისევ ირაკლი შოთაძის პროკურორობას დავუბრუნდები და როდესაც ამ კაცზე მომიწევს საუბარი, პირველ რიგში, დათუნა სარალიძის მკვლელობას გავიხსენებ. შოთაძეს ასევე ყოველთვის შევახსენებ აფგან მუხთარლისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. ვფიქრობ, საზოგადოებაც ასევე მოიქცევა.
კარგი პროკურორი რომ ყოფილიყო, კიდევ გავიგებდი, რომ ამიტომ დააბრუნეს უკან, მაგრამ ამ კაცს საქმეების გაფუჭების მეტი არაფერი უკეთებია და მართლა ნიახური ხომ არაა, რომ მეორედ მოვიდა?
_ გომელაურიც ხომ მოვიდა მეორედ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე?
_ გომელაურის შემთხვევა უფრო სხვანაირია: პირველად ის შს მინისტრი ძალიან ცოტა ხანი იყო, მალევე გადაიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ის შს მინისტრად ვერც კი აღვიქვით. ვარსკვლავებს არც ეგ კრეფს, მაგრამ მთლად შოთაძეც არ არის.
_ შოთაძესთან შედარებით გომელაური ბევრად სიმპათიურად გამოიყურება.
_ წარსულში არაფერი გაუკეთებია შოთაძეზე ცუდი, მაგრამ, მინისტრად მეორედ მოსვლის შემდეგ, პოლიციაზე გაკეთებული საშინელი განცხადებით, ყველაფერს ხაზი გადაუსვა.
_ კიტა იზორიას ამბავზე გაკეთებულ განცხადებას გულისხმობთ, სადაც შს მინისტრმა გვითხრა, რომ პოლიციელისთვის იმის თქმა, რომ ფორმას გაგხდი, დანაშაული არააო?
_ ამ განცხადებაზე ვსაუბრობ. ასეთ განცხადებას რომ აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მერე კიდევ უკვირთ, რატომ უყვართ ვანო მერაბიშვილი პოლიციელებსო. ვანო ასეთ განცხადებას არასდროს გააკეთებდა.
_ ვანოს გამოსვლის შემდეგ გომელაურმა ეს ჩვენება შეცვალა. ამტკიცებს, მსგავსი არაფერი მითქვამს, არასწორი ინტერპრეტაცია იყოო.
_ რაც თქვა, ყველამ მოვისმინეთ. დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა მისი განცხადება და აქამდე არსად თქმულა, რომ მას ნათქვამი დაუმახინჯეს. იმ ნათქვამს ვერაფრით შეცვლის. შოთაძეს რაც შეეხება, ის მთავარი პროკურორის ამპლუაში კომფორტულად ვერ იქნება. ამის გარანტიას ვაძლევ. მას პირველ რიგში სარალიძის საქმის გამო მოვთხოვ პასუხს. მეც მაგის შეკერილი საქმის გამო დამიჭირეს, მაგრამ ჩემს თავზე არ ვილაპარაკებ. სხვა საქმეებზე აგოს პასუხი შოთაძემ და ციხეში გატარებული 9 თვე მიპატიებია და მიჩუქნია მისთვის.
_ როცა თქვენ დაგაკავეს, მაშინ შოთაძე ხომ აღარ იყო მთავარი პროკურორი?
_ მე იმ აქციაზე დამიჭირეს, რომელიც დათუნა სარალიძის საქმესთან დაკავშირებით იმართებოდა. იმ დროს შოთაძე კი გადამდგარი იყო, მაგრამ მთავარი პროკურორის მოვალეობას ვასაძე ასრულებდა. მას ყოველდღიურ რეჟმში ჰქონდა შოთაძესთან კავშირი და მისგან ღებულობდა მითითებებს. ის იყო არაფორმალური მთავარი პროკურორი, ყველაფერს კი ვასაძე აკეთებდა. სხვისი თეფშიდან ჭამის ამბავზე მე ვასაძის ხელით ირაკლი შოთაძემ წამიყენა ბრალი.
თავიდან მე ადმინისტრაციული წესით დამაკავეს. სასამართლო პროცესზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა. მშიერი ვიყავი და ბუფეტში საჭმელად ჩავედი, რისი სრული უფლებაც მქონდა. საჭმელს ვჭამდი, მოულოდნელად პოლიციელები რომ მოვარდნენ და მითხრეს, სხდომათა დარბაზში წამოდიო. მე არ წავყევი, რადგანაც ვჭამდი და შესვენება დამთავრებული არ იყო. ალბათ გახსოვთ, როგორ ძალით წამიყვანეს. მაშინ 14 დღე მომახდევინეს. ციხიდან გამოსულს ახალი ბრალი დამახვედრა პროკურატურამ. სხვისი თეფშიდან ჭამის გამო მედავებოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინე. ეს უპატივცემულობა კი იმაში გამოიხატა, რომ თურმე როცა პოლიციამ გაყოლა მთხოვა, მე ჭამა გავაგრძელე და ჩემი თეფშიდან რომ მოვრჩი ჭამას, სხვის თეფშზე გადავედი. მშიერი კაცი საჭმელს რომ შეჭამს, თურმე ეს ყოფილა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემს საქმეზე შოთაძეს პასუხს არ მოვთხოვ. ის ცხრა თვეც მისთვის მიჩუქნია, ციხეში ახალი გამოცდილებები შევიძინე. სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეებს კი ყოველთვის გავახსენებ და სანამ მთავარი პროკურორის პოსტზე იქნება, არ მოვასვენებ.

შორენა მარსაგიშვილი