დოდო აფრასიძე: „გია ბარამიძე აუცილებლად აგებს პასუხს“

2004 წელს სვანეთში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია ისევ აქტუალური გახდა. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე პირობას დებდა, რომ ამ საქმესაც გამოიძიებდა და დამნაშავეებს დასჯიდა. სხვა საქმეების მსგავსად არც ეს საქმე გამოიძიეს. ოპერაციის ხელმძღვანელი გია ბარამიძე დღემდე დაკითხულიც კი არ არის. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ დოდო აფრასიძე, რომელსაც სპეცოპერაციის დროს ქმარი და შვილი მოუკლეს, დაზარალებულად ცნეს.

გასულ კვირას შალვა ნათელაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია კახა კალაძემ დააფინანსა. მაშინ არსებობდა ვარაუდი, რომ კალაძის ძმა აფრასიძეებს ჰყავდათ გატაცებული. დოდო აფრასიძე „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ სპეცოპერაციის დაფინანსების შესახებ არაფერი სმენია. მისი თქმით, აფრასიძეებს ლევან კალაძის გატაცებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. დოდო აფრასიძე ასევე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციელი დადეშქელიანი მისმა შვილმა მოკლა.

რა მოხდა 2004 წლის 24 მარტს ეცერში? რატომ არ იძიებს ხელისუფლება ამ საქმეს? რატომ არ იბარებენ გია ბარამიძეს დაკითხვაზე? რა კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილს ეცერის სპეცოპერაციასთან? ვინ მოკლა დადეშქელიანი? რატომ აპირებს შოთაძესთან შეხვედრას დაზარალებულად ცნობილი? _ ამის შესახებ დოდო აფრასიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ქალბატონო დოდო, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ სპეცოპერაცია, რომელიც თქვენი ოჯახის წინააღმდეგ ჩატარდა, კახა კალაძემ დააფინანსა. ამასთან დაკავშირებით რა იცით?
_ მარტში 16 წელი შესრულდება, რაც ჩემი ოჯახი ამოწყვიტეს. ამ სადამსჯელო ღონისძიებაზე ბევრი ვარაუდი მაქვს მოსმენილი, მაგრამ არ გამიგია, რომ ეს სპეცოპერაცია კალაძეს დაეფინანსებინოს. შეიძლება, ეს ინფორმაცია იმიტომ გავრცელდა, რომ ის სადამსჯელო ოპერაცია თბილისის მერის ძმის სახელს უკავშირდებოდა. ჩვენ ხომ გვაბრალებდნენ, რომ თითქოს ლევან კალაძე და მარიამ გოგინაშვილი გვყავდა გატაცებული. არც ერთისა და არც მეორის გატაცებასთან აფრასიძეების ოჯახს კავშირი არ აქვს.
16 წელი კოშმარში ვცხოვრობ, დღე ისე არ გავა, ის საშინელი კადრები არ დამიდგეს თვალწინ. გულს ის უფრო მიმძიმებს, რომ დამნაშავეები დღემდე არ დაუსჯიათ. იმის მაგივრად, რომ ბარამიძე ჩუმად იყოს და მოინანიოს, აქეთ გვაბრალებს რაღაცებს. საკმარისია ამის მოთმენა. ისედაც დიდი ხანი ვითმინე, იმ მკვლელ ბარამიძეს ყველაფერზე მოვთხოვ პასუხს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ჩვენ მოვკალით დადეშქელიანი და ჩემმა შვილებმა ვიღაცები გააუპატიურეს.
_ დადეშქელიანი ვინ იყო?
_ პოლიციელი იყო. მესტიის პოლიციაში მსახურობდა. ის ომეხის დასაჭერად ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. ეს ამბავი ეცერის სპეცოპერაციამდე მოხდა: ჩვენ ტელევიზორი გაგვიფუჭდა. მეზობელ სოფელში იყო ტელევიზორის ხელოსანი და ომეხმა გასაკეთებლად იქ წაიღო. ჩემს შვილს ხელოსანი სახლში არ დახვდა და უკან მალევე გამობრუნდა. მას კანონთან რაღაც პრობლემები ჰქონდა და პოლიცია უთვალთვალებდა. იმ დღესაც გადაწყვიტეს მისი დაჭერა. სახლში წამოსულს ჩასაფრება მოუწყვეს. ატყდა ორმხრივი სროლა. არ ვიცი, როგორ დააღწია ომეხმა ალყას თავი, მდინარესთან რაღაც გზა იყო ჩასასვლელი და იმ გზით გამოიქცა. პოლიციელები ორი მანქანით იყვნენ. დიდი სროლა იყო და ამ სროლის დროს დადეშქელიანს ომეხისთვის ნასროლი ტყვიები მოხვდა. ასე დაიღუპა ის. საკუთარი დანაშაული რომ დაემალათ, ეს ომეხს დააბრალეს. ყველაფერი გააკეთეს, რომ მიცვალებულის ექსპერტიზა არ ჩატარებულიყო. მთელმა სვანეთმა იცის, რომ ექსპერტი დადეშქელიანის ცხედართან არ მიუშვეს. ის დაადგენდა, საიდან იყო ტყვია ნასროლი ან რა იარაღიდან ესროლეს. ყველაფერი გაირკვეოდა და მიცვალებულს ექსპერტიზა არ ჩაუტარეს.
_ გია ბარამიძე ამბობს, რომ დადეშქელიანი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს, მის სახლთან ახლოს ჩატარდა ეს ოპერაცია?
_ რა სახლთან?! ომეხს ჩასაფრება სხვა ადგილზე მოუწყვეს. ეს ადგილი დადეშქელიანის სახლიდან 30 კოლომეტრით მაინც არის დაშორებული. ეს ძალიან კარგად იცის ბარამიძემაც, მაგრამ ასე აწყობს და ასე ლაპარაკობს. ასეთი ტყუილი როგორ შეიძლება?! მიცვალებულებზე მაინც ნუ ამბობს ტყუილს.
ის იმასაც გვაბრალებს, რომ თურმე ვიღაცებს ვაუპატიურებდით. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, მკვლელობაზე მძიმე ბრალდებაა. კეთილი ინებოს და დაამტკიცოს ეს ბრალდება. ერთი გაუპატიურებული მაინც გვაჩვენონ. ვინმე რომ გაგვეუპატიურებინა, ბევრად ადრე გადაგვწვავდნენ, ვიდრე „ნაციონალებმა“ ჩაატარეს ჩვენი ამოწყვეტის ოპერაცია. სვანეთში იცით, როგორი კანონებია? _ ძალიან მძიმე, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. არავინ შეგარჩენს გაუპატიურებას. პოლიციასა და პროკურატურას არავინ ელოდება, მოძალადეს ხალხი ლინჩის წესით ასამართლებს. ამ ბრალდებას ასე არ დავტოვებ. ამ დღეებში ჩამოვალ თბილისში და პროკურატურაში მივალ.
_ თქვენ ახლა სვანეთში ხართ?
_ სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ წასასვლელი არ მაქვს _ ყველაფერი ბარამიძის ბრძანებით გადამიწვეს. წალკაში ვცხოვრობთ ნათესავის სახლში შეფარებულები. ძალიან მინდა ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა. ადრე რომ იყო მთავარი პროკურორი, ხშირად საუბრობდა ჩვენზე, მერე გაჩუმდა. მინდა შევახსენო, რომ ეს საქმე გამოსაძიებელია. თითქმის ყველაფერი გამოძიებულია, მხოლოდ დამნაშავეების დაჭერაა საჭირო. სააკაშვილმა წლების წინათ თავისი პირით აღიარა, რომ ჩვენი ამოწყვეტის ბრძანება მან გასცა. ეს საჯაროდ თქვა და ამის ჩანაწერები არსებობს.
_ სულ არაფერი გამოუძიებიათ?
_ როგორ არა. ბევრი ადამიანი დაიკითხა ამ საქმეზე. მე, როგორც იქნა, დაზარალებულად მცნეს.
_ ამან შცვალა რამე?
_ არაფერი! _ დაზარალებული მქვია, სხვა ყველაფერი კი ძველებურად არის. ბოღმა მახრჩობს, სიმართლე რომ არ დადგინდა. ბარამიძე დაკითხვაზეც კი არ მიიყვანეს. დღემდე არ ვიცი, რატომ არ იბარებენ. არც ის ვიცი, ვანო მერაბიშვილს რატომ არ წაუყენეს ამ საქმეზე ბრალი.
_ ვანოსთვის რატომ უნდა წაეყენებინათ ბრალი?
_ სპეცოპერაციის დროს გია ბარამიძეს, მერაბიშვილის გარდა, გვერდს უმშვენებდნენ ზურაბ ადეიშვილი და ნინოს ქმარი, ბადრი ბიწაძე.
_ ბიწაძეზე თქვენ ეს ადრეც თქვით. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ იმ დღეს სვანეთში იყო.
_ ჩემი თვალით მყავს ნანახი. ამის დამადასტურებელი ფირები იყო, მაგრამ ახლა ისინი მომსპარია. ბევრი რამე გაანადგურეს, მაგრამ კიდევ ბევრი მტკიცებულება შემორჩა. ეცერის ამბავზე ვანომაც უნდა აგოს პასუხი, მაგრამ მარტო 24 მარტის სპეცოპერაციის გამო _ არა.
_ კიდევ რაზე უნდა აგოს პასუხი? რა ჩაიდინა მან ეცერში?
_ მიცვალებულების საფლავების შეურაცხყოფისთვის უნდა აგოს პასუხი. ჩვენი ამოწყვეტის ოპერაციიდან ცოტა ხანში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაატარეს სვანეთში. მთელ საქართველოს გააგებინეს, ვიპოვეთ საფლავები, სადაც აფრასიძეები თავიანთ მოკლულ ხალხს მარხავდნენო. გემახსოვრებათ, ალბათ, როგორ ამოთხარეს ძვლები და თბილისში ტომრებით ჩამოიტანეს. 12 ტომარა ძვლები წამოიღეს, ძვლების ნაწილი ამოთხრილი დატოვეს. ამ ძვლებს ძაღლები და ღორები ჯიჯგნიდნენ. ძვლებს ექსპერტიზა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ეს ძვლები ძალიან დიდი ხნის წინათ გარდაცვლილ ადამიანებს ეკუთვნოდა.
_ ეს ძვლები იქ როგორ აღმოჩნდა?
_ ადრე ჩვენთან არქეოლოგიური გათხრები ტარდებოდა. ჩვენი სახლის ზევით ძველი კოშკია და იქ არსებულ გორაზე არქეოლოგები მუშაობდნენ. იქ, ეტყობა, ძველი სამარხები იყო და ისინი ამოთხარეს. ამ ძვლებს მერე ყურადღება არ მიაქციეს. ერთი ჩვენი სოფლელი ბიჭი ეკლესიურად ცხოვრობდა. მან მოაგროვა ეს ძვლები და ერთ ორმოში დამარხა ქრისტიანულად. ეს „ნაციონალები“ ამოვიდნენ და კიდევ ერთხელ შეაწუხეს მიცვალებულები. როდესაც დადგინდა, რომ ძვლები დიდი ხნის წინათ გარდაცვლილებს ეკუთვნოდათ, ისევ ტომრებში ჩაყარეს, მესტიაში ამოიტანეს და ღია ცის ქვეშ დაყარეს. იმდენიც არ გააკეთეს, რომ დაემარხათ მაინც. მაშინ გამგებელი გვარად ხორგუანი იყო. მან წაიღო ძვლები და ძველ ადგილზე დამარხა.
ასეთი უნამუსო ტყუილებით და მიცვალებულების შეურაცხყოფით ცდილობდნენ მთელი საქართველო დაერწმუნებინათ, რომ ჩვენ მკვლელები ვიყავით. სპეცოპერაცია კი იმიტომ ჩაატარეს, რომ ხალხი დაეშინებინათ. „ნაციონალები“ ხელისუფლების სათავეში სულ რამდენიმე თვის მოსულები იყვნენ და ძალის დემონსტრირება სურდათ. უნდოდათ, ხალხი დაეშინებინათ.
_ ამისთვის რაღა თქვენი ოჯახი ამოირჩიეს?
_ აფრასიძეების შესახებ მთელმა საქართველომ იცოდა. ამათაც ამიტომ აგვირჩიეს, რომ ამ საქმეს დიდი ამბავი მოჰყვებოდა. ომეხი კი იმიტომ მოკლეს, რომ ის მართალი იყო და ვერაფერს დაუმტკიცებდნენ. ომეხის დაჭერა თუ უნდოდათ, ძალიან მარტივად შეეძლოთ ამის გაკეთება. ომეხი დღეში ორჯერ მაინც მიდიოდა მესტიაში, გზაზე დაეჭირათ. ომეხი მზად იყო, პოლიციას ჩაბარებოდა. სპეცოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყვიტა, თავისი ფეხით ჩაბარებოდა სამართალდამცველებს, მაგრამ მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ ეს არ გაეკეთებინა. ვიღაცებს არ უნდოდა, ის ცოცხალი დარჩენილიყო და სიმართლე ეთქვა.
_ რა სიმართლე?
_ ყველაფერზე. ჩვენ ბევრ რამეს გვაბრალებდნენ. ომეხმა ძალიან ბევრი რამე იცოდა და ვიღაცას ამის ძალიან ეშინოდა. ახლა ბარამიძე უსირცხვილოდ ამბობს, რომ თითქოს წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს ჩემი შვილი და ქმარი. ამ დროს ბარამიძემ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. მან ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.
_ გია ბარამიძე დღემდე ამტკიცებს, რომ ეცერში მაშინ ჩამოფრინდა, როცა ყველაფერი დასრულებული იყო. ამაზე რას იტყვით?
_ ეს ტყუილია! ის თავიდანვე იქ იყო. ამ განცხადებას თავის გადასარჩენად აკეთებს. აქამდე ამ ოპერაციის ჩატარებით იწონებდა თავს. თუ მეხსიერება ღალატობს, მე გავახსენებ, რას ამბობდა 16 წლის წინათ. ჟურნალისტებთან თავს იწონებდა, აფრასიძეებმა ისეთი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, ძლივს გადავრჩიო. ახლა აღარ აწყობს ამის ლაპარაკი და იმას ამბობს, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ჩავფრინდიო. კადრები არსებობს და ამით დამტკიცდება, რას ამბობს ახლა და რას ამბობდა მაშინ.
_ ამას ამბობს, მაგრამ არ უარყოფს, რომ სპეცოპერაციას ის ხელმძღვანელობდა.
_ ამის უარყოფა არ შეუძლია, რადგან იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თორემ ამასაც უარყოფდა.
_ ისე, წინააღმდეგობა მართლა გაუწიეთ?
_ რა წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია?! _ მთელ ოჯახს გვეძინა. ჩვენზე თავდასხმა დილით უთენია განხორციელდა. წინააღმდეგობა რომ გაუწიო ვინმეს, ამისთვის მომზადებული უნდა იყო. თან ძალები არაპროპორციული იყო. ჩვენ წინააღმდეგ 1000-ზე მეტი კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი იდგა. მათთვის როგორ უნდა გვეჯობა? წინააღმდეგობის გაწევას არანაირი აზრი არ ჰქონდა.
_ თქვენთვის, ალბათ, ძნელია ამის გახსენება, მაგრამ იქნებ, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ის ავბედითი დილა.
_ ძნელი როგორ არ არის, მაგრამ ეს კადრები თვალებიდან და გონებიდან არასდროს ამომივა, ამიტომ გავიხსენებ ყველაფერს:
2004 წლის 24 მარტი იყო, დილა ჩვეულებრივად გათენდა, წინათგრძნობა არაფერს მეუბნებოდა. მე ყველაზე ადრე ვდგებოდი ხოლმე, იმ დღესაც ასე მოხდა. ოჯახის წევრებს ეძინათ. უცბად რაღაც ხმაური და გრუხუნი შემომესმა, სასწრაფოდ აივანზე გავედი. ჩვენი სახლის თავზე ვერტმფრენები ტრიალებდნენ. ბარამიძემაც დაადასტურა, რომ ამ ოპერაციაში უამრავი ვერტმფრენი მონაწილეობდა. როგორც კი აივანზე გავედი, სროლა ვერტმფრენებიდან უცბად ატეხეს.
_ გაუფრთხილებლად დაიწყეს სროლა? სპეცოპერაციის დროს ყველას აფრთხილებენ ხოლმე.
_ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, არაფერი გამიგონია. გავედი თუ არა აივანზე, ჩვენი სახლებისკენ ტყვიების წვიმა წამოვიდა. სახლში შევვარდი, ვიყვირე, ყველამ გაიღვიძა. ოთხივე შვილიშვილი საწოლის ქვეშ შევყარე, ლეიბები და საბნები დავაყარეთ, ზემოდან კი მე და ჩემი რძალი გადავეფარეთ. 10-ზე მეტი ვერტმფრენიდან გვესროდნენ. მთელი უბანი და სოფელი ცეცხლის ალში იყო გახვეული. დიდი ხანი იდგა მერე ეცერში დენთის სუნი.
_ სოფლის მოსახლეობა როგორ შეხვდა ამ ამბავს? მათ არ გახსნეს ცეცხლი? მაშინ სვანეთში იარაღი ბევრს ჰქონდა.
_ სოფელს არანარი რეაქცია არ ჰქონია, ძალიანაც რომ სდომოდათ, ვერ ექნებოდათ. როგორც მერე გავიგეთ, ოპერაციის წინა ღამეს ჩამოსულან სოფელში და სოფლის მამაკაცები დაუკავებიათ. ყველანი ერთი კოშკის ეზოში ჰყავდათ გამოკეტილები. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ჩვენ არავინ დაგვხმარებოდა. სროლა რომ ატყდა, ჩემი მეუღლე, ევგენი, გარეთ ხელებაწეული გავიდა, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ გბარდებითო. ამის შემდეგ მათ სროლა უნდა შეეწყვიტათ. სროლა გრძელდებოდა. ევგენის ამ ქმედებას ყურადღება არ მიაქციეს _ ან ვერ შენიშნეს, ან ასეთი იყო ბრძანება. მათ ხელებაწეულ ევგენის ესროლეს, მას იღლიაში მოხვდა ტყვია. ჩემმა შვილმა გოჩამ, რომელიც შმაგისთან ერთად ციხეში გამოამწყვდიეს, მეზობელთან გადაიყვანა ბავშვი. უკან დაბრუნებულს მამა მძიმედ დაჭრილი დახვდა. გოჩამ ომეხთან ერთად დაჭრილი ევგენი სახლში შეიყვანა. ის დივანზე დააწვინეს. ცოტა ხანში ამ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ჩემი ქმარი იქ ცოცხლად დაიწვა.
_ ისე მძიმედ იყო დაჭრილი, რომ ვერ გამოვიდოდა?
_ ასაკში იყო. სცადა გამოსვლა, მაგრამ ვერ შეძლო. ყველაფერი რომ დამთავრდა, ვნახეთ, რომ ის კართან იყო მოსული, მაგრამ დაჭრილმა გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხა, ამის ძალა აღარ ეყო. ევგენი იქ ცოცხლად დაიწვა.
_ დასახმარებლად არავინ შევიდა? ხომ იცოდნენ, რომ იქ დაჭრილი ადამიანი იყო?
_ შესვლა და დახმარება სცადეს, როგორ არ სცადეს, მაგრამ იმ საზიზღარმა ბარამიძემ ამის უფლება არავის მისცა. მისი ბრძანებით გამოწვეს ცოცხლად ჩემი მეუღლე. ეგ უნამუსო დადგა და ჩემი დამწვარი სახლის ალზე ითბობდა ხელებს.
_ ამის დაჯერება ძალიან ძნელია, ბევრი არ დაიჯერებს.
_ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და მენდეთ. რაში მჭირდება ტყუილი, ეს ვერც ევგენისა და ვერც ომეხს ვერ გააცოცხლებს. როცა ევგენის ცოცხლად წვავდნენ, მეორე სახლში ვიყავი. რძალსა და ბავშვებს ვერ ვტოვებდი. გარეთ ისევ საშინელი სროლა იყო. უცბად რამდენიმე სპეცრაზმელი შემოვარდა. მათ გადასაფარებლები გარეთ გაიტანეს. მაშინვე მივხვდი, რომ ოჯახის წევრები დამიხოცეს. ოთახიდან გასვლისას ერთი მათგანი მობრუნდა და ნიშნისმოგებით მითხრა, _ ქმარი მოგიკალით, შვილი მოგიკალით, სახლი გადაგიწვით, ახლა შეგიძლია, მშვიდად იცხოვროო.
_ იმ მომენტისთვის ომეხი უკვე მოკლული ჰყავდათ?
_ ჩემი შვილი უკვე მკვდარი იყო. მეზობლისგან გავიგე, ხელშეკრული ომეხი ეზოში გაუყვანიათ და ჩემი შვილიშვილის თვალწინ დაუხვრეტავთ.
_ ამას მოწმეები დაადასტურებენ?
_ რა თქმა უნდა. მოწმეები იმასაც დაადასტურებენ, რომ ჩემი მეორე შვილი, გოჩაც დახვრიტეს, მაგრამ იქ მყოფმა ექიმმა გადაარჩინა. დიდი მადლობა მას ამისთვის. მოწმეები იმასაც დაადასტურებენ, როგორ გაძარცვეს მიცვალებული.
_ იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რას გულისხმობთ, რას ნიშნავს, მიცვალებული გაძარცვეს?
_ ომეხს თითზე მრავალი წელი ბეჭედი ეკეთა და არასდროს იხსნიდა. სპეცრაზმელებმა ვერაფრით მოაძვრეს, ამიტომ თითი მთლიანად წააჭრეს. გულზე ოქროს გულსაკიდი ჰქონდა, ბევრი იწვალეს, მაგრამ ვერ მოხსნეს, მერე მიცვალებულს ფეხი დაადგეს და ისე წააგლიჯეს.
_ მიცვალებულისთვის თითის წაჭრა სერიოზული ბრალდებაა…
_ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა. თუ დაუჯერებელია და ამას უარყოფს ვინმე, თანახმა ვარ, ამოთხარონ საფლავი, ჩაატარონ გვამის ექსპერტიზა და ნახონ, რომ ჩემი ომეხი თითწაჭრილია დაკრძალული და მერე ილაპარაკონ იმაზე.
_ ომეხის ნივთები არ დაუბრუნებიათ?
_ რას დააბრუნებდნენ?! ომეხის ბეჭედი და გულსაკიდი გამომძიებელს შმაგისთან მიუტანია ციხეში, უკითხავს, ხომ არ გეცნობაო. მერე ირონიულად დაუმატებია, თქვენი იყო, ახლა ჩვენი იქნებაო. ასე დაგვცინეს. ეს არავის შერჩება.
ბარამიძე რომ მატყუარაა, ეს ვოვა მურავიოვზე გაკეთებული განცხადებებიდანაც იკვეთება. ის ყვებოდა, რომ მურავიოვი თურმე მეტყვიამფრქვევე იყო და რუსეთიდან გვყავდა ჩამოყვანილი. არადა, საწყალი ვოვა საოჯახო საქმეებში მეხმარებოდა. ის ჩვენთან სრულიად შემთხვევით მოხვდა. ჩვენი ნათესავები აფხაზეთში ცხოვრობდნენ, ის მათ ოჯახში მუშაობდა. როცა აფხაზეთი დაიკარგა, ისინი დევნილები გახდნენ და ვოვაც მათთან ერთად წამოვიდა. მას შემდეგ ჩვენთან იყო. მეტყვიამფრქვევედ გამოაცხადეს და საწყალი ციხეში სასტიკად აწამეს. ჩემი შვილებიც საშინლად აწამეს. ამაზე აუცილებლად მოვთხოვ პასუხს ბარამიძეს. მეეჭვება, მერეც მოინდომოს კუბდარის ჭამა.
_ კუბდარის თემა მართლაც საშინელებაა. თითქოს წარმოუდგენელია, როგორ უნდა გქონდეს ადამიანს რამის ჭამის სურვილი, როცა მიცვალებულის ფეხებთან დგახარ. ბარამიძე ამბობს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.
_ ნორმალური ადამიანი ამას ვერ გააკეთებს, ბარამიძე კი ადამიანი არაა და ამიტომაც მოითოვა კუბდარი. მთელი სოფელი დაადასტურებს, როგორ მოითხოვა მან კუბდარი. იმ დროს ის მკვდარი ომეხის ახლოს იდგა. კუბდარი ცხადია, არავინ მიუტანა. მაშინ მესტიაში გააგზავნა ხალხი და ძეხვი, პური და საჭმელები ამოატანინა და იქვე შეჭამეს. ამას რამდენიმე ასეული ადამიანი დაადასტურებს. ეცერის მოსახლეობა იმასაც იტყვის, როგორ არ აძლევდა მათ ბარამიძე მკვდარი ომეხის გაპატიოსნების უფლებას.
_ რატომ არ მისცა ამის უფლება?
_ ამ კითხვაზე მან უნდა უპასუხოს. მეზობლებს კი უთხრა, _ სანამ ევგენი აფრასიძის ცხედარს არ მაჩვენებთ, ომეხის გაპატიოსნების უფლებას არ მოგცემთო.
_ ამბობთ, რომ ომეხი ხელებშეკრული დახვრიტესო. რატომ მოიქცნენ ასე? სპეცოპერაცია ხომ მის დასაკავებლად ჩატარდა?
_ კიდევ გიმეორებთ, ეს არ იყო სპეცოპერაცია, ეს იყო ოჯახის ამოწყვეტის ოპერაცია და სწორედ ამიტომ დამიხოცეს ქმარი და შვილი. ზევითაც გითხარით, რომ ვიღაცას არ უნდოდა, რომ ომეხს ეცოცხლა.
_ თქვენი ქმარი რაღატომ უნდა მოეკლათ? მანაც იცოდა რამე?
_ ევგენიმაც და ომეხმაც ბევრი რამე იცოდნენ. იმედია, ბარამიძეს მოუწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მან უნდა თქვას, რატომ დაახოცინა ისინი. დიდი ხანია, ველოდები სიმართლის დადგენას. აუცილებლად შევხვდები მთავარ პროკურორს, რომ საქმის გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ და დამნაშავეები დაისაჯონ. გია ბარამიძეს ცილისწამებაზეც მოუწევს პასუხის გაცემა.

შორენა მარსაგიშვილი