ქართული ჩიხი

არჩევნებამდე 8 თვით ადრე ქართული პოლიტიკა ღრმა ჩიხში შედის, საიდანაც გამოსვლის უნარი არ გააჩნია არც ერთ მხარეს _ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. რაც ყველაზე ტრაგიკულია, შექმნილი მდგომარეობის შეცვლის არანაირ არც მზადყოფნასა და არც სურვილს არ ამჟღავნებს არც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი _ საქართველოში გამეფებულია სრული აპათია, საყოველთაო დეპრესია და უიმედობა. ვისაც შეუძლია _ გარბის, ვისაც აქ ბევრი რამე აქვს დასაკარგი და ვერ მიდის უცხოეთში _ იკეტება თავის ნაჭუჭში და ცდილობს, „იცხოვროს თავისთვის“.

ასეთი ღრმა უძრაობა და ნიჰილიზმი ხშირად ხდება შემდგომში მძლავრი აფეთქების მიზეზი _ წლების მანძილზე დაგროვილი ენერგია ერთხელ ამოხეთქავს რაიმე მეორეხარისხოვანი საბაბით და მერე მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს ექნება ერთი პრობლემა _ მოასწრებენ თუ არა ნაქურდალის ჩალაგებას და გაქცევას.
თუმცა შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც _ მსოფლიო რუკაზე უამრავი ქვეყანაა, რომელმაც ათწლეულების მანძილზე ვერ მოძებნა საკუთარ თავში მდგომარეობიდან გამოსვლის შინაგანი ძალა. დრო მიდის, ისინი კი ერთ ადგილს ტკეპნიან, უყურებენ თავიანთ ქოცებს და დაუსრულებლად წუწუნებენ.
რა გზას აირჩევს საქართველო? _ ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ეს არის არა რუსების, ამერიკელი სენატორებისა და ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატების, არამედ ადგილობრივი საზოგადოების გასაკეთებელი საქმე.
ასეა თუ ისე, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას დაანახა, რომ არაფრის ეშინია, რადგანაც სასოწარკვეთილების მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება მისთვის არათუ მისაღებია, არამედ _ სასურველიც.
ბიძინა თითქოს ეთამაშება ქვეყნის მოსახლეობას და მის მოთმინებას ცდის. გახარიას დანიშნვა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, პროპორციული სისტემის თავხედური ჩაგდება, შოთაძის დაბრუნება, გიგი უგულავას ხელმეორედ ჩასმა _ რისკს მიჩვეული ოლიგარქი თითქოს საზოგადოებას ეკითხება: „აბა, ვნახოთ, კიდევ რამდენს მოითმენთ და რამდენი ხანი არ ამოიღებთ ხმას?“
„ქართულ ოცნებას“ ძალიან უმართლებს. ასეთი იღბლიანი პოლიტიკური ძალა მსოფლიო ისტორიაში 2-3 თუ მოიძებნება. რას არ აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ პასუხს არავინ სთხოვს. ქვეყანას ღრმად სძინავს, თუმცა ეს არაა ჯანმრთელი ადამიანის ძილი. ასე სძინავს ავადმყოფს _ ის წრიალებს, ბორგავს, დროდადრო იღვიძებს, მერე ისევ ვარდება ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში.
ხელისუფლებას ეს სიტუაცია აწყობს. მართალია, ხშირად, როგორც უკვე ითქვა, ასეთი არაჯანსაღი ძილი დაუნდობელი აჯანყებით სრულდება, მაგრამ ეს არ მოხდება ხვალ-ზეგ _ ამაზე შორის კი „ქოცური“ დაგეგმარება არ მუშაობს.
„ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს მომკითხავი ქვეყნის შიგნით. ბოლო დღეებში ასევე გაიფანტა საგარეო ზეწოლის იმედებიც _ მთელი „წარმოუდგენელი წნეხი“ რამდენიმე კონგრესმენის აბსურდული წერილით და რამდენიმე ევროდეპუტატის ზეპირი განცხადებით დასრულდა. ეს არის და ეს _ საქართველოს მიმართ გაკეთებული ყველა ოფიციალური განცხადება თანაბრად შეიცავს როგორც ქებას, ისევე კრიტიკას და ამიტომაც ტოვებს ინტერპრეტაციის ათასნაირ საშუალებას.
დღეს უკვე ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ არ ამოქმედდება ის ორად ორი ზომა, რომელიც მას აშინებს _ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციები და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება.
მოკლედ, ხელისუფლება იდეალურ მდგომარეობაშია _ ქვეყანას სძინავს, საერთაშორისო საზოგადოებას არაფერი აღელვებს _ აკეთე რაც გინდა. ჰოდა, აკეთებს.
ოპოზიციის სისუსტეზე იმდენი დაიწერა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი უხერხულია, თუმცა მიმაჩნია, რომ ოპოზიციის სისუსტე არაა გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ პოლიტიკოსები არ ვარგიან _ რაც არ უნდა აკრიტიკო ორივე ვაშაძე ან დავით ბაქრაძე _ ივანიშვილთან, თალაკვაძესთან და კობახიძესთან შედარებით ისინი ნამდვილი ტიტანები არიან.
ოპოზიციის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის პრობლემაა საზოგადოებრივი პასიურობა, რომელსაც ზოგი ცუდი პოლიტიკოსებით ამართლებს, ზოგი მიშას მიუღებლობით, ზოგი „თიბისი ბანკის“ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით. ქართველ ხალხს თუ რამე უსწავლია და იცის _ ეს თავის მართლებაა… მიზეზებს რა გამოლევს.
თითქოსდა ეს არ იყო საკმარისი და ოპოზიციას კიდევ ერთი, ცოტა ხნით მივიწყებული პრობლემა გაუჩნდა _ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე არ მალავს თავის პოლიტიკურ ამბიციებს და ყველა დანარჩენის განზე გაწევას ცდილობს.
„ქართული ოცნებისთვის“ უკეთესს ვერც მოიფიქრებ. ცხადია, რომ სააკაშვილს თავისი მტკიცე მომხრეები ჰყავს და მათი რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მისმა პარტიამ სამუდამოდ დაიმკვიდროს მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი.
თუმცა ეს რაოდენობა არაა საკმარისი ხელისუფლების შესაცვლელად და მიშას აქტიურობა ხელს უშლის ნეიტრალური ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილის გადაბირებას ოპოზიციის მხარეზე.
იქმნება მოჯადოებული წრე _ სააკაშვილის გარეშე „ნაცმოძრაობა“ ვერ იქნება სიდიდით მეორე პარტია საქართველოში. ამავე დროს, სააკაშვილთან ერთად მას არასდროს ექნება ელექტორალური ბაზის მნიშვნელოვანი გაზრდის საშუალება.
მიშამ დიდი საჩუქარი გაუკეთა ბიძინას _ ისევ დააბრუნა მოვლენები „ქოცებისთვის“ საოცნებო ფორმატში _ ბიძინა მიშას წინააღმდეგ.
მთელი ამ მძიმე სურათიდან გამომდინარეობს არასახარბიელო დასკვნა: საზოგადოება, ერი, ქვეყანა ჩიხშია. არავის მოსწონს არსებული მდგომარეობა, მაგრამ არავინ იცის, რა უნდა აკეთოს, ქვეყანაში გამეფებულია არნახული მაშსტაბის ნიჰილიზმი და გულგრილობა.
ოპოზიციამ მეტ-ნაკლებად იცის, რა უნდა აკეთოს, მაგრამ არასაკმარისი საზოგადოებრივი მობილიზაციის გამო ვერ ახერხებს არათუ ქვეყანაში სიტუაციის შეცვლას, არამედ საკუთარი ლიდერების დაცვასაც კი.
ბოლოს, ოპოზიციის მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მიხეილ სააკაშვილის დაუფარავი ბონაპარტიზმის გამო.
ოპოზიცია ჩიხშია.
„ქართული ოცნება“ თავისი ინტრიგების, პროპაგანდისა და ფულის წყალობით გამოდის მთელი ამ ბრძოლებიდან გამარჯვებული. ერთი შეხედვით. თუმცა ქოც-გენერლებს რომ ოდნავ ტვინი ჰქონდეთ თავებში, ისინიც მიხვდებოდნენ რომ ეს გამარჯვებები ხანგძრლივია, მარგამ მაინც დროებითი.
უპასუხისმგებლობა და წარმოუდგენელი თავხედობა, რომელსაც ისინი ავლენენ, საბოლოოდ მაინც არ დარჩება დაუსჯელი. ერთხელაც მათ მოუწევთ ყველაფრის დატოვება და გაქცევა, მათი სახელები და გვარები საყოველთაო ზიზღის საგანი გახდება, ხოლო ივანიშვილის გვარი სამუდამოდ დაწყევლილი შევა საქარველოს ისტორიაში.
„ქართული ოცნებაც“ ჩიხშია.
ამ ქვეყანას კი საოცრება თუ უშველის, მეტი არაფერი…

თენგიზ აბლოთია