ანა კობახიძე: „ოცნებიდან“ დეპუტატები კიდევ წამოვლენ“

„ქართულ ოცნებას“ საგარეო ფრონტზე აშკარად არ უმართლებს. 13 თბერვალს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. სხდომებზე, სადაც ევროპარლამენტარებთან ერთად ქართველი დელეგატები მონაწილეობენ, ასოცირების შეთანხმების პუნქტების შესრულებას აფასებენ, ხოლო შემდეგ დეკლარაციის ტექსტი მიიღება. რაც შეეხება დეკლარაციის ტექსტის მიღებას – საჭიროა ევროპარლამენტის წარმომადგენლობის უმრავლესობისა და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა. კონკრეტულად, კენჭისყრა არის ორმხრივი, ჯერ ევროპარლამენტარების უმრავლესობამ უნდა განიხილოს, კენჭი უყაროს და შემდეგ, _ საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობამ. ამის შემდგომი პროცედურაა, ორივემ დაუჭიროს მხარი, რომ ცვლილება გავიდეს. პრიორიტეტები: დემოკრატია, მთავარი გამოწვევები… საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

ცვლილებები, რომელიც დოკუმენტში უნდა შესულიყო, ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლო დროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. მისი განმარტებით, ასევე იყო 20 ივნისის ამბები, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ა. შ. დოკუმენტის ჩაგდება ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ კრახად შეაფასა. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მათ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ სტრასბურგში. „ოცნების“ წარგზავნილი კახა კალაძე გაოცებას გამოხატავდა იმის გამო, რომ რეზოლუციის ჩაგდებით ოპოზიცია ძალიან კმაყოფილი იყო. „ახალი საქართველოს“ წევრი ანა კობახიძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტის ჩაგდება საქართველოზე კარგად არ აისახება.

რა რისკების წინაშე დადგა ქვეყანა? რისი გაკეთება მოუწევს ევროპულ ასპარეზზე „ოცნების“ შემდეგ მოსულ ხელისუფლებას? რაზე თანხმდებიან ოპოზიციაში? იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები? უნდა მივიღოთ თუ არა საქართველოში ლავროვი? _ ამის შესახებ ანა კობახიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ანა, ევროპარლამენტში რეზოლუციის ჩაგდებას ოპოზიცია ხელისუფლების კრახად მიიჩნევს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიციას ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. რა მოხდა სინამდვილეში? იმას ყველა აცნობიერებს, რომ რაც მოხდა, საქართველოსთვის კარგი არ არის.
_ რაც არ უნდა ოპოზიციას დააბრალოს ხელისუფლებამ ამ დოკუმენტის ჩაგდება, ფაქტია, რომ ქართული სახელმწიფო დაზარალდა. იზარალა მმართველმა გუნდმაც, რადგანაც ის არის პასუხისმგებელი, თუ რა სახით გაიტანდა ამ რეზოლუციას ევროსაბჭოში. ოპოზიციამ თუ მოახერხა იმ საკითხის ჩაგდება, რაც „ოცნებას“ ჰქონდა წარმოდგენილი, ე. ი. მმართველი გუნდი სათანადოდ არ იყო მომზადებული.
გასათვალისწინებელია ის ამბებიც, რაც ამას უძღოდა წინ. რეზოლუციის მიღებამდე სამი დღით ადრე გიგი უგულავა დაიჭირეს, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია. ის ერთი და იგივე ბრალდებით მეორედ დააკავეს. ამავე პერიოდში ამერიკიდან და ევროპიდან კრიტიკული წერილები მოდიოდა, სადაც ღიად საუბრობენ, რომ საქართველოში დემოკრატია შესუსტებულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო ევროსაბჭომ გადაწყვეტილება. ასევე მოვისმინეთ ევროპარლამენტარების შეფასება. სადაც ისინი ამბობენ, რომ რეზოლუციის განხილვის დღეს რამდენიმე საათის მანძილზე ესაუბრებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ვერაფერი გააგებინეს. დიპლომატი რომ ამას იტყვის, იქ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ძალიან მძიმედ არის საქმე.
ის, რაც ევროსაბჭოში მოხდა, ეს „ქართული ოცნების“ კრახია, მაგრამ მოგებული არც ქვეყანა დარჩენილა. სახელმწიფო მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი არაა. სახელმწიფო ვართ ჩვენ, რომელიც მმართველი გუნდის უპასუხისმგებლო ქმედებების გამო ზარალდება.
_ როგორ დააზარალებს ეს ქვეყანას?
_ სერიოზულად დააზარალებს. საზოგადოებასა და უცხოელებს დეტალები არ აინტერესებთ, მათთვის უმნიშვნელოა, რა დოკუმენტი იყო მომზადებული, რას დაეთანხმა „ოცნება“ და რას _ არა. საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია ჩავარდა. ჩვენ ვამბობდით, რომ დასავლეთიდან მოსულ კრიტიკულ წერილებს აუცილებლად მოჰყვებოდა ქმედებები. ერთ-ერთი ასეთი ქმედება გახლავთ რეზოლუციის ჩაგდება. ვფიქრობ, დასავლეთი ამაზე არ გაჩერდება და არ გამოვრიცხავ, რომ სანქციებიც დაწესდეს. ეს არ შეეხება მხოლოდ ივანიშვილს. სანქციები შეიძლება ქვეყანასაც დაუწესდეს, რაც ძალიან მძიმე იქნება. მხოლოდ ივანიშვილს თუ დაუწესებენ სანქციებს, ეს სახელმწიფოს ვერ დააზარალებს. ამის მიუხედავად, შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს, ხელახლა გაიაროს ის გზა, საიდანაც „ოცნების“ წყალობით უკან დავიხიეთ. საერთო ჯამში, არ არის კარგი, რაც მოხდა, მაგრამ ჩვენ ვერაფერს შევცვლით. მმართველი პარტია ისე იქცეოდა, რომ ასეთი რამ გარდაუვალი იყო.
_ ევროსაბჭოზე ვსაუბრობთ და მაისში აქ მინისტერიალი ტარდება. ამ დღეებში გრიგორი კარასინმა თქვა, რომ საქართველოში აუცილებლად ჩავა რუსული დელეგაცია. ისინი აქ სალომე ზურაბიშვილმა მოიწვია პერსონალურად. უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ რუსული დელეგაცია?
_ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის აფხაზეთისა და ცხინვალის ჩამოშორებას მხარს უჭერდნენ, თბილისში არ უნდა ჩამოვიდნენ. მოსკოვი ყველაფერს იღონებს, რომ მათი დელეგაცია აქ მოხვდეს. საქართველოს ხელისუფლება რას მოიმოქმედებს, ეს ცოტა გაუგებარია. თუ აქ რუსული დელეგაცია ჩამოვა, „ოცნება“ თვითლიკვიდაციას მოახდენს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შემოუშვებენ.
თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თუ რუსული დელეგაციის შემადგენლობაში მათი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, აქ ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება. საქართველოს ხელისუფლება იმაზე მწვავე პროტესტს მიიღებს, ვიდრე ეს გასული წლის 20 ივნისს იყო.
_ ეს აქციაც ძალიან მწვავე და მძიმე იყო.
_ ახლა უფრო მწვავე იქნება, რადგანაც გავრილოვი რიგითი პოლიტიკოსია, სერგეი ლავროვი კი საქართველოს დაუძინებელი მტერია. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უცხოელებმა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარონ. ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოსთვის წაერთმიათ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ლავროვი ხშირად არღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს და აფხაზეთსა და ცხინვალში ჩადის. მისი აქ ჩამოსვლა მხოლოდ ოკუპაციის კანონის დარღვევად არ შეფასდება. ხალხი ამას არ გაატარებს. არც ის არგუმენტი გაჭრის, რომ ლავროვი აქ მინისტერიალზე დასასწრებად ჩამოვიდა. ეს იქნება პირდაპირი მესიჯი, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს გაურიგდა. ამას ძალიან მწვავე აქცია და გამოსვლები მოჰყვება.
გავრილოვის ღამიდან გამომდინარე, ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ საქართველოს მოსახლეობა მოღალატეობრივ ნაბიჯებს არავის პატიობს. „ოცნება“ ძალიან მწარე პასუხს მიიღებს ხალხისგან. ეს სიმწვავე იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რა პერიოდში ჩამოვა ლავროვი. ეს თუ ვადამდელ არჩევნებს დაემთხვა, კიდევ უფრო შავად ექნება მმართველ პარტიას საქმე.
_ თქვენი აზრით, ვადამდელი არჩევნების ჩატარება იგეგმება?
_ ამაზე უკვე აქტიურად საუბრობენ. მმართველი პარტია ამ ვარიანტსაც განიხილავს. შეიძლება, მარტში გამოაცხადონ და თუ ლავროვის ჩამოსვლა ვადამდელს დაემთხვევა, კატასტროფა იქნება. „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე არაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. ისედაც საკმაოდ შესუსტებულია მისი პოზიციები. ახლა მთავარია, როგორ მოიქცევა ოპოზიცია, თორემ ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს ცვლილება შეიძლება ოქტომბერში მოხდეს და შეიძლება, _ მაისში, როგორც უკვე გითხარით, ახლა მთავარია, რას იზამს ოპოზიცია.
ოპოზიციურ ფლანგზე ახლა სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს _ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებს ვარჩევთ, ვსაუბრობთ ტექნიკურ სიაზე, ვთანხმდებით იმაზეც, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვაცხადებთ პარლამენტის თვითლიკვიდაციას და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, სადაც ყველა პარტია დამოუკიდებლად გამოვა.
_ თქვით, ახლა მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა ოპოზიციაო. ეს ჩვენც გვაინტერესებს. როგორ მოიქცევა ამას, ალბათ, მომავალი გვაჩვენებს. თქვენ ის გვითხარით, ახლა როგორ იქცევა. მოლაპარაკებები რომ მიდის, ვიცით, მაგრამ იქ რა ხდება, ეგ გვაინტერესებს.
_ ყველა დეტალს ბუნებრივია, ვერ მოვყვები. ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ ძალიან კონსტრუქციულები არიან. ისეთ ხალხზე გეუბნებით, რომელიც ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ ერთმანეთს გამარჯობასაც არ ეუბნებოდა. მე არ ვიტყვი, რომ მათ შორის ყველა უთანხმოება წაიშალა და ახლა ისინი ერთნაირად უყურებენ მოვლენებს. ისინი ძველ აზრზე რჩებიან, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ყველა პარტია თუ პოლიტიკოსი კარგად ხვდება, რომ ერთიანობის გარეშე „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს ვერ მოიშორებენ. ამიტომ მიდიან რაღაც კომპრომისებზე ერთმანეთთან.
არჩევნების წინ ყველა პარტია იმაზე ფიქრობს, რომ რაც შეიძლება მეტი მანდატი მოიპოვოს პარლამენტში. ოპოზიციის დღევანდელ ერთობაში ამაზე არავინ ფიქრობს. ოპოზიცია გამარჯვებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ვის რამდენი მანდატი ექნება, ამას არავინ ითვლის. ეს თემა საერთოდ მეორე პლანზეა გადასული. ახლა მთავარია, ამ გაერთიანებამ ხელისუფლება შეცვალოს. მერე, ალბათ, უკე 2021 წლის დასაწყისში ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, რომელიც სრულიად პროპორციული იქნება. მაშინ უკვე ყველა თავისი სიით წარდგება და შეეცდება, რომ რაც შეიძლება მეტი მანდატი მოიპოვოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
ოპოზიციაში ისეთი პარტიებიც არიან, რომლებიც ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულან და არ იციან, დაუჭერენ თუ არა მხარს საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებს. ვფიქრობ, მათ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. დრო არ ითმენს.
_ „ლელოზე“ საუბრობთ? ისინი თავს იკავებენ საერთო მაჟორიტარების მხარის დაჭერისგან.
_ „ლელოზე“ მოგახსენებთ, მათ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ასეთ დღეში მხოლოდ ისინი არ არიან. სხვებიც ყოყმანობენ. ახლა ისინი საერთო გაერთიანებაში შემოსვლისგან თავს იკავებენ, მაგრამ ბოლოს არც მათ ექნებათ სხვა გზა _ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ერთიანობით შეიძლება.
_ რატომ გგონიათ, რომ ასე იქნება და ისინი ბოლომდე თავის პოზიციაზე არ დარჩებიან?
_ იმიტომ, რომ დღეს ოპოზიციის ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნია. ის, ვინც ოპოზიციური ერთობის მიღმა დარჩება, პარლამენტში მოხვედრის ყველაზე ნაკლები შანსი ექნება. ეს ჩემი სუბიექტური აზრი გახლავთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ასეთი დარწმუნებული იმიტომ ვარ, რომ ივანიშვილი ისევ შეეცდება პოლიტიკური ველის პოლარიზებას, მაგრამ არა ისე, როგორც აქამდე იყო _ ორ პარტიას შორის. ამ შემთხვევაში ერთ მხარეს იქნება „ოცნება“, ხოლო მეორეს მხარეს _ ოპოზიციური გაერთიანება.
_ ოპოზიციის შეკრებებზე ალბათ ბევრ საკითხს განიხილავთ. საუბრობთ იმაზე, რა მოხდება, ოპოზიციის ლიდერების დაჭერები თუ გაგრძელდება? დაჭერები რომ იქნება, ამას „ოცნებაც“ ადასტურებს. თითქმის ყველა ლიდერის წინააღმდეგ არის საქმეები აღძრული.
_ დაჭერები რომ გაგრძელდება, ეჭვი არც ჩვენ გვეპარება. ნიკა მელიას საქმეც შემთხვევით არ წამოუწევიათ წინ. მგონია, რომ იგივე დაემუქრება მამუკა ხაზარაძესაც. ივანიშვილს საგანგებოდ ჰყავს შერჩეული დასაჭერი ლიდერები. დიდი ალბათობით შეეცდებიან ნიკა გვარამიას დაპატიმრებასაც.
_ გვარამია ლიდერი რომ არ არის?
_ მას თავისი არხი აქვს და თავისი საქმიანობით სერიოზულ დისკომფორტს უქმნის „ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს. ხელისუფლება დიდი ხანია, ცდილობს გვარამიას განეიტრალებას. იმედი მაქვს, ხელისუფლება გონს მოეგება და ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე არ წავა.
_ და თუ მაინც წავიდა, რას იზამს ოპოზიცია?
_ ოპოზიცია ბრძოლას გააგრძელებს. ყველა პარტიაში რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერია. თუ არ არის, უცბად გაჩნდება. ულიდეროდ არავინ დარჩება. ყველას კიდევ ვერ დაგვიჭერენ. ხელისუფლება თუ დაჭრებზე უარს არ იტყვის, ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებს.
_ საკუთარ თავს რატომ დააზარალებს? მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ეს დაჭერები ხალხს მოსწონს.
_ დაჭერები არავის მოსწონს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური დევნა აშკარაა. დაჭერებს დასავლეთიდან ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვება. უგულავაზე ხომ ნახეთ, რა მოხდა, კიდევ უფრო მწვავე განცხადებები წამოვა ამერიკიდან და ევროპიდან. ეს პროტესტს აჩენს საზოგადოებაშიც. უგულავას ამბავი იმდენად აშკარა იყო, რომ მისი დაჭერა „ოცნების“ ზოგიერთმა მხარდამჭერმაც კი გააპროტესტა.
დღეისთვის მმართველ პარტიას ძალიან ცოტა ამომრჩეველი დარჩა. ყველა მათი მცდელობა თუ გადაწყვეტილება ამ ამომრჩევლის შენარჩუნებისკენ არის მიმართული. ოპოზიციის ლიდერებს იმიტომ აკავებენ, რომ ამ ხალხს უთხრან, ჩვენ ისევ გვაქვს გავლენა, ჩვენ ისევ ისეთი ძლიერები ვართ და ყველაფერს ვაკონტროლებთო. „ოცნებას“ ისიც ჰგონია, რომ თუ ოპოზიციის ლიდერებს ციხეში დაამწყვდევს, ამით საკუთარ სიძლიერეს დაამტკიცებს. არადა, როცა ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერებს იჭერს, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი კი არა, ძალიან შეშინებულია. ხელისუფლების დაკარგვის შიში ივანიშვილსა და მის გარემოცვას საღად აზროვნების უნარს უკარგავს. ისინი ვერ აცნობიერებენ, თუ რა საფრთხეში იგდებენ თავს. დასავლეთი ამ რეპრესიებს არ უგულებელყოფს.
_ დასავლეთის რეაქციები ივანიშვილს აშკარად არ აინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთიდან წამოსული კრიტიკული წერილების ფონზე უგულავას არ დაიჭერდა.
_ სანამ დასავლეთიდან მარტო წერილები მოდის, ივანიშვილს არ აინტერესებს, მაგრამ ევროპიდან და ვაშინგტონიდან შეიძლება სანქციებიც წამოვიდეს. მერე კი დაფიქრდება, მაგრამ შეიძლება, ძალიან გვიანი იყოს. ამ წერილებსა და განცხადებებს ივანიშვილი მართალია, არად აგდებს, მაგრამ ეს პოზიცია ქართველ ამომრჩველზე იქონიებს გავლენას.
_ როგორ?
_ საქართველოში ძალიან ბევრია ისეთი ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ დადის. ეს ხალხი არჩევნებზე იმიტომ არ მიდის, რომ არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არაა. ასეთ ხალხს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ეძახიან. მათ საერთოდ არ მოსწონთ, როდესაც ამა თუ იმ პარტიის ლიდერს იჭერენ. მათ აინტერესებთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყოს. ისინი არავითარ შემთხვევაში არ გადაიხრებიან მოძალადე ხელისუფლებისკენ. გადამწყვეტ მომენტში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საბოლოო სიტყვას ამბობს, ასე იყო 2012 წელს. მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ძალა იყო „ნაციონალების“ მხარეს, მაგრამ მათ ოპოზიციას მისცეს ხმა. ახლაც ასე იქნება. ქართველ ხალხს ეზარება არჩევნებზე სიარული, მაგრამ როცა საჭიროა, მიდის. ეს დაჭერები და დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა გადაუწყვეტელ ამომრჩეველს კიდევ უფრო კრიტიკულად განაწყობს ხელისუფლების მიმართ.
_ ზემოთ ახენეთ, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებმაც კი დაგმეს უგულავას დაჭერა. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ზვიად ძიძიგური, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ყველაფერში ამართლებდა. ასეთი ადამიანების სახეცვლილება მისასალმებელია?
_ ზვიად ძიძიგურის გარდა „ოცნების“ ნაკლოვანებები სხვა დეპუტატებმაც დაინახეს. ეს მისასალმებელია. ამ ადამიანებმა, ადრე თუ გვიან, დაინახეს, რომ მმართველი გუნდი არასწორ გზას ადგას.
_ მათ ეს მხოლოდ მას შემდეგ დაინახეს, რაც იქიდან წამოვიდნენ.
_ ამას არ აქვს მნიშვნელობა. რა მომენტშიც არ უნდა აეხილოს ადამიანს თვალი, ეს მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია.
_ რატომ?
_ მათ ხომ შეეძლოთ, მშვიდად ყოფილიყვნენ და რაღაც შანსს დალოდებოდნენ, მაგრამ ეს ხალხი აპროტესტებს იმას, რასაც „ოცნება“ აკეთებს. „ოცნებიდან“ ადამიანები წამოვიდნენ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა დანაპირები არ შეასრულა და პროპორციული არჩევნები ჩააგდო. მე არ ვამბობ, რომ პოლიტიკურად სწორად აზროვნებენ. მთელ რიგ საკითხებში სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ვაფასებ მათ აღიარებას. ისინი ხმამაღლა ამობენ, რომ ქვეყანაში მძიმე ვითარებაა. ამ ადამიანების განცხადებებიც დააზარალებს „ქართულ ოცნებას“. როცა გუნდიდან წამოსული ადამიანები გაკრიტიკებენ, ეს ნებისმიერი პარტიისთვის მძიმეა.
_ თქვენი აზრით, ასეთი ხალხის რაოდენობა თუ გაიზრდება?
_ დარწმუნებული ვარ, რომ გაიზრდება. მმართველი პარტიიდან დეპუტატებიც წამოვლენ. ეს პარლამენტშიც მოხდება, მაგრამ უფრო თვითმმართველობებში იქნება აქტიური გადინება. „ქართული ოცნება“ სულ უფრო ცუდ დღეში ვარდება. თუ დააკვირდებით, მათი პოზიტიური ნაბიჯებიც კი ნეგატიურში გადადის. მათ გადარჩენის მხოლოდ ერთი გზა აქვთ. ჩემი აზრით, ეს გზა არის არჩევნებში დამარცხების აღიარება. ასე მათ შანსი აქვთ, რომ პოლიტიკაში დარჩნენ და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელონ. თუ გაჯიუტდებიან და არჩევანის მოპარვას შეეცდებიან, ისე გაქრებიან, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“ და „აღორძინება“ გაქრა. ასე იმასაც დაამტკიცებენ, რომ მართლა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ და არ არიან ერთი ადამიანის გარშემო შეკრებილი ჯგუფი და მხოლოდ იმის ინტერესებს ატარებენ.
_ ამ ადამიანებს არ აქვთ პრეტენზია, რომ პარტიას წარმოადგენენ. ისინი ღიად ამბობენ, რომ ივანიშვილის ხალხია.
_ ვინც ასე არ ფიქრობს, ის ადამიანები „ოცნებიდან“ უკვე წამოვიდნენ. ისინი, დიდი ალბათობით, პოლიტიკაში დარჩებიან და ოპოზიციურ ფლანგზე გააგრძელებენ საქმიანობას.
_ მაჟორიტარებზე ვთანხმდებითო, ამბობთ და შეეგუა ოპოზიცია იმას, რომ „ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე არ გადავა?
_ ჩვენ მიგვაჩნია, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ყველაფრისთვის უნდა გვქონდეს ფორმულა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ერთპიროვნულ მმართველს. მოგეხსენებათ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და ახლა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
_ მოლაპარაკებების ჩაშლა ნორმალური იყო?
_ რა თქმა უნდა. გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომ დიალოგი გვეწარმოებინა.
_ სალომემ მოგიწოდათ, დაბრუნდითო.
_ არა მარტო სალომემ, მამუკა მდინარაძეც აჰყვა.
_ და ასეთ ხალხს ეუბნებით უარს?
_ ასე გამოვიდა. ნიკა მელიამ თქვა და სრულიად ვიზიარებ მის პოზიციას, რომ აწი მოლაპარაკებების მაგიდასთან მხოლოდ მაშინ დავსხდებით, თუ ის „მატროსოვზე“ უგულავას ან ოქრუაშვილის საკანში შედგება.

შორენა მარსაგიშვილი