თამარ ოქრუაშვილი: „მიშა ქარელს მაჟორიტარულ არჩევნებს გორის კატლეტიც კი მოუგებს“

მმართველ პარტიას თავისუფალი მედია დიდად არასდროს ეხატებოდა გულზე. აქამდე თავიანთი აგრესიის შეკავებას როგორღაც ახერხებდნენ, ბოლო პერიოდში კი სულ აიღეს თავზე ხელი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს მორალი და ზნეობა მხოლოდ იმიტომ დაუწუნა, რომ ამ უკანასკნელმა გაბედა და ამავე ტელევიზიის ეთერში მიიწვია ადამიანი, რომელმაც იანვარში ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად „ოცნებაც“ იყო მიწვეული, მაგრამ არ მივიდა. ანრიმ შეურაცხმყოფელთან დებატი ვერ გაბედა თუ არ ისურვა და პრეტენზიები ისევ მედიას წაუყენა. სხვათა შორის, ოხანაშვილი ის კანონმდებელია, რომლის მითითებითაც კომიტეტის სხდომიდან “ტაბულას” ჟურნალისტი მანდატურებმა გაათრიეს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!). ამ წივილ-კივილს მორალზე მღაღადებელი გაყინული სახით უყურებდა.

სამოქალაქო აქტივისტი და ყოფილი ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის უკვე სერიოზულ პრობლემად გადაიქცა თავისუფალი სიტყვა და მისი ჩახშობა გადაწყვიტა. თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის ფონზე მიშა ქარელის გააქტიურებაც სიმბოლური უნდა იყოს. მართალია, „ოცნებამ“ მას სხვა დიდი მისია დააკისრა, მაგრამ მისი წარსულის დავიწყება შეუძლებელია _ მედიასთან ბრძოლაში დიდი გამოცდილება აქვს. გუბერნატორობის დროს ეს ადამიანი დაუნდობლად ებრძოდა თავისუფალ მედიას. ჯერ ქარელს მედიისთვის ომი არ გამოუცხადებია. ივანიშვილის მითითებით ის ირაკლი ოქრუაშვილს ოფისის ფართს ედავება.

წაართმევენ თუ არა თავდაცვის ყოფილ მინისტრს პარტიის ოფისს? რატომ გაააქტიურა ხელისუფლებამ ქარელი? არიან თუ არა პარლამენტში მასზე სერიოზული ფიგურები? შეძლებს თუ არა „ოცნება“ თავისუფალი სიტყვის ჩახშობას? რატომ გადავიდნენ ოპოზიციონერი ლიდერების დაჭერაზე? _ ამ თემებზე თამარ ოქრუაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ თამარ, ანრი ოხანაშვილმა თამარ ჩიხლაძეს უზნეო და ამორალური უწოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა გაბედა და ეთერში „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერისთვის არასასურველი პირი მიიწვია. რა უფლებით აყენებს კანონმდებელი ოხანაშვილი ჟურნალისტს შეურაცხყოფას და რატომ იმეორებს „ოცნება“ წინამორბედების შეცდომებს? შევარდნაძის პარტიამაც და „ნაციონალებმაც“ ბოლო ჟამის დროს მოუხშირეს ჟურნალისტებზე თავდასხმებს. ამათაც ბოლო ჟამი ხომ არ უდგათ?
_ ოხანაშვილის განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია. არავის აქვს უფლება, გადაცემის წამყვანს მიუთითოს, თუ ვის მიიწვევს თავის გადაცემაში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ესხმიან თავს ჟურნალისტებს, ასეთ რამეს ყველა ხელისუფლება აკეთებდა, რომელიც საქართველოს ჰყოლია. თავისუფალი სიტყვა განსაკუთრებით მაშინ ხდებოდა მათთვის მიუღებელი, როცა ხედავდნენ, რომ ხელისუფლებაში მათი ყოფნის ვადა იწურებოდა. ასეთ დროს ხელისუფლებები მარტო ჟურნალისტებს არ ესხმიან თავს. ბოლო ჟამი როცა აქვთ, არც პოლიტიკურ რეპრესიებზე ამბობენ უარს. ეს ჩვეულებრივი აგონია გახლავთ. ჰგონიათ, რომ ასე შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც გამორიცხულია. თავისუფალი სიტყვა ვერც წინა ხელისუფლებებმა ჩაახშეს და ეს არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა.
ყველამ ერთად ვნახეთ, რომ ანრი ოხანაშვილმა ჩიხლაძეს მორალი და ზნეობა დაუწუნა. ამ ადამიანს, „ოცნების“ სხვა წევრების მსგავსად, არანაირი უფლება არ აქვს, ვინმეს მორალსა და ზნეობაზე ილაპარაკოს. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, მმართველი პარტიიდან წამოსული ნებისმიერი უზნეობა და უკანონობა გაამართლონ.
_ მთელი ამბავი ოხანაშვილზე ატყდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო წლებში ღიად ლანძღავდნენ ჟურნალისტებს. ამას აქამდე სათანადო ყურადღებას არავინ აქცევდა, მათ შორის, თავად მედიაც.
_ მედიასაც და საზოგადოებასაც დააგვიანდა რეაგირება. ასეთი უხეშობა „ქართულმა ოცნებამ“ თავის სტილად აქცია. ის ეუზრდელება როგორც მედიას, ასევე პოლიტიკურ ოპონენტებს. აქედან გამომდინარე წარმოსადგენია, თუ როგორ ელპარაკებიან ისინი მოქალაქეებს ან თანამშრომლებს. თავად მონურ მორჩილებაში არიან და ახლა უნდათ, რომ სხვებიც ასე ჰყავდეთ. ყველა კანონი ხომ საკუთარ თავზე მოირგეს, ახლა უნდათ, რომ ამის გაპროტესტების უფლებაც ჩამოართვან საზოგადოებას. მათი უფლება რომ იყოს, ხმის ამოღების ნებასაც კი არ მოგვცემდნენ.
_ „ოცნება“ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გალაშქრებას სხვა გზებითაც აპირებს. „ოცნების“ მხარდამჭერები ითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი ცილისწამების შესახებ. სხვადასხვა დროს ეს იდეა სალომე ზურაბიშვილსა და საპატრიარქოსაც გააჟღერებინეს. ცილისწამება დაუშვებელია, მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია, მისთვის არასასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ცილისწამებად მონათლოს.
_ სწორედ ამიტომ სურთ ამ კანონის მიღება. უნდათ, რომ სიმართლეს არავინ ამბობდეს და ხალხმა მხოლოდ იმის შესახებ იცოდეს, რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებშია. ამათგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ მგონია, რომ მაინც ვერ გაბედავენ. არა იმიტომ, რომ ბოლოს მათში დემოკრატია გაიმარჯვებს, არამედ იციან, რომ თავადვე შეუტრიალდებათ აღნიშნული კანონი უკან. ცილისწამებას თუ ვინმე მიმართავს, ეს, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ გახლავთ. ამ კანონის მიღებას თუ მაინც გაბედავენ, დასავლეთიდან ძალიან მწვავე რეაქცია იქნება.
_ დასავლეთის მწვავე რეაქცია ამათ აშკარად არ აინტერესებთ. ამერიკასა და ევროპაში კაცი არ დარჩენილა, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე შეშფოთება რომ არ გამოეხატა, ესენი კიდევ ადგნენ და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, დაიჭირეს.
_ ეს ძალიან გამომწვევი ჟესტი იყო. მთელი დასავლეთი ერთხმად აცხადებს, რომ „ოცნებამ“ დემოკრატიული გზიდან გადაუხვია, ვითარების გამოსწორების მაგივრად კიდევ უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდა. ამით ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამს, რომ მას დასავლეთი არ აინტერესებს.
_ არ აინტერესებს, თუ ასეთი პოზა უჭირავს?
_ დასავლეთისგან ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს, მაგრამ იძულებულია, მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილოს. სხვანაირად ის ხელისუფლებაში ყოფნას ვერ გაიხანგრძლივებს. დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. დასავლეთი პირდაპირ ითხოვს, რომ აქ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს. ამ მოთხოვნას ივანიშვილი არ შეასრულებს. ყველაფერს გააკეთებს, რომ არ შეასრულოს, მაგრამ მაინც მოუწევს.
_ სამაგიეროდ, ჩრდილოეთის მოთხოვნებს ასრულებს ზედმიწევნით. როცა გავრილოვმა, მოსთხოვა ის ხალხი დასაჯე, ვინც ჩემთვის აქციის მოწყობა გაბედა თბილისშიო, რამდენიმე ათეული ადამიანი მაშინვე ციხეში გამოკეტეს.
_ ამ მოთხოვნას, ბუნებრივია, შეასრულებდა _ ის ხომ რუსეთის ინტერესებს ატარებს აქ. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდათ _ დასავლეთი განცხადებას განცხადებაზე აკეთებს და რეაქცია არაა, ვიღაც რიგითმა გავრილოვმა გამოგზავნა თუ არა წერილი, ათეულობით ადამიანი ციხეში გაუშვეს. დღეს საქართველოს ჰყავს გავრილოვის პატიმრები, რომლებიც პოლიტპატიმრები არიან. ამაზე „ქართული ოცნება“ აუცილებლად აგებს პასუხს.
_ გადავედით პოლიტპატიმრების თემაზე და ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ირაკლი ოქრუაშვილია, რომლის თავსაც საერთოდ საოცრებები ხდება. ახლა მის წინააღმდეგ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, მიშა ქარელი გაააქტიურეს. ის არ ჩერდება და ახლა უკვე პარტიის ოფისს ედავება ოქრუაშვილს.
_ ამას მიშა ქარელი „ოცნების“ მითითებით აკეთებს. „ქრონიკა+“-ის მკითხველს შევახსენებ, რომ აქამდე ივანიშვილის პარტიას ირაკლიზე რამე ცუდის თქმა რომ უნდოდა, მიშა ქარელის გუბერნატორად დანიშვნას იხსენებდა. ხაზს უსვამდნენ, _ აი, როგორი კომიკური და ოდიოზური ფიგურა დანიშნა თანამდებობაზეო. ახლა ამ ფიგურას თავად იყენებენ. ფაქტობრივად, ის გახდა მათი ბოლო იმედი ოქრუაშვილის საქმეში. ახლა აღარ არის ქარელი სასაცილო და ოდიოზური? იმდენად ძვირფასია ახლა მათთვის შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, რომ მზად არიან, ის გორის მაჟორიტარადაც კი წარადგინონ. ცუდი არ იქნება, თუ წარადგენენ, მისი რეიტინგი იქ ნულს ქვემოთ არის. „ოცნების“ მხარდამჭერებიც კი არ მისცემენ ხმას. ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა დაწერა და მეც გავიმეორებ, რომ ქარელს გორში მაჟორიტარულ არჩევნებს გორის კატლეტიც კი მოუგებს.
_ გორის კატლეტი იმდენად ცნობილია, რომ მასთან ქარელს არანაირი შანსი არ აქვს.
_ რა თქმა უნდა. გორის კატლეტს არაფერი დაუშავებია, რასაც ქარელზე ნამდვილად ვერ ვიტყვი.
_ უფრო სერიოზულ თემებზე გადავიდეთ. ქარელს რომ ყველაფრის თქმა შეუძლია, ეს ვიცით, მაგრამ პროკურატურას არ რცხვენია? ვინ დაიჯერებს იმას, რომ ადამიანი, რომელმაც რაღაც ხმაურიანი საქმე გააყალბა, ამ ამბავს სუფრაზე ჰყვება. ქარელი ხომ ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი რესტორანში მოჰყვა, რობაქიძის საქმე გავაყალბეო.
_ ეს ისეთი აბსურდია, რომ პროკურატურასაც კი შერცხვა, რომ ქარელს ასეთი ჩვენება მიაცემინა. არც ერთი ადამიანი არ დაიჯერებს, რომ ვინმე სუფრაზე ხმამაღლა მოყვება, ესა და ეს საქმე გავაყალბეო. ეს თუ მართლა ასე იყო, ამდენი წელია, ამ საქმის გამოძიება მიდის, ახლა გაახსენდა ქარელს ეს ამბავი? როდის აქეთაა, საგამოძიებო უწყება ქორწილებსა და რესტორნებში მოსმენილ ამბებს მტკიცებულების სახით იყენებს? თან ქარელის გარდა ეს არავის მოუსმენია. ამ უკანასკნელს ისიც არ ახსოვს, სად იყო ეს სუფრა და ვინ ესწრებოდა მას. პროკურატურა გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ძალიან დიდ სისულელეში აღმოჩნდა და ყოფილი გუბერნატორი ახლა სხვა მიმართულებით წაიყვანა.
ასე თუ ისე ვიცი, რას წარმოადგენს ეს ადამიანი და არა მგონია, მას მოსვლოდა თავში ასეთი რამის თქმა. ქარელთან „ოცნების“ დავალებით გოგა ხაინდრავა აწარმოებდა მოლაპარაკებებს. დიდი ალბათობით, ხაინდრავამ ურჩია ეთქვა, რომ თითქოს ირაკლი ერთ-ერთ სუფრაზე ყვებოდა, როგორ გააყალბა რობაქიძის საქმე. პროკურატურაში თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს მტკიცებულებად არ გამოდგებოდა. ამის საფუძველზე ვერ დაუმძიმებდნენ ირაკლის ბრალს, მაგრამ იმიჯის შესალახად გააჟღერეს ეს ინფორმაცია. მანამდე ქარელს ათქმევინეს, რომ თითქოს ირაკლი ხალხს ქიბარ ხლვაშის ხელმოწერების გაყალბებაში ავარჯიშებდა. ესეც არასერიოზული იყო და ამასაც თავი დაანებეს. ახლა სამოქალაქო დავაში ცდიან ძალებს.
_ ქარელი ოქრუაშვილს პარტიის ოფისის ფართს ედავება. გამოუვა რამე?
_ დავაკონკრეტოთ: ქარელი არ ედავება. ქარელმა „ოცნების“ დავალებით გამოთქვა ოფისზე პრეტენზიები. ამ ოფისზე ირაკლის წინა ხელისუფლებამაც შეუქმნა პრობლემები და _ „ოცნებამაც“. ორივე ხელისუფლებისთვის ეს ოფისი მას შემდეგ გახდა საშიში, რაც ოქრუაშვილმა პარტია შექმნა. არ გამოვრიცხავ, დავა ქარელმა მოიგოს. ამ ხელისუფლების პირობებში ყველაფერი მოსალოდნელია.
ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ ოქრუაშვილის დაჭერის შემდეგ „გამარჯვებული საქართველო“ დაიშლებოდა. ეს არ მოხდა. ლიდერის გარეშე დარჩენილი პარტია კი დაზარალდა, მაგრამ არ დაშლილა და პარტიის წევრები დღემდე აქტიურობენ. ახლა „ოცნება“ ცდილობს, ისინი მორალურად გატეხოს და პარტიის ოფისზე ყოფილ გუბერნატორს პრეტენზიები გამოათქმევინეს. ოფისს ვერ წაართმევენ, მაგრამ „გამარჯვებულ საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს შეუშლიან. ფაქტობრივად, ჩაუშლიან, როგორც ეს 2016 წელს ირაკლის გაუკეთეს.
2016 წელს ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ამომრჩევლებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მას ესროლეს, შედეგად, მისი დაცვის ორი წევრი დაიჭრა. ირაკლი სასამართლოებზე არბენინეს და საარჩევნო კამპანია ჩაუშალეს. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც შეუშალეს ხელი. მაშინ კანონი შეცვალეს, რომ ირაკლის გორის მერად არ ეყარა კენჭი.
2016 წლის არჩევნებს დავუბრუნდები, იქ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: მოულოდნელად, ირაკლი ალასანიამ გადაწყვიტა, გორის მაჟორიტარად ეყარა კენჭი. ეს ადამიანი „ოცნების“ ერთ-ერთი სახე გახლდათ. იმ მომენტისთვის მისი პარტია ივანიშვილისგან წამოსული იყო. ალასანია მაკრახიძესთან ერთად მეორე ტურში გავიდა, მაგრამ იქ უკვე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
_ რისი თქმა გინდათ, რომ ის „ოცნების“ დავალებით მოქმედებდა?
_ აბა, სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას ეს ამბავი? _ მეორე ტურში გავიდა და თავისი კანდიდატურა მოხსნა! მან ამ არჩევნებში მხოლოდ იმიტომ მიიღო მონაწილეობა, რომ ირაკლისთვის ხმები წაერთმია. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტში არ მოხვდეს. ახლა საერთოდ ციხეში გამოამწყვდიეს და კაცმა არ იცის, კიდევ რა ბრალდებას წაუყენებენ. მიშა ქარელი მზადაა, ნებისმიერი მათი დავალება შეასრულოს. მის განცხადებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს, მაგრამ ეს ლიდერის გარეშე დარჩენილ პარტიას პრობლემებს შეუქმნის. მოუწევთ სასამართლოებში სირბილი და როგორც უკვე გითხარით, საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ვეღარ შეძლებენ. ივანიშვილის მიზანიც ესაა.
_ არის იმის შანსი, რომ ქარელმა პარტიის ოფისის ფართის ნაწილი წაიღოს?
_ რაც არ ეკუთვნის, რანაირად უნდა წაიღოს? მაგრამ ამ ხელისუფლებისგან ყველაფერი მოსალოდნელია. არასერიოზულ ადამიანებს ხშირად სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ. ქართული პოლიტიკა და განსაკუთრებით ხელისუფლება ასეთი არასერიოზული ხალხით არის სავსე. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკურ ამინდს არასერიოზული ადამიანები ქმნიან.
_ ინგლისური და კომპიუტერი ვინც იცოდა, როგორც ამბობენ, ყველამ დატოვა „ოცნება“.
_ მაგიტომ მიიღეს თავის რიგებში ქარელი. რაც არ უნდა იმიჯი შეიცვალოს და რაც არ უნდა ბრენდული სათვალე გაიკეთოს, საქართველოში ყველას ახსოვს, რას წარმოადგენს ეს ადამიანი. თავშიც გითხარით და კიდევ ვიტყვი, რომ ირაკლის სულ მისი წამოწევის გამო საყვედურობდა „ოცნება“. ახლა ის მათი სახე გახდა, მაჟორიტარად წარდგენასაც კი უპირებენ.
_ ამის დაჯერება გორში ძალიან უჭირთ. ამ თემაზე „ქრონიკა+“ მედეა აბაშიძეს ესაუბრა, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიას წარმოადგენს. მას სერიოზული კომენატრის გაკეთებაც კი გაუჭირდა ქარელის მაჟორიტარად შესაძლო წარდგენაზე.
_ ეს ადამიანი ერთხელ მაინც თუ გყავს ნანახი, შეუძლებელია, სერიოზულად ილაპარაკო მის მაჟორიტარობაზე. ძალიან მიჭირს ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტია, რომ „ოცნება“ რაღაცას უპირებს.
_ ვითომ ასეთი არასერიოზულია? ის ერთხელ ხომ იყო გუბერნატორი?
_ ეს იყო შეცდომა! ვისაც მისი გუბერნატორობა ახსოვს, მასზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებს. თავად „ოცნების“ მხარდამჭერების პროტესტსაც გამოიწვევეს, თუ ის გორის მაჟორიტარად დასახელდება. „ოცნებაზე“ მაღალი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ არა მგონია, რომ აქამდე დავიდეს.
_ აბა, რატომ ჰპირდებიან, მაჟორიტარად დაგასახელებთო?
_ ეტყობა, მისი გამოყენება სურთ და სანაცვლოდ რაღაცას ჰპირდებიან. შეიძლება, თავად მოითხოვა მაჟორიტარობა და ესენიც დაჰპირდნენ. მაჟორიტარების წარდგენამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მანამდე ირაკლის წინააღმდეგ გამოიყენებენ და მერე სხვას დაასახელებენ. ქარელს რაღაც სამსახურს მისცემენ. თუმცა კატეგორიულად არ გამოირიცხება მისი მაჟორიტარად წარდგენა.
_ პარლამენტს თუ გადავხედავთ, ქარელზე უკეთესები იქ ნამდვილად არ სხედან. როდესაც პირველად თქვეს, რომ ირაკლი კობახიძე უნდა ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარე, გავეცინა, მაგრამ სპიკერი გახდა.
_ ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ბევრი მათგანი ქარელზე უკეთესი არაა. არც მასზე მეტი ინტელექტი აქვთ, უბრალოდ, მისი განათლების შესახებ ყველამ ვიცით. მის მიერ რუსულ ენაზე წარმოთქმული ფრაზები დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მის სახელს ბევრი ცუდი რამე უკავშირდება და ამიტომ არის გასაკვირი, რაში სჭირდება „ოცნებას“ ასეთი ადამიანი? მაგრამ ოქრუაშვილის სახელს ვინც გაუტეხს, მზად არიან, ნებსიმიერი დააწინაურონ. ისე კი ქარელს სხვები არაფრით სჯობიან. გადახედეთ სხვადასხვა ქალაქის მერებს, პარლამენტის წევრებს _ ყველა კომიკურია. დედაქალაქის მერი ავიღოთ: ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც დახვეწილმა პიროვნებამ, მაგრამ საშინელ განცხადებებს აკეთებს.
_ ჩემი აზრით, ქარელს ჩაცმით სჯობს. დანარჩენი დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
_ ჩაცმის სტილი ქარელმაც დახვეწა. იმდენი ხანი იცხოვრა პარიზში, რომ სერიოზულად შეიცვალა იმიჯი. ასე რომ, კალაძეს არც ამით ჩამოუვარდება.
_ ევროპული ჩაცმის სტილი მოსწონთ „ოცნებაში“. სამაგიეროდ, ევროპულ დემოკრატიას ვერ იტანენ.
_ სამწუხაროა, რომ დასავლეთიდან მოსულ რჩევებს არ ითვალისწინებენ. ეს კარგად არ დამთავრდება. „ოცნება“ ძალიან მწარედ აგებს პახუხს.
_ სანამ პასუხის მოთხოვნაზე გადავლენ, კიდევ რამდენიმე ლიდერის დაკავებას მოასწრებს „ქართული ოცნება“. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემდეგი პატიმარი ნიკა მელია იქნება.
_ ნიკა მელია აქამდე როგორ არ დაიჭირეს, მიკვირს. ივანიშვილი ყველას აპატიმრებს, ვინც მას დისკომფორტს უქმნის. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც დააკავონ. თითქმის ყველაზეა საქმე აღძრული. თუ არ არის, აღძრავენ. ამაზე ადვილი „ოცნებისთვის“ არაფერია. ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიები გაანეიტრალოს, რათა მას წინააღმდეგობა ვერავინ გაუწიოს. შეეცდება, რომ არჩევნებზე მხოლოდ სატელიტმა პარტიებმა გაუწიონ კონკურენცია.
_ მის სატელიტად მოიზრებოდა „პატრიოტთა ალიანსი“. ეს პარტიაც თავს შორს იჭერს უკვე ივანიშვილისგან.
_ „პატრიოტთა ალიანსშიც“ ხვდებიან, რომ „ოცნების“ გვერდზე დგომა სირცხვილია. ბოლოს რას იზამენ, არ ვიცი, მაგრამ ახლა ცდილობენ, რომ ცოტა განზე იდგნენ. „ოცნების“ მეკავშირეობა აღარავის უნდა. რამდენიმე პარტიას თავად ივანიშვილიც შექმნის, არ გაუჭირდება, მაგრამ მისთვის მთავარია ოპოზიციის დასუსტება. ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება არ დათმოს. თავისი ნებით ერთპარტიულ მმართველობაზე არავითარ შემთხვევაში იტყვის უარს. ქვეყანას საბჭოთა კავშირში აბრუნებს. ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, შემოდგომაზე უკვე ჩრდილოეთ კორეაში გავიღვიძებთ.
სამწუხაროდ, ვერც ოპოზიცია უწევს სათანადო წინააღმდეგობას ივანიშვილს. პოლიტიკური სპექტრი სოლიდარული რომ იყოს, „ქართული ოცნება“ ამდენს კი ვეღარ გაბედავდა. ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერის დროს დიდი აქცია რომ მოეწყოთ, ისიც თავისუფალი იქნებოდა და გიგი უგულავას დაჭერასაც ვერ გაბედავდნენ. არც ნიკა მელიას დაკავების საკითხი დადგებოდა დღის წესრიგში.
კიდევ ვიმეორებ: დაჭერები იქნება, მაგრამ ეს ასე აღარ ჩაივლის. ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა. დასავლეთი განცხადებებს სანქციებს მოაყოლებს, რისაც ასე ეშინია „ქართული ოცნების“ ლიდერს.

შორენა მარსაგიშვილი