პეტრე მამრაძე: „დასავლეთში თალაკვაძესა და მდინარაძეს ხელის ბიჭებად აღიქვამენ“

დასავლეთში „მეოცნებეთა“ ვოიაჟი მთლად შედეგიანი არ გამოდგა. ევროპა და ამერიკა ისევ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარების გამო. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დასავლეთზე „ნაციონალები“ ახდენენ გავლენას. „ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა „გამპრავებელმა“, გოგა ხაინდრავამ, სულაც ასეთი კითხვა დაუსვა ერს, _ გვჭირდება ის ევროპა, რომელიც სალომე სამადაშვილისა და ოთო კახიძის ჭკუაზე დადისო?

„მართვის სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელ პეტრე მამრაძეს არ უკვირს, რომ „ქართული ოცნება“ ასე უშედეგოდ დაბრუნდა დასავლეთიდან. მისი თქმით, ხელისუფლება არ მუშაობს დასავლეთზე. არ მუშობს იმიტომ, რომ ეს, მისი თქმით, ხაზეინს არ უნდა.
რატომ ვერ ახერხებს „ქართული ოცნება“ დასავლეთთან საერთო ენის გამონახვას? რას წერს უცხოური პრესა? რა შთაბეჭდილებას ტოვებენ „ოცნების“ ლიდერები? რატომ ვერ უბედავენ ივანიშვილს სიმართლის თქმას? რაში აჯობა მათ სააკაშვილმა? რატომ არ აღდგა დაპირებული სამართლიანობა? როგორ გამართლდა კეზერაშვილი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს პეტრე მამრაძე ესაუბრება:

_ „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარებას ვერ ახერხებს და ამას „ნაციონალებს“ აბრალებს. თქვენი აზრით, რატომ ვერ ლაგდება მმართველი პარტია ევროპასთან და ამერიკასთან?
_ ეს ძალიან სერიოზული და ღრმა პროცესია. აქ არის ჩაქსოვილი სოციალური და კულტურული ელემენტი. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნები ჩააგდო, პარტია პროტესტის ნიშნად რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ამას უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უცხოურ გაზეთებში მაშინ არაერთი სტატია წავიკითხე შემდეგი სათაურით: „ოცნება“ დატოვა ყველამ, ვინც ინგლისური ენა იცოდა“.
_ ანუ ეს დასავლურ პრესაშიც იწერებოდა და ჩვენებური „ნაციონალების“ ხუმრობა არაა?
_ არა, არა! ძალიან ბევრმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია ზუსტად ასეთი სათაურით. ყველა კითხულობდა, რა ხდებოდა. დასავლეთთან გაუცხოების პროცესი იმ დღიდან დაიწყო, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. არადა, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების საკმაოდ დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა ხელისუფლების ცვლილებას. ისინი იმედით უყურებდნენ „ოცნების“ გამარჯვებას. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა ხდებოდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის დროს. ბევრი მათგანი ამაზე წერდა და ღიად ლაპარაკობდა.
იმ წლებში ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების დარგში გახლდათ ნობელის პრემიის ლაურეატი თომას ჰამერბერგი. ის ხშირად წერდა „ნაციონალების“ რეჟიმის სისასტიკესა და საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე. კარგად მახსოვს მის მიერ დაწერილი ერთი ფრაზა, ის აღნიშნავს: „ნებისმიერი ბიზნესმენი მზადაა, ხელი მოაწეროს ნებისმიერ აბსურდულ ბრალდებაზე, თუნდაც იმაზე, რომ სხვა ქვეყნის ჯაშუშია და გადასცეს ხელისუფლებას მთლიანი ქონება და ბიზნესი, ოღონდ თავიდან აიცილოს ციხეში სასტიკი მოპყრობა“.
თომას ჰამერბერგი სერიოზულად მუშაობდა საქართველოს საკითხზე. აქაც იყო ჩამოსული, ბიძინა ივანიშვილთანაც არის შენახვედრი. მან საქართველოზე დასკვნა ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც დაწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ ქართულ ციხეებში ვითარება გაუმჯობესებული იყო. „ქართული ოცნება“ მისი შეფასებით უკმაყოფილო დარჩა და ეს ადამიანი მოიკვეთეს.
_ რატომ მოიკვეთეს?
_ ვერ გეტყვით. აქტიურად ვთანამშრომლობ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან და პოლიტოლოგებთან. ისინი მეუბნებოდნენ და ახლაც მეუბნებიან, ვერავის ველაპარაკებით თქვენი ხელისუფლებიდან, კონტაქტში არ შემოდიან და ჩვენ რა ვქნათო?
მოგეხსენებათ, რომ ევროპის პარლამენტში სახალხო პარტია ყველაზე მრავალრიცხოვანია და, შესაბამისად, ყველაზე მეტი გავლენაც აქვს. რამდენიმე წლის წინათ ამ პარტიის 17-მა წევრმა სააკაშვილის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნა. ისინი აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა არ შეიძლებოდა. ამ 17 ადამიანის პოზიციის გამო, ივანიშვილის დავალებით, თბილისიდან გაიგზავნა საპროტესტო წერილები. ერთ-ერთ სრულიად იდიოტურ წერილს დავით უსუფაშვილმა მოაწერა ხელი, რომელიც მაშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ.
ევროპარლამენტის წევრები, ვისაც მაშინ ვხვდებოდი, მეუბნებოდნენ, _ რას აკეთებს თქვენი ხელისუფლება, ეს ხომ პოლიტიკური სიგიჟეა? გაოგნებული იყვნენ, რომ 17 ადამიანის კერძო წერილის გამო საქართველოს ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებდა მთელ პარტიასა და კლუბს.
ევროპელებმა მითხრეს, კლუბს თავისი პრესტიჟი აქვს და ის აღარ გაჩერდებაო. ამით იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკაში არსებობს ურთიერთობის უმოწყალო კანონები, რომელსაც თუ დაარღვევ, ძალიან ცუდად მოგიბრუნდება. ეს, დაახლოებით, ასეა: დასთეს ქარს და მოიმკი ქარიშხალს. „ქართულმა ოცნებამ“ ქარი დათესა და ახლა ქარიშხალს იმკის.
იგივე შეცდომა დაუშვეს ჯონ მაკკეინთან დაკავშირებით. გახსოვთ, ალბათ, გაიძახოდნენ, ეგ კაცი სააკაშვილის ძმაკაცია და მასთან ურთიერთობა არ შეიძლებაო. კარგად მახსოვს 2012 წელს მისი ვიზიტი საქართველოში. ამ ვიზიტის დროს მან სააკაშვილს პოლიტიკური სილა გააწნა. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ამერიკელი სენატორის თანდასწრებით განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქი პუტინის დავალებით და მისი ფულით მოდის და გვებრძვის. ამაზე მაკკეინმა ცივად უპასუხა: ჩვენ, ამერიკელებმა, დეტალურად შევამოწმეთ ყველაფერი, რაც ეხებოდა ივანიშვილს და დავადგინეთ, რომ არავითარი რუსული ფული და რუსული ხელი მის უკან არ მდგარა და არ დგას.
მაკკეინი ძალიან გავლენიანი კაცი იყო ამერიკაში და „ოცნებას“ მასთან ურთიერთობა უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ მმართველი პარტია ასე არ მოიქცა. ეს, ერთი მხრივ, კულტურულ-სოციალური პრობლემა გახლდათ, ხოლო, მეორე მხრივ, პატრონყმური დამოკიდებულების ბრალი იყო. მმართველი პარტიის წევრებმა არ იცოდნენ, რა სურდა „ხაზეინს“, ანუ ივანიშვილს და ამიტომ დასავლელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში არ შედიოდნენ.
არაერთხელ ვყოფილვარ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებში გამართულ მიღებებზე, სადაც საოცარი სურათის მომსწრე გავმხდარვარ: ხელისუფლების წარმომადგენლები სადღაც კუთხეში იდგნენ და იქ მყოფ ქართველებს ელაპარაკებოდნენ. სამაგიეროდ, ელჩი გარშემორტყმული იყო კოლექტიური ბოკერიებით და მათ შორის გაცხოველებული საუბარი მიდიოდა. ისინი თანხმდებოდნენ, რომ საუბარს რამდენიმე დღეში კიდევ გააგრძელებდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი დიპლომატებთან საუბარს ყველანაირად არიდებდნენ თავს. გარდა იმისა, რომ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობას ვერ ამყარებდნენ, თავიანთ სიმართლესაც ვერ ამტკიცებდნენ.
_ სიმართლის ვერდამტკიცებაში რას გულისხმობთ?
_ „ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში ხშირად მქონდა უცხოელებთან საინტერესო საუბრები. ისინი მეუბნებოდნენ, _ პოლიტიკური სიბეცეა, სააკაშვილს 6 პიჯაკის გამო რომ აღუძრეს საქმეო. ვუხსნიდი, _ რა 6 პიჯაკი, საბიუჯეტო სახსრები გაიფლანგა-მეთქი. ვუმტკიცებდი, რომ სააკაშვილმა 4 მილიონ დოლარზე მეტი გაფლანგა. თანხის ნაწილი შვილების განათლებას მოახმარა, ნაწილი _ ბოტოქსს და ნაწილი თანხით უგულავასთან ერთად კურორტზე წავიდა, სადაც გასახდომი პროცედურები ჩაიტარა, ნაწილი თანხით ქალებს სამკაულები უყიდა საჩუქრად. უცხოელები გაოგნებულები მისმენდნენ და მეკითხებოდნენ, _ ნუთუ მართლა ასეა და პიჯაკები არაფერ შუაშიაო? ივანიშვილის ხელისუფლებას შეეძლო, სააკაშვილის საქმე ინგლისურად ეთარგმნა და დასავლურ მედიაში გამოექვეყნებინა. ამ ამბავს აუცილებლად მოჰყვებოდა რეზონანსი.
არაფერი გაკეთდა ამ მიმართულებით, სამაგიეროდ, სხვა რამე კეთდება. „ხაზეინი“ ნაწყენია ამერიკელებზე და მორჩა, ამიტომ ამერიკა არის ცუდი ქვეყანა. „ოცნების“ მტკიცებით, ამერიკა და ევროპა თურმე სამადაშვილებისა და ოთო კახიძეების ჭკუაზე დადის. ასე ლაპარაკობენ და აღარ ახსოვთ, თუ რას წარმოადგენს საქართველო ამერიკასთან შედარებით. არც პოლიტიკის უმოწყალო კანონები ახსოვთ. მართალი თუ ხარ, ეს სიმართლე ამერიკასაც და ევროპასაც უნდა მიაწოდო და შენს სიმართლეში დააჯერო.
ივანიშვილის პარტიას დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება რომ გაუჭირდებოდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო. „ნაციონალებს“ ამერიკაში ლობისტებზე მილიონები ჰქონდათ დახარჯული. თან ისეთი ხალხი იყო მათი ლობისტი, რომლებმაც შემდეგ მაღალი თანამდებობები დაიკავეს. „ნაცებმა“ მათთან კონტაქტები და ურთიერთობა ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც გააგრძელეს.
„ნაციონალებს“ თავისი იდიოტიზმით დიდი დახმარება გაუწიეს „ქოცებმა“. არაერთ უცხოელ პოლიტოლოგს უთქვამს ჩემთვის, _ როგორ დავიჯერო, რომ ეს ორი პარტია ერთმანეთთან შეკრული არაა, „ქოცები“ თავისი შეცდომებით მათ ისეთ საჩუქრებს უკეთებენ, რაზედაც „ნაცები“ ვერც კი იოცნებებდნენო. ამ ფონზე მოხდა დასავლეთთან კულტურულ-სოციალური გაუცხოება. ამას დაემატა პატრონყმური დამოკიდებულება. ყველამ იცის, რომ ამერიკაში საქართველოს ელჩმა გეგეშიძემ თანამდებობა მხოლოდ იმიტომ დაკარგა, რომ გიორგი მარგველაშვილს ამერიკაში, როგორც პრეზიდეტს, ისე დახვდა. „ოცნებამ“ მას ეს არ აპატია.
_ კი მაგრამ, მარგველაშვილი პრეზიდენტად პირადად ბიძინა ივანიშვილმა არ დაასახელა?
_ საქმეც ეგ არის, რომ ივანიშვილმა დაასახელა. როგორ შეიძლებოდა, ამ ადამიანის პრეზიდენტად წარდგენა? ივანიშვილი გვეუბნებოდა, რომ ის იყო უალტერნატივო კანდიდატი.
_ მარტო ეს არ გვითხრა, ულტიმატუმი წაგვიყენა, თუ არ აირჩევთ, მე წავალო.
_ მეტიც, ივანიშვილმა გვითხრა, 60%-ზე ნაკლები თუ მიიღო, მეწყინება და საერთოდ წავალ საქართველოდანო. ასე აარჩევინა ხალხს მარგველაშვილი პრეზიდენტად. რამდენიმე თვეში კი გამოვიდა და თქვა, რომ მარგველაშვილის გამო იმედგაცრუებული იყო. კაციშვილი ხმის ამოღებას ვერ უბედავს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. დასავლეთთან ურთიერთობა მთლიანად წაგებულია. ამ ფონზე ძალიან უცნაური იყო გიგი უგულავას დაკავების ამბავი.
გავიხსენებ ისევ თომას ჰამერბერგს და მის განცხადებებს. ის ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ იმედს გამოთქვამდა, რომ ის სამართლიან გამოძიებას ჩაატარებდა და პასუხს აგებინებდა იმათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდა. ამის შემდეგ გამოვიდა ივანიშვილი და თქვა, რომ დასავლეთი მას უკრძალავდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დასჯას.
_ მართლა დასავლეთი უკრძალავდა სამართლიანობის აღდგენას?
_ არა, მას გარემოცვა ატყუებდა. იმ გარემოცვაზე მოგახსენებთ, რომელიც შემდეგ მას გაემიჯნა და ახლა ამსტერდამსა და კიევში დადის სააკაშვილთან შესახვედრად. გაგახსენებთ ლევან ბერძენიშვილის ერთ განცხადებას, ის ამბობს: „არ შეიძლება სააკაშვილის არათუ დაჭერა, არამედ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრაც კი. ამის გაკეთება არ შეიძლება იმის გამო, რომ სააკაშვილი გაცილებით პოპულარულია დასავლეთში, ვიდრე მთელი საქართველო“. მიშას წინააღმდეგ საქმე მაინც აღიძრა და ლევანიც გაჩუმდა. გაჩუმდა იმიტომ, რომ „ხაზეინმა“ ასე მოინდომა.
თინა ხიდაშელიც ძალიან აქტიური იყო, მაგრამ ისიც გააჩერეს. გახსოვთ, როგორ გააჩერეს? პროკურატურამ აღძრა საქმე. ამის შემდეგ თინა და დათო უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. იქიდან გამოსვლის შემდეგ ხიდაშელი მალევე წავიდა თანამდებობიდან. უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა.
ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო ჩამოეყალიბებინა, რომელთანაც არავის ექნებოდა კითხვები. ამ სასამართლოს უნდა შეესწავლა სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების საქმეები, მათ შორის, ბოკერიას, უგულავასა და კეზერაშვილის. ეს უკანასკნელი რატომ გაუშვეს, ამის შესახებაც მოგახსენებთ.
სამართლიან სასამართლოს რომ დაეწყო ამ საქმეების შესწავლა, დასავლეთი ამას გაგებით მოეკიდებოდა, მხარდაჭერაც იქნებოდა. ვერავითარი ლობისტები და „ნაცები“ საერთო სურათს ვეღარ შეცვლიდნენ. როდესაც წერტილოვნად და ეპიზოდურად იყენებ სამართლიანობის აღგენას, ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს. დავუშვათ, მართლა სამართლიანად გაუშვეს ახლა უგულავა ციხეში, ამას ხომ არავინ დაიჯერებს.
_ ამის არც საქართველოში სჯერათ და არც _ დასავლეთში.
_ ეს ძალიან ცუდია. გავიხსენოთ ივანიშვილის კიდევ ერთი განცხადება. მაშინ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო, ლაშა ნაცვლიშვილი კი _ მისი მოადგილე. ივანიშვილმა თქვა, _ რა ვქნათ, ლაშა ნაცვლიშვილს უწევს იმ საქმეების კეთება, რასაც არჩილ კბილაშილი ვერ აკეთებსო. რასაც აკეთებდა ნაცვლიშვილი, ეს მთელმა თბილისმა იცოდა.
_ ამ საქმეების გამო მოუწია მას, ერთი პერიოდი, საქართველოდან წასვლა.
_ ახლა დაბრუნდა და შალვა რამიშვილთან ერთად ივანიშვილის პარტიის მთავარი იდეოლოგია. „ხაზეინთან“ ძალიან არის დაახლოებული. პროკურატურა ხშირად მოქმედებდა პოლიტიკური დაკვეთით და ამიტომ აღარ არის ნდობა ამ უწყების მიმართ. ეჭვი არ მეპარება, რომ გიგი უგულავა სამართლიანად დააკავეს, მაგრამ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რომელიც პოლიტიკური ნიშნით აღსრულდა. უგულავაზე მახსენდება დათო უსუფაშვილის განცხადება, რომელიც მან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა. ის ამბობდა, _ გაოგნებული ვართ, ადეიშვილის კაბინეტში იმდენი ფოლდერი აღმოვაჩინეთ, სადაც გიგის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრულიო. რა თემაზეც ვსაუბრობთ, იმას არ ეხება, მაგრამ ძალიან საინტერესო ამბავია, თუ რატომ იქცეოდა ადეიშვილი ასე.
კვირაში ერთხელ უგულავას ერთ-ერთი მოადგილე, რომლის გვარსაც არ დავასახელებ, ზურაბ ადეიშვილთან მიდიოდა, სადაც მისგან იღებდა დავალებას, თუ რა უნდა გაკეთებულიყო მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში _ რა თანხა სად უნდა ჩარიცხულიყო და ა. შ. მას იქვე ბარდებოდა ანგარიში, თუ როგორ შესრულდა წინა კვირის დავალება. ასეთ დავალებებზე, რომელსაც ადეიშვილი იძლეოდა, შემდეგ საქმეებს აღძრავდა ხოლმე. ეს უძველესი პრაქტიკა გახლავთ და მას „ჩეკისტებიც“ ხშირად იყენებდნენ. ადეიშვილს, ფაქტობრივად, გამოჭერილი ჰყავდა უგულავა და ამ აღძრული საქმეებით მას ყველა დავალებას ასრულებინებდა.
_ თქვენ გვითხარით, რომ გვეტყოდით, როგორ გამართლდა კეზერაშვილი…
_ კი ბატონო. ამისთვის ისევ ივანიშვილის განცხადებები უნდა გავიხსენო, რომელიც მან გია ხუხაშვილის კომენტარებთან დაკავშირებით გააკეთა. ხუხაშვილი, თავის მხრივ, ამბობდა, მე მზად ვარ, ბიძინას ისევ შევხვდე, სიტუაცია რომ გადავარჩინოო. „ოცნების“ ლიდერმა ამაზე თქვა, _ გია ხუხაშვილს ჩემთან არანაირად არ აქვს ხმა ამოსაღებიო. გაგახსენებთ ხუხაშვილის ერთ ინტერვიუსაც, სადაც ის ამბობს, „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მე და უჩა მამაცაშვილი ვალაგებდით ურთიერთობას ბიზნესთანო. ისინი ერთ წელზე მეტი ალაგებდნენ ურთიერთობას ბიზნესთან. მერე ეს მარტო უჩამ გააგრძელა. რა ქვეყანაა ის, სადაც ორი კერძო პირი, ხუხაშვილი და მამაცაშვილი, ბიზნესთან ალაგებს ურთიერთობას. მე ეს არ მესმის. არ მესმის იმიტომ, რომ წესით, ბიზნესი სახელმწიფოსთან ურთიერთობას კანონმდებლობის მეშვეობით ალაგებს. ხუხაშვილის ნაამბობიდან ირკვევა, რომ ამ დალაგების პროცესში ისინი კეზერაშვილზე გავიდნენ. გაარკვიეს, რომ მისი საქმიანობა გადაბმული იყო დავით იაკობაშვილის საქმიანობასთან.
_ რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მილიარდერ დავით იაკობაშვილზეა საუბარი?
_ მაგ დავით იაკობაშვილზეა საუბარი. ის საკმაოდ გავლენიანი ადამიანი გახლავთ. ხუხაშვილმა განმარტა, ჩვენ ისე ვერ ვახლებდით ხელს კეზერაშვილს, რომ იაკობაშვილს არ მისდგომოდა ჩრდილიო.
_ ამის გამო არ ახლეს ხელი კეზერაშვილს?
_ გია ხუხაშვილის ვერსიით ასეა. ამის შესახებ მან საჯაროდ, ინტერვიუში ილაპარაკა. მე “პიქსელის” შენობის გვერდით ვცხოვრობ ვაკეში. პიქსელის შენობაში ბევრი ჩემი ნაცნობი მუშაობს. ისინი მომიყვნენ, რომ ერთხელაც, შევიდნენ ხუხაშვილი და მამაცაშვილი კეზერაშვილთან. ცოტა ხანში „კეზერა“ გამოვიდა კაბინეტიდან, დატოვა შენობა და წავიდა _ საფრანგეთში გაფრინდა. ამის შემდეგ საქართველომ მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. ფრანგებმა „კეზერა“ პარიზში დააკავეს. როგორც წესია, სასამართლო გაიმართა. ამ პროცესს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძეც ესწრებოდა. სასამართლოს შემდეგ გიორგი ამბობდა, როგორც ქართველმა, სირცხვილი ვჭამე და სასამართლოს მიმდინარეობისას არ ვიცოდი, სად დავმალულიყავიო.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლემ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელს მიმართა და შემდეგი რამ უთხრა: ეს ადამიანი დავაკავეთ თქვენი მოთხოვნით, კანონის შესაბამისად. ახლა თქვენ უნდა წარმოადგინოთ რამე მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი პატიმრობაში დარჩეს. თქვენ დღემდე არაფერი გაქვთ წარმოდგენილი და დღესაც თუ არ წარმოადგენთ, მაშინ იძულებული გავხდები, ჩემს ცხოვრებაში პირველად ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გავათავისუფლოო.
საქართველოს პროკურატურამ, ბუნებრივია, არაფერი წარადგინა და მოსამართლემ „კეზერა“ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მის განთავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვა, რომ „კეზერას“ სახელზე მილიარდ-ნახევარი დოლარი იყო გაფორმებული. როგორც კი ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა, მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს წერილი გაუგზავნა, სადაც სწერდა, რომ კეზერაშვილი არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის მთავარი დამფინანსებელი, ეს პოლიტიკური დევნაა, გთხოვთ, მიიღოთ ზომები, რომ ის პატიმრობიდან განთავისუფლდეს. აღნიშნული წერილი ფრანგულმა პრესამაც გამოაქვეყნა.
_ ამ წერილის გამო გაათავისუფლეს კეზერაშვილი ფრანგებმა?
_ ამ წერილმა ცხადია, არ გაჭრა. გაჭრა იმან, რომ საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ წარადგინა. რატომ წარადგენდნენ? _ მათ შორის ყველაფერი დალაგებული ყოფილა. გია ხუხაშვილი ასე ამბობს.
_ ისევ „ოცნებისა“ და დასავლეთის ურთიერთობებს დავუბრუნდეთ, თქვენი ნაამბობიდან თუ ვიმსჯელებთ, მმართველი პარტია ამ მიმართულებით იმიტომ არ მუშაობს, რომ ეს „ხაზეინს“ არ უნდა, სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი?
_ ესეც არის მიზეზი, მაგრამ სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანია. „ოცნების“ შემადგენლობა ისეთია, რომ კულტურულ-სოციალურად დასავლეთს ვერ ეწყობა. აქ მარტო ენის უცოდინარობა არაა პრობლემა. როცა კულტურულ-სოციალურად მისი ნაწილი ხარ, იქ თარჯიმანის მეშვეობითაც მშვენივრად დაამყარებ ურთიერთბას. მაგალითად, შევარდნაძე არასდროს ლაპარაკობდა ინგლისურად. ენა ესმოდა, მაგრამ უცხოელებთან ყოველთვის თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობდა. ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტთან შეეძლო დალაპარაკება. თან ისე დაელაპარაკებოდა, რომ ისინი ამბობდნენ, შევარდნაძე ჩვენ შორის ყველაზე კომპეტენტური ადამიანიაო.
„ოცნებაში“ ასე არ არის. როცა კოლექტიური იდიოტიზმია სახეზე, იქ ვერაფერს გახდები. ფაქტობრივად, „ოცნებაში“ გამოქვაბულის ქალებთან და კაცებთან გვაქვს საქმე. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თალაკვაძე და მდინარაძე განცხადებებს რომ გააკეთებენ, როგორ გინდა, უცხოელები დააჯერო, რომ ერთი მათგანი პარლამენტის თავმჯდომარეა, ხოლო მეორე _ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
მათ ჰაბიტუსსა და ლაპარაკის მანერას რომ შეხედავენ იტყვიან, რომ ისინი ხელის ბიჭები არიან, რომლებიც დავალებაზე გამოაგზავნეს მათთან. ბოსებს ახვევია ხოლმე ასეთი ხალხი გარშემო. სააკაშვილის ხელისუფლებაში იყვნენ სადისტები, მაგრამ ის გუნდი სხვანაირი იყო. ამ გუნდიდან ძალიან ბევრს უპრობლემოდ შეეძლო უცხოელებთან დალაპარაკება.

შორენა მარსაგიშვილი