გურამ ჩალაგაშვილი: „ივანიშვილმა იფიქრა, რომ ირაკლის ხალხის აყოლიება შეუძლია და ოქრუაშვილი ციხეში ამიტომაც გაუშვა!“

„შემდეგ სერიაში მიშა ჩამოდის და, გუბაზთან ერთად, ზურგზე თაფლწასმული, შუშის სასახლესთან დაჯდება. ბოლო სერიაში ადვოკატი თადუმაძე იცავს ბრალდებულ ივანიშვილს მოსამართლე მურუსიძის წინაშე“, _ ამ სიტყვების ავტორი პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილია. საერთოდ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი „მატროსოვიდან“ საზოგადოებას სოციალური ქსელით ეკონტაქტება. სწორედ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული სტატუსით თუ ვიმსჯელებთ, ოქრუაშვილს ციხეში შესაძლოა, რამე „გაუჩალიჩონ“. ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიას თავად უშვებს.

„ასლან აბაშიძეს თენგიზ ასანიძე რომ ჰყავდა გამოკეტილი დილეგში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ალბათ, ბევრს გახსოვთ. ისტორია მეორდება: უგულავას საქმეზე. 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა 9 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება.
9 თვე 24 აპრილს გამდის. ჯერ ეს ვადა არ გასვლიათ და ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ და პროკურატურამ უკვე წინასწარ გამოაცხადა, რომ ჩემთან დაკავშირებით თავზე გადაიხევენ კონსტიტუციასაც და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ახალ 9-თვიან ვადასაც დამიმატებენ მეორე საქმეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე საქმის 9-თვიანი ვადა რომ გაუვათ აგვისტოში, ახალ ბრალს წამიყენებენ და კიდევ ახალ 9-თვიანს ამითვლიან.
ასე ვიჯდები, სანამ ივანიშვილი იქნება.
ლოგიკური კითხვა ვისაც გაგიჩნდათ, _ რა იცი, იქნებ, მანამდე მოგისაჯონო? _ გეტყვით: გვარამიას, ხაზარაძესა და სხვების საქმეებისგან განსხვავებით, რომლებსაც კონვეიერულად იხილავენ, „გავრილოვის საქმის“ ჩემმა მოსამართლემ 29 იანვრის სხდომა ჩაშალა და გამოაცხადა, შვებულებაში გავდივარო. თებერვალში მხოლოდ ერთი პროცესი ჩანიშნა, ისიც იმისთვის, რომ პატიმრობა გამიგრძელოს. ფაქტია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოაქვს, გამამართლებელს ვინ გამოატანინებს და საქმე თაროზე შემოდო ისე, რომ 7 თვე სულ ტყუილად გამომკეტა.
რაც შეეხება მეორე საქმეს, 200-მოწმიან საქმეს აგვისტომდე ჩრდილოეთ კორეაშიც ვერ დაამთავრებენ. ასე რომ, ველოდები ახალ ბრალს და ახალ 9-თვიანს აგვისტოში. ძველი აღარაფერი დარჩათ და წესით, აქ, ციხეში უნდა „მიჩალიჩონ“ რამე ახალი, არჩევნების დღეს გარეთ რომ არ ვიყო. ისტორია მეორდება. ასე მივიდა ივანიშვილი გასაოცარი დემოკრატობიდან ასლან აბაშიძემდე“, _ ნათქვამია ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაში, რომელიც მის პირად ფეისბუქგვერდზე 9 თებერვალს გამოქვეყნდა.

რატომ ეშინია ივანიშვილს ოქრუაშვილის და დაუშვა თუ არა შეცდომა ოპოზიციამ, როცა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის დაპატიმრებაზე ზომაზე მეტად არ აიმაღლა ხმა? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გურამ ჩალაგაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გურამ, ამ თემაზე სხვა დროსაც გისაუბრიათ, მაგრამ მაინც გკითხავთ: ოპოზიციას ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერაზე უფრო დიდი აჟიორტაჟი რომ აეტეხა, დღეს ის ვითარება მაინც გვექნებოდა, რაც გვაქვს, ანუ ხელისუფლება გიგი უგულავას მესამედ დააპატიმრებდა და საციხედ ნიკა მელიასაც გაამზადებდა?
_ გეთანხმებით.
_ უფრო კონკრეტულად?
_ კი ბატონო, უფრო მეტი აქტიურობა და მეტი მოთხოვნა იყო საჭირო. საერთოდ, მაშინ, როცა ირაკლი დაიჭირეს, „გამარჯვებული საქართველო“ საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერი არ იყო _ დიპკორპუსთან სულ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა გამართული.
მოკლედ, ის აჟიოტაჟი, რაც გიგი უგულავასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორად ატყდა, მაშინაც რომ ყოფილიყო, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მეტად დაფიქრდებოდა და, ალბათ, გიგისაც არ დააკავებდა, მაგრამ ამ ხელისუფლებაში, პრაქტიკულად, არ არსებობს ადამიანი, რომელიც მივა და ბიძინა ივანიშვილს ეტყვის, დასავლეთისთვის ასეთი შეურაცხყოფის მიყენება სწორი არაა და არ უნდა გააკეთოო. აქედან გამომდინარე, არც ის არის გამორიცხული, რომ ოქრუაშვილზე აჟიოტაჟი რომც ატეხილიყო, „ოცნება“ მაინც იმას გააკეთებდა, რასაც ახლა აკეთებს.
10 მარტს ნიკა მელიას სასამართლოა და გამოჩნდება, „ოცნებაში“ ვინმე მოაზროვნე დარჩენილია თუ არა. თუ ყველაფერზე უარი თქვეს და გამართლებული ადამიანი, ბიძინას ბრძანების გამო, მაინც დააკავეს, მაშინ ეს ყველაფრის წერტილი იქნება!
_ „ოცნებაში“ აზრი რომ არავის მოეკითხება, ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ ნათქვამია, ადამიანი შეცდომებზე სწავლობსო. ჰოდა, ოპოზიციაც სხვა თემებს უნდა მოეშვას და მთავარ ამბად უგულავას დაჭერა და მელიას შესაძლო დაკავება აქციოს. ყოველ შემთხვევაში, მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ასე ვფიქრობ. ვცდები?
_ არა და სრულიად გეთანხმებით.
ისე, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ აი, მაგალითად, ნიკა მელია, იგივე ელენე ხოშტარია თუ რომან გოცირიძე ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერიდან მოყოლებული, ამ თემაზე ყველა საჯარო გამოსვლისას საუბრობენ და ამბობენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი უკანონო პოლიტპატიმარია.
_ დანარჩენი ოპოზიციონერები, თქვენი აზრით, რატომ დუმდნენ? ეგონათ, რომ ეს აქლემი მათ კართან არ დაიჩოქებდა?
_ ვერ გეტყვით. ზოგადად, გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად იღებს.
_ მესმის და გადაწყვეტილების ეს „ინდივიდუალური მიღება“ ოპოზიციას შესაძლოა, უფრო ძვირი დაუჯდეს! ისე, ბატონო გურამ, ზოგი იმასაც ამბობს, რომ „ანტიოცნებელებს“ საპროტესტო აქცია 4 აპრილსთვის კი არა, მანამდე უნდა დაენიშნათ. 4 აპრილამდე ლამის თვე-ნახევარია და მითხარით, აქციისთვის მაინცდამაინც ეს თარიღი რატომ შეარჩიეთ? ამხელა დრო იმისთვის გჭირდებათ, რომ ხალხის მობილიზება მოახდინოთ?
_ აქცია მხოლოდ აქციისთვის არ არის.
_ აბა, რისთვისაა?
_ აქციას მომზადება სჭირდება. აი, ახლაც ბათუმში ვარ. აქ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც არიან. მოსახლეობას ვხვდებით. მოკლედ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ: 4 აპრილამდე ყველანი რეგიონებში გავიშალოთ და მოსახლეობასთან მაქსიმალურად ვიმუშაოთ.
_ ეს „მუშაობა“ რას მოიცავს?
_ ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ამოსავალი წერტილი მხოლოდ 4 აპრილი არ არის, ანუ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, დღეს ქვეყანაში რა ხდება _ პრაქტიკულად, უფსკრულისკენ მივდივართ, თუ ერთად არ დავდგებით და ხმას არ ამოვიღებთ, 2020-ის არჩევნების შემდეგაც ხელისუფლებაში ისევ ივანიშვილი დარჩება. ამასთან, საქართველოში ერთ საღად მოაზროვნე ადამიანსაც აღარ დაედგომება.
ერთი სიტყვით, 4 აპრილს მოსახლეობა აბსოლუტურად ყველაფერს, ანუ იმას გაიგებს, გაერთიანებული ოპოზიცია როგორ და რას აპირებს, რათა ივანიშვილის რეჟიმი დაამარცხოს!
_ ე. ი., 4 აპრილის აქცია დიდი საპროტესტო ტალღის ერთგვარი რეპეტიცია იქნება?
_ 4 აპრილამდე პიკეტირებაც იქნება, სირცხვილის დერეფნები და ის ყველაფერიც, რაც აქამდე ხდებოდა. 4-ში კი მასშტაბური აქცია გაიმართება, რომელიც შინაარსობრივად მნიშვნელოვანი იქნება.
_ ბატონო გურამ, 4 აპრილის აქციაზე ოპოზიცია კონკრეტულ მოთხოვნებს წამოაყენებს თუ, უბრალოდ, ხალხს სამოქმედო გეგმას გააცნობს?
_ აბსოლუტურად ყველაფერი იქნება _ მოთხოვნაც და სამოქმედო გეგმაც. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ დღეს ყველა გაიგებს, რას ვაპირებთ, მაგალითად, 5, 6 თუ 7 აპრილს, ანუ მანამ, სანამ არჩევნები არ დაინიშნება.
_ კულუარებში დადის ხმა, რომ ივანიშვილი საკუთარი თანაგუნდელების დაჭერას გეგმავს. ჰოდა, თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება და ხელისუფლება იტყვის, მხოლოდ ოპოზიციონერებს კი არა, აი, ჩემს იმ თანაგუნდელებსაც ვიჭერ, რომელთაც ხალხის ფული შეჭამესო, საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში რას იზამთ?
_ რა უნდა გავაკეთოთ? _ ჩვენს გეგმას გავაგრძელებთ.
_ როგორ?
_ „ოცნებამ“ თავადაც კარგად იცის, რომ კორუფციაში თავითაა ჩაფლული _ აბსოლუტურად ყველგან კორუფციაა. დიახ, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი თანამდებობის პირი იმაზეა გადასული, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვოს, რადგან ყველამ იცის, რომ 2020-ის არჩევნების შემდეგ აღარ დაედგომება და ძალიან ბევრ მათგანს პასუხისგება მოუწევს.
ერთი სიტყვით, თუ „ოცნება“ ორ და სამ მაღალჩინოსანს დაიჭერს და იტყვის, ნწ-ნწ-ნწ, თურმე, ფულს აკეთებდაო, კი ბატონო, ყველამ, ვინც სახელმწიფოს ფულს ჭამს, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ირაკლი ოქრუაშვილს, კობა კოშაძეს, ბაჩო თამლიანს, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას არაფერი დაუშავებიათ. ისინი პოლიტპატიმრები არიან _ ციხეში მხოლოდ იმის გამო ჩასვეს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ეწინააღმდეგებიან. რომელიმე კორუმპირებული მაღალჩინოსნის დაკავება ყველაფერ ამის საპირწონე ვერ იქნება. „ოცნების“ ნათქვამს, აი, ჩემებსაც ვიჭერო, არავინ დაიჯერებს და გულსაც ვერავინ მოიფხანს. ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ადამიანმა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ჭამს და ხალხის ფულით საკუთარ ჯიბეებს ივსებს, ცხადია, პასუხი უნდა აგოს!
_ გეთანხმებით, რომ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და პასუხი ნებისმიერმა დამნაშავემ უნდა აგოს, მაგრამ გამორიცხულია, რომ 4 აპრილამდე ოპოზიციის შიგნით ერთგვარმა ბუნტმა იფეთქოს? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პირველი მარტიდან, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მისი პირადი შტაბი დაიწყებს ფუნქციონირებას. ბატონო გურამ, იმ დროს, როცა ოპოზიციის ყველა ლიდერი ერთიანობაზე საუბრობთ, სააკაშვილი, თქვენი აზრით, ცალკე შტაბს რატომ ქმნის?
_ სააკაშვილმა ის თქვა, რაც თქვა, თუმცა ამ შტაბის შექმნა იმ ერთობას, რომელიც ლეიბორისტების ოფისში არსებობს, ხელს საერთოდ არ უშლის. მეტიც, ამ შეხვედრებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ესწრებიან ხოლმე.
სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ზემოხსენებული განცხადება გააკეთა, ამ შეხვედრებზე ეს შტაბი არავის უხსენებია და უთქვამს, გინდა თუ არა, ახლა იმ შტაბში უნდა წავიდეთ და საუბარი იქ გავაგრძელოთო.
ოპოზიციის გაერთიანების ადგილი და შტაბი ლეიბორისტების ოფისშია, სადაც იმაზე შევთანხმდებით, რომ ოპოზიციას მაჟორიტარების ერთიანი კანდიდატები ჰყავდეს. თუ ის საარჩევნო სისტემა დარჩა, რომელიც ახლაა, აი, მაგალითად, მე, გურამ ჩალაგაშვილი, რომელიმე ოლქში შეიძლება, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს პარტიას ჩვენი მინიშტაბი არ გვექნება.
_ პარტიებს მინიშტაბები რატომღა უნდა გქონდეთ?
_ მაჟორიტარობის გაერთიანებული კანდიდატი სხვა რამეა, პარტიული სია და პარტიისთვის ხმების მოზიდვა კი _ სხვა.
_ ანუ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხსნის?
_ ვერ გეტყვით. ეს თავად ბატონმა სააკაშვილმა უნდა ახსნას.
_ ასეა თუ ისე, მესამე პრეზიდენტის ამ განცხადებამ მხოლოდ ოპოზიციაში კი არა, ხელისუფლებაშიც დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ „ძალა ერთობაშიას“ წევრია და 2018 წელს იმ დეკლარაციასაც მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, „ძალა ერთობაშიას“ წევრი პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გამოვლენ. არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ პირადად მე მგონია, რომ ზემოხსენებული განცხადებით სააკაშვილმა ახალი ფრონტი გახსნა.
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით. „ძალა ერთობაშიას“ ყველა წევრი პარტიის ლიდერი ლეიბორისტული პარტიის ოფისში ჩვენთან ერთად ზის, აბსოლუტურად კონსტრუქციული და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება, ბევრ რამეზე ვკამათობთ, მაგრამ, საბოლოოდ ჯამში, ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომელიც ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმის დასამარცხებლად უკეთესი იქნება. ამ შეხვედრებზე სხვა თემებზე საუბარი არასოდეს ყოფილა, თუმცა ყველა პარტიას თავისი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, ანუ ყველა პარტიას თავისი ნომერი ექნება და ყველამ თავის პარტიულ ხმებზე უნდა იმუშაოს. ამასთან, მაჟორიტარების გაერთიანებულ კანდიდატებზეც უნდა ვიმუშაოთ და ეს კანდიდატი შეიძლება, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი იყოს.
_ ყველამ კარგად ვიცით, რომ ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება და ეს აქსიომა მიხეილ ქარელის ქმედებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა _ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, რობაქიძის საქმეში, ოქრუაშვილის წინააღმდეგ, გამოძიების „ოქროს მოწმეა“. თქვენი ინფორმაციით, ქარელი „ოქროს“, რომელმაც „კაცად აქცია“, რატომ გადაემტერა?
_ იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა მათ შორის დაპირისპირება, ჩემი მხრიდან საუბარი სწორი არ იქნება.
_ რატომ?
_ ეს ორი ადამიანის ურთიერთობაა. მოვა დრო, როცა ირაკლი თავისუფლებაზე იქნება და თუ სურვილი გაუჩნდება, წარსულზე ილაპარაკოს, თავად იტყვის, ქარელს ურთიერთობაში რა შეეშალა და რა დააშავა.
რაც შეეხება „ოქროს მოწმეობას“, დამერწმუნეთ, რომ ქარელი ვერანაირი „ოქროს მოწმე“ ვერ იქნება, რადგან ის აბდაუბდა, რაც დაუწერეს და რაზედაც ხელი მოაწერა, არ მგონია, ვინმესთვის მნიშვნელოვანი იყოს.
_ ამ ე. წ. ჩვენებაში ქარელი მაინც რას წერს?
_ ქარელი დამატებითი, ე. წ. მესამე მოწმეა, რომელიც ამბობს, რომ 15 წლის წინათ, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, სადღაც საქეიფოდ იყო. ქარელი ამბობს, რომ ირაკლის ტელეფონმა, რომელიც მაგიდაზე იდო, დარეკა და ეკრანზე „ზურა ადეიშვილი“ დაიწერა. ამის შემდეგ, როგორც ქარელი ჩვენებაში წერს, ირაკლიმ ტელეფონს უპასუხა, აივანზე გავიდა და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა. სხვათა შორის, ქარელს არ ახსოვს, სად ქეიფობდნენ _ ვინმეს ოჯახში, რესტორანში თუ კაფეში. ასევე არ ახსოვს, მის და ოქრუაშვილის გარდა სუფრასთან კიდევ ვინ იჯდა. სამაგიეროდ, ახსოვს, რომ ირაკლის ტელეფონმა დაურეკა, აივანზე გავიდა და ზურა ადეიშვილს ესაუბრა. უკან შემობრუნებულმა კი განაცხადა, აი, რაღაც მოხდა, დავალება გავეცი, რომ ყველაფერი რიგზე იყოს და პატრულის იმიჯი არ შეილახოსო. ბავშვები არავინ ვართ და შეუძლებელია, ეს წარმოუდგენელი სისულელე ვინმემ დაიჯეროს!
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ გამორიცხავთ, რომ ქარელის სცენარი ოპოზიციის სხვა წევრებზეც გათამაშდეს, ანუ ამ ოპოზიციური ერთობის რომელიმე წევრმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დაიწყოს?
_ სხვათა შორის, რობაქიძის საქმეზე დონაძემ და მიქაძემ საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ჩვენებები მისცეს, თუმცა როგორც ჩემთვის ცნობილია, მათთან საპროცესო გარიგება, ჯერჯერობით, გაფორმებული არაა და პროკურატურის წარმომადგენლებს, ასე ვთქვათ, ემუქრებიან, თუ ციხიდან დროულად არ გამოვლენ, მაშინ სიმართლეს, ანუ იმას იტყვიან, რომ რობაქიძის საქმეში ოქრუაშვილი დამნაშავე არაა.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, გამორიცხული და წარმოუდგენელია, რომ იმ ადამიანებიდან, რომლებიც ერთ მაგიდასთან ვსხედვართ, რომელიმემ ირაკლი ოქრუაშვილის ან გიგი უგულავასა თუ ნიკა მელიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს! ამაში დარწმუნებული ვარ და თუ თქვენ რამე ინფორმაცია გაქვთ, მითხარით და შევეცდები, გიპასუხოთ.
_ ბატონო გურამ, ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არ მაქვს, თუმცა ადამიანები ბოლომდე საკუთარ თავსაც არ ვიცნობთ და სხვაზე თავს ვერ დავდებთ.
_ კი ბატონო, თავს ვერავისზე დავდებთ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი რამ არ უნდა მოხდეს!
_ ღმერთმა ქნას! ბატონო გურამ, ვიდრე საუბარს დავასრულებთ, კიდევ ერთ თემას უნდა შევეხო: გასაგებია, რომ ოქრუაშვილის დაჭერამ „გამარჯვებული საქართველოს“, როგორც პარტიის განვითარება, შეაფერხა, მაგრამ ლელა ჯეჯელავა, გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი ამ გუნდის წევრები, როგორც ვიცი, აღარ არიან. რატომ, რა მოხდა?
_ არაფერი მომხდარა. პარტია არც ლელას დაუტოვებია, არც _ გუბაზს და არც _ ვალერის.
_ დიახ, მართალი ხართ _ პარტიას ვერც დატოვებდნენ, რადგან წევრებიც არ იყვნენ, ანუ მოძრაობის დამფუძნებლები არიან და პარტიაში არ შემოვიდნენ. რატომ?
_ ისინი საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან. პარტია კი, თუ არ მეშლება, სექტემბერში დარეგისტრირდა და ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამის მიზეზი რა იყო, თავად მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენ ისევ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.
_ თქვენსა და კოტე კემულარიას გარდა, „გამარჯვებულ საქართველოში“ კიდევ ვინ ხართ?
_ ანა რეხვიაშვილი, გოჩა მამაცაშვილი და კიდევ ბევრი სხვაცაა, თუმცა ნაწილი უფრო მეტად ჩანს, ნაწილი _ ნაკლებად. ყველა თავის საქმეს აკეთებს. ნელ-ნელა მომხრეებიც გვიერთდებიან და ვცდილობთ, რომ გავძლიერდეთ.
სხვათა შორის, იმან, რომ მოძრაობის ჩამოყალიბებიდან, პრაქტიკულად, ერთ კვირაში ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს, იმ მომხრეებზე, რომლებიც ჩვენთან ყოფნას აპირებდნენ, ცხადია, იმოქმედა, მაგრამ არა უშავს _ ასეთი იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება!
_ ისე, პოლიტიკურად გააქტიურდა თუ არა, ყველა ელოდა, რომ ოქრუაშვილს დააკავებდნენ და თქვენს გუნდს ეს რისკები გათვლილი არ ჰქონდა?
_ სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ირაკლისთან საუბარი მქონდა.
_ მერე, რა გითხრათ?
_ დაკავებას გამორიცხავდა.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ იყო?
_ იცოდა, არაფერი ჰქონდა დაშავებული და ნამდვილად არ ეგონა, რომ თითიდან გამოწოვილი ბრალდებით დააკავებდნენ, მით უმეტეს, რომ მანამდე დაკავებული არავინ ყოფილა. 20 ივნისის ღამე კი შემთხვევით მოხდა. მოკლედ, ირაკლი, ასე ვთქვათ, პირველი მერცხალი იყო, რომელსაც უცებ ეცნენ და მხოლოდ იმის გამო დაიჭირეს, რომ ივანიშვილს მისი ეშინია და არ უნდა, ოპოზიციის ლიდერი იყოს.
_ ივანიშვილს ოქრუაშვილის რატომ ეშინია?
_ ირაკლი ჩემი მეგობარია და რასაც ვიტყვი, მკითხველმა შეიძლება, სუბიექტურად ჩათვალოს, მაგრამ შევეცდები, ობიექტური ვიყო.
მოკლედ, ივანიშვილს ირაკლის იმიტომ ეშინია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეფორმატორია და ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ერთ-ერთი წარმატებული იურისტი და ადვოკატი იყო. ამასთან, საკმაოდ ძლიერი და ქარიზმატული პიროვნებაა, ასევე ძლიერი მენეჯერიცაა _ ყველას კარგად ახსოვს, რომ საპატრულო პოლიცია ირაკლის შს მინისტრობის დროს შეიქმნა.
ოქრუაშვილის ყველაზე დიდი რეფორმა კი ქართული ჯარია. მანამდე ჯარი ფურცელზე არსებობდა, მაგრამ ის, რომ ფეხზე დადგა და ჯარისკაცებს ნორმალური ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და ხელფასი ეღირსათ, სწორედ ირაკლის თავდაცვის მინისტრობას უკავშირდება!
ამ ადამიანს საქმის კეთებისა და რეფორმების ნიჭი აქვს. 2007-08 წლებში ირაკლის რეიტინგი ყველაზე მაღალი იყო და ყველაფერი ეს ივანიშვილისთვის შემაშფოთებელია.
მოკლედ, ვიდრე ირაკლი პოლიტიკურად გააქტიურდებოდა, ივანიშვილი თვლიდა, რომ ისეთი ლიდერი, რომელიც ხალხს აიყოლიებდა, არ არსებობდა. სააკაშვილი კი საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა, რადგან დაიჭერდნენ. მან ჩათვალა, რომ ოქრუაშვილს ხალხის აყოლიება შეუძლია და ციხეში სწორედ ამიტომაც გაუშვა, თუმცა მანამდე, ერთი კვირით ადრე, მისი უახლოესი მეგობარი _ ყოფილი მძღოლი და დაცვის წევრი დაიჭირა, რომელსაც იარაღი ჩაუდეს. არადა, ამ იარაღზე არც დნმ-ია და არც _ ანაბეჭდი. ეს იყო ნიშანი და ასევე შემოთვლა, რომ თუ ირაკლი საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა, კობა კოშაძე ციხეში ცოტა ხანს ეყოლებოდათ და მერე გამოუშვებდნენ, მაგრამ თუ ირაკლი დაბრუნდებოდა, მაშინ მასაც დაიჭერდნენ. ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ზუსტად ექვსი დღის შემდეგ დააკავეს!
_ ბოლოს, ბატონო გურამ, დარწმუნებული ხართ, რომ წელს „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა?
_ დიახ, ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ! _ ოპოზიციის ერთობით არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდება და ახალ პარლამენტში „ოცნება“ უმცირესობის უმცირესობაში იქნება _ ბევრი-ბევრი, პარლამენტში 15-20 ადამიანი ჰყავდეს!
წელს ხელისუფლებაში ახალი ეროვნული და კოალიციური მთავრობა მოვა, რომელიც შეძლებს, რომ ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოათრიოს! ჩვენ ადამიანებს იმას კი არ ვეტყვით, ხომ ხედავთ, ვერ გასაქმებთ და არიქა, გერმანიაში წადითო. სხვათა შორის, ასეთი რამ მოსახლეობისთვის ივანიშვილამდე არავის უთქვამს. ჩვენ ყველას ვეტყვით, რომ საქართველოში დაბრუნდეს. არავის ნიჭი, ცოდნა და გამოცდილება დასაკარგი არაა.
პირველ რიგში, სამართალდამცველი სტრუქტურები უნდა გასუფთავდეს, დავალების შესრულების სურვილი აღარავის უნდა ჰქონდეს და მოსამართლეებიც ობიექტურები უნდა იყვნენ!
ჯანდაცვასთან ერთად განათლებასაც პრიორიტეტულს გავხდით, რადგან განათლების დონით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. როცა ქვეყანაში განათლებული ადამიანები იქნებიან და ბიზნესზე ზეწოლა და რეკეტიც აღარ იარსებებს, რა თქმა უნდა, ინვესტორებიც ისევ შემოვლენ, ხალხი დასაქმდება და ანაკლიის პორტიც აუცილებლად აშენდება!

გიორგი აბაშიძე