ღარიბი საქართველოს შემაძრწუნებელი რეალური ამბები

ქვეყანაში არსებულ უკიდურეს გაჭირვებაზე „ქრონიკა+“-ს არაერთხელ დაუწერია. მართალია, ხელისუფლება ირწმუნება, რომ ხალხი სიღარიბის პირას არ ცხოვრობს, მაგრამ „მეოცნებეების“ ეს განცხადება ჩვეულებრივი ბლეფია და მეტი არაფერი. იმის დასამტკიცებლად და საილუსტრაციოდ, რომ მმართველი გუნდი იტყუება, ჩვენი გამოცემა გაჭირვებული ოჯახების შესახებ კიდევ ერთხელ მოგიყვებათ, უფრო სწორად, „ქრონიკა+“ მხოლოდ მშრალ ფაქტებს გამოიტანს სააშკარაოზე და დასკვნების გაკეთებას მკითხველს მიანდობს! მაშ, ასე: ქალბატონებო და ბატონებო, ყველამ ერთად გავუსწოროთ თვალი ღარიბი საქართველოს უსასტიკეს რეალობას!


შენობას, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, სახლი პირობითად ჰქვია იმიტომ, რომ სახურავი ქარისგანაა მოგლეჯილი. მართალია, სახლი რამდენიმეოთახიანია, მაგრამ ცხოვრება მხოლოდ ორ ოთახში შეიძლება, ანუ ქარისა თუ წვიმისგან თავის დაცვა ოჯახის წევრებს მხოლოდ ამ ორ ოთახში შეუძლიათ.
ბავშვებს, რომლებიც უფერულ დღეებს ამ ე. წ. სახლში ატარებენ, უმძიმესი სოციალური პირობების მიუხედავად, მომავლის იმედი აქვთ და იმისიც სჯერათ, რომ ერთ დღესაც ყველაფერი ისე იქნება, როგორც ზღაპრებშია _ გამოჩნდება ვინმე კეთილი ბიძია ან დეიდა და მათ გაუსაძლის ყოფას აუცილებლად შეცვლის.
„ძალიან გვინდა, რომ დედიკო და მამიკო მშივრები არ იყვნენ და თავის პურის ნაჭერს ჩვენ არ გვინაწილებდნენ… გვინდა, ვინმე მოვიდეს და იმდენი პროდუქტი მოგვიტანოს, რომ ყველას გვეყოს და აღარ გვშიოდეს“, _ ამბობენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები პატარები და დასძენენ, რომ მათ მეზობლები ეხმარებიან!
ამ და-ძმის მსგავსად, საქართველოში, მინიმუმ, 40 ათასი ბავშვია ანალოგიურ პირობებში. აი, მაგალითად, 26 წლის ნატოც (გვარს, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროებთ), სამ შვილს მარტო ზრდის:
„ქმარმა მაშინ მიმატოვა, როცა მესამე შვილი შემეძინა… ნათესავები არ მყავს, დახმარებას არსაიდან ვიღებ, ბავშვებს შიათ, ვერ ვყიდულობ წამლებს… ისეთი სასოწარკვეთილი ვარ, რომ თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობ, მაგრამ ჩემი შვილები ვის დავუტოვო?“ _ ამბობს ახალგაზრდა მრავალშვილიანი დედა, რომელსაც საკუთარი ჭერიც არ აქვს _ ის, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს.


კიდევ ერთ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე ამას წინათ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.
„ხანძრის ან წყალდიდობის შემთხვევაში საეჭვოა, აქ ვინმე გადარჩეს. აქ 6 ქართველი ცხოვრობს, რომელთა შორის ერთი მძიმე ავადმყოფი ბავშვია… რომ არა დედის მიერ ორსულობაში გადატანილი ვირუსი, ლიზი ჯანმრთელი იქნებოდა. არადა, ამ ოჯახში მესამე ქალიშვილის დაბადებას მოუთმენლად ელოდნენ“, _ წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
„ის ჩვენი პრინცესა იქნება, ვეთამაშებით და ლექსებს ვასწავლით“, _ ამბობდნენ თამარი და თინიკო, მაგრამ დიდი სიხარული დიდმა მწუხარებამ და უბედურებამ შეცვლა _ პატარა ცერებრული დამბლის მძიმე ფორმით და თანდართული ეპილეფსიით დაიბადა.
„ორსულობის პერიოდში გრიპი შემხვდა, ორი დღე სიცხე მქონდა… ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ეს, შესაძლოა, პატარას ჯანმრთელობაზე ასახულიყო… საშინელებაა, უყურო, როგორ იტანჯება შენი შვილი, შენ კი დახმარების საშუალება არ გაქვს! ამას არც ერთ დედას არ ვუსურვებ“, _ ამბობს 9 წლის ლიზის დედა.
ლიზის არ ესმის და ვერ ხედავს. მაშინ, როცა ტკივილი აწუხებს, ყვირის…
„ოჯახში ექვსნი ვართ _ მე, ჩემი მეუღლე, რომელიც დილიდან საღამომდე სამუშაოს ძებნაშია, რათა კაპიკები იშოვოს… 82 წლის ინვალიდი ბაბუა და 14 წლის თამარი, 11 წლის თინა და 9 წლის ლიზი. ვიღებთ შემწეობას 320 ლარის ოდენობით. ბაბუის პენსია 200 ლარია და ამას კიდევ ლიზის ინვალიდობის 200 ლარიც ემატება. 2 წლის წინ, როცა ლიზი ძალიან ცუდად გვყავდა, მის სამკურნალოდ საპენსიო კრედიტი გამოვიტანეთ, 3 წლის ვადით.
ახლა ბაბუისა და ლიზის პენსიებიდან მხოლოდ 50-50 ლარს ვიღებთ… აი, სულ ესაა ჩვენი შემოსავალი. ამას ემატება ასიოდ ლარი თვეში, რომელსაც ჩემი ქმარი გამოიმუშავებს.
წამლებს, რომელსაც ლიზი ყოველდღე მოიხმარს, თვეში 400 ლარამდე სჭირდება, ამას დაუმატეთ პამპერსი… ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასე ცხოვრება შესაძლებელია. ბოროტი არ ვარ, მაგრამ ვუსურვებ, რომ თუნდაც ერთი კვირა ჩემს დღეში იყვნენ… ჩემს უფროს შვილებს ბევრჯერ უარიც კი უთქვამთ საჭმელზე, რათა ლიზის წამალი არ მოკლებოდა… რამდენი რამის მოთმენა და გადატანა უხდებათ ბავშვებს!
ხანდახან ლიზიზე მეტად თამარი და თინიკო მებრალებიან… ლიზის არაფერი ესმის, მისთვის მთავარია, მშრალად იყოს და დროულად მიიღოს საკვები! თამარსა და თინას კი რა პასუხი უნდა გავცე? ისინი 9 წელია, დასთან ერთად იტანჯებიან! მათ ბავშვობა არ აქვთ…
ჩვენ მორწმუნე ოჯახი ვართ, ღვთის რწმენა გვშველის. ჩვენ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი ვართ… ეს წმინდანი ჩვენი ოჯახის მფარველია. ჩვენი მოძღვარი, მამა თედორე ზრუნავს ჩვენზე: ხან პურს მოგვაწოდებს, ხან _ ფქვილს…
აი, ასე გაგვაქვს თავი… ახლახან ბაღდათში საშინელი ტრაგედია დატრიალდა _ დედა და ბავშვები ცოცხლად დაიწვნენ და ისინი მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდათ… ნუთუ, მსხვერპლია საჭირო, რომ ღარიბი ადამიანები დაგვინახონ და შეგვამჩნიონ? უნდა მოვკვდეთ, რომ ჩვენზე იზრუნონ? თუ ასეა, მზად ვარ მოვკვდე, ოღონდ ჩემი შვილები გადარჩნენ!“ _ ამბობს ლიზის თვალცრემლიანი დედა.


ემილიას ისტორიაც სოციალურ ქსელში გავრცელდა _ ბავშვი უკვე სამი წელია, საავადმყოფოში წევს. ამ ხნის განმავლობაში მამა გვერდიდან არ მოსცილებია.
„ჩემს გოგონას არასდროს მივატოვებ და სიცოცხლის ბოლომდე მასთან ვიქნები. მის შემხედვარეს გული მაქვს ნაფლეთებად ქცეული. სიცოცხლე ისეთი რამ არის, რომ მისთვის უნდა იბრძოლო, არ უნდა დანებდე, არ უნდა შეუშინდე სირთულეებს და გამარჯვებაც მოვა“, _ ამბობს ემილიას მამა და დასძენს, რომ მისი გოგონა დაზიანებული ხერხემლით დაიბადა, ცოტა ხანში კი ჰიდროცეფალია განუვითარდა.
გოგონას თავის ტვინზე 24 ოპერაცია აქვს გადატანილი, თუმცა ამის მიუხედავად, მდგომარეობა მაინც უკიდურესად რთულია.
„ჩვენ რაიონიდან ვართ… ჩემი მომაკვდავი შვილი თბილისის კლინიკაში იწვა და მე რაიონში რა გამაჩერებდა?! სახლი გავყიდეთ და თბილისში წამოვედით საცხოვრებლად. ერთ პატარა ბინაში შევედით…
სოციალურ შემწეობასა და ბავშვის პენსიას ვიღებთ. ამ თანხის დიდი ნაწილი მედიკამენტებსა და პამპერსზე გვეხარჯება… ხანდახან მე და ჩემი მეუღლე ვშიმშილობთ, რათა ჩვენს საავადმყოფოში მყოფ გოგოს არაფერი მოაკლდეს.
ისე, მკურნალობის თანხას ჯანდაცვის სამინისტრო იხდის, მედიკამენტების ნაწილსა და პამპერსს კი ჩვენ ვყიდულობთ“, _ ყვება ემილიას მამა, რომელსაც უმძიმესი ავადმყოფი შვილის გარდა, კიდევ ორი გოგონა ჰყავს _ 5 წლის მარიამი და მართა.
„მარიამსა და მართას ემილია რამდენჯერმე ჰყავთ ნანახი. ორი წლის წინ ემილია ცოტა უკეთ გახდა და ექიმებმა ნება დაგვრთეს, შინ წაგვეყვანა. გოგონებს მისი ნახვა უზომოდ გაუხარდათ _ კოცნიდნენ, ეხვეოდნენ, სათამაშოებს ჩუქნიდნენ და მეუბნებოდნენ, მამიკო, ემილია რატომ არ აღებს თვალებს, რატომ არ გველაპარაკებაო?
მთელი ოჯახის ერთად ყოფნა 6 დღეს გაგრძელდა. ბავშვი კვლავ ცუდად გახდა და ისევ კლინიკაში გავაქანეთ. ემილიას აპარატის გარეშე სუნთქვა არ შეუძლია და ყოველდღიური სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება“, _ ამბობს გოგონას მამა.


„დე, არ მინდა, სამ თვეში მოვკვდე!“ _ ამ სიტყვების ავტორი პატარა გიორგია, რომელიც 7 წლამდე ჯანმრთელი და ენერგიით სავსე ბავშვი იყო. შესაბამისად, არაფერი აწუხებდა. 5 თვისამ წითელა გადაიტანა, მაგრამ მალევე გამოკეთდა, თუმცა ამ ვერაგმა დაავადებამ 7 წლის შემდეგ იჩინა თავი _ ბავშვი თავს ჯერ სუსტად გრძნობდა, მერე, ხელი არ ემორჩილებოდა და რამდენჯერმე ჩაიც გადაესხა.
გიორგი ვერ მიხვდა, რა ემართებოდა და დედას ჰკითხა, _ ჩაი რატომ გადამესხაო?..
გიორგი ვერც იმას ხვდებოდა, ექიმიდან ექიმთან რატომ დაჰყავდათ, თუმცა მორიგი ვიზიტის დროს გაიგონა, ექიმმა მამამისს როგორ უთხრა, თქვენს შვილს სამი თვის სიცოცხლეღა დარჩაო.
გიორგიმ სწორედ მაშინ უთხრა დედას, _ არ მინდა, სამ თვეში მოვკვდეო…
ახლა გიორგი 16 წლისაა. ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის, მაგრამ, ალბათ, თავის მდგომარეობას ვერ ხვდება…
დედა მუდმივად გიორგის გვერდითაა. მამა კი თანახმაა, ნებისმიერი სამუშაო შეასრულოს, ოღონდ გიორგის წამალი არ მოაკლდეს.
სახელმწიფო გიორგის თვეში 200 ლარს უხდის. არადა, ეს თანხა წამლებისთვისაც არაა საკმარისი!
გიორგი და მისი მშობლები საქართველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქში ცხოვრობენ, თუმცა მათ საცხოვრებელში უმძიმესი პირობებია _ ტუალეტი და აბაზანაც კი არ აქვთ.
„უბედნიერესი ვიყავი, როცა გიორგი დაიბადა… 5 თვისას წითელა შეეყარა, მაგრამ მალევე გამოჯანმრთელდა და დავივიწყეთ. მერე ავად არც კი გამხდარა. ძალიან ჭკვიანი იყო, ერთი სული ჰქონდა, სკოლაში როდის წავიდოდა.
ერთხელ გაკვეთილებს ამზადებდა და მოულოდნელად კალმის უცნაური ფხაჭნა დაიწყო. ვიფიქრე, რომ დაიღალა და მაიმუნობდა. ცოტა ხანს დაისვენა და… მაინც იგივე განმეორდა. არაფერი მითქვამს… რამდენიმე დღის შემდეგ კი ჭამისას კოვზი გაუვარდა…
პოლიკლინიკაში მივიყვანე, სადაც გვითხრეს, რომ შიდა ქალის წნევააო. გამოუწერეს წამლები და თითქოს უკეთესად გახდა, მაგრამ ცხელი ჩაი რომ გადაესხა და რეაქცია არ ჰქონდა, განგაში ავტეხეთ!
მივხვდით, რომ ასე ადვილად არ იყო საქმე. საავადმყოფო და ექიმი არ დავტოვეთ, რომ არ მიგვემართა. ზოგს ალბათ, გიჟები ვეგონეთ. მოვითხოვდით, ეთქვათ, რა სჭირდა ჩვენს ბიჭს, გვამშვიდებდნენ, ჩვენ კი არ ვუჯერებდით!
ვგრძნობდით, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა ჩვენს თავს. ბოლოს, ერთმა ექიმმა გვითხრა, რომ თავიდან სითხე უნდა ამოეტუმბათ. მივედით გიორგისთან ერთად საავადმყოფოში, „დიდი არაფერი პროცედურააო“, _ ასე გვითხრეს და ამ „პროცედურის შემდეგ“ დავგეგმეთ კიდეც, სად გავისეირნებდით და როგორ გავერთობოდით, მაგრამ შინ უგონო მდგომარეობაში მოვიყვანე, მომაკვდავი…
მტერსაც კი არ ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. როდესაც შვილი შველას გთხოვს და ვერ ეხმარები, როცა ტკივილისგან იტანჯება და ვერ უმსუბუქებ… მხოლოდ მეორე შვილი, ბექა გვაძლებინებს, რომ არ გავგიჟდეთ და თავი არ მოვიკლათ.
8 წელია, გიორგი გაუნძრევლად წევს, ხელები და ფეხები წაერთვა. ახლა ყლაპვასაც ვერ ახერხებს… ერთი გვერდიდან მეორეზე ვაბრუნებთ საათში ერთხელ, საშინლად სტკივა სხეული და ტირილს იწყებს…
ჩვენი საცხოვრებელი და ფინანსური პირობები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სათანადოდ მოვუაროთ. მისთვის ნორმალურად საკვებსაც ვერ ვყიდულობთ!
გიორგის თხევადი საჭმელი სჭირდება, პურით და მაკარონით ვერ დავანაყრებთ. ჩვენ თუ 2-3 დღე პურს შევჭამთ, გიორგის ჩაი და ორცხობილა მაინც სჭირდება. შაქარიც კი ფუფუნებაა ჩვენთვის.
ჩვენი შვილი უკეთ ვერ გახდება, მაგრამ იქნებ, ვინმემ პროდუქტები მოგვაწოდოს, პამპერსის ან წამლის შეძენაში დაგვეხმაროს… ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი.
დღეს ყველაზე მეტად პროდუქტები გვჭირდება. მართალია, გიორგი სულ წევს, მაგრამ იცით, რა ძნელია, როცა დედა თავის შვილს დახეულ ტანსაცმელს აცმევს?.. ბლენდერიც გვჭირდება და მაცივარიც“, _ ყვებიან გიორგის მშობლები.


ანზორიც, გიორგის მსგავსად, ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა ორი თვის შემდეგ შეტევები დაეწყო.
„აგვისტოს ომის დროს სახლიდან გამოვიქეცით და ანზორის მდგომარეობაც დამძიმდა…
ერთი კლინიკიდან მეორეში დავრბოდით. ექიმებმა გვითხრეს, ანზორს ეპილეფსიის უმძიმესი ფორმა აქვს და განკურნების შანსი არ არსებობსო. არ დავიჯერეთ. სხვა ექიმებთან მივედით, მაგრამ პასუხი ყველგან ერთნაირი იყო. არ ვიცი, ეს როგორ გადავიტანე…
12 წელია, ჩემი ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. ესაა ბრძოლა გადარჩენისთვის. ანზორს ხშირად გულყრები აქვს. ზოგჯერ ღამეც ეღვიძება და საწოლიდან წამოხტება, იატაკზე ვარდება და თავს ურტყამს ხოლმე. თუ არ გავაჩერეთ, შეიძლება, თავი გაიტეხოს…
კრუნჩხვები შეიძლება, ნებისმიერ დროს დაეწყოს, ამიტომ მისი ერთი წამით უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
ნათესავების სახლში ვცხოვრობთ. ვიცი, რომ მათ პრობლემებს ვუქმნი _ ადგილი თვითონაც არ ჰყოფნით… ანზორის ტირილის განუწყვეტელი მოსმენაც დამღლელია…
სამი თვეა, სოციალური შეჩერებული გვაქვს… გადამოწმებაზე ვარ _ რას ამოწმებენ? რა შეიცვალა?
წამლები, რომლებიც ყოველდღიურად გვჭირდება, თვეში 700 ლარის ოდენობისაა. პამპერსსა და საკვებზე აღარაფერს ვამბობ. ეს წამლები ანზორისთვის ჰაერივითაა, მე კი ნახევარსაც ვერ ვყიდულობ“, _ ყვება ანზორიკოს დედა.


„ისინი დასაღუპად მამამ გაიმეტა… ბავშვები მუდმივად ავადობენ, სკოლასა და ბაღშიც ვერ დადიან. გამწარებული დედა შველას ითხოვს“, _ ასე იწყება წერილი, რომელიც ჩერნოვეცკის ფონდის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ამ პატარების საცხოვრებელი სახლს კი არა, ნაგავსაყრელს უფრო ჰგავს. ბავშვებს მოხარშული მაკარონის გარდა, დიდი ხანია, არაფერი უჭამიათ.
„2 წლის წინ ჩემი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. აქამდე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. იმის შემდეგ, რაც ელენე დაიბადა, ჩემმა მეუღლემ მიგვატოვა და ყველაფერი უკან-უკან წავიდა… ქირას ვერ ვიხდიდით… გამოგვყარეს, ეს მიტოვებული შენობა ვიპოვეთ და შემოვსახლდით. იმის თქმა, რომ ჭერი მაქვს, სასაცილოა! არც ჭერი გვაქვს და არც ერთი კედელი ბოლომდე არაა ამოშენებული, მაგრამ მთლად ცის ქვეშ არ ვართ. თავიდან იატაკზე გვეძინა, მერე კეთილმა ადამიანებმა ფიცრები მოგვიტანეს, ნაგავსაყრელზე ძველი ქვეშაგები ვიპოვეთ და ახლა მასზე გვძინავს…
ნათესავები, რომ მყოლოდა, ალბათ, არ დამტოვებდნენ ასეთ მდგომარეობაში. დედა დიდი ხანია, გარდამეცვალა. მამა პირველი ჯგუფის ინვალიდია, სოფელში, ძველ სახლში ცხოვრობს, სადაც უარესი პირობებია… ერთადერთი მონათესავე სული ვინც მყავდა, ჩემი ძმა იყო, რომელიც ყველაფერში მეხმარებოდა, მაგრამ 8 წლის წინ ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა… მეტი არავინ მყავს. ჩემი შვილებისა და ღმერთის იმედად ვარ დარჩენილი“, _ ამბობს ახალგაზრდა დედა.
ასეთია გაჭირვებული და მშიერი ადამიანების ყოფა საოცნებო საქართველოში,

გიორგი აბაშიძე