კლიმატის ცვლილების მიზეზები მსოფლიოსა და საქართველოში

რა არის კლიმატის ცვლილების მიზეზი? რა შედეგებს იწვევს იგი დღეს? რა რისკების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა? ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი:

_ მეცნიერებამ დიდი ხანია დაადგინა, რომ სხვადასხვა გეოლოგიურ ეპოქაში დედამიწის კლიმატი იცვლებოდა. დედამიწის სფეროს სხვადასხვა ნაწილში მიმდინარეობდა დათბობა ან გამყინვარება. მაგალითად, სხვადასხვა გეოლოგიურ ეპოქაში გამყინვარება მიმდინარეობდა ფინეთსა და კანადაში, გრენლანდიასა და ჩრდილოეთ ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხელი კლიმატი იყო შპიცბერგენის კუნძულზე, შუა ციმბირის ზეგანსა და სხვაგან. ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავა გავრცელებული იყო გრენლანდიაში, ხოლო ნოტიო ჰავა _ საჰარასა და სხვა უდაბნოებში.
_ რა არის კლიმატის ცვლილების მიზეზები?
_ მეცნიერთა აზრით კლიმატის ცვლილება გამოწვეულია მრავალი მიზეზით, უმთავრესი ბუნებრივი მიზეზები კი ტექტონიკური, ასტრონომიული და რადიაციული ფაქტორებია.
ტექტონიკური პროცესები იწვევს რელიეფის ცვლილებას, დედამიწის ქერქის აწევას ან დაწევას, რასაც მოყვება ხმელეთის ფართობის გაზრდა ან შემცირება, ოკეანეთა დინებების ცვლილება, სითბოცვლის გაზრდა ან შემცირება დაბალ და მაღალ განედებს შორის და სხვ. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით იცვლება დედამიწის ზედაპირის სითბოს ბალანსის მდგენელები, ტენბრუნვის პირობები და მთლიანად კლიმატი.
ასტრონომიული ჰიპოთეზა დედამიწის კლიმატის ცვლილებას უკავშირებს დედამიწის ბრუნვის ღერძისა და აგრეთვე მისი ორბიტის ცვლილებებს. დედამიწა-მთვარის სისტემის ევოლუციის გამოთვლებმა ცხადყო, რომ დედამიწის არსებობის 4,5-4,7 მლრდ წლის განმავლობაში იცვლებოდა მისი ბრუნვის ხასიათი. თეორიულმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ თანამედროვე პირობებში დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობა მისი ორბიტის სიბრტყისადმი იზრდება 5 გრადუსით 1 მლრდ წელიწადში, ხოლო ბრუნვის სიჩქარე მცირდება 20%-ით. ამით დღე-ღამის ხანგრძლივობა საუკუნეში 1,7 მილი-წმ-ით იზრდება. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დედამიწა ადრე ბრუნავდა უფრო სწრაფად შედარებით ნაკლები დახრილობის კუთხით. ამიტომ მეტეოროლოგიური ელემენტების წლიური და დღეღამური ამპლიტუდები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ამჟამად, ხოლო ტემპერატურათა სხვაობა ეკვატორსა და პოლუსებს შორის _ მეტი. ზემოაღნიშნულის გამო ატმოსფეროს ცირკულაცია შედარებით ინტენსიური იყო, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენდა დედამიწის კლიმატზე.
დედამიწის კლიმატის ცვლილების ასტრონომიულ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე მზის სისტემის სხვა პლანეტებისა და დედამიწის ურთიერთმიზიდულობა. ამის შედეგად ადგილი აქვს დედამიწის ღერძის დახრილობის ცვლილებას, დაახლოებით, 100 000 წლის პერიოდით.
დედამიწის კლიმატის ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსების, აგრეთვე კონტინენტების მდებარეობათა ცვლილებებთან. პალეოკლიმატური გამოკვლევების თანახმად დადგენილია, რომ პალეოზოურ ერაში ჩრდილოეთ პოლუსი მდებარეობდა წყნარი ოკეანის ცენტრში, საიდანაც მან თანდათან გადაინაცვლა არქტიკის მიმართულებით. ცხადია, პოლუსებისა და კონტინენტების გადაადგილება იწვევს კლიმატის მკვეთრ ცვლილებებს. პოლუსების აბსოლუტური გადანაცვლებისას დედამიწის ზედაპირზე გადაადგილდება აგრეთვე გეოგრაფიული კოორდინატების ბადეც, მათთან დაკავშირებულ კლიმატურ ზონებთან ერთად. პოლარულ რაიონებში მოხვედრილ კონტინენტებზე ვითარდებოდა კონტინენტური გამყინვარება, რაც იწვევდა მთელი დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის შემცირებას. პალეომაგნიტური მონაცემების თანახმად, ასეთ მოვლენას ადგილი ჰქონდა როდესაც სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ინდოეთი, ავსტრალია და ანტარქტიდა დაჯგუფებული იყო სამხრეთ პოლუსის რაიონში.
კლიმატის რადიაციული ცვლილება დაკავშირებულია დედამიწაზე მოსული მზის ენერგიის ცვლილებასთან. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია ატმოსფეროს გამჭვირვალობაზე. მაგალითად, ვულკანების დიდი და ხანგრძლივი ამოფრქვევის შედეგად ვულკანური მტვერი დიდი დროის მანძილზე რჩება სტრატოსფეროში და დედამიწის ირგვლივ მტვრის ფენას წარმოქმნის. ამის შედეგად მცირდება მზიდან მოსული რადიაციის საერთო რაოდენობა. ასეთ ვულკანურ ამოფრქვევას შეიძლება მივაკუთვნოთ 1883 წელს კუნძულ კრაკატაუზე მომხდარი ამოფრქვევა, რის შედეგადაც 80 კმ.-ზე ატყორცნილი ვულკანური ფერფლი ატმოსფეროში რამდენიმე წელიწადს იყო.
მზე არ არის აბსოლუტურად მუდმივი ვარსკვლავი. მის ზედაპირზე წარმოიქმნება მუქი და ნათელი მონაკვეთები, ანუ ლაქები და ჩირაღდნები. სისტემატურად იცვლება მათი რაოდენობა და ფართობი. ეს ცვლილებები, რომლებიც უსათუოდ გავლენას ახდენს დედამიწის კლიმატზე, ზოგჯერ ფიქსირდება ცალკეული მეტეოროლოგიური პუნქტების მიერ. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგიური სადგურის დაკვირვებათა მონაცემებით აღმოჩნდა, რომ მზის მაქსიმალური აქტიურობის დროს ჰაერის ტემპერატურა 1,0-1,50 გრადუსით გაიზარდა.

_ როგორ იცვლება თანამედროვე კლიმატი?
_ თანამედროვე კლიმატის ცვლილების შესწავლა დიდი სიზუსტით ხდება ინსტრუმენტულ დაკვირვებათა მონაცემების საფუძველზე. დადგინდა, რომ უკანასკნელი საუკუნის მანძილზე გლობალური ტემპერატურა გაიზარდა 0,5-0,7 გრადუსით. ამავე დროს თანამედროვე კლიმატის ცვლილებაში აღინიშნება რამდენიმე პიკი. პირველი აღინიშნება მე-19 საუკუნის დასასრულს, მე-2 – გასული საუკუნის 40-იან წლებში, მე-3 _ 60-იან წლებში, ხოლო მე-4 – თანამედროვე მდგომარეობაში, რასაც გლობალურ დათბობას უწოდებენ. ცვლილებები ყველაზე მკვეთრად პოლუსებზე გამოიხატებოდა. გლობალური დათბობის პირობებში იცვლებოდა ნალექების ჯამიც. ცხადია, ტემპერატურის ზრდას უნდა ახლდეს ნალექების მომატება, რადგან იზრდება აორთქლება. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ნალექების ცვლილება არ არის ცალსახად დამოკიდებული ტემპერატურაზე, რადგანაც აქ სხვა ფაქტორებიც ერთვება.

_ რა მდგომარეობაა საქართველოში?
_ გლობალური დათბობის პირობებში საქართველოში ტემპერატურის ცვლილებას არაერთგვაროვანი-მოზაიკური ხასიათი აქვს, რაც განპირობებულია ტერიტორიის რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული, უმთავრესად ოროგრაფიული და ლანდშაფტურ-კლიმატური პირობებით. ძლიერი დათბობის უდიდესი კერები აღმოსავლეთ საქართველოში აღინიშნება: გუდამაყრის და ხარულის ქედები, კახეთის ქედის სამხრეთი ნაწილი და ჯავახეთის პლატო. ზომიერი დათბობის კერები აღინიშნება ლიხის ქედის ცენტრალურ ნაწილში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იორის ზეგნის ცენტრალურ ნაწილში, აგრეთვე კახეთის, გუდამაყრისა და ხარულის ქედების რაიონებში, ხოლო დასავლეთ საქართველოში – სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედების მცირე ტერიტორიაზე. სუსტი დათბობის კერები დასავლეთ საქართველოშია, ძირითადად სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედებზე და კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში. საქართველოს ტერიტორიის უმნიშვნელო ნაწილზე ტემპერატურა მცირედად იცვლებოდა, ხოლო აცივება, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში აღინიშნება. ძლიერ აცივებას ვხედავთ აჭარის უდიდეს ნაწილზე და სოხუმის მახლობლად. მდინარე რიონის ხეობასა და რაჭის ქედზე აღინიშნება ზომიერი აცივება.
ამრიგად, გლობალური დათბობის პირობებში აღმოსავლეთ საქართველოს არიდული ლანდშაფტები უფრო სწრაფად თბება, ვიდრე დასავლეთ საქართველოს ჰუმიდური ლანდშაფტები, რომლის პირობებშიც სითბოს დიდი რაოდენობა აორთქლებაზე იხარჯება და ამიტომაც ისინი ნაკლებად თბება ან ცივდება კიდეც, რაც დასაბუთებული იყო, ჯერ კიდევ, ჩვენს ადრეულ შრომებში.
_ რა მოგველის?
_ არსებობს კლიმატის ცვლილების სცენარები, რომელთა მიხედვითაც თუ მსოფლიო განვითარდება ისე, რომ პრიორიტეტი მიენიჭება გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას, მაშინ გვექნება კლიმატის ცვლილების შედარებით შერბილებული ტენდენცია. თუკი მსოფლიო წავა ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით, შედეგი უარესი იქნება.

მაკა მოსიაშვილი