გოგი წულაია: „ოცნებაში“ მლიქვნელების დოღია“

„ქართული ოცნება“ ე. წ. დაშირფულ წერილებს მხოლოდ ოკეანისგაღმიდან კი არა, უკვე საქართველოს ყოფილი დედაქალაქიდანაც იღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილს ფოსტით საგანგებო წერილი გამოუგზავნა.
ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ გოგი წულაია პოლიტიკური პერფორმანსების მამაა, თუმცა ზემოხსენებულ წერილს პერფორმანსი ნაკლებად ეთქმის, რამეთუ მასში მწარე რეალობაა აღწერილი, ანუ ბატონი წულაია გაერთიანებული წყალმომარაგების, ენერგო-პრო ჯორჯიასა და ქუთაისის მერიიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ქუთაისში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს.

„2019 წელს ქუთაისში დენი 18 000 აბონენტს ჩაეჭრა, 2016-ში ეს ციფრი 12 000 იყო, ანუ გაზრდილია 6000 აბონენტით, რომელიც არის გადახდის უუნარო ან დატოვა საქართველო.
2017 წელს წყალი 7578 აბონენტს ჩაეჭრა, 2018 წელთან შედარებით ეს მონაცემი 4000-ითაა გაზრდილი. ეს არის კატასტროფული ციფრები. მადლიერების სახლზე ქუთაისის მერიამ მომწერა, რომ ნახევარ მილიონ ლარს ხარჯავენ სოციალურად დაუცველთა კვებაზე. ბიძინა ივანიშვილო, გიგზავნი ამ ციფრებს იმიტომ, რომ გეტყობა, გიმალავენ, რადგან გამოდიხარ და ამბობ, რომ ყველაფერი მშვენივრადაა ამ ქვეყანაში“, _ აცხადებს გოგი წულაია.
ვერ გეტყვით, ზემოხსენებული წერილი ადრესატამდე მივიდა თუ არა. ისე, სავსებით დასაშვებია, რომ წერილი ბიძინა ივანიშვილს დაუმალეს. ჰოდა, სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა არ დაიმალოს, „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს გოგი წულაიასთან:

_ ბატონო გოგი, უხერხული კითხვები რომ დაგისვათ, დისკომფორტი ხომ არ შეგექმნებათ?
_ დისკომფორტი შეიძლება, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეექმნათ, თორემ პირადად მე 1988 წლიდან დისკომფორტში ვარ _ სულ ქუჩაში ვარ და არ მგონია, რომ ქუჩა კომფორტი იყოს.
_ ეს მესმის, მაგრამ თუ არ ვცდები, გაქვთ ამბიცია, რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ.
_ რა თქმა უნდა.
_ ჰოდა, ჯობს, უფრო მეტ დისკომფორტს აქედანვე შეეჩვიოთ, რათა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კრიტიკამ ნერვები აღარ მოგიშალოთ! ისე, ბატონო გოგი, ამერიკელი კი არა, ერთი ქუთაისელი კაცი ხართ, თუმცა კონგრესმენების მსგავსად ივანიშვილს წერილი თქვენც გაუგზავნეთ. იმ „ბრძენ კაცს“ თქვენს სწორად და ტოლად მიიჩნევთ, უსტარებს რომ უგზავნით?
_ დიახ, თანასწორები ვართ და ჩვენ შორის დიდი სხვაობა არაა. უბრალოდ, ის იქაა, მე კი _ აქ. ხვალ კი მე იქ ვიქნები, ის კი _ აქ.
_ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია, მაგრამ ივანიშვილი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მილიარდერია!
_ მერე რა?! რახან დიდი ფული აქვს, ჭკვიანია? დიდი ფულის შოვნას, სიჭკვიანეზე მეტად, ჩათლახობა და უნამუსობა უნდა!
_ ე. ი., ფიქრობთ, რომ ივანიშვილმა დიდი ფული ჩათლახობით და უნამუსობით იშოვა?
_ ვერავინ დამარწმუნებს, რომ რუსეთში მილიარდები კაცის კვლის, ჩათლახობის, „გადაგდებისა“ და მაიმუნობის გარეშე იშოვება!
_ თქვენი ეჭვი უსაფუძვლო ნამდვილად არაა, მაგრამ იმ წერილზე ვისაუბროთ, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს გაუგზავნეთ. ეს წერილი რომ არა, ივანიშვილმა არ იცის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდადაა?
_ მან ძალიან კარგად იცის, ამ ქვეყანაში როგორი სიტუაციაა, თუმცა არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ვიღაცეები შელამაზებულ სურათს აწოდებენ. ბოლოს და ბოლოს, ტელევიზორი ჩართოს და მიხვდება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ ამ წერილის გაგზავნის დედააზრი სხვა რამე იყო.
_ რა?
_ დილა არ გათენდება, რომ კონგრესმენებისა და სენატორების წერილები არ მოვიდეს, მაგრამ ესენი ამბობენ, რომ კონგრესმენები, თურმე, „ნაციონალები“ და კორუფციაში არიან ჩაფლულები. ეს უგუნურებაა! მოკლედ, ჩემი წერილით ბიძინას ერთი რამ ვუთხარი: კონგრესმენებისა და სენატროების წერილები, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია და ამასთან, აშშ-ს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია, რაც კარგია, მაგრამ კონგრესმენის წერილზე მთავარი ისაა, რომ ქვეყნის შიგნით დედა გაქვს ნატირები. ამ დროს თალაკვაძეები, ნადირაძეები და ძმანი მათნი გამოდიან და ამერიკელ კონგრესმენებს ეუბნებიან, თქვენ ვინ ჩვენი ფეხები ხართო. ჩემი ფეხები შენ ხარ, შე შობელძაღლო! შენ ბიძინამ მოგათრია. იქ კი არ მგონია, რომელიმე კონგრესმენი ტრამპის „ბლატით“ მოსულიყო! იქ ყველა კონგრესმენი თავისი „ერთი ადგილითაა“ მოსული!
ამ ქვყნისთვის ყველაზე დამანგრეველი ის ციფრებია, რომელიც გამოვაქვეყნე!
_ რას გულისხმობთ?
_ აი, მაგალითად, ქუთაისში, 2017 წელს, წყალი 5 ათას აბონენტს ჩაუჭრეს, 2019-ში კი _ 9 ათასზე მეტს.
_ ბატონო გოგი, თუ ადამიანი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის, კერძო კომპანია, ცხადია, დენსაც ჩაუჭრის, წყალსაც, გაზსაც და აქ ხელისუფლება რა შუაშია?
_ ხელისუფლება რომ ხარ, შენი მოვალეობაა, რომ ქვეყანაში გადახდისუნარიანი ადამიანები იყვნენ და არანორმალური ტარიფები არ არსებობდეს! ეგი შენ გევალება, აბა, ვის ევალება?
_ სხვათა შორის, ხელისუფლებას ამ კითხვაზეც აქვს პასუხი.
_ მაგას პასუხი ყველაფერზე აქვს. იცით, რა?
_ რა?
_ ბერძნულ ფილოსოფიაში ამნაირი მიმდინარეობა იყო _ სოფიზმი და სტუდენტებს ასწავლიდნენ, შავზე როგორ დაემტკიცებინათ, თეთრიაო. მე თუ მკითხავთ, ეს სოფიზმი აქვთ „დამთავრებული“ „ნაციონალებსაც“ და ამგენსაც!
_ ასეა თუ ისე, „ოცნება“ ოპოზიციასა და ჟურნალისტებს გვაბრალებს, აბუქებთ, თორემ ყველაფერი კარგადაა და საქართველოში ცხოვრება ყვავისო.
_ ჰოდა, მაგენი ამას რომ ამბობენ, ის წერილიც იმიტომ მივწერე! თუ ეკონომიკური ზრდაა, ქუთაისში 6 ათასზე მეტ ადამიანს დენი რატომ ჩაუჭრეს?
_ კი ბატონო, მმართველი პარტიის ლიდერია, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობა არ უკავია და ივანიშვილს პასუხს რატომ სთხოვთ?
_ ესეც მაგისი ტრაგედიაა, რომ ყველაფერს თვითონ ხელმძღვანელობს, მაგრამ მაინც ჩრდილშია _ რუხი კარდინალია! ამ ქვეყანაში ყველას გვჯერა, რომ გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს, დანარჩენი კი ასრულებს და „ვსიო“.
_ კეთილი, მაგრამ დამიკონკრეტეთ: 2012 წელს „ოცნება“ ხელისუფლებაში ვისი „ერთი ადგილით“ მოვიდა?
_ მოსახლეობის.
_ თქვენი აზრით, მაშინ ხალხმა შეცდომა რატომ დაუშვა და, საერთოდ, ხმა ვის მისცა _ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებისაც სჯეროდა, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ თუ, უბრალოდ, „ნაციონალების“ შინ გაშვება უნდოდა და „ოცნებას“ ამიტომ დაუჭირა მხარი?
_ მიშას მიმართ იმხელა ზიზღი იყო, რომ 2012-ში ყველაფერი ადეკვატურად მოხდა _ მოსახლეობამ ივანიშვილს მისცა ხმა.
საერთოდ, ხალხმა ერთი რამ უნდა იცოდეს: არჩევნები რომ ჩატარდება, იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ შინ წამოწვება და ცხოვრება თავისით გამოსწორდება. დედამიწაზე ანგელოზები არ არსებობენ და ხელისუფლება, მით უმეტეს, აბსოლუტური ხელისუფლება, ნებისმიერს რყვნის.
_ დიახ, ეს ცნობილია, მაგრამ საუბარი საითკენ მიგყავთ?
_ როგორც კი მოსახლეობა ვინმეს აირჩევს, კი არ უნდა წამოწვეს და ჩათვალოს, რომ ქვეყანა გადარჩა, არამედ იმ წუთასვე თავისი არჩეულის კონტროლი და კრიტიკა უნდა დაიწყოს! დიახ, ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა არჩევნების მეორე დღესვე უნდა დავიწყოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ნორმალურ გარემოში იზრდებოდნენ, მაგრამ ხალხი ამნაირს, ჯერჯერობით, არაფერს აკეთებს _ ორი-სამი წელი ნირვანაშია, მაგრამ როცა ნახავს, რომ არაფერი გამოსწორდა, ფხიზლდება და ქუჩაში გამოდის.
ერთი სიტყვით, პოლიტიკური განათლება გვაკლია! თუ ხალხი იკითხავს, ქვეყანას როგორ ვუშველოთო, ეს გასაგები იქნება, მაგრამ როცა ამბობს, რა გვეშველებაო, არაფერი ეშველება!
_ რატომ?
_ მოსახლეობას პირდაპირ უნდა ვუთხრა: თუ, პირობითად, პარლამენტში ამირჩევს, მეორე დღესვე ვერ გავვარდები და ვეტყვი, აბა, ჭიჭიკია, გუშინ ნაგავი გეიტანე თუ არა-მეთქი. ამის გაკეთება არ მევალება!
_ გეთანხმებით, რომ დეპუტატის მოვალეობა ნაგვის გატანა კი არა, კანონების მიღებაა, მაგრამ ისევ ივანიშვილისთვის გაგზავნილ წერილზე უნდა გკითხოთ, რომელიც ასე იწყება: „SOS!~
_ თავიდან ვაპირებდი, რომ ვრცელი წერილი მიმეწერა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, უბრალოდ, „SOS!“ დამეწერა და მშრალი დოკუმენტი გამეგზავნა, თუ როგორაა გაზრდილი ქუთაისში უფასო სასადილოების მომხმარებელთა და ჩაჭრილი აბონენტების რიცხვი. ყველაფერი ეს შემაშფოთებელია. მოკლედ, ეს დოკუმენტები გადმოვაბრუნე და უკნიდან დავაწერე _ „SOS!“
_ ბატონო გოგი, რა ამის პასუხია და, წეღან მითხარით, აშშ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს, რასაც მივესალმებიო, არადა, კონსერვატორი ხართ. ყოველ შემთხვევაში, „თავისუფალი საქართველო“ მკვეთრად პროდასავლური პარტია არაა. ჰოდა, დამისაბუთეთ, აშშ-ის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობას რატომ მიესალმებით?
_ ახლა, ამას რა ახსნა უნდა? _ ამ წუთას დედამიწაზე მთავარი პოლიტიკური მოთამაშე აშშ-ია, თუმცა იმაზე კამათი შეიძლება, ეს კარგია თუ ცუდი, ან სხვა პოლუსებიც არსებობს თუ არა.
მოკლედ, მინდა თუ არა, რეალობა ასეთია _ აშშ დედამიწაზე პოლიტიკას აკონტროლებს, განკარგავს და მიმართულებას აძლევს. ამიტომ მასთან დაპირისპირება მაგარი სისულელეა!
_ აბსოლუტურად სწორად მსჯელობთ. ისე, „ენდიაის“ ბოლო გამოკითხვაში „თავისუფალი საქართველო“ პირველად მოხვდა. მართალია, თქვენი პარტიის რეიტინგი არცთუ მაღალია, მაგრამ ტენდენციაა საინტერესო, ანუ ეს იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ ლიბერალიზმი კვდება და ადამიანებისთვის კონსერვატიზმი თანდათან უფრო მისაღები ხდება?
_ დიახ, ასეა. ორთოდოქსი კონსერვატორი არ ვარ და არ ვამბობ, ვინმე დავხვრიტოთ და ჩამოვახრჩოთ-მეთქი, მაგრამ კონსერვატიზმს ასე რატომ უყურებთ? კონსერვატიზმი ინგლისშიც მისაღებია, ესპანეთშიც, დანიასა და ბელგიაშიც, ანუ ყველგან, სადაც სამეფო კარები არსებობს. ჩვენც სწორედ ასეთ ევროპულ კონსერვატიზმზე ვსაუბრობთ!
_ გასაგებია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი პოლიტიკა ორპოლუსიანია, ანუ ერთ მხარეს გაურკვეველი პოლიტიკური შეხედულებების „ოცნებაა“, მეორე მხარეს კი _ ულტრალიბერალური „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები. პატარ-პატარა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა საზოგადოება როგორ უნდა დაარწმუნოთ, რომ ამ ორის გარდა მესამე პოლუსიც არსებობს?
_ ერთ რამეში არ გეთანხმებით.
_ რაში?
_ იმაში, რომ „თავისუფალი საქართველო“ პატარა კი არა, ძალიან ნორმალური პარტიაა. პატარას შეიძლება იმიტომ გვეძახით, რომ დიდი ფული და ტელესივრცე არ გვაქვს გახსნილი. ყველა სხვა პარტიისთვის ტელევიზიები გახსნილია და ამ სივრცეში რამენაირად რომ შევიდე, ყირაზე ვდგები. აბა, არ მეთევზავა, დროშა არ დამეკიდებინა და იგი არ გამეკეთებინა, ერთი, რომელ ჟურნალისტს გაგახსენდებოდით, გოგია, უი, შენ რა კაი ტიპი ყოფილხარ და ინტერვიუ მომეციო? აი, ეს სივრცე ამ პერფორმანსებით გავჭერი.
_ ვაღიარებ: თქვენი პოლიტიკური პერფორმანსები ძალიან პოპულარულია, მაგრამ ამის მიუხედავად, არ მგონია, რომ ამით არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიოთ. მოკლედ, კონკრეტულად მითხარით: ამომრჩევლის „გადაბირებას“ როგორ აპირებთ?
_ ხალხი ისეთ პოლიტიკოსებს ეძებს, რომელთა გამონათქვამები და სურვილებიც მისას ემთხვევა, ანუ ჩვენი ამოცანაა, ფეხით სიარული იქნება, ინტერნეტით თუ ტელევიზიებში ასეთი ფოკუსებით შეჭრით, თითოეულ ადამიანამდე ის მივიტანოთ, რაც გვაწუხებს. ადამიანები ისეთ პოლიტიკოსებს ეძებენ, რომლებიც მათ აზრს გამოხატავენ. ყოველ შემთხვევაში, კლასიკურ პოლიტიკაში ასეა.
_ ჩვენი პოლიტიკა კლასიკურობასთან ახლოსაც რომ ვერ მივა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შარშან ზესტაფონის მერობის კანდიდატი იყავით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ცნობადი ხართ, ხალხმა ხმა მაინც არ მოგცათ, ანუ ამომრჩეველმა, მგონი, პოლიტიკოსად ვერ აღგიქვათ.
_ ზესტაფონში 8% ავიღე და ეს მაშინ, როცა სულ 50 კოორდინატორი მყავდა, 300 ლიტრი ბენზინი მქონდა, პლაკატები კი არჩევნებამდე სამი დღით ადრე ჩამომივიდა. ერთი სიტყვით, ისევ ფულთან და ტელევიზიებით გაშუქებამდე მივდივართ.
აბა, იმის ნახევარი მქონოდა, რაც, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“ ლიდერს ჰქონდა და დაგანახებდით, რამდენს ევიღებდი _ დედას ვუტირებდი, გავაპობდი ზესტაფონს!
_ ბატონო გოგი, ბიზნესმენები „თავისუფალ საქართველოში“ ფულს რატომ არ დებენ?
_ ამის პირველი მიზეზი შიშია!
_ ჩვენ თავისუფალ ქვყანაში ვცხოვრობთ და ბიზნესმენებს რისი ეშინიათ?
_ „ნეტარ არიან მორწმუნენი“! რომელ თავისუფალ ქვეყანაზე მელაპარაკებით?
_ აი, იმ თავისუფალ ქვეყანაზე, სადაც იგივე მმართველ გუნდს ათას ბრალდებას უყენებთ, მაგრამ ამის გამო არავინ გერჩით. ეს თავისუფლება არაა?
_ თავისუფლება მე ცოტა უფრო სხვა რამე მგონია, მაგრამ კარგი, ბატონო, ეს იყოს თავისუფლება! სხვათა შორის, ამნაირი თავისუფლება კომუნისტებს ბოლო წლებში ჰქონდათ, როცა ინგრეოდნენ _ მოსკოვში დემონსტრაციები იმართებოდა და ტანკებითაც გამოვარდნენ, მაგრამ ეგ თავისუფლება არაა. თავისუფლება მაშინაა, როცა ნებისმიერ სიტყვას ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღება ექცევა, თორემ ახლა დაჯექი და ილაპარაკე, რა, ფეხებზე არ კიდიათ?!
_ ანუ რომელიმე ბიზნესმენთან მისულხართ და გითქვამთ, ჩვენს პარტიაში ფული ჩადეთო და პასუხად მიგიღიათ, ვერ ჩავდებ, მეშინიაო?
_ დიახ.
_ შიშის გამო დაფინანსებაზე უარი რომელმა ბიზნესმენმა გითხრათ?
_ არ დავასახელებ.
_ რატომ?
_ რატომ უნდა დავასახელო? ბიზნესმენებს უთქვამთ, გოგი, გვევასები, მაგრამ ჩვენი ოჯახები უფრო გვევასებაო.
_ ისე, ბიზნესის დაწყება „თავისუფალმა საქართველომაც“ დააპირა _ რამდენიმე თვის წინ კახა კუკავას თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა უნდოდა, მაგრამ ეს იდეა რეალობად ვერ იქცა. არაჯანსაღმა ბიზნესგარემომ შეგიშალათ ხელი?
_ ვერ დაგეთანხმებით.
_ რაში ვერ დამეთანხმებით, ბატონო გოგი?
_ კახას ბიზნესის დაწყება არ უნდოდა.
_ აბა, რა უნდოდა?
_ ეს პროგრამა ხელის შეშლის გარეშე რომ გაგრძელებულიყო, „ქართულ ოცნებას“ მთლიანად დაანგრევდა! ის, რაც წვალებით და ყოველგვარი მოგების გარეშე დავიწყეთ, შეაჩერეს და ხელი ყოველნაირად შეგვიშალეს, რომ ჩვენი პოლიტიკური რეიტინგი მზარდი არ ყოფილიყო!
მოკლედ, ეს ბიზნესი კი არა, სუფთა პროპაგანდისტული მანქანა იყო, რომლითაც ადამიანებს დავანახეთ, აფთიაქები რამხელა ზემოგებაზე მუშაობენ!
_ ე. ი., თქვენი პარტიის ორკაციან ლიდერშიფს, ანუ თქვენ და კუკავას…
_ ორნი სულაც არ ვართ.
_ აბა, რამდენი ხართ?
_ ბევრნი ვართ.
_ კარგი, იყავით ბევრნი, მაგრამ მითხარით, ამ ბევრს პირადი მიზნები გამოძრავებთ თუ არა?
_ პოლიტიკაში რამეს რომ აკეთებ, იქანა შენი პოლიტიკური მიზანი პოლიტიკური რეიტინგის ზრდაა! გაიძახიან, აი, პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში უნდათ მოსვლაო. ბიჭო, აბა, პოლიტიკოსი რომ ხარ, მოსვლა სად უნდა გინდოდეს? ადამიანი რომ იტყვის, პოლიტიკოსი ვარო, მორჩა, დამთავრებულია _ ხელისუფლებაში უნდა მოსვლა და თუ ეს არ უნდა, აბა, მაშინ პოლიტიკაში რა უნდა? წავიდეს „სლესარად“, „ელექტრიკად“. პოლიტიკოსი ხარ და ხელისუფლებაში გინდა, აბა, სა სიკვდილში გინდა?!
_ ისე, დაკვირვებული ვარ _ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსობას უმეტესად ისინი იწყებენ, რომლებიც უსამსახუროდ რჩებიან ხოლმე. თუ გნებავთ, ჩემს ამ მოსაზრებაზე რეპლიკა გააკეთეთ, თუ არადა, შემდეგ კითხვას დაგისვამთ.
_ თქვენს ნათქვამში სიმართლის რაღაც მარცვალი არის, მაგრამ ჩემზე ამის თქმა არ შეიძლება _ 1988 წლიდან პოლიტიკაში ვარ!
_ თქვენზე არც მითქვამს, ბატონო გოგი, რომ პოლიტიკაში უსაქმურობის გამო მოხვედით.
_ კი ბატონო, ეგ ტენდენცია არის, სამსახურიდან რომ გამოაგდებენ, მერე ხდებიან ლომები და გმირები. ისინიც უტვინოები არიან, პარლამენტში რომ სხედან და ამბობენ, პოლიტიკოსები არ ვართო. აბა, თუ პოლიტიკოსი არ ხარ, პარლამენტში რა გინდა?
_ მართალია, მუდმივად ხაზს უსვამთ, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური“ მოძრაობა ერთნაირია, მაგრამ ამის მიუხედავად, ბოლო დროს, იმ აქციებზე გამოჩნდით, რომლის ავანგარდშიც „ნაციონალები“ იდგნენ. ამის გამო სოციალურ ქსელში თქვენზე ქირქილი დაიწყეს, წულაიაც „ნაციონალი“ ყოფილაო. „ნაციონალებს“ ვერ იტანთ და, ამიხსენით, ზემოხსენებულ აქციებზე რატომ მიხვედით?
_ ამ წუთას ერთი მოცემულობა გვაქვს.
_ ანუ?
_ თავის დროზე, „ნაცებმა“ ადამიანებში იმდენი ზიზღი დათესეს, რომ ეს ზიზღი ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მანიპულაციების საშუალებას აძლევს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლის 20% უჭერს მხარს და და ჩვენ რა უნდა ვქნათ?
_ ვინ გეუბნებათ, რამე ქენითო?
_ ე 20% პროცენტი ზოგი ჩემი დეიდაშვილია, ზოგი _ მეზობელი, ზოგი _ ქუჩის მეგობარი და ზოგიც _ ინსტიტუტის. ჰოდა, ჩვენ რა უნდა ვქნათ _ ე 20 პროცენტი ამოვხოცოთ? თუ ჰუალინგია თუ რომელი ქალაქია, იქანა გადავასახლებთ ამ 20%-ს და გრიპით დავწყვეტთ, არ ვიცი და სხვანაირად ეს ამომრჩეველი ეყოლება და არ ითანამშრომლო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გეებუტო, ეს ხომ ამ ქვეყნის ტრაგედია იქნება?
იმგენმა იმდენი უზნეობა აკეთენ, ნამდვილად არ აქვთ უფლება, რომ ამგენს მორალი უკითხონ, მაგრამ ამგენმაც უკვე იმდენი უზნეობა აკეთენ, იმგენზე თქვან, ამის უფლებაც არ აქვთ.
მოკლედ, ასეთია მოცემულობა: ან რამე პოზიცია უნდა დავაფიქსირო, ან გავჩერდე! ახლა, ორი და ხუთი თვის განმავლობაში ხმა რომ არ ამემეღო, მომაკითხავდით და მეტყოდით, ინტერვიუს ჩავწერო?
თუ არ ვიაქტიურე და არსად გამოვჩნდი, აბა, ისე რა პოლიტიკოსი ვარ? ამგენმა იჩხუბონ, ჩვენ გავჩერდეთ და ვუყუროთ? რა, მერე დამიძახებს ხალხი, მოდი, გოგი, მოდი აქო?
_ ბატონო გოგი, ბუნებრივია, უნდა იაქტიუროთ, მაგრამ პოლიტიკურ ბაზარზე „თავისუფალი საქართველოს“ მონათესავე პოლიტკური ორგანიზაციები არსებობენ. მაგალითად, „ტრიბუნა“, ასევე „ქრისტიან-დემოკრატები“. ჰოდა, მსგავს პარტიებს თუ გიცდიათ გაერთიანება?
_ ეს მცდელობა ახლაცაა და მჯერა, რომ თავის შედეგს ძალიან მალე გამოიღებს, თუმცა ამის გაკეთება ასე ადვილი არ არის.
_ რატომ?
_ ათასი პოლიტიკური და პიროვნული ინტერესია. ვართ ეს ქართველი პოლიტიკოსები ამნაირები და, ჰე…
_ სხვათა შორის, თქვენი პარტია პროპორციულ სისტემაზე შექმნილი ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრია, თუმცა ამ მრგვალ მაგიდაში აქტიურად არ მონაწილეობს. ამას რით ხსნით?
_ იქაც ეს მომენტი მუშაობს.
_ რა მომენტი?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ ამჟღავნებდა იმის სურვილს და იმის დემონსტრირებას ახდენდა, აი, ჩვენ ვართ და თუ გინდათ, მოდითო, მაგრამ აი, შენი დედაც… იყავით „ჩვენ ვართ“ და ერთი, რაფერ დაამხობს, მაგასაც ვნახავთ! სწორედ ამნაირმა ბრექმა მიიყვანა ეს ქვეყანა აქამდე და ახლაც ის მოხდება, რაც არ უნდა მოხდეს!
ისე, იმედი მაქვს, რომ ამ ტონს პატარა მოქაჩავენ და ამასობაში ის მესამე ძალაც გაჩნდება, რომელზეც პრეტენზია ძალიან ბევრს გვაქვს.
მოკლედ, მჯერა, რომ „თავისუფალი საქართველო“ რამდენიმე პარტიასთან ერთად მოლაპარაკებას მოვახერხებთ.
_ მაინც, რომელ პარტიებთან?
_ ამას საიდუმლოდ დავტოვებ _ მაინც მოლაპარაკების თემაა და პრეროგატივა კახას ჰქონდეს, იმან იყვიროს.
_ ბოლოს, ბატონო გოგი, რას ფიქრობთ, რატომ ვერ მოახერხა „ოცნებამ“ „დროშის დაკიდება“, ანუ ქვეყანა რატომ ვერ ააყვავა?
_ ყველაფრის თავი და თავი პოლიტიკაში იმ ადამიანების სიჭარბე მგონია, რომლებსაც ფული უფრო უყვართ, ვიდრე _ ქვეყანა! მაგათზე ნაკლებად არც რესტორანი მიყვარს, არც _ ქალები, არც _ დუდუკი და არც _ ფული, მაგრამ ამისთვის ყველაფერს არ ვკადრულობ! „ოცნებაში“ კი, სამწუხაროდ, მლიქვნელების დოღია, რომელთაც ფული უფრო უყვართ, ვიდრე _ ქვეყანა! დილიდან საღამომდე ფულის შოვნაზე რომ ფიქრობ, „იქანა“ საქმეს ვერ გააკეთებ!

გიორგი აბაშიძე