მირიან მირიანაშვილი: „ფრონტერას“ გამო ამერიკამ ივანიშვილს შეიძლება, სანქციები დაუწესოს“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კიდევ ერთხელ მოახერხა პოზიციისა და უმრავლესობის გადარევა. მან განაცხადა, რომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნას გეგმავს. ამას ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა მოყვა. ბევრს საუბრობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული განხეთქილებაა, რომ სააკაშვილს სურს, ოპოზიციის გამაერთიანებლად წარმოჩინდეს და ამიტომ გადაწყვიტა შტაბის გახსნა, სადაც მან ოპოზიციას შეხვედრების გამართვა შესთავაზა. აქამდე ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა პარტიის ოფისში იკრიბებოდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი მიხეილ სააკაშვილს კარგად იცნობს. მისი აზრით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ერთგვარი შანტაჟია და, ერთი მხრივ, ის რუსების ყურადღების მიქცევას ცდილობს, მეორე მხრივ, უკრაინელებს უმტკიცებს, რომ მას საქართველოზე ჯერ კიდევ აქვს გავლენის ბერკეტები.

რა ჩაიფიქრა სააკაშვილმა? რატომ გაგრძელდა პოლიტიკური ანტრაქტი? ვისი დავალებით დაუპირისპირდა ივანიშვილი „ფრონტერას“? ვის უნდა სინამდვილეში ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდება? რა დავალებებით ჩამოვიდა აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში? რატომ ვეღარ გაჭრის რუსული ტექნოლოგიები? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს მირიან მირიანაშვილი ესაუბრება:

_ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც, ამავე დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერიც არის, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პირად შტაბს ქმნის. მის ამ განცხადებას დიდი მითქმა-მოთქმა მოყვა. თქვენი აზრით, რა ჩაიფიქრა ამ ადამიანმა?
_ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება მისი თანაპარტიელებისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული დაპირისპირების ფაზა დაიწყო. რამდენიმე ლიდერმა გასულ კვირას პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. რამდენიმე მოგვიანებით წამოვა იქიდან. სააკაშვილის ბოლო გადაწყვეტილება იმდენად პროგნოზირებადი ნაბიჯი არაა, რამდენადაც აუცილებლობითაა ნაკარნახევი. ის იმპულსური ადამიანია და ზოგ შემთხვევაში სასაცილო გადაწყვეტილებებსაც იღებს. ამის მიუხედავად, მასზე ვერავინ იტყვის, რომ ვერ აზროვნებს და ლოგიკას არის მოკლებული. მისი გადაწყვეტილებები ხშირად მცდარია, მაგრამ მათში ყოველთვის არის რაღაც ლოგიკა. სააკაშვილი ბრმა უნდა ყოფილიყო არ დაენახა, რომ ვაშაძემ დამოუკიდებელი თამაში დაიწყო.
_ გრიგოლ ვაშაძეზე საუბრობთ?
_ დიახ. რამდენადაც ვიცი, მათ შორის საქმის გარჩევები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ისინი ერთმანეთს ტელეფონით ურჩევდნენ საქმეებს. მათ შორის დავარცხნილი ურთიერთობები არასდროს ყოფილა. ბევრს ჰგონია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად გროგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა. ეს მიშას ინიციატივა არ ყოფილა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვაშაძის კანდიდატურა სერგეი ლავროვმა მოახვია თავს.
გადაწყვეტილების მიმღები ცენტრისთვის, რომელიც საქართველოში არ არის, დღეს მიხეილ სააკაშვილი არის პერსონა, რომლის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ეწინააღმდეგება ყველა. გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში, ამ შემთხვევაში, ამერიკას ვგულისხმობ. რუსებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ილუზიები, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის კანდიდატურას ვაშინგტონთან შეათანხმებდნენ. ეს ილუზია უკვე კრემლსაც გაუქრა. ვაშაძის დამოუკიდებლობის ხარისხის მატება, ჩემი აზრით, ამ ამბავს უნდა უკავშირდებოდეს. მიშა თუ ტრენდში არ არის, მისი გადაწყვეტილებების რესპექტი ვაშაძისთვის მისაღები აღარაა. ის არც მოსკოვისთვის არის მისაღები. თავის მხრივ, ვაშაძე ავტონომიურად გადაწყვეტილებების მიმღები არ არის.
სააკაშვილისგან მოსალოდნელი იყო, რომ პარტიაში კონტროლის მექანიზმების შექმნას შეეცდებოდა, მაგრამ მას აღარც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ შეუძლია კონტროლის დაწესება და არც ქართულ პოლიტიკაზე. ის ან ერთიან თამაშს უნდა ჩაყვეს, თუ არადა, შეიძლება, პარტიიდანაც კი გარიცხონ, ან თავისი ნებით მოუწიოს წასვლა.
_ ის თითქმის უკვე წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. კაცმა თქვა, ჩემს პირად შტაბს ვქმნიო.
_ ეს დეკლარირებულად წასვლას არ ნიშნავს. მგონია, რომ მიშას ეს განცხადება გაფრთხილება და რბილი შანტაჟი უფროა. ის რუსებსაც და თანაპარტიელებსაც აფრთხილებს, რომ ვა-ბანკზე წამსვლელია და მისი თამაშიდან ამოგდება ამათ ძვირად დაუჯდებათ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი რბილ შანტაჟს მიმართავს. ამ შანტაჟის გასაღები უნდა ვეძებოთ იქ, რომ უკრაინაში მყოფმა მაიკ პომპეომ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
_ სააკაშვილის პირადი შტაბის გახსნასთან ეს რა შუაშია?
_ ამით მთლიანად გაიხსნა სიტუაცია და ცხადი გახდა, რომ მიშა ამერიკული პოლიტიკური ელიტისთვის მიუღებელია. ვაშინგტონს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და რაღაც შტაბის შექმნით არაფერი შეიცვლება. შეიძლება, მიშა ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით ის ხისტ ნაბიჯებს ვერ გადადგამს. ამით ის უკრაინელების თვალში საერთოდ დამდაბლდება. უკრაინაში ფიქრობენ, რომ სააკაშვილს საქართველოზე, ჯერ კიდევ, აქვს რაღაც გავლენები.
_ უკრაინელებს ეს რაში აინტერესებთ?
_ უკრაინის პოლიტიკურ ელიტას სურს, რომ საქართველოზე გავლენის გარკვეული ბერკეტები ჰქონდეს, რუსეთთან დაპირისპირებაში ჩვენი ქეყანა მათ მხარეზე მყოფი სუბიექტი რომ იყოს. სააკაშვილის პოლიტიკური თამაში მათ ინტერესებში დევს, ამიტომ არ მიიღებს მიშა რაიმე ხისტ გადაწყვეტილებებს. რაც უკვე გააკეთა, ამის იქით არა მგონია, წავიდეს.
_ მისი ეს გადაწყვეტილება ოპოზიციაში არეულობას ან დაბნეულობას არ გამოიწვევს?
_ ოპოზიციის დამოუკიდებლობაზე ყოველთვის ჩემი აზრი მქონდა, ისევე როგორც იმაზე, რომ ვინმე საქართველოში იღებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს. ოპოზიცია პირამიდის ნაწილია. გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი საქართველოში არ არის. რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება, ეს თავიდან ბოლომდე რუსეთიდან დირიჟირებული პროცესია. რუსების ინტერესებშია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ დამოუკიდებელი სუბიექტების როლი ითამაშოს. ასე რომ, სააკაშვილისგან წამოსული სიგნალი მათზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. სიგნალის მაშინ აქვს აზრი, თუ სიგნალის მიმღები სუბიექტები დამოუკიდებლად მოქმედებენ და გადაწყვეტილების მიღებაც შეუძლიათ. ეს უფრო მოსკოვის მიმართ გაკეთებული სიგნალია. როგორც უკვე გითხარით, მიშა რბილ შანტაჟს მიმართავს.
_ რუსები როგორ შეხვდებიან სააკაშვილის რბილ შანტაჟს?
_ რუსები გაატარებენ, რადგანაც იციან, რომ სააკაშვილს აქ ბევრი არაფრის შეცვლა შეუძლია. თანაც ეს ფიგურა ამერიკელებისთვის მიუღებელია. ამერიკასთან შეთანხმების გარეშე კი მოსკოვი აქ უკვე დამოუკიდებლად ვეღარ დასვამს ოპოლიტიკურ ფიგურებს. კრემლს აქამდეც უწევდა ვაშინგტონთან რიგ საკითხებში შეთანხმების მიღწევა. ახლა გადაწყვეტილებებს უკვე ამერიკა მიიღებს. ამერიკულმა პოლიტიკურმა ელიტამ შიდა პრობლემები მოაგვარა, ტრამპის იმპიჩმენტს ვგულისხმობ და ახლა საქართველოზე გადმოიტანს სერიოზულ ყურადღებას.
_ მათგან ყურადღება არც იმ დროს გვაკლდა, როცა ამერიკა ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურებით იყო გართული. სწორედ ამ დროს დაიწყო საქართველოში კრიტიკული წერილების გამოგზავნა ვაშინგტონიდან. ამერიკისთვის არც სპარსეთის ყურეში არსებულ კრიზისს შეუშლია ხელი.
_ ამერიკიდან რომ ასეთი განცხადებები წამოვიდოდა, ეს იმდენად მოსალოდნელი იყო, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანდა. „ქართულ ოცნებას“ მოვლენების ადეკვატურად შეფასება უჭირს. მათ არ ეგონათ, რომ ამერიკელები საქართველოსთან მიმართებით გააქტიურდებოდნენ. ეს რომ ჰგონებოდათ, პოლიტიკური კურსიც სხვანაირი ექნებოდათ.
_ რას გულისხმობთ?
_ ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონებოდა, ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ დაპირისპირებას ასეთი უსიამოვნო შედეგი მოყვებოდა, ცხადია, ამას არ გააკეთებდა. „ოცნების“ ლიდერს ეგონა, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტა გაატარებდა იმას, რაც საქართველოს ხელისუფლეაბამ „ფრონტერასთან“ მიმართებით გააკეთა.
_ რატომ ეგონა? ამერიკა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების ინტერესებს.
_ შეიძლება, ბოლომდე არც ეგონა, მაგრამ ის იძულებულია, მოსკოვიდან მოსულ სიგნალებს ანგარიში გაუწიოს. კრემლიდან ასეთი სიგნალები მოდიოდა, რომ ისინი აკონტროლებენ აქ ვითარებას და ვაშინგტონი წონიან ნაბიჯს თბილისთან მიმართებით არ გადადგამდა. „ფრონტერასთან“ სულ სხვა ტიპის დაპირისპირება იყო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფიზიკურად ვერ განერიდებოდა. „ფრონტერა“ გახლავთ ტეხასური კომპანია. „ფრონტერა“ რუსეთის თვალში მოიაზრებოდა, როგორც ტეხასელი სენატორის, ტედ კრუზის სფერო. ტედ კრუზი კიდევ ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი გახლდათ, ვინც ჩრდილოეთ ნაკადის შეჩერებას ლობირებდა. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ევროპასა და ჩინეთში რუსული ენერგოკომპანიების როლი დამცრობილიყო.
ცნობილი ფაქტია, რომ პუტინის გარემოცვამ კრუზს მუქარა შეუთვალა. მას ღიად უთხრეს, რომ თუ ის არ შეეშვებოდა რუსეთის ენერგოინტერესების წინააღმდეგ ასეთ ხისტ მოქმედებებს, ტეხასური კომპანიების წინააღმდეგ ისინი ადეკვატურ ზომებს მიიღებდნენ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
_ საქართველოში ნამდვილად მიიღეს სათანადო ზომები და „ფრონტერა“ აქედან გააძევეს.
_ რუსებმა ძალიან საინტერესოდ გადაუხადეს სამაგიერო კრუზს. თავად რუსეთის ტერიტორიაზე უამრავი ტეხასური კომპანიაა, მაგრამ თავიანთ ტერიტორიაზე რევანშული გადაწყვეტილებები მათ წინააღმდეგ ვერ გაბედეს _ ამერიკული სანქციების შეეშინდათ. ჰიბრიდულად გადაუხადეს სამაგიერო. საქართველოში „ფრონტერაზე“ თავდასხმა ბიძინა ივანიშვილს დაავალეს.
_ საქართველოს ხელისუფლებას „ფრონტერასთან“ დაკავშირებით სერიოზული პრეტენზიები აქვს. ამ პრეტენზიებზე რას იტყვით? უსაფუძვლო პრეტენზიები ჰქონდა თბილისს?
_ „ფრონტერასთან“ რაც პრეტენზიებია, ეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა გახლავთ. ამის ჩემპიონები რუსები არიან. ვგულისხმობ მარაგების გაზრდას და ვირტუალური ციფრების დაწერას. როდესაც ინვესტორი შემოდის და შენთან მარაგების გაზრდას აკეთებს, თუნდაც არამართებულ მასშტაბებს აყალიბებს, ეს, პირველ რიგში, ამ ქვეყნის ინტერესშია. ამ სფეროში საკმაოდ კარგად ვარ ჩახედული და მესმის ეს საკითხი.
ქვეყნები სპეციალურად ეძებენ კომპანიებს, რომ ასეთი ციფრები დაწერონ. სადაც ნავთობისა და გაზის დიდ მარაგებს პოულობენ, ეს იმ ქვეყნების პოლიტიკურ წონას მსოფლიოში ზრდის. უფრო მარტივია ამ ქვეყნებისთვის კრედიტების მიღება; უფრო მარტივია ამ ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. ეს მარაგები მთელი რიგი მეთოდიკით საერთო ეროვნულ პროდუქტშიც ითვლება. ამიტომ „ფრონტერა“ თუ მარაგებს ზრდიდა, გამოდის, რომ საქართველოს ინტერესებისთვის ბევრი რამე გაუკეთებია. მთელი მსოფლიოს თვალში სასაცილო გახდა საქართველოს ხელისუფლება, რომ მარაგების გაზრდის გამო ედავება „ფრონტერას“.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში იმდენად დაბალი კომპეტენციაა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების, რა დააბრალონ, ისიც კი არ იციან. რამე ნორმალური მიზეზიც კი ვერ მოიფიქრეს. თბილისისთვის მთავარი იყო, მოსკოვის დავალება შეესრულებინა, ძალიან ცუდად მოიქცნენ „ფრონტერასთან“ დაკავშირებით. სამაგიეროდ, ძალიან მწვავე ორკესტრირებული პასუხი მიიღეს ამერიკის პოლიტიკური ელიტისგან.
ამერიკის სენატის მმართველ სტრუქტურას კოლექტიურ მაკკეინს ეძახიან, რომელიც საგარეო ქეისია. იქ მაკკეინს სამი სუბიექტი ჩაენაცვლა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ტედ კრუზი, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, ტეხასელია და „ფრონტერას“ ლობისტად მოიაზრება, რუსები ასე ფიქრობენ. კოლექტიური მაკკეინის ტრიო მართავს რესპუბლიკურ პარტიას. ამ ტრიოს გადაკიდება საქართველოს არაფერში სჭირდებოდა, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილს. ამას თუ დაამატებთ იმას, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ტეხასის ყოფილი გუბერნატორია და ისიც ტედ კრუზის პროტეჟეა, კიდევ უფრო რთულად არის ამათი საქმე.
_ კიდევ უფრო რთულად რატომ არის საქმე? რა შეიძლება გააკეთოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა?
_ ამერიკაში ფინანსთა სამინისტროს სანქციების პოლიტიკის ჩამოყალიბება ევალება. ეს უწყება, სენატთან ერთად, პრეზიდენტის გარეშე ღებულობს სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას. ასე რომ, ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ არის ივანიშვილი და თან არაფრის გულისთვის.
_ როდესაც, როგორც თქვენ ამბობთ, ივანიშვილმა რუსეთის დავალებით შეუტია „ფრონტერას“, ამ რისკებზე არ უფიქრია?
_ მეეჭვება, მას ამ რისკებზე არ ეფიქრა, მაგრამ ის იძულებული გახდა, პუტინის დავალება შეესრულებინა. „ფრონტერას“ როგორც მოექცნენ, ეს ამერიკაში აღიქვეს, რომ „ოცნების“ ლიდერმა პუტინის დავალებით იძია შური ტეხასელ სენატორ ტედ კრუზზე. თბილისში თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ პუტინისა და ტედ კრუზის დაპირისპრების შლეიფების დარეგულირების რესურსი არჩილ თალაკვაძეს შესწევს, ეს უკვე სასაცილოც კი აღარ არის. „ფრონტერასთან“ დაკავშირებული პერიპეტიები ყველაზე ნათლად ადატურებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი არ არსებობს. აქამდე ეს ცენტრი იყო რუსეთში და ახლა ეს ნელ-ნელა გადავა ვაშინგტონში.
საკმაოდ დიდი დრო მოანდომეს ელჩის შერჩევას ამერიკელებმა. ჩამოვიდა თუ არა თბილისში, ახალმა ელჩმა ძალიან აქტიური მუშაობა დაიწყო. მოვერიდები იმის თქმას, თუ რა დაევალა აშშ-ის ახალ ელჩს საქართველოსთან მიმართებით. სამაგიეროდ, თამამად ვიტყვი, რომ ის პერიოდი დამთავრდა, როდესაც საქართველოში მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რუსეთი იღებდა. ასე იყო თითქმის 30 წლის მანძილზე, ახლა ეს ვითარება შეიცვლება. ამერიკის ორპალატიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ნიშნავს, რომ თბილისთან დაკავშირებით ახალი მოცემულობაა. ამერიკელებს ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე აქვთ მიღებული და მის განხორცილებას ახლა შეუდგნენ.
_ ანუ ვაშინგტონი მაინც შემოუტევდა „ქართულ ოცნებას“, აქ დემოკრატია რომ არ გაუარესებულიყო და ანაკლიის პროექტი არ ჩაეშალათ?
_ ანაკლიის პორტი, უბრალოდ, სიმბოლოა ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობის. ანაკლიასთან თვისობრივად არასწორი აქცენტებია გაკეთებული. ის, უბრალოდ, შეფასების სიმბოლოა, გნებავთ, ლაკმუსის ქაღალდი. ანაკლიის პორტი ნათელი ილუსტრაციაა ყველასთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ გააჩნია. სანამ რუსეთის გავლენისგან არ გავთავისფლდებით, საქართველოს ინტერესებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება ვერ მიიღება. საუბარია როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე.
სინამდვილეში ამერიკელების პრეტენზია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მარტო რუსეთის წინააღმდეგ კი არ არის _ რუსეთს ამ პორტის ასაშენებლად არც რესურსი გააჩნია და არც ლოჯისტიკა, რომ ის დატვირთოს. რუსული ინტერესების საფარქვეშ აქ რეალურად შემოდის ჩინეთი, რომელსაც ღიად არ უნდა საქართველოში მოქმედება. ისინი რუსეთის ქოლგის ქვეშ ჩალიჩობენ ანაკლიის პორტზე და მერე მოსკოვს ჩაისვამენ წილში.
ბიძინა ივანიშვილი ბუნებით ძალიან ფრთხილი კაცია. მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება რომ ჰქონოდა, არც „ფრონტერას“ დაუპირისპირდებოდა და არც იმას გააკეთბდა, რაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გააკეთა. ამ პოლიტიკის გამო მან შეიძლება სანქციებს გამოჰკრას ხელი. სანქციები მას არაფერში აწყობს, მაგრამ იძულებული გახდა, გაერისკა. მან რუსეთის ზეწოლას ვერ გაუძლო. ახლა მისთვის ძალიან მძიმე პერიოდი დაიწყება. ამერიკა სრულად განთავისუფლდა სპარსეთის ყურის პრობლემისგან, ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურაც მორჩა. ვაშინგტონი საქართველოსთვის სერიოზულად მოიცლის.
_ რას უნდა ველოდოთ ამერიკისგან? რა იქნება ვაშინგტონის შემდეგი ნაბიჯი?
_ ძალიან სერიოზული რესურსი იქნება იმისთვის გამოყენებული, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნას. მერწმუნეთ, არაფერს ნიშნავს, აქ საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული წესით ჩატარდება თუ პროპორციულით. რუსეთი ვერანაირად ვერ დაიტოვებს იმ ბერკეტებს, რაც ახლა საქართველოში აქვს. ამ ბერკეტების გამოყენებით მოსკოვი წლების მანძილზე მართავდა აქაურ პოლიტიკას.
_ თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ქართული პოლიტიკა მთლიანად რუსეთიდან იმართება.
_ იმართება და თან როგორ. ოპოზიციაც კრემლის მითითებებს ასრულებს და უმრავლესობაც.
_ თუ ასეა, რატომ ვერ შეინარჩუნებს რუსეთი ბერკეტებს საქართველოში? არჩევნები ან უმრავლესობამ უნდა მოიგოს, ან _ ოპოზიციამ, ორივე თუ მისია, გამოდის, რომ ბერკეტებს მაინც ინარჩუნებს.
_ გამორიცხულია, მოსკოვი საქართველოზე მართვის ბერკეტებს ვეღარ შეინარჩუნებს. კრემლს უკვე ძალიან უჭირს აქაური პოლიტიკური თეატრის პროდიუსირება. ამათ, ძირითადად, სურკოვი მართავდა, ეგ იყო მთავარი დირიჟორი. პუტინმა სურკოვი მოხსნა, მისი დირიჟორობის გარეშე კი ქართულ პოლიტიკურ ცენტრს ძალიან გაუჭირდება მოქმედება.
_ გინდათ თქვათ, რომ სურკოვის მოხსნის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს პატრონი აღარ ჰყავს?
_ უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ დირიჟორი აღარ ჰყავს. მის გარეშე კი არ იციან, რა ქნან. ვერ ხედავთ, 15 დეკემბრის მერე ორთვიანი ანტრაქტია ქართულ პოლიტიკურ თეატრში. ეს ოპერატიული პაუზა იმიტომ გაიწელა, რომ რუსი პროდიუსერების გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. რეალურად, აქაც ჟანრის კრიზისი აქვთ. ვეღარ ხვდებიან, საქართველოში რა უნდა გააკეთონ. რუსები აქ შედეგს მხოლოდ მაშინ დებდნენ, როცა მოწინააღმდეგეებად მხოლოდ ქართველები ჰყავდათ. ახლა უკვე ამერიკული პოლიტიკური ელიტა ჩაერთო საქმეში და ფიასკო ფიასკოს მიჰყვა. ფიზიკურად ეს თეატრი მხოლოდ ერთი რამის გამო გააჩერეს _ რუსებმა გაარკვიეს, რომ ვაშინგტონი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სერიოზულ მონიტორინგს ახორციელებს. ამ პირობებში პოლიტიკური თეატრი ძველი სახით და ფორმით ვერ იარსებებს. ის, რაც აქამდე იყო, დაუსჯელობის სინდრომზე აღმოცენებული ქმედებათა ერთობლიობა გახლდათ. ახლა სპექტაკლების დადგმა არა მხოლოდ შეუძლებელი, არამედ სარისკოც გახდა. სენატორებისა და კონგრესმენების ლანძღვა-გინებაც ამის ნიშანია.
_ სარისკო რატომ არის პოლიტიკური თეატრის დადგმა?
_ არ იციან, ამ სპექტაკლებს დასავლეთში რა მოჰყვება. იმაში კი დარწმუნებული არიან, რომ შემდეგი რეაქცია ვაშინგტონიდან პირდაპირ სანქციები იქნება. ახლა საქართველოს მთელი რიგი ვალდებულებების აღება უწევს. ამაში კორექტული ქცევაც მოიაზრება. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს ორთვიანი ანტრაქტი.
_ როდემდე გაგრძელდება პოლიტიკურ თეატრში ანტრაქტი?
_ დიდხანს არ გაგრძელდება. რაღაცას მაინც დადგამენ. მეგააქციები მოსალოდნელი არ არის. სირცხვილის დერეფნებით და მსგავსი ტიპის ღონისძიებებით შემოიფარგლებიან. საქართველოში პოლიტიკური თეატრის 2 ან 2 თვეზე მეტი ხნით გაჩერება იმას ნიშნავს, რომ რეალური პოლიტიკური ცხოვრება იწყება, ყალიბდება რეალური ნიუსები და იწყება რეალურ ძალთა ჩამოყალიბება. მერე ამის გადაგდება და მისი მოდელირებული რეალობით ჩანაცვლება ბევრად უფრო რთული პრობლემაა. წინ ძალიან საინტერესო ამბები გველოდება. განსაკუთრებით საინტერესო ფინალი იქნება.
_ რა იქნება ფინალში?
_ დაველოდოთ ფინალს.

შორენა მარსაგიშვილი