ჯონდი ბაღათურია: „ვიღაცები აქ ელოდებიან, კორონავირუსი გავრცელდეს, რომ შემდეგ ამით ფული გააკეთონ“

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხდა, _ კორონავირუსი საერთაშორისო მნიშვნელობის საფრთხედ შეფასდა. ამ ვირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოსაც ემუქრება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვირუსი უკვე საქართველოშიც გავრცელდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლება მშვიდად არის და სასიკვდილო ვირუსის არ ეშინია _ არანაირ ზომებს არ მიმართავს, რომ ვირუსის გავრცელება თავიდან ავიცილოთ.

ხელისუფლებისგან განსხვავებით ძალიან არის შეშფოთებული „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია. მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს საზღვარზე ჩინეთისა და მაღალი რისკის სხვა ქვეყნებიდან მოქალაქეთა შემოშვება. იგი მიიჩნევს, რომ საჭიროა სასწავლო პროცესის შეწყვეტა. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის სხვა ადგილებში მუდმივი დეზინფექციის პროცესის ჩატარებასაც ითხოვს. ამის პარალელურად ბაღათურია აგრძელებს სააფთიაქო მაფიასთან ბრძოლას. საქართველოში წამლების არანორმალურად მაღალი ფასებია. ამაზე არაერთხელ ატყდა სკანდალი, ფარმაცევტული კომპანიები კი წამლებს არ აიაფებენ და ახლა პირბადეებიც საშინლად გააძვირეს.

რატომ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი? რატომ უნდა შეწყდეს სასწავლო პროცესი? როგორ აძვირებენ პირბადეებს? რა ხდება წამლების ფასებთან დაკავშირებით? როდის აპირებენ სააფთიაქო მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის განახლებას? _ ამ თემებზე ჯონდი ბაღათურია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ჯონდი, თქვენ ინიციატივით გამოხვედით, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დროებით ჩაიკეტოს საზღვრები. ასე სერიოზულად არის საქმე? ხელისუფლება რაღაც არხეინად გამოიყურება.
_ ეს ვირუსი ძალიან სახიფათოა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის საქართველოში არ გავრცელდეს. ამ ვირუსის სამკურნალო ვაქცინა ჯერ არ მოუგონიათ. ძალიან სწრაფად ვრცელდება, მისთვის დამახასიათებელია მაღალი ლეტალობა. საზღვრების სრული ჩაკეტვა არ მომითხოვია, მაგრამ იმ ზომების გატარება კი მოვითხოვე, რასაც ცივილიზებულმა ქვეყნებმა მიმართეს. ეს მათ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად გააკეთეს. ჩვენი ხელისუფლებაც ვალდებულია, იგივენაირად მოიქცეს.
საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოს ჩინეთის მოქალაქეებს. ეს შეზღუდვა იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც უნდა გავრცელდეს, რომლებსაც ჩინეთთან საზღვარი არ ჩაუკეტავთ. ეს შეზღუდვები რამდენიმე კვირით უნდა დაწესდეს. ამ პერიოდში რაღაც სურათი გამოიკვეთება და იქნებ, ამ სასიკვდილო ვირუსის ვაქცინაც დამზადდეს. ანდა შეიძლება, ამ პიკმა გადაიაროს. ბევრმა ქვეყანამ მარტო ჩინეთთან კი არ ჩაკეტა საზღვარი, არამედ იმათთანაც, რომლებმაც ჩინეთთან საზღვარი არ ჩაკეტეს. ამას ჩინეთის ხელისუფლება გაგებით ეკიდება და არანაირი პრეტენზიები არ გააჩნია.
ჩინეთის უახლოესი მეზობელი ქვეყნები _ ტაილანდი, ვიეტნამი, კორეა _ კულტურულადაც და ეკონომიკურადაც მიბმული არიან ჩინეთზე. ამათაც კი შეაჩერეს თავიანთ ქვეყნებში ჩინეთის მოქალაქეების შეშვება. ვიეტნამში ამას ცოტა არასასიამოვნო ფორმაც მიეცა. იქაურმა სასტუმროებმა უარი თქვეს ჩინელების მიღებაზე. ამერიკელმა პილოტებმა უარი თქვეს ჩინეთში ავიარეისების შესრულებაზე. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ამერიკამ არ შეაჩერა ჩინეთის მიმართულებით ფრენები. ასეთი შეზღუდვები ჩვენთთანაც უნდა დაწესდეს, რამდენიმე კვირით მაინც.
ასევე აუცილებლია სასწავლო პროცესის შეწყვეტა. ეს იმდენად ელემენტარული მოთხოვნაა, რომ ამას განმარტებები არ უნდა სჭირდებოდეს. ასეთი სასიკვდილო ვირუსის დროს კი არა, უბრალო გრიპის ეპიდემიის დროსაც, როგორც წესი, წყდება ხოლმე სასწავლო პროცესი.
_ საქართველოში არაერთხელ შეწყვეტილა გრიპის ეპიდემიის გამო სასწავლო პროცესი.
_ ზუსტად მაგას ვამბობ მეც. ახლა მით უმეტეს უნდა შეწყდეს, რადგანაც სასიკვდილო ვირუსის გავრცელების საფრთხის წინაშე ვართ. ვინმე თუ მაინც ვერ მიხვდება, რატომ უნდა შეწყდეს სასწავლო პროცესი, მათთვის გავაკეთებ განმარტებებს: როგორც წესი, სასწავლო პროცესი წყდება იმის გამო, რომ ვირუსი ყველაზე მეტად დახურულ სივრცეში ვრცელდება. სასწავლო კლასში ან აუდიტორიაში ერთმა ადამიანმაც რომ დააცემინოს, ეს საკმარიასია, რომ იქ მყოფი ყველა პირი დაინფიცირდეს. თავად ხომ დაინფიცირდებიან, ამ ვირუსს სახლშიც წაიღებენ და ოჯახის წევრებსაც გადასდებენ.
ყველასთვის ცნიბილია, რომ დაცემინების დროს რამდენიმე მილიონი ვირუსი გამოიყოფა. ეს ვირუსი მარტო ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის _ ილექება ტანსაცმელზე, სკამზე, ყველაფერზე, რასაც კი შეეხება ადამიანი. სავალალო შედეგები რომ თავიდან ავიცილოთ, სასწავლო პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს. ეს იმისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ მოსწავლეები და სტუდენტები ვირუსის გავრცელებისგან დავიცვათ.
სერიოზული რისკის ზონაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლითაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება. არ მინდა, მედიის მიმართ საყვედური გამომივიდეს, მაგრამ ჩვენი მედია კორონავირუსს არასათანადო ყურადღებას აქცევს. აბა, ჩავრთოთ მსოფლიოს ყველა წამყვანი არხი და ვნახავთ, იქ რა ხდება. ევროპასა და ამერიკაში აჩვენებენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს დღეში რამდენჯერმე ამუშავებენ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. ასეთი სამუშაოების ჩატარება დაიწყეს რუსეთშიც _ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება სახელურები სკამები, მეტროს შეასვლელები. ეს 100%-ით არ გამორიცხავს ვირუსის გავრცელებას, მაგრამ მნიშვნელოვნად აფერხებს მისი გავრცელების საფრთხეს.
დავიჯერო, თბილისის მერიას იმხელა რესურსი არ აქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყოს? ან ჯანდაცვის სამინისტროს მუშაკები რატომ არიან ასე მშვიდად? მაინცდამაინც უნდა გავრცელდეს ვირუსი და მერე უნდა დაიწყონ ამ ღონისძიებების გატარება? ასეთი უპასუხისმგებლობა როგორ შეიძლება?!
_ თქვენი აზრით, რატომ იქცევიან ასე უპასუხისმგებლოდ? იმას ვერ ვიტყვით, რომ გაცნობიერებული არ აქვთ, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას კორონავირუსმა საქართველოს მოსახლეობას.
_ ვერ გეტყვით, რას უკავშირდება მათი უდარდელობა და უპასუხისმგებლობა. მე ის ვიცი, რომ სათანადო ღონისძიებების გატარება უნდა დაიწყონ მანამ, სანამ ეს ვირუსი გავრცელდება. იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს კორონავირუსი საქართველოში არ დაფიქსირდეს. ბოროტი მიდგომა აქვს იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც სათანადო ღონისძიებებს მხოლოდ იმიტომ არ ატარებენ, რომ საქართველოში ეს ვირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა. ღმერთმა არ ქნას და აქ რომ ეგ ვირუსი დაფიქსირდეს, არც კი ვიცი, რა გველოდება.
_ კარგი არაფერი გველოდება.
_ სულ რაღაც 3 მილიონი დავრჩით და შეიძლება, სულ ამოვწყდეთ. ჩინეთის მოსახლეობა მილიარდ-ნახევარს შეადგენს. მათთვის ეს ვირუსი ეროვნული საფრთხე არის, მაგრამ იმდენი არიან, ვერ ამოწყდებიან, ჩვენ კი ნამდვილად გავწყდებით. რატომ უნდა გავწყვიტოთ ჩვენი მოსახლეობა? იმიტომ, რომ ვიღაც თანხებს უფრთხილდება? მერე უფრო მეტი თანხა არ დაიხარჯება? თუ იმის იმედი აქვთ, რომ კორონავირუსი საქართველოს ვერაფერს დააკლებს? მთელი მსოფლიო წინასწარ იჭერს თადარიგს და ჩვენ რატომ ველოდებით, მაინცდამაინც, გავრცელებას? ეს არასწორი და დანაშაულებრივი მიდგომაა.
_ ჩვენთან მართლა დიდი საფრთხეა: ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სათანადოდ ვერ იკვებება, შესაბამისად, იმუნიტეტიც დაბალი აქვს და აქ თუ ვირუსი გავრცელდა, მას ბევრი ვერ გაუმკლავდება.
_ ჩვენი მოსახლეობის 65%-ზე მეტი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს გახლავთ სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც მალავს როგორც ხელისუფლება, ასევე _ ოპოზიცია. საპარლამენტო ოპოზიცია ბევრ რამეში ოპონირებს ხელისუფლებას, მაგრამ ამ თემაზე, რატომღაც, ხმას არ იღებს. ისინი ერთმანეთს ნამუსს წმენდენ. წინაასარჩევნო თეატრალიზებულ ცირკებს დგამენ. ასე ცდილობენ ელექტორატის გაყოფას. ნამდვილ და სერიოზულ პრობლემებზე არასდროს ლაპარაკობენ.
_ ზემოთ თქვით, რომ ჩინოსნების ნაწილი არაკეთილსინდისიერად იქცევა და არა მარტო ისინი _ ფარმაცევტული კომპანიები უარესს აკეთებენო. რაც კორონავირუსი გამოჩნდა, პირბადეები გააქრეს და ახლა უვარგისი შემოიტანეს. სად გაგონილა, რომ ყველაფრით ფული გააკეთო?
_ ჩვენ ვაპირებთ გავავრცელოთ ვიდეოკადრები, თუ რა ხდება პირბადეებთან დაკავშირებით. დავიწყოთ იმით, რომ პირბადეები გააძვირეს. სახელმწიფოში არ არის საკმარისი ოდენობის პირბადე შემოტანილი. რაც შემოსულია, ისიც უხარისხოა. ეს პირბადეები მოსახლეობას ვირუსისგან ვერ დაიცავს.
_ ერთმა ფეისბუქ-მომხმარებელმა დაწერა, ისეთი თხელი პირბადეებია, რომ იქ ვირუსი კი არა, მეც გავძვრებიო.
_ მართლა ასეა. გავავრცელებთ ვიდეოკადრებს და ყველა თქვენგანი ნახავს, თუ რა მასშტაბის უსინდისობა ხდება. იმასაც ნახავთ, რა ასტრონომიულად არის გაძვირებული ის პირბადეები, რომელიც მართლა იცავს ადამიანს ვირუსის გავრცელებისგან.
თხელი პირბადეები, რომელიც საქართველოში შემოიტანეს, არაეფექტიანია. მაქსიმუმ, ორი საათის მანძილზე მუშაობს. სამწუხაროდ, ამასაც არ ეუბნებიან ადამიანს. ტელევიზიებიდან ამაზე არავინ ესაუბრება ხალხს. თავდაჯერებული, ბრძნული გამომეტყველებით გამოდიან ჩინოსნები და ამბობენ, რომ მწვანე ზონაში ვართ. მადლობა ღმერთს, რომ რისკის ზონაში არ ვართ. სინამდვილეში, ჩვენ ყველაზე მაღალი რისკის ზონაში ვართ.
_ რატომ?
_ ასეთი ჩინოვნიკები რომ გვყავს, ეს რისკის ყველაზე მაღალი ზონაა, აბა, რა არის?! ისინი ელოდებიან, როდის გავრცელდება ვირუსი, რომ მერე მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ. არადა, წინასწარ უნდა იბრძოლო, რომ არ გაჩნდეს. თუ გავრცელდა, მტერს. ალბათ უნდათ კიდეც, რომ გაჩნდეს ვირუსი და ამით ფულს გააკეთებენ _ ბიუჯეტიდან დიდ თანხებს ჩამოწერენ.
_ ჩვენში სხვის უბედურებაზე ფულის კეთება ჩვეული ამბავი გახდა. გასული წლის შემოდგომაზე თქვენ სააფთიაქო მაფიის წინააღმდეგ დაიწყეთ ბრძოლა. ძალიან ქტიური იყავით და ახლა აღარ ჩანხართ, რა ხდება? ამ თემაზე ხელისუფლებასთანაც გქონდათ კონსულტაციები. მიაღწიეთ რამეს? დააკლეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა წამლებს ფასები?
_ თავიდან ძალიან აქტიურად დავიწყეთ. პოლიტიკოსების ნაწილიც შემოუერთდა ჩვენს ბრძოლას. ზოგმა ამ თემით სპეკულანტობაც კი დაიწყო. როგორც კი ტალღა გაქრა, ისინი გაჩერდნენ. რაც შეეხება ხელისუფლებასთან ჩემს კონტაქტს, თავიდან მათთან შეთანხმებას მივაღწიეთ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა. ამ ჯგუფში ჩართული იყვნენ როგორც ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ სამუშაო ჯგუფის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.
_ რას ელოდებიან?
_ სიტუაცია აირია. აკაკი ზოიძემ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. იმას ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი კამპანიის გამო ფარაცევტული კომპანიები შეშინდნენ და წამლებს ფასი დააკლეს. იმდენად მაღალი დონის მფარველები ჰყავთ, რომ ფასებს არ ამცირებენ. რაღაც ღონისძიებებს კი ატარებენ თვალის ასახვევად. აფთიაქებში ჩემი შესვლა არ უხარიათ. რა წამალიც არ უნდა მოვითხოვო, მეუბნებიან, რომ არ გვაქვსო. ასეთი გზით ცდილობენ, თავიდან მომიშორონ. მერე სხვები შევუშვი და დავაფიქსირეთ, თუ რა ხდება აფთიაქებში.
სახელმწიფოს ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს პენსიონერებისთვის. გადაუდებელ მედიკამენტებს მათ 1 ლარად აძლევენ. ეს პროგრამა რომ ხორციელდებოდეს, კარგი იქნებოდა. ფარმაცევტული კომპანიები დიდი ზარზეიმით ჩაერთნენ ამ პროგრამაში, მაგრამ მისი შესრულება არ სურთ და არც ასრულებენ. შედის პენსიონერი და ითხოვს იმ გადაუდებელ წამალს, რომელიც მას 1 ლარად ეკუთვნის. ეუბნებიან, რომ პროგრამით გათვალისწინებული წამალი აღარ გვაქვს, მაგრამ კომერციული გვაქვსო.
_ ერთსა და იმავე წამალზეა საუბარი?
_ დიახ. უბრალოდ, სხვა თაროზე უდევთ და პენსიონერს ეუბნებიან, რომ ეს წამალი ჩვეულებრივ ფასად უნდა იყიდონ.
_ რადგან სხვა თაროზე დევს?
_ ასეა.
_ რა უნამუსობაა.
_ დიდი უნამუსობაა. პენსიონერებმა სკანდალი რომ არ მოაწყონ, მათ სადღაც სხვა აფთიაქში აგზავნიან და ეუბნებიან, რომ იქ იქნება მათთვის საჭირო წამალი, მიდიან იქ და იგივე სიტუაცია ხვდებათ. ნორმალურ ქვეყანაში ამაზე სერიოზული სკანდალი აგორდებოდა, აქ კი ამის არავის ეშინია. ფარმაცევტული კომპანიები იმდენად დაცულად გრძნობენ თავს, რომ არაფერს აღარ ერიდებიან. ერთ პენსიონერს რომ უთხრეს, პროგრამით გათვალისწინებული აღარ გვაქვს და თუ გინდათ, კომერციული იყიდეთო, ჰკითხა, _ ეგ წამალი აქეთ რომ გადმოდოთ, არ შეიძლებაო? და სასტიკი უარი უთხრეს. პროგრამა, რომელიც პენსიონერებისთვის არის, ძალიან კარგია, მაგრამ ის არ მუშაობს. ამას ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს.
_C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყოფილ წამლებს რომ ვადა გაუყვანეს, ამასთან დაკავშირებით თუ იცით რამე? ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების წამალი როგორ უნდა გადაყარონ? ეს მავნებლობაა თუ კორუფცია?
_ სიმართლე გითხრათ, ვერ გავარკვიე, თუ რა მიზეზით არ გამოიყენეს ამ რაოდენობის წამალი. აქ, მინიმუმ, დანაშაულებრვ გულგრილობასთან გვაქვს საქმე. ამას სერიოზული შესწავლა სჭირდება. ვეჭვობ, დიდი დანაშაული მოხდა. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ობიექტური მიზეზებიც იყო.
_ წამლების ფასების თემას დავუბრუნდეთ, ამ საკითხის წამოწევას კიდევ თუ აპირებთ? როცა თქვენ ეს კამპანია დაიწყეთ, ხალხს რაღაც იმედი გაუჩნდა, განსაკუთრებით, პენსიონერებს.
_ ამ თემაზე მუშაობა არც შემიწყვეტია და არც შევწყვეტ. ეს თემა პოლიტიკამ გადაფარა. ზემოთ გითხარით, რომ სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა. ამ ჯგუფის პირველი სხდომა „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას დაემთხვა, _ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ვგულისხმობ. ამის საწინააღმდეგოდ ოპოზიციამ აქციების სერია დაიწყო. წინასაარჩევნო ცირკმა, „ნაცებისა“ და „ოცნების“ თეატრალიზებულმა კინკლაობამ, ყველა სხვა თემა გადაფარა.
_ ახლა მედია, ძირითადად, წინასაარჩევნო ბატალიებზეა გადასული, მაგრამ წამლების ფასიც არანაკლებ სკანდალური თემაა. სიძვირის გამო ადამიანები უწამლობით იხოცებიან.
_ გეთანხმებით, სააფთიაქო მაფია უმნიშვნელოვანესი და სკანდალური თემაა. სამწუხაროდ, რაც უფრო მნიშვნელოვანია თემა, „ოცნება“ და „ნაციონალები“ მით უფრო ცდილობენ მის გადაფარვას და ამას ერთიანი ძალებით აკეთებენ. „ნაციონალები“ ხომ ასე ძალიან არიან „ოცნებასთან“ დაპირისპირებული, ერთხელ მაინც რატომ არ უთხრეს, რომ წამლებს აძვირებენ და სააფთიაქო მაფიას არ ებრძვიან? სამწუხაროდ, არის ტაბუდადებული თემები, რომლებზედაც არც ხელისუფლება იღებს ხმას და არც _ ოპოზიცია. წამლების თემაზე მათი დუმილი იმაზე მიუთითებს, რომ „ოცნებასაც“ და წინა ხელისუფლებასაც სააფთიაქო მაფია აფინანსებს. პოლიტიკურ პარტიებს სანამ ფარმაცევტული ბიზნესისგან ფულის მიღება არ აეკრძალებათ, მანამდე სულ ასეთი მდგომარეობა იქნება. სამწუხაროა, რომ ამ თემით არც მედია ინტერესდება. ისინიც სააფთიაქო მაფიისგან იღებენ დაფინანსებას. წამლების რეკლამაში ეს კომპანიები დიდ ფულს იხდიან. იქ მათზე ცუდი რამე რომ ითქვას, რეკლამას სხვაგან წაიღებენ.
ძალიან რთული მდგომარეობაა ამ მხრივ და სააფთიაქო მაფიასთან ბრძოლის მოგება იოლი არ იქნება. ამისთვის საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია. ხალხი ქუჩაში თუ არ გამოვიყვანეთ, ამ ჩაკეტილ წრეს ვერ გავარღვევთ. აქციას აქამდეც მოვაწყობდით, მაგრამ ყველაფერი კარგად უნდა გავთვალოთ. ბევრი ხალხი თუ არ გამოვიდა, ეფექტს ვერ მივიღებთ. ამიტომ არ ვჩქარობთ და ვცდილობთ, ყველაფერი კარგად იყოს ორგანიზებული. იმედი მაქვს, რომ პარლამენტთან ბევრი ხალხის გამოყვანას მოვახერხებთ.

შორენა მარსაგიშვილი