ჯელალ ქიქავა: „ოცნებამ არ იცის, რა არის პროგრესი და რა არის კონგრესი“

ბოლო დროს ოპოზიციონერებზე ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვეულებრივ ამბად იქცა. ოპოზიციონერებზე თავდამსხმელებს, როგორც წესი, მსუბუქად სჯიან ან საერთოდ არ სთხოვენ პასუხს. სულ ახლახან კი ერთი ტენდენცია გახდა ტრენდული _ ნაცემ ოპოზიციონერებს იქით სდებენ ბრალს ძალადობაში: ასე დააბრალეს გიგი უგულავას მსოფლიო ჩემპიონის ცემა; ლევან ხაბეიშვილს კი, რომელსაც საკრებულოში ოთხი კაცი დაესხა თავს და წიხლებით შესდგა, პროკურატურამ იქით წაუყენა ბრალი ძალადობის მუხლით.
ამ ტრენდული ტენდენციის თანახმად, არაა გამორიცხული, ძალადობის მუხლით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ჯელალ ქიქავასაც წაუყენონ ბრალი, რომელსაც ასევე თავს დაესხა მსოფლიო ჩემპიონი და შეთავსებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მუხრან ვახტანგაძე. მართალია, ნაცემი ქიქავაა, მაგრამ მოძალადედ მაინც მას გამოაცხადებენ, რადგან ზემოთ ასე სურთ. ჯელალ ქიქავა ფიქრობს, რომ, თავის დროზე, ოპოზიციას მის ცემაზე სათანადო რეაქცია რომ ჰქონოდა, ხელისუფლების ზონდერები სხვებზე თავდასხმებს ვეღარ გაბედავდნენ.

რატომ გადავიდა ხელისუფლება აშკარა ძალადობაზე? რისი მიღწევა შეუძლია ოპოზიციასა და ხალხს? რატომ არ ცნობს „ოცნება“ კონგრესსა და სენატს? რისთვის სჭირდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა? რატომ აკავებს ხალხს ოპოზიცია? შეძლებენ თუ არა ისინი არჩევნებამდე ერთობის შენარჩუნებას? _ ამის შესახებ ჯელალ ქიქავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ამერიკიდან გასულ კვირასაც მივიღეთ რამდენიმე წერილი. ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები მწვავედ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. ამ კრიტიკას „ოცნებამ“ კრიტიკითვე უპასუხა და კონგრესს ტონის შეცვლისკენ მოუწოდა.
_ აბა, რას ელოდით „ქართული ოცნებისგან“? გეგონათ, აზრზე მოვიდოდნენ? ივანიშვილის პარტიამ არ იცის, რა არის პროგრესი და რა არის კონგრესი. თავისი ჭკუით, არაფრად აგდებენ ამერიკას. სულელურ განცხადებებს აკეთებენ, სტრატეგიულ პარტნიორს აბითურებენ. ამით თავს იწყნარებენ და მხარდამჭერებსაც ამშვიდებენ. ეს მხარდამჭერებიც აღარ ჰყავთ. მძიმე მდგომარეობაში არიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ეგენი სათანადოდ ვერ აფასებენ, რას ნიშნავს დასავლეთიდან წამოსული ასეთი მწვავე კრიტიკა. სამაგიეროდ, ვინც პოლიტიკაში ვერკვევით, ვიცით, ეს რაც არის. ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ საგარეო ფრონტზე მძიმედ აქვს საქმე. უკეთესი მდგომარეობა არც ქვეყნის შიგნით აქვთ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ღმერთს ყოველდღე ვეხვეწები, რომ საქმე არჩევნებამდე მივიდეს.
_ რატომ ეხვეწებით ღმერთს ამას, არის საფრთხე, რომ არჩევნები ჩაიშალოს?
_ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება დაიწყოს სოციალური ბუნტი. ეს ბუნტი რამდენიმე წლის წინათ ვნახეთ ბათუმში. ძალიან არ მინდა, რომ იგივე განმეორდეს.
_ თქვენ თქვით, რომ ხელისუფლება თავს იმშვიდებსო, მაგრამ ბოლო დროს მთლად დამშვიდებულები აღარ არიან. უკვე შეწუხდნენ ამ წერილებით და ამბობენ, ჩავალთ და ამერიკელებს დაველაპარაკებითო.
_ რაზე უნდა დაელაპარაკონ? ერთხელ ხომ უკვე წავიდნენ დასალაპარაკებლად? იმისთანა დაელაპარაკნენ, რომ იმ დღიდან მოყოლებული ყოველდღე კრიტიკა მოდის იქიდან. ამერიკელებს როგორ უნდა დაელაპარაკონ, როცა თავიანთ რუსეთუმეობას აღარც კი მალავენ?! შტერი ქალი რომ ჰყავთ, ის გამოვიდა ევროსაბჭოში და ლავროვი საქართველოში დაპატიჟა. პირობაც დადო, ამის გამო ოკუპაციის შესახებ კანონსაც კი დავარღვევო.
_ სალომე ზურაბიშვილს რა უფლება აქვს, კანონს გვერდი აუაროს?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ რა უფლება აქვს, პრეზიდენტობას რომ იჩემებს? ყველამ ვიცით, როგორ დასვეს ამ პოსტზე. ხახვსა და კარტოფილზე იყიდეს მისთვის საჭირო ხმები! როგორ შეიძლება, ეს ქალი საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი იყოს?! ვერც კი ხვდება, ეს რას ნიშნავს. იმაზეც არ აქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტი. პრეზიდენტობა იმისთვის უნდოდა, რომ ამ რანგში ჩასულიყო პარიზში თავის დაქალებთან და იქ ემარიაჟა. მეტი აზრი მაგას არ გააჩნია, არანაირი პრეზიდენტი ეგ არ არის.
_ ამას თავადაც აღიარებს: ხომ თქვა, ივანიშვილია საქართველოს პრეზიდენტიო.
_ მაგას რომ არ ეთქვა, ისედაც ყყველამ ვიცოდით, რომ ყველაფრის უფროსი ბიძინა ივანიშვილია. იმდენად ამაზრზენია ეს ყველაფერი, რომ ამაზე საუბარი უკვე მეუხერხულება, ნამეტანი ბავშვური თემაა.
_ თქვენ ბავშვური თემა ეძახეთ და ამ ხალხს ქვეყნის ბედი აბარია.
_ მაგათ რომ აბარიათ ქვეყნის ბედი, მაგიტომაც დავიქეცით ყველანაირად. უგუნურ ნაბიჯებს დგამენ, გამოუცდელები არიან და ანადგურებენ სახელმწიფოს. ყველა სიკეთესთან ერთად, წიგნიც არ აქვთ გადაშლილი, წაკითხვაზე უკვე არაფერს ვამბობ.
_ წიგნი ბევრ მათგანს რომ არ აქვს წაკითხული, ამაში გეთანხმებით, მაგრამ გამოუცდელებს მათ ვერ დავარქმევთ. უკვე მერვე წელია, რაც ხელისუფლებაში არიან.
_ თუ თავში ჭკუა არ გაქვს, გინდა თორმეტი წელი იყავი ხელისუფლებაში, არაფერი იცვლება. ამათ არც რვა წელმა უშველა და არც დამატებით კიდევ რვა წელი უშველის. ამათ მარტო დანგრევა იციან. ხალხი ისეა გამწარებული, ძლივს ვაკავებთ. ოპოზიცია რომ არ იყოს, აქ არეულობა და უბედურება დატრიალდებოდა. არეულობისგან ვიცავთ ქვეყანასო და „ოცნების“ მტკიცებით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს არეულობის მოსაწყობად.
არეულობა რომ გვდომოდა, რამენაირად მოვაწყობდით. შტერები რომ არიან, მაგიტომ ვერ ხვდებიან ამას. ოპოზიცია აშოშმინებს ხოლმე ხშირად ხალხს და ჩვენც ამ როლს ვასრულებთ. რევოლუციებს, როგორც წესი, ხელისუფლება აწყობს. ღმერთმა დაგვიფაროს და აქ თუ რევოლუცია მოხდა, ეს „ქართული ოცნების“ მოწყობილი იქნება და პასუხიც საკუთარ თავს მოსთხოვოს.
_ თავის თავს როგორ მოუწყობენ?
_ ჩათვალეთ, რომ უკვე უწყობენ.
_ რანაირად?
_ ძალიან მარტივად: არ აღადგინეს სამართლიანობა; გაიაფების ნაცვლად ყველაფერი გააძვირეს, ხალხი წამალსა და საჭმელს ვეღარ ყიდულობს; გაიზარდა დენისა და გაზის ტარიფები; მოიმატა კრიმინალმა; ქვეყანა თავზე დაგვემხო; ხალხი მშიერი კვდება; რუსებს ჩვენი მიწები მიაქვთ. ხელისუფლება კი ამ დროს მხოლოდ ქონების დაგროვებაზე ფიქრობს. რევოლუციის მოწყობას მეტი მიზეზი კი არ სჭირდება! რევოლუციებს თავად ხელისუფლებები აწყობენ, უბრალოდ, მერე ამას ოპოზიცია უდგება სათავეში. ეს კარგ შემთხვევაში, თორემ თუ ხალხი კონტროლიდან გამოვიდა, მაშინ ძალიან ცუდად დაასრულებს ნებისმიერი ხელისუფალი. ოპოზიცია იმის გარანტია, რომ ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ მოხდეს. ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებონ და საკუთარ თავს მოკითხონ პასუხი, თავად ატრიალებენ საკუთარ თავს.
20 ივნისზე რომ გვაბრალებენ, პარლამენტში შეჭრა სცადესო, ვინ მიგვიყვანა იმ ღამეს პარლამენტთან? მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გასაპროტესტებლად წავედით იქ. რატომ ჩამოიყვანეს გავრილოვი, იმას არ ამბობენ და ჩვენ გვაბრალებენ, პარლამენტში შეჭრა უნდოდათო. ჯერ ერთი, არსად ვიჭრებოდით, მეორე, რომც შევჭრილიყავით, რა მოხდებოდა? _ შევიდოდით ცარიელ პარლამენტში და გამოვიდოდით. დამნაშავეები თავად არიან. თავად აშავებენ და მერე სხვისკენ იშვერენ ხელს.
დავით ქაცარავას თავს დაესხნენ და იქით წარუდგინეს ბრალი; ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს; ლევან ხაბეიშვილს ჯოგი დაასიეს და იქით გაასამართლეს ეგ ბიჭი ძალადობის მუხლით; გიგი უგულავას საერთოდ მსოფლიო ჩემპიონის ცემა დააბრალეს, არადა, თავად იყო ნაცემი.
_ ოპოზიციონერებზე თავდასხმები ჩვეულ ამბად იქცა. ძირითადად „ნაციონალებს“ ესხმიან თავს. წესით, ეს მაშინ უნდა დაწყებულიყო, როცა 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა. „ნაციონალებზე“ ხალხი ძალიან იყო გამწარებული, მაგრამ მაშინაც კი არ დასხმია მათ არავინ თავს. ახლა რა ხდება?
_ ახლა რა ხდება და ხელისუფლება აგონიაშია. ხალხი არც ახლა ესხმის ვინმეს თავს. „ოცნების“ ზონდერები დასდევენ ოპოზიციონერებს. ერთმანეთსაც კი აღარ უთანხმებენ, რას აკეთებენ. ელემენტარულად, ავტორიტეტი არ ჰყავთ ამხელა პარტიაში. თქვენ ვერ დამისახელებთ „ოცნებაში“ კაცს ან ქალს, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობდეს.
_ ჩემთვის, თქვენთვის და ჩვენი მკითხველისთვის შეიძლება, არავინაა ავტორიტეტი „ოცნებაში“, მაგრამ მეოცნებეებს ძალიანაც ეავტორიტეტებათ ივანიშვილი.
_ ასე თუ გგონიათ, ძალიან ცდებით. „ოცნებასა“ და მის მხარდამჭერებში ივანიშვილი არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობს.
_ ცოტა ხომ არ აჭარბებთ?
_ ძალიან ზომიერი ვარ. არანაირი ავტორიტეტი აღარ არის მათთვის ბიძინა.
_ აბა, რატომ იცავენ კბილებით?
_ ვინ გითხრათ, რომ იცავენ? ისინი ბიძინას კი არა, საკუთარ თავს, ფულსა და თავის კომფორტს იცავენ. ბიძინას დამარცხება მათ დამარცხებას ნიშნავს. დამარცხება ნიშნავს, რომ უფულოდ დარჩებიან. უფულოდ დარჩენა კი არ უნდათ, ცალ-ცალი „ტუფლით“ დადიოდნენ და ახლა კაი ფეხსაცმელი აცვიათ, კაის ჭამენ და სვამენ.
_ იმდენი იშოვეს, რომ არა მგონია, უფულოდ დარჩნენ.
_ რამდენი ხანი ეყოფათ ეგ ფული? _ ძალიან ცოტა. ყველა, ვინც ბიუჯეტის ფული მოიპარა, დაისჯება. მოპარულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებენ. ეს თავადაც კარგად იციან და ამიტომ არიან ასე გამწარებულები. შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამკვიდროთ ის სტანდარტი, რომ ბიუჯეტის ქურდები დაისაჯონ.
_ ამას ყველა ხელისუფალი ამბობს, მაგრამ მერე იმ ბიუჯეტის ქურდებთან მშვენივრად ნახულობენ საერთო ენას.
_ ცუდია, რომ ასე ხდება, მაგრამ ეს აუცილებლად შეიცვლება. წინა ხელისუფლება სჯიდა ბიუჯეტის ქურდებს, როგორ არ სჯიდა.
_ წინა ხელისუფლება უდანაშაულო ადამიანებსაც უშვებდა ციხეში.
_ წინა ხელისუფლებაზე როცა ვსაუბრობთ, ყოველთვის ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ისინი სახელმწიფოს აშენებდნენ.
_ ეს ამართლებს მათი მხრიდან უდანაშაულო ადამიანების დევნას?
_ არ ამართლებს, მაგრამ აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. მათ, ფაქტობრივად, მხოლოდ ტერიტორია ჩაიბარეს, რომელიც სახელმწიფოდ უნდა ექციათ. სახელმწიფოს აშენება კი იოლი საქმე არ არის. როცა მთელი ყურადღება ამ საქმეზეა გადატანილი, ასეთ დროს შეიძლება, ბევრი შეცდომაც დაუშვან. არ უარვყოფ, რომ იმ დროს ბევრს წაართვეს ბიზნესი და ბევრი ძალადობაც იყო, მაგრამ მათ ქვეყანა ააშენეს.
_ ესენიც ამბობენ, რომ ქვეყანას ვაშენებთო.
_ მე ამათი აშენებული არაფერი მინახავს.
_ დენდროპარკი?
_ მერე ეგ დენდროპარკი ჩვენთვისაა აშენებული? საკუთარ თავს აუშენა და იქ არავის უშვებს. ივანიშვილი ვინმეს რამეს გაუკეთებს? ზღვა მიიყვანა შეკვეთილში საკუთარ სახლთან, რომ აქციებით არ შეგვეწუხებინა. ეს კაცი არაა იმისთვის მოწოდებული, რომ ქვეყანას ან ხალხს რამე გაუკეთოს _ ეგ არის ერთი ფულის მშოვნელი კაცი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს.
_ გაუნათლებელი კაციაო, ამბობთ და მას ბევრი ფული აქვს და ძალაუფლების შენარჩუნებაც შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში რვა წელი ვერ გაძლებდა ხელისუფლების სათავეში.
_ ახლა მართლა გაძლებაზე აქვს საქმე. საშინელ დღეშია. ძალიან დიდ ფულს ხარჯავს, რომ გუნდი არ დაეშალოს. მთელ შავ ფულს ამათ მოქრთამვას ახმარს. პარლამენტის დეპუტატებს 10.000-ს აძლევს.
_ ეს დადასტურებული ინფორმაციაა?
_ კი! უტყუარი ინფორმაცია მაქვს: პარლამენტის დეპუტატები ივანიშვილისგან 10.000-ს იღებენ და მის გვერდით არიან.
_ 10.000 ლარი ღირს ივანიშვილის ერთგულება?
_ ლარი არა, დოლარი! ამის გარდა, ივანიშვილი მათ უფლებას აძლევს, რომ საკუთარი ბიზნესებიც ჰქონდეთ. ერთს ბენზიგასამართი სადგური აქვს, მეორეს _ სამრეცხაო. ზოგი „ტრუსიკებს“ რეცხავს, ზოგი _ „მაიკებს“.
_ ცოტა არასერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ და სერიოზულადაც ვისაუბროთ.
_ რა არის არასერიოზული? იცით, რამდენ ფულს შოულობენ ამ „ტრუსიკების“ რეცხვით? _ ძალიან ბევრს.
_ მაგათ „ტრუსიკები“ რეცხონ და თქვენ ოპოზიციის გეგმებზე მომიყევით. ამ კვირაში აქციებს იწყებთ და კარგად ხართ მომზადებულები?
_ რას ჰქვია, მომზადებულები ვართ? ძალიანაც კარგადაც ვართ მომზადებული. ხელისუფლებას კი არ მოსწონს ეს ამბავი, მაგრამ ამის უფლებას კონსტიტუცია გვაძლევს. მაგათ თუ არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ. ჩვენ არც პარლამენტის აღებას ვაპირებთ და არც ვინმეს ჩამოგდებას. ჩვენ მშვიდობიანი ფორმებით მოვაწყობთ პიკეტებს. ხელისუფლება კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიყვანოთ. მათ ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ. არ უშველით ის ღობე, პარლამენტს რომ შემოავლეს. ძალიან ცდებიან, მაგ ღობის იმედად თუ არიან. ბევრი ხალხი თუ გამოვა, ძალიან კოხტად მოვხსნით მწვანე ღობეს, ივანიშვილი და კალაძე ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ გაბედავენ წასვლას. გაბედავენ და საკადრისსაც მიიღებენ.
_ პიკეტები და აქციები გამოიღებს შედეგს? ხელისუფლება პროპორციულზე წამოსვლას არ აპირებს. არჩილ თალაკვაძემ აღიარა, ამ წინადადებით იმიტომ გამოვედით, რომ ხალხი დაგვეშოშმინებინაო.
_ რაში მაინტერესებს, რას იტყვის არჩილ თალაკვაძე? ეგ არის ჭანჭიკი. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, ვიმოქმედებთ ამ გეგმით და ხელისუფლებას ვაიძულებთ, დათმობაზე წავიდეს. ხალხი ისეა გამწარებული, ღმერთს ვეხვეწები, როგორმე საპარლამენტო არჩევნებამდე მივაღწიოთ.
_ ეს თავშიც თქვით და გული გიგრძნობთ რამე ცუდს, თუ კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რომ ყოველდღე ღმერთს ეხვეწებით, არჩევნებამდე მიგვაღწევინე როგორმეო?
_ ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხალხის განწყობიდან გამომდინარე ვსაუბრობ. ხალხი გადარეული და გამწარებულია. ასეთი დამშეული და შეურაცხყოფილი ხალხი ჯერ არ მინახავს. ოპოზიცია ერთიანი ძალებით ჯერ ვახერხებთ ხალხის გაჩერებას. მერე რა იქნება, არ ვიცი. ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
_ ოპოზიცია ერთიანი ძალებით ვახერხებთ ხალხის დაშოშმინებასო. რამდენ ხანს გასტანს ეს ერთიანობა. რაღაც უკმაყოფილობები აშკარად შეიმჩნევა.
_ ისეთი განსხვავებული ხალხია ამ ერთობაში, რა გასაკვირია, პატარა უკმაყოფილება თუ იქნა. ეგ უკმაყოფილება უფრო ცენტრშია, რეგიონებში კი გადასარევად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან. კანონის ფარგლებში ვაპროტესტებთ ხელისუფლების თავგასულობას. ვფიქრობ, ცენტრშიც შეძლებენ ყველა წინააღმდეგობის დაძლევას. ახლა დაშლის უფლება არ გვაქვს. ეს იქნება ხალხის, ქვეყნისა და მომავლის ღალატი.
_ ივანიშვილს ძალიან ბევრი ფული აქვს. პოლიტიკოსების მოსყიდვა მისთვის უცხო ამბავი არ არის. ამისგან დაზღვეულები ხართ?
_ ვისი ყიდვაც შეიძლებოდა, ოლიგარქმა უკვე ყველა იყიდა. ჩვენ ზაფხულიდან ვებრძვით ბიძინას უკანონობას და ვინმეს ყიდვა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, იყიდიდა. ფაქტია, რომ ვერ იყიდა, მის ჯინაზე ოპოზიციიდან არავინ წასულა და ბოლომდე ერთად ვიქნებით. რამდენიმეს თუ ექნება განსხვავებული პოზიცია, ეს პრობლემა არ არის.
_ კამათი, ძირითადად, სააკაშვილის განცხადებების გამო იწყება ხოლმე და ამაზე რას იტყვით?
_ სააკაშვილი ლიდერია. შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ის პოლიტიკოსია და მას სხვების მსგავსად საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს. მას მთელი მსოფლიო უსმენს და ჩვენც მოვისმინოთ. ოპოზიციაში ვინმეს თუ არ მოეწონება მისი აზრი, არც ეს არის პრობლემა. მთავარია, ჩვენ ყველას ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ბრძოლა გვაერთიანებს.
_ გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ხდება კამათის მიზეზი, ივანიშვილის პარტია მისი დაბრუნებით აშინებს ამომრჩეველს.
_ ეს მეთოდი რამდენიმე წლის წინათ კარგად ჭრიდა, ახლა კი ხალხს მიშას დაბრუნების აღარ ეშინია. მეტიც: ხალხი ნატრობს, ნეტავ, მალე დაბრუნდესო. მოსახლეობას კარგად ახსოვს, რომ მაშინ ბევრი გადაცდომა იყო, მაგრამ ქვეყანა წინ მიდიოდა. ახლა გადაცდომებიც არის და ქვეყანაც ჩამოშლის პირასაა. სხვა თუ არაფერი, ხალხს ასე არ შიოდა; მიშას დროს კრიმინალები ასე ვერ ჯეჯილობდნენ; კანონი კანონობდა და ხალხი პოლიციას პატივს სცემდა; პატრულიც მზად იყო დასახმარებლად. ახლა რას დაამსგავსეს პატრული? _ მათ უკანონო ბრძანებებს ასრულებს. კანონიერად ვინც იქცევა, იმას იქით უქმნიან პრობლემებს. ხომ ნახეთ, რა განაცხადა გომელაურმა: პოლიციელისთვის იმის თქმა, _ ფორმას გაგხდი, _ დანაშაული არ არისო. ამით მან მთელ პოლიციას მიაყენა შეურაცხყოფა.
_ და ეს თქვენ ძალიან გეწყინათ?
_ მეწყინა. კი ვარ ოპოზიციაში, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და არ მინდა, ჩემს პოლიციას ვინმე აგინებდეს და ურტყამდეს.
_ აქციების დროს ოპოზიციაც ხომ აგინებთ ხოლმე პოლიციას?
_ ასე არასდროს მოვქცეულვართ. არც დაგვირტყამს პოლიციელებისთვის. დარბევის დროს კი შეგვიბრუნებია ხელი, მაგრამ ეს ყველგან ხდება. როცა მინისტრი პოლიციას ლანძღავს, ეს უკვე კატასტროფაა. ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, გომელაური უკვე გადამდგარი უნდა იყოს. ეგ თავის თანამშრომლებს არ იცავს და სხვას ვის დაიცავს? არასდროს მქონია იმედი, რომ ჩვენზე თავდასხმებს გამოიძიებდნენ. ოპოზიცია ყველა ფაქტზე სათანადოდ რომ რეაგირებდეს, ამდენს ვეღარ გაბედავდნენ. არც ერთი შემთხვევა არ უნდა გავატაროთ. ეს უნამუსოები ქალების ცემასაც არ ერიდებიან. გახსოვთ, ალბათ, როგორ დაესხნენ თავს თაკო ჩარკვიანს. ამაზე დიდი ამბები რომ მოგვეწყო, სხვა თავდასხმას ვეღარ გაბედავდნენ. მაგრამ არა უშავს, ყველაფერი დალაგდება. ივანიშვილი თავისას ვეღარ გაიტანს და წასვლა მოუწევს.

შორენა მარსაგიშვილი