თამარ ჩხეიძე: „ქართულმა ოცნებამ“ აიშვა“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას განუცხადა, რომ მისი დამსმელი ხელისუფლება მზადაა, დაარღვიოს კანონი ოკუპაციის შესახებ და საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლოს. ამ განცხადებამ საზოგადოებაზე მწვავედ იმოქმედა. სერგეი ლავროვი ქართველების დაუძინებელი მტერია და მისი თანაავტორობით კრემლმა ყველაფერი გააკეთა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოსთვის წაერთმია.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საქართველოში სერგეი ლავროვის ჩამოსვლა. მისი თქმით, ეს ვიზიტი იმაზე მწვავე რეაქციას გამოიწვევს, რაც „გავრილოვის ღამეს“ მოხდა. ჩხეიძის განცხადებით, ამ ავადსახსენებელი ღამის შემდეგ საქართველოში ბევრი რამე შეიცვალა და საზოგადოება რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას აღარ დაუშვებს.

რატომ არიან „ოცნების“ წევრები აგრესიულები? რა მიზანს ემსახურება საქართველოში ლავროვის ვიზიტი? როდის შემოაგდო მოსკოვმა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში? რატომ წერენ ამერიკელები მწვავე წერილებს? _ ამ თემებზე თამარ ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, გვერდი აუაროს მის მიერვე მიღებულ კანონს ოკუპაციის შესახებ და სერგეი ლავროვს თბილისში უმასპინძლოს. რას ნიშნავს ზურაბიშვილის ეს განცხადება?
_ საქართველოს ხელისუფლება უპასუხისმგებლო განცხადებებს ხშირად აკეთებს. ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილი აშკარად გამორჩეულია. სიშტერეების თქმა მისი დამახასიათებელი თვისებაა. ლავროვთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ყოველგვარ ზღვარს სცილდება. როგორ შეიძლება, მკვეთრად გამოხატული ანტიქართული განწყობის მინისტრზე, საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის _ ოკუპაციის თანაავტორზე თქვა, რომ მას თბილისში ვუმასპინძლებთ და ამის გამო მზად ვართ, ოკუპაციის შესახებ კანონს გვერდი ავუაროთ?! გარდა იმისა, რომ სერგეი ლავროვის აქ შემოშვებით დაირღვევა კანონი ოკუპაციის შესახებ, ეს პოლიტიკურადაც ყოველნაირად გაუმართლებელი იქნება.
სერგეი ლავროვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ნიშნავს, რომ რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია და წარმატებით დაასრულა ის ოპერაცია, რასაც ამ წლების მანძილზე ახორციელებდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით.
_ რა ოპერაციას გულისხმობთ?
_ კრემლი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს, რომ ჩვენი მოსახლეობა ოკუპაციას შეაგუოს. ამას უნდა შეაგუოს საერთაშორისო თანამეგობრობაც. ჩვენ თუ ოკუპაციაზე ხმას არ ამოვიღებთ, ცხადია, არც დასავლეთი გააპროტესტებს ამას. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ოკუპაციის თანაავტორი აქ შემოვუშვათ. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში მიღება დანაშაულია!
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს სიშტერეების თქმა ახასიათებსო, მაგრამ ლავროვთან დაკავშირებით რაც თქვა, ეს, ალბათ, წამოცდენა არ ყოფილა და ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმა. თქვენ რას იტყვით?
_ სალომე ზურაბიშვილს სიშტერეებისა და უცნაურობების თქმა ახასიათებს, მაგრამ ეს მართლა არ იყო წამოცდენა. უნდა ითქვას, რომ არც მის მიერ ნათქვამი სხვა სიშტერეებია წამოცდენა. მისი ყველა განცხადება, მათ შორის, უცნაური განცხადებებიც, საერთო ხაზში ჯდება. იმ ხაზში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს. ეს ანტიეროვნული და პრორუსული ხაზი გახლავთ.
_ ქართველებისგან განსხვავებით, რუსი პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პოზიტიურად შეხვდნენ.
_ რა თქმა უნდა, მიესალმებოდნენ. მათ მიიღეს სიგნალი, რომ საქართველო ოკუპაციას ეგუება. გავრილოვი ძალიან კმაყოფილი იყო, რომელიც ღიად მიესალმა ზურაბიშვილის განცხადებას და თქვა, რომ, ბოლოს და ბოლოს, საქართველომ დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებაო. მოსკოვში გაკეთებული განცხადებები არ გამკვირვებია, საქართველოს პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა იმას, რისთვისაც რუსები დიდი ხანია, იბრძვიან. კრემლი განსაკუთრებული მონდომებით მუშაობს იმაზე, რომ ქართული მიწების მიტაცება ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად აქციოს. რუსი პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ საქართველო ახალ რეალობას უნდა შეეგუოს. ეს მათი ნომერ პირველი ამოცანაა საქართველოსთან მიმართებით.
_ რუსები ჩვენი პრეზიდენტის განცხადებით კი იყვნენ კმაყოფილები, მაგრამ ზოგიერთ ბოლომდე არ დაკმაყოფილდა. მაგალითად, ლეონიდ კალაშნიკოვმა ქართველებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ამაზე რას იტყვით?
_ ესეც ბუნებრივი გამოვლინებაა. როდესაც კრემლი ხედავს, რომ საქართველო დათმობაზე მიდის, ის უფრო მეტს ითხოვს ჩვენგან. რაც მეტს დათმობ, რუსეთი მით მეტს ითხოვს, ეს კრემლის თვისებაა. პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსები ხშირად გვეუბნებიან, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. მათი მტკიცებით, მოსკოვის გაღიზიანება საშიშია, რადგანაც ის აგრესიით მოგვიბრუნდება. სინამდვილეში კი სრულიად საპირისპირო ხდება ხოლმე. ისტორიამ გვიჩვენა, რომ რაც მეტს დაუთმობ რუსეთს, ის უფრო აგრესიული ხდება. ეს ყველა აგრესორისთვის დამახასიათებელი თვისებაა. გარწმუნებთ, ქართული პოლიტიკა რუსეთის მიმართ ხისტი და თანმიმდევრული რომ იყოს, კრემლი უფრო მალე შეეგუება, რომ მას საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მოუწევს.
_ რუს პოლიტიკოსებს ჩვენი მისამართით არაერთი ბინძური განცხადება გაუკეთებიათ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ეს განცხადებები არ შეუმჩნევია, აღშფოთებაზე აღარაფერს ვამბობ. სამაგიეროდ, ახლა გადაირივნენ და მზად არიან, კონგრესი დაარბიონ იქიდან მოსული კრიტიკული წერილების გამო.
_ ძალიან გაბრაზებულები არიან, ამბობენ, პარტნიორებს შორის ასეთი ტონით ლაპარაკი მიუღებელიაო. არადა, ამერიკელი კონგრესმენები ზუსტად იმიტომ გვწერენ ასეთ წერილებს, რომ ჩვენს პარტნიორებად მიიჩნევენ თავს. მათი მიზანია, მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, პროცესები დემოკრატიულად მიმდინარეობდეს. მივესალმები, რომ ამერიკას გული შესტკივა ქართულ დემოკრატიაზე. მათ კრიტიკული წერილების გამო კი არ უნდა ვუსაყვედუროთ, არამედ მადლობა უნდა გადავუხადოთ.
აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლურ კურსს გადაუხვია. მისი შეჩერება ქართული საზოგადოების პროტესტის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა. დასავლეთსა და, პირველ რიგში, ამერიკას, ანგარიშგასაწევი ბერკეტები აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელოს.
_ როდესაც „ოცნების“ ლიდერები ამერიკელებს ტონს უწუნებენ, იმას რატომ ივიწყებენ, რამდენი მილიარდი დახარჯა ამ ქვეყანამ საქართველოს განვითარებისთვის? ქართული ჯარი, ფაქტობრივად, მათი დახმარებით შეიქმნა. თუნდაც ეს არ არის საკმარისი მიზეზი საიმისოდ, რომ ამერიკელები დაინტერესდნენ იმით, რაც დღეს საქართველოში ხდება?
_ რა თქმა უნდა. ამერიკას ამხელა დახმარება რომ არ ჰქონდეს ჩვენთვის გაწეული, მაინც ვერავინ აუკრძალავდა მას საკუთარი აზრის გამოხატვას. საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს. ამერიკამ მილიარდები ჩადო იმისთვის, რომ საქართველო დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ საქართველო რუსულ წიაღს დაუბრუნდეს, როგორც ორიენტაციით, ასევე _ განვითარების ფორმით.
_ ამერიკელები აღნიშნავენ, რომ საქართველოზე პუტინის გავლენები გაძლიერდა. ჩვენი ხელისუფლებაც ხშირად მიმართავს რუსულ მეთოდებს. თქვენი აზრით, ვემსგავსებით რუსეთს?
_ სამწუხაროდ, რუსეთისკენ გვაქვს გეზი აღებული. ეს გეზი მაშინვე ავიღეთ, როდესაც ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. მე ხშირად მომისმენია მოსაზრებები, რომ „ოცნების“ ლიდერი თავიდან პროდასავლური იყო და შემდეგ იძულებული გახდა, რუსეთისკენ აეღო გეზი. ივანიშვილი პროდასავლური არასდროს ყოფილა. ის ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, ამით იმის გამართლებას ცდილობენ, რომ მისგან ფულს იღებდნენ.
ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რუსეთის დავალებებს ასრულებდა. ქართულ პოლიტიკაშიც მოსკოვის მითითებით შემოვიდა. ის რუსებს რეზერვში, ჯერ კიდევ, ედუარდ შვარდნაძის დროს ჰყავდათ. ალაგებდნენ სიტუაციას, ესეც ურიგებდა საზოგადოების ნაწილს ფულს და ასე ცდილობდა, მასზე ლეგენდები გავრცელებულიყო, რომ ის იყო ქველმოქმედი. 2011 წელს მან ღიად თქვა, პოლიტიკაში მოვდივარო. და ეს მოსკოვიდან რომ არ ყოფილიყო ნებადართული, მას რუსეთიდან მილიარდებს არავინ გამოატანდა.
როგორ შეიძლება, ივანიშვილზე ვთქვათ, რომ ის ოდესმე პროდასავლური ორიენტაციის იყო?! საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის „გაზპრომის“ აქციონერია. ხელისუფლებაში მოსვლამდე მან არაერთი მკვეთრად პრორუსული განცხადება გააკეთა. მარტო ამ განცხადებებით შეიძლებოდა იმის განსაზღვრა, თუ რა ორიენტაციის იყო ის. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული მისი განცხადება. ის ამტკიცებდა, რომ 2008 წელს ომი რუსეთს არ დაუწყია. მისი თქმით, რუსების ნასროლმა ჭურვმა რაღაც კედელი დაანგრია და საქართველომ ამაზე დაიწყო ომიო. პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ საქართველო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს. მოგვიწოდებდა, ოკუპაციაზე რაც შეიძლება, ნაკლები ვილაპარაკოთო.
აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ადამიანი ოდესმე პროდასავლური ორიენტაციის იყო?! უბრალოდ, ის და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლამდე ღიად არ უჭერდნენ მხარს რუსეთს. ახლა უკვე აღარაფერს მალავენ. ახლა აღარც საზოგადოებას ეპარება ეჭვი იმაში, რომ „ქართული ოცნების“ გზა რუსეთში მიდის და მისთვის დასავლური ღირებულებები უცხოა.
_ თქვენი აზრით, შეეგუება ქართული საზოგადოება ხელისუფლების მიერ არჩეულ რუსულ კურსს?
_ ამაზე პროგნოზის გაკეთება მიჭირს. ჩვენი საზოგადოება ხშირად ისეთი დუნე და ინერტულია, რომ ადამიანი სასოწარკვეთაში შეიძლება ჩავარდე. ჩვენს ხალხს ბევრ რამეზე არ აქვს რეაქცია, მაგრამ ზოგჯერ დგება წუთები, როცა ეს რეაქცია იფეთქებს ხოლმე და თანაც ძალიან მწვავედ. ასე იფეთქა ხალხმა „გავრილოვის ღამეს“. რუსულ კურსს ჩვენი ხალხი მხარს არ დაუჭერს და ვიმედოვნებ, რომ თუ სერგეი ლავროვი ჩამოვა, ამას სათანადოდ გააპროტესტებს.
_ ლავროვის აქ მოპატიჟება რაიმე პროვოკაციის ნაწილი ხომ არ არის, რომელსაც „ოცნება“ და მოსკოვი ერთად აწყობენ?
_ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. რუსეთი ყველაფერზე წავა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ მართული ძალა დარჩეს. რას გაბედავს რუსეთი, ეს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციებზე იქნება დამოკიდებული. მნიშვნელოვან როლი ეკისრება ქართულ საზოგადოებასაც.
_ ოპოზიციაზე რას გვეტყვით _ თვე-ნახევარი დაისვენეს და ფორმიდან ხომ არ იქნებიან ამოვარდნილი? შეძლებენ ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას?
_ ამოვარდნილია თუ არა ოპოზიცია ფორმიდან, ამ დღეებში ვნახავთ. მათი ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ხალხზე. საზოგადოებაში საკმარისი აქტივობა თუ არ იქნა, მარტო ოპოზიცია საკმარისი არ არის. ერთად მოქმედებაა საჭირო. სხვანაირად შედეგის მიღწევა ძნელი იქნება.
_ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვაზე რას ფიქრობთ?
_ ეს ხელისუფლების უგუნურებაზე მიუთითებს. თავისი ჭკუით ის ადგილი შემოღობეს, სადაც ოპოზიცია აქციებს მართავდა. ბევრი ხალხი თუ იქნა, ეს ღობე ვერ დაიცავს ხელისუფლებას.
_ ეს ღობე მხოლოდ ოპოზიციის წინააღმდეგ არ აღუმართავთ. ამით მალხაზ მაჩალიკაშვილსაც მოუსპეს პროტესტის გამოხატვის საშუალება. მისი კარვები სწორედ ამ ტერიტორიაზე იდგა.
_ მაჩალიკაშვილს განსაკუთრებულად ებრძვის „ქართული ოცნება“. არაფერს ერიდებიან და ყველაფერს კადრულობენ, რომ ეს კაცი გაანადგურონ. „ქართულ ოცნებას“ უყვარს 9 წელზე საუბარი. იმ 9 წლის მანძილზე ბევრი მკვლელობა მოხდა, ბევრჯერ დააშავა იმ ხელისუფლებამ, მაგრამ მაჩალიკაშვილის საქმე უმძიმესია. ადამიანებს ოჯახში შეუვარდნენ და მძინარე ბავშვი მოკლეს ლოგინში. ამას ვერც ერთი დარღვევა და ძალადობა ვერ გადაწონის.
ცალკე საუბრის თემაა, თუ როგორ ექცევიან მალხაზ მაჩალიკაშვილს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ისედაც განადგურებულ ოჯახს ბოლო მოუღონ. მალხაზ მაჩალიკაშვილს აქციების დროს გვერდით ედგა მისი ძმისშვილი, რომელიც „გავრილოვის ღამის“ საქმეზეა დაკავებული. ეს ბიჭი პოლიტპატიმარია.
_ მაჩალიკაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს, იმ შენობაში შესვლაზე უთხრეს უარი, სადაც ქართველების მტერი გავრილოვი სპიკერის სავარძელში წამოასკუპეს. გია ვოლსკის თქმით, მაჩალიკაშვილი არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ უნდა შეუშვან.
_ ის განცხადება, რაც გია ვოლსკიმ გააკეთა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ არსებული ხელისუფლება არაადეკვატურია და ამ ოჯახს ებრძვის. მაჩალიკაშვილებს არაერთი პროვოკაცია მოუწყვეს. მისი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. ხომ შეიძლება ვიღაცამ აღიაროს, რომ ის ბავშვი შეცდომით მოკლეს?! აღიარებას ვინ ჩივის, ლოგინში ჩაკლული ბავშვი ტერორისტად გამოაცხადეს. ტერორისტად აცხადებენ მამამისსაც. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვოლსკი ამბობს, რომ ეს ადამიანი ტერორისტებთან არის კავშირში და ის სახელმწიფო დაწესებულებებში არ უნდა შეუშვან.
_ ვოლსკი ვახსენეთ და მის განცხადებებზე მინდა გკითხოთ: „ოცნებაში“ ეს ადამიანი ყველაზე გაწონასწორებული იყო. ახლა ის ძალიან აგრესიული გახდა და რა დაემართა, რატომ ვეღარ უწევს თავს კონტროლს?
_ ვოლსკის აგრესიულობამ აშკარა პროგრესი განიცადა, თუმცა არც ადრე ყოფილა განსაკუთრებულად მშვიდი. ის ყოველთვის ემსახურებოდა რეაქციულ ძალებს. როგორც ამბობენ, „კაგებესთანაც“ ჰქონდა კავშირი. ადრე თავის აგრესიას მალავდა, ახლა აიშვა. არც არის გასაკვირი _ „ოცნებას“ კრიტიკული წუთები უდგას. მან შეიძლება, ძალაუფლება დაკარგოს.
ვოლსკის გარდა ზედმეტი აგრესიულობა დაეტყო „ოცნების“ დანარჩენ წევრებსაც. გრძნობენ დასასრულის მოახლოებას და პრივილეგიების დაკარგვა არ სურთ. ის რეპრესიები, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, 21-ე საუკუნისთვის სრულიად შეუფერებელი და მიუღებელია. ახლა სტალინის ეპიოქა რომ იყოს, გარწმუნებთ, ციხეში კი არ გაუშვებდნენ ხალხს, არამედ პირდაპირ დახვრეტდნენ. ფაქტობრივად, დახვრეტას უსჯიან ამ ადამიანებს, ოღონდ ეს განაჩენი დროსთან არის ადაპტირებული.
_ თქვენ სტალინის ეპოქას შეადარეთ დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები. წლების მანძილზე ებრძოდით საბჭოთა სისტემას და რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, რომლებიც, ფაქტობრივად, საბჭოთა სისტემას ებრძვიან? „ოცნებამ“, სამწუხაროდ, უკან დაგვაბრუნა.
_ ბევრს არაფერს ვურჩევ, ჩემი რჩევის გარეშეც კარგად აკეთებენ საქმეს. მთავარია, იმ პრინციპებიდან არ გადაუხვიონ, რომელზედაც მთელი ოპოზიცია შეთანხმებულია. ამ ბრძოლაში მთავარი დემოკრატიული ღირებულებების დაცვაა და არა _ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
_ ამ ბრძოლაში განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენენ ახალგაზრდები, რაც, ალბათ, მნიშვნელოვანია. აქამდე ჩვენი ახალგაზრდობა ქუჩაში გამოსვლისგან თავს იკავებდა.
_ ამ ბოლო წლებში საქართველოში კარგი, ფაქტობრივად, არაფერი მომხდარა. ერთადერთი _ ახალგაზრდა თაობამ წინ წამოიწია. პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართვა ძალიან დიდი მოვლენაა. მათ გააქტიურებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და მჯერა, რომ ახალგაზრდების ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
_ ეს ახალგაზრდები თუ შეძლებენ დღევანდელი პოლიტიკოსების ჩანაცვლებას? ქართულ პოლიტიკაში 30 წელია, რაც ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ.
_ საბოლოო ჯამში, ერთი თაობა აუცილებლად ჩაანაცვლებს მეორეს, ოღონდ ჩანაცვლება ხელოვნური არ უნდა იყოს.
_ რას გულისხმობთ?
_ ეს ჩანაცვლება წინასწარ დაგეგმილი პროცესი არ უნდა იყოს, არამედ _ ბუნებრივი. ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენი გაიღოს და იმდენი გააკეთოს. მერე ბუნებრივად შეიცვლება თაობები. ერთი ხელის მოსმით იმათი გაყრა და ახალგაზრდების მოყვანა კარგი არ იქნება.
_ ამ კვირაში ოპოზიცია აქციებს განაახლებს. შეძლებენ ისინი მიზნის მიღწევას? გულზე მომხვდა თქვენი ფრაზა, რომ ხშირად ჩვენი ხალხი ძალიან ინერტულიაო. ხალხის მხარდაჭერის გარეშე კი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია.
_ ვიმეორებ, რომ ჩვენი ხალხი ძალიან ხშირად არის ინერტული და ისეთ რამეებზე არ რეაგირებს, რაზედაც სხვებს მწვავე რეაქცია აქვთ. ამ თვისებიდან გამომდიობარე, ძალიან მიჭირს იმის პროგნოზირება, რას იზამს ახლა ჩვენი საზოგადოება. იმედი მაქვს, საზოგადოებას ამ ყველაფერზე რეაქცია ექნება. როგორც უკვე გითხარით, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. ჩვენი საზოგადოება უკვე სხვანაირად უყურებს მოვლენებს.
_ ამ ღამის შემდეგ მარტო ჩვენი საზოგადოება არ შეცვლილა, შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულებაც. ამერიკიდან „ქართული ოცნება“ ლამის ყოველდღე ღებულობს მწვავე წერილებს.
_ დასავლეთი საქართველოს მიმართ ყურადღებას რომ იჩენს, ამას მხოლოდ მივესალმები. ეს ძალიან კარგია. არ მახსოვს, ასეთი მწვავე ტიპის განცხადებები ოდესმე გაეკეთებინოს დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. დასავლეთში გაკეთებული განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ მათ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება სურთ. ისიც ნათელია, რომ დასავლეთი მხარს უჭერს არსებული ხელისუფლების ჩანაცვლებას. ასეთი მხარდაჭერა ქართულ ოპოზიციას არასდროს ჰქონია. შესაბამისი აქტივობა თუ იქნება, შედეგსაც ვიხილავთ.
ყველამ გაიგოს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. ხალხმა და ოპოზიციამ ძალიან უნდა იაქტიუროს. ხელისუფლება თავდაჯერებულია რომ ამ არჩევნებს მოიგებს, მაგრამ არ იქნება ეს იოლი. ყველა კვლევით მათ 20%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვთ. თუმცა ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, რომ ხელისუფლებას შეუძლია, არჩევნებზე მიღებული 20% 60%-ად აქციოს.
„ქართული ოცნება“ არც ახლა იტყვის უარს იმაზე, რომ არჩევნები გააყალბოს. ამაში მათ, პირველ რიგში, ხალხმა და ოპოზიციამ უნდა შეუშალოს ხელი. დაუშვებელია, ხელისუფლების სათავეში დარჩეს ის ძალა, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. ამას მმართველი პარტია უკვე აღარ მალავს. ამაზე მიუთითებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელმაც ქართული მიწების ოკუპაციის თანაავტორი თბილისში მოიწვია.

შორენა მარსაგიშვილი