ლევან ალაფიშვილი: „ქართული ოცნება“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სცენარს განიხილავს“

ბიძინა ივანიშვილის ტრიუკები ქართული საზოგადოებისთვის უკვე ნაცნობია. 8 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა კარგად გაიცნო მმართველი გუნდი და მისი ლიდერი. განსაკუთრებით კი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც გაოცდნენ, რასაც მოყვა კიდეც მწვავე შეფასებები კონგრესმენებისა და სენატორების მხრიდან.

„ქართული ოცნება“ კი იხტიბარს არ იტეხს და გვიმტკიცებს, რომ კონგრესმენები და სენატორები არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებენ განცხადებებს. ამასობაში, რა სამოქმედო „გეგმა ბ“ შეიძლება ჰქონდეს მმართველ ძალას? რამდენად ძლიერი პოზიციები აქვს ოპოზიციურ სპექტრს და მოესწრება თუ არა ხელისუფლების მხრიდან დათმობის შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა?
ამის შესახებ „ქრონიკა+“ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:

_ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ევროპის საბჭოში გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. მმართველი გუნდი გვიმტკიცებს, რომ პრეზიდენტმა ზედმიწევნით ისაუბრა ოკუპაციაზე, ოპოზიცია კი აკრიტიკებს ზურაბიშვილს და ამბობს, რომ მან ვერ შეძლო ქვეყნის ინტერესების დაცვა. თქვენი გადმოსახედიდან, რა იყო ამ გამოსვლაში მნიშვნელოვანი?
_ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული ამ გამოსვლაში არ ყოფილა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ევროპიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ სხვა ტიპის გზავნილებია საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებით, არაერთი შეკითხვით გაჯერებული, შესაბამისად, ამ ფონზე ოკუპაციის თემის წინა პლანზე წამოწევა ჩემთვის არ არის აქტუალური. თუმცა ევროპასთან თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ის კი აღარ არის მთავარი და საჭირო, რომ ოკუპაციაზე ძლიერად ან ნაკლებად ძლიერად ისაუბრონ, ამაზე ევროპა და ამერიკა დიდი ხანია, ჩამოყალიბებულები არიან და ისინი ამ პოზიციას არ შეიცვლიან, ისინი ამბობენ და თანმიმდევრულები არიან, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მთავარია, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით. სწორედ ამაზეა კითხვები, რომლებზედაც დამაჯერებელი არგუმენტაცია, სამწუხაროდ, არ აქვთ, არა მხოლოდ ზურაბიშვილის, რომელსაც ახალი კონსტიტუციური მოდელით არავინ არაფერს ეკითხება არა მხოლოდ საგარეო ან თუნდაც შიდა პოლიტიკაში, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. ყოველ შემთხვევაში ის, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი ან თუნდაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობდეს იმაზე, რომ ძალიან ძლიერი გამოსვლა ჰქონდა ევროპის საბჭოში, ეს გადაჭარბებულია. მესმის მათი, რატომაც აკეთებენ ამას, მათი მიზანია, გადაფარონ არაერთი შიდა და გარე პრობლემა, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება დგას.
_ პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისთვის საქართველო რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პრეზიდეტმა ევროპის საბჭოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ გვერდს აუვლის საკუთარ კანონმდებლობას. რამდენად დააზიანა მისმა ამ განცხადებამ ჩვენი ქვეყნის იმიჯი?
_ სალომე ზურაბიშვილს ამ საკითხთან მიმართებით არავინ არაფერს ეკითხება. შესაბამისად, მისი რაღაც განცხადება, მით უმეტეს, იმ ტრიბუნაზე, რომელზედაც ძალიან კარგად იციან ქართული შიდა პოლიტიკა, მერწმუნეთ, ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არ არის. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. შესაბამისად, ჩემთვის საინტერესო და სამსჯელო იქნება არა ის, თუ რა მორიგ ეპატაჟურ გამოსვლას შემოგვთავაზებს სალომე ზურაბიშვილი, არამედ რა განცხადებას გააკეთებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების შტო.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთის გზავნილები. ჩვენ ვნახეთ კონგრესმენების კრიტიკული წერილების მთელი სერია ხელისუფლების მისამართით, რასაც გასულ კვირას სენატორების მხრიდანაც მოყვა მსგავსი შინაარსის წერილები. მმართველი გუნდი გვიმტკიცებს, რომ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობენ, რამდენად აედკვატურად აღიქვამს „ქართული ოცნება“ შექმნილ ვითარებას?
_ გასაგებია მმართველი პოლიტიკური ძალის რთული მდგომარეობა და ისინი ცდილობენ შეიმცირონ ის ზიანი, რაც უკვე აქვთ, როგორც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ სუბიექტებს. ეს წერილები ჰაერიდან მოტანილი არ არის. გავიხსენოთ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ რა გვითხრა ქართულ დემოკრატიასთან, მართლმსაჯულებასთან, კონსტიტუციურ ცვლილებებთან, კონსტიტუციაში სახელისუფლებო ბალანსთან, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით და სხვა არაერთ საკითხზე, რომელიც სწორედ დემოკრატიის თვალსაზრისით იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ მსჯელობის საგანი გამხდარიყო ქვეყნის შიგნით ჩვენს პარტნიორებთან ერთად და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით ხელისუფლებას გადაწყვეტილება მიეღო. რომელი ასეთი რჩევა გაიზიარა ხელისუფლებამ? _ მე როგორც ვიცი, არც ერთი. როცა ევროპის საბჭო ან რომელიმე ევროპული ინსტიტუტი გეუბნება, შენს მართლმსაჯულებაში პრობლემააო და ამის შემდეგ მათ ჯინაზე უზენაეს სასამართლოში მაინც გაამწესებ მოსამართლეებს, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ იგივე ინსტიტუტი თუ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობა, უფრო ხისტი იქნება მომდევნო განცხადებებსა თუ გადაწყვეტილებებში, _ ეს ძალიან მარტივია. მით უმეტეს, ხელისუფლებამ ეს უნდა იცოდეს. მესმის მმართველი პოლიტიკური ძალის, მათ რამდენიმე თვეღა დარჩათ, თუმცა სურვილი ძალიან დიდი აქვთ, რომ კიდევ დარჩნენ ხელისუფლებაში არა ერთი ან ორი წელი. ისევე, როგორც ყველა წინა ხელისუფლებას ბოლო ვადაში გაუტკბებოდა ძალაუფლება და ამის შემდეგ ვეღარ თმობდა. სწორედ აქედან გამომდინარე აკეთებენ ისინი განცხადებებს, ამის მიხედვით იქცევიან, ეს არის მათი დღის წესრიგი. ერთია, რას ამბობს მმართველი პოლიტიკური ძალა ან მისი რომელიმე წარმომადგენელი, მეორეა რეალობა ფანჯრებს მიღმა, რა ხდება ჩვენს ოჯახებსა და საზღვრებს მიღმა, სტრატეგიულ პარტნიორებთან. იციან ან შეუძლიათ თუ არა 21-ე საუკუნეში ჰქონდეთ ინფორმაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ჩვენს მოქალაქეებს იმის შესახებ, შეუმცირდათ თუ არა შემოსავალი, გაეზარდათ თუ არა წუხილი ხელისუფლების ქმედების გამო, რომ პროდასავლური ხელისუფლება ვექტორს იცვლის და არცთუ დემოკრატიული ოჯახისკენ _ ჩვენი ჩრდილოელი „კეთილი“ მეზობლისკენ. ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, ძალიან გულუბრყვილობაა ხელისუფლების განცხადებები, მაგრამ რას ვიზამთ ყველა ხელისუფლება ასე იყო და ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის მცირე ისტორიის გარკვეული გამოწვევაცაა. ხელისუფალს პასუხისმგებლობა რომ ჰქონდეს, ბუნებრივია, ასე არც მოიქცეოდა და არც ასეთ განცხადებებს გააკეთებდა. მინიმუმ, ხალხსა და მეგობრებს მოუსმენდა. როგორც ხედავთ, სამწუხაროდ, ეს ეტაპიც უნდა გავიაროთ. ეს ხელისუფლებაც მშვიდობიანად უნდა გადავაბაროთ ისტორიას, რომელიც თავისთავად შეაფასებს ამასაც, წინამორბედებსაც და მომავალსაც. მომავალი ამაზე უკეთესი რომ იქნება, დარწმუნებული ვარ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მშვიდობიანად უნდა გადავაბაროთ ხელისუფლება ისტორიას, თუმცა მმართველი ძალა ჯერ არ აპირებს, ისტორიის ნაწილი გახდეს, ამაზე მეტყველებს თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. ამ გადმოსახედიდან რა პერსპექტივა აქვს პროპორციულ არჩევნებს? თუნდაც პროცედურული თვალსაზრისით რამდენად შეიძლება მოესწროს იგი?
_ ამ შემთხვევაში ორი საკითხი უნდა განვიხილოთ. პირველი: რამდენად შესაძლებელია, _ შესაძლებლობა კი ნულთან ძალიან ახლოს არის იმიტომ, რომ კვორუმი, რაც ნოემბერში ჰქონდა მმართველ პოლიტიკურ ძალას, ვეღარასდროს შეიკრიბება და ეს, პირველ რიგში, თვითონ ხელისუფლებამ იცის ძალიან კარგად. მეორე, წმინდა პროცედურული საკითხი: ვენეციის კომისია და ეუთო საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით შეგვახსენებს ხოლმე დემოკრატიული არჩევნების უპირობო მოთხოვნას, რომ საარჩევნო წელს თამაშის წესები არ უნდა იცვლებოდეს. ჩვენ უკვე 2020 წელში ვართ, ანუ საარჩევნო წელია, შესაბამისად, საარჩევნო თამაშის წესები თუკი კონსტიტუციურ ცვლილებას მოითხოვს, უკეთეს შემთხვევაში საჭიროა ზედიზედ ორი სესია: საგაზაფხულო სესიაზე 2, საშემოდგომოზე კი 1 მოსმენა. სექტემბერში თუნდაც 2 მოსმენით რომც მიიღონ ცვლილებები, უკვე კალენდარულად ვეღარ ესწრება ოქტომბრამდე ე. წ. ცხადი თამაშის წესების არსებობა, რადგან კონსტიტუციური ცვლილებების გარდა არაერთი ნორმატიული აქტია შესაცვლელი. სინამდვილეში, მე რასაც ვაკვირდები, ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის თამაში, რომ მას მეტად აღარ დაბრალდეს საარჩევნო სისტემის გადემოკრატიულებასთან დაკავშირებული უარყოფითი გადაწყვეტილება, რაც ნოემბერში მიიღეს და ამასთანავე მაქსიმალურად გაწელოს პროცესი. მმართველმა ძალამ ყველაზე კარგად იცის, რომ არც პროცედურულად და არც კვორუმით ეს ცვლილებები, უბრალოდ, არ მოესწრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. უკვე გაზაფხულიდან სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფონის კიდევ უფრო დამძიმების კვალობაზე, ბუნებრივია, მმართველი პოლიტიკური ძალის რეიტინგი, ნდობა კიდევ უფრო დამძიმდება, რაც თავისთავად არ არის მიმზიდველი მისთვის. ოქტომბრამდე დიდი დროა და ზიანის მიღება კიდევ შეუძლია მმართველ პოლიტიკურ ძალას. სავარაუდოა, რომ სწორედ ამიტომ ერთ-ერთ ე. წ. პროგრამა მინიმუმად ან საშინაო დავალებად შეიძლება ჩავთვალოთ გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სცენარის განვითარება, როდესაც საერთაშორისო თუ შიდა ზეწოლის პასუხად მმართველი პოლიტიკური ძალა გამოვა და იტყვის, რომ რადგან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ ესწრება, ისინი დემოკრატიული გზით მიდიან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არჩევნები კი, რა თქმა უნდა, შერეული სისტემითა და 3%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.
_ ვადამდელი არჩევნებისთვის რომელი პოლიტიკური სუბიექტი იქნება მზად?
_ ამ პირობებში ვადამდელი არჩევნებისთვის ერთადერთი სუბიექტი, რომელიც „მზად არის“, ეს სწორედ, მმართველი პოლიტიკური ძალაა, რადგან ის ადმინისტრაციულ რესურსს ფლობს. არც ოპოზიცია და არც საზოგადოება არ არის მზად ვადამდელი არჩევნებისთვის, ვგულისხმობ სისტემურ მზაობას. შესაბამისად, ის შედეგი, რაც შეიძლება მიიღოს ვადამდელის სცენარის გათამაშების შემთხვევაში მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, იმ შედეგზე უკეთესი იქნება, რომელიც მან შეიძლება მიიღოს ოქტომბერში. მაგალითად, თუ ოქტომბერში ალბათობა არის იმისა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ 50 მანდატი მიიღოს, გაზაფხულზე თუკი ვადამდელი ჩატარდა, ეს 50 მანდატი შეიძლება იყოს 55. ცხადია, ისინი ამას ითვლიან. როგორც მე მაქვს ინფორმაცია და მედიაშიც გაჟღერდა, „ქართული ოცნება“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სცენარს განიხილავს. ვადამდელის შემთხვევაში საყვედურები „ქართული ოცნების“ მისამართით, რომ დანაპირები არ შეასრულა პროპორციულთან დაკავშირებით, აქტუალური აღარ იქნება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თუ ორგანიზაციები ამაზე ვეღარ და აღარ ილაპარაკებენ.
_ თქვენ ვრცლად ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა გათვლები აქვს „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციას რამდენად სწორად აქვს გათვლილი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა?
_ სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური, პარტიული სისტემა ღრმა კრიზისშია და ალბათ, ესეც უნდა გაგვევლო იმიტომ, რომ ჩვენ ამის გამოცდილებაც არ გვქონდა, ისევე როგორც სახელმწიფოებრიობის. ეს კრიზისი კი შეეხება ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს წარმოდგენილია ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. დემოკრატიული პარტიული სისტემა ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე. სწორედ ამ კონტექსტში და ამის გათვალისწინებით, პოლიტიკურ ძალებში სიახლეების, ახალი მიმართულებებისა და ახალი გადაწყვეტილებების მწვავე დეფიციტი შეინიშნება. აქედან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების მიღმა მყოფი პოლიტიკური პარტიები არ არიან მზად და, სავარაუდოდ, მათი უმრავლესობა არც განიხილავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სცენარს. ეს თავისთავად ცუდია, რადგან ამომრჩეველი ვერ იქნება ჩამოყალიბებული. როდესაც ოპოზიცია არ არის მზად ვადამდელის სცენარისთვის, ხელისუფლება კი მზად არის, მაგრამ ელექტორალურად ბევრია ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, ეს ყველაფერი ამომრჩევლის ფლუსტრაციას, ანუ იმედგაცრუებას გამოიწვევს, რის გამოც ნაწილი სახლში დარჩება არ მივა არჩევნებზე და ა. შ., ეს კი საარჩევნო შედეგების ლეგიტიმაციას სერიოზულ კითხვის ნიშნებს შესძენს.
_ გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სცენარს განიხილავს, ის, დიდი ალბათობით, მისთვის დამახასიათებელ მეთოდს გამოიყენებს და არჩევნების წინ ეცდება, „ნაციონალური მოძრაობისგან“, სხვა წინა არჩევნების მსგავსად, მტრის ხატი შექმნას, ამის ხარჯზე კი მოახდინოს პოლიტიკური გარემოს პოლარიზება. ეს ფაქტორი რამდენად სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ოპოზიციას?
_ ეს გავლილი ტექნოლოგიაა და „ქართული ოცნება“ ამ მხრივ არ არის ორიგინალური. წინა ხელისუფლებებიც იყენებდნენ ამ საარჩევნო ტექნოლოგიას, რომელსაც მე სახელად საკუთარ ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დავარქვი, რადგან ეს არჩევანი აღარ არის თავისუფალი და ინფორმირებული. ამას გამოიყენებს „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზეც, ოღონდ ალბათობის მაღალი ხარისხით სხვა ტექნოლოგიები და მცდელობები იქნება, რომ მათთვის მაქსიმალურად სასურველი შედეგი მიიღონ. მათ შორის გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, ასევე ახალ პოლიტიკურ ძალებს გააჩენენ, რომ ამომრჩეველი დაიბნეს და ა. შ., ეს ყველაფერი ჩვენ უკვე ვნახეთ. რას დაუპირისპირებს საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამას, ვერ ვხედავთ, არა მხოლოდ დღეს, არამედ ბოლო არჩევნებში ამას რა დაუპირისპირა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ვერ დავინახეთ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურზეც რა დაუპირისპირეს ოპოზიციურმა პარტიებმა ისეთი, რაც შედეგს შეცვლიდა? _ სამწუხაროდ, ვერაფერი.
_ ოპოზიცია რომ სუსტია, ამაზე ვთანხმდებით. ვხედავთ იმასაც, რომ არ აქვთ ჩამოყალიბებული, თუ რას დაუპირისპირებენ „ქართული ოცნების“ ჩვეულ მეთოდს. ასეთ მოცემულობაში რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოს „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში დარჩენის ყველანაირი შანსი?
_ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, შეიძლება, პრეტენზიულადაც მოგეჩვენოთ ჩემი პოზიცია: მე სამოქალაქო კულტურასა და აქტივობაში ვხედავ გამოსავალს. როგორი აქტიურები და პასუხისმგებლიანებიც ვიქნებით, ისეთ შედეგებს გამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და არა ისე, როგორც ხდებოდა, რომ ჩვენი აქტივობის მიუხედავად, როგორსაც დაწერდნენ, იმ შედეგებს ვიღებდით ხოლმე სხვადასხვა მოდიფიკაციით, თუმცა რეალურად ჩვენში არჩევნები ასე იყო ხოლმე. პასიური ამომრჩეველი, უპასუხისმგებლო მოქალაქეები ყველა ხელისუფლებას იმის საშუალებას ვაძლევთ, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლების ბერკეტები, გაიხანგრძლივოს ან ნაკლები დანაკარგით დარჩეს პოლიტიკურ სცენაზე.
_ ოპოზიციამ თუ არჩევნების გზით ვერ მოახერხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რევოლუციურ სცენარს განიხილავს და ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერებისგან არაერთი განცხადება მოვისმინეთ. რამდენად ხედავთ ამ სცენარით მოვლენების განვითარების შანსებს?
_ მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სამშობლო სახელმწიფოდ იქცეს, დემოკრატიულ მმართველობას ვუჭერ მხარს და სწორედ დემოკრატიული მმართველობით წარმომიდგენია სამშობლოს მომავალი, ამიტომ ჩემთვის ძალიან მძიმეა, თუნდაც მცირე ალბათობით, რევოლუციური სცენარების განხილვა. მოქალაქეებმა შიგნით უნდა ვიპოვოთ რესურსი. ხაზგასმით ვამბობ, რომ მოქალაქეებმა უნდა მოვძებნოთ ეს რესურსი და არა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც თავიანთი ისტორია აქვთ. კარგია თუ ცუდია, ფაქტია, რომ აქვთ და ამ თავისი ისტორიით დამძიმებულები დღემდე მოვიდნენ გამოცდილებით თუ გამოუცდელობით. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის ცვლილებებს ვადევნებთ თვალყურს. ამდენად რევოლუციური სცენარით განვითარება ჩემთვის მიუღებელია და არ არის სასურველი. გულწრფელად რომ ვთქვა, არც ვხედავ რესურსსა და მზაობას იმისა, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამას. რევოლუცია კი, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე, რთულად შეიძლება იყოს წარმატებული.
_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბრუნდება. ეს ფაქტი როგორ შეცვლის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეალობას?
_ ეს ინფორმაცია ერთადერთი მიზნით გავრცელდა, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ყურადღება მთავარი თემებიდან იმაზე გადატანილიყო, ემსჯელათ, დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი. უკვე 2 კვირაზე მეტია, სწორედ ეს არის გამხსნელი თემა. ჩვენი ხელისუფლების უმრავლესობას რუსეთისადმი სიყვარული მოსდგამს და რუსებს ასეთი სამხედრო ტერმინი აქვთ: „ყურადღების გადასატანი მანევრი“, შესაბამისად, ეს ინფორმაცია სწორედ ყურადღების გადატანას ემსახურებოდა, პირველ რიგში, ქვეყნის გარედან წამოსული სკეპსისიდან უნდოდათ ყურადღების გადატანა და უფრო მეტად ეცადნენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შეფუთვას, რომ ამაზე სამსჯელოდ საზოგადოებას საკმარისი დრო არ ჰქონდეს.
_ ისე მოვედით 2020 წლამდე, რომ მუდმივად აქტუალური თემა იყო მესამე ძალა, თუ ვინ მოიპოვებდა ამ სტატუსს, თუმცა ეს ადგილი, ჯერჯერობით, ვაკანტურია. არის თუ არა შანსი, რომ რეალური მესამე ძალა გამოჩნდეს?
_ ჩვენი საზოგადოების, რომლის წევრი მეც ვარ და ჩემს თავზეც ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი შეცდომა იყო და ჯერ კიდევ არის ის, რომ ვეძებთ ვიღაც ერთს. პარადოქსია, რომ შემდეგ აუცილებლად ვპოულობთ მას, ვისაც დავარქმევთ, რომ ძლიერია. ერთი წლის თავზე აღმოვაჩენთ, რომ ის ერთი ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს, არც უნდა გააკეთოს, რადგან ჩვენ ჩვენივე გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. აქ კი უკვე „ქართველობა“ იღვიძებს და მაგალითად ჩნდება ასეთი დამოკიდებულება: რისთვის ავირჩიე, თუკი ეზოს არ დამიგვის, თუკი ჩემს სახლში არ შემოვა და ნათურას არ გამოცვლის, ანუ ყველაფერი იმ ერთმა უნდა გაგვიკეთოს, მერე გავბრაზდებით და ვიწყებთ მის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან სახლში ნათურა არ გამოგვიცვალა. ამის შემდეგ კი ხელახლა ვიწყებთ ახლის ძიებას. იგივე წრეზე ვართ 2 ათეული წელი. ასე იქცეოდა პოსტსაბჭოთა თაობა. მათ შორის, მეც. ახალი თაობა ასე აღარ იქცევა და აღარც უნდა მოიქცეს იმიტომ, რომ მან ყველაზე კარგად იცის, _ მის გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ამასთანავე ხელისუფლება ისეთი იქნება, როგორი აქტიურიც თვითონ იქნება და როგორი სამოქალაქო პასუხისმგებლობაც მას ექნება. თუ ვიღაცამ მოატყუა, სხვას არავის უნდა დააბრალოს ეს. მოტყუვდი, რადგან მოტყუება გინდოდა. ჩვენ ვართ ჩვენივე საქციელზე პასუხისმგებლები და უფრო მეტი სამოქალაქო თვითშეგნებით უნდა მოვეკიდოთ საქმეს, მაშინ გვექნება ძლიერი სამოქალაქო და დემოკრატიული საზოგადოება, ძლიერი პარტიული სისტემით.

ნენე ინჯგია