ლევან სამუშია: „ივანიშვილმა საქართველოში ინსტიტუციები მოკლა“

მმართველი გუნდი აშშ-დან კონგრესმენებისა და ახლა უკვე სენატორების მწვავე წერილებს, მარტივად რომ ვთქვათ, არ იმჩნევს. ისინი წერილების სიმწვავეს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, მათ შორის, იმით, რომ ამერიკელი კონგრესმენები არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით ახვევენ კრიტიკის ქარცეცხლში. ერთი რამ ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ საოცნებო მოცემულობაში ნამდვილად არ არის. ეს ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა ოპოზიციური სპექტრიც საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

როგორია ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა? რა არის მათი მთავარი გამოწვევა? როგორ აიძულებენ ხელისუფლებას, დათმოს პროპროციული საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?
ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „ქრონიკა+“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ ლევან სამუშიას ესაუბრა:

_ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. რაზე მიუთითებს პროკურატურის ეს გადაწყვეტილება?
_ პირველ რიგში, უნდა აღნიშნოს, რომ დღევანდელი პოლიტიზებული სასამართლოდან და პროკურატურიდან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებას არავინ ელოდა. ზოგადად, საქმის წარმოება რომ არაობიექტურად და ტენდენციურად მიმდინარეობდა და საერთოდ თუ მიმდინარეობდა, ამაზეც კითხვის ნიშნები უნდა დაისვას, ეს თავიდანვე ჩანდა ამ წლების განმავლობაში. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ვფიქრობ, გამოძიების შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარმოებაში აქვს მიღებული ეს საქმე და საკმაოდ სერიოზულ და მძიმე კითხვებზე უწევს სახელმწიფოს პასუხის გაცემა. პროკურატურის განცხადება მაჩალიკაშვილის მიმართ უფლებამოსილების საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უფრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის იყო გამიზნული.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიზებული პროკურატურის პირობებში სხვა გადაწყვეტილებას არავინ ელოდა. რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ ამ გადაწყვეტილების გამო?
_ ზოგადად, ყველამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი იმ დოზით, რა დოზითაც ამ პოლიტიკური სასამართლოს სისტემის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში მიიღო მონაწილეობა. დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განსაკუთრებით სასამართლო და პროკურატურა გამოიყენება, როგორც დევნის იარაღი. ასევე ამ იარაღს მმართველი გუნდი საზოგადოების იმ აქტიური წევრების მიმართ იყენებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ უკანონო ქმედებებს აპროტესტებენ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია იმ სისტემის დეპოლიტიზება, რომელიც უკვე დამოუკიდებლობის არსებობიდან სულდგმულობს.
_ ხმაური იყო საკრებულოს სხდომაზეც, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ, ასევე „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზეც იძალადეს, რომელიც აცხადებს, რომ თავდამსხმელები გია ვოლსკის გამოგზავნილები იყვნენ და მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მომხდარზე. თქვენ ხედავთ თუ არა პოლიტიკურ ნიშნებს ამ ძალადობის ფაქტებში და გახდა თუ არა ძალადობა „ქართული ოცნების“ ხელწერა?
_ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერ იმ უმსგავსობაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს, რასაც სჩადის, თუმცა, ბუნებრივია, ის ამ პასუხისმგებლობას არ აიღებს. ქართველი ხალხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ პასუხისმგებლობას აუცილებლად დააკისრებს „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ვხედავთ, რომ გიგი უგულავას დაესხნენ თავს და დაზარალებულ უგულავას ბრალი წარუდგინეს. როდესაც საკრებულოში ხაბეიშვილს თავს დაესხნენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხაბეიშვილი ცემის ღირსიც კი იყო. შეიძლება ვუტრირებდე, მაგრამ დაახლოებით ამ შინაარსის გზავნილებს უგზავნიან საზოგადოებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რაც მათი მხრიდან ძალადობის მოწოდებას მიუთითებს. როდესაც ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ, ის ადამიანები ადგილზე არ დაუკავებიათ, შსს-მ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები დასაკითხად გადაიყვანეს. სულ რამდენიმე კვირის წინანდელ ფაქტს გაგახსენებთ, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თავის ოჯახის წევრებთან ერთად, რაც ძალიან მიუღებელი და დასაგმობი ფაქტია, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ დაუყოვნებლივ დააპატიმრა ეს პიროვნება, ხოლო როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იყო ნიკა გვარამიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ეს ადამიანები არც გამოკითხვაზე გადაიყვანეს და, ჯერჯერობით, გაურკვეველია, რა საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს. ეს არის შერჩევითობა და ამ სისტემის სახე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს შესაცვლელია და ამას აუცილებლად შევცვლით.
_ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ყოფილმა სახალხო დამცველმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ქარის დამთესი ქარიშხალს მოიმკისო, _ რას ნიშნავს ეს გზავნილი?
_ ეს განცხადება ყველაზე სამარცხვინო იყო, მით უმეტეს, ყოფილი სახალხო დამცველის მხრიდან. ეს არის პირდაპირ ძალადობისკენ მოწოდება, რომ სამართლებრივ ან თუნდაც პოლიტიკურ რეჟიმში ოპონირება კი არ უნდა იყოს, არამედ შუა საუკუნეების მეთოდებით უნდა გაუსწორდნენ ადამიანებს. ეს არის ზუსტად ის, რასაც „ქართული ოცნება“ თესავს, აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა შევეცადოთ, რომ ეს მანკიერი პოლიტიკური ძალა არჩევნების გზით მოვიშოროთ.
_ გასულ კვირას ასევე აქტუალური თემა იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ევროპის საბჭოში გამოსვლა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მან ზედმიწევნით ისაუბრა ოკუპაციაზე. თქვენ როგორ შეაფასებთ მის გამოსვლას?
_ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის „გაპრავება“ შეუძლებელია, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რეკორდსმენია მსოფლიოში ყველასა და ყველაფრის „გაპრავებაში“. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. ჯერ ერთი, ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილმა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლების კითხვა საერთოდ უპასუხოდ დატოვა, მხოლოდ ეს არის საკმარისი მისი გამოსვლის შესაფასებლად. ზურაბიშვილმა პირდაპირ დაპატიჟა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი სახელმწიფო. მან განაცხადა, რომ ოკუპანტების გულისთვის კანონის დარღვევაზეც კი ვართ წამსვლელიო და ამის შემდეგ მმართველი გუნდი მის გამართლებას ეცადა, რაც წარმოუდგენელია. თუმცა „ქართული ოცნებისგან“ წარმოუდგენელი აღარაფერია. იმ დღესვე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მოვუწოდე „ქართულ ოცნებას“, რომ ზურაბიშვილის ამ განცხადებას გამიჯნულიყვნენ და ეთქვათ, რომ „ლავროვების“ დაპატიჟება საქართველოში არ შეიძლება. ბუნებრივია, მათ ეს არ გააკეთეს. გავრილოვის ჩამოსვლის ტოლფასი თუ არა, უარესი იქნება ლავროვის საქართველოში ჩამოსვლა. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, ვინაიდან ამ საქციელით ისინი ჩვენი მოქალაქეების ნერვებზე ითამაშებენ და ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას შეუწყობენ ხელს.
_ თუმცა ისინი ლავროვის საქართველოში შემოსვლას განიხილავენ იმ კონტექსტში, რომ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და შესაბამისად უწევთ მოქმედება.
_ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რომ გავხდით სამარცხვინოდ იზეიმეს და მიღწევად მონათლეს ეს ფაქტი. მოქალაქეებს ატყუებდნენ, რომ დამსახურების გამო მიიღო საქართველომ ეს სტატუსი. ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად ანბანის მიხედვით მოგვიწია ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა კი იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე თქვა უარი და ჩვენი ქვეყნის არც ერთი დასავლელი პარტნიორი ამას არ გვთხოვს. მაგრამ როდესაც შენ თვითონ ეპატიჟები მკვლელს საკუთარ სახლში, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი. მართალია, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოში გამოსვლისას ქვეცნობიერად რასაც ფიქრობდა, ის თქვა, რომ ივანიშვილია პრეზიდენტიო, მაგრამ ის იდგა ტრიბუნაზე პრეზიდენტის სტატუსით და მან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარ ქვეყანაში დაპატიჟა. ამ შემთხვევაში ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა რა პოზიცია უნდა დაიკავონ? თუ ჩვენ გვექნება სწორი, სამართლიანი, კანონიერი პოზიცია, ბუნებრივია, მათი მხარდაჭერაც გარანტირებულია.
_ როგორ ფიქრობთ, ზურაბიშვილმა მიზანმიმართულად გააკეთა ლავროვთან დაკავშირებით ეს განცხადება?
_ ხშირ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი თავს ისულელებს, „ქართული ოცნება“ კი იმით ამართლებს, რომ მან ხან ენა არ იცის და ზოგჯერ რაღაცები ეშლება. ზურაბიშვილი გამიზნულად მოქმედებს, ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ვერ ხვდება, რა განცხადებებს აკეთებს და რას ნიშნავს რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების საქართველოში მოპატიჟება და რა რეაქციას გამოიწვევს ეს. ზურაბიშვილის მხრიდან ეს მოპატიჟება, გარკვეულწილად, ბოდიშის მოხდა იყო გავრილოვისთვის და რუსეთის ხელისუფლებისთვის, იმ რეაქციის შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გამოავლინეს გავრილოვის ვიზიტის დროს. ზურაბიშვილი ყველაფერს კარგად ხვდება, ის აკეთებს იმას, რაც რუსეთს აწყობს, ის პრორუსული პრეზიდენტია და, ზოგადად, პრორუსული მთავრობა გვყავს. არაფერი ეშლება სალომე ზურაბიშვილს, ის ყველაფერს გამიზნულად აკეთებს.
_ ამ პროცესების პარალელურად კი, კონგრესმენების მწვავე წერილების შემდეგ, პრემიერ-მინისტრს სენატორებიც უგზავნიან მსგავსი შინაარსის წერილებს. რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ხელისუფლება ამ წერილების სიმწვავეს? მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ აშშ-დან გამოგზავნილი წერილები არასწორ ინფორმაციებზეა დაყრდნობილი.
_ პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზედმიწევნით სწორი ინფორმაცია აქვთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს და კონგრესმენებს. ჩვენს დასავლელ მეგობრებზე შეურაცხყოფის მიყენებაა იმის თქმა, რომ ისინი არ იცნობენ სიტუაციას და ამ შემთხვევაში, თურმე, ცალხმრივად ვიღაცებს უჯერებენ და აქედან გამომდინარე აკეთებენ განცხადებებს. საქართველოში აშშ-ის საელჩოა, საერთაშორისო ორგანიზაციებია და ფაქტების შესწავლის შედეგად აკეთებენ ამ განცხადებებს. რა არის ამ წერილებში ისეთი, რაც რეალობას არ შეესაბამება? „ქართულ ოცნებას“ ჯიბეში არ უდევს სასამართლო ხელისუფლება? ივანიშვილმა სრულიად საერთაშორისო საზოგადოება არ გადააგდო და საქართველოს მოქალაქეებს პროპროციულთან დაკავშირებით არ მოგვპარა არჩევნები?! საქართველოში სასამართლო სამართლიანია?! როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩვენს დასავლელ მეგობრებს შეფარულად აკრიტიკებს და ზოგ შემთხვევაში ცნობიერების ამაღლებაში დახმარებას სთავაზობს, ეს არ არის ღიად პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი დასავლური მისწრაფების შესუსტების მცდელობა?
_ რაც შეეხება მთავარ საკითხს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ჩანს, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს. თავის მხრივ, ოპოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვთ. არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, რა ბერკეტები გაქვთ ამ მოცემულობით?
_ ოპოზიციაში აქტიურად არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შევთანხმდეთ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე და სხვადასხვა საკითხზე კოორდინაცია იყოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორი მოქმედებების შემთხვევაში, თუნდაც ამ დრაკონული საარჩევნო სისტემის პირობებში, „ქართული ოცნება“ ადვილად დამარცხდება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, ხელისუფლება _ კოალიციური, რაც, დარწმუნებული ვარ, ქვეყანას განვითარების შანსს მისცემს. თავის დროზე მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა რომ გვყოლოდა, არც 7 ნოემბერი იქნებოდა, არც _ 26 მაისი და არც _ 20 ივნისი.
_ რატომ არ თანხმდება ოპოზიცია ხელისუფლების შემოთავაზებას 100/50-ზე, ანუ 100 პროპორციული წესით, 50 მაჟორიტარულით?
_ ხელისუფლებას არ სურს სამართლიანი საარჩევნო სისტემა. უსამართლო საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც ვითომ დათმობად და მიღწევად ასაღებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება _ თავის შემოთავაზებას 100/50-ზე. ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ ამომრჩევლის ხმა რეალიზებული იყოს და ეს ხმა პროპორციულად აისახოს პარლამენტის დაკომპლექტებაზე. „ქართულ ოცნებას“ მის მიერ შემოთავაზებული წინადადებით სურს მიიღოს 30% და უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი ხელისუფლებაში. ამას, ბუნებრივია, არც ოპოზიცია და არც სამოქალაქო სექტორი არ დათანხმდება. გამორიცხულია, თანხმობა განაცხადოს ვინმემ არასამართლიან საარჩევნო სისტემაზე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მწვანე აუნთოს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ თითოეული ხმა ადეკვატურად აისახოს პარლამენტში. „ქართულ ოცნებას“, მიუხედავად საზოგადოების მცირე მხარდაჭერისა, მაინც სურს ხელისუფლებაში დარჩენა, ეს არის პირდაპირ საარჩევნო სისტემით არჩევნების მოპარვა.
_ ოპოზიცია 4 თებერვლიდან განაახლებთ პროტესტს და როგორც განაცხადეთ, გაზაფხულიდან მასშტაბურ აქციებს გეგმავთ, ხალხს მობილიზაციისკენ მოუწოდებთ. თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ პროპორციულის ჩაგდების შემდეგ ხელისუფლება ირონიულად აღნიშნავდა, რომ 20-მა პარტიამ მხოლოდ 5 000 ადამიანის გამოყვანა შეძელით. ახლა რა გაძლევთ იმის იმედს, რომ ხალხი მასობრივად გამოვა ქუჩაში?
_ ზოგადად, ხალხში რომ საპროტესტო მუხტია არსებული ხელისუფლებისა და იმ სიტუაციის მიმართ, რაც მმართველმა გუნდმა შექმნა ყველა სფეროში, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება. რაც შეეხება პროტესტს, ეს ყველას კონსტიტუციური უფლებაა და ჩვენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვას ვაპირებთ. რაც შეეხება მოქალაქეების რაოდენობას, ხელისუფლება თავს ვერ დაიმშვიდებს იმით, რომ ქუჩაში, სულ რაღაც, 5 000 ადამიანი გამოვიდა. ყველამ ვიცით, რომ კვლევებს ატარებენ და მათ კარგად იციან იმ საპროტესტო ელექტორატის რაოდენობა, რომელიც კატეგორიულად არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას და ეს საპროტესტო ელექტორატი საკუთარ სიტყვას არჩევნებზე იტყვის.
_ „ქართული ოცნება“ თავის ჩვეულ მეთოდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც გამოიყენებს და პოლიტიკური გარემოს პოლარიზებას ეცდება, მტრის ხატად კი „ნაციონალურ მოძრაობას წარმოაჩენს, რა უნდა დაუპირისპიროთ ოპოზიციამ ამას?
_ ბუნებრივია, ამის გამოყენებას ცდილობს და ეცდება კიდეც, მაგრამ ეს მეთოდი უკვე მოძველებულია და არ ჭრის. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ. ისინი იმ პოლიტიკურ ძალაზე გააკეთებენ არჩევანს, რომელიც მათთვის იქნება მისაღები. აქედან გამომდინარე, ის მეთოდი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შეაშინოს 2020 წლის არჩევნებში ამომრჩეველი, ამის შანსსაც ვეღარ ვხედავ, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქე კარგად ხედავს, თუ რა ხდება და ამ მეთოდით „ქართული ოცნება“ ფონს ვერ გავა.
_ იგივე საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი „ენდიაის“ ახალი კვლევის მიხედვით, არც მმართველ გუნდს და არც ოპოზიციას არ უჭერს მხარს, რა არის ამის მიზეზი?
_ ხელისუფლების მომხრე ვინც არის, მას არ ეშინია, რომ თავისი არჩევანი დააფიქსიროს. აქედან გამომდინარე, გადაუწყვეტელ ამომრჩეველში ძალიან მცირე შანსია, რომ ხელისუფლების მომხრე იყოს. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმა, რომელიც, ჯერჯერობით, არ აფიქსირებს აზრს, ოპოზიციაში გადანაწილდება. თავის მხრივ, ბუნებრივია, ოპოზიციაშიც ბევრი პრობლემაა და, შესაბამისად, ბევრი სამუშაოა. არ მინდა, ისე გაიგოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე წააგო, _ არა, მეგობრებო, ეს ჯერ ასე არ არის, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს თუ ოპოზიცია სუსტი იქნება და არ იაქტიურებს. ამ შემთხვევაში ოპოზიციას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ ის შედეგი დააფიქსიროს, რაც ქართველი ხალხის არჩევანი იქნება. ოპოზიციას ბევრი გვაქვს სამუშაო ამომრჩეველთან დაკავშირებით, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვსაუბრობ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ არჩევნებზე მოვიდეს.
_ ამ მოცემულობაში რა არის ოპოზიციის ყველაზე მთავარი გამოწვევა?
_ ოპოზიციისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევაა, ამომრჩეველთან გზავნილების მიტანაა. მე, ზოგადად, არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენი ამომრჩეველი პროგრამებს არ კითხულობს და არ აინტერესებს. გაცილებით, კარგი წარმოდგენა მაქვს ჩვენს ამომრჩეველზე. უბრალოდ, სწორად უნდა მივიტანოთ ჩვენი გზავნილები მათთან. ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცუდია, ეს გასაგებია, ამაზე ყველა შეთანხმდა, მაგრამ თუ რატომ არის რომელიმე ოპოზიციური ძალა კარგი, ამის განმარტება მოუწევს ოპოზიციას. ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელიც ფიქრობს, მივიდეს თუ არა არჩევნებზე ან არ იცის, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი, _ ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს არჩევნებში მისვლის აუცილებლობაზე და კონკრეტულ პარტიის მიმხრობასთან დაკავშირებით. „თავისუფალ დემოკრატებს“ ჩვენი პროგრამა გვაქვს, ვმუშაობთ, მათ შორის, სასამართლოს რადიკალურ რეფორმასთან დაკავშირებით. სხვა რეფორმების შესახებაც გვაქვს ჩვენი მოსაზრებები.
_ გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბრუნდება. პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გაზრდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შანსებს, თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
_ ივანიშვილი არასდროს არსად წასულა, ყოველთვის ის იყო პრემიერი-მინისტრი. საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ამ ყველაფრის არქიტექტორი და შემოქმედი ვინ არის. ასევე იციან, თუ ვინ არის პროპორციული სისტემის ჩამგდები და საქართველოს მოქალაქეების გადაგდების ავტორი, აქედან გამომდინარე, ვერანაირად შეცვლის ვითარებას ივანიშვილის ფორმალურად პრემიერად დაბრუნება. დღეს ქვეყანას ჰყავს ერთი პროკურორი, ერთი მოსამართლე, ერთი პრემიერ-მინისტი, ერთი ყველაფრის მინისტრი და ეს არის ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, მისი ოფიციალურად პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ვერანაირი შვება ვერ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ და ვერც ივანიშვილისთვის. ერთ ფაქტს გავიხსენებ, ღარიბაშვილი თვითონ საუბრობდა, _ ივანიშვილს 6 თვეში ერთხელ ვეკითხებოდი, წავიდე თუ არა თანამდებობიდანო, ბოლოს მითხრა, წასვლის დროაო და წავედი. ისედაც ვიცოდით და ამის შემდეგ დავრწმუნდით, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრის პოსტი არის ფორმალობა და საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მმართველობა შეთავსებული აქვს ივანიშვილს. ამ ადამიანმა და საერთოდ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში ინსტიტუციები მოკლა.

ნენე ინჯგია