მიხეილ ქუმსიშვილი: „ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი ოქტომბრისთვის, მინიმუმ, 10% უნდა იყოს“

მას შემდეგ, რაც გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები. შეიქმნა ახალგაზრდული მოძრაობები, რომელთაც საერთო მოთხოვნა აერთიანებთ _ 2020 წელს პროპორციული წესით სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

მოძრაობა „გაბედემ“ განსაკუთრებით დაგვამახსოვრა თავი აქტიურობითა და პოლიტიკური პერფორმანსებით.
როგორია მათი გეგმები 2020 წელს და რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას იმისთვის, რომ ხელისუფლება დასთანხმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას?
ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე „ქრონიკა+“ „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიხეილ ქუმსიშვილს ესაუბრა:

_ მიხეილ, NDI-ის ახალი კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ჯამში ოპოზიციას იმაზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. როგორ უნდა გამოიყენოთ ოპოზიციამ ეს მოცემულობა და რამდენად კმაყოფილი ხართ ლეიბორისტული პარტიის რეიტინგით?
_ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს კვლევა ტარდება, რეკორდულ ნიშნულს აღწევს ხელისუფლების მიმართ ნდობის შემცირება. NDI-ის კვლევის ახალი შედეგები „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფულია. ჯამურად ოპოზიციური პარტიების ხმები 2-ჯერ აღემატება მმართველი გუნდის ხმებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წელს არჩევნებს წააგებს. წარმოუდგენელია, რომ ოქტომბრამდე „ქართულმა ოცნებამ“ თავის სასარგებლოდ რამის შემოტრიალება შეძლოს, მით უმეტეს, ყოველ მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯზე იმდენ შეცდომას უშვებენ, რომ უფრო და უფრო იფუჭებენ საქმეს. მათთვის იდეალური გამოსავალი იქნებოდა, მიეღოთ პროპორციული საარჩევნო სისტემა _ რასაც მოსახლეობა ითხოვს და მშვიდობიანად გადაებარებინათ ძალაუფლება ოპოზიციური პარტიებისთვის. ასეთ შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად, ღირსეულად წავიდოდნენ. ღირსეულად წასვლა მათ მდგომარეობაში ძალიან რთულია იმ შეცდომებისა და დანაშაულის ფონზე, რაც ჩაიდინეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მათი მხრიდან ეს იქნებოდა გარკვეული კომპრომისი, თუმცა ამაზეც არ თანხმდებიან. საბოლოო ჯამში, თვითონ წაიტეხენ კისერს. არც ერთ ხელისუფლებას არ გამოსვლია ხალხის ნების წინააღმდეგ ჯიუტად სიარული, საბოლოოდ ყველა კრახით ამთავრებს და ამის გამოცდილება წინა ხელისუფლებებისგან გვაქვს. რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, ამ კვლევაში გვეწერა 6%, პარტიის ლიდერი პოლიტიკოსების რეიტინგებში მოსახლეობის განწყობის კუთხით მესამე ადგილზეა, რაც, ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის, ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი. ჩვენ, ბუნებრივია, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა, თუმცა ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ის იდეები და ღირებულებები, რაც გვაქვს: მემარცხენე ხედვა, სოციალური სამართლიანობა, რომ მინიმალური მოთხოვნილებები ყველას ჰქონდეს დაკმაყოფილებული და სასტარტო პირობები ყველასთვის თანაბარი იყოს, მნიშვნელოვანი იდეებია და აუცილებლად უნდა ჟღერდებოდეს საკანონმდებლო ორგანოში. ამ კვლევის შედეგი, ალოკაციის შედეგად, კიდევ უფრო იზრდება, ანუ პარტიის 6% გაიზრდება _ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუკი არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ რეიტინგი მუდმივად რეგრესის მდგომარეობაში იქნება, ოპოზიციური პარტიების პირიქით _ პროგრესის. შესაბამისად, ველით, რომ ჩვენი პარტიის რეიტინგი ოქტომბრისთვის, მინიმუმ, 10% უნდა იყოს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნება“ რეიტინგის თავის სასარგებლოდ გაზრდას ოქტომბრამდე ვერ მოახერხებს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება, რაც პოლიტოლოგების ნაწილის აზრით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შანსს გაზრდის. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის „მეორედ მოსვლა“ 2020 წლის არჩევნებზე შეუნარჩუნებს ძალაუფლებას „ოცნებას“?
_ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლა დადებითად წაადგება „ქართულ ოცნებას“. NDI-ის კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსებში ბოლოდან პირველ ადგილზეა. კახი კალაძეს ბევრად მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე _ ბიძინა ივანიშვილს. უბრალოდ, პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ეს არის მისი მორიგი ახირება. ის იმდენად ეჭვიანია, იმდენად არ ენდობა არავის თავის გარშემო და იმდენად თავდაჯერებულია თავის შესაძლებლობებში, ამ შემთხვევაში არარაციონალურად, რომ ეტყობა, განცდა აქვს, _ ხალხი ისევ მას მოელის მესიად და გადამრჩენელად. ამ მოლოდინის მას, ალბათ, მისი გარემოცვა უქმნის, რადგან ყველანი მისი ხოტბის შემსხმელები და მადიდებლები არიან, რა თქმა უნდა, ფულისა და შიშის ხათრით, თორემ გულწრფელად მას ღმერთკაცად ვინ გამოიყვანს?! ასეთი მლიქვნელი გარემოცვა რომ ჰყავს, სწორედ ისინი არწმუნებენ, რომ მისი მოსვლა გადაარჩენს „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ქვეყანას. თუ ის მართლაც დაბრუნდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ეს იქნება ისეთი ადამიანის გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად ვერ გრძნობს მოსახლეობის მაჯისცემას. ის ამ მაჯისცემას, რომ გრძნობდეს, რაც შეიძლება ჩქარა წავიდოდა ხელისუფლებიდან. ხალხის ეს ზიზღი ივანიშვილის მისამართით ყოველდღიურად იზრდება და ამის განმაპირობებელია მისი ყოველი ნაბიჯი.
_ გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ნეგატიურად არის განწყობილი, მაგრამ იგივე ამ საზოგადოებას პრეტენზიები აქვს ოპოზიციის მიმართაც, რომ არ არის სათანადო ფორმაში და პროპორციულთან დაკავშირებით ვერ იმოქმედა ეფექტიანად. თუნდაც, საახალწლო პაუზამ, ხომ არ ფიქრობთ, რომ პროპორციულის ჩაგდებასთან დაკავშირებული პროტესტი ჩააცხრო და ეს პროცესები შეაფერხა?
_ არ მგონია, ეს პრეტენზია რელევანტური იყოს, რადგან ოპოზიციამ შეძლო ის, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მომხდარა, ეს არის ოპოზიციური პარტიების უპრეცედენტო ერთობა, სადაც გაერთიანებულია ყველას მინუს ივანიშვილი. ყველა პარტია, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, გაერთიანებულია ერთი ადამიანის წინააღმედგ. ამ უპრეცედენტო ერთობით ოპოზიცია ერთი ნაბიჯით წინ წავიდა. ის, რომ ივანიშვილმა პროპორციულის ჩაგდებით მთელი ერი გადააგდო, ამან უფრო მეტად გააძლიერა ოპოზიციური ფლანგი. თუ აქამდე წარმოუდგენელი იყო საერთო საკონსულტაციო ფორმატსა და საერთო სამაჟორიტარო კანდიდატებზე საუბარი, დღეს უკვე ძალიან რეალისტურია. ოპოზიციის მთავარი გამოწვევაც სწორედ ეს არის, რომ ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხდეს „გველეშაპი“. რაც შეეხება პროტესტის ჩაცხრობას, ეს ბუნებრივი მოვლენა იყო, სადღესასწაულო პერიოდი გახლდათ, ახალი წელი და ხალხიც არ არის ყოველთვის საპროტესტო განწყობაზე. შესაბამისად, ოპოზიცია უნდა აჰყვეს ხალხის ემოციურ ფონს. ზოგადად, პოლიტიკური პარტია ხალხის ნების წარმომადგენელია და თუკი ხალხი არ არის მზად, რომ იდგეს ქუჩაში, ბუნებრივია, ამას ოპოზიცია ხელოვნურად ვერ შექმნის. ახლა უკვე გადაიარა საახალწლო ფონმა, მოსალოდნელია ახალი საპროტესტო აქციები, მათ შორის, საკონსულტაციო ფორმატში განიხილება ეს საკითხები და გაზაფხულიდან ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება, პოლიტიკურ პროცესებში ტემპერატურა აიწევს. აუცილებლად უნდა ველოდოთ აქციებს, მიტინგებს, ხალხის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში. თუკი ხალხში მინელებულია პროტესტი და იგი არ გამოდის ქუჩაში, ამ ადამიანების დიდ ნაწილს შინაგანი რწმენა აქვს, რომ პროტესტი უნდა გამოხატოს არჩევნებზე, უმრავლესობა ელოდება ოქტომბრის არჩევნებს, როდესაც ისინი თავიანთ პროტესტს საარჩევნო ბიულეტენებში დააფიქსირებენ. კვლევებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ხალხში პროტესტი და შეუგუებლობაა შექმნილი რეალობის მიმართ, ხალხი ამის შეცვლას აუცილებლად შეეცდება, ეს იქნება აქციების თუ არჩევნების გზით, ცვლილება გარდაუვალია.
_ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ეცდება, მტრის ხატად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოაჩინოს და ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ამის იმედი აქვს ხელისუფლებას. ოპოზიცია მზად არის ამისთვის?
_ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამან გაჭრა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ „ქართული ოცნება“ მტრის ხატს ხატავდა და მოსახლეობას არწმუნებდა, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერდნენ მხარს, „ნაციონალები“ დაბრუნდებოდნენ. ბუნებრივია, მათ ეს რიტორიკა ახლაც ექნებათ, მაგრამ რამდენად გაჭრის ეს ყველაფერი, მეორე საკითხია. ამავდროულად, ოპოზიციაც უნდა იყოს მზად ამ ფაქტისთვის, რომ ასეთი დისკრედიტაცია წამოვა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ძალიან ბევრი მყარი არგუმენტი. თუკი ეს მესიჯი მოსახლეობას სწორად მიეწოდება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, წყალში იქნება ჩაყრილი „ქართული ოცნების“ მიერ დახარჯული მილიონობით ლარი იმ ანტიპროპაგანდაზე, რაც მტრის ხატის წარმოჩენას ემსახურება. ბუნებრივია, „ნაციონალურ მძრაობას“ თავისი შეცდომები ჰქონდა, მაგრამ „ქართული ოცნება“ არაფრით უკეთესი არ არის. თუკი „ნაციონალებს“ რამე გადაცდომა ჰქონდათ, მმართველმა გუნდმა ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გაიმეორა: აქციების დარბევებით დაწყებული, პოლიციური რეჟიმით გაგრძელებული, მედიაზე კონტროლი და ა. შ. _ ყველაფერში „გადაუჯოკრეს“ „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, მოსახლეობა ამ ყველაფერს აღიქვამს. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხი ბრბოა და საითაც უნდა, იქით მიმართავს, მაგრამ ცდება. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამ ყველაფერს ხედავს.
_ რა კუთხით ჩაერთვება პლატფორმა „გაბედე“ პოლიტიკურ პროცესებში და როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა?
_ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩააგდო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი, ჩამოყალიბდა მოძრაობა „გაბედე“. ეს მოძრაობა აერთიანებს 11 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. როგორიც პარტიების ლიდერების საკონსულტაციო ფორმატია, დაახლოებით იგივეა „გაბედესი“, ოღონდ ახალგაზრდული. ჩვენი უმთავრესი მიზანია, არა რომელიმე პოლიტიკური ძალა მოვიყვანოთ ქვეყნის სათავეში, არამედ მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში არსებობდეს სამართლიანი, პროპორციული არჩევნები და ამის შემდეგ ხალხმა თავად გადაწყვიტოს, ვინ რა პროპორციებით უნდა, რომ ჰყავდეს პარლამენტში. თუკი ბიძინა ივანიშვილი მაინც ფეხებზე დაიკიდებს საზოგადოების ერთიან მოთხოვნას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა იქნება, წერტილოვანი დარტყმებით იმდენი ზიანი მივაყენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არსებულ საარჩევნო სისტემაშიც კი გარანტირებულად დამარცხდეს. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ მხილება სასამართლოს, პროკურატურის, შსს-ს, მინისტრთა კაბინეტის, _ ყველასი, ვინც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, ვინც არის ქვეყნის განვითარების წინააღმდეგი და მხოლოდ ორიენტირებულია ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაზე. მსგავს ძალებს კანონის ჩარჩოებში მაქსიმალურ ზიანს მივაყენებთ. საბოლოო ჯამში, ვაიძულებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული თუ მაჟორიტარული წესით ჩატარებული, მაინც წააგოს „ქართულმა ოცნებამ“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს გავუხსნით გზას, რათა თანამშრომლობის შედეგად, შემოდგომის შემდეგ, კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და მიზანი, რომ მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ეს დრაკონი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ხალხს მივცეთ განვითარების საშუალება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამი ძირითადი ახალგაზრდული მოძრაობაა: „გაბედე“, „სირცხვილია“, „შეცვალე“. სამივე ცალ-ცალკე საკუთარი მიმართულებით ვმოქმედებთ, თუმცა მიზანი საერთო გვაქვს. ძალიან პოზიტიურად და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავლის მიმართ, რადგან ხალხის განწყობებსა და დამოკიდებულებებს ვხედავ. ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რაც თავისთავად ძალიან პოზიტიური მოვლენაა. ამას ემატება ის, რომ IRI-ის კვლევების მიხედვით მოსახლეობის 70%-ზე მეტი ემხრობა მეტი ახალგაზრდის ჩართვას პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ეს მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება და სწორედ ახალგაზრდები ვიქნებით ამის ერთ-ერთი წინაპირობა.

ნენე ინჯგია